კალმასობა (დღე მეათერთმეტე)

126633კალმასობაიოანე ბატონიშვილი

წარსული მუნით მივიდნენ თელავს. იოანეს ჰყვანდა მუნ მცნობი მოსახლე, მასთან მივიდა, მშვიდობით მოიკითხა. მათ მაშინვე მიიღეს იოანე. მცირე ხანს განისვენა მუნ იოანემ, საგზაო ტანისამოსი გამოიცვალა, ზურაბას უთხრა: - მე წავალ რეკტორს დავითთან და შენ აქ მომიცადე. და ესრეთ წავიდა იოანე. რა მივალს სკოლად, სკოლისა კარსა ზედამ მდგომარეს იხილავს ერთსა მოწაფეთა მისთაგანსა და ეტყვის იოანე: - ძმაო, რეკტორი შინ ბრძანდება და ანუ რასა იქმს? ინახება? მან მიუგო: - შევედ და იხილავ! იოანემ მსწრაფლ კარი გააღო და შევიდა სახლსა მას შინა, სადაცა რეკტორი მყოფობდა, იხილა ზურგით კერძო მჯდომარე, ძაძით, და ამასთან კატა ერთი, თაბალა შეყრილი ფეხებში და უწყალოცემული, რომელიცა საწყლად ჩხაოდა. და ესმოდა ხმა ამასთან: „კვალად იქმ ქურდობას?“ გარნა რეკტორმან ვერა სცნო იოანეს მუნ მისვლა. რა იოანემ კატა ესგვარსა მდგომარეობასა შინა იხილა, თქვა: - გმადლობ შენ, უფალო, ჩვენი ფეხები მოწაფეობის დროს ამ ყოფაში იყვნენ, და ახლა ეს საბრალი კატა დამოწაფებია. და ნეტარ გამოვსცნა, თუ რაისა სწავლისათავის ასე უწყალოდ სტანჯავს? და მაშინ შემბრალე იოანე წინ წარდგა და რქვა: - მოძღვარო! რა შეცოდება აქვს მაგ საბრალოს, მაპატივეთ! რა რეკტორი იხილავს იოანეს, დაუტევებს ცემას და ეტყვის: - ბიჭო, დიაკვანო, სადით მოხვალ, და ანუ ამა კართა ხშულში ვით შემოხველ? თუ ხმა არ გაგეცა, სული რაიმე მეგონებოდი! ი ო ა ნ ე: ბოროტი თუ კეთილი? რ ე კ ტ ო რ ი: ეგ შენს ყოფაქცევაზედ არის დამოკიდებული. ი ო ა ნ ე: მე თქვენი აღზრდილი ვარ. რ ე კ ტ ო რ ი: კარგი, მერე ვიუბნათ ამგვარებისათვის. მითხარ, საიდამ მოხვალ? ი ო ა ნ ე: წინამძღვარმან გამოიგზავნა სთლობის დროს ღვინოს სათხოვნელად ქვაბთახევის მონასტრისათვის, და აქ გიახელ თქვენის პატივისსაცემლად. და დარიგებაც უნდა მომცეთ, თუ ვითარ მოვიქცე! რ ე კ ტ ო რ ი: კარგი, დაჯექ, ბიჭო! იოანე დაჯდა. რა მცირე იმუსაიბეს, იოანემ ჰრქვა: - კადნიერება ნუ იქნება, უფალო მოძღვარო, კატას რათა სცემდით და ანუ რას ასწავლიდით? რ ე კ ტ ო რ ი: თევზი მომპარა და შეჭამა, და ამისთვის ვცემდი, ქურდობა მოვაშლევინო. ი ო ა ნ ე: მშიერს რატომ ინახავ? მაგის მიზეზით შესჭამდა იმ თევზს. რ ე კ ტ ო რ ი: ამისი ვალია - თაგვი უნდა ინადიროს და იმით დარჩეს. ი ო ა ნ ე: კატის თვისება არის, რაგინდ მაძღარიც იყოს, ერთი ანტიპატია აქვს თაგვზედ, რომ მაინც ინადირებს და შეუტევს. რ ე კ ტ ო რ ი: იცი, ბიჭო, ანტიპატია თუ რა არს? ი ო ა ნ ე: ვიცი. რ ე კ ტ ო რ ი: თქვი!

