მარიამა კამეჩი

მარიამა კამეჩი
ავტორი: თედო რაზიკაშვილი
1905


მარიამა კამეჩი
I
- დედილო, აბა ელთი გამოიქედე, ჩვენს კამეჩს ლა მშვენიელი ფუჩინა ჰყავს. უჰ, გენაცვალე, დედა! ლამოტელა ყულები აქვს, ლოგოლ აბალტყუნებს, თითქო კულდღელიაო, უყულე, დედა, უყულე! - პატარა მარიამი დაჟინებით ეძახდა დედას, გამოსულიყო, ფუჩინა ენახა. - უყულე, დედილო, ლოგოლ ალხეინად დაბძანდება! ხომ ალ მელჩოლავს, ლომ ხელი მოვჭიდო?!
- არ გერჩის, შვილო, არა, გენაცვალოს დედა.
- უჰ, უჰ, ლა მცუქანია, ლა თეთლი აქვს, დედილო, კუდის წველი, ლოგოლ ფაფუქი და ლბილია! ლით უნდა მელჩოლოს, ლომ ელთი კიკნა ლქებიც ალა ჰქონია ამ საწყალსა. დედა, საწყალი ფუჩინა, ჯელ ისევ ლბილები აქვს, ლა ეშველება, ლომ ელთი მგელი შეხვდეს ამ ჩვენ ფუჩინასა? ლქები ლომ ალა აქვს, ლით უნდა ულქინოს მგელსა?
- ვერაფრითა, შვილო, თავისი დედა თუ მიეშველება, თორემ შესჭამს, თუ დედა იქ ეყოლება კი არა უშავს რა.
- მალთლა, დედა, მეც ლომ მალტოკა წავიდე მინდოლში, მგელი შემჭამს? ჰო დედა?! იმ ველანას ლაღა პაწაწინებისათვის მოუცლია, აბა ელთი მამა შეჭამოს, თუ კაი მგელია, ნახავს თავის სეილსა! განა დედა!
- ჰო, შვილო მაშა!
- წავიყვანოთ, დედა, ფუჩინა შინა, იქ მალთლა მგელმა ალ ჩამოიალოს და არ შეგვიჭამოს. მაშინ ლაღა მეშველება, მგელი შოლს გაიქცევა და ვეღალც კი დავეწევით. ი ოხელი ლა დაბულულ ტყეში შეძვლება.
- არა, შვილო, იმასაც ძალიან ეშინია კაცებისა და ძაღლებისა.
- უჰ დედა, ამ ფუჩინას დედას ლამოტოლა ლქები აქვს, ნეტა ის მგელი მოკლას სადმე და! საღამოზე ნახილიდან ლომ მოაგდებენ, უნდა უთხლა, აგე მგელი გვემტელება მე და შენ შვილსა და ელთი კალგად მიბეჟე, მინდოლში თუ ნახო-თქო. ის ოხლად დასალჩენი, წავიდეს, ყანები ხომ ბევრია და სიმინდები, პაწაწები ლომ ალა ჭამოს, ყანა მოძოვოს ლა, ძლოხები სულ ბალახს ალა ჰძოვენ?
პატარა ქალი მარიამა აღარ ეშვებოდა პატარა ზაქსა. ხან პირში უყოფდა ხელს, ხან ზედ უპირებდა შეჯდომასა, ხან ებუჩავებოდა. პატარა ზაქი კი არხეინად შესცქეროდა, თითქო უკვირს, რას მელაპარაკება ეს პატარა ადამიანიო. შემოწვა გვერდზე, თავი გვერდზე გადმოიღო, ხან ერთ ყურს ჩამოატყაპუნებდა ძირს, ხან მეორეს. ბუზი რომ დასჯდომოდა, მთელი ტანი შეუთრთოლდებოდა. როცა პატარა მარიამა ხელს ახლებდა, ფუჩინაც ერთ თვალს გაახელდა და მერე ზარმაცად ისევ მიჰლულავდა.
პატარა ქალიც აღტაცებული შესცქეროდა.
- დედა, ეძინება ჩვენს ფუჩინას, შეხედე დედა, ლოგოლ თვალებსა ხუჭავს, ვინ იცის წუხელ ალ ეძინა, ვინ იცის მგელი აშინებდა, უჰ, აბა ლა დააძინებდა ამ საწყალსა! დედა ლა ცოტა კბილები ჰქონია. უკბილო ბებელი ყოფილა, იცი ლა გითხლა დედა, ამ ფუჩინას ელთი კალგი სახელი უნდა დავალქვა. ჩემი უნდა იყოს, დედილო, ფუჩინა. მე ლო გავიზრდები, მე უნდა მოვწველო ხოლმე, ახლა ამას ლო პატალა ფუჩინები გაუჩნდება; ფუჩინა, ძუძუები გაქვს? ლა უნდა მოაწავო შენს შვილებსა ქა, აბა ელთი გნახო!
პატარა ქალი ცდილობდა შეეყო ხელი ლაჯებში ზაქისათვის ძუძუების სანახავად. ზაქიც რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უჭერდა ფეხებს და კუდს იფარებდა, თან ტოკავდა.
- სულე, ფუჩინა, სულე, განა ძუძუ უნდა მოგპალო ქა, უნდა ვნახო, გაქვს ძუძუები თუ ალა. უჰ, უჰ, ლამოტოლა ლძეს მომიწველის ჩემი ფუჩინა, ლამოტოლა მაწონს შევადედებ და კალაქს შევდღვებ, განა დედა?
- ხარია შვილო, საფურე ხომ არ არის.
