კალმასობა (შემდგომი-2)

126642კალმასობაიოანე ბატონიშვილი

იარალიც გამოესალმა იოანეს და ბოლნისს წავიდა. იოანე ბორჩალოსაკენ განემზადა. ამხედრდენ ცხენთა და განემართნენ ბორჩალოს. და რა მივიდნენ მახლობელად მდინარის დებედისა, რომელიცა მიმდინარეობდა საშუალ ბორჩალოჲსა, და იხილა მუნებური მდებარეობა და ციხე, დიდად მოეწონა იოანეს, და უთხრა ზურაბასა: - ციხესთან მივიდეთ, ბატონისშვილი დავითც იქნება იქ ბრძანდებოდეს, და, თუ იქ არ იქნება, ციხე ვნახოთ და მერე წავიდეთ, სადაც იყოს. მივიდნენ ესენი, ციხე გაშინჯეს და იკითხეს ბატონისშვილის მუნ ყოფა. და თქვეს: თაქალოს ბრძანდებაო. და მერე იკითხეს: - აქ ვინმე არის ან სომეხი ან ქართველი? და უთხრეს: - მანდ წინ პატარა სოფელში რომ ყურჩების სოფელია, მანდ არის ბაზიერთხუცესი. იოანემ სთქვა: მაშ, სადილათ იმასთან მივიდეთ. ზურაბამ მოუწონა და წარვიდნენ. მივიდნენ მუნ, გარდახდონ, და ზურაბამ ჰკითხა ერთს თათარს: ბაზიერთხუცესი აქა დგასო? თათარმან სახლი აჩვენა. მივიდნენ მუნ და ცხენები მისცეს თათრებს, და შევიდნენ შინა. რა იოანემ შეხედა, იცნო ჩესტია, რომე ენახა მრავალჯერ ფხოვლესა შინა და ბატონის კარზედა. და უთხრა დიაკვანმან: - ჩესტიავ, მშვიდობა თქვენდა! ჩ ე ს ტ ი ა მ: გაგიმარჯოს, ბერო - და მიიწვია. უთხრა ი ო ა ნ ე მ: ბატონო, ბაზიერთხუცესი სად ბრძანდება? ჩ ე ს ტ ი ა მ: აქ გახლავარო. ოანემ მიიხედ-მოიხედა, ორი ქორი ნახა ბოლოდამტვრეულები და სამიოდე მეძებარი, და ორი ბერი კაცნი მუნ მსხდომარენი, და უთხრა: ეს არის თქვენი საბაზიერო? ჩ ე ს ტ ი ა: დიაღ. ი ო ა ნ ე: როგორიც ბაზიერთხუცესი ყოფილხართ, განწყობილებაც გქონია. აკი ბაირახტარი იყავ შენ, განჯაზედ რომ წაბრძანდა ბატონი ჯარით? ჩ ე ს ტ ი ა: მართალია, მაგრამ სამსახურით აღველ ამა ხარისხს შინა. ი ო ა ნ ე: ესე სახელო ყოველს ქვეყანას ჩინებული სახელოა, და რიგიან უნდა იყოს განწყობილი. ამ ორის კუდაქორით რა უნდა ინადირო და ან მეფე-დიდებულნი ვით შეაქციო? ჩ ე ს ტ ი ა: სახელი კი დამარქვეს და განწყობილება კი არა მაქვს რა. ი ო ა ნ ე: ულუფა რა გაქვს? ჩ ე ს ტ ი ა: ხორცი, პური, ბრინჯი სამყოფად, და ორი თუნგი ღვინოცა. იოანემ იცოდა, რომ ჩესტია სწყალობდა ღვინოსა, და უთხრა: ბარე მეღვინეთხუცობა გეშოვა, ისი სჯობდაო! ჩ ე ს ტ ი ა: ოღონდაც ის მერჩივნა, მაგრამ გვიან მირჩიე. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: მაინც არ მოგცემდენ! ჩ ე ს ტ ი ა: რატომ? ზ უ რ ა ბ ა: ამისთვის, რომ იფიქრებდნენ, მჯდომი არ შექმნილიყავ ბევრის სმისაგან. ჩ ე ს ტ ი ა: შვილო, მე თითქმის ყოველ დღივ მთვრალი ვარ და რით ვერ შევიქენ მჯდომი? და მერე მოაღებინა სადილი და ნანადირევნი ფრინველნი, და უცხო სუფრა დაუგო იოანეს და მიართო სხვადასხვა ღვინო ბორჩალოური. საღამო ხანს მივიდნენ თაქალოს. ბატონიშვილს მოხსენდა იოანე ბერის მისვლა, სახლი უბოძა და მიიწვია ვახშმად. რა ვახშმის დრო მოვიდა, წარვიდა იოანე და მისრულმან მოახსენა: დღეგრძელდი, მემკვიდრეო! ბატონისშვილმანც მოიკითხა, მგზავრობოს ამბავიც გამოჰკითხა და ყოველივე ცნო. იოანეს აღუთქვა შეწევნა, უბრძანა დაჯდომა და მერე ჰკითხა: - შეისრულე სწავლა რეკტორთან? ი ო ა ნ ე: ბედნიერებითა თქვენითა! ბ ა ტ ო ნ ი ს შ ვ ი ლ ი: გავიგონე მრავალგან შენი უბნობა და სწავლაები, მეტაფიზიკაზედ იუბენ სადმე? ი ო ა ნ ე: თქვენს ძმასთან, მაგრამ არ დამცალდა სრულებით უბნობა ჯარიანობისა გამო. ბ ა ტ ო ნ ი ს შ ვ ი ლ მ ა ნ დ ა ვ ი თ მ ა ნ: მაშა მე ვკითხავ სოფლისათვის, რაჲ არს კოსმოღრაფია?

[მერმე დედანში მიდის ვრცელი ტრაქტატი კოსმოღრაფიისათვის].

ხვალისა დღე აღდგა იოანე, იახლა ბატონისშვლსა და დაეთხოვა დემურჩალისაკენ. ბატონისშვილმან უბრძანა: - არ გაგიშვებ ჯერხანად, ამისთვის რომელ ჯერ წადი ახტალას, იქ ბერძნებში იშოვი სპილენძს და სხვა შესაწევარსაც, და მერე წადი დემურჩასანში. მე შემიწევია ორი ძროხა და ერთი სახედარი აკიდებული ერბოთი და ყველით ერთი საფენიც. ი ო ა ნ ე: უფალმან გაკურთხოთ! - მადლობა მოახსენა. და კაციც უბოძა და უბრძანა: დროზედ წადი, რომ ახტალის ეპისკოპოსს მიუსწრო, რომ უფრო კარგად გამოგისტუმრებს. იოანე გამოესალმა და გამოვიდა სახლიდამ. მაშინ ცოფურაშვილი მღვღელი დავითის ყულუხჩებს ელაპარაკებოდა და ჩიოდა ესსახედ, რომ: მე თორმეტი წელიწადია ვემსახურები და ერთ საბოძვრად არ უბოძებია ჩემთვის ესეოდენი, რაჲცა ამ ახალ ფილასოფოსს მისცა. - იოანემ თუმცა გაიგონა, მაგრამ არა უთხრა რა, და კიდე ჩიოდა. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: მღვდელო! არ იცი თუ რა შური ვითარი დიდი ცოდვა არს? და რადა გშურს, ესეც სამღვდელოთ წესთაგანია და ძმა არს შენი და თუნდა სამღვდელოც არ იყოს, ესეც კახეთიდამ არის, შენ მარტყოფელი ხარ და ესეც ქიზიყელია. მ ღ ვ დ ე ლ ი: ის სახედარი მე მინდოდა, რომ ვენახში ნეხვი მეზიდვინებინა და მომეხმარებინა. ზ უ რ ა ბ ა: ვაჟო, რა უსამართლო კაცი ყოფილხარ, შენ ცოლი გყავს, და ამ საბრალომ ძლივ ერთი ჭაკი სახედარი იშოვა და იმასაც შენ ეცილები! მაშინ მუნ მსხდომარეთა, დიდთა თუ მცირეთა, ერთობლივ სიცილი იწყეს და ესრეთ განეშორნეს ურთიერთარს.


