ის (მოთხრობა)

ის
ავტორი: შიო არაგვისპირელი
1893 წელი


კალოებზე მთელ დღეს სიცხის გულზე ტრიალმა ისე დაქანცა გლეხობა, რო რა წამს ახლად გალეწილი ხორბალი თუ ქერი ჯინებში ჩაცალა და ბზე-კი კალოს პირას მიაგროვა, მაშინვე დაწვა ქოხებში და ღრმა ძილს მისცა თავი, რომ ახლა მეორე დღეს შეუდგეს კალოზე ისევ იმ მომქანცავს და თავბრუ-დამსხმელ ტრიალს.

ალექსის კალოს პირას ქოხში მარტო იმის ცოლ-შვილი იწვა, და ქოხის იქით - იმისი მოჯამაგირე. თითონ-კი საღამოს სოფელში∗ წავიდა და ცოლ-შვილს ამბავი დაუგდო, თუ ამაღამვე არ ჩამოველ, დილაზე ადრე მაინც მოგეშველებით კალოს ჩაშლაშიო.

დიდი ხანია, იმისმა ცოლმა და ორმა პატარა ქალ-ვაჟმა დაიძინა და მოჯამაგირემ ხომ დაწოლის უმალ ხვრინვა ამოუშვა. მარტო თიკოს, ალექსას გასათხოვარ ქალს, არა სძინავს და მოუსვენრად არის. მალი-მალ მუთაქიდან თავს იღებს და ქალი-აყვანა∗∗ მთის წვერისკენ იხედება, საიდანაც მთვარე უნდა ამოვიდეს და იმის შუქმა უნდა ანიშნოს, რომ ისიც, ისიც, რომელმაც იმის უმანკო გულში მეტად ტკბილი და დამათრობელი გრძნობა აღძრა, რაც არა-ერთსა და ორს უმანკოს ათევინებს ღამეს და ხან ერთ გვერდს აცვლევინებს და ხან მეორეს, ხან პირისახეს ბალიშში ამალვინებს და უკმაყოფილობის გამო, ცრემლს აფრქვევინებს და ხან კიდევ ტკბილის, ნეტარის ღიმილით უბრწყინებს სახეს, რომ ისიც მთვარის ამოსვლისას ქოხის პირდაპირ კონცხის წვერიდან გადმოსტვენს...

დღეს იალაღიდან ჯერისთვის ჩამოვიდა, იმასთან ერთად შუადღემდის კალოზე ტრიალებდა, ერთად უქცევდა, ერთხნობას ერთადაც ისხდნენ ქოხს ქვეშ, მაგრამ იმათთან ერთად სხვებიც ირეოდნენ, რომ თვალით არის მაინც გამოეცხადებინათ ერთმანეთისთვის გრძნობა.

ხედავდნენ, გრძნობდნენ, რომ იმათი გულები ერთმანეთის სიახლოვის გამო ბუდიდან აპირებდნენ გადმოვარდნას; ერთმანეთის ქშინვა ეყურებოდათ, ისე ახლო იყვნენ და ხმის გაცემას კი არა, შეხედვასაც ვერა ბედავდნენ. “რის მაქნისია ამისთანა სიცოცხლე, თუ-კი გულს ვაჩუმებთ”-ო, - გაიძახოდნენ უსიტყვოდ და ჯავრისაგან თითებს იმტვრევდნენ.

მარტო ერთხელ მოასწრო ქოხს ქვეშ თიკოსთვის შეეხედნა და ეს საკმარისი იყო, რომ თიკოს მდუღარე გადასხმოდა. გული გადუქანდა და ნაზი, დაწმენდილი სახე ჯერ შეეფერფლა და შუბლზე მარგალიტისებრ წვრილი ცივი ოფლის წვეთები ამოასხდა, მერე-კი ალმურმა აუარა და ტანი მთლად გაუხურდა.

მაშინვე წამოდგა და ქოხის გვერდს მოეფარა, რომ პირისახეს არ გამოექვეყნებინა იმისი საიდუმლოება. იმან-კი ამოიოხრა, როცა თიკო ბოძს მოეფარა და თავი ძირს ჩაჰკიდა.