- უჰ, მაშ ლა უნდა ვუყო!
აქ გოგონას ოცნება სრულიად შეიცვალა და ახლა სრულიად სხვანაირად წაუვიდა ფიქრი. პატარა მარიამას არ ეჭაშნიკა, რომ ზაქი ხარი გამოდგა, მაშ აღარც ფუჩინებს მოიგებს, აღარც რძეს მოიწველის. მაშ რაღას მოწველავს პატარა მარიამა ქალი, ან რაღა მაწონს შეადედებს? მაინც კიდევ გული არ გაიტეხა. მოაგონდა, რომ ხარ-კამეჩებიც გამოსადეგებია. მამა იმითი ზიდავს შეშას, ფიჩხსა, ძნასა, ხნავს, თესავს, წისქვილში საფქვავი მიაქვს. აკი ლომა და ნიკორა შეაბა მამამ, ჯვარობაში რომ მიდიოდნენ, დიდედასთან რომ რთველში იყვნენ, ამათ არ მიჰყვანდათ ურმითა. პატარა მარიამას თვალები გაუბრწყინდა, მოაგონდა რთველი, ყურძენი, ხილი. “უჰ, უჰ, ლა კალგი იქნება”, ფიქრობს მარიამი.
- იცი, დედა, ლა მოვიგონე, ჩემი ფუჩინა თუ ხალია, ხომ ულემში შევაბამ, დავუჯდები და ჰალალე და ჰალალეეე, გავწევთ დიდედასაკენ ლთველში. ჩემს ფუჩინას ვეტყვი, აბა ჩემო, ელთი კალგად გამაქცუნე, ისეთი ძიენ გამაქცუნე, ლომ სულ ცხენივითა-თქო.
- ჩემ ფუჩინას უნდა მალიამა დავალქვა, დედა მეც მალიამა ვალ და ესეც მალიამა იქნება, განა დედა?!
- ჰო, შვილო, ჰო, მაშ მეც ორი შვილი მეყოლება, ერთი მარიამა შენ იქნები და მეორე ეგა. ძუძუსაც ორივეს მოგაწოვებთ, ერთ ძუძუს შენ მოწოვ, ერთს ეგა, ჰო შვილო?
- ალა, დედა, ძუძუ ლათ უნდა, თავისი დედა იქ ალა ჰყავს? ისიც ბევლს მოაწოვებს. ისე იქნება ჩემი მალიამა, განა ძუძუც უნდა მოაწოვო? ისე მიყვალს, დედა, ეს ფუჩინა ლომ მუცელში აღარ მეტევა ამის სიყვარული.
II
ამათ ახლო ერთი ძველი ეკლესია იყო თავისი სასაფლაოთი. როგორც ყველგან, ამ სასაფლაოზედაც გაზაფხულზე მშვენიერი ბალახი ამოვიდოდა ხოლმე. მთელი დღეები სავსე იყო ეს არემარე ხბოებითა და ზაქებითა. სოფელში თავისუფალი ადგილი ეს იყო და ყველა აქეთ ერეკებოდა.
- უეჭველია პატარა მარიამის “მარიამა ფუჩინასაც” იქ გააგდებდნენ. მარიამი, აბა, თავს როგორ დაანებებდა თავის “მარიამასა”, კუდივით სულ უკან დასდევდა.
- ჩემი მალიამა ისეთი უნდა გავასუქო, ისეთი ლომა, სულ ბღუოდეს აგე ლოგოლიც ჩვენებიანთ მოზვერი ბღუის ხოლმე, - და სადაც კარგი ბალახი იყო, სულ იქ უმარჯვებდა: - მოძოვე ფუჩინა, აქ მოძოვე, ჰხედავ ლოგოლი თმასავით ბალახია, - თან ეკლებსა და ნარებს არიდებდა.
- მაგას ნუ მოძოვ, ფუჩინა, თოლემ შიგ ტუჩებში და ენაში შეგელჭობა, ყელში ალ შეგელჭოს და მელე... აბა ლაღა გეშველება და ლაღა შავი ქვა ვქნა.
არავის ახლოს არ მიაკარებდა. თვალი რომ არა სცემოდა, ყელზე შელოცვილი ღვინჭილა, კოვზის პირი და ლოკოკინა დაჰკიდა. სანამ დაცხებოდა, აძოვებდა, მერე მოიყვანდა საყდრის ჩრდილში, ზაქი წამოწვებოდა, პატარა მარიამი კი უვლიდა საყდარს ირგვლივ და ჰკოცნიდა.
- შენ გამიზალდე ჩემი “მალიამა” შენ გენაცვალე ფუფალა, შენ თავს შემოგევლე ფუფალა, შენ წამლად დაგედე, ფუფალა, გამიზალდე ჩემი ფუჩინა, ნუ მომიკლავ შენ მუხლებს ვენაცვალე. ფუფალა აგლემც ღმელთი გაგიზდის შვილებსა. აბა, ფუფალა, ჩემი “მალიამა” ლომ მომიკლა, ხომ მეც მოვკვდები ფუფალა, შენი ჭილიმე ფუფალა, და დედა ქადას გამოგიცხობს, მაწონსაც შეგიდედებს, ფუფალა, დედაჩემსაც შევეხვეწები, ფუფალა, ლომ შეგეხვეწოს, ლომ ჩემი “მალიამა” გაიზალდოს. გამიგონე ფუფალავ ახლა?!
როცა ხვეწნითა და საყდრის კედლების კოცნით გულს იჯერებდა, გასწევდა დედასთან სახლში. საკვირველია, თავის დღეში არ მოსწყინდებოდა “მარიამასთან” ყოფნა.