დღე შემდგომი

edit

ესენი ამხედრდენ და განემართნენ ახტალისაკენ. ნელ-ნელა სიარულით და დასვენებით მივიდნენ საღამოს ხანს ახტალას, გარდახდენ და იოანემ გაუგზავნა ახტალის ეპისკოპოსს კაცი და სთხოვა სადგომი. მან მაშინვე უბოძა სადგომი და ვახშმად თვისთან მიიწვია. იოანემ მცირეს ხანს განისვენა და მერე თავის დანიშნულს დროს წარვიდა არქიერთან. რა არქიერს იახლო, მივიდა იოანე, მდაბლად ეანბორა. მანცა მოიკითხა, დაჯდომა უბრძანა და მგზავრობისა მიზეზი გამოჰკითხა. იოანემ ყოველივე მოახსენა და ილაპარაკეს სხვადასხვა უბნობა, და მერეთ შემოხდა ლაპარაკი მადანთა ანუ მეტალთა ზედა. და სთქვა ი ო ა ნ ე მ: ამ მთასა და ხეობასა მეტალთ დედა უნდა ეწოდოს, რომ ყოვლითურთ შემკობილ არსო. ა რ ქ ი ე რ ი: მართლად რომ მაგ სახელის ღირსია, და გაქვს რამე ცნობა მადნებთა და მეტალთათვის? ი ო ა ნ ე: მცირედ რამ. ა რ ქ ი ე რ ი: მაშა, ვინემ ვახშამი მომზადდებოდეს, ვსთქვათ რამე მეტალთა ზედა. ი ო ა ნ ე: იყავნ ნება თქვენი!

[ამას მისდევს ვრცელი ტრაქტატი მეტალთათვის ანუ მადანთა].


