მიმართვა დისადმი
მიმართვა დისადმი ავტორი: ტერენტი გრანელი |
არ მშორდება მე უძილო ღამე,
დამეხსენი, ლაჟვარდების ცაო!
მალე მოდი და მიშველე რამე,
მალე მოდი, ვიღუპები, დაო!
ცას მივაპყრობ შეწუხებულ თვალებს,
შემიფარე, მოწმენდილო ცაო.
მალე მოდი, მალე მოდი, მალე,
მალე მოდი, ვიღუპები, დაო
კვლავ გრიგალი და გრიგალთან შეხლა,
რას ისურვებ, უბედურო თავო.
მე გეძახი, შენ სადა ხარ ეხლა,
ვიღუპები და მშვიდობით, დაო!