[ამას მოჰყვება თხრობა ანტიპატიისათვის]

რეკტორმან მოუწონა. კვალად იოანემ ჰკითხა: - ძაძა რასათვის გაცვიათ, ვინ გარდაგცვალებიათ? მაშინ რეკტორმან ღვიძლითაგან ამოიოხრა, და თქვა: - არ გებრალები, ჩემი საყვარელი მეუღლე, ჩემი დამტირებელი ახუა ხმალაძეს ასული, კეთილშობილი, უწყალოს სიკვდილის ნამგლით განამგლულ იქმნა და დავიწყებისა სამარეს შეეყენა. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ვწუხ, რომ ამ მდგომარეობაში გხედავ, და უკაცრავადაც დაგრჩით, რომ სამძიმარი ვერ მოგახსენეთ. რეკტორმან მადლი უთხრა და ამოიღო სამძიმრის წიგნი, რომელიც მიეწერა თავის ცოლისძმისათვის და უთხრა: - აჰა, იოანე, ყური მიუგდე ამ წიგნს, ამით სცნობ ჩემგან იმ გარდაცვალებულის სიყვარულს. და იწყო კითხვად, რომელსა შინა ეწერა შემდგომითა ხატითა ესრეთ: „კეთილშობილს ხმალაძე გოგიას! გასაწყლებული, გაძაღლებული, გაცუდებული ცხოვრებაგასამსალებული, მყეფარი, გაბეზრებული, პირველად ჩემის თავის ჩემის ხელით მკვლელი, მეორედ ჩემის მშვენიერების უცხოს უამხანაგოს, უცხოს ზრდილის, ჩემის სასურველის, ჩემის თვალის სინათლის, ჩემის გულის ლხინების, ჩემის ამ სოფლის დიდების, ჩემის სიცოცხლის ცხოვრების, ჩემის უცხოდ მოცინარის, ახუას მკვლელი, მესამედ ჩემის დამმარხველად გამოსალოდებელი ძმა მყვანდი, შენი მკვლელი, ვაიმე, ვაიმე, რატომ არ მომკლავ, რატომ ქვით არ ჩამქოლავ, მე გონება ქვაქმნილი და ასურატნელი მოუქცეველი, ვაიმე ბაბილოვნელი უკურნებელი!“. და ვეღარ მოითმინა, თვალი ცრემლით აემსო და დაიწყო ტირილი და თავისთავის ლანძღვა. მაშინ იოანე ნუგეშსა სცემდა და ეუბნებოდა: - თქვენ მეცნიერი ბრძანდებით, და ეგგვარი ლანძღვა და შეურაცხყოფა თავისა თქვენისა არა გშვენისთ. სჯულის კანონი ხო კარგად იცით, ორი ცოლი კიდევ გერგებათ. და ამ მწუხარებით რომ მოიკლა თავი, ხომ კიდეც წარწყმდებით! და ამ ლაპარაკში სვიმონ მდივანიც შემოვიდა და დაატევებინეს დავითს წიგნის წაკითხვა და ტირილი. და უთხრა მდივანმან: - ჯერ არ გაგვიგონია, ახალია მაგ წიგნის წარკითხვა, რა არის, ვინც მოვა შენ სანახავად, მაშინვე მაგას წაუკითხავ, ვინ უნდა მოატყუო? თუ გყვარებოდა შენი მეუღლე, შენთან გეყოლებოდა! გამგონე ამისი რეკტორი წამოხტა, ძაძის ტოლომა იქ გააგდო და მეორე სახლში გაიჭრა, და ავის ლანძღვით დაუწყო გინება მდივანს. უკანასკნელ, რითაც ღონით იყო, დაამშვიდა რეკტორი იოანემ. და ვახშმის დრომაც მოაწია. მდივანმან მოაღებინა თვისი ვახშამი, აგრეთვე რეკტორმან და დასხდნენ ვახშმად. მცირე ხანს შემდგომ მდივანმან იოანეს თავისი ვინაობის ამბავი გამოჰკითხა. მერე ჰრქვა: - ბატონს რეკტორს რომ ებარენით, ვიცი - მაშინ ზოგი რამ ისწავლეთ და დანაშთი სწავლაცა შეისრულეთ თუ არა? ი ო ა ნ ე: ჰე, ძალითა ღვთისათა. მ დ ი ვ ა ნ ი: ვისთან? ი ო ა ნ ე: იასტოსთან და