კალმასობა (დღე მეცხრამეტე)

126637კალმასობაიოანე ბატონიშვილი

ხოლო ხვალისა დღე იოანე ემზადებოდა ქიზიყს წასასვლელად. ანჯიქომ არ გაუშო, უთხრა: - სადილიც აქ მიიღე და ვახშმათ შენს სახლში მიდი, ახლო არს ვაქირი. კვალად მოიყვანეს ცხვარი და დაკლეს და აგრეთვე სხვაცა სანოვაგენი შეაგბეს. და უკვირდა იოანეს ყოველთვის ოროლისა და სამსამისა ცხვარისა დაკვლა მათგან. რა სადილობის დრო მოვიდა, შეკრბენ კვალად ბებურიანი და იოანესაც მიუწოდეს. რა მცირედ შექეიფიანდნენ, იოანეს გულმან ვერღა გაუძლო და უთხრა: - უფალო ანჯიქო, ასე მსმენია, თქვენ არც ერთი ცხვარი გყვანდეთ და ეს მიკვირს, დღეში სამსა და ოთხს ცხვარს არ სჯერდებით და ეს ვითარ არის? მაშინ მ ღ ვ დ ე ლ ი: ბერო, გიჟი ყოფილხარ, როგორ არ იცი, ვისაც ცხვრები ჰყავს, ჩვენია. დღეში ათიც რომ დავჰკლათ, მაშინაც არ გამოგველევა. ი ო ა ნ ე: ჰგავს, საბალახეს ბევრს იღებთ? მ ღ ვ დ ე ლ ი: ჩვენი მამული სახნავადაც ძლივ გვეყოფა, სად უნდა ავიღოთ საბალახე! ი ო ა ნ ე: მაშა, ჰგავს, თეთრით ყიდულობთ? მ ღ ვ დ ე ლ ი: ვის შეუძლია ჩვენში ყოველ დღივ სამი ცხვარი თეთრით იყიდოსო? ი ო ა ნ ე: მაშ როგორ არის ეგ საქმე? მ ღ ვ დ ე ლ ი: თქვენ, ბერებს, ცოლი ხომ არა გყავთ? ი ო ა ნ ე: განა შენ არ იცი ეგე? მ ღ ვ დ ე ლ ი: მე ვიცი: ვისაც თქვენს ყმაში დედაკაცები ჰყავთ, სულ თქვენი არ არის? აგრეთვე ჩვენი უნდა შეგეტყოთ, რომ ვისაც ცხოვარი ჰყავთ, ან ძროხა, ანუ ღორი, სულ ჩვენი არის. ი ო ა ნ ე: უი ჩემ თავს! ნაქურდალით გიცხოვრიათ? მ ღ ვ დ ე ლ ი: და რათ გეგონა ყოველ დღივს სამ-სამ ცხვარს დაგიკლავდით, თუ არ ნაქურდალს? ი ო ა ნ ე: ვაი! აკი ნაკერპავითა და ნაქურდალითა მეც შემსვარეს ამათ! მ ღ ვ დ ე ლ ი: წადი, შვილო, და ახლა, სადაც გინდა, იქადაგე. ი ო ა ნ ე: რადგან მაგგვარი მოძღვარი გიშოვეთ, რასაკურველია, კარგს მცნებას მოგვცემ. მაშინ აიდემურ ეშკააღაშმან, რადგან მათ შორის მოხუცებული იყო, ჰკითხა იოანეს: - ქურდობა ვითარი ცოდვა არის და ანუ რაოდენგვარად განიყოფება ქურდობა, გვაცნობე ნათლად. ი ო ა ნ ე: მპარაობა არს ღონისძიება რაჲმე ცუდი და ამაო, და შრომა აწმყოსა და მყოობადისა მდგომარეობისა ცხოვრებისათვის თავისა თვისისა. ოდესცა განვალს იგი საზღვრისაგან, მაშინ დაშრეტს კაცთმოყვარეობასა და მოყვანებულ ჰყოფს ერთა მოტყუებისა მტაცებლობისა და ბოროტმოქმედებისადმი და ამასთანავე განღვიძებულ ჰყოფს კაცსა მოკვლადცა კაცისა. მპარაობა, ანუ ქურდობა თუმცაღა განიყოფის მრავალსახედ, გარნა აქა მოვიხსენებ ორსა უკვე გვარსა. ქურდნი რომელნიმე არიან შინადვე მპარავნი და რომელნიმე გარეთ მპარავნი. გარეშეთა მპარავთა უმეტეს მიეწერების მამაცობა, მით, რამეთუ იგინი ყოველთვის სვლასა შინა არიან დღე და ღამე, და ოდესმე ხშირადცა შესცვივიან განსაცდელსა