ისევ სდუმს მიწა, ცა სუფევს დღემდე

ისევ სდუმს მიწა, ცა სუფევს დღემდე
ავტორი: ტერენტი გრანელი


ისევ სდუმს მიწა, ცა სუფევს დღემდე,
მე უწინ უფრო თავს ვიკავებდი.
გამომეღვიძა და ძილის შემდეგ
ლიანდაგიან გზაზე გავედი.

მატარებელი ბაქოსკენ მიჰქრის,
ხედავ ქვეყანას და შენ ინთები.
მინდა დაღამდეს, წავიდეს ფიქრი,
მინდა ვიხილო დღე ხვალინდელი.

დაო, თვალებში გიმზერდი ერთხელ,
მე უშენობას ახლაც ვერ ვიტან.
მივდივარ ნელა, ჩუმია ეს დღე
და ოდნავ მოჩანს მზე ღრუბლებიდან.

ისევ სდუმს მიწა, ცა სუფევს დღემდე,
დრო იყო და მე თავს ვიკავებდი.
გამომეღვიძა და ძილის შემდეგ
ლიანდაგიან გზაზე გავედი.

რესურსები ინტერნეტში

edit