კვლავ ვსდუმვარ ახლა
კვლავ ვსდუმვარ ახლა ავტორი: ტერენტი გრანელი |
კვლავ ვსდუმვარ ახლა
მე, როგორც მკვდარი.
კიდევ რამდენ ხანს
იქნება ქარი?
სინათლე გაჰქრა
და ისმის ხმები.
მოვედი, მაგრამ
აქ დამხვდნენ სხვები.
შორეულს მივსდევ
და შენთან არ ვარ.
და გული ისევ
წამართვა ქარმა.
და ვიცი, დღემდე
რას ნიშნავს წუთი
მე წვიმის შემდეგ
მთელი დღე ვწუხდი
და იქაც, თურმე,
ტიროდა ბავშვი.
რა ვუყო, თუ მე
მიწაზე დავრჩი.
კვლავ ვსდუმვარ ახლა
მე, როგორც მკვდარი.
კიდევ რამდენ ხანს
გასტანს ეს ქარი?!