მიმქრალი შარავანდედი

მიმქრალი შარავანდედი
ავტორი: ვასილ ბარნოვი



(ისტორიული რომანი)

1

მდინარე ხინოსა და შავ ზღვის შუა ფართე ბორცვია ამართული. ბორცვს ერთის მხრივ შემორტყმული აქვს გრეხილი ხევი მდინარისა, ხოლო მეორე მხრივ ამ მაღლობის კალთები ჩაფენილია ზღვაში. ბორცვის ოდნავ დაქანებულ კვარცხლბეკზე წყალს უხვად შემოუყრია ათასნაირი ღვრინჭილა თუ ნიჟარა, ფერად-ფერადი ქვიშა თუ კენჭი და თვის ტალღების მწყობრ მოძრაობით აშრიალებს ამ ქვიშრობს, ნაზად ათამაშებს მას: წყნარ გუნებაზეა დღეს მძლავრი ზღვა, იგი შესტრფის ამწვანებულ გორაკს. ეალერსება ლამაზს, კალთებს უკოცნის მშვენიერს.

ბორცვის გავაკებულ თხემზე გადმომდგარიყო ალამბარი, თვალთწარმტაცი სასახლე ბატონ გურიელისა. სივრცით იგი ვერ შეედრებოდა გურიელისავე დიდშენ ციხე-დარბაზს ოზურგეთში, გარნა მისი სიკეკლუცე და კეთილ-ნაგებობა უფრო ძლიერ იზიდავდა თვალს, ჰხიბლავდა ადამიანს. სასახლე წინ თავდებოდა ქონგურებიანი კოშკებით, რომელნიც სდარაჯობდნენ მას აქეთ-იქით, ხოლო კოშკებ შუა გამართული იყო ფართე აივანი, ჩუქურთმით ნაკეთი, საუცხოვოდ შეღებილი. სასახლიდან ზღვისკენ ჩასდევდა გზა, რომელსაც აქეთ-იქით მოსჯროდნენ ღერო-სხვილი გაბარჯღული რამ ხეები: ამ მხარეს ძლიერი ქარიშხალი სცემდა ზღვიდან და უფრო ნაზი ხე ვერა ხეირობდა აქ; მეორე მხრიდან გორაკს ჩაჰფენოდა ხეხილის ბაღნარი, რომელსაც გარს ერტყა მწყობრად დარაზმული ალვის ხე.

ალამბარის აივანი დაჰყურებდა მდინარე ხინოს შესართავს. აქედან ცხადად სჩანდა, როგორ ჰსდუღდა და ქოჩქოჩებდა ზედ ზღვის წინ მდინარის ანკარა წყალი, შხეფს ისროდა აღქაფებული, ცდილობდა უბრძოლველად არ დაჰნებებოდა შეუმართებელს, უნდოდა კიდევ რამდენსამე წუთს განეგრძო თვისი საკუთარი სვლა და არსებობა. ზღვა კი დინჯად იდგა მის წინ, გულცივად ელოდა მას ჩასანთქმელად: თვალი და გული შეჩვეული ჰქონდა უზარმაზარს მდინარეთა ამისთანა უღონო ბრძოლისათვის; ბევრი, ძლიერ ბევრი მდინარის არსებობა ისპობოდა საუკუნოდ მის უძირო და თვალუწვდენელ სივრცეში.

სასახლეზე სამთავროს ალამი ფრიალებდა, რადგან ბატონი გურიელი ამჟამად იქა ბრძანდებოდა; უიმისოდ დროშა ჩამოშვებული იყო.

2

შუადღე მოტანებული იყო, საკმაოდ ცხელოდა, თუმცა ზღვიდან მაგრილებელი სიო იძროდა. წინგარდზე შეფენილი ვარდის ფოთოლ-ყვავილი ოდნავ ირხეოდა; მცენარეთაგან მონაბერ სუნნელებას აევსო ფართე აივანი, სასახლის დარბაზები, მთლად იქაურობა.

ბატონი მამია გურიელი აივანზე ბრძანდებოდა. სავარძელში იჯდა მოაჯირს ცალის მკლავით დაყრდნობილი და ყალიონს შეექცევოდა. ღილებჩახსნილ ახალუხიდან ყვითელი ფარჩის პერანგი მოსჩანდა ოქროს ღილით შებმული. მოქარგული მსუბუქი ფაფანაკი ზურგზე გადაეგდო, ხოლო ყულფად შეკრული ზონარი ყელზედა ჰქონდა მოდებული. თავისუფლად გაშვებული ხუჭუჭა თმა მცირედ აშლოდა. წვერი წმინდად ჰქონდა მოპარსული, ხოლო ულვაშების ბოლოები ზევით შეხრილი და ოდნავ ჩახუჭუჭებული, თმა-ულვაშს ხშირი ჭაღარა შეჰფრქვევოდა.

ფიქრს რასმე ღრმას მისცემოდა ბატონი. ამას კარგადა ჰგრძნობდა მისი ერთგული მხლებელი კოწია, წითლით მოსილი, კოხტად შეიარაღებული ახალგაზრდა. ეს იყო მიზეზი, რომ იგი უძრავად იდგა კუთხეში, თორემ სიცოცხლით სავსე მარად მოძრავ ბიჭს რა გააქვავებდა უსულო რამ ქანდაკებასავით.

- ლევან თანახმაა დამიმოყვრდეს. მოსწონს მას ჩემი ჰაზრი. წინდაწინვე დარწმუნებული ვიყავ ამაში. ქართლის მეფეს დავითს რომ ვებრძოდი, მაშინაც გავუკარ ლევან მეფეს სიტყვა და მოეწონა, მიმიხვდა. მაინც, ეტყობა, მარჯვედ გადაუცია ჩემი სიტყვა იასესაც: ენაწყლიანი კაცია, სწორედ სადესპანო. თუ ლევანს მაინც კიდევ ცხადად არა აქვს წარმოდგენილი ყველა ის, რაც მე ვუთხარ მაშინდა შევუთვალე ეხლა, მე თითონ დავუსახამ ყველაფერს გარკვევით, როცა ჩემი სიძე შეიქმნება იგი, რადგან თუ ამ განზრახვას არ გაჰყვება და არ აღასრულებს, მისი მეფობა მხოლოდ სახელია უმნიშვნელო: იგი აწ მხოლოდ მთავარია, კახეთის მებატონე უბრალო, და ან ყოველთვის მორჩილი უნდა იყოს საქართველოს მეფისა, ან აჯანყების გზას ედგეს და მოღალატედ ითვლებოდეს საქართველოს წინაშე.

- მეც იმავე გარემოებაში ვარ ეხლა, რა არის გურიელი? მხოლოდ უფროსი თავადი გურიაში და სხვა არაფერი! მეფე ყოველთვის თავის ხელქვეითად უნდა სთვლიდეს მას და სცდილობდეს მორჩილებაში იყოლიოს. განა ბაგრატი დამზოგავდა მე, ან დამიმეგობრდებოდა, რომ ათაბაგს არ შეევიწროებინა იგი? ან შემდეგ განა შეითვისებს და შეურიგდება ჩემს გაძლიერებას? თავის დღეში! დროს ჩაიგდებს ხელში და ეცდება ისევ ჩამომართოს შეძენილი ქვეყნებიც და დიდებაც. არა, ან უნდა დავიჭირო ხელმწიფობა, ან ვითვლებოდე ხელქვეითად მეფისა, მის მორჩილად, მის მონად, თუნდაც საპატიო მონად.

- მამია გურიელი და სხვის მონა-მორჩილი?! შეუძლებელია სწორედ საჭიროა ჩემთვის ერთგული მომხრეები. კახეთის მეფე ლევანი ნამდვილ სასარგებლო და სანდო მომხრედ მეყოლება. მეც ერთობ საჭირო ვიქნები მისთვის. მაგრამ ჩემმა ქალმა გულგრილად მიიღო ჩემი განზრახვა და ეს მაფიქრებს. გულგრილად კი არა, მთლად უარზედაც შედგა. საკვირველი კია! ალბად მოსაჩვენებლად სჩადის ამას, წესის დასაყენებლად, თორემ რა ჰმართებს სიხარულის მეტი: დედოფალი შეიქმნება კახეთისა, მეუღლე ნაქებისა და ჭკვიანის ვაჟკაცისა. მაინც კარგი ჭაბუკია ლევანი, ძალიან მომეწონა იგი მაშინ.

ამ ფიქრებში იყო გართული ბატონი, როდესაც გაიღო კარი და მოახლეებმა გამოიტანეს აივანზე სკამი და ქარგა. ქარგა ლითონისა იყო. დასევადებული, ბრინჯაოს ლომებზე იდგა კოხტად; შიმშები ჭახრაკებით მოძრაობდნენ. ქარგაში ჩაბმული იყო წითელი ფარჩა და ზედ ოქრომკერდით ჯვარი იყო ამოყვანილი.

გამობრძანდა ბატონიშვილი თინათინი. ფერმკრთალი ქალი იყო, თეთრი, ჭრელთვალა. თავსაფარი უკან გადასწეოდა და ქოჩორი გადმოჰშლოდა. ხშირი თმა არკი უხუჭუჭდებოდა, წყობრად ელაგა. ნელი მოძრაობა ჰქონდა ქალს, მინაზებული. მხევალმა გაუსწორა სკამი. დაბრძანდა ქალი და მიჰყო ხელი ქარგვას. აუჩქარებლივ მუშაობდა. მის გამჭვირვალ თითებზი ნაზად იძროდა ყაისნაღი. ბატონიშვილი რომ გამობრძანდა, კოწიამ მდაბლად დაუკრა თავი და ისევ უძრავად გაჩერდა.

- რას ჰკერამ, ქალო, ეგრე ერთგულად?

- დაფარნა გახლავსთ, ბატონო: ჯუმათის მონასტერს აღვუთქვი.

- შეგიწიროს ღმერთმა და წყალობა დაგადევნოს შორს გზაზე მიმავალს! მაგრამ რა არის, რომ სულ ხატისა და ჯვარისათვის ზრუნავ; განა მონაზონი ხარ, შე ქალო! ხანდისხან ხალისიც უნდა, თამაში, მხიარულობა. ბევრი ხანი აღარ დაგრჩენია უდარდელი ქალობისა: მალე გაგისტუმრებ ქმრისას და მაშინაც გეყოფა მძიმედ ქცევა; დარბაისელი ხალხია იქ და ღვთისნიერი.