III
ისმინა უფალმა მარიამ ქალის ხვეწნა. ახლა “მარიამა” ის “მალიამა” აღარ იყო, რომელსაც მარიამ ქალი საყდართან აძოვებდა ხოლმე. ახლა ვეებერთელა გაიზარდა. რქები თითო ტკაველზე მეტი ჰქონდა და ნახირში დადიოდა; მარიამ ქალიც გაიზარდა, მაგრამ თავისი “მარიამა” კი არ დავიწყებია. თუმცა ახლა ისე გაგიჟებით აღარ უყვარდა, ეშინოდა კიდეც იმისი, მაგრამ გააზიზებული მაინცა ჰყავდა. მოვიდოდა თუ არა ნახირიდან “მარიამა”, მაშინვე ზმუილით გასწევდა სახლისაკენ. იცოდა, იქიდან მარიამა ქალი უეჭველად პურს გამოუტანდა, ან მარილს აალოკებდა. თუ ვინცობაა, მარიამი შინ არ იქნებოდა, “მარიამა” ყვირილით გასქდებოდა, ვეღარც ბაკში დააყენებდნენ.
“მარიამას” სოფლის ყველა ბავშვები იცნობდნენ. ჩამოივლიდა თუ არა სოფლის შუა შარაზე, გამოცვივდებოდნენ პატარა ყმაწვილები და დაედევნებოდნენ “მარიამას”. იცოდნენ მისი სიმსუნაგის ამბავი და დაუწყებდნენ ტყუილად ძახილს: - “მარიამა” მოდი პური გაჭამო, მოდი! - “მარიამაც” არხეინად შეხედავდა, თუ შეატყობდა ხელში უჭირავს რამეო, მაშინვე იქითკენ გაექანებოდა, თუ ვერაფერს დაუნახავდა ხელში, მაშინ კი ერთს ყურს შეიბერტყდა, კუდს მოიქნევდა, თითქო გემრიელ ქერქებზე მოსულ სიმსუნაგეს ერეკებაო და გასწევდა გზაზე. როცა თავს მოაბეზრებდნენ, მაშინ კი სრულებითაც არ შეიხედავდა იქითკენ. განგებ სადმე ან სათივეში, ან ბაკში გადაჰყოფდა თავსა და უცმაცუნებდა ტუჩებს გამხმარ ღობეს, ვითომ და რამესა ვჭამ, თქვენი ლაპარაკი არ მესმისო.
IV
- ბიჭო, ხვალ ჩვენი ზაქი “მარიამა” უნდა შევაბათ გუთანში, ნაფუზარში ჩაიტანეთ გუთანი, - დაუძახა “მარიამას” პატრონმა მეხრეებს.
თავის ანეულობა იყო. მოწმენდილი ცა სიცხეს აპირებდა. დილით პატარა ნიავი ჰქროდა, მერე სადილობის დროს, როცა მზემ წამოიწია, და შეიმაღლა, ქარი ჩადგა, ჰაერი დაგუბდა, გახურდა და დაუწყო წვა დედამიწას. პეტრუაანთ გუთანი ნაფუზარში გაჭიმულიყო, გაგძელებულიყო და თითქმის სულ გარბოდა. მეხრეებს ერთი კიჟინა და “ოროველას” ძახილი ედგათ. გუთნისდედა პეტრუა, “მარიამას” პატრონი, სიხარულით ცას ეწეოდა.
- ე, ბიჭებო, რა ზაქი გამოდგა, რა ზაქი, ეს ქედდალოცვილი. ისე მიდის გუთანში, როგორც ცხენი. როგორ მოიტაცა გუთანი, კაცო, თითქო ფარატინი იყოსო.
- დაუხიეთ, ბიჭო, დაუხიეთ, ნელა უყავით. ზაქი არ წამიხდინოთ, ხომ ხედავთ რა უღმერთოდ ცხელა, ხუმრობა საქმე არ არის, ზაქი არ დაიძალოს. - გუთნისდედა მეხრეებს არიგებდა, მაგრამ “მარიამას” სიფიცხით წახალისებული მეხრეები ერეკებოდნენ დანარჩენ ხარ-კამეჩს რაც ძალი და ღონე ჰქონდათ. გუთნისდედა ძლივს მიჰყვებოდა კვალდაკვალ გუთანს, ხელში ვეღარც კი იმაგრებდა.
“მარიამას” საქმე კი სულ სხვანაირად იყო. უღელ უჩვევს, ჯერ უღელი ეჩოთირა, გაიწია ნაპირისკენ, ფიქრობდა გავგლეჯ, ან გუთანს გავითრევ და მოვიშორებ კისრიდან, ეს რაღაც დამადვეს მძიმეო. მაგრამ ვერც აპეურები დაგლიჯა და არც გუთნიდან ტოლმა გაუშვა. რამდენიც კვალიდან ამოსვლას დააპირებდა, მეუღლე ისევ აგდებდა კვალში. თან მეხრეც ცხვირში სახრესა სცემდა.
“რაღა ცემა მინდა, ლამის ისეც ძარღვები დამიწყდეს, ვერა ხედავ შე, უგულო ქვავ, შენა.
ღმერთი აღარა გაქვს, შემომხედე მაინც, როგორ მიჭირს, განა რო გავრბივარ, მართლა მსუბუქადა ვარ, აბა მოდი, შენ შეები ჩემს მაგივრად, თან გცემონ და თან ეწიე, ვნახავ როგორ მოუმატებ წევასა”.