დღე შემდგომი

edit

მეორე დღეს არქიერმან დაიბარა იოანე, უბოძა საჩუქარი და მასთან წიგნიცა მისხანას ემინჩიბაშთან, რომ ბერძნებში შესწეოდა საჩუქრისათვის. და ესრეთ მადლობელი გაისტუმრა იოანე მისხანისაკენ. რა მივიდა მუნ, ემინჩიბაშმან კარგად მიიღო, სახლი მისცა სადგომი, კარგად განუსვენა და მერე აჩვენა სპილენძისა და ვერცხლის გამოდნობა იოანეს. და მოეწონა ესე ხელოვნება. და მერეთ ასადილეს და აჩუქეს რაოდენიმე ბათმანი სპილენძი. იოანე მადლობელი წირვიდა სანაინისკენ. რა სანაინს მივიდა იოანე, იკითხა მუნ მყოფობა არღუთაშვილისა. უთხრეს სოლომონისა მუნ ყოფა. იოანემ გაგზავნა ზურაბა და სადგური სთხოვა. მისრულმან ზურაბამ მოიკითხა და სახლი სთხოვა. მან მაშინვე მისცა სახლი და ვახშმად თვისთან მიიპატიჟა იოანე. ესენი მივიდნენ დანიშნულსა სახლსა შინა და განისვენეს მუნ. და მერე, ვახშმის დროს, წარვიდა იოანე სოლომონთან. და რა მივიდა იოანე, ჰრქვა: მშვიდობა თქვენდა, მხარეგრძელო! მანცა მადლი უთხრა, მოიკითხა, მგზავრობის მიზეზები გამოჰკითხა. იოანემ ყოველივე უანბო. და მერე მოიღეს ვახშამი. რა კარგად მიიღეს ღვინო, სოლომონმა აიღო თასი, აამსო, მისცა იოანეს, და თითონაც სხვა თასი აიღო, აამსო ღვინით და უთხრა იოანეს: ეს ღვინო საზოგადოების სადღეგრძელოდ უნდა შევსვითო. ი ო ა ნ ე: ჯერ ასეა რიგი, ვინც მეპატრონე გვყავს, მისი უნდა დავლიოთ სადღეგრძელო და მერე საზოგადოებისა. ს ო ლ ო მ ო ნ: ახლა ჩვენა ვართ მეპატრონენი ჩვენის თავისა. ი ო ა ნ ე: ყოველნი ვპატრონობთ თავთა თვისთა, ესე ბუნებითა. ს ო ლ ო მ ო ნ: არა, საზოგადოებასაც ჩვენ უნდა უპატრონოთ. ი ო ა ნ ე: ვინა გყავთ ამხანაგნი და თანაშემწენი? ს ო ლ ო მ ო ნ: სარდალი, მელიქი, ამილახვარი, ერისთავი, თარხანი, ეშკააღაში და სალთუხუცესი და მე, მხარგრძელი, ხოლო სამღვდელოთში - ვართაპეტი და თბილელი და არქიმანდრიტი. ი ო ა ნ ე: ზურნა-ნაღარას მეტი არღარა გკლებიათ რა. ს ო ლ ო მ ო ნ: გვკიცხავ მაგ სიტყვით? ი ო ა ნ ე: დიაღ! ს ო ლ ო მ ო ნ: ვითარ ჰსჯი შენ? ი ო ა ნ ე: ოდესაც მეპატრონე აღარ იქნება, არცარა თქვენ იქნებით. ს ო ლ ო მ ო ნ: მრავალგან არის რესპუბლიკა. ი ო ა ნ ე: არა თქვენის ჭკუისანი! ს ო ლ ო მ ო ნ: ჩვენ უჭკუონი ვართ? ი ო ა ნ ე: თვალის დანახვით არა. ს ო ლ ო მ ო ნ: მაშ თვალში გვქონია ჭკუა? ი ო ა ნ ე: შენ აღიარე. საითაც წითელ კაბას დაინახავთ, იქით მირბიხართ. ს ო ლ ო მ ო ნ: არ იცი, ასეთნი გვამნი არიან, რომ სიბრძნით სრულნი. ი ო ა ნ ე: რომელნი? ს ო ლ ო მ ო ნ: იოანე, კონსტანტინე, გიორგი, დარჩია, ალექსანდრე, შანშე, სოლომონ, არსენი, ოანეზ, ელევთერ და მე. ი ო ა ნ ე: სახელები კარგად ჩამოთვალე და გთხოვ მიბრძანოთ, სალაყბოზედ და ბერუა ნალბანდის დუქანშიდ ისწავეთ ეს სიბრძნე, თუ რომელს სკოლაში განისწავლენით? ს ო ლ ო მ ო ნ: ჩვენში ჩინებულნი გვამნი ესენი არიან და მეფის ნათესავნი და მოყვრები და მოახლენი, და როგორ არა ეცოდინებათ რა? ი ო ა ნ ე: მალე მოხველ ჩემს სიტყვასთან. მეფის ქალიშვილობით, სიძეობით, ნათესაობით და მოხელობით ხომ არ იქნება სწავლა! უნდა, რომ სწავლულთაგან განისწავლნენ მაშინ იცნობენ თავს თვისსა და ქვეყანასა, და მაშინ შეიძლებენ ქვეყნის გამართვასა და სამსახურსა. აჰა, მე გეტყვი მაგალითსა: თქვენ მინბაში ბრძანდებით ამა მადნებისა და ზედამდეგი, იცით ამ მადანთ ხელოვნება, ანუ გამოდნობა ვერცხლისა, ან ვერცხლიდამ ოქროს გამოღება, ანუ სხვათა მეტალთა მოპოება? ს ო ლ ო მ ო ნ: მადანჩი ხომ არა ვარ, რომ ვიცოდე? ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს, ცარიელი სახელი გწოდებია! მაშ რას გაიგებ, რომ ან ვერცხლი მოიპარონ ან ოქრო მაგ მოხელეთა? ს ო ლ ო მ ო ნ: რასაც მომცემენ, მე მივაბარებ და დავსწერ. ი ო ა ნ ე: მაშა ქვეყნის მართებლობასაც ამ სახედ დაიწყებთ და ააშენებთ ქვეყანას მაგ ჭკუით. ს ო ლ ო მ ო ნ: რასაც ჩემნი ამხანაგნი იქმონენ, მეც იმასა ვიქმ, და მეტი ჭკუა რათ მინდა? ი ო ა ნ ე: ბიძათქვენს, მაიარბაშს - ნადირშას ვექილს, თუ ენახეთ, თქვენს რჩევას არ გარდვიდოდა! ს ო ლ ო მ ო ნ: ის ჭკვიანი იყო. ი ო ა ნ ე: მართლად სპარსეთს, თურქისტანს, ინდოეთს და სხვათა ადგილთ ის მართევდა, და ჭკვიანი ყოფილა თუ არა? და ამას გარდა, არა გვანებიხარ ერთგულობაში იმას, თუ ვითარ უყვარდა საქართველოს მეფენი, და ან რა შეწევნა აჩვენა მეფე თეიმურაზს და მეფე ირაკლის. და იმის ჯილდოდ მიიღე არღუთაშვილმან მხარგრძელობა. ს ო ლ ო მ ო ნ: მე ადრევ მხარერძელი ვიყავ და, აჰა, სასაფლავოც იმათი მაქვს ეს სანაინი. ი ო ა ნ ე: ნუ გამიწყრებით, თქვენ განჯელი ბრძანდებით, რანიდამ მოსრულნი ანუ ყარაბაღიდამ, განჯის არღუთა სომხის შვილნი, რომელიც იყო ბუში ზაქარია მხაგრძელისა, მოსრულნი მის ხანას დროსა როსტომ მეფისასა. ხოლო მაიარბაშმან რა გაურიგა ნადირშასთან მეფეს თეიმურაზს და ირაკლის ქართლი და კახეთი, და აბდულაბეგ გადააყენა, მერეთ მეფემან გიბოძათ აზნაურობისა ხარისხი და სასაფლავო და სოფელი ესე. გარნა ძველად ეს ადგილი იყო სომეხთ მეფეთა და სასაფლავოცა, და მერმეთ თამარ მეფის მიერ მიეცათ ესე სასაფლავოდ მხაგრძელთა, სარდალთა მის მეფისათა. და უკანასკნელ ბიძამან შენმან, იოსებ ვარტაპეტმან, სთხოვა მეფესა ირაკლის გვარის მათის დამტკიცება, და გიბოძათ და მან აგრეთვე დაგიმტკიცებინათ ამ მეფის ნაბოძების წიგნის ძალით თავადობა მხაგრძელობისა რუსეთის იმპერატორს პავლე პეტროვიჩს, და სოფელიცა გიშოვათ მუნ. ს ო ლ ო მ ო ნ: ბიძაჩემს მაგრა სწყლობდა მეფე ერეკლე? ი ო ა ნ ე: არათუ მარტო იოსეფ ვართაპეტს, არამედ მოსე, ბიძაშენს, და ბეჟანს, მამაშენს, ერთგულობის და სამსახურისა გამო ყოველთვის ადგილი ჰქონდათ მეფესთან, და შენც მეფე გიორგი ვით გწყალობს, ეს ხომ ყოველთა იციან! და, აჰა, შენი სახლის კაცნი სისეა და სხვანი ვითარ განყოფილ არიან ხარისხით და პატივით თქვენგან. მაგრამ სჩანს ესე, რომელ უპურმარილო ყოფილხარ, ვითარცა თქმულა: ქართველი ჩაყვითლებული ანუ ჩაფითრებული შესახედავით, თათარი თეთრ-ყირმიზი და სომეხი შავი სახითა დაუნდობარი იქმნების. და შენი სახე საქმესავე თანა აჩენს. ს ო ლ ო მ ო ნ: რა დაუნდობლობა არის, თუ ვაჟისშვილებს ერგება მეფობა, ქალიშვილებსაც ერგებათ, ევროპაში ასეა განწესება. ი ო ა ნ ე: ეგე მაშინ იქნება, ოდეს ასწყდეს ერთ გვარში მთლად ვაჟისშვილები. და ახლა შენის მეცადინეობით და მოყვრობით ვერც ერთს ქალიშვილს მოუპოვებ ამ ადგილს. ვერც იოანეს - მეფობას, ვერც კონსტანტინეს დავითითურთ, ვერც შამშეს - ერისთობას, რომ თვით შამშე ბრმა ერისთვისაგან გამორიცხულია იმის წილობა (იხილე წყალობის წიგნში მეფის თეიმურაზისაგან ნაბოძებში), ვერც გიორგის - ამილახვრობას, ვერც ალექსანდრეს - ეშკააღაშობას, არც თამაზ, არც ჭავჭავაძე უთავაზებს, ვერც დარჩიას - მოურაობას ქალაქისას, ვერც სოლომონს - კლდეკარის ერისთობას, და ვერც თქვენ იქმთ მხარგერძელისემებრ სარდლობას, ვერც თბილელი - კათალიკოზობას, ვერც ოანეზა - ორქივატრობას და ვერც ელევთერ - ალავერდობას, და ამისთვის გირჩევ, ამაოდ ნუ აშრობ თავსა თქვენსა. იოანემ განისვენა ღამესა მას. მეორესა დღესა იხილა მუნებურნი შენებულებანი და სიმაგრენი, დიდად მოიწონა და სთქვა: - მიკვირს მეფეთაგან, რატომ ეს ქალაქებსავით არ გაუკეთებიათ სიმაგრეები და ხალხი არ დაუსახლებიათ? ეს ხომ ბუნებისაგან არის თვით ქმნილი და მხედრობათაგან შეუალი. მაგრამ, ჰგავს, თანაშემწენი ვერ ჰყოლია ესევითარცა გულსმოდგინენი, არამედ მეძიებელნი საკუთრად თავთა თვისთა სარგებლობისა. და წარმოვიდა ახპატისაკენ, იგიცა იხილა, და მუნებური ეკკლესია და შენებულება დია მოიწონა. სამხრობის დროს მივიდნენ სადახლო სოფელსა შინა. ნახეს მუნ რაოდონიმე მსახურ-აზნაურნი, ჯარისკაცნი. და იკითხა იოანემ ვინაობა მათი და უთხრეს: - გიორგი ციციშვილი სარდალი აქ ბრძანდება. ფანბაკს აპირებს მისვლას ამ ჯარით. იოანე მაშინვე გარდახდა ცხენიდამ და ზურაბა აახლო სარდალს და ლოცვა-კურხევით მოიკითხა. მან მაშინვე სახლი მიაცემინა და ვახშმად თვისთან დაიბარა. იოანემ საგზაო ტანისამოსი გაიხადა და მცირე განისვენა. რა ვახშმის დრო მოვიდა, განემზადა იოანე და წარვიდა სარდალთან. მისრული იოანე სარდალს თავს დაუკრავს და იტყვის: მშვიდობა, მშვიდობა შენდა, სარდალ-მოურავ, მეფის სიმამრო! ს ა რ დ ა ლ ი: სულისაცა შენისა თანა, დოსითეოსის გამზრდელო! ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ეგ ჩემი ტიტლა არ არის. ს ა რ დ ა ლ ი: და არც ბატონის სიმამრობა არს სახელო. ი ო ა ნ ე: ეგ ასეთი სახელო არის, რომ მაგან გაშოვნინა სხვა სახელონი. ს ა რ დ ა ლ ი: ჩვენს გვარში ყოველთვის ყოფილა სარდლობაც და მოურაობაც. ი ო ა ნ ე: მაინც თქვენ უფრო კეთილდღეობა ბატონის სიმამრობამ მოგიგოთ. ს ა რ დ ა ლ ი: მე ვნანობ ღმერთსა. და მითხარ, რადგან მეცნიერს გეძახიან, რა არს კეთილდღეობა და ბოროტშემთხვევა? ი ო ა ნ ე: გარემოებანი შემადგენელნი კეთილდღეობისა კაცობრიობისა ბუნებისანი არიან: სიმრთელე, აღზრდილობა, უშიშროება, სიმდიდრე და გრძლად ცხოვრება. ხოლო ბოროტშემთხვეულებანი, ანუ უბედურებანი არიან უკვე: სნეულება, უზრდელობა ანუ უცოდინრობა, მონება, სიგლახაკე და მოკლედ ცხოვრება. ს ა რ დ ა ლ ი: ამა რიცხვთა შორის ვიცი აზიური ზრდილობა, სიმდიდრეცა მაქვს ჩემ შესაფერად და სიცოცხლეც გრძელი, სამოცდაათუთხმეტისა მეტი ვარ წლითა, და არცა ვარ სნეულ. ი ო ა ნ ე: მართლად კეთილდღეობა მოგეწერებათ, თუ ბოლოს თავიც იცხონეთ. ს ა რ დ ა ლ ი: ვინც ბერი მინახავს, ყოველს ეს შენი სიტყვა უთქვამს, ვითომც მივცე რამე და მაცხოვნონ. ი ო ა ნ ე: მე მაგისთვის არ მოგახსენებ, მაგრამ ბედნიერება ასეთი რამ არის, რომ მალე შეიძულებს თვისსა მეგობარს, და ამისთვის არ უნდა მიენდოს კაცი ბედნიერებასა... ს ა რ დ ა ლ ი: ასეთი არავინ ვნახე, რომ სიმდიდრისადმი არა ჰქონდეს გული შემსჭვალული და შენც ამისთვის არ დარბიხარ? ქართლი შემოირბინე და კახეთი. ი ო ა ნ ე: მართალია, მე მონასტრის სამსახურის გულისთვის დავდივარ, და ვინც არას მოცემს მოწყალებას, მე ძალად ვერავის რას წავართმევ. ს ა რ დ ა ლ ი: მაშა მე კი ვართმევ? ი ო ა ნ ე: ხალხნი ასე ჩივიან. ს ა რ დ ა ლ ი: შენ დიაღ თავს გახველ, ბატონის კარგი ყმანი არღარავინ გაუშვი გაულანძღავნი და ახლა ხელი მეც მომყავ. მე იმათსავით, ხომ იცი, არ დაგითმობ! ი ო ა ნ ე: ვინ განვლანძღე და ანუ თქვენ რა მოგახსენე წინააღმდეგი? ს ა რ დ ა ლ ი: ალექსანდრე მაყაშვილი და ელეფთერ. ი ო ა ნ ე: თქვენ იმათ ამხანაგი ბრძანდებით? ს ა რ დ ა ლ ი: დიაღ! ი ო ა ნ ე: ახლა კი მჯერა, რომ თქვენც მომხვეჭი იქნებით. ს ა რ დ ა ლ ი: არ იცი შენ, სამეფო საქმეებს სულ ჩვენ ვმართავთ და რიგსაც ვაძლევთ? ი ო ა ნ ე: თუ სწორედ საქმის დაჭერა გინდოდა, მეფე ირაკლის ვინც დარჩა, ისინი სულ უნდა ყოფილიყვნენ საქმეში, მარტო თქვენ არ უნდა მიგეღოთ. ს ა რ დ ა ლ ი: იმათ რა კარგა დააწყვეს საქმე? ტფილისი ააღებინეს მტერსა! ი ო ა ნ ე: იმათი რა ბრალია, ჯარით არავინ გამოხვედით და ყოველთა უსუსტეთ. ს ა რ დ ა ლ ი: მე ჩემზე დიდი კაცი არავინ მინდა. და ვინც არ მემსახურება, არც საქმეში გავრევ. ი ო ა ნ ე: თქვენი ამხანაგნი რას გემსახურებიან და ან რა გააკეთეს ღირსი ხსოვნისა? ს ა რ დ ა ლ ი: თუ ისინი შემწედ არა მყვანდნენ დიდი არეულობები იქმნებოდა სამეფო სახლში და სხვაგანაც. ი ო ა ნ ე: არეულობა მეტი რაღა უნდა, შინაგან ბრძოლანი და გარეგან ხდომანი თქვენთან წარმოებენ. და ახლა ბრმა ხანის საომრადაცა მიხვალთ, რომ ბრმისაგან დამარცხდე. ესეც ჩვენის ქვეყნისათვის სირცხვილია. მაშინ სარდალი განრისხდა და უბრძანა თვისთა მსახურთა დიაკვნის პაღურით გაგდება და იმ სოფლიდამაც განდევნა. დიაკვინი გამოაგდეს კისრის კვრით და ცხენებით მოგვარეს მათ. და ესრეთ განდევნეს სოფლიდამ. იოანე შეწუხებული ფიქრობდა, თუ საით წავიდეს, ვინაიდგინ გზა არ იცოდა იმ სოფლებისა, და დამეცა იყო. ამა ფიქრითა აქა-იქ მიმოეხეტებოდა. რა ესე იხილა ზურაბამ, უთხრა: - ბერო, რომ არავინ ერჩის შენს სწავლასა და ყოველგან შეურაცხგყვეს, რატომ არ დასდგები შენს ქერქშია? აბა, რა შეიმატე შენის მოძღვრებითა? ვახშამი დაჰკარგე, ძილი და საჩუქარი, და ახლა არც კი ვიცით, საით მივალთ, ვაი თუ მგლებმანც შეგვჭამონ. ი ო ა ნ ე: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი“. მე გასარისხებელი არა მითქვამს რა, რაც მკითხა, სწორე უთხარ. მაგრამ რაც მსმენია მისთვის და არ ვიჯერებდი, ახლა თვით ჩემზედაც გამოვიცადე. დაეხსენ - იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს. უკანასნელ მაღაქელაშვილს დარჩება. ზ უ რ ა ბ ა: მაგ წინასწარმეტყველებით შენ ბევრი გერგება! ი ო ა ნ ე: ხომ გაგიგონია: „ზეთი ცოდვისა ნუ განაპოხებს თავსა ჩემსა“.


