კალმასობა

126611კალმასობაიოანე ბატონიშვილი



იოანე ხელაშვილისა, იპოდიაკვანისა, რომელი იყო ქიზიყის სოფლით ვაქირიდამ მოსული მონასტერსა შინა ქვაბთახევს, წინამძღვრობასა ქვეშე ფიცხელურის დოსითეოსისასა. ესე დროსა ლეწვისასა წარგზავნილ იქმნა ქართლის სოფლებსა შინა საკალმასოდ, რომელსა შეხვდა გზასა ზედან ზურაბა ღამბარაშვილი და შეამხანაგდენ ერთად მოსარეწველად პურისა.

ოდეს გაემგზავრა ბერი იოანე, იხილა მდოესისა და ხიდისთვის საშუალ გზასა ზედან მომავალი ცხენით ვინმე და სთქვა: ესე მტერ ჩვენდა ანუ ჩვენ კერძო? და დაუწყო გულსმოდგინედ ყურება. ოდეს მოახლოვდა იგი, მყისვე იცნო იოანემან და ჰრქვა: - მშვიდობა შენდა, ღამბარაშვილო!

  • ზ უ რ ა ბ ა: და სულისაცა შენისა თანა, ხელაშვილო!
  • ი ო ა ნ ე: საით გიძღვის უფალი?
  • ზ უ რ ა ბ ა: მუნ, საიდგანაც უნდა გამოვზარდო შვილები ჩემი.
  • ი ო ა ნ ე: მაშასადამე, ჰგავს საკალმასოდ რონინებ!
  • ზ უ რ ა ბ ა: ახ! მალე მიწევნილ ხარ დაფარულმცნობელობაში, ანუ თუ წინამძღვარმან თქვენმან შთაგბერათ წინასწარმცნობელობის სული.
  • ი ო ა ნ ე: რად გიკვირს, თუ ტერ-სააკას მოწაფე ეგგვარ მეტყველებ, მე ვით ვერ მივსწვდებოდი განზრახვასა შენსა, დოსითეოსთან გაზრდილი?
  • ზ უ რ ა ბ ა: აწ სცან - მეც თქვენი მოწაფე ვარ!
  • ი ო ა ნ ე: ვითარ?
  • ზ უ რ ა ბ ა: მართმადიდებელი შევიქენ.
  • ი ო ა ნ ე: მართლ და ჭეშმარიტ არს სიტყვა შენი?
  • ზ უ რ ა ბ ა: ჰე, ირწშუნე!
  • ი ო ა ნ ე: ჰოი სულიერო შვილო! ქრისტე იყოს შენთანა, მოვედ, გეამბორო. უფალმან წარგიმართოს ყოველნი ქმნულნი ხელთა შენთანი!

შემოდგომად ამბორისა შეითქვნენ გაამხანაგებად და ერთად საკალმასოდ დაამტკიცეს წასვლა. პირველად მივიდნენ ხიდისთავსა. ნახეს მუნ კოშორიძე მღვდელი. დიაკვანმა ჰკითხა ზურაბს: ეს ვინ არისო?

