ლეონტი მროველი - "წამებაჲ წმიდისა არჩილისი" (2008)




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ლეონტი მროველი - "წამება არჩილ მეფისა"




პუბლიკაციები

edit

2008 - "ქართლის ცხოვრება" - რ. მეტრეველის რედაქციით


ტექსტი

edit
ლეონტი მროველი
"წამებაჲ წმიდისა არჩილისი"


წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი,
რომელი-ესე იყო მეფე ქართლისაჲ


და ვითარცა გარდაჴდეს ამას შინა წელიწადნი ორმეოცდაათნი, კუალად მოვიდა ჭიჭნაუმ, ძე მოჰამადისი, მოაოჴრა და შემუსრა ყოველი შენებული ქართლისაჲ, და მიჰმართა შესლვად კახეთად, რაჲთამცა მოაოჴრა და ყოვლითურთ უმკჳდრო-ყო. და იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისაჲ, და არა შემძლებელ იყვნეს წინააღდგომად, რამეთუ რაჲთგან განერყუნა ქუეყანაჲ ესე ყრუსა, დაღაცათუ გარდავლ[ეს] ჟამ[თა] მრავალ[თა] მშჳდობით, არღარა მოგებულ იყო კუალსა თჳსსა.

ხოლო წმიდამან არჩილ განიზრახა გონებასა თჳსსა სიმჴნითა გულისა მისისაჲთა, რაჲთა მივიდეს და ნახოს, და ითხოვოს მისგან მშჳდობაჲ ქუეყანისაჲ და დაცვაჲ შეურყეველად ეკლესიათაჲ და არადაპატიჟებაჲ დატევებისათჳს სჯულისა. მინდობითა ღმრთისაჲთა აღირჩია თავისა თჳსისა და სულისა დადებაჲ საჴსრად ქრისტეანეთა, აღდგა და მივიდა ჭიჭნაუმის თანა, რომელსა ეწოდა ასიმ. მან ცნა მისლვაჲ მისი, მიეგება სიხარულითა და მოიკითხა დიდითა დიდებითა, და დაყვეს დღე იგი ერთობით; აქო სიკეთე მისი. შეუყუარდა სისრულე ჰასაკისა მისისაჲ და უმეტესად შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ.

შემდგომად მცირედთა დღეთა იწყო სიტყუად ლიქნით, აღუთქუმიდა ნიჭთა და აწუევდა დატევებასა ქრისტეს სჯულისასა და მიქცევასა სარკინოზად. ხოლო წმიდამან არჩილ ყოვლადვე არა თავს-იდვა სიცბილი მისი, და მტკიცითა გონებითა მიუგო და ჰრქუა: „ნუ იყოფინ, თუმცა დაუტევე ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი, რომელმან ჴსნისათჳს ჩუენისა ჴორცითა სიკუდილი დაითმინა. და უკუეთუ ვისმინო შენი, უწყოდე, რომელ მოვკუდე სიკუდილითა, რომლითა ვიტანჯებოდი საუკუნოდ, გარნა უკუეთუ შენ მომკლა, აღვდგე, ვითარცა ღმერთი ჩუენი, და ვიდიდო მის თანა.“ ესმა რა ესე ყოველი უსჯულოსა მას და იხილა სიმტკიცე მისი უქცეველი, დაუკჳრდა ფრიად, და უბრძანა შეპყრობაჲ მისი და შეყენებაჲ საპყრობილესა, რაჲთა ღონისძიებითა მიაქციოს იგი, რამეთუ არა უნდა სიკუდილი მისი სიშუენიერისათჳს ხატისა მისისა და სიმაღლისათჳს ჰასაკისა მისისა.

და ვითარ შეიყვანეს საპყრობილესა, აკურთხევდა ღმერთსა და ითხოვდა შეწევნასა მისმიერსა, რაჲთა მოწყალებითა მისითა ღირს იყოს მიმთხუევად და მკჳდრ-ყოფად ნათელსა დაუსრულებელსა ყოველთა თანა წმიდათა, რომელთა სიკუდილითა უკუდავებაჲ მოიგეს.