- გმადლობთ, ბატონო მამავ! მე კმაყოფილი გახლავარ აწინდელი ჩემი ყოფისაც, - მიუგო ქალმა და უფრო მდაბლად დახარა თავი ქარგაზე.

ჩაფიქრებულ ქალს სრულებითაც არ ეტყობოდა, რომ ახლად დანიშნული იყო იგი, რომ მისთვის ბედს მიეპყრო ერთი დღის დედოფლობა კი არა, წამიერი, არამედ დედოფლობა დიდებული, ნამდვილი, რჩეულთათვისაც სანატრელი.

3

ფიქრმა მოიცვა ქალი, ჭმუნვა აღებეჭდა სახეზე. მამამ შენიშნა ეს და გუნება გაუფუჭდა. გული მოუვიდა.

- რა გაქვს, ქალო, დასაღონებელი ან სადარდებელი?! წესია, უნდა გათხოვდეს ქალი, შეელიოს მამის სახლს და ახალი ბინა მოაწყოს შესაფერი. შენ რომ ბედმა გაგიღიმა, ჩემო თინავ, ადვილად არ ჰხვდება იგი ბედი სხვას: დედოფლობა მოგელის კახეთისა, მთელი საქართველოსი.

- ვიცი, ბატონო, რომ დედოფლობა მომელის, მაგრამ არ მიმიწევს გული იქითკენ, ვერ დამიმორჩილებია ჩემი თავი, ვერ დამიყოლებია; მიკვნესის გული, თითქო რაიმე უბედურობა მომელისო იქ - შეჰბედა ქალმა მამას და თითონვე გაუკვირდა, რომ ესე კადნიერად შეელაპარაკა.

გაკვირვებულმა მამიამ გადაავლო ქალს თვალი. სხვა რამ მიზეზი მოესმა მის ხმაში, სხვა რამ დაფარული ჰაზრი იგრძნო მის თქმაში, მაგრამ აღელვებული იყო და ვერ ჩააკვირდა საკმაოდ, ვერ გაირკვია იგი ჰაზრაი. მთელი თავისი ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ქალი ეურჩებოდა მას, თითქო განზრახ ჰშლიდა მისგან ესე მარჯვედ მოფიქრებულ და მოგვარებულ საქმეს დიდს, დიდმნიშვნელოვანს.

სახლშივე უბედავენ უარს და სწორედ ის უბედავს, რომლის ბედისთვის ზრუნავს იგი ესე თავგამოდებით. როგორ შეიძლება ეს?!

მამია ნაჩვევი არ იყო წინააღმდეგობას და სისხლი აემღვრა, მთლად აინთო. მაინც მოახერხა იმ წუთს თავის შეკავება; მაგრამ ეშინოდა თავისი თავისა, იმედი არა ჰქონდა, რომ გაუმაგრდებოდა წყენით აზვირთებულ გრძნობებს და უბრძანა მკაცრად:

- ბიჭო, კოწია! უთხარ მეჯინიბეს ცხენი მომართვას!

კოწია მსწრაფლ გადახტა აივნიდან. მერე ერთს წამს შეყოყმანდა: უნდოდა ეკითხნა ბატონისათვის, რომელი ცხენი მიერთმიათ, მაგრამ მაშინვე გადიფიქრა, გაქრა თვალთაგან და გადასცა ბრძანება.

- სად მიბრძანდება ბატონი, ან რომელი ცხენი ბრძანა? - ჰკითხა მეჯინიბემ.

- ვერ გავუბედე კითხვა: თითქო რამე წყენა ეტყობა სახეზე, - მიუგო კოწიამ.

მეჯინიბე დაფიქრდა, ერთს წამს სასოწარკვეთილება რამ აღბეჭდა სახეზე, მაგრამ დაყოვნებისა და ფიქრის დრო აღარ იყო; უბრძანა ხელქვეითებს „ქარიშხალი“ გამოეყვანათ თავლიდან. საშინელი ფიცხი ცხენი იყო ეს „ქარიშხალი“ ელვასავით სწრაფი, ქარივით მსუბუქად დაჰყავდა მხედარი. ორმა ვაჟკაცმა ძლივს გამოიყვანა ფეხმაღალი, სურათი რაში. შეკაზმულობაც თავისებური ჰქონდა ამ მერანს: მსუბუქი, კოხტა, მინანქრებით მორთული; ფირუზ ასხმული რახტი და სამკერდული ამშვენებდა მწყაზარს. როდესაც ცხენი მიართვეს აივანთან, ბატონი მზად იყო. მხოლოდ ხმალხანჯალი შემოერტყა, ეტყობოდა შორს არ მიბრძანდებოდა.

- ბიჭო, მდევრად ხომ არ გავდივარ, რომ „ქარიშხალი“ გამოგიყვანია! - ბრძანა ბატონმა და უსიამოვნობის ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.

- ქარივით რომ დაფრინავს, თავს მოგაწონებს, შენი ჭირიმე, - მიუგო მეჯინიბემ და კრძალვით შეხედა ბატონს, მაგრამ მას უკვე თვალი აერიდებინა მისთვის.

ჩაბრძანდა კიბეზე. მეჯინიბემ ერთის ხელით ლაგამი დაუჭირა ცხენს, მეორე ხელით დასწია ავჟანდა. მამიამ შედგა ფეხი. ცხენი უეცრად მიდრკა იქით და მხედარს ფეხი დაუსხლტა უზანგოდან, მაგრამ იქვე, უზანგოსთანვე, დაჰხვდა კოწიასაგან მკვირცხლად მიშველებული სიპსავით უძრავი თათი და ბატონი ისე შეხტა ცხენზე, თითქო არავითარი მარცხი არ მოსვლიაო. მეჯინიბემ ელდის სისწრაფით იგრძნო უბედურება. ბატონმა ოდნავ ასწია ნაჭედი მათრახი, მაგრამ ისევ დაუშვა და მხოლოდ მრისხანედ გადაჰხედა გაწბილებულს. სიკვდილის ფერი დაედვა მონას. გამოჩნდნენ შეიარაღებულნი მხედარნი. მათ წინ მიუძღოდა ვინმე ჭაბუკი. ყვითლით მოსილი, მთლად ბრწყინვალე იარაღში ჩამჯდარი. რომ დაუსწორდა იგი აივანს და შენიშნა ბატონიშვილი, გადმოხტა ცხენიდან, მიაგდო ლაგამი თავის შინაყმას, აირბინა აივანზე, დაეყრდნო ქალის წინ ცალ მუხლს და დაუკოცნა თავსაფრის ფოჩი. ქალს ვარდისფერმა სიხარულმა აჰკრა ლოყებზე და გაუბრწყინა თვალები. ჭაბუკი უკუზდგა მოწიწებით. მერმე შემოტრიალდა და ელვის უმალ მოახტა მერანს. ერთ ასმით მისწვდა ბატონის ამალას და ჩაუდგა სათავეში.

შეძრწუნებულმა მეჯინიბემ ჩაიკეცა ადგილობრივ და შემოიკრა თავში:

- ვაიმე, უბედურს, ვაი!

ბატონიშვილს შეეცოდა უცაბედად დამნაშავე, უნდოდა ენუგეშებინა რითიმე, მაგრამ საიმედო ვერა უთხრა რა: იცოდნენ ბატონი არასგზით არ შეარჩენდა მონას ამისთანა უხერხულობას. კოწიაც დაღონებული იდგა შემცოდველის გვერდით. იმან მარჯვედ, თითქმის შეუმჩნევლად გაუწია ბატონს სამსახური და გრძნობდა, ჯილდო არ ასცდებოდა მას, მაგრამ ენანებოდა ბეჩავი მეჯინიბე და მისთვის დაღონებულიყო.

- ეჰ, თუ მათრახი გადაეკრა შენთვის, გაბრიელ ჩემო. იმითი გათავდებოდა ბატონის რისხვა, ეხლა კი სწორედ საფიქროა, - უთხრა კოწიამ და ურჩია დიდ ქალბატონს შეჰვედრებოდა.

4

მხედარნი რომ მიეფარნენ თვალთაგან, ბატონიშვილი ისევ დაღონდა, ფიქრმა დაჰრია ხელი. ჩაუჯდა ქარგასვე და განაგრძო ხელსაქმე. თან ჰკერავდა ქალი, თან ნელის ხმით ღიღინებდა. მის ღიღინს ოდნავ ასდევდა მოქნილი, გამჭვირვალე ხმა მოახლისა, რომელიც მუხლ ქვეშ მისჯდომოდა ბატონიშვილს და შეჰყურებდა თვალაუშორებლივ. კოწია ეხლა თავისუფალი იყო, შეეძლო სადაც უნდოდა წასულიყო, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ამ ღიღინით და მოახლის შავი თვალებით მოხიბლული მიჰყრდნობოდა ძირიდან აივნის მოაჯირს და ჩუმის, გამოუთქმელის ვედრებით შეჰყურებდა ქალებს.

ბატონიშვილი ნაღვლიან რამ სიმღერას ღიღინებდა. მისი ხმა ცრემლით იყო ნაპკურები, თვალთა ნამით გაჟღენთილი; მისთვის იყო ისეთი ლბილი და გულსაკლავი.

- ნეტა რა აქვს დასაღონებელი ამ ყოველმხრივ ბედნიერ ბატონიშვილს, რომ ესე საბრალოდ უტირის გული?! - ჰკვირობდა კოწია.

არა სჯეროდა მის გონებას რომ ეს სიმღერა ქალის გულის პასუხის გამომთქმელი იყო, თუმცა ხმის მიმოხვრა თუ ბგერა ამცნებდა მას, რომ ეს ხმები არ იყვნენ მხოლოდ ზეპირ თქმულნი, რომ იგინი წამომდინარებდნენ სიღრმიდან გულისა და თან მოჰქონდათ კაეშანი საიდუმლო.

არ იცოდა გულუბრყვილომ, რომ კაეშანი სდევს ადამიანს მთელ მის სიცოცხლეში, როგორც რამ აჩრდილი განუყრელი, რომ სევდა არასოდეს არა ჰშორდება მას, ხოლო ხან ცრიატდება იგი, მკრთალდება და ძლივსღა მოსჩანს, ხან ხშირდება, მძიმდება და ჰშხამავს გულს, როგორც ღამე უმნათობო ჩაბნელებული.