  • ზ უ რ ა ბ მ ა: ესე ახალჯვარის დეკანოზიაო!
  • ი ო ა ნ ე: მივიდა და ჰრქვა: გვაკურთხენ, ახალჯვარის მამაო!
  • კ ო შ ო რ ი ძ ე: კურთხეული იყავ, რომ არა იცი რა!
  • ი ო ა ნ ე: ვითარ?
  • კ ო შ ო რ ი ძ ე: მე დეკანოზი ვარ, და არა მამა.
  • ი ო ა ნ ე: ჯვარის მამაც არის ამ ქვეყანაში, და ახალჯვარის მამაც რომ იყოს, რა იქნება?
  • კ ო შ ო რ ი ძ ე: ჯერ მთარვარეფისკოპოზს არ უბოძებია ეგ სახელი.
  • ი ო ა ნ ე: მთარვარეფისკოპოზი რად გინდა, მე გაგირიგებ კათოლიკოზთანა.
  • კ ო შ ო რ ი ძ ე: იპოდიაკვანს ეგ ადგილი არ ექნება.
  • ი ო ა ნ ე: ჩვენ წინამძღვარს დიაღ სწყალობს მათი უწმინდესობა.
  • კ ო შ ო რ ი ძ ე: მამა შენ რატომ ვერა გაგირიგა რა?
  • ზ უ რ ა ბ ა: მეკალმასედ დააყენეს, მეტი რა უნდა?
  • კ ო შ ო რ ი ძ ე: მეტი არღა უნდა რა, თუ ქსნისხეველთავით იკალმასა.
  • ზ უ რ ა ბ ა: ჩვენს საქმეს რომ ვჰხედავ, მაგის მეტი ღონე არა გვაქვს.
  • კ ო შ ო რ ი ძ ე: ჯერ ეგოდენ შიმშილობა არ არის, რომ საქმემ იქამდის მიაწიოს.
  • ზ უ რ ა ბ ა: თუ ამ საბრალო ბერს შეიბრალებ, შენთვის მადლია.
  • კ ო შ ო რ ი ძ ე: მოდით, შვილნო, ჩემთან ისადილეთ, მეც დაბრკოლებას არ მოგცემთ, რადგან მგზავრი ხართ.
  • ზ უ რ ა ბ ა: დია ადრე დაგვითხოვეთო, - და წავიდნენ სადილად.

ოდეს დასხდენ ესენი და მოიღეს სუფრა და დააგეს საჭმელი, რა ხელი მიჰყვეს, ამ ჟამად ანდრია მოვიდა, გიორგი მღვდელს ეამბორა და იოანეს სალამი მისცა. იოანემ იკითხა ვინაობა ამისი, და ჰრქვეს: ესე ანდრიაა, იოანე იღუმენის მოწაფეო.

  • და ჰრქვა ი ო ა ნ ე მ: მშვიდობა შენდა, ანდრია სალოსო!
  • ა ნ დ რ ი ა: სულისაცა შენისა თანა, იოანე კლემაქსო!

ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! რად შეურაცხმყოფ? ა ნ დ რ ი ა: და შენ რაღათ მე? ი ო ა ნ ე: მე მასმია იღუმენისაგან შენთვის მრავალი კარგი. ა ნ დ რ ი ა: და არა იოანესებრ სალოსობა. ი ო ა ნ ე: ღმერთმა მაშოროს! ა ნ დ რ ი ა: ქრისტესთვის სალოსობა დია სანატრელია, შენ რათ უარჰყოფ? ი ო ა ნ ე: მე არ მინდა შეგეცილო მაგ სათნოებას. ა ნ დ რ ი ა: თუმცა სათნოება ერისკაცისათვის დიდებაა, მაგრამ მონაზონთ უფრო ჰშვენის. ი ო ა ნ ე: და რისთვის იღუმენს არ ურჩევ? ა ნ დ რ ი ა: სწორედ მონაზონია, ნეტავი შენც იმისთანა შეიქმნა! ი ო ა ნ ე: სხვა რამ გენატრა, ის მერჩივნა, შავი ტანისამოსით და თავმოკვდინებით ბერობა არ იქნება. ა ნ დ რ ი ა: თუ არ მენახა რა, არ დავემოწაფებოდი. ი ო ა ნ ე: ეგ იმასა ჰგავს, რომ, მელა ლილით შეიღება, ბერობა მოიგონა, და მამალი დაემოწაფა. სოფელში ამგვარი ხელოვნება მრავალი რამ არის. ა ნ დ რ ი ა: რაჲ ნახე მისგან ეგგვარი ხელოვნება? ი ო ა ნ ე: ორი უდაბნო ერთმანეთს გადაჰკიდაო. ა ნ დ რ ი ა: ვგონებ, გული გეწვით, რომ მონასტრის მამული არ დაგანებათ. ი ო ა ნ ე: აჲ შენ როგორ დაურწმუნებიხარ, ხელოვნება ეგ არისო, მაგრამ ამილახვარი კი ვერ დაარწმუნა. ნახე, დიდების სურვილმან რა შეურაცხება მიაყენა! აკი გითხარ, სოფელში ბევრი რამ იქნება! ა ნ დ რ ი ა: განრისხდა და ჰრქვა: შენის თავისა რომ არა იცი რა, სოფლისა რა გეცოდინება? ი ო ა ნ ე: ნუ ჯავრობ! თუ თავს დაიმდაბლებ და მკითხავ, ადვილად გაცნობებ სოფელსა.