დღე შემდგომი

edit

ხოლო ხვალისა დღე დილას ადრე აღკაზმეს ცხენები, ამხედრდენ და გაემართნენ დემურჩასანისაკენ. რა დიაკვანი მივიდა, მუნ იცნა ერთი ქართველი მსახური და უთხრა: ი ო ა ნ ე: აქა რასა იქმ, ძმაო? მ ა ნ უთხრა: ფარნაოზ ბატონისშვილი აქ ბრძანდობაო. ი ო ა ნ ე ს დია იამა და უთხრა მას კაცსა: ვინ ახლავს აქ თავადი ანუ სამღვდელო? მ ა ნ უთხრა: ერისთავის ძე და ეშკააღაში თამაზ, აგრეთვე იასტოს. ი ო ა ნ ე ს დიაღ იამა და უთხრა: იასტოსთან მიმიყვანეო. მან სახლი აჩვენა. იოანე გარდახდა და, რა შინ შევიდა, იასტოს ეამბორა. იასტოსმან კარგად შეიტკბო, მოიკითხა სიარულის მიზეზი, ყოველივე გამოსცნო და უთხრა: მეც შეგეწევი იქ ბატონისშვილთან. მცირეს ხანს შემდგომ იასტოც წივიდა ბატონისშვილთან, იოანეც თან წაიყვანა. ბატონისშვილმან კარგად მიიღო იოანე, დასხდენ. იოანეს თავისი მოგზაურობის მიზეზი გამოჰკითხეს და ან სად ევლო, ან რა შემთხვეოდა, სულ ყოველივე სცნეს. რა იოანეს შეურაცხყოფა ზოგისა ერთისაგან სცნო იასტოსმან, სთქვა: ახლანდელის ჟამისაგან არა რაჲ საკვირველია, მეც ზიარება მაქვს შენ თანა, იოანე, ესეგვართა დევნათა და შეურაცხებათა შინა. ი ო ა ნ ე: მიხარის მაგისთვის, ვინაიდგან ვმონაწილეობთ ნეტარებითა, ვითარცა ბძანებს უფალი: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. ი ა ს ტ ო ს: მართალ და ჭეშმარიტ არს სიტყვა ეგე. - და მერე ჰკითხა: - შეისრულე სწავლა? ი ო ა ნ ე: ჰე, მადლითა თქვენითა! ი ა ს ტ ო ს: ფილოსოფია ზოგი რამ ჩემგან მოისმინეთ, ხოლო მეტაფიზიკა და ღვთისმეტყველება გასწავლათ რეკტორმა თუ არა? ი ო ა ნ ე: დამასწავლა! ი ა ს ტ ო ს: მაშა გკითხავ ღვთისმეტყველობისათვის!

[ამას მისდევს ტრაქტატი ღვთისმეტყვლებისათვის].

ზ უ რ ა ბ ა: ბატონო იასტოს! ქართლმან, კახეთმან და სომხითმან ვერ მოღალეს ეგ ბერი ლაქლაქისაგან და შენ როგორ უნდა დაღალო, ეს სამი თვეა თითქმის ამ ყოფაშია! კაია, ხელი აიღე, მშიერი დავიხოცენით. მაშინ ყოველთა იწყეს სიცილი, მოიღეს სადილი და დასხდენ და შეექმნათ მხიარულება. რა სადილი დასრულდა, თამაზ ორბელიანი, ეშკააღაში, გამოეთხოვა ბატონიშვილს თავის სოფელში ვაშლოვანს წასასვლელად და იოანე ბერსაც სთხოვა თავისთან წაყოლა. ბატონისშვილმან იოანეს აჩუქა და უბრძანა: - მე მინდოდა შენთან უბნრბა რაისამე, გარნა ვინაიდგან ეშკააღაშმან ინება შენი თანხლება, სხვა დროსაც შევიყრებით სადმე და მაშინ ვიუბნოთ. იოანე მადლობელი გამოეთხოვა და განემართნენ გაშლოვნისაკენ. რა იაღლუჯას გადმოვიდნენ, დია დიდმა ქარმან იწყო ქროლა და დიდად შეიწუხა ესენი, მოვიდნენ და ერთსა ხევსა შინა შთამოხდენ ცხენთაგან და მცირედ შეისვენეს. მაშინ თამაზმან ჰკითხა იოანეს: - უნდა მაცნობოთ, თუ ეს ქარი რაისა მიზეზით ქრის? ზ უ რ ა ბ ა: მართლად უბნობთ მაგას, უნდა ამ ბერმან კარგად იცოდეს, რადგან დიაღ მსუბუქად გახლავს. თ ა მ ა ზ: რაში ეტყობა მსუბუქობა? ვინც რას ჰკითხავს, ყოველსავე კანონიერად ეუბნება. ზ უ რ ა ბ ა: მე ამისთვის მოგახსენე, რადგან ესეცა ასე ხშირად დაქრის. თ ა მ ა ზ: ბუმბული ხომ არ ასხია? ზ უ რ ა ბ ა: რა მოგახსენო, ძალიან კი ფრინავს! თ ა მ ა ზ: მაშა ბუმბულს რაღა ქარი უნდა? ზ უ რ ა ბ ა: ეგ თქვენ უკეთ იცით. თ ა მ ა ზ: მაშა მეც მწამობს რასმე? ზ უ რ ა ბ ა: თქვენსა და ამ ბერის მგზავრობაში კი დაიწყო ქარმან ქროლა და არ ვიცი, რა მიზეზია. თ ა მ ა ზ: მაშა, ჰგავს, ქარიანი ვყოფილვართ! ზ უ რ ა ბ ა: ზურაბ ყაფლანისშვილი ასე მოგახსენებსთ. თ ა მ ა ზ: მე თუ მსუბუქი ვარ, ის კი გიჟია! და მრავალი იცინეს. და მერე კვალად ჰკითხა თამაზმან იოანეს ქარისა ქროლისა მიზეზი.