არ იცოდა კოწიამ, რომ ბატონიშვილის გულსაც გარს მოსდებოდა კაეშანი და ეხლა, შუქური სიხარულის წამიერ განცდის შემდეგ, შეჰმძიმებოდა იგი დარდი, სიამის ფიალა ამოეშრიტა იმ დარდს და გრძნობას უწურავდა საბრალოს. ამისათვის იყო, რომ დაღონდა ბატონიშვილი და ჩაითუთქა, როგორც ყვავილი მდუღარით შენამული.

ეს დიდი ბედნიერების კარს მდგომი ქალი ამ ბოლოს დროს მაინც როგორღაც მოშვებული მოსჩანდა, უხალისო; მხიარული ღიმილი ასცლოდა მის სახეს, ნათელი სიცილი აჰრიდებოდა მის ბაგეს; მის თვალებში გამოჰკრთოდა გაურკვეველი რამ ბრძოლა, გარნა უკვე ძლეული ბრძოლა, ღონემიხდილი, უშედეგო, სასოწარკვეთილი.

ქალი დაჩუმდა, უფრო დაბლა დახარა თავი: ლოდივით მძიმე საფიქრებელმა თვით საკერავამდინ დასწია მისი სპეტაკი შუბლი. ყაისნაღი გასჩერებოდა ხელში უმოქმედოდ, უძრავად. განცვიფრებული მოახლე ხმაგაკმენდილი შეჰყურებდა ქალბატონს, სცდილობდა სუნთქვაც კი შეეკავებინა, რომ არაფრით არ დაერღვია დუმილი, არ შეეკრთო ქალწულის მუქი ფიქრები.

გამობრძანდა დიდი ქალბატონიც: ძილი უყვარდა განაზებულს და შუადღე დილად მიაჩნდა. ქალი ფეხზე წამოდგომით მიესალმა დედას. ქალბატონმა დაკვირვებით გასინჯა ქალის ხელსაქმე, გაუსწორა რამდენიმე ძაფის მიმართულება და მოუწონა ნამუშევარი:

- მშვენიერი დაფარნა გამოვა, შვილო! ზედ შენი სახელიც ამოქარგე, რომ საუკუნოდ დარჩეს. ჩემი ნაქარგი გარდამოხსნა დღესაც ამშვენებს გელათსა. მეც შენსავით დანიშნული ვიყავი, როცა შევკერე იგი გარდამოხსნა. მაგრამ რატომ არ გახვალ, შვილო, და არ დაჰხედავ, რა მშვენიერი მზითი იკერება შენთვის? წითელ-ყვითელ ფარჩას სულ შარიშური გააქვს მკერავთა ხელში, შენ კი არც ერთხელ არ შეგიხედნია ოდაში.

- გული არ მიმწევს, ბატონო დედავ, არა მესიამოვნება რა.

- საკვირველია! მაინც იმ დღიდან, რაც კახეთის სადედოფლოდ გამზადებთ, ვეღარ მიცვნიხარ. მართალია, ძნელია მშობელთა სახლის დატოვება და უცხო მხარეს წასვლა, მაგრამ სათათრეთში ხომ არა გგზავნით, შვილო, ისევ საქართველოში მიდიხარ დედოფლად, საუკეთესო მხარეს საქართველოსი. ნუ თუ არ მიგიხარიან?! ვაჟკაცადაც კარგს აქებენ ლევან მეფეს, ჭკვიანი კაცის ხმა აქვს დავარდნილი და მადლობით უნდა მიიღო კარზე მომდგარი ბედი. არა, შვილო, გამხიარულდი! ვინძლო შენს გონიერებასთან მხიარული გულიც შეიტანო შენს ახალ ოჯახში, რომ ღმერთმა აკურთხოს იგი მხარე შენგამო, რომ ხალხმაც დაგლოცოს სიკეთისა და სიხარულის მიმტანი. იცოდე, მამაშენი დიდი მოხარულია ამ კავშირისა და ბევრს იმედებს ამყარებს მასზე, როგორც თვის სამფლობელოს აღსაყვავებლად, ისე ლევანის სამეფოს ასაღორძინებლად.

იცოდა ჭკვიანმა ადამიანმა თავისი მეუღლის ჰაზრები, თანაუგრძნობდა მის მისწრაფებებს, მაგრამ თანაც ეშინოდა, მარცხი არსად მოსვლოდა მის ფიცხელ, გულზვიადს მეუღლეს, წაღმა დატრიალებული ბედის ჩარხი უკუღმა არ მოსტრიალებოდა აუარებელ მტერთა გასახაროდ.

თინათინი ისმენდა დედის სიტყვებს, ჭკვაშიც მოსდიოდა მისი მსჯელობა, მამასავით დიდების მოყვარულს, მაგრამ მის გულს არ მიუხაროდა კახეთისკენ: ალაგობრივ იყო იგი დაბმული გრძნობათა ძეწკვით და ვერ ეთანხმებოდა ვერც თვით ქალის ზვიად ფიქრებს, ვერც მისი მამის დიდებულ ჰაზრებს თუ მისწრაფებას. ქალწულის გულს ენახა საიდუმლო რამ ტაძარი სიყვარულის ციაგით განათებული ღმერთისათვის. ეს სურათი არა სცილდებოდა თინათინის გულს, იზიდავდა მის არსებას თვისკენ, მაგრამ გრძნობდა იგი, რომ ამაო იყო მისი ასეთი ლტოლვილება: ძლიერი პატივმოყვარეობა ბოლოს დასძლევდა მას, დაანგრევდა მისგან ხილულ ტაძარს განსასვენებელს, დაამსხვრევდა მასში განბრწყინვალებულ მის სალოცავს კერპს და მასთან მის გულსაც, თინათინის საბრალო გულს. მამიას ქალი იყო და დიდებისადმი ძლიერი მისწრაფება საშოდან დედისა დაჰყოლოდა მის სულს.

5

ის უებრო ჭაბუკი, რომელზედაც გული შეჰვარდნოდა ბატონიშვილს თინათინს, რომლისადმიც ისწრაფოდა მისი ქალწულობა, ხოლო რომელს ძლიერად ეწინააღმდეგებოდა შთამომავლობით დაყოლილი და მეფურის აღზრდით გამტკიცებული მითი პატივმოყვარეობა, იყო ყვითლით მოსილი შავარდენივით ვაჟკაცი, რომელი წეღან მიესალმა ქალს. გურულივე თავადიშვილი იყო ნოშრევან, ბატონ მამიას შინაყმა, მის გვერდზე მეომარი ვაჟკაცი. ეს იყო მიზეზი, რომ ჭაბუკის დანახვაზე ქალის გულმა უეცრად გაიღიმა, ხოლო როცა დაუკოცნა რიდეს ფოჩი, ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს ჭაბუკმა თვალებში აკოცაო. თანაც შეკრთა ქალი, შეშინდა და უკუდგა; სცადა ცივი რამ გამომეტყველება მიეცა თავის სახისათვის, უგრძნობელი. ნოშრევანმა ელვის უმალ იგრძნო ქალის გულწრფელი სიამოვნებაც, მისი განზრახ უკუდგომაც და გრძნობათა სხივის ჩაქრობაც. იმისთვის იყო, რომ სიხარულის ღიმილი უცებ გამოკრთა მის სახეზე, გარნა მსწრაფლვე ჩაქრა და დაუთმო ალაგი სევდის ნასახს მის ვაჟკაცურ თვალებში.

ქალ-ვაჟის ერთმანეთისადმი თანაგრძნობა ადრევე დაიწყო, პატარობიდანვე. პირველ ხანში გამოურკვეველი ხასიათი ჰქონდა მათ მეგობრობას და ჩაუსახავი მიზანი: იამებოდათ ერთმანეთის ნახვა, უხაროდათ ერთმანეთის სიახლოვე. ვაჟის გრძნობა კი უფრო ძლიერი იყო და არაჩვეულებრივი: ნოშრევანი განუსაზღვრელი პატივცემით იყო გამსჭვალული ბატონის ასულისადმი, არაქვეყნიურ არსებად მიაჩნდა ის, ზღაპრულ რამ მზეთუნახავად და მოწიწებით ეპყრობოდა მას, თაყვანსა სცემდა მის აჩრდილს. ქალსაც უხაროდა მშვენიერი შეხედულობის, მარად მხიარული, მარად მომღერალი ვაჟის ნახვა; შეეჩვია ის მასთან ყოფნას და თუ რაიმე შემთხვევით დიდი ხნის განმავლობაში არ ეახლებოდა იგი ბატონიშვილს, ქალი მოიწყენდა, თითქო რამ აკლდა თვალში, გული უსიამოვნოდ ეხურებოდა. როცა შეღერდა თინათინ და მოიწიფა, ნოშრევანს დაუძვირდა მისი ნახვა, მაგრამ თუ ქალი გაისეირნებდა საითმე, ან სტუმრად წაბრძანდებოდა, კოხტად გამოწყობილ-შეიარაღებული ახალგაზრდა თან ახლდა მას, რადგან მისთანა ზრდილობიანი, ჰაზრიანი და მოხერხებული მხლებელი მეორე არ მოიძებნებოდა გურიელის ჯარს. თანაც ჰხედავდა დიდი ბატონი, როგორ გატაცებით თაყვანსა სცემდა ქალს ყრმა და დარწმუნებული იყო, იმაზე ერთგულს ვერავის აახლებდა იგი თავის ასულს.

როდესაც გურიელი ბაგრატ იმერთა მეფესთან ერთად ისე გამარჯვებული იბრძოდა ძლიერ მტრის წინააღმდეგ, ნოშრევან განუყრელად თან ახლდა და განაცვიფრა ომში გამოცდილი ვაჟკაცი ჰყავდა უშიშრობით, შემბედაობით და მკლავის ძალით. მას შემდეგ გურიელი მთლად მიენდო ამ ჭაბუკს; თავი მოსწონდა, რომ ამისთანა მებრძოლი და ერთგული ყმა ჰყავდა გვერდით. ბრწყინვალე ბედი მოელოდა ნოშრევანს გურიელის კარს!

