მე ამდენ წამებას ვითმენ

მე ამდენ წამებას ვითმენ
ავტორი: ტერენტი გრანელი


მე ამდენ წამებას ვითმენ
და ჩემი სანთელიც ჩაქრა.
ღამდება, ვისთან მივიდე,
და ახლა, არ ვიცი, რა ვქნა.

მე ცისფერ ოცნების ტყვე ვარ,
იქნება ალბათ საშველი.
მარტის და ქარების დღეა,
ბაღში თამაშობენ ბავშვები.

ქარში თარეში გეყოფა,
მარტია და თითქოს ცივა.
მე დღეს მოვშორდი მეგობარს
და ბაღის კუთხეში ვზივარ.

მე ამდენ წამებას ვითმენ
და ჩემი სანთელიც ჩაქრა.
ღამდება, ვისთან მივიდე,
და ახლა, არ ვიცი, რა ვქნა.