[ამას მოსდევს ტრაქტატი ქარისათვის].

და მერე განემართნენ ვაშლოვანისკენ. რა მიიწივნენ მუნ, თამაზმან უბოძა სახლი სადგურად იოანეს და ჰრქვა: - მცირედ განისვენეთ და ვახშმად მოდით ჩემთან! იოანე მივიდა თვისსა სადგომსა და დასადგურდა, და მერეთ ვახშმის დროს მივიდნენ თამაზთან. თამაზმან წარიყვანა სახლსა თვისსა. იხილა იოანემ სულ მთლად ყაფლანიანთა სახლეულობანი და სხვანიცა მოყვრებნი მისნი, რომელნიც მოსრულ იყვნენ ძეობისათვის ღამის სათევლად, რომელ იმ კვირაში დასაწოლი ყვანდა უკვე ცოლი თამაზს. ეშკააღაშმან იოანე წარადგინა ქალებთან და გააცნო ყოველნი და უთხრა: ესე დია მეცნიერია და რასაც ჰკითხავთ, ყოველსავე შეგამცნებსთო. მათ დიდად იამათ, მოიკითხეს და მიიწვიეს, თვისთან დასვეს და მოგზაურობის ვითარებაცა გამოჰკითხეს. იოანემ ყოველივე აცნობა, რა მცირე ხანმა განვლო, იოანემ იხილა, რომელ რაოდენნიმე ბოშები მკითხავები და გვერდწითლისა დედა შემოვიდნენ. ქალებმან კარგად მიიღეს, დასხეს და უთხრეს: - აჰა, ეს ბერიც მეცნიერია და თქვენც უნდა აჩვენოთ თქვენი უკვე ხელოვნება, თუ ეს ახლად დასაბადებელი ქალი იქნება თუ ვაჟი, და ან ვითარის ბედისა იქმნების. მაშინ ზოგთა ქერის ყრა დაუწყეს და ზოგთა ლობიოს გაშლა და ზოგთა ხელისგულის სინჯვა და ესევითარნი ზოგთა რა სთქვეს და ზოგთა რა, რომელიც არცა ერთის სიტყვა მიუდგა ერთმანერთს. მაშინ გვერდისწითლის ცოლმან მოიღო ჯამით წყალი და შინჯვა დაუწყო და სხვათა ზედა ამან უკეთა სთქვა. რა ესე იხილა იოანემ, თქვა: - ამ დედაკაცს ასტროლოგია სცოდნია ანუ საწუთროს ჯამში ჩახედგა, და სად უსწავლია? გაუკვირდა, ქარელში ვინ ასწავლიდაო, და თქვა: ბებერო, მე ხომ გიცნობ შენ და კიდე კუდიანობისაგან ხელი არ აგიღიაო? მაშინ ბ ე ბ ე რ ი: ჩემი სარჩო ეს არის, რას გაგიჟებულხარო? ი ო ა ნ ე: მისნობით რჩომა სჯულის წინააღმდეგია. გ ვ ე დ წ ი თ ე ლ ი ს დ ე დ ა: შენ რაღად თხოულობ და ტყვლად ხალხს ატყუებ და ართმევ, რომ საყდარს ვაკეთებო, ეგ კი არ არის ცოდვა? ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ეკკლესიისათვის ღვწა რა ცოდვა არის? მაგრამ ეგ კი ცოდვა არის, რომ ქერსა ჰყრი და ატყუებ ხალხს მაგით, ქერის მარცვლებმა და ლობიომ რა უნდა გაცნობოს?! გ ვ ე რ დ წ ი თ ე ლ ი ს ც ო ლ ი: მაშ შენ იწინასწარმეტყველე და გვითხარ წინასწარ. ი ო ა ნ ე: მე წინასწარმეტყველების მადლში არა ვარ მიწევნილი, მაგრამ მაგ მკითხაობის გვარი უკეთ ვიცი, და არც ცოდვაა, ვინც ისე შენიშნავს. მაშინ ყოველთა ქალებმან ერთბაშად სთხოვეს იოანეს, რომ გვითხარ, როგორც იციო. ხოლო იძულებული დიაკვანი მოჰყვა [„მისნობისათვის“].


დღე შემდგომი

edit

ხოლო მეორესა დღესა წარვიდა თბილელს არსენისთან და წარუღო წიგნები, რომელისამე საქმისათვის მოწერილი სომხითიდგან, ვინაიდგან იგი მართევდა თანამდებობასა მანგლელისასა. მისრული მუნ დიაკვანი ცხადუყოფს რომელსამე მუნ მდგომარეობათაგანსა ხლებასა თვისსა მიტროპოლიტისადმი. მცნობი არსენი თბილელი მოუწოდებს მას. იოანე მივალს, მდაბლა ეამბორებოს და მიართმევს წერილთა. თბილელი შეიტკბობს მას კეთილად და, ოდეს წარიკითხავს წიგნებსა, უბრძანებს დიაკვანს: კეთილის ანბით მოხველ ჩვენდა და აქა უნდა ისადილოო. იოანემაც მადლობა მოახსენა. და მერე თბილელი გაბრძანდა საქათმოსა შინა და იოანეცა თანა იახლა. იხილა თბილელმან, რომე ათსა მისსა ყვერულსა აკლია ერთი ყვერული. და უბრძანა მექათმეს: სადა არს ერთი იგი, რომელიცა აკლს ამათ? ხოლო მან მოახსენა მას: სახლთუხუცესმან წამგვარა თვისსა ათის თავშია. განრისხდა მაშინ თბილელი, დაუწყო ლანძღგა სახლთუხუცესს და წყევა და განახშირებდა რისხვასა. მაშინ ი ო ა ნ ე: ყოვლადსამღვდელოო! ეთის ქათმისათვის მცირე შერისხვაც კმარა, არა თუ წყევლა და შეჩვენებაო, ამაში კანონი გაქვთ. თ ბ ი ლ ე ლ ი: რათ იკადნიერა და წარიყვანა ჩემი საყვარელი ყვერული? კიდეც გავლახავ ამისთვის, შენთვის მინდა დამეკვლევინებინა. ი ო ა ნ ე: ნუ განრისხდებით, მე ყველსაც დავსჯერდები, ოღონდ იმას მიუტევეთ. თ ბ ი ლ ე ლ ი: გიჟი ყოფილხარ, ბერო! ღმერთმან ადამ ერთის ლეღვის მარცვლის შეჭმისათვის სამოთხიდამ განსდევნა და რამდენი წელიწადი იტანჯა მისნი და მისნი შთამომავალნიცა? და ჩემმა სახლთხუცესმა ჩემი მსუქანი ყვერული შემიჭამა, ეს როგორ უნდა დაუთმო? აჰა, სამართალი შენც საჯე! ი ო ა ნ ე: რადგან თქვენს უნებურად უქმნია, დანაშაული აქვს, და ეყოფა ეგე შერისხვაცა. - და მცირედ დაამშვიდა თბილელი. და მერე ბრძანა თბილელმან და მოიღეს სადილი. რა მცირედ შეექცნენ, თბილელმან ბრძანა: - მაინც ეს სიონელნი კრებულნი თვისის მღვდელმთავრის ურჩნი და უსიამოვნონი არიან, რაგინდ პატივში ყვანდესთ. ი ო ა ნ ე: ამგვარის ურჩების მაგალითნი თქვენ ხართ, ამაზე ნუ გამიწყრებით. თ ბ ი ლ ე ლ ი: ვითარ? ი ო ა ნ ე: თქვენც არა ბრძანდებით მორჩილი კათოლიკოზ-პატრიარხისა, არცა ეგზარხისა. თ ბ ი ლ ე ლ ი: რად უნდა ვიყო მორჩილი? ისინიც მღვდელმთავარნი არიან და მეცა! ი ო ა ნ ე: მართალია, მღვდელმოქმედებაში ერთი ხართ, მაგრამ ხარისხით კი განყოფილნი. იხილეო, სხვა ქვეყნებშიაც თუ ვითარ ხარისხად არიან განყოფილნი სამღვდელონიც და სამეფო მოხელეებიცა. ეგრეთვე ჯერეთ ტფილისი არ იყო აღშენებული, რომ კათოლიკოზი იჯდა მცხეთას. თ ბ ი ლ ე ლ ი: რა ვყოთ მაგისთვის, კათოლიკოზსაც თეთრი ბარტყულა ხურავს და მეცა. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ყოვლადსამღვდელო, როდესაც შავი ბარტყულა გეხურათ ორთავე, თუ მაშინ იყო უფროსი, ახლა თეთრი ბარტყულით როგორ წაერთმევა უფროსობა? მაშინ ი ო ა ნ ე ო ს ე შ ვ ი ლ ი: აჰა, გიჟნიც ამას ამტკიცებენ! თბილელი განწყრა, ოსეშვილს უბრძანა: - შენ ყვერულის შეჭმაც შეგრჩა და ახლა ამ გიჟის სიტყვასა ამტკიცებ! ორივე კარში გამოყარა და გაჯავრებული თბილელი ადგა და თვისსა საწოლსა შინა შევიდა. დიაკვანიც გამოვიდა და მოეწია ოსეშვილს. ოსეშვილმან თავისთან მიიწვია ყავაზედ და შევიდნენ მისსა სახლსა შინა. მიიღეს ყავა და მერე იმუსაიფეს. შემდგომად დიაკვანმა აქო იოანე ოსეშვილისაგან ქმნილი ეპიტაფია კათოლიკოს ანტონის პირველზედ თქმული, რომელსა შინა გამოეყვანა იანბიკოდ ათორმეტნი ზოდიაქნი, მზისა ეტლნი. და მაშინ ოსეშვილმან ჰკითხა იოანეს: - უწყია ზოდიაქთა თვისებანი, უკეთუ არა, და ანუ ვინმცა ეტლთა მათ ზედა იშობებიან თუ ვითარისა თვისებისა იქმნებიან? ი ო ა ნ ე: უწყი, რაოდენ ჩემგან შესაძლებელ არს.