ამ ომის შემდეგ იყო, რომ უეცრად გამოირკვა ქალ-ვაჟის კავშირის ხასიათი, თვისი საკუთარი სახე დაედო მას. ბატონი გურიელი გამარჯვებული დაბრუნდა ბრძოლიდან და გახარებული: ლაშქრობამ მის საბრძანებელს შესძინა დიდმნიშვნელოვანი მხარეები - აჭარა და ჭანეთი. ამ სასიხარულო ამბის აღსანიშნავად მამიამ მეფური მეჯლისი გამართა თავის კარს. ზეიმის მესამე დღეს ახალგაზრდობამ მოისურვა ცხენდაცხენ სეირნი მიდამოებში. ქალნიც და კაცნიც დახელოვნებული იყვნენ ცხენოსნობაში, თავიც მოსწონდათ თავიანთ ცხენებით, თუ მათ შეკაზმულობით. ლამაზი გუნდი შესდგა ცხენოსანთა. ეს აღყვავებული ახალგაზრდობა მხიარული ჯირითით რომ შეეფინა ხევ გაღმა ამართულ ფერდობს, სწორედ საამური სანახავი იყო. გახალისებული. ახალგაზრდობა დააქროლებდა ფეხმარდ ბედაურებს და ერთმანეთს უსიტყვოდ ეჯიბრებოდა მოხდენილად ჯდომაში თუ მკვირცხლ მხედრობაში: ბატონიშვილი თინათინი ბრძანდებოდა მათთან და რაღა დღისთვის დაჰზოგავდნენ თავის უნარს?!

ტყეს რასმე გასცდნენ, მინდორს გავიდნენ ოდნავ დაქანებულს. ზოგიერთმა ვეღარ შეიკავა თავი, გაქუსლა ცხენი. მათ მიჰყვა თან გახალისებული სხვა ქალ-ვაჟი. ბატონიშვილის ამალა თავს იჭერდა ჯერ, მაგრამ მაინც ბევრი აღარავინ დარჩენილიყო მის გარემო. გული აუჩქროლდა თინათინსაც და ოდნავ სადავე მისცა თავის მერანს. ცხენმა მერცხალივით დაიწყო ნავარდი და რომ შეხურდა, თავი წაართვა ქალს, გაიტაცა. გაისმა ქალის კივილი. საშინელი კვნესა აღმოხდა შეძრწუნებულ ამალას. ყველანი დაიბნენ, ვეღარაფერი მოახერხეს. ზოგი მაშინვე გამოეკიდა გაგიჟებულ ცხენს და ამან უფრო გაახელა იგი. ომში გაწვრთნილმა ნოშრევანმა მსწრაფლ შენიშნა ხიფათი, დაჰკრა თვალი ცხენის სრბოლას და მოიაზრა: განზე გაახტუნა ბედაური, წრე გააკეთა, ანაზდად თავს დაუარა, უყელა, დაუსწორდა, დასწვდა ლაგამში ბატონიშვილის ცხენს და მძლვრად ასწია მაღლა. ცხენი შესდგა ყალყზე და შემოტრიალდა უკანა ფეხებზე. ვაჟმა მსწრაფლ მოხვია თითქმის გულწასულს ქალს მკლავი და გადიტაცა თავისთან. ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა: გადარჩნენ საშინელს გაწბილებას და ბატონის ულმობელ რისხვას. ქალი რომ მოსულიერდა, ისეთის მადლობისა და მოყვარულის თვალით შეხედა თავის მხსნელს, რომ ჭაბუკს სიხარულით ენა დაება.

აი მაშინ იყო, რომ ნოშრევანის ქალისადმი მეგობრობა უსამზღვრო თაყვანისცემად გარდაიქმნა, უცვალებელ და უიმედო სიყვარულად. ქალის გულიც ძლიერ ააძგერა ვაჟისადმი თანაგრძნობამ. ამის შემდეგ ვეღარ მოიშორა ქალმა ვაჟკაცის სიახლოვის გრძნობა; ის რვალის მკლავი, რომელიც ძლიერად შემოეჭდო ქალს და მსუბუქად გადიტაცა ცხენიდან, სამუდამოდ დააჩნდა ქალწულის წელს. ეს სასიამოვნო შთაბეჭდილება ტანისა შეუერთდა მის გულის სიხარულს, რომელიც განიცადა სიკვდილს ან სახიჩრობას გადარჩენილმა ქალმა. ეს ორი სანეტარო გრძნობა განუყრელად შეერთდა მის სულში, ამოუშლელად.

როგორი ტკბილი მოსვენება იგრძნო ქალწულმა ჭაბუკის გმირულ მკერდზე მის მფარველი მკლავით გარშემოჭდობილმა! ერთი წამი იყო იგი ჩახვევნა, გარნა დაუვიწყარი. ახ, სამოთხე იქნება მის მძლავრ მკლავზე მიყრდნობა სამუდამოდ, ნეტარება ტკბილი, უზრუნველ-უდარდელი!

და ისეთის უტყუარის სიცხადით განიცდიდა ქალი ვაჟკაცის მკლავს თავის წელზე, რომ ბევრჯერ ტანთ-გაცრცვნილს დაკვირვებით გაუსინჯავს თავისი თავი, რომ დარწმუნებულიყო იმ უტეხი სალტის ნაკვალი მართლა ხომ არ ეტყობოდა ზედ. ბევრჯერ მეტად გაუცხოველდებოდა ეს გრძნობა, შეუკავებლად მოესურვებოდა ჭაბუკის ნახვა, მის ახლოს ყოფნა, მის უნაკლულო აგებულობის მზერა, მისი მშვენიერი ხმის სმენა. კიდეც ეწეოდა ხოლმე ქალწული თავის სურვილს, ბატონიშვილი იყო და თავის ყმის ბრძანება რად გაუჭირდებოდა?!

6

ღამე გატეხილიყო, სასახლეში კი ჯერ არ ეძინათ. ისევ გაჩაღებული ჰქონდათ ციხე-დარბაზი: გურიელი ჯერ ისევ ოზურგეთის სასახლეში ბრძანდებოდა, ჯერ არ გადაბრძანებულიყო ალამბარს. რაღაც საიდუმლო მზადებაში იყო გართული. დღეს ბაგრატ მეფის დესპანი ახლდა მას და გვიანობამდინ არ გაისტუმრა. ეტყობოდა სამძიმო საქმეს შესდგომოდა ბატონი, ჩასაფიქრებელს, საომარი რამ დაწყება კი არ უნდა ყოფილიყო, თორემ ნოშრევანს უხმობდა სავეზიროდ, უთუოდ გააგებინებდა.

- იქნებ ბატონიშვილ თინათინს შეეხება იგი საქმე! - ეჭვობდა ნოშრევანი.

და გულს სევდა ედებოდა, გუნება ეხურებოდა, ცოტაოდენი საბუთიცა ჰქონდა ესე ეფიქრა: იასე რომ გაატანა თან ბაგრატის კაცს. ამანაც ჩაუსახა მას ესეთი ეჭვი: ეს იასე ლივანელი ძალიან გამოცდილი კაცი იყო სწორედ ამისთანა საოჯახო საქმეებში. ქალის გათხოვებაზე მაშინ ჯერ არაფერი ხმა არ იყო, მაგრამ გული მაინც რაღაცა ცუდად უცემდა შეყვარებულ ახალგაზრდას. კარები დაურაკუნეს. ნოშრევანმა გააღო და განცვიფრდა: თინათინის მხევალი იყო! ჭაბუკი დაებარებინა ქალწულს თავისთან, დაუყოვნებლივ მოდიო, გაჰკვირდა: არ იცოდა, რად უბრძანებდა ქალი ამ დროს ან რის დავალება განეზრახა მას. სწორედ რამე სავაჟკაცო საქმეს უბრძანებდა ქალი მას და საიდუმლოს, თორემ უჟამოდ არ იხმობდა მას. ჩაიცვა. გაემართა. ქალის სადგომს რომ მიუახლოვდა, იგივე მხევალი დაჰხვდა წინ, გაუძღვა, თვით ბატონიშვილის ოთახში შაიყვანა. თინათინმა მიიწვია მის წინ მოწიწებით მდგომარე ვაჟკაცი:

- დაბრძანდი! საქმე რამ მინდა დაგავალო.

- მიბრძანე, ბატონიშვილო!

ქალმა გადასცა ჭაბუკს ფარჩაში გახვეული წიგნი საკუთარი ბეჭდით დაბეჭდილი.

- ჩემი უსტარია! ვიცი, მარჯვედ ამისრულებ საწადელს.

- გმადლობთ, ბატონიშვილო, ნდობისათვის. ნეტა ისეთს რასმე მიბრძანებდეთ, ჩემი სიცოცხლის ფასად მოიპოვებოდეს!

- არა, ნოშრევან ჩემო, არც ეგეთი სასტიკია ჩემი გული რომ ვინმე გასწიროს და მეტადრე შენ, ჩემი გადამრჩენი სიკვდილისაგან.

„ნოშრევან ჩემო“! ისე ტკბილად მოესმა ჭაბუკს ეს სიტყვა, როგორც სანეტარო ბგერა გარდარეულის ბედნიერებისა.

- მიბრძანე, ბატონიშვილო! - სთქვა ხმა ათრთოლებულმა და ზე წამოდგა.

- ეგ წერილი ბატონიშვილ თამართან არის, დადიანის ქალთან, უნდა პირდაპირ მიართვა მას ხელში. მხოლოდ შენ იცი, რომ ამ წერილს ვგზავნი მამა ნამდურავია დადიანთან და არ მომცემს ნებას. არც დედა მომიწონებს ამ საქციელს. მე კი არ შემიძლიან არ გავგზავნო ეს წიგნი: ვერ მოვითმენ. მომისმინე!

- მიბრძანე, ხელმწიფევ ჩემო!

-თამარისათვის მოურთმევიათ საოცნებო რამ ჯიღა. სინდური ხელოვნება არისო საარაკო. ხუთი მონა უჩუქებია დადიანს ზღვნის მომტან სოვდაგრისათვის. მე ამ წიგნში ვწერ, იგი ჯიღა გამომიგზავნოს სანახავად. შენის ხელით გამომიგზავნოს და შენისავე ხელით ვაახლებ. ვნახოთ, გაიმეტებს თუ ვერა, პატივს დამდებს თუარა. თუ არ გამოგზავნოს, სთხოვე გიჩვენოს, შენითა სთხოვე; მე არ ვსწერ ამას. კარგად დაათვალიერე, გაზომე, ყველა წვრილმანი დაიხსომე!

ქალი ცდილობდა ყოველივე ეს მტკიცედ ეთქვა, ბრძანების კილოთი, მაგრამ ხმა არ ემორჩილებოდა, თრთოდა; უცნაურად მისდი მოსდიოდა ქალს ფერი, ძლიერ ღელავდა.

