ისევ თეთრია სივრცე
ისევ თეთრია სივრცე ავტორი: ტერენტი გრანელი |
ისევ თეთრია სივრცე,
ბაღს მდუმარება იცავს.
სული გაფრინდა ცისკენ,
სხეული დარჩა მიწას.
ისევ გამეფდა სევდა,
ბაღს მდუმარება იცავს.
და ღრუბელივით ვხედავ
ახლა შორეულ მიზანს.
ვხედავ შორეულ ღრუბელს,
ბაღს მდუმარება იცავს.
აქეთ სიჩუმე სუფევს
და დუმილია იქაც.
ისევ თეთრია სივრცე,
ბაღს მდუმარება იცავს.
სული გაფრინდა ცისკენ,
სხეული დარჩა მიწას.