სიცხისაგან გალექებულს “მარიამას” პირიდან თეთრი ქაფი სდიოდა, პირი დაეღო და ქშიტინებდა, რაც ძალი და ღონე ჰქოდა. ისა ფიქრობდა, ასე რომ ვირბინო, უთუოდ მალე გათავდება ეს სარბენი მანძილი და მერე გამომიშვებენო. ბელტი-ბელტს ემატებოდა. მზეც თითქოს ჯიბრს უწევსო, უფრო და უფრო აცხუნებდა, რამდენიც მაღლა ადიოდა, აჭერდა კისერში, თითქო ცეცხლის შუბებითა სჩხვლეტენო.
“მარიამას” წინა მკერდზე ოფლი დაჰხეთქა, სულ წურწურით გასდიოდა, მაინც ისევ გამალებული იწევდა. ქვევით დააბრუნებდნენ გუთანს, “მარიამა” ქვეითა ნაპირისკენ ეშურებოდა, ეგონა იქ ჩავალთ და გამომიშვებენო. მაგრამ გუთნეულს ისევ შემოაბრუნებდნენ და კამეჩები ისევ კვალში ჩადგებოდნენ. “მარიამა” ახლა ზევით ნაპირისაკენ მიეშურებოდა. “მარიამა” თანდათან მოწყდა, თვალებში ღრუბელი აერია, ყელში ქშიტინი დაიწყო. ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს. თვალები დაუბნელდა, ფეხები აღარ მიჰყვნენ, “მარიამა” გალექებული მიწაზე წაიქცა, ხრიალებდა.
- ნუ დამღუპეთ, ბიჭო, ბიჭო, ნუ დამღუპეთ, ნუ დამიქციეთ ოჯახი, - ღრიალებს პეტრუა. - მიშველეთ, ჩქარა წყალი, ჩააჭერით აპეურები, გამოუშვით, ზაქი არ მომიკლათ, ხალხო, ზაქი! - ტირის პეტრუა.
- არიქა, ბიჭებო, ვაგრილოთ ჩქარა, წყალი მოიტათ კოკებით. - ყველანი დაფაცურდნენ, გუთანი დააყენეს. მეხრეები გადმოხტნენ, ზოგი წყალზე გარბოდა, ზოგი ზაქს შესცქეროდა.
- ეე, რა უღმერთოდ იწევდა, ხალხო, და! არ მინახია მაგისთანა მხრიანი საქონელი, ჩემმა მზემა, - იძახდნენ მეხრეები. მოიტანეს წყალი, გაუხიეს ყურები, სისხლი გამოუშვეს. “მარიამა” მოსულიერდა, ააყენეს. “მარიამას” წეღანდელი ამბავი მოაგონდა; გუთნეული დაინახა, თვალებს გიჟივით ცეცება დაუწყო. კარგა ხანი გავიდა, სანამ “მარიამა” კამეჩი უღელს შეეჩვეოდა. ბევრი შავი დღე ნახა, მაგრამ შეეჩვია და სანაქებო კამეჩიც დადგა.
- ლუკმას მაგისგანა ვჭამთ, - იტყოდა პეტრუა, - ჩემი ოჯახია და ეგა. მაგის ქედსა ვკიდივართ თორმეტ-ცამეტი სულიო.
V
გაუფრინდა ყმაწვილობის ტკბილი დღეები “მარიამასა”. ზაქობაში გატარებული დრო სანატრელი გაუხდა. ან კი როგორ არ ინატრებდა! მაშინ თავის ნებაზე, სადაც უნდოდა, იქ დასეირნობდა, ბაღებსა და ვენახებში სძოვდა, პატრონიც ისე ააზიზებდა. ხელით პურს აჭმევდა, ვენახიდან რომ მოვიდოდა ან მინდვრიდან, თან იღლიით ბალახს მოუტანდა ხოლმე.
- ჭამე ჩემო “მარიამავ”, ჩემო ხარ-ზაქო. ჰნახავთ ჩემს “მარიამას” როგორი ხარი დადგეს. მგონია, გუთანი სულ მიფრინავდეს, მეხრეები უღლებზე ვეღარა დგებოდნენ, როცა ჩემი “მარიამა” შევაბა გუთანში, დავუსვა ჩემი გია მეხრედ, რაღა გაგვიჭირდება მაშინა!
მოაგონდებოდა ხოლმე “მარიამას” ის დღეები, გული დაუწყებდა სიხარულით ხტუნაობას, თითქო ახლაც ისე გააზიზონ. მაშინ რა იცოდა, რა იყო უღელი?
რა მძიმეა ეს კისერზე დადებული ტვირთი და შიგ ჩაკრული კისრით ხარი და კამეჩი! მაშინ არ იცოდა, რა იყო გუთანი, მიწასთან ბრძოლა და წელში გრეხა. ახლა კი გაიგო, გამოსცადა, იწვნია ყველა ამის გემო. ღმერთო, წინანდელი დობილი მარიამა ახლა რომ ჩამოუვლიდა გვერდზე, ერთს გუთნის გაშლაზე ვეღარ მიეკარებოდა ახლოს.
- “არ მერჩოლოს, ჩემკენ იხედება” ან კიდევ: “წიხლი არ მომარტყასო”.
ესმოდა ეს “მარიამა” კამეჩს და გული ცრემლით ებანებოდა. ამას აქ ამოდენა სიმძიმე აწვა კისერზე, ეს ამოტოლა მთასავით დადებული ურემი ამის ძარღვებმა უნდა ზიდონ, და ის კი, ის ქალი მარიამა მარტო საცინელს ან მხეცურ რასმეს ხედავს. ბიჭები შიშით ვერც კი შეხედავენ ამათ მოტანილ ფიჩხის ურემს. რამდენჯერ უფიქრნიათ: იმოდენა მთასავით დაყუდებული ურემი აქ კი არ გადმოიქცეს და არ დაგვიტანოს; მართლაც, ერთიც ვნახოთ ეს უზარმაზარი ურემი გადაბრუნდა, ხომ მოიტანა ქვეშ კამეჩები და გაჭყლიტა. მე რომ ერთი ხეც დამაწვეს, ხომ იმასაც ვერ ავუდგები. “მარიამას” პატრონს კი რამდენჯერ გადაუბრუნდა ურემი და კამეჩები ცოცხლები გადარჩენილან. ტყიდან რომ ურემს წამოიღებდნენ დაღმართზე, როგორ დაგორდებოდა ხოლმე ურემი და მოაწვებოდა კამეჩებს. განა კაცი დაიმაგრებდა იმ ურემს?
თავის დღეშიაც ვერა, მგონი ქათამივით გაჰჭყლეტდა. კამეჩები კი “მარიამა” და მისი მეუღლე, გაიმაგრებდნენ ფეხებს მხოლოდ კუდების ქნევას მოუმატებდნენ ხოლმე და ვეშაპებივით ქშენა ისმოდა. საქმე არ აშინებდა “მარიამას” არც ეზარებოდა. ცივი და მძიმე მიწის ბრძოლას შეეჩვია. გუთანი რომ ბურბუშელასავით ჰყრიდა ბელტებს, “მარიამას” ეამებოდა ხოლმე მიწის სუნი.
რა დაავიწყებდა “მარიამას” იმ დღეს, როცა პირველად გუთანში შეაბეს. ის დღე “მარიამას” ხსოვნაში ცეცხლის ასოებით იყო ამოჭრილი. რაც უნდა კაი გუნებაზე და კაი ჯანზე ყოფილიყო, ის მოგონება სულ დაადუნებდა და დააღონებდა.
ძალიან დასხვილდა “მარიამა”, კისერი გაუსქელდა, რქები დაეზარდა, ღაბაბი ერთ მტკაველზე ეკიდა. თვალებს ცეცხლის ალივით ატრიალებდა.
- ე ქედდალოცვილი სულ ვეშაპივით ქშინავსო, - იტყოდნენ ხოლმე.
- ბიჭო, უნდა ჰნახოთ როცა ქალაქზე ჩავატარებთ, აქეთ-იქით თვალდაცეცებული იხედება, თავს ვეღარ გაასწორებინებ. სიფრთხილე და ყოჩაღობა აბა მაშინა ჰმართებს მეურმეს, თუ “მარიამას” ხმაურობა რამე მოესმა და ერთი გაფრთხა, რაღა დაიჭერს, მგონი სულ ფეხით გაინადგუროს, რაც წინ დახვდება. ხიდებზე თვალებს აუხვევდნენ ხოლმე, რომ არაფერი დაენახა. “მარიამას” პატრონს პირიქით კიდეც უხაროდა ქალაქზე ჩავლა. გზაში ყველას “მარიამაზე” დარჩებოდათ ხოლმე თვალი. ვაჭრები იცნობდნენ და რო ჩამოივლიდა, დაეხმაურებოდნენ პეტრუას.
- პეტრო, არ გეშინია, რო დაგიფრთხეს ე კამეჩი?
- კოპტონს არ გამოუხდი ზამთრისთვის? - ეკითხებოდა მეორე.
- მაშ ისე დავაყენებ კაცო, უკოპტონოდ რა ლაზათი აქვს კამეჩსა.
- რატო უგრეხელს არ აჭმევ, როში და უგრეხელი კარგია - გამოიჩენდა ცოდნას მესამე.
- არა ძმაო, როში და უგრეხელი კოპტონთან ვერ მოვა, კოპტონნაჭამი კამეჩი სუ წყლებში დაიწყებს წოლას სიმხურვალით. ახლა უნდა ნახოთ ტანი როგორი ბროწეულივით გაუწითლდება. კოპტონთან ტყუილია.
ამ სიტყვებს, მგონი, ხუთჯერ იტყოდა, სანამ ქუჩას ჩაათავებდა და ჰაერში გაატყლაშუნებდა შოლტს ჟინის მოსაკლავად, რაკი დაჩვეული იყო, თორემ იმის “მარიამას” რეკაც არ უნდოდა.
- განზე ატარე, განზე კამეჩები, “ფაიტონმა” არ გაგიტანოს. უყვიროდნენ დუქნიდან, როცა პირდაპირ ვინმე მოაქროლებდა ეტლსა.
- ემანდ ჭკვიან იყავით, შვილოსა, თორემ თუ გატანაზე მიდგა, ჩემი “მარიამა” მაგ თქვენ ცხენებს თვით “ფაიტონიანად” სულ ფეხით მოსჭყლეტს.
VI
გავიდა ხანი, დაბერდა “მარიამა”. ხორცი დააკლდა, ძვლები გამოუჩნდა. ბეწვი გაუთხელდა, ალაგ-ალაგ სულ ტიტველი კანი უჩანდა. მუხლშიაც ძალიან აკლო; თვალებიდანაც ვეღარაფერს ხედავდა. კბილები სულ დასცვივდა. ერთი ლუკმის გალოღვნას მთელ საათს ანდომებდა. ურემში რის გაჭირვებით შეაბამდნენ ხოლმე, გუთანში ხომ აღარ აბამდნენ, - ცოდო არის გუთანში, ამოსძვრება სულიო.
გაჭირდა ცხოვრება, აღარაფერს ჰქონდა გემო. თუმცა ახლა უფრო მოსვენებით იყო, მაგრამ ძვლებს ძლივსღა ზიდავდა. წყალზე ძლივს ჩადიოდა.
- საცოდავი “მარიამა” წეღან კინაღამ წყაროზე დაიჩეხა, ძლივს ამოაღწია, - ამბობდა პატრონი, - ვერ დამიკლავ, მეცოდება, დიდი შრომა აქვს ჩვენზე დადებული, კაი საქონელი იყო. იყოს, რას გვიშლის, მაგისი ერთი გოდორი ბზე ხომ არ დამღუპავს.
სოფელშიაც ყველა იცნობდა “მარიამასა”. როცა ახალგაზრდა იყო, ჩხვერვა იცოდა. რომელი კაციც არ მოეწონებოდა, გამოეკიდებოდა, ბალღებს ახლაც ახსოვდათ “მარიამას” ბუჩაობა. წინათ ეშინოდათ ხოლმე იმისი და ახლა როცა დაბერდა და გაქცევა აღარ შეეძლო, გადაუდგებოდნენ ხოლმე გზაში.
- აი “მარიამ” აი “მარიამა” კამეჩო! აი შე ბებერო გადაყრუებულო, უუ! “მარიამა, “მარიამაო” შე გიჟო და ქარიანო.
“მარიამას” თითქო არ ესმისო, შეშინებულივით გააჩქარებდა ფეხსა. ბავშვები უფრო უმატებდნენ კიჟინს. ზოგი კუდში სწვდებოდა, ზოგი ფეხში, ზოგი სახრეს ურტყამდა. ამას კი ვეღარ მოითმენდა ხოლმე “მარიამა”. ერთ წამს სიბრაზით თვალები აენთებოდა. ძვლები შეუმსუბუქდებოდა, მოუბრუნდებოდა ამ კადნიერს ბალღებს და სულ საბძელ-ბოსლებში აძვრენდა. მერე ისევ ფეხაჩქარებით გასწევდა თავის გზაზე, რომ ის ბოროტი ბალღები აღარ გამოსდგომოდნენ.
მთელი შემოდგომა გარეთ იყო ხოლმე.
- რა მოვლა უნდა, ვენახები მოკრეფილია, რას შესჭამს, იაროსო, - იტყოდა პატრონი.
ჩამოივლის “მარიამა” სოფელზე, მშიერია, დილით, უზმო გაუგდიათ; რას შესჭამს, ჯერ ზაფხულში რას მოსძოვდა თავის უკბილო ღრძილებით, როცა იმისთანა ბალახი იყო, რომ ახლა მოძოვოს. აქა-იქ ან კაკლის ფოთოლს შეხვდება, მოხოხნის, ან ფუჩეჩს იპოვნის გზაზე. ურმებს თივა გასცვივნია, იმას მოჰკრეფს, მაგრამ რას ეყოფა ერთი მუჭა საჭმელი.
დაინახა “მარიამამ” ურმით დადგმული ფუჩეჩი, მივიდა, “ერთ ორ ლუკმას გამოვაძრობ, ვინ რას მეტყვის, მშიერი ვარ, რა დააკლდება” - ფიქრობს “მარიამა”. მივიდა ფუჩეჩთან, ერთი ღერი გამოაძრო და ძლივძლივობით ჰლოღნის. ამ დროს დაინახა პატრონმა, გაბრაზებულმა წამოავლო კეტს ხელი - აი, შე ვერანა, შე უპატრონო შენა! - ერთი თუ ორი, ისმის ბრახაბრუხი, ბრაგაბრუგი “მარიამას” ხმელი ზურგისა და გვერდებისა. შეშინებული და დაღონებული “მარიამა” მოდის ახლა ქვეით. თვალებიდან ცრემლები ჩამოსდის. ვინ იცის, მკითხველო, რასა ფიქრობს, ვინც შეხვდება, იძახის, თვალში შემოუკრავთ, ცრემლი სდისო.
VII
- ეს კამეჩი თუ არ გავყიდე, ამ ზამთარ ვეღარ გავკვებავთ, - თქვა პატრონმა. “მარიამამაც” გაიგონა. არც კი გაჰკვირვებია ეს სიტყვები “მარიამასა”. იცის რაც მოელის ყველა იმისთანას კაცისაგან. “რა ექნა, პირუტყვები ვართო - ფიქრობდა “მარიამა”, - ჩვენს გაჭირვებას ენით ვერავის გავაგონებთ, ვერ ვიტყვით უნდა ესე ვიტანჯოთ, წელი ვიწყვიტოთ, ყელში დანას გვაჭერდნენ და მაშინაც კი ვერა ვთქვათ ჩვენი განწირულება. კაცებს კი ჰგონიათ, პირუტყვებს არ ესმით რას ვუშვრებითო. გვესმის, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარი სადღაა. იმათ მარტო ხორცი უნდათ, ჩვენ მარტო ხორცადღა გვთვლიან, სხვა ვითომ არცა გვტკივა, არც გაჭირება გვესმის. რა ვქნათ? სად წავიდეთ, ვის შავეხიზნოთ. აკი ვინც თავისუფლად დაიარება, ჩვენი მოძმეები აფრიკასა და ამერიკის ტყეებში, ბედნიერებიც არიან. იმათაც თუ ჰხოცენ, იციან მაინც რომ მტერია იმათი კაცი, ან გაექცევიან, ან მოჰკლავენ, ან შეაკვდებიან. ჩვენ კი პატარა ბავშვივით საითაც უნდათ, იქით გვიკვრენ თავსა, რათა? იმით რომ დამონებულები ვყევართ და აღარ ვიცით, აღარ გვახსოვს თავისუფლება როგორია, აღარ ვიცით იმისი სიტკბო. ისე შევეჩვიეთ მონობით ყოფნას, რომ გაგვაგდონ კიდეც, ისევ შინ მივრბივართ იმავე კაცებთან. გამყიდის ჩემი პატრონი, არ უნდა რომ სიკვდილს მაინც მოსვენებით დავხვდე. არ უნდა, რომ ჩემი დღით მოვკვდე, უნდათ ლეში ჭამონ ჩემი და ტყავი ჩაიცვან. გამყიდეთ, გამყიდეთ, მაინც მეტი ბედი არც სხვა ჩემფერებსა აქვთ. ისინი დამკვლენ მაინც, მომაშორებენ ამ ოხერს სიცოცხლეს”.
VIII
ჩოდარმა “მარიამა” კამეჩი ჩამოიყვანა ქალაქში და რიყეზე ერთ გომში დააბინავა. ზაფხულის სიცხე იყო და დამწყვდეულს “მარიამას” ხომ სულის ქცევაც აღარ შეეძლო. მართალია, ქალაქში პირველად არ იყო, მაგრამ წინათ რომ ჩამოსულა, სტუმრად ყოფილა, ისევ მალე გასცლია იქაურ შემხუთველ ჰაერსა და ახლა კი სამუდამოდ უნდა აქ ეცხოვრა. ვინ იცის, რა მოელოდა, რამდენ ხანს მოუნდებოდა ამ თონესავით გახურებულ ქალაქში ყოფნა. წინათ რომ ორ ღამეს დარჩენილიყო სოფლის სურვილი აღარ დააყენებდა, ახლა? ახლა კი აქ უნდა იყოს სიკვდილამდე დამწყვდეული, კარებგადმოკეტილი. იმასთან კიდევ რამდენიმე სხვა მობუზული საქონელიც იყო, მაგრამ ისინი რას უშველიდნენ! ისინიც ამასავით იტანჯებოდნენ. გარეთ არც კი გამოუშვებდნენ, ან კი სად უნდა წაესხათ, აქ რა მინდვრები და ჩალები იყო. შეუყრიდნენ ნახევარზე დამპალ ბზესა, ილოღნებოდნენ საცოდავად უკბილო ბებერი კამეჩები. დღეში ერთხელ გამორეკდნენ ეზოში, ჭა იყო, ჭასთან გეჯა იყო, იღებდნენ წყალს ჭიდან, გეჯაში უსხამდნენ და ისე ასმევდნენ. მერე გაირეკავდნენ და ისევ ბოსელში უკრავდნენ თავსა. ყოველდღე “მარიამას” ამხანაგებს ზოგი ემატებოდა, ზოგი აკლდებოდა. დაუჭერდნენ ყურს და მიათრევდნენ სადღაც. ისმოდა ბრახაბრუხი, საშინელი კვნესა და ხრიალი. დატრიალდებოდა თბილი სისხლის სუნი. “მარიამა” ამ სუნისგან ცოფიანივით ხდებოდა. ეხეთქებოდა აქეთ-იქით. უნდოდა გაემტვრია კარები და მივარდნილიყო იქ, სადაც იმის მოძმეთ სისხლი იქცეოდა. კაცები საქონლის სისხლს წყალივით აქცევდნენ. “მარიამა” კი სისხლის დანახვაზედაც საზარლად ღრიალებდა.
მიდიოდა დღეები. “მარიამას” ყოფნას არ ყოფნა სჯობდა. სიცხეს სიცხე მოსდევდა. ისმოდა კარების ჭრიალი, სახრის ტლაშა-ტლუში, დაკლული საქონლის ღრიალი.
დაბზუოდნენ მიწურის ბუზები. გრიალებდა ქუჩაზე ეტლები, ისმოდა ხმაურობა და ჟრიამული.
“სად ჩავვარდი აქა, რა მომდის, განა ისეთი რა შევცოდე ღმერთსა! ოჰ, დალოცვილო ღმერთო! რამდენი იტანჯება ტყუილუბრალოდ უცოდველი! სინათლე მაინც დამანახვონ, მინდორში მაინც გამაგდონ, ერთხელ კიდევ მეღირსოს მწვანე ბალახის მოწიწკნა და ქორფა ფოთლის მოხოხნა! ცივი წყლით დაგრილება!” - ტყუილად ნატრობდა “მარიამა”. არ უსრულდებოდა ნატვრა.
“რატომ არ გაიქცევი სადმე, შე საცოდავო “მარიამა”, რატომ თავს არ უშველი. - ეტყოდა თავის თავს სასოწარკვეთილი “მარიამა” კამეჩი, - საიდან წავიდე, საიდან გავახწიო ამ სისხლის მსმელებს, ვერა ჰხედავ სულ დაკეტილში ვარ, როგორ გავტეხო კარები, სად გავიგნო გზა” - იტანჯებოდა და იგვემებოდა “მარიამა” დაღონებული.
IX
ერთ დღეს გომის პატრონს კარები ღია დარჩა. “მარიამა” კარგა ხანს შესცქეროდა გაღებულ კარებს, ან ახლა გაიხურავს ან ახლაო. მაგრამ პატრონი არა ჩანდა, არც კარები იხურებოდა. იქიდან კი თავისუფლება შემოიჭყიტებოდა და ეძახდა თავისთან “მარიამასა”.
