მე პატარა ქართველი ვარ
მე პატარა ქართველი ვარ ავტორი: დუტუ მეგრელი |
პატარა ქართველი
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი!
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამგრელო _
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის-მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:
ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..