მივყვები გაყინულ რიყეს
მივყვები გაყინულ რიყეს ავტორი: ტერენტი გრანელი |
მივყვები გაყინულ რიყეს,
სიცივე ძაღლივით მიყეფს.
სიცივე ღელავს და მიტევს,
მე ვგავარ უთუოდ ქრისტეს.
ქალაქსაც ძვალ-რბილში უვლის
სიცივე - თებერვლის სული.
სხვა ზეცა მპირდება ამინდს,
წმინდაო მაცხოვარ, ამინ!..
მივყვები გაყინულ რიყეს,
სიცივე ძაღლივით მიყეფს.