მატარებლიდან (ტერენტი გრანელის მესამე ლექსი)
მატარებლიდან ავტორი: ტერენტი გრანელი |
შენ ერთხელ გრიგალს ქარს ადარებდი,
დღეს მოგონება გულში ცეცხლს გინთებს.
მივდივარ დებთან და მატარებლის
ფანჯრიდან ვხედავ თოვლიან მინდვრებს.
და ფიქრის შემდეგ ვაყენებ კითხვას:
ახლა რა მინდა და ახლა რა მსურს!
მატარებელი ჩერდება დიდხანს,
მე მინდა მალე გავცილდე სადგურს.
მე წამოვედი, მაგრამ შენ დარჩი
და მთვარიანი თეთრი ღამეა.
გათენებამდე მივალთ სენაკში,
გათენებამდე დიდი ხანია.
მე მიგონებენ და გალაკტიონს,
კარგია ხსოვნა თუ არ მოკვდება.
მატარებელი გასცილდა რიონს
და სამტრედიას უახლოვდება.