ისევ ლექსია ჩემთვის ნუგეში

ისევ ლექსია ჩემთვის ნუგეში
ავტორი: ტერენტი გრანელი


ისევ ლექსია ჩემთვის ნუგეში,
სხვა იმედებიც, ალბათ, ბევრია.
მოვშორდი ხმაურს, ვარ დიდუბეში
და დღეს პირველი ნოემბერია.

ელავს ოცნება და ცა გაშლილი,
უკვე დაფარეს გული შავებმა.
აქ განისვენებს ბარათაშვილი
და აქ მარხია ვაჟა-ფშაველა.

მინდა, სიკვდილი იყოს ადვილი,
ეს მიწა ზეცის გული მგონია.
ვზივარ, სივრცეა და ეს ადგილი
ქართველ მწერლების პანთეონია.

რესურსები ინტერნეტში

edit