- ეხლავე წადი, ნოშრევან ჩემო, და ან თვით ჯიღა მომიტანე, ან მისი ამბავი!

- ბატონი ბრძანდები! - მიუგო ნოშრევანმა და მდაბლად თავი დაუკრა, რომ უკუმდგარიყო.

- მოიცა! - ბრძანა ქალმა! წამოდგა, მიუახლოვდა ჭაბუკს, შეახო ათრთოლებული ხელი მის ხანჯლის ტარს და უთხრა:

- ამისრულე საწადელი! მაინც ჩემი გული შენ გენდობა.

დაიხარა ქალი და მიაყრდნო გრძნობათაგან დამძიმებული თავი თვისი მის მკერდს. შესძრა უძლეველმა ძალამ ჭაბუკი, დაავიწყდა ყოველივე, მთელი ქვეყნიერება; გრძნობათა ტალღამ გადალახა ყოველივე მისი მოსაზრება თუ მოკრთალება და ჩაიკრა გულში მთრთოლარე ქალწული, დაუკოცნა თმა, თვალები, სახე. მოეგნენ თავს გრძნობით დამთვრალნი, განშორდნენ ერთმანეთს. მხევალმა ფეხაკრეფით გააცილა ჭაბუკი.

ამ დღიდან აღარ გამოფხიზლებულა ნექტარისებური ტკბილი გრძნობით დამთვრალი ნოშრევანი. ვეღარც გამოფხიზლდებოდა: უაღრესი ბედნიერება იხილა მან პირისპირ, გამოუთქმელი საქმე განიცადა მან იშვიათი და როგორღა შეიძლებოდა მისი დავიწყება ან განქარვება?!

როგორ გაჩნდა ნოშრევან დადიანის კარს, როგორ მოახერხა ბატონიშვილი თამარის თუ სხვების მოხიბვლა და მოჯადოება, როგორ მოართვა თავის თინათინს იგი იშვიათი ნივთი და დადიანის ასაულის წერილი, ყველა ეს ვეღარც შეეგნო ბედნიერს, ვეღარც გაეთვალისწინებინა: ჭაბუკი აღტაცებული იყო მაშინ და რას უკარნახებდა მას მეშვიდე ცამდინ მიწეული მისი გონება ან როგორ და რა გზით ამოქმედებდა მას მისი ნებისყოფა, ეს არც ესმოდა მას ცხადად, არც ეცალა შეეგნო. სად ეცალა დასაფიქრებლად ბედნიერებისაგან დამთვრალ ჭაბუკს, ან როგორ შესძლებდა დაფიქრებას ხელქმნილი?! ალღო რამ გამოურკვეველი, გარნა მიზანშეწონილი, ამოქმედებდა მას, შთაგონება რამ საიდუმლო, თვით უცვალებელ სიბრძნისგან მონაბერი წინაუძღოდა მას და უნაკლულოდ ასრულებინებდა ბრძანებას ხელთმქმნელისა.

7

ქალი გამოერკვა ვნებათა ღელვას, ჩაუფიქრდა თავის მოქმედებას, იწყო შეფასება თავის მდგომარეობისა. შენიშნა, რომ ორად გამდგარიყო მისი განუყოფელი პიროვნება:

მოხიბლული გული ჩასჩურჩულებდა, რომ მხოლოდ ნოშრევან იყო მისთვის ბედისაგან დაწერილი, ამას უკარნახებდა გული, გარნა ისე კი არა, როგორც გარკვეულ რამე სიტყვას, არამედ როგორც სიტკბოებას სანეტაროს და უძლეველს. ისე იყო მისი გული ეხლა გახარებული, ასე უცინოდა მას გრძნობათა იგი შესაკრებული, ისე იყო ამ წუთს იგი სავსე ნოშრევანით, რომ იგი სხვა ვინმე ვაჟკაცს ვეღარ დაიტევდა, ვეღარ შეითვისებდა, ვეღარც შეიტკბობდა. ნოშრევანის გარეშე ქალწულის სული ვეღარავის შეუერთდებოდა განუყრელად, მისი ტანი ვინმე სხვის ხვევნას ვეღარ აიტანდა, ვეღარც დაჰხვდებოდა სიამით:

- რა ძლიერია, რა ტკბილია, რა კარგი! რად მოვწყდი ისე მალე მკერდიდან, ნეტავ რად?! ერთი წუთიც, გენაცვა, ერთი წამი! მაგრამ მის მკერდზედ საუკუნოც ხომ მხოლოდ წუთი იქმნება უხანო... არ შემიძლიან უმისოდ! ამიკვნესდება გული, მომიკვდება გული საწყალი. ერთ დღესაც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა უმისოდ. ერთ საათს! - სთქვა ქალმა.

გარინდდა ერთს ხანს, მიაპყრო მიბნედილი თვალები სივრცეს, უღიმოდა რაღაც ჭრელ ჩვენებას, ფერად ოცნებას; ჩაიხსნა გულისპირი, შეახსნა საკინძი და სინჯვა დაუწყო ძუძუს, რომელიც წეღან ისე ტკბილად გაიწურა ნოშრევანის მუჭაში. როდესაც მან მძლავრად მოჰხვია მკლავი თავის თინათინს და ჰაერში აიტაცა აღტაცებულმა. შევარდისფერებული იყო ეშხთა საგუბარი. რა სიამით გამოიყურებოდა ბედნიერი, რა ტკბილი ღიმილით იმზირებოდა ვნებით მიბნედილი! მეორე კი დაღონებულიყო ფერმიხდილი, თავი დაეხარნა გულნაკლულს, გაბუტულიყო.

- რას დაღონებულხარ, შე კარგო? შენც მოგიალერსებს ჩვენი ნოშრევან, გაკოცებს, გაგახარებს. იცი? თვით ულეველი ალერსია ნოშრევან, სიამე სრულქმნილი. ნათელი უბინდო, დაუღამებელი!

უღიმოდა ქალწულს მთელი არსება, უცინოდა. უკასკასებდა. უნდოდა დაეძახნა ხმამაღლა. უნდოდა ემცნო ყველასათვის. რა უზომოდ ბედნიერი იყო იგი, უნდოდა ეხარებინა ცისა და ქვეყანისათვის, რა კეთილი იყო იგი ეხლა, რა კარგი. მზა იყო მოეფრქვია სხივი სიკეთისა თვის გარემო, დაეკოცნა ყოველივე. აკი მაშინვე ყელზე შემოეჭდო ქალი მასთან შესულ გამდელს და გარდუკოცნა მოხუცი სახე.

მაგრამ განვლო ხანმა და განიღვიძა გულისაგან ძლეულმა გონებამ, შეიკრიბა ძალა ძლიერი. გააღვიძა ქალის თვითმოყვარეობა და გესლიანის ღიმილით გადაჰხედა ქალწულის ფაქიზ გულისთქმას. მოაგონა გონებამ თინათინს, რომ იგი იყო ქალი მამია გურიელისა, შვილი იმ გოროზი ადამიანისა, რომლის მოუსვენარ თავში ცეცხლივით ტრიალებდა სურვილი განდიდებისა. თინათინის სულიც ხომ აღსავსე იყო დიდებისადმი მისწრაფებით. აღტყინებული ოცნება მოელვარე სახით უხატავდა მას მომავალ ცხოვრებას, თვალთწარმტაც ფერადებით შეუხამებდა მას. ამ ოცნებობას ბალღობიდანვე შესჩვეოდა ქალი, შესთვისებოდა. მისი აწინდელი გულისთქმა კი სრულებით არ შეჰფეროდა ცხოვრების ამგვარ წარმოდგენას: ნოშრევან ვერასდროს ვერ შეუქმნიდა თავის სატრფოს ღირსეულ მომავალს.

- ტკბილია ნოშრევან, შეუდარებელი, კარგი, გარნა მხოლოდ თავადია უბრალო, ჩვენივე კარის თავადი, მამაჩემის შინა ყმა და ნების ამსრულებელი. უბრალო თავადადვე დარჩება იგი მარად და ყველგან: თუნდ აქ, გურიაში, თუნდ იმერეთის მეფის კარს, თუნდ ათაბაგთან. მეც მხოლოდ თავადის ცოლი შევიქმნები, სხვა ათასი თავადის ცოლების სწორი. ბატონიშვილი ვარ და უნდა კი ვემორჩილებოდე ყველა მეფის თუ მთავრის მეუღლეს, ბოლოში უნდა ვიჯდე პატივმოკლებული. იქნება ისეც მოხდეს, რომ დადიანის ქალს თამარს თავს ვუკრავდე და ადგილს ვუთმობდე. რატომ?! გათხოვდება იგი იმერეთის მემკვიდრეზედ, ან კახეთის მეფე ლევანზე და შეიქმნება დედოფალი დიდებული. შეიძლება თვით ჩემმა ძმამაც შეირთოს იგი და დედოფალი შეიქმნას ჩემი, თუ ნოშრევანის მეუღლე შევიქმნები. - სთქვა ქალმა და წარმოიდგინა რა დამცირების სურათი, შეაჟრჟოლა.

- შეიძლება სიღარიბეც კი მხვდეს წილად ნოშრევანის ხელში, - განაგრძო ქალმა ფიქრი, - რა შეძლების პატრონია ნოშრევან? ცოტა ყმა, პატარა მამული! მართალია, ვაჟკაცია მხნე, შეუძლიან ხმლით მოიპოვოს დიდებაც და ქონებაც, მაგრამ ბევრი-ბევრი სარდალი შეიქმნას რომელიმე მეფის კარს. მე რომ თითონ ვიყო მემკვიდრე, თითონ მე რომ მომელოდეს ოდესმე დედოფლობა, მაშინ სხვა იქმნებოდა, მაშინ სრულებით საჭირო აღარ იქმნებოდა ამისთანა ფიქრები.

თანდათან მრავლდებოდნენ ქალწულის მუქი ფიქრები, ძლიერდებოდნენ, ირევოდნენ ერთმანეთში, იხვევოდნენ, შავ ფრთათა ცემით ჰშხამავდნენ ნათელ გრძნობებს და ბნელ ჯანღად ედებოდნენ. ეხლა თინათინ მკაფიოდ ვეღარა ჰხედავდა ნოშრევანს, ვეღარცა გრძნობდა მის სუნნელოვან სიახლეს; განუჭვრეტელ სივრცეში იშლებოდა და იფანტებოდა მისთვის ჭაბუკის არსება.

გული კი მძიმდებოდა განხმელ ფიქრებით, იჩაგრებოდა, ვიწროვდებოდა, იკუმშებოდა, ღონდებოდა, კვნესოდა. მხოლოდ ქალწული ძუძუ თანაუგრძნობდა გულს ჩაბნელებულს, იგიც უარჰყოფდა მშრალ ფიქრებს ეკლიანს, ჰსურდა გაეგებინა ქალისათვის, რა სასტიკად აჭკნობდა იგი ამგვარ ჰაზრებით ბედნიერების ყვავილს იშვიათს, მაგრამ რა ექმნა, როცა საუბარი არ იცოდა საწყალმა, არც ხმის ამოღება; მხოლოდ ვარდისფერი ღიმილი შეეძლო კოკობს და ცრემლი მარგალიტური! გულთმისანი კი არ იყო ლამაზი, მგრძნობელი მომავლისა.

- არც მამაჩემი მომცემს ნებას: არ იკადრებს ნოშრევანის სიძეობას ბედისაგან გალაღებული. უყვარს იგი, მაგრამ მოსწონს, როგორც ბატონს ყმა და არა როგორც თავისი დარისადარი. განრისხდება მამა. იქნება კიდეც აუტეხოს რამე საწყალს ნოშრევანს და უნებლიეთ შევიქმნები მისი უბედურების მიზეზი. მოსპობს მამა ჭაბუკს, თუ ვეურჩე! - ფიქრობდა ქალი.

და გონება მისი უარყოფდა ნოშრევანს. ჭაბუკის მკლავი კი რკინის სალტად შემოსჭდოდა ქალწულის წელს, ძუძუ კი ჯერ ტკბილად იკუმშებოდა მის ხელში, მხურვალე კოცნა კი ჯერ არ მოჰშორებოდა მის ბაგეს.

გვიან დაეძინა ფიქრთა დენით დაღლილ ქალს, გარნა ძილმა არ მიჰმადლა მას სიმშვიდე, არც დასვენება; მღვრიე რამ ოცნებები შესძღვნა ისეც გატანჯულს. თავის ნოშრევანთან იყო ის სიზმარში, ხოლო ნოშრევანი მეფე იყო დიდებული ბრწყინვალე; თვისი სიჭაბუკეც, გვირგვინიც, დიდებაც. საუნჯეც უთვალავი ფიანდაზად გაეშალნა მისთვის. მიეალერსა მადლიერი ვაჟკაცს, მიეხმატკბილა. აჰკრა მოყვარულ ქმარს გრძნობის ალმა და ძლიერად მიიზიდა მეუღლე. ქალი მიჰყვა მას, მაგრამ იგი ვაჟკაცი ნოშრევანი აღარ იყო, სხვა ვინმე იყო უცხო, უცნობი. შეჰკივლა ქალმა, გაიბრძოლა, რომ განრინებოდა შეურაცხმყოფელს და თვალები ღია დარჩა გაწამებულს.

8

მეორე დღეს დაღლილი ადგა ქალწული სარეცელიდან. გუშინდელი ფიქრები გაურკვეველ სევდად დასწოლოდნენ მას და შეემძიმებინათ მისთვის ყოფა. დადიოდა ფერმკრთალი, უაზროდ მიმოიძვროდა; აღარ უღიმოდა ბაგე, აღარც რა ესიამოვნებოდა. კიდეც ნანობდა ეხლა, რომ ისეთი იშვიათი საქმე დაავალა ნოშრევანს. რაღად უნდოდა რაღაცა ჯიღა?! ან რადღა უნდოდა თუნდ ის აუარებელი სამკაული, რომელიც აქვს მას?! რადღა უნდა თუნდ თავისი ქალწული თავი და თვით სიცოცხლე, თუ ნოშრევანს ვერ მოუტანს მსხვერპლად საოცნებოდ. თუ ვერ გაახარებს მას და ვერ გაიხარებს მისით?! არ უნდა თვით ბატონიშვილობა! რად უნდა, თუ წინააღუდგება იგი მის ბედნიერებას?!

- უფალო ყოვლად ძლიერო! მომეც ძალა, უარვყო ყოველივე: შარავანდედი დიდებისა, ნება დიდებულ მშობელთა, მისწრაფება ჩემის ზვიადის ბუნებისა და თავი შევსწირო სიყვარულს, ავუსრულო წადილი მხოლოდ გულს!

ამაოდ ლოცულობდა ქალწული: თითონვე ირყეოდა თავის მისწრაფებაში, მსხვერპლად ჰხადოდა ტრფობისკენ მიხრას, თითონვე ჰგრძნობდა, რომ ბოლომდინ არ გაჰყვებოდა თავის გულს, საძირკვლიდგანვე შერყეული იყო მისი ნებისყოფა, მის მედიდურობის სიმძიმეს დაებზარა და დაერღვია იგი საძირკველი და როგორღა ამოშენდებოდა მასზედ გოდოლი ბედნიერებისა?!

ქალის ანგარიშით ნოშრევან ხუთ-ექვს დღეზედ უნდა დაბრუნებულიყო: კარგა გზა იყო ნაქალაქევამდინ, სადაც მაშინ დროებით იმყოფებოდა დადიანის სახლობა. მისვლის უმალვე ვერ გამობრუნდებოდა ბატონიშვილისაგან გაგზავნილი თავადი, არ გამოუშვებდნენ, ერთ-ორ დღეს მაინც განუსვენებდნენ; მაგრამ ეს მოლოდინი ისეთი სასიხარულო აღარ იყო ქალისათვის: ეკრძალებოდა ნოშრევანისა, სცხვენოდა. რომ რყევაში იყო ეხლა მის შესახებ: ხან ნანობდა კიდეც, რომ დაუახლოვდა ვაჟკაცს; მაგრამ მეორე ხანს გული გაიბრძოლებდა, ისევ დასთრგუნავდა უკაცურ ჰაზრს, კვლავ იპყრობდა ქალის არსებას და სასიხარულოდ მიჰხრიდა ჭაბუკისაკენ.

მეხუთე დღეს მოვიდა ნოშრევან და მიართვა ქალს ძვირფასი სამკაული. გამარჯვებული მოვიდა იგი და მხიარული. ისე იყო ეშხით აღსავსე, ბედნიერებით აპირთავებული, რომ მისმა სიახლე ისევ გაიტაცა ქალი, დაავიწყდა მას ყოველივე სხვა მოსაზრება, გაუფანტა გულიდან აჩრდილი ბოროტისა. როგორც განფანტოს წყვდიადი ამომავალმა მზის სხივმა.

- ეჰ, რასა ვზრუნავ და ვდარდობ?! ნოშრევან თითონ მოახერხებს ყველაფერს და მოაწყობს მომავალს; ვუყვარვარ და თვით გამიკაფამს გზას ცხოვრებისას, - გაიფიქრა მადლიერმა.

და გამხიარულდა. მაგრამ შეყვარებული ყმაწვილის თვალმა, თუ ალღომ, მაინც შენიშნა ქალწულის თვალებში სულიერი ბრძოლის კვალი და შეჰკრთა. გაუბედა, შეუძლოდ ხომ არ ბრძანდებიო. ქალი ერთს წამს დაიბნა, თვალი ვეღარ გაუსწორა ვაჟკაცს და უხერხულად მოიხადა მადლობა ყურადღებისათვის. ამ მცირე შემთხვევამ ჩრდილი მიაყენა ჭაბუკის მოცინარე გრძნობას, პირველი ჩრდილი გაკაშკაშებულ გულზე. შემდეგ გამრავლდნენ იგი აჩრდილნი, გამუქდნენ, შეერთდნენ და დაჰფარეს სინათლის მოტრფიალე სული ვაჟკაცისა განუჭვრეტელი წყვდიადით.

ჯიღა მართლა მოხდენილი აღმოჩნდა: ოქროს ზროების ბუნჯგალი იყო ბრწვინვალე, ნაზ ზროთა წინ დახრილ თავებზე ლალი ისხდა; სამ წყობად იყო ზროები. თანისთანობით გადაშვებული; ძირს იგი ღეროები ერთდებოდნენ დაჩუქურთმული ოქროსავე მომხო ღეროში, რომელიც წინ დამშვენებული იყო ფაქიზად ნათელი დიდი ლალითვე. მწყობრად იყო თვალები შეხამებული, როგორც რამ ხმები ტკბილ ღიღინში და ყოველ განძრევაზედ ირხეოდნენ ნარნარად, კრთოდნენ, ციმციმებდნენ. დადიანის ქალს სამეგობრო უსტარიც მოეწერნა თინათინისთვის.

გურიელი ჩააფიქრა მის ნებადაურთველად მომხდარმა ამბავმა, მაგრამ მალე იგრძნო, რომ ამასაც სასიკეთოდ გამოიყენებდა იგი და თვალი აარიდა ქალის თვითნებობას.

- სწორედ არ მოგცემდი ნებას დადიანის კარს კაცის გაგზავნისას, თუ გამეგო: მტრადა ვართ გადაკიდებულნი და შეიძლებოდა რამე შეურაცხება მიეყენებინათ დესპანისათვის, - ბრძანა მან.

- რა ბრძანებაა?! დადიანის სასახლეში მაგას თავის დღეში არ იკადრებდნენ: ზრდილობა ნებას არ მისცემდა მათ, - სთქვა მამიას მეუღლემ.

- ან რა დროს მტრობის გახსენება იყო: სახელმწიფო საქმისათვის ხომ არ გავგზავნე კაცი, კერძო დავალება მივანდე ბატონიშვილთან, - მიუგო თინათინმა.

- მაგას კი არ დაგიდევდა დადიანი! მაგრამ ეხლა ძალა ჩემსკენ არის და კიდევაც იამებოდა ჩემი კაცის ხლება, - სთქვა ბატონმა და ცნობისმოყვარეობით დააკვირდა ნოშრევანს:

- ქალის ბრძანებას ემორჩილები ჩემს კარს და არ კი მატყობინებ!

- მზეთუნახავის ბრძანება გაუტეხელია, ბატონო, და არც გაიცემა მისი სიტყვა!

- კარგი, მაგრამ არ გეშინოდა, დაედევნებინა დადიანს შენთვის ბიჭები და წაერთმიათ სამკაული? იტყოდნენ, უხეირო კაცი გამოგზავნა გურიელმაო.

- ეგ კი ვიფიქრე, ბატონო! ჯერ შარაგზით მოვდიოდი ვითომ გულდინჯად და რომ მივეფარე თვალთაგან, დავუხვიე ჭალებისა და ჭყვანტებისაკენ, სულ საცალფეხო ბილიკებზე ვიარე; რიონში ცურვით გამოველ, იმისთვის შემიგვიანდა.

უამა გურიელს მოხერხებული ქცევა, გაიღიმა, სიამოვნებით შეხედა მარჯვე რაინდს.

9

დაიბარეს ოსტატი და დაავალეს სწორედ იმისთანა ჯიღა გაეკეთებინა, როგორიც მოართვა ქალს ნოშრევანმა. მხოლოდ ლალის მაგიერად ზურმუხტი უნდა ეხმარა, რადგან ეს პატიოსანი ქვა უფრო მოსწონდა ქალს.

- ვინძლო სწორედ ესეთი ხელოვნება გააკეთო! მაშინაც შესაფერი უნდა იყოს ნივთი ბატონიშვილისათვის, როდესაც კახეთის დედოფალი შეიქმნება იგი და უთვალავი საუნჯე ექმნება ხელში, უბრძანა გურიელმა.

მამის სიტყვამ უკბინა ქალს და შეაკრთო. ნოშრევანს ფერი ეცვალა და თვალი რეტად მოავლო იქ მყოფთ. დიდმა ქალბატონმა ცნობის მოყვარეობით შეჰხედა ქმარს და თვალი თვალში გაუყარა. ხმები თინათინის კახეთში გათხოვებაზე წინადაც იყო გავრცელებული, მის შემდეგ, რაც მამია დაბრუნდა ქართლის ომიდან; თავის საბოლოვო ცდა კი ამ საქმეზე საიდუმლოდ დაიჭირა გურიელმა, არავის არ გაანდო იგი, გარდა მეფე ბაგრატისა,რომელსაც სთხოვა შუამავლობა: ამაყი კაცი იყო, ზვიადი და თუ გადაწყვეტილი უარი მოსვლოდა კახეთიდან, შეურაცხყოფად მიიღებდა მას, ვერ აიტანდა საჯაროდ. ეხლა კი შეეძლო უკვე ფარდა აეხადა ამ ამბისათვის: ცნობა ჰქონდა, რომ ლევან მეფის კაცი მოახლოვებოდა მის სამფლობელოს, დღე-დღეზე მოვიდოდა და სრულ თანხმობის ამბავს მოუტანდა.

მოვიდა დესპანი კახეთის მეფისა, ლევანს საბოლოვოდ მიეღო მამის წინადადება, მოსწონდა მისი ჰაზრი სახელმწიფოს შესახებ და ყველაფერზე თანხმობა განეცხადებინა.

- „დარწმუნებული ვარ, ეს კავშირი განამტკიცებს ჩვენს ხელმწიფობას და წარმატების გზაზე დააყენებს ჩვენს სახელმწიფოებს“, - სწერდა ლევანი სხვათა შორის.

უამა გურიელს, რომ სასიძო ხელმწიფედ იხსენიებდა მას, ხოლო მის სამფლობელოს სახელმწიფოდ. ლევანი სავსებით მიუხვდა გულის ნადებს: ამ გულის ნადებზედ იყო შეთხზული და ამოშენებული კახთ ბატონის უსტარი სასიმამროსთან. ლევან მეფეს ნიშანიც უკვე გამოეგზავნა ქალისთვის, სადედოფლო ბეჭედი, მარტივი რამ ნივთი ჩნდა, ერთადერთი თვალი ეჯდა ბრილიანტისა, მაგრამ იგი თვალი ფასდაუდებელი ჯავარისა, ელვარებისა და მოყვანილებისა იყო, იშვიათის ბრწყინვალებისა. ერთ სამეფო გვირგვინადა ჰღირდა ეს სადედოფლო სამკაული.

ეხლა კი მივიდა თინათინ იმ სამზღვართან, სადაც თავდება გზა უზრუნველის და გულუბრყვილო ქალწულობისა, სავალი უმანკო ნორჩობისა, მოყვარულ მშობელთა მზრუნველის ხელით გაყვანილი და ვარდ-ზამბახით მოფენილ - დამშვენებული. ეხლა კი იწყობოდა ნამდვილი გზები საკუთარის ცხოვრებისა. ორი გზა მიემართებოდა აქედან ტრიალ მინდორზე, მარჯვნივ და მარცხნივ და თანდათან ჰშორდებოდნენ იგი გზები ერთმანეთს, იკარგებოდნენ თვალუწვდენელ სივრცეში. გზათა დასაწყისში ამართული იყო მარმარილოს სვეტი და ზედ ამოჭრილი წარწერა რამ საიდუმლო.

ქალი შესდგა სვეტთან, ჩააკვირდა წარწერას, მაგრამ ვერ ამოიკითხა: ბუნდი იყო იგი წარწერა მის თვალთათვის, მქრალი, გაურკვეველი. აღეძრა ცნობისმოყვარეობა უსამზღვრო, დაჟინებით ჩააჩერდა დაწერილს, ჰსურდა თვალის ისრით განეპო ბნელი და განეჭვრიტა წარწერაში აღნიშნული იდუმალი სვლა მომავლის თვისის ცხოვრებისა, მაგრამ ამაოდ! დაიქანცა ქალი, სასოწარკვეთილებას მიეწურა გაწამებული. მაშინ განათდა სვეტი მარცხნივ წითელი რამ სინათლით და სისხლის ფერმა ნათელმა ცხად ჰქმნა ასოები. ეწერა:

„გზა დიდებისა არს ესე, სავალი რჩეულთა! წახვალ მარცხნივ და შეიმოსამ ძალს ქვეყნიურს, განირთხმიან შენთ ფერხთ ქვეშ ათასნი და ბევრეულნი, მოგეზღვნის საუნჯე უთვალავი, შარავანდედი ძლიერებისა გარემოიცვავს თავსა შენსა და იბრწყინვალებს სახელი შენი ჟამთა დენაში!“

გააყოლა ქალმა თვალი გზას. რა კარგი იყო, მხიბლავი, ბრწყინვალე! ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, ოქროს სვეტებით გარს მოჯრილი, სუნნელებით ნაპკურები, სუნნადსუნნელით! ელოდდნენ მას გზაზე ეტლნი და ჰუნენი, ქალწულნი და ყრმანი მსახურებად განმზადებულნი, რაინდნი შესაზარნი მცველად მოსულნი, ხოლო საშუალ მათსა ვაჟკაცი გვირგვინოსანი, მის თანამგზავრი ცხოვრებაში. მშვენიერი იყო იგი მეფე-ვაჟკაცი, გარნა, ახ! გული არ უცემდა: ცივი იყო თინათინისთვის მისი გული; უძრავი, გაყინული. და მოესმა ქალს ხმა მკვეთრი:

„იხილე გზა ცხოვრებისა შენისა და თანამგზავრი შენი: იარე!“.

მკრთალი რამ ნათელი შეეფინა სვეტს მარჯვნივ და ქალმა ოდნავ გაშუქებულ ნაწერში ძლივს გაარჩია სატყვები:

„სიყვარული მარტოოდენ, მხოლოდ სიყვარული!“.

გაჰხედა ქალმა გზას მარჯვნივ და ეკლიანი იყო იგი, ვიწრო, ბინდით მოცული, ძნელად სავალი. და შორს, ძლიერ შორს მოჩანდა სევდიანი სახე შავით მოსილის ნოშრევანისა. მიუპყრო ქალმა ყური და მოესმა ძგერა გულისა, კვნესა მწარე ნოშრევანისა გულისა.

დაისახა აწ ქალწულის წინ ცხოვრება ერთის მხრივ ნოშრევანის სახით და ეს სახე უხაროდა გულს, მის ხილვაზე ვარდისფერად ნათდებოდა იგი, გარნა დამცინავი გონება პირს უკუიქცევდა გესლით სავსე ღიმილით იღიმებოდა. მეორე მხრივ დაესახა ქალწულს ცხოვრება მეფე ლევანის სახით, რომელი იყო მფლობელი მთელის კახეთისა, რომელი ხელს იწვდიდა მთელი საქართველოს გვირგვინისაკენ, ბაგრატიონთა გვირგვინისაკენ, ზეცით მონაღებისა. და ამ დიდებული სახის ხილვით თავს ამაყად სწევდა მაღლა ცივი გონება, ყელს იღერებდა, მიმოიხედდა თავმომწონედ, მედიდურად, ხოლო გული იჩრდილებოდა, იძირებოდა კაეშნით შემძიმებული.

ირყევოდა ქალწულის ნებისყოფა ამ ძალთა შორის, უღონოდ გადად- გადმოდიოდა. მით უფრო მწარდებოდა ქალის ყოფა, რომ იგი გრძნობდა თვის არსების სიღრმეში, რომ თანასწორნი არ იყვნენ ეს ძალანი: განყენებული მსჯელობა სძლევდა გულისკვეთებას. იცოდა ქალმა, რომ მკვეთრი ხმა გოროზის სატანაილისა თანდათან იმატებდა, მისი კარნახი თანდათან გაძლიერდებოდა და ბოლოს მთლადაც დაჰფარავდა საწყალი გულის კვნესას. მაშინ წაესწრაფებოდა ქალი გვირგვინოსან თანამგზავრისაკენ და დაჰშორდებოდა ობლად მდგომ ნოშრევანს. მთლად განშორდებოდა. მეტადრე დღისით გრძნობდა ხოლმე ქალი ამას, როდესაც ცხოვრების სინამდვილე უფრო ცხადად მოსჩანდა, ხოლო მსუბუქ ოცნებას ეკვეცებოდა ფრთა ჭრელი.

ან კი რა უნდა ექმნა ქალს და როგორ აჰყოლოდა თავის გულს? განა შესაძლო იყო დაეთმო დიდება, სიმდიდრე, ფუფუნება, უფლება და პატივი განგებისაგან მისთვის მინიჭებული! განა შესაძლო იყო დამცირებულიყო, დამდაბლებულიყო, დასწორებოდა იმათ, ვინც ეხლა ესე დაბლა იხრიდა თავს მის წინაშე და შეჰნატროდა მის ყოფას?! ხომ ყველა დამცინავის ღიმილით დაუწყებდა მას მზერას, ყველა აგრძნობინებდა მას, რომ ის არაფრით მეტი აღარ იყო მათზე.