[ამას მოჰყვება ტრაქტატი ათორმეტთა ზოდიაქთა შესახებ].

დიაკვანი აღდგა და გამოეთხოვა ოსეშვილს. ოსეშვილმანც აჩუქა ერთი სამეცნიერო წიგნთაგანი და იოანე მმადლობელი წარვიდა თვისსა სადგომსა.


დღე შემდგომი

edit

ხოლო ხვალისა დღე, საღამოს ჟამს, აღდგა იოანე და, წარვიდა კათოლიკოზთან. გარმა რომელთამე სამეფო საქმეების გამო ვერა იხილა მათი უწმიდესობა. მუნ, მყოფთა ბერებთა მიიღეს და, რა კარგად დაღამდა, აღდგა დიაკვანი და წარმოემართა სახლისკენ. ამ ჟამად დიაღ ძლიერმან ავდარმან იწყო წვიმად და იოანეს ანჩისხატსა კარზედა შეხვდა უკვე ჰარონ მღვდელი ალექსისშვილი. იცნა დიაკვანი და უთხრა: იოანე! ამ წვიმაში სად ყოფილხარ? წამოდი ჩემს სადგომს, ვიცი, შორს დგეხარ და ძლიერ გაიწუწები და ანაფორა წაგიხდება. დიაკვანმან მადლობა მოახსენა და წარვიდნენ ერთად, რა ჰარონისა სახლსა შინა შევიდნენ, არონმა აცნობა სახლეულობაჲ თვისი. დიაკვანმა მდაბლად მოიკითხა და მერე დასხდენ. ჰარონმან გამოჰკითხა მისი მგზავრობის მიზეზი. იოანემ ყოველივე ცხადუყო. და მერეთ ჰ ა რ ო ნ ი: უფალო დიაკვანო, ვივახშმოთ ახლა, რაც ღმერთს მოეცეს, იმით ვისეროთ და ამაღამაც აქ განისვენე! დიაკვანმან მადლობა მოახსენა. და მერე მოიღეს ვახშამი. და რადგან მარხვის დღე იყო - ოთხშაბათი, ჰარონმა ვერღარა მოასწრო რა მლაშე თევზისა და ხიზილალას მეტი, ბოდიშით მოართო იოანეს და ორნივე კარგად შეექცნენ და ღვინოც საკმაოდ იხმიეს. რა ვახშამი დასრულდა, სერობის ლოცვის შემდგომ დიაკვანს ცალ მხარეს მის დარბაზში დაუდგეს ქვეშე და ცალ მხარეს - ჰარონსა. რა დაიძინეს და სამთლებიც ჩამქრალი ოყო, დიაკვანს დიდად მოსწყურდა წყალი მლაშის საჭმლის გამო და, რაოდენიცა ეცადა მოთმინებასა, ვერღა გასძლო, ვერც ჰარონის თავაზის გულისთვის დაიძახა. დაბოლოს იძულებული აღსდგა და წყლის ჭურჭელსა დაუწყო ძებნა ამა ბნელს სახლშია და აქა-იქ ხელებს აცაცუნებდა, რომე წყალი ეპოვნა. ამა ძებნასა შინა უეცრად წააწყდა ჰარონის ქვეშაგებსა და, რომელსაც მხარესა ჰარონის მეუღლე იწვა, იქ ხალიჩას ფეხი წამოჰკრა, დიაკვანი წაიქცა და ჰარონის ცოლსა ზედან წააწვა. მაშინ ამა ქალმან შეჰყვირა: - მიშველე, მღვდელო, ვინ წამომაწვაო! მსწრაფლ ჰარონი წამოხლტა, დიაკვანს ხელი სტაცა და ასწივა, ააყენა და დაიძახა: - გოგო, სანთელი მოიტანეო! რა სანთელი შემოიტანეს, იცნო დიაკვანი და უთხრა: - არა გრცხვენიან, რომ შეგიწყნარეთ, პატივი გეცით და შენ შესაგინებლად მოგვინდომეო?! დ ი ა კ ვ ა ნ ი: რას ბრძანებთ, წყალს ვეძებდი და უცნაურად აქ წავიქეციო, გამიშვით!.. და გაიწია დიაკვანმან. ჰარომაც მეორე ხელი სტაცა ახალუხშია და ახალუხის უბე მოხვდა ხელში, ემძიმა და სთქვა: - ჰო, ვახშმის ფული ვიშოვე... და გასწია ახალუხს და გააძრო. დიაკვანი მაღლის ხმით ეხვეწებოდა: - მომეც ჩემი ახალუხი, ჭეშმარიტად მართალი ვარ, შეცოდება არა მაქვს რაო! გარნა ჰარონიც ჯავრობდა და არ აძლევდა. რა ამათი ყვირილი მეორეს სადგომს რეკტორს დავითს მიესმა, მსრაფლ შემოვიდა და იხილა, რომ დიაკვანი თავშიშველი სდგას და ეხვეწება ჰარონს. მაშინ დ ა ვ ი თ: რა ამბავია, მღვდელო? ჰ ა რ ო ნ: ჩემო ბიძავ, აჰა, ამ შენმან გაზრდილმან დიაკვანმან შენი სძალისა ვითარი შაურაცხყოფა მოინდომა, იხილეთ! დ ა ვ ი თ: სტყუი, ეგ მაგისთანა კაცი არ არის, ეგ ჩემი გაზრდილია და პატიოსანი კაცია! ჰ ა რ ო ნ: კიდეც ამიტომ იკადნიერა ესგვარი საქმე, რადგან შენი გაზრდილია, კახპობისა და ბოზობის მეტს რას ასწავლიდი და ან რას ისწავლიდა! რეკტორი განრისხდა და უთხრა: - ნახე, ამ უკეთურს რას ამბობს? მე ავს ვასწავლიდი? რით ამტკიცებ, სთქვი! და ჯოხი მიუტანა პირშია. ჰ ა რ ო ნ: ასე ვამტკიცებ, მასწავლელთა ბოროტთა სწავლანიცა ბოროტ არიან. რეკტორი განწყრა და უთხრა: - არ იცი, შე გასაკრეჭო, რომელ ნაყოფთაგან ბოროტთა შობილნიცა ბოროტ არიან? და მერმე შეაგინეს ერთმანერთს. მაშინ გასწყრა რეკტორი და გარდაჰკრა ჯოხი ჰარონსა. ჰარონ ეძგერა და სტაცა ხელი წვერშია. მიაფრინდნენ ერთმანერთსა და დაუწყეს წვერისა და თმის გლეჯა. მაშინ იოანემ თავის ახალუხს და ტანისამოსს დაავლო ხელი და კარში გამოვარდა. მაგრამ კარსა თავი ჰკრა და ერთი დიდი კოპივით დააჯდა. ამა ყოფაში შევიდა დეკანოზი სოლომონ, ორთავე ამხილა და გააშველა. ხოლო დიაკვანი თავდაჟეჟილი მოვიდა შინა და კიდეც გათენდა.