მაშინ უკუე წარმოდგა წინაშე ასიმისა მთავარი ერთი გარდაბანელი, მიქცეული სარკინოზად, რომლისა მამისძმაჲ მოეკლა წარმართთა და მკლველნი მისნი განერინნეს მშჳდობით პაპასა მისსა, ადარნასე მეფესა. ამისთჳს უკუე შურ-იგო გარდაბანელმან და ჰრქუა ასიმს: „არა უწყი, თუ ვინ არს ესე არჩილ? ესე არს ძე სტეფანოზისი, ნათესავი დიდისა მეფისა ვახტანგისი, რომელი იყო ნათესავისაგან მირიანის, ძისა ქასრესისა. და ესე იყო მამისა თჳსისა თანა, რაჟამს-იგი დაჰფლვიდეს საგანძურსა სამეფოჲსა ქართლისაჲსა. და იგიცა იცის, რომელ ჰერაკლე მეფემან დაჰფლა საგანძური თჳსი, რამეთუ ჰერაკლეცა უჩუენებდა, სადა-იგი ჰფლვიდეს.“ ესმა რაჲ ესე ასიმს, მოუწოდა კუალად არჩილს და ჰრქუა: „უწინ თუალ-გახუენ ქმნულკეთილობისა შენისათჳს, რამეთუ ფრიად ქმნულკეთილ ხარი. ხოლო აწ მითხრეს შენთჳს, რამეთუ შვილი ხარ დიდთა მეფეთა ხუასროვანთაჲ. არამედ აწ უფროჲსად განსდიდნე წინაშე ჩემსა, უკუეთუ ისმინო ჩემი და იყოს სამეფოჲ შენი შენდავე და საგანძურნიცა მამათა შენთანი მიგანიჭე შენვე. პირველად მიჩუენენ საგანძურნი მეფეთა ბერძენთანი, მოიქეც სჯულსა ჩემსა და იქმენ სარკინოზ და სპასალარ-გყო შენ ქუეყანასა ზედა ქართლისასა.“ მაშინ მიუგო წმიდამან არჩილ: „უწყოდე მტკიცედ, რამეთუ ვიყავ ჰასაკითა მცირე, ოდეს-იგი განვლო ქუეყანაჲ ესე ჰერაკლე მეფემან, ხოლო მამამან ჩემმან და ძმამან დასხნეს ყოველნი საგანძურნი მათნი ციხესა მას, სადაჲთ-იგი შეიქცა ყრუ ამირაჲ, და აწ აქუს იგი ბერძენთა. ხოლო მე არა დაუტეო უფალი ღმერთი ჩემი, არცა განვყიდო წარუვალი იგი დიდებაჲ წარმავალისა ამისთჳს.“ მიუგო და ჰრქუა ასიმ: „შენ უკუე იყავ დაცემასა მას აფხაზეთს შინა სარკინოზთასა?“ ჰრქუა წმიდამან არჩილ: „მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან.“ ჰრქუა ასიმ: „რომელმან ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?“ მიუგო წმიდამან არჩილ და ჰრქუა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელი არს შემოქმედი ცისა და ქუეყანისაჲ, რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა, და სიკუდილითა თჳსითა აღგუადგინნა და უკუდავებაჲ მოგუანიჭა, მან უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი.“ მაშინ ჰრქუა ასიმ წმიდასა არჩილს: „რომლისა ღმერთი მოკუდავი არს და სასოებაჲ ცხოვრებისაჲ მოკუდავისა მიმართ აქუს, ჯერ-არს მისიცა სიკუდილი.“

და უბრძანა თავისა მოკუეთითა აღსრულებაჲ წმიდისა არჩილისი, და არა ჰრიდა სიკეთესა მისსა, არცა შეირცხჳნა დიდებისაგან წარჩინებულებისა მისისა. და განიყვანეს გარე და მოჰკუეთეს თავი მისი მახჳლითა თთუესა მირკანისასა, რომელ არს მარტი*, და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა შინა დამბადებელისათა, აღირჩია სიკუდილი, უკუდავებისა მომატყუებელი, ეცვალა მცირედისა ჟამისა მეფობაჲ საწუთოჲსაჲ სიხარულად საუკუნოდ ღირს იქმნა განწყობილსა შორის წმიდათა და ახოვანთა მოწამეთასა წარდგომად წინაშე ღმრთისა და მათ თანა გჳრგჳნოსანი იხარებს წინაშე სამებისა წმიდისა.

ხოლო ვითარცა აღესრულა წმიდაჲ მოწამე, მოვიდეს ღამესა მას გოდერძიანნი ტბელნი და მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მამეანნი, მოიპარეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისი, წარმოიღეს და შემურეს დიდითა პატივითა და დაჰმარხეს ნოტკორას, მის მიერ აღშენებულსა ეკლე-სიასა, ხოლო ცოლმან მისმან მიუბოძა სოფლები მათ, რომელთა მოიღეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისი, კახეთსა შინა სამკჳდრებელად.

წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა ესრეთ სულმცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერვის აღეწერა. ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი ჟამად. ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან; ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისამან. ამიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ, ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივგანბრძნობილსა.