ლეონტი მროველი - "წამება არჩილ მეფისა" (1955)




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ლეონტი მროველი - "წამება არჩილ მეფისა"



პუბლიკაცია

edit

1955 - ქართლის ცხოვრება - ტომი I - ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით


ტექსტი

edit

[245]

წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი იყო მეფე ქართლისა

edit

და ვითარ გარდაჴდეს წელიწადნი ორმეოცდაათნი, კუალად მოვიდა ჭიჭნაუმ, ძე მოჰამედისი, მოაოჴრა და შემუსრა ყოველი შენებული ქართლისა, და მიმართა შესლვად კახეთად, რათამცა მოაოჴრა და ყოვლითურთ უმკჳდრო ყო. და იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისა, და არა შემძლებელ იყვნეს წინააღდგომად: რამეთუ რაჲთგან განერყუნა ქუეყანა ესე ყრუსა, დაღაცათუ გარდავლნა ჟამნი მრავალნი მშჳდობით, არღარა მოგებულ იყო კუალსა თჳსსა.

ხოლო წმიდამან არჩილ განიზრახა გონებასა თჳსსა, სიმჴნითა გულისა მისისათა, რათა მივიდეს და ნახოს, და ითხოვოს მისგან მშჳდობა ქუეყანისა და დაცვა შეურყეველად ეკლესიათა და არა დაპატიჟება დატევებისათჳს სჯულისა. მინდობითა ღმრთისათა აღირჩია თავისა თჳსისა და სულისა დადება საჴსრად ქრისტიანეთა, აღდგა და მივიდა ჭიჭანაუმს თანა, რომელსა ეწოდა ასიმ.

ხოლო მან ვითარ ცნა მისლვა მისი, მიეგება სიხარულით, და მოიკითხა დიდითა დიდებითა. და დაყვეს დღე იგი ერთობით. აქო სიკეთე მისი, შეუყუარდა სისრულე ასაკისა მისისა და უმეტესად შუენიერება პირისა მისისა. შემდგომად მცირედთა დღეთა იწყო ლიქნით სიტყუად, აღუთქმიდა ნიჭთა და აწუევდა დატევებასა ქრისტეს სჯულისასა და [246] მიქცევად სარკინოზად. ხოლო წმიდამან არჩილ ყოვლადვე არა თავს-იდვა სიცბილი მისი, და მტკიცითა გონებითა მიუგო და რქუა: „ნუ იყოფინ; თუმცა სიტყუათა შენთა ვისმინე, ანუმცა დაუტევე ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი, რომელმან ჴსნისათჳს ჩუენისა ჴორცითა სიკუდილი დაითმინა, - და უკუეთუ ვისმინო შენი, უწყოდე, რომელ მოვკუდე სიკუდილითა რომლითა ვიტანჯებოდი საუკუნოდ. გარნა უკუეთუ შენ მომკლა, აღვდგე ვითარცა ღმერთი ჩუენი და მის თანაცა ვიდიდო“.

ესმა რა ესე ყოველი უსჯულოსა მას და იხილა სიმტკიცე მისი უქცეველი, დაუკჳრდა ფრიად და უბრძანა შეპყრობა მისი და შეყენება საპყრობილესა, რათა ღონისძიებითა მიაქციოს; რამეთუ არა სთნდა სიკუდილი მისი სიშუენიერისათჳს ხატისა მისისა და სიმაღლისათჳს ასაკისა მისისა. და ვითარ შეაყენეს საპყრობილესა, აკურთხევდა ღმერთსა და ითხოვდა შეწევნასა მისგან, რათა მოწყალებითა მისითა ღირს ყოს მიმთხუევად და მკჳდრ-ყოფად ნათელსა დაუსრულებელსა ყოველთა თანა წმიდათა, რომელთა ღმრთისათჳს სიკუდილითა უკუდავება მოიგეს.

მაშინ უკუე წარმოდგა წინაშე ასიმისა მთავარი ერთი გარდაბანელი, მიქცეული სარკინოზად, რომლისა მამის ძმა მოეკლა წანართა და მკლველნი მისნი განერინნეს მშჳდობით პაპასა არჩილისსა, ადარნასე მეფესა. ამისთჳს უკუე შური იგო გარდაბანელმან და რქუა ასიმს: „არა უწყია, თუ ვინ არს ესე არჩილ? ესე არს ძე სტეფანოზისი, ნათესავი დიდისა მეფისა ვახტანგისი, რომელი იყო ნათესავისაგან მირიანისა, ძისა ქასრესი. და ესე იყო მამისა თჳსისა თანა, რაჟამს იგი დაჰფლვიდეს საგანძურთა სამეფოთა ქართლისათა; და იგიცა იცის, რომელ ერაკლე მეფემან დაფლნა საგანძურნი თჳსნი; რამეთუ ერაკლეცა უჩუენებდა, სადაცა დაჰფლვიდა“.