- დათა, წავიდეთ და ჯერი წაიღე, თორემ დაგიგვიანდება, - უთხრა ამ დროს იქვე მოფუსფუსე თიკოს დედამ და ქოხიდან გავიდა.

დათიამაც მაშინვე თოფი მხარ-იღლივ გადაიგდო და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა.

- თიკო, მთვარის ამოსვლისას იქიდან გადმოგისტვენ, - ქოხიდან გამავალმა ოდნავ წასჩურჩულა, რაკი აქ სხვა არავინ იყო იმათ მეტი და თვალით კონცხზე აჩვენა.

ამ სიტყვებმა თიკო სულ ააკანკალა და ქოხის ბოძს რომ არ მიყრდნობოდა, გადიქცეოდა კიდევაც.

მოუთმენლად ელოდა თიკო დაღამებას. იმ დღეს სუყველაფერს დაბნევით, არეულად აკეთებდა და ხშირად სულ უნებურად სიამოვნებით გაეღიმებოდა.

კალოს გადაშვების დროს იმისი დედაც დაბრუნდა და სთქვა: დათია წავიდა და, ვინ იცის, ვახშმობამდის უწევს იალაღს თუ არაო.

- ფეხ-მარდი ბიჭია, როგორ არ უწევს! - უპასუხა ალექსიმ ცოლს და არნადს ხელი წამოავლო.

ამის შემდეგ დათია აღარავის მოჰგონებია, გარდა თიკოსი, რომელსაც სულ თვალწინ ედგა და გონებიდან არ მოშორებია. მალი-მალ მოესმოდა იმისი ხმა: “თიკო, მთვარის ამოსვლისას იქიდან გადმოგისტვენო” და კანკალი აიტანდა...

დაღამდა. კალოზე ხმაურობა მისწყდა. ყველამ მიიძინა. თითქოს მთვარესაც მისძინებია, რომ არ ამოდის და თიკოს გამოსაჯავრებლად იგვიანებს...

- რა ვქნა, სხვა დროს-კი ადრე ამოდიოდა, ეხლა რაღა მოუვიდა?! - მხარ-თეძოზე წამოჯდომით უკმაყოფილოდ წაიბუტბუტა თიკომ და ჩაჟინებით მიაცქერდა ქალი-აყვანა მთის წვერის პირდაპირ ცას, რომლის მუქ ლურჯ ფერს და ზედ მოკაშკაშე ვარსკვლავებს სიციაგე ეპარებოდათ.

რამდენადაც ცა ცრიაგდებოდა, იმდენად თიკო ღვიოდა, შვენდებოდა; იმის მაყვალა თვალებს ელვარება ემატებოდა, ქუთუთოებს თრთოლა ეპარებოდა; მარწყვისფერი ტუჩები კიდევ მძიმედ ვარდივით ეფურჩქნებოდა, თმა-გაშლილი სწორედ საოცნებო არსებას ემსგავსებოდა...

- ამოვიდა!. - უნებურად აღტაცებით წამოიძახა თიკომ, როდესაც მთის წვერზე მთვარის სულ მცირედ ნაწილს თვალი მოჰკრა, და მთლად სმენად გარდაიქცა.

კონცხიდან ოდნავი სტვენა მოისმა. თიკო სტვენის გაგონებაზე წამოვარდა და ნიავივით კონცხისკენ ძნის გვერდით გასრიალდა. საჩქაროდ კონცხის მეორე მხარეს მოექცა, სადაც გულის ფანცქალით დათია მოელოდა, და მისვლისთანავე დათიას გახსნილ მკერდს მიესვენა; ლაფანივით მოიქნა, მოეშვა და ისე მისუსტდა დათიას გულზე მისვენებული, რომ განძრევის თავი აღარა ჰქონდა. დათია-კი თავის ძლიერ მკლავებს გარსა ხვევდა და ისე იკრავდა გულში, თითქო თიკო სულში უნდა ჩაიძვრინოსო.

დათია დაეშო ძირს და ლოდზე ისე ჩამოჯდა, რომ თიკო კალთაში მოექცა. მოელვარე თვალებით დასცქეროდა თიკოს მიბნედილ, მილულულ სახეს და მღელვარება უასკეცდებოდა, რადგანაც ეს მშვენიერება, ეს ნაზი არსება იმის მკლავებს შუაა და იმის მკერდზე იყო მისვენებული.