[ამას მოჰყვება ტრაქტატი ღვთის მიერ ქვეყნისა და ადამიანის შექმნის შესახებ].

წარსულნი მუნით მივიდნენ მწუხრის ჟამს სკრასა და აცნობეს ნაზირსა გლახას მისვლა თვისი და სთხოვეს სადგური. ხოლო მან ცივისა გულითა მიიღო იგინი და ჰრქვა: - მე აწ ნაზირი არღა ვარ და გლახადაც ვარ დაშთომილიო, თქვენ იზრუნეთ თქვენთვის. გამგონმან ამისმან იოანემ სთქვა: - ჭეშმარიტად გლახა ყოფილხარ, შეწყალება არ გცოდნია და მოწყალება! - და განეშორა. მაშინ მუნ მცხოვრებმან მოხუცმან ვინმე გლეხთაგანმა აწვია თვისადა, და, რა შევიდა იოანე სახლსა მისსა, ჰრქვა: - მშვიდობა სახლსა ამას და მშვიდობა თქვენცა, სახლის პატრონსო! მოხუცსა იამა და სთქვა: - ჯერ ამ სახით არვინ შემოსულ არს სახლსა ჩემსა, ესე სახარების სიტყვისამებრ იქცევის. მითხარ, ზურაბ, ვინ არს ეს? ზ უ რ ა ბ ა: ესე არს ქვეყნით ქიზიყით, აღზრდილი სკოლასა შინა თელავის ქალაქისასა, აწ ცხოვრებს ქვაბთახევის მონასტერსა შინა და იღვწის იმა მონასტრისათვის, რათა მუნებურნი კრებულნი გამოზარდოს. მ ო ხ უ ც ი: ჰოი, რა ბედნიერი ვარ, რომელ ესეგვარ ბრძენგანათლებული გონებითა მოვიდა სახლად ჩემდა! რაოდენ ძალედვა, ეგოდენ განუმზადა ვახშამი და აწვია საკუთარსა საჯალაბოსა სახლსა თვისსა. მაშინ მის მოხუცისა ცოლ-შვილნი მოვიდნენ, იოანეს ესალმნენ და მან მოხუცმან აცნობა ყოველნივე, იოანემ მოიკითხა იგინი და იწვიეს ვახშმად რა მცირედ შეექცნენ, იოანემ აიღო ყანწი ღვინითა სავსე, და ჰრქვა მოხუცსა: - უფალმან არა მოგაკლოს შენ არცა ფქვილი, არცა ზეთი და არცა ღვინო, აღგავსოს შენ ყოველთა კეთილთაგან და გაკურთხოს შენ თესლითი თესლადმდე! მაშინ ზ უ რ ა ბ მ ა ნ ხმა ჰყო: კურთხეულ იყავით ამის წყევლისაგან! ი ო ა ნ ე: ჰოი შენ უკეთურო, რას უბნობ? უი ჩემს თავს! ზ უ რ ა ბ ა: აბრაამც ესრედ ლოცვიდა. და მუნ მსხდომარეთა ყოველთა განიცინეს, და ესრედ დასრულდა ვახშამი და წარვიდნენ საძილოდ.