ესმა რა ესე ყოველი ასიმს, მოუწოდა კუალად არჩილს. და რქუა: „უწინ თუალ-გახუენ ქმნულკეთილობისა შენისათჳს, რამეთუ ფრიად ქმნულ კეთილ ხარ. [247] ხოლო აწ მითხრეს შენთჳს, რამეთუ შვილი ხარ დიდთა მეფეთა ხუასროანთა. არამედ აწ უფროსად განსდიდნე წინაშე ჩემსა, უკუეთუ ისმინო ჩემი, და იყოს სამეფო შენი შენდავე, და საგანძურნიცა მამათა შენთანი მოგანიჭნე შენვე. პირველად მიჩუენენ საგანძურნი მეფეთა ბერძენთანი, მოიქეც სჯულსა ჩემსა, და იქმენ სარკინოზ, და სპასალარ გყო შენ ქუეყანასა ზედა ქართლისასა და მეფე და უფალ ერთა ზედა ქართლისათა“.

მაშინ მიუგო და რქუა წმიდამან არჩილ: „უწყოდე მტკიცედ, რამეთუ მცირე ვიყავ ასაკითა, ოდეს-იგი განვლო ქუეყანა ესე ერაკლე მეფემან. ხოლო მამამან ჩემმან და ძმამან დასხნეს ყოველნი საგანძურნი ციხესა მას, სადათ-იგი შეიქცა ყრუ ამირა და აწ აქუს იგი ბერძენთა. ხოლო მე არა დაუტეო უფალი ღმერთი ჩემი, არცა განვყიდო წარუვალი იგი დიდება მსწრაფლ წარმავალისა ამისთჳს“.

მიუგო და რქუა ასიმ: „შენ უკუე იყავ დაცემასა მას სარკინოზთასა აფხაზეთს შინა?“.

რქუა წმიდამან არჩილ: „მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან“.

რქუა ასიმ: „რომელმან ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?“

მიუგო წმიდამან არჩილ და რქუა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელ არს შემოქმედი ცისა და ქუეყანისა და რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს ნათესავისა კაცთასა, და სიკუდილითა თჳსითა აღგუადგინა და უკუდავება მოგუანიჭა; მან უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი“.

მაშინ რქუა ასიმ წმიდასა არჩილს: „რომლისა ღმერთი მოკუდავი არს და სასოება ცხოვრებისა მოკუდავისა მიმართ აქუს, ჯერ არს მისიცა სიკუდილი“.

და უბრძანა თავისა მოკუეთა და აღსრულება წმიდისა არჩილისი, და არა ჰრიდა სიკეთესა მისსა, არცა შეირცხჳნა დიდებისაგან წარჩინებულებისა მისისა. და განიყვანეს გარე და მოჰკუეთეს თავი მისი თთუესა მირკანისსა, რომელ არს მარტი, ოცსა მის თჳსასა. და [248] შეჰვედრა სული დამბადებელსა თჳსსა. აღირჩია სიკუდილი უკუდავებისა მომატყუებელი, შესცვალა მცირედისა ჟამისა ესე მეფობა საწუთოსა სიხარულად საუკუნოდ. ღირს იქმნა განწყობილსა შორის წმიდათასა და ახოვანთა მოწამეთასა წარდგომად წინაშე ღმრთისა და მათ თანა გჳრგჳნოსანი იხარებს წინაშე სამებისა წმიდისა.

ხოლო ვითარცა აღესრულა წმიდა მოწამე, მივიდეს ღამესა მას გოდერძიანნი ტბელნი და მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მამეანნი, და მოიპარეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისი, წარმოიღეს და შემურეს დიდითა პატივითა, და დამარხეს ნოტკორას, მის მიერ აღშენებულსა ეკლესიასა. ხოლო ცოლმან მისმან მიუბოძა სოფლები მათ, რომელთა მოიღეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისა კახეთს შინა სამკჳდრებელად.

---

წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა ესრეთ სულ მცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერვის აღეწერა.

ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი-ჟამად. ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისამან. მიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივ განბრძნობილსა.