თუ დღეს დათა უბედურად სთვლიდა თავის თავს, სამაგიეროდ, ახლა “მეფე ვარო”, გაიძახდა უსიტყვოდ და, ყეენიც რომ წარმოუდგეს ეხლა წინ, იმასაც თავს არ მოუხრის.

ასე იყვნენ დიდხანს და იმით მყუდროებას არა არღვევდა-რა. მხოლოდ იქვე, მინგრეულ ბოგირს ქვევით, უჯარა ჩახრიალებდა და შეყვარებულთ ნანას ეუბნებოდა, ხანდისხან კიდევ ვენახების ბოლოში წნორისა და ფურცლის ტოტებზე წამწკრივებული ბეღურები ერთმანეთს ალერსით ჩაჟივჟივებდნენ და ფრთების ფათურით ერთმანეთს ეკვროდნენ.

- მცივა!.. - კარგა ხნის შემდეგ მისუსტებული ხმით წამოიძახა თიკომ და თახთახმა აიტანა.

დათას კალთაში ქალი სულ ხტოდა და თრთოდა და ზედ ეკვროდა, რომ გამთბარიყო.

- რადა, გენაცვა, რა დაგემართა?! - მზრუნველობით ჰკითხა დათამ და ტყაპუჭის უბეები და კალთები გარს შემოახვია.

- არ ვიცი, რადა!.. ფეხებზედაც მომახვიე, - კანკალით უპასუხა თიკომ და ტყაპუჭის ქვეშ ორივე ხელი დათას გარს შემოარტყა.

- აჰა, გენაცვა! დაიცადე! ჰო, ეხლა-კი დაგთბება. - ეუბნებოდა დათა და თან თიკოს კალთაში იჭუჭკავდა.

- კიდევა გცივა?

- აღარა, ეხლა-კი გავთბი.

- ვინა ხართ! - შეშინებულის კილოთი ვიღაცამ დაიძახა ამ დროს ბოგირიდან და ფეხი წინ ვეღარ წარმოსდგა.∗ შეყვარებულები ამ ხმაზე შეკრთნენ და ფეხზე წამოიჭრნენ. გაქცევა და დამალვა მოისურვეს, მაგრამ მუხლთ მოეჭრათ. ან-კი სადღა წავიდოდნენ, როდესაც მოულოდნელი სტუმარი თავს ედგათ.

მთვარეს კარგა მაღლა ამოეწივნა და კონცხი დღესავით გაეშუქებინა.

“დათიკო!.. დათა!.. დათა იალაღს წავიდა!.. მოჩვენებაა!.. ალებია!” - კანკალით გაიფიქრა ალექსიმ და გაფითრებულმა პირჯვრის წერით უკან დაიწია. დათა და თიკო-კი თავჩაღუნულები იდგნენ და ძლივს-ღა სუნთქავდნენ, რადგანაც ალექსი იცნეს.

- დათა, თიკო, თქვენა ხართ?! - ძლივს წაილუღლუღა ალექსიმ.

- ჩვენა ვართ!.. - უპასუხა მოკრძალებით დათამა და მძიმედ ქშინვა დაიწყო.

- თქვენა?! - ბრაზ-მორევით შეჰყვირა ალექსიმ და საჩქაროდ იმათ გვერდით გაჩნდა.

- შე გაგლეჯილის შვილო, შენა, ჩემ მოჯამაგირეს უნდა ეთრევინო, ჰა? - თმაში ხელის წატაცებით დაუტია ალექსიმ და თიკო წინ წამოიბერტყა.

ქალი მუხლებზე დაეცა, როდესაც ალექსიმ თმით წამოიბერტყა. და ტირილით შეევედრა:

- მამავ!..

- ალექსი, ნუ სტანჯამ ე გოგოს!.. - გულნატკენობით მიმართა დათამ და ალექსის ხელი დაუჭირა.

- რაო? აი, შე... - ბრაზისაგან გული ყელში მოებჯინა და სიტყვა გააწყვეტინა. სიტყვის მაგივრად ალექსიმ ისე წამოჰკრა გულის ფიცარში, რომ დათა დაბარბაცდა და კინაღამ გადაიქცა.