სხვათაგან. ამჟამად შემოვიდა ზურაბა და სალამი მიართო დავითს ალექსის ძესა და სვიმონ მდივანსა. მათ დიდად იამათ, მოიკითხეს და მიიწვიეს ვახშმად. და მერე ჰკითხეს, თუ საიდამ მოვალს. მან მოახსენა მოგზაურობა და, ამასთან, ესეცა რომელ: - მე წინამძღვარმან დოსითეოზ ლალად დამადგინა ამა ბერისა, და რა დრო გადავიდა და აღარ მოვიდა სადგურსა ჩვენსა, შემეშინდა, ნუუმე ქალებთან განერთო სადმე და, მძებნელმან აქა-იქ, ვპოე თქვენ თანა. ამაზედ დიდად განეცინათ. და მაშინ ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! შე უკეთურო, რომ გაგვიგონოს ვინმე, რას იტყვიან? ზ უ რ ა ბ ა: ამას, - დიაკვანი ქალს მიჰპარვიაო! ი ო ა ნ ე: დააცხვრე ენა შენი ბოროტისაგან. დ ა ვ ი თ: რეკტორმაც შესძინა ესე: „და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა“. - და ამასთან სხვებ ხუმრობა განგრძელდა, და იწყეს სიცილი. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: უფალო რეკტორო! არა ჰგევხართ იმ ერთს დადიანს გლოვაში! მ დ ი ვ ა ნ ი: ოღონდაც! მაშინ გაწყრა რეკტორი, ზურაბ კარში გამოაგდო, მდივანი გალანძღა და იოანეს უთხრა: - არ იცი, გიჟის ამხანაგი გიჟი იქნებაო, და რათ გაუამხანაგდი? ი ო ა ნ ე: ჩემი დანაშაული არ არის, წინამძღვარმან ინება მისი ჩემთან ყოფნა. რ ე კ ტ ო რ ი: ის რა დიდი ჭკვიანი გგონია? და უკანასკნელ დაასრულეს ვახშამი. რეკტორმან უთხრა იოანეს: - ხვალე მოდი მეცხრე საათსა, აქ ჩვენის მოწაფეების ეგზამინია (გამოცდა) და უნდა შენ გებაასნენ და იმათ სიტყვა მიუგო. ი ო ა ნ ე: აღდგა, გამოესალმა და თავის სახლისაკენ წარმოვიდა. იმ ღამეს იოანემ კარგად განისვენა და ხვალისათვის აღდგა და მოემზადა სკოლად წარსვლისათვის. რა მეცხრე საათი შეიქმნა, იოანე მივიდა სკოლად და ნახა მუნ შეკრებულნი თავადნი და სამღვდელონი, და ცალკერძო მოწაფენი რეკტორისნი, და რეკტორი და შუა ადგილს თავსმჯდომელი. რა ეს განკარგულება იოანემ იხილა, მოიწონა და პირველ დაიწერა პირჯვარი და თაყვანი სცა ხატსა, უკანასკნელ მიართო სალამი რეკტორსა, მერე სამღვდელოთა და მერეთ თავადთა, აგრეთვე მოწაფეთა. იოანეს აჩვენეს მარჯვენით სკამი მდგომელი და მიიწვიეს მუნ, წინ დაუდგეს სტოლი და დაუწყეს სამეცნიერო წიგნები. რა ყოველი შემოკრბენ სკოლად, მაშინ რეკტორმან მცირე ზარი დააწკარუნა, და მაშინ წინ წარმოდგა ნიკოლაოს ხელაშვილი, თაყვანი სცა ხატსა, წართქვა ლოცვა, რომელსაც მოწაფენი იტყვიან, და მერეთ დაუკრა რეკტორს თავი, და აქეთ-იქით, აგრეთვე იოანეს, და მერე დაიწყო კითხვად იოანესა და რქვა: ნ ი კ ო ლ ა ო ზ: იოანე! ვითარ გრწამს მართლმადიდებელთა სარწმუნოება? იოანემ მრწამსი თქვა ზეპირ. ნ ი კ ო ლ ა ო ზ: რაოდენის მუხლით შესდგება ეგე? ი ო ა ნ ე: ათორმეტის მუხლით. და სხვანიც მრავალი იუბნეს და ყოველივე კარგა მიუგო იოანემ.