მამის ნებით რომ იჭერდეს თავის საქმეს, კიდევ არაფერი; მამა შესძლებდა დაეფარნა ქალი დამცირებისაგან. მაგრამ მის უნებლიეთ ხდება საქმე, მისგან იდუმალ და იგიც წინ აღუდგება ქალს, შეიძულებს, ყურადღებას აღარ მიაქცევს; იქნება განზრახ დაამდაბლოს კიდეც იგი, რომ აგრძნობინოს უაზრობა თვისის ქცევისა; იქნება მთლად განრისხოს და განდევნოს იგი; იქნება კიდეც მოაშთობინოს საწყალი ნოშრევან ოჯახის დამცირებისათვის. ვინ იცის? ყოველივე მოსალოდნელია მისგან და შესაძლებელი.

მართალია, უყვარს თინათინი ნოშრევანს. გაგიჟებით უყვარს, მაგრამ ლევან მეფესაც მოსწონებია ქალი, მხოლოდ სურათის ნახვითაც კი შეჰყვარებია, თორემ რად დასთანხმდებოდა ესე ჩქარა. მერმე, თურმე, მთლად ახალგაზრდაა მეფე! ნოშრევანის ხნისა ყოფილა, ნოშრევანსავით გულადი და შემმართებელი. ხმალიც თურმე ისევე მარჯვედ უჭირავს, როგორც სკიპტრა: თვითონ მიუძღვისო ომში თავის ლაშქარს. რას ეგვანება უარი რომ უთხრას ქალმა?! მაშინ უნდა გააწბილოს მამაც დიდებული, მეფეც ახალგაზრდა, რომელსაც ნიშანი უკვე გამოუგზავნია; თითონაც მიწამდის უნდა დახაროს თავი, ყველა გააკვირვოს თავის მოუფიქრებელი ქცევით. ეს ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს მხოლოდ თვის სურვილის აღსასრულებლად, თვის ჟინის მოსაკვლელად. როგორ შეიძლება?! რას იტყვიან?!

- მაგრამ რომ ძალიან მიყვარს ნოშრევანი, რომ აღარ შემიძლიან უიმისოდ ყოფნა! იმასაც ხომ ძალიან ვუყვარვარ, თაყვანსა მცემს ბეჩავი. თავს მოიკლავს უჩემოდ: ვიცი მისი გულის ამბავი. რა ტკბილი იყო მისი კოცნა! ცეცხლის კვალივით არის ამგვარი მისი ნაკოცნი! - სთქვა ქალმა და ხელი მოისვა ლოყაზე, თითქო მართლა ხელშესახები ყოფილიყო აღტაცებულის კოცნის კვალი წაუშლელი.

10

კახეთიდან მოსულმა კეთილმა ამბავმა ვერავინ გაახარა გურიელის კარს. ისე დააღონა მისი სასახლე, თითქო სურვილის აღსრულებისა და გამარჯვების ამბავი კი არ მოჰსვლოდათ, არამედ გაცრუებულის იმედის მომტანი ყოფილიყოს ლევან მეფის დესპანი.

ბატონიშვილი თინათინი შეაკრთო და მძიმე საგონებელში ჩააგდო ამ ამბავმა. იგი ხმას არ იღებდა, განმარტოებას სცდილობდა. ოცნება უსრულდებოდა ქალს, დედოფალი ხდებოდა, მხნე და ჭკვიან ახალგაზრდა მეფის მეუღლე, არკი უხაროდა: გული შეეკუმშა და ასტკივდა, როცა ცხოვრებამ პირდაპირ მოითხოვა ქალისაგან ნოშრევანის უარყოფა, სანეტარო გულისთქმის დატოვება, ამთავითვე მხოლოდ უგულო დიდებისა და განცხრომის კვალზე შედგომა და დამორჩილება. გაუცხოველდა ეხლა ქალს თავისი პირველი სიყვარული და ბედს უწყრებოდა განაზებული, რომ არ შესძღვნა მას ხვედრი, ყველა მისწრაფებათა დამაკმაყოფილებელი. მის იღბალს უთუოდ უნდა შეერთებინა ლევანი და ნოშრევანი, ერთ სარაკო ადამიანად ექმნა იგინი და მიეძღვნა ქალწულისათვის. აკი აქამდის ყველა მის სურვილს უნაკლულოდ ასრულებდა მორჩილი ბედი, აწ რაღა დაემართა?! ან ნოშრევანი უნდა ყოფილიყო მეფე თუ მემკვიდრე სამეფოსი, ან თვით ლევან მეფე უნდა ყოფილიყო ნოშრევან გულწარმტაცი, საყვარელი, სასიყვარულო, რასა ჰგავს ეხლა? არც ერთი მისი მოტრფიალე არ არის სავსებით სრული!

- ჩემს ნოშრევანს აკლია ლევან მეფობა და დიდება მისი, ხოლო ჩემს მთხოვნელ ლევან მეფეს არ დაჰყოლია საამო მიმზიდველობა ნოშრევანისა. იქნება ღირსი არ ვიყავ სრულის ბედისა?! იქნება ვიზედმე ნაკლები ვარ ქალობით თუ დიდებით?!

დაღონდა ბედის მომდურავი, გარნა მასთან ბრძოლის ვერ შემძლე თინათინი, მოდუნდა, სიცოცხლის ეშხი დაჰკარგა, მოქმედების ხალისი ჩაუჭკნა, თვითმოქმედების ძალა ამოუშრა; აჩრდილად რადმე გარდაიქმნა ქალი უსიცოცხლოდ.

დიდ ქალბატონსაც არ უამა ეს სასიამოვნო ამბავი. სასიძოს არ იწუნებდა იგი; ამ მხრივ მისი ოცნება სავსებით იყო დაკმაყოფილებული, რადგან უკეთესს იღბალს ქალისათვის თვით მოსიყვარულე დედის გულიც ვერ ინატრებდა. ვერც ქმარს უწუნებდა მოსაზრებას თუ შორს გამჭვრეტელობას. ისა სწყინდა მას, რომ ამისთანა სამძიმო საოჯახო საქმეში გადამწყვეტი ნაბიჯი უკანასკნელი მხოლოდ თვისით დაეჭირა ვაჟკაცს, მის დაუკითხავად.

- როგორ შეიძლება?! ქალს ათხოვებენ, დედამ კი არ იცის! მკვდარი ვარ თუ?! რითი დავიმსახურე უნდობლობა? იქნება რომელიმე საიდუმლო გავეცი, ან ხელი შევუშალე კარგი ჰაზრის განხორციელებას, ან უთავბოლო რამ რჩევა მივეცი როდისმე. ძალიან-გაზვიადდა მამია, აღარავინ ჰგონია თავისი სწორი, აღარავის რჩევას არა სთვლის საჭიროდ, თვით მეუღლის რჩევასაც კი, - ამბობდა ქალბატონი და ზედ აღარ უყურებდა ქმარს.

- რა გულზე მოდიხარ, შე ქალო ან რა დროს წყრომა არის? არ თუ მოგწონს ჩემი არჩეული სასიძო, ან იქნება უკეთესი გყავდა შეთვალიერებული.

- თუ მყოლოდა ვინმე არჩეული, შენც კი გეცოდინებოდა: ოჯახის საქმეში ცოლ-ქმარი, ვგონებ, ერთმანეთის კითხულნი უნდა იყვნენ, ყმაწვილო!

ნოშრევანის მდგომარეობა ხომ მთლად აუტანელი შეიქმნა. მას ის კი არ უკვირდა, რომ ბატონს ეფიქრნა თავის ოჯახზე და მარჯვედ მოეგვარებინა საქმე: ეს ბუნებრივი იყო და სასახელო; არც ის უკვირდა, რომ ბატონმა არ გაუზიარა მას თვისი დაწყობილება, არ მიიხმო იგი სავეზიროდ: მართალია, იგი თანაზრდილი იყო თინათინისა და თითქმის წევრი მამიას ოჯახისა, მაგრამ მაინც უცხო იყო, სხვა, და რად გაუზიარებდნენ სახლის საიდუმლოს ნოშრევანს ის უკლავდა გულს, რომ ქალმა მაშინვე უარი არა სთქვა გადაწყვეტილი და რყევა დააწყო; თითქო არ იცოდა, რა პასუხი უნდა მიეცა მამისათვის ერთადერთი და მტკიცე.

- სჩანს ქალის გული არ არის სავსებით სავსე, რაკი არ იწყინა იგი წინადადება, უარი არა ჰყო გადაჭრით! ყოვლად შეუძლებელი იყო სხვანაირად მოქცევა: აბა ჩემთვის შემოეძლიათ თუნდ კეისრის ქალი მზეთუნახავი და საბრძანებელიც კეისრისა, თუ ერთ წამს დავფიქრდებოდი და უარს არ ვიტყოდი საბოლოვოს. ის კი ყოყმანობს! სჩანს. წრფელი არ ყოფილა მისი სიყვარული, არც ძლიერი.

- ან კი რა გასამტყუნარია! ვინ მე, ვიღაც უთვისტომო თავადიშვილი, ვინ დიდი გურიელის ქალი, მზეთუნახავი! მაგრამ ის გულის გადასხნა უბრყვილო, ის აღთქმა, ის კოცნა? ეჰ, მხოლოდ ყმაწვილური გატაცება ყოფილა იგი უხანო, ჟინი რამ წამიერი.

და გაცრუებულმა იმედმა წელი მოსწყვიტა ჭაბუკს, მოადუნა, დაშრიტა მისი მძლავრი ძალა.

- იქნება დანამდვილებითაც იცოდა ქალმა თავისი მამის გადაწყვეტილება და თანახმა იყო მისი, ჩემთან კი მხოლოდ თამაშობდა თავს ირთობდა. შეექცეოდა; არ დაგიდევდა გულცივი, რომ იგი მისი გართობა მომაკვდინებელი იყო ჩემის გულისა, ჩემის სიყრმისა...

- არა! განა შეიძლება მაგისთანა სიბოროტემ დაისადგუროს მისთანა უმანკო ქმნილებაში?! ყოვლად შეუძლებელია! შეგირცხვა, ნოშრევან, ვაჟკაცობა, რომ ერთ წამს გაიფიქრე ეგეთი აუგი შენს სატრფოზე: ვერ გქონია წმინდა გული, ვერ ყოფილხარ ღირსი იმ უმანკოსