მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო...

მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო...
ავტორი: გიორგი ლეონიძე


გადეყარა ნარიყალას
ნაცრიანი ბური...
ხაში,
ხილი
და თონიდან ამოყრილი პური,
თაბახი და საზანდარი,
მზე შინა და გარეთ ―
ეგებება მზეს თბილისი
თავის ექვსი კარით...

განა გასძლებს სიჭაბუკე,
ვაი, შენი ბრალი!
ხელებ შუა გაქანდება,
ვით ნიაღვრის წყალი,

ისევ ისე დამწიფდება
ვერის ბაღში ბალი,
აბანოდან ამაივლის
თვალციმციმა ქალი.


მიეგებეთ,
ვინც დამწვარა,
როგორც საათნავა!
განა გიცდის სიყვარული,
ადგება და წავა!
მაგრამ ისევ ილაპლაპებს
მტკვარის ლურჯი გავა.
ქაშუეთის ჩუქურთმები
ფასკუნჯების თავად!


განა ლექსი ლექსი არი,
თუ დარჩება მუნჯი?
პოეტებო,
გულსაც უნდა
ბერტყვა, როგორც ხურჯინს!..
ჰკივის თათრულ სიმღერებით
მწველი ეთიმ-გურჯი,
სწვეთს ღვინოში ჩაწობილი
ფიროსმანის ფუნჯი.


მიეგებეთ ოქროს მტვერში,
სიტყვა უნდა განდაგანა,
ბესიკსა და საათნავას
სიყვარული სწამდათ განა?
ხმაში უნდა ვეფხვის ძალი, ―
სამაია სამთაგანა!


მაგრამ ლექსი გადურჩება
იმ ძველ ნააჩრდილარს?
სახედარზე წითელ ბოლოკს
და ჭიანურს მტირალს,
მეტივეს და თივის ურემს,
წყნეთურ მაწვნის ქილას? ―

მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო,
ამ თბილისის დილას ?

რესურსები ინტერნეტში

edit