კალმასობა (დღე მეექვსე)
იოანე მივალს გორს და ზურაბა მიიწვევს თვისსა სადგომს. მცირე ხანს უკან იოანე დაივლის ამა გორის ქალაქსა, ციხესა, და მდებარეობა მისი დია მოეწონება. და უკანასკნელ მივალს ამილახვართანა და აცნობებს თვისსა ვითარებასა. ამილახვარი მიიღებს მას კარგად და სადილათცა არღა უტევებს. და მერეთ ჰკითხავს თვისსა ვითარებასა და იოანე ცხადუყოფს ყოველსავე. და ეტყვის ამილახვარი: გიჟი ზურაბა რათ გაიამხანაგეთო? მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ესე მეცნიერი კაცია და, თუ გიჟი არა ხლებოდა, ეს ვით გამოჩნდებოდა ჭკვიანათაო? ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: თავის წინამძღვართან როგორღა ჩანს? ზ უ რ ა ბ ა: რაგგარადცა ჩემთანა. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ჩემი წინამძღვარი გიჟი გგონიათ? ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: ერნი ასე უბნობენ. ი ო ა ნ ე: იმათ კი დაეჯერებათ? ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: ასე სწერია: ორისა და სამისა მოწამითა დაემტკიცოს ყოველიო. ი ო ა ნ ე: მდივანბეგიც ბრძანდებით, მაგრამ მოწმეები, მტერნი და მეშურნენი არ უნდა იყვნენ. ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: თარხნიანიც ასე ამბობენ. ი ო ა ნ ე: გიჟთ ყოველი ჭკვიანი გიჟათ ეჩვენებათ. ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: ზურაბ, თქვენ როგორ გგონიათ? ი ო ა ნ ე: მე ხომ გიჟი არა ვარ? ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: მაშასადამე ზურაბა გიჟი ყოფილა. და გაეცინათ ამაზე და მერე უთხრა ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ლ ა ნ იოანესა: გორი ვითარ მოგეწონათო? ი ო ა ნ ე: უცხო მდებარეობა აქვს და შემკობილია ადგილით. შენობებიც ქვითკირით ბევრია, მაგრამ ხუროთმოძღვრულად ვერ არის ნაშენი და განკარგული და არც სასწავლებლის და ხელოვნების მასწავლელნი ყოფილან აქ. ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: ქართლში სხვაგან სად ყოფილა სწავლა და ხელოვნება, რომ აქ იყოს? ი ო ა ნ ე: რომ არ ყოფილა, კიდეც ეტყობა! ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: ასეა თქმული: ცოდნამ დააქცია ქვეყანაო. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! მაგას ნუ ბძანებთ. ნარი აღიღევით ცოდნიდან და ვინი დართევით, მაშინ სცნობთ, თუ რომელს დაუქცევია. ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: ვერ მივხვდი მაგას! ი ო ა ნ ე: როდესაც ნარს მოუსპობთ და დავრთავთ ვინსა, მაშინ ცოდნა ცოდვად გამოვა. და ამან დაგვაქციაო. და თუ გვეცოდინება რამე, ცოდვასაც მოვშორდებითო. ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი: ბევრი მეცნიერია, რომ ცოდვაშიაც იყოს და ავსაც ასწავლიდეს კაცსა. ი ო ა ნ ე: მაგისთანა კაცსა ფილასოფოსნი მყრალს ჭურჭელს ეძახიან, რომ მას შინა იდგეს მირონი სურნელი, ცუდს სუნს მიიღებს მისგან. ეგსახედ მეცნიერებისაცა ცუდად მხმარებელი განრყვნის თავსა თვისსაცა და სხვათაცა. მართალსა ბძანებთ! და ამა უბნობით დაასრულეს სადილი. იოანე კმაყოფილი გამოეთხოვა ამილახვარს და წარვიდა სადგურსა თვისსა. იმ ღამეს მუნ განისვენეს.