ის დროება სიზმარივით წავიდა

ის დროება სიზმარივით წავიდა
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ის დროება სიზმარივით წავიდა,
ოდეს ბავშვი იყავ მოხეტიალე,
რკინიგზები - სავსე სანახავითა,
რონოდები ცივი, ოხერტიალი.

ნუ იგონებ მწარე თავგადასავალს,
როს მშიერი, დასისხლული ფეხებით
მთელი ქვეყნის ასავალს და დასავალს
შენ სწონიდი მედგრად, გულგამეხებით.

ყველაფერი სიზმარივით წავიდა,
როგორც ქარი, როგორც ყინვა და თოვლი.
სავსე არის ახალ სანახავითა.
ისევ ბრძოლა, ბრძოლა თანადროული.