დღე შემდგომი

edit

ხოლო ხვალისა დღე იოანე წირვის დროს წარვიდა ფრანგების საყდრისაკენ. რა მუნ მივიდა, იხილა, რომელ წირვაზედ იდგნენ და პატრი ქადაგებდა. იოანეს დია მოეწონა და სთქვა: - აჰა მეცნიერება ასე კარგი, რომელ რომაული პატრი, ჯერ სამი წელი არ არის გასული, რომ აქ მოსულა, და ქართული ენით ვით უსწავლია ასე კარგად, რომ კიდეც ქადაგებს? ასე უნდა იყვნენ სამღვდელონი აღზრდილნი და სწავლულნი და ასე უნდა აქვნდესთ გულსმოდგინება თვისისა სამწყსოსათვის. რა წირვა დასრულდა, პატრი ანდრიამ აღიყვანა იოანე თვისსა სადგომსა, მოიკითხა მშვიდობით, მისი ვითარებაც გამოჰკითხა. იოანემ ყოველივე ცხადუყო, პატრმაც მოუწონა: კეთილი საქმე არს, რადგან მონასტრისათვის იღწვიო. და მერე ჰკითხა ზოგი რამ საეკლესიო. იოანემ დიაღ კარგა მიუგო და მერე უთხრა: - რადგან ისტორია მეორე თვალია სიბრძნისა, იგიც გისწავია თუ არა? ი ო ა ნ ე: ჰე, მისწავლია! პ ა ტ რ ი: რადგან ისტორიის მცოდნემ ღეოღრაფიაც უნდა იცოდეს, იცია იგიცა? ი ო ა ნ ე: ვიცი, რაოდენ ჩვენსა ქვეყანასა შეფერობს.

[ამას მიჰყვება ფრიად ვრცელი გეოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვა მსოფლიოსი].

ოდესცა დაასრულა დიაკვანმა ღეოღრაფიაზედ უბნობა, მაშინ პეტრმან ჰრქვა: - დიაკვანო, ასე მათნე აზიურისა და ევროპიისა ქვეყნების ადგილთა მდებარეობისა აღმოჩინება, რომელ მე ამის მეტი ქება არ ძალმიცს, რომ უთუოდ მამა ევროპიელი გყოლია და დედაი აზიელი. ი ო ა ნ ე: დედისა მართალი, რომ აზიელობა ეთქმის, მაგრამ მამას კი ვერ ვიტყვი ევროპიელად. პ ა ტ რ ი: მე ამისთვის გავბედე, რომ შენი სახე გვაჩვენებს თეთრყირმიზობასა, ქერა წვერსა და თმასა, და ეგრეთვე ჭრელთა თვალებთა. ი ო ა ნ ე: უი, ჩემს თავს, რუსს ხომ არ მწამობთ მამად? პ ა ტ რ ი: თქვენი სახე ამტკიცებს. და როდისა ხარ დაბადებული? ი ო ა ნ ე: ბურნაშოვის დროსა. პატრი: მაშ, წადი, დედას ჰკითხე, ის სწორეს გეტყვის. ი ო ა ნ ე: უი, ჩემს თავს! ეგ რომ უთხრა, ცემით მომკლავენ. ამაზედ ბევრი იცინეს და პატრმან სადილი მოითხოვა და დიაკვანი ზურაბითურთ სადილად თვისთან დააყენა. ოდეს მოიღეს სადილი, იოანემ ხორცი არ მიიღო. პატრმან საურწყოო მოუტანა და ამასთან ცხვრის ყვერები მოხარშული, შეშრანგად კვერცის სახედ ქმნილი. მიართვეს დიაკვანს. და უთხრა პატრმან: მიირთვით ესე ბატის კვერცხები. იოანემ ხელი მიჰყო და გემრიელად მიიღო და თქვა: დიაღ, გემრიელად შემგბარი იყო ეს ბატის კვერცხები. მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: უფალო პატრო, ჩვენი მონასტრის დიაკვანი ნახეთ, ვითარი მემარხულეა, ცხვრის ხორცს კი არა სჭამს და ყვერებს კი გემრიელად მიიღებს. მაშინ ი ო ა ნ ე მ: უი ჩემ თავს! მე კვერცხებად მივიღე და ეს რატომ ასე მომიხდა! და იწყო ნერწყვა. მაშინ პ ა ტ რ ი: ბერო, მარხულობისაგან დასუსტებული იქნები და მე განგებ საყუათოდ გაჭამე ეგე, მაგით არ წარსწმყდები. ი ო ა ნ ე: არა ბატონო, მე მაგას არ მოგახსენებ, მაგრამ თუ შემიტყვეს ხალხთა, ყვერიჭამიას დამარქმევენ. პ ა ტ რ ი: რა იქნება ეგე, რადგან ყვერიგლეჯია მონოზონი გყავთ, ყვერიჭამია ბერიც რომ იყოს, წინააღმდეგი არა არის რა. ი ო ა ნ ე: უფალო, იმ მონოზონმან თუ მოგლიჯა ვისვე ყვერი, სიწმინდისმოყვარებითა ქმნა, მაგრამ მე ნაყროვნობაში დამწამებენო. პ ა ტ რ ი: ნუ გეშინიან, არ გაგამხელთ. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: თუ ერთი ოქრო არ მომცა, ახლავ გავამხელო. დ ი ა კ ვ ა ნ ი: ოქროს მაინც არ მოგცემ, გინდ ცხვარიჭამია დამარქოო. ამაზედ ბევრი იცინეს და დასრულდა სადილი. დიაკვანი მადლობელი გამოეთხოვა პატრსა და მოვიდნენ სადგურსა თვისსა შინა. ჟამსა ამას არქიმანდრიტიდამ ბრძანება მოუვიდა ბერსა, რომელ: რაოდენიმე ხატი ეკკლესიისათვის მიყიდე და ამასთან ღერბიცა მომიჭრევინე, რომელნიცა არიან საჭირო ჩვენდაო. ხვალისა დღე დიაკვანი წარვალს მხატვარ დავითასთან და იგი მიიღებს კარგად. და უკანასკნელ ბერი სთხოვს, რათა აჩვენოს მან ნახატნი თვისგან. მაშინ მხატვარმან მან შეიწვია სახლსა შინა, სადაც ხატებსა ხატვიდა იგი. რა იოანემ გასინჯნა ხატნი ესე, იხილა, რომელ ხელთა წილ აბიათ ფერხნი და ფერხისა წილ - ხელნი, და ფრიად ზომისაგან სხვა სახედ ქმნილნი. მაშინ ი ო ა ნ ე მ ჰრქვა: უფალო მხატვარო, მე იპოკენტავრული მეტოლოღიური და გონების არსის გამოხატულობანი არ მინდა, სწორე ხატები მაჩვენეთ. მ ხ ა ტ ვ ა რ ი: ჩემი პირველი და ჩინებული მხატვრობები ეს არის, ვგონებ, ფასი გიმძიმთ. ი ო ა ნ ე: ფასი არ მიმძიმს, მაგრამ ფასად არა ღირს. მ ხ ა ტ ვ ა რ ი: შენზედ უფრო დიდი კაცები ყიდულობენ ჩემგან. ი ო ა ნ ე: როგორიც მხატვარი ბრძანდებით, იმისთანა მცოდნეებთაც უყიდიათო. მამაშვილომბამ, ნურც წამლებსა და ზეთს ხარჯავ და ნურც თვალებს აშრობ. მ ხ ა ტ ვ ა რ ი: რადგან არ მოგწონს, წადი ჩემ ოსტატის შვილთან და იმას სთხოვე. დიაკვანი მოვალს იონათამის შვილთან. იგი კარგად მიიღებს, აჩვენებს თვისგან დახატულებსა და ეს კი მოეწონება დიაკვანს. იყიდის რაოდენსამე და ეტყვის: თქვენი შეგირდი ვერ გაგისწავლებიათ კარგად. იგი ეტყვის: არ შეისრულა სწავლა და ჩვენი დანაშაული არა არის რა. მაშინ ი ო ა ნ ე მ უთხრა: პირველი საჭირო არს, რომელ მხაზველობაჲ უნდა გვარზედ ისწავლოს მხატვრობის მოსწავლემ. მაშინ მ ხ ა ტ ვ ა რ ი: მიბძანეთ, ბერო, რაჲ არს მხაზველობისა ხელოვნებაჲ?

