ლადო გუდიაშვილს

ლადო გუდიაშვილს
ავტორი: გიორგი ლეონიძე


როგორც აკაკის უკვდავ სიმებით,
ჩემი ერია ნაექიმები,
როგორც ბესიკის მუსიკით ვსუნთქავ,
ბარათაშვილის რაშის რიალით,
ისე ეგ ფუნჯი შეუპოვარი,
ტრფიალი უკვდავ ფერთა ფიალის,
არის ჩემს გულზე ნათლის მთოვარი,
ჩემი მამულის ღვთიურ ბუნების.
აელვებული... ელვარებული,
მესალბუნება, ველამუნები.

გახსნა ხარ, ლადო, შვიდივ კარისა,
მწვერვალზე დგომა შენი ხვედრია,
ხარ აქროლება დიდი ქარისა,
ზურმუხტ-მარჯანი შეგიხვეტია.

არმაზის ოქრო უკვდავ შუქითა,
თვით სერაფიტას ზარდახშანები,
დრომ შენით წარსულს გამოუქვითა
და ბაგინეთის ბადახშანები...

დაყურძნებული შენ ხარ ვენახი,
რა სიტკბოებით დამწიფებულა,
მე ნიამორი შენი მეძახის,
შენის პარიმზით განცვიფრებულვარ!

შენ ფიროსმანი დაგწვავს ხელმნათი,
ოქროს ჩიტებით, სველი ხელადით...
გახსოვს პაოლო და ტიციანი,
მათი ლექსის და ღიმის ციალი?..

დაფნა თუ იფნი! ― შენზე დაობენ,
სულ იჟღერებენ შენი ფერები,
შეანათებენ ახალ თაობებს
ელვაში მდგარი მშვენიერებით.

ჯერ არ დაღლილა შენი ხელები,
ისევ სავსეა სულის მარანი!
დასწვი ახალი ცისარტყელები,
კიდევ მოსდრიკე სხვა კამარანი!

დამიდგი ბაღი გაზაფხულისა,
რომ უკვდავ ძმობით კვლავ დამავალო,
მასვი ბადაგი არნახულისა,
დიდ ყინცვისელთა შთამომავალო!

რესურსები ინტერნეტში

edit