- მაშ ეგრე, ალექსი?! - უკვე გაჯავრებულმა დათამ წამოიძახა, მსწრაფლ ხანჯალი ამოიღო და წინ უყელა ალექსის, რომელიც თიკოს გზისკენ მიათრევდა.

- აი, შე წუნკალავ!.. - დაიღრიალა ალექსიმ, დათია რომ ხანხჯალ-ამოღებული წინ დაინახა და თიკოს თავი ანება. - ჩემი ხანჯალი შენ ხანჯალზე ნაკლებ არ გასჭრის, წუნკალავ! - შეუტია ალექსიმ და ხანჯალი გაიძრო.

- ვაი!.. - სასოწარკვეთილებით ისე შეჰკივლა თიკომ, როცა ხანჯლებ-ამოწვდილებს შეხედა, რომ მთამ, ველმა, ვენახებმა აიტაცეს ეს სასოწარკვეთილებითი “ვაი” და შორს, შორს გააქანეს.

უეცარმა შეკივლებამ კალოზე ძაღლები დააფეთიანა და ააყეფა. ქოხებში კიდევ მიძინებული გლეხები ღრმა ძილიდან გამოაღვიძა და პირჯვარი გადააწერინა. გონს ვერ მოსულიყვნენ, თუ რამ შეაფრთხო ისინი...

დაკივლებასთან ერთად თიკო აფთარივით იმათ შუა გაჩნდა, ხელები გაშალა და უგრძნობლად ძირს დაეშვა...

ერთმანეთის პატივის-მცემლები და შემთხვევით მოსისხლე მტრებად გარდაქცეულები ახლა სულ სხვა გრძნობამ და აზრმა შეიპყრო. ორსავე მკლავები მოუდუნდა და ხანჯლები ხელიდან გავარდა.

ორსავე ერთი-ღა ახსოვდა: როგორმე თიკო მოებრუნებინათ.

“ალექსი!.. დათი!..” - ხან ერთი დაუძახებდა, ხან მეორე და ერთმანეთს არ აცლიდნენ ქუდებით წყლის მოტანას.

გადაფითრებული თიკო მიწაზე იყო გადასვენებული, და იმის ტუჩებს ოდნავ სიწითლე თანდათან ეპარებოდა. აგერ ლოყებსაც სიწითლემ წამოჰკრა და თვალის ქუთუთოები შეერხა. ცოტა ხანიც, და - თვალებიც გაახილა.

- მამავ!.. - მისუსტებული ხმით შესძახა, გვერდით მდგომი მამა რომ დაინახა, და გაფითრებული ხელი ძლივს შუბლზე გადისო.

- აქა ვარ, შვილო, ნუ გეშინიან!.. - უპასუხა ალექსიმ და თითონაც ალერსით თმას სწორება დაუწყო.

მოაგონდა უეცრად ხანჯალ-ამოღებული დათა და ტანში შიშის ჟრუანტელმა დაურბინა.

- “ის?!” შუბლ-შეჭმუხვნით დაეკითხა მამას და საჩქაროდ წამოჯდა.

- ისიც აქ არის!..

- თიკო!.. - სიხარულით წამოიძახა დათიამ, როდესაც წყლის ნაპირიდან სავსე ქუდით გამობრუნდა და წამომჯდარ თიკოს თვალი მოჰკრა და სავსე ქუდი მოაპირქვავა.

- დათა!.. - არა ნაკლებ სიხარულით წამოიძახა თიკომ და იმისკენ მომრბენ დათიას მკლავები გაუწოდა.

- გენაცვა, ხომ კარგადა ხარ?! - ქაქანით დაეკითხა დათია და გვერდზე მოჯდომით ხელები გადაჰხვია.

- კარგად, ჩემო დათი, კარგად!.. - უპასუხა თიკომ და დათიას გულს მიესვენა.

ალექსი-კი დაფიქრებული შესცქეროდა შეყვარებულთა ალერსს და ღმერთს მადლობასა სწირავდა, რომ თიკო ასე ადვილად გადარჩა ხიფათს...