[იწყება მსჯელობა მხაზველობისა ხელოვნებისათვის].

მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: მხატვარო, მეც მერგება ერთი ხატი, რომ ამ ჩემმან შეგირდმან ხელმეორედ განმსწავლა. ამაზედ იცინეს და მადლობელნი ორნივე კერძონი განშორდენ ერთიმეორეს. შემდგომად წარვიდენ აქაქთან ღერბისა მოსაჭრელად. და რა იხილეს აქაქი, მოიკთხა დიაკვანმან და რქვა: ძალგიძს ღერალდიკისა ხელოვნებისა მოქმედება? ა ქ ა ქ ი: მე ეგე ლექსი არა უწყი, არცა სპარსთა ენა არს და ლექსი, ქართულად მიბძანეთ, რა გნებავს? ი ო ა ნ ე: ღერბი მინდა მომიჭრათ ჩემის წინამძღვრისათვის. ა ქ ა ქ ი: მე უფრო დახელოვნებული ვარ ბეჭდების მოჭრისა და რადგან ღერბი გნებავს, მაგისი ფასი მეტი იქნება. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: უფალო აქაქო, თქვენ გგონიათ, რომ დიდებულისა ვისთვისმე გაჭრევინებდეს ღერბსა, რომ მოგინდეს სხვადასხვა სახენი და გვირგვინნი, სკიპტარა და პორფირი და დაშვრე დიდხანს? წინამძღვრისთვის უნდა და იმაში იქნება ან ერთი, ან ორი მაგალითი მოსაჭრელი. ა ქ ა ქ ი: მითხარით, რა უნდა მოუჭრა მაგალითად? ზ უ რ ა ბ ა: კუნკული, ბარტყულა და ანაფორა, რადგან ბერია. ი ო ა ნ ე: არა, ბატონო, რას ანბობს ეს გიჟი, არ მოსჭრა ესე. მე მოგახსენებ, თუ ვითარი შვენის მას ღერბი. ა ქ ა ქ ი: იყავნ ეგრეთ. და გკითხავ: რაჲ არს ღერალდიკა, პირველად მიბძანეთ მე.

[საუბარი ღერალდიკისათვის].

ა ქ ა ქ ი: მათნევით ამას შინა, მიბძანეთ - წინამძღვარს ვითარი ნიშნიანი ღერბი მოუჭრა? ი ო ა ნ ე: გვირგვინს მაგიერ ქმენით მიტრა და ზედ საუკუნო მამის თვალი გამოსახეთ სხივებით. გარშემო შემოზღუდეთ მანტიით და შუაზედ ეკკლესია გამოიყვანეთ და სახელი წინავძღვრისა და არქიმანდრიტობისა თითო ასომთავრულის ასოთი. და ამასრთან ერთი ღერბი მეც მომიჭერით. ა ქ ა ქ ი: თქვენთვის რაჲ ნიშნები ვახმარო? იოანე დაფიქრდა. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: რას ფიქრობ, ბერო? ამ სახედ მოსჭრას: ერთი ჭაკი ვირი თავისის მუტრუკით გამოიყვანოს და თქვენ უკან მისდევდეთ იმას, რადგან ქიზიყელი ხართ. ა ქ ა ქ ი: ეს კარგი იქნებაო. ი ო ა ნ ე: უი, რას ამბობს ეს გიჟი! არ მოსჭრა, აქაქო, მარტოკა ჩემი სახელი ხელჩართულად ქმენით და გარშემო მაზარა მოახვიეთ. და ესრეთ დასრულდა უბნობაჲ მათი და წარმოვიდნენ სახლად თვისა. ხოლო ხვალისა დღე ისაია ოქრომჭელთან მოვიდა ბერი, მოიკითხა იგი და უთხრა: ერთი სანაწილე მინდა გამიკეთო და თვლებით მომიჭედო. ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი: მიბძანეთ რაოდენობა, და ანუ ვითარი თვლები ვახმარო. ი ო ა ნ ე მ მისცა ზომა და ამასთან უთხრა: ათორმეტნი ქვანი ახმარეთ და კაგრად შეამკევით. ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი: აჰარონს მინდა მიჰბაძოთ ათორმეტ ქვის ხმარებაში. ი ო ა ნ ე: იცით ამ ქვის სახელები? ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი: სომხურს ენაზედ ვიცი და გთხოვთ, ქართულადაც რასაც სახელს ხმარობდეთ, და ათორმეტ მამათმთავართ იაკობის შვილთა რომელს თვალთ მიაწერენ, სახელით მიბრძანოთ. იოანემ მიიღო და დაწერა შემდგომნი ესე ძვირფასნი უკვე თვალნი და სახელებიცა შემსგავსებულნი ათორმეტთა მამათმთვართა.

[საუბარი ძვირფას ქვათათვის].

ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი: რაოდენი გვარი ნივთი უნდა აქვნდეს ოქრომჭედელსა წარმოდგენისათვის სხვათა იარაღებთა? ი ო ა ნ ე: ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი და ჭიქები, სპილენძი, თითბერი, ტუმბაკი, ბრონზვი, კალაი, ტყვია და ამერიკული თეთრი ოქროცა და ვერცხლისწყალი, თუთა და ნიშადური, გოგირდი, ლოთერი, ჟანგარი და თაგვის წამალი, წმინდა სამთელი და ზუმფარა ჯილატაში და მკერვლის მინა. ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი: რა უნდა იცოდეს ამის ხელოსანმა? ი ო ა ნ ე: მხატვრობა და აქაქობაც, რომ მოსჭრას, ამასთან ზარაფობაც, რომ ყალბი გაარჩიოს, თერზაფჩობაც, რომ ვერცხლიდამ ოქრო გამოიღოს და ტყვივიდამ ვერცხლი გამოიღოს. აგრეთვე იცოდეს შეზავება სპილენძისა და თუთიისა, რომ კარგი თითბერი გააკეთოს. ესრეთვე იცოდეს ჩოქურთმა, ჩამოსხმა, მოჭრა სახეებისა, სევოდა და დაფერვა, დროზედ გახურება ვერცხლის თუ სხვათა, და ცეცხლიდამ დროთ გამოღება, და კვერის ხმარება რიგიან, დაფერვა, და სხვა კარგად დანავკეთება ნივთისა, რასაც აკეთებს. და ამასთან მინანქარის გაკეთებას შეეძლოს. ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი: რა უნდა აქვნდეს იარაღნი ოქრომჭედელს სახმრობისათვის? ი ო ა ნ ე: ქურა, საბერველი, ბუთი, მანგანა, ყალიბები ჩამოსასხმელი, ჯანდარა, ჭიხრიკი, - გასაპრტყელებელი ვერცხლისა თუ სხვათა თხლად ფურცლებად, ზინდანი, მაკრატელი, კვერი, ჩქიფი, ლურსმნის საჭრელი, ფარგალი, მაშა თუ მაყაში, მარწუხი, გაზი, ჩქიფი, ოქროს დასაფერველი ჩხირი, წვრილი ფოლადის ლურსმნები გასახვრეტად, ფოლადის კალმები, ძროხის რქა და სხვანი. ოქრომჭედელმან აქო ბერი და უთხრა: - რადგან ამა ხელოვნებაშიც გქონიათ გამოცდილება, ხელფასს ნახევარს დამჯერდები საჯილდაოდ. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ოქრომჭედელო, ეგ ჩემი გაზრდილია და ერთი გულსაკიდი ჯვარი მეც მერგებაო. ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი: შენ ჩვენი არღარა გწამს რა, რადგან გაბერძენდიო. ამაზე იცინეს და გაიყარნენ.