შინა. ხოლო შინად ქურდნი უფრორე არიან მხდალ, და ვერცა გარეთ გამსჯელნი. გარნა ღონეჲ ქურდობისა უფრორე აქვთ ამათ მოხელოვნებული. ქურდნი ანუ მპარავნი არიან უკვე ორგვარ. რომელნიმე არიან განმაბნეველ თვისთა ნაპარავთა, და რომელნიმე ძუნწ და დამმალველ. განმაბნეველნი იქმნებიან ჩვეულებისამებრ თვით მტაცებელ და მყოფნი აღტაცებულითა სურვილითა, და გემოსმოყვარებისა დატკბობითა. ხოლო ძუნწნი უკვე იქმნებიან ფრთხილ, და მყოფნი აღვირასხმითა შიშითა მოუკლებელობისათვის. ხოლო მპარაობასა თვით ღმერთი აყენებს, ვითარცა მისცა ათი მცნებაჲ მოსეს, მერვე ცოდვად მპარაობა დაუდო. და მისთვის არა ჯერარს ვის რომლისგანვე ქმნად უსამართლოებისა და არცა უწესოს საქმის პყრობა, რამეთუ ესე ყოველნი პარვად ითქმიან, რომელ ვისმე წარტაცებით მიუღოს რაჲმე ანუ უგრძნობელად წარიღოს, ანუ სამართალი უცხო რამ იპყრას და გაამრუდოს სამართალი თეთრისათვის, ანუ პატიოსანს ვისმე პატივი მიუღოს, ანუ მოხარკეს ხარკი მეტი გამოართოს, ანუ სხვა ვინმე თვისად მძლავრობით მონად ჰყოს, რომელიც მას არა თვის ეყოდეს. ესეგვარნიც ქურდობად შერაცხილ არიან, რომლისათვის მოციქულიცა სწერს: „არცა მპარავთა, არც მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონ“. და ამისთვის უნდა ვიყვნეთ ფრთხილ და მართლმსაჯულ, რომელ ერთმან მეორეს უსამართლობით არარაჲ მიუღოთ რა. მაშინ ა ი დ ე მ უ რ: მღვდელო, რაც ამ ბერმან გვითხრა, შენგან არც ერთხელ გვსმენია და არცა რა გისწავლებია. მ ღ ვ დ ე ლ ი: მე რა ვქნა: რასაც სწავლობდით და მასწავლიდით, მეც იმასვე გასწავლიდით. იოანეს ქება შეასხეს, მადლობა უთხრეს, აჩუქეს რაოდენიმე საპალნე ღვინო. და ესრეთ დასრულდა სადილი. იოანეც მადლობელი გამოესალმა და განემგზავრა ქიზიყისაკენ. მწუხრის დროს მიიწია ორღობეთა შინა ვაქირისათა და მუნ ნახა ყრმამან ვინმე ხელაშვილთაგანმა ზურაბა, რომელიც წინ მოშორვებით მიუძღოდა იოანეს. და ჰკითხა ყრმამან: - ვისთან მიხვალთ ამა სოფელსა შინა, ანუ ეგ ბერი ვინ არის? ზ უ რ ა ბ მ ა ნ: ხელაანთას მივალთ, და ეს ბერიც ხელაშვილია. ამ ყმაწვილს დიაღ იამა, გაიქცა და შეატყობინა იოანეს სახლს, რომელ: - ჩვენი იოანე, ბერობის სახით შემოსილი, აჰა, აქ მოვალს! მაშინვე იმა იოანეს ბიძები და ძმა წარმოხლტნენ და სირბილით წინა მოეგებნენ, იოანესთან მივიდნენ, ქუდები მოიხადეს, ხელთმთხვევნას უპირებდნენ. იოანე ცხენიდამ გარდახდა, მიეამბორავა მათ და სიყვარულით მოიკითხნა. და ესრეთ უბნობით მოვიდა სახლად თვისა. მაშინ დედა-წულნი ყოველნივე გამოეგებნენ და იოანეს ეხვეოდნენ, ზოგნი თავზედ ჰკოცნიდნენ, ზოგი პირზედ და ზოგნი ხელებზედ. და ასრეთ განაგრძეს კოცნა. მაშინ იოანემ: ბატონა ქალებო, თუ ასე განაგრძობთ ამ ალერსს, ვაჲთუ შემჭამოთ! და ამა ყოფით შეიყვანეს სახლად, გახადეს ფეხთ და ფეხთ დაბანეს და კარგად განუსვენეს. აგრეთვე ზურაბას მისცეს პატივი და ყოველნივე შეჰხაროდეს. მაშინ იოანეს ბიძა მინდვრიდამ მოვიდა. რა იოანეს მისვლა სცნო, მყისვე იოანესთან წარმოვიდა, რა სახლსა შინა შემოვიდა, იოანეს აცნობეს: ესეც ბიძა შენია! - იოანე ზე აღდგა და წინა მიეგება. რა მან იოანე იხილა, მიესალმა და ხელი დაუჭირა და უთხრა: - ჰე, ჰე! რა პატარა მუტრუკი იყავ, და რამსიდიდე ვირი გაზრდილხარო. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ბატონო ბიძავ, ქიზიყურის ალერსით ნუ მლანძღავო! ბ ი ძ ა მ უთხრა: ქიზიყელთ ასე იციან ალერსი და მე რა ვქნაო. ახლა თქვენ როგორც გვასწავლი, ისე მოგიკითხავთო. და მერე რა ალერსისაგან მოიცალეს, ვახშმის თადარიგს შეუდგნენ. და რა ვახშმის დრო მოვიდა, ყოველნი მუნ შემოკრბენ ხელაანი, ყოველთა მოიღეს ძღვენი, დასხდენ და დაიწყეს ვახშმის ჭამა. რა მცირე გამოხდა, იმღერეს და მომჰყვნენ იოანეს სადღეგრძელოსა სმასა, იოანეც მადლობას ეუბნებოდა და ლოცევდის. მერე იოანემ აღიღო თასი ღვინით სავსე და სთქვა: - საყვარელნო ჩემნო ძმანო, დანო, დედანო, ბიძანო და სძალნო! მე დიდად ვმადლობ ზენასა, მე დიდად ბედნიერად ვრაცხ თავსა ჩემსა და მე ყოველმა სიმდიდრეთა ზედა უმჯობეს მიჩნს ესე, რომელ თქვენ ყოველთა ჩემთა მონათესავეთა ერთბამად შემოკრებულთა სერსა ამას ზედან გჭვრეტ თქვენ. მე ვერა რასა მსოფლიურსა ამოვნებასა ამას ზედან უმეტეს ვგრძნობ და ვერც რას შევამსგავსებ სხვასა რასამე განსახარებელსა ჩემსა, მხოლოდ მას, რომელსაცა მოციქული იტყვის: „რომელი თვალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“. რომელ ესე ყოვლისა მსოფლიურისა ამოვნებისაგან სხვაობს. და ამის გარდა მე სხვათა ყოველთა ზედა დიდებად შემირაცხიეს ესე, რომელ დღეს თქვენის ჭვრეტით დატკბობილ ვიქმენ. და ესრეთ დავამტკიცებ სიყვარულსა თქვენსა, დღეგრძელდით, გამრავლდით შვილთ სხმისგან, აღგავსოთ უფალმან ქვეყნიერისა ნაყოფთაგან, არა მოგაკლდეთ ღვინო და პური, არცა ზეთი და არცა საცხებელი, სცოცოხლობდით კეთილად მრავალჟამიერ! და დაუკრა აქეთ-იქით თავი და შესო ღვინო იგი. მაშინ მუნ ერთი სხვა გლეხიკაცი იჯდა და დია მოეწონა ეს იოანეს ლაპარაკი და სთქო: - ჩემმა მუხლმან-ყე, მე ბოდბელსაც ბევრჯელ ვხლებივარ და იმის ბერებისაგან ამგვარი სიტყვები არ გამიგონია. ეს ასეთი ნასწავლი შექმნილა, რომ სწორედ გაფრანგებულა, თორემ სად მოიგონა ამდენი? თუ ეს ბოდბელმან ნახა, მგონია, იმან ოსტატათ დაიჭიროს. მაშინ სხვანიც დაემოწმნენ და ესრეთ დაასრულეს ვახშამი. იოანემ ორი დღე მუნ განისვენა და მერეთ გამოეთოხოვა ნათესავთა თვისთა. იგინი დიდად შეწუხდნენ, გარნა იოანემ ამცნო: - მე მონასტრისთვის ვიღვწვი და ეს ღვაწლი თქვენთვის არ იქნება ცუდად, ნურაზედ შეწუხდებით. და ამ სახით გამოეთხოვა