კალმით, ლერწამით, ფრთით დაწერილი

კალმით, ლერწამით, ფრთით დაწერილი
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ვუძღვნი აკადემიკოს კორნელი კეკელიძეს

დაე, დაიკლას ათასი ცხვარი
ლაშარში ― ერთიც მე არ მერგება,
გაშალონ სუფრა ღვინით, ნამცხვარით
და ერბო დადგან სავსე დერგებად,
მე არ მერგება არცერთი ცვარი,
ვაჟა-ფშაველას რომ შეერგება!

რადგან ხალხივით იყო მართალი,
აბჯრის ხმაური ― ვაჟას ლექსია,
რადგანაც ვაჟა იყო სარდალი,
როცა ხალხს მტერი შემოესია.
ვიომებ ლექსში ვაჟას სარდლობით,
არაგვზე მასთან ერთად ვიმღერებ,
ქართლის არწივზე მე ვარ დანდობით,
გულს უსიმღეროდ ვერ დავიბერებ!

აი, ქართული გულის საღვარე,
აი, ქართული ღალის მკრეფელნი,
რაც ივარსკვლავეს, მით გაგვახარეს,
სხვაც ბევრი იყო გამცისკრებელი:

ვინ თქვას, ვინ აქოს, ვინ მოიგონოს,
ფუტკარი თაფლით ტკბილად სახსენი,
გულს მიიკონოს შოთა, ნიკოლოზ,
ეფრემ მცირე და ბერი არსენი!

ბევრი შავთელი! მზის დავალებით
უდიდებიათ გულის მურაზი,
ცრემლმა დასთხარა დავითს თვალები,
იობად იქცა თეიმურაზი!

საბა, ვახტანგი, მერე ვახუშტი, ―
სამი მბრწყინავი სეფესანთელი,
მათ ხსენებაზე, გულო, დაშუშდი,
ერო, დარჩები მუდამ ჯანმთელი!

როს ქართლი იყო გამოსახსნელი,
და თქვეს ― სამშობლო დამეწყრილია,
მაშინ აინთო ორი სახელი,
ჩვენი აკაკი, ჩვენი ილია!

სამშობლოს სისხლი არ დააბერეს,
გაგლეჯილ მიწის იყვნენ მფარველი,
ოქრო ადინეს, სიტყვა დაფერეს,
მოგვცეს საუნჯე წარუპარველი.

გამრავლებულან ერის ძეგლებად,
მათ ღვაწლს, განწირვას ვინ დააფასებს?
მამად და პაპად ყველას გვერგება,
მე მათ ცრემლთა ღვარს დავიემბაზებ!

სულში თრთის მათი წმინდა ნათელი,
შარავანდედი მარად მგზნებარი,
მათი სიტყვები დასანატრელი,
საოცნებო და ნაოცნებარი, ―

ახლად ჰყვავიან, კვლავ ცოცხლდებიან,
დიდოსტატობის შთაგონებაში,
თრთიან, ცეცხლს ჰყრიან და ხელდებიან
ჩვენი დროების ახალ ვნებაში!

ისინი ხალხის იმედებია,
თავისუფლების, ძმობის მთხრობელნი,
მარად ჩვენ დვრიტად დაგვედებიან
წმინდა ნათელის მახარობელნი.

სალოცავია, ცეცხლმსუნთქავია,
რაც სთქვეს სიმღერა მზეში ფერილი,
და რაც იმღერეს, სულ უკვდავია,
კალმით, ლერწამით, ფრთით დაწერილი.

ახალ ოცნების მე ვარ მსახური,
ახალ იმედის და გაზაფხულის.

ორივ ფრთით მინდა ერთზე გაწვდომა.
რასაც ვიმღერი, ის მემღერება, ―
ქართული მიწის ახალგაზრდობა,
ხალხის გმირული მშვენიერება!

ოცნების ცეცხლით გაჩაღებულო,
ლექსში შესულო
პოეტის სულო,
დიდ ქარიშხალთან დაჯახებულო,
ლტოლვის საზღვარი მე არ გისურვო!

გასწი, გაჰკვეთე ბური მზისათვის,
დიდი ბრძოლების გახდი სარდალი;
― სიმართლისათვის,
― სიცოცხლისათვის!
წინაპართ სულის იყავ სადარი!

და მაშინ ნახავ ლაშარის ჯვარში,
ჯარზე საკარგყმოდ, თუ როგორ ჰშვენი,
ოქროსქსოვილსა, ფარჩასა, ჩვარში,
როგორ ავკრიფოთ ალმასი შენი!

რესურსები ინტერნეტში

edit