“იქნება მეშველოს რამე?! - თქვა “მარიამამ”, - იქნება ბოლო მოეღოს ჩემს ტანჯვასა?” - ადგა ნელა-ნელა “მარიამა”, გულის კანკალით მიუახლოვდა კარებს. იქით გზა იყო, ზედ ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდა. ეტლებს გრიალი გაჰქონდა. “მარიამამ” შეუმჩნევლად ამოყო თავი ქუჩაზე. მიდის “მარიამა” და ღმერთმა იცის იმისი ფიქრი სად მიჰქრის. აქამდე ყურადღება არავინ მიაქცია, აქ ხშირად ენახათ გომებიდან გამოპარული კამეჩები. როცა ზევით ამოვიდა, აქ კი ნირი იცვალა ხალხმა.
- საით ბეხო კამეჩო, სად მიდიხარ შე გადაყრუებულო? - ეძახის ერთი.
- ნოეს ხბოვ, რას დასეირნობ? - დასცინის მეორე ვაჭარი.
“ნეტა რასა ყვირიან - ფიქრობს “მარიამა”, - პატრონმა კი არ გაიგონოს”.
- შე გადაყრუებულო, სად მიეხეტები - უყვირის მესამე.
- დუქანში არ შემომივარდე, შე უპატრონოვ! - უხევს მეოთხე.
აგერ მოაქროლებენ ეტლსა. “ხაბარდა!” - ყვირის მეეტლე, რა იცის “მარიამამ” რა არის “ხაბარდა”. “ხაბარდა, შე სატიალოვ!” - უყვირის მეეტლე კიდევ. ისმის ცხენების ნალის წკრიალი, “ფაიტონის” დგარდგარი. დაეჯახება უცებ რაღაცა “მარიამას” და ზედ ქუჩაზე გადააგორებს. ისმის დუქნებიდან ხალხის ხარხარი. ეტლი ქვევით მიდრიგინებს.
- ყოჩაღ, შაქრო. რა მარჯვედ გადააბრუნა კამეჩი! - ქშიტინებს გაბერილი ვაჭარი. არ ესმის “მარიამას” რა ამბავია იმის თავსა. ირგვლივ ავლებს თვალს, უნდა ერთი ღერი ბალახი მაინც დაინახოს, ერთი ძირი ხე, ერთი ვაზის ფოთოლი, მაგრამ ტყუილად! უნდა წამოდგეს “მარიამა” და ამ დროს შემოეხვევიან ხმლიანი და ჯოხიანი ხალხი. უბრახუნებენ საცოდავს “მარიამასა” ხმლის ყუებს და ჯოხებს. ააყენეს “მარიამა”, სცემენ და მიჰყავთ. უსუსტდება მუხლები. ქვაფენილმა ჩლიქები სულ დაამტვრია, აქეთ-იქით თვალუწვდენი სახლებია წამოჭიმული.
“სადა ვარ, სად მივყევარ? სადა ხარ მინდორო? სადა ხარ ჩემო მტკვრისა და ლიახვის ჭალებო? რატომ მანდვე არ შემჭამეს მგლებმა, სანამ ამ ყოფაში ჩავარდებოდი. მიშველეთ ვინმემ, სადა ვარ, რა ხალხში, რა ქვეყანაში”. - მიდის “მარიამა”, მილახლახებს. ან კი სული რაღაში უდგია. ცარიელი ძვალი და ტყავია, მიდის, მიდის და... “ღმერთო! იქნება მართლა? იქნება მომხედა ღმერთმა!” “მარიამას” წყლის სუნი დააწყდა, ნიავმა მოუტანა მტკვრის სიო. მაშინვე იცნო, მტკვრის დუდუნიც მოესმა. თვალები გაუცოცხლდა, მუხლებში ძალა მიეცა. მირბის “მარიამა” რაც ძალი და ღონე აქვს, მირბის. აღარ უცქერის გზასა. დიდი ხანია მდევრები უკან ჩამორჩნენ. აი მოვიდა კიდეც. აი მტკვარიც! ძლივს არ ეღირსა კიდევ მტკვრის ნახვა. ახლა კი ეღირსება თავისუფლებას! არც კი დაუხედნია “მარიამას” წინა, ერთი ხარბად შეისუნთქა მტკვრის სიო და ყირამალა გადაეშვა ზვირთებში.
“დაილოცე, ღმერთო, იკურთხა შენი სამართალი. სიკვდილის დღეს მაინც მაღირსე თავისუფლება. ახლა გინდ მოვკვდე, შენ მაინც დამიტირებ.” მიაგორებს მღვრიე ზვირთებს კლდეებში ჩაჭედილი მტკვარი.
“მარიამას” თავიღა უჩანს. აგერ, გამოსცდნენ წისქვილების ჩარხებსაც. “მარიამას” არ ეტყობა, რომ ნაპირისკენ იწევდეს, ის უფრო შუაგულში მიდის, რომ უფრო უშიშრად იგრძნოს თავი. არ ვიცი სად მიდის “მარიამა”, ან რასა ფიქრობს ამ წუთში. ის ვიცი რომ ენით გამოუთქმელ ბედნიერებასა გრძნობს. ხიდებზე ხალხი დგას და გასცქერის.
- დაიხრჩობა უეჭველად, - ამბობს ერთი.
- საიდამღა გამოვა სად არის გამოსასვლელი - ამბობს მეორე.
“მარიამას” კი ავლაბრის ხიდისქვეშ ღურღუმელი ატრიალებს. სახეზე არავითარი შიში და ვარამი აღარ ეტყობა. აგერ, აგერ, ქუდისტოლად ძლივსღა მოჩანს.
საით შენი გზა “მარიამ” საით?
1905 წ.