იოანე, აჩუქეს იოანეს აბრეშუმი, წინდა-პაჭიჭი, აგრეთვე ზურაბას. და გაემართნენ სიღნაღისაკენ ბატონისშვილს იოანესთან. ამა მიმავლობასა შინა რა ანაგას მიუახლოვდა, ნახა მუნ ერთი კაცი, რომე ერთის კალათით ლეღვი მიჰქონდა. ჰკითხა იოანემ: - რა არს კალათსა მაგას შინა? მან უთხრა: - ლეღვი. ი ო ა ნ ე: მწიფე არის? მან კ ა ც მ ა ნ: ასეთი მწიფეა, როგორაც ქიქია. ი ო ა ნ ე მ: უი ჩემს თავს! და მაგ მაგალითით რომ არ დაგემტკიცებინა, ან ქაშას ვიტყოდი, ან მაწონს. იმ კ ა ც მ ა ნ: ბატონო, ჩვენ ასე ვიცით ლაპარაკი, ახლა ხომ ვერ გავფრანგდებითო. და მიართო ლეღვი იგი და განშორდნენ ერთმანეთს. მაშინ იოანემ უთხრა ზურაბას: - თუ ვინმე რიგიანად იტყვის რასმე, ფრანგს ეძახიან ჩვენში, და რა ჩვეულება არს ესე? ზ უ რ ა ბ ა: ამისთვის, რადგან საფრანგეთში მეცნიენება ბევრია, და მეცნიერნიც მოდიან იქიდამ პატრნი თუ სხვანი, ამის გამო ვისაც მცოდინარეს ნახვენ, ფრანგს ეძახიან. და ესეგვარის უბნობით მივიდნენ სიღნაღს. და ეძიებდენ სადგომს. ამჟამად ფიცხელაურის ბერის მსახური იხილა იოანემ და დაუძახა: - დემეტრე კავთისხეველო! რა ამ ბიჭს მიესმა ეს ხმა და უკმოიხედა, იცნა იოანე, მსწრაფლ მოვიდა და ეანბორა. უთხრა იოანემ: - ძმაო დიმიტრი, რას აკეთებ აქა? მან ჰრქვა: - ჩვენი წინამძღვარი აქ ახლავს ბატონისშვილსა. გაუძღვა და წინამძღვრის სადგომს მიიყვანა. წინამძღვარს ეთაყვანა იოანე, ანბორს უყო. წინამძღვარს დიდად იამა. გარჯილობის მადლობა უთხრა და მცირეს ხანს უკან ბატონისშვილს იოანესთან წაიყვანა. წინამძღვარმან ცხად უყო იოანეს დიაკვნის ქვაბთახვს მკვიდრობა და აგრეთვე ქიზიყელობაც. ბატონისშვილმან მოიკითხა იოანე, მანცა მადლობა მოახსენა. და ჰკითხა ბატონისშვილმან: - მამაო იოანე, შეისრულეთ ფილოსოფია? ი ო ა ნ ე: ჰე, ძალითა ღვთისათა. ბ ა ტ ო ნ ი ს შ ვ ი ლ ი: ჯერ გიქადაგნია სადმე? ი ო ა ნ ე: ალავერდს. ბ ა ტ ო ნ ი ს შ ვ ი ლ ი: მეც გამიგონე, სულ სწორე გიქადაგნია. ი ო ა ნ ე: სწორეს თქმისათვის კინაღამ ქვა დამკრიბეს. ბ ა ტ ო ნ ი ს შ ვ ი ლ ი: ნეტარება მოგეწერება ქრისტეს ბრძანებისამებრ. ი ო ა ნ ე: ვითარ? ბ ა ტ ო ნ ი ს შ ვ ი ლ ი: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. და მერე წინამძღვარს უბძანა: - შეიძლება ხვალე, რადგან წმინდა ნინოს უნდა ხალხი შეიყაროს, ამ შენმან იპოდიაკვანმან თქვას რამე სიტყვა ერთა შორის და ასწიოს მამულის ერდგულება და განამხნოს, რადგან მტერი პირისპირ გვიდგას და ყოველ დღე მოველით ომსა? წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი: ვგონებ, შეიძლოს. ბ ა ტ ო ნ ი ს შ ვ ი ლ ი: მე ვჰკითხავ ქადაგების გვარებს და, თუ რიგზედ თქვა, უთუოდ იქადაგებს... იოანემ თავი დაუკრა და წამოვიდა სადგომს, დაუწყო წერა ქადაგებას, და იმ დღეს და ღამეს გაემზადა.