კოხტა გოგო წყალზე მიდის
კოხტა გოგო წყალზე მიდის ავტორი: გიორგი ქუჩიშვილი |
1915 წ. |
კოხტა გოგო წყალზე მიდის
კოხტა თიხის სურითა;
ბროწეული იშლება
მისი სიმწითურითა.
მკერდი ისე უღელავს
წყვილი ბუდეშურითა,
რომ ზღვაც, დამშვიდებული,
ღელვას იწყებს შურითა.
მიდის, ტყეს აშრიალებს
კოხტა ტანის რხევითა;
მზე დაება მთაზედა
მისი ეშხის ფრქვევითა.
მიდის და მის წინაშე
ყვავილები ჩნდებიან;
სილამაზის დედოფალს
სილამაზით ხვდებიან.