ისევ დებს

ისევ დებს
ავტორი: ტერენტი გრანელი


დღეს ისევ კვირა, ხვალ ორშაბათი
და ეს დღეები არ ილევიან.
დაო, შენ უკვე გრიგალს ჩაბარდი
და შენი ბედი უფრო მწველია.

და ღამეებმა ხომ შეაწუხეს
იმ ანგელოზის მწუხარე სახე.
მე მთელი ღამე ვშფოთავდი წუხელ
და საშინელი სიზმარი ვნახე.

ჰქრიან წამები ისევ წვალების,
დაო, ჩამოდი, თუ ისევ იქ ხარ.
შენ იღიმები ცისფერ თვალებით,
ცისფერ თვალებით მიცქერის ვიღაც.

დღეს ისევ კვირა, ხვალ ორშაბათი
და ეს დღეები არ ილევიან.
დაო, შენ უკვე გრიგალს ჩაბარდი
და შენი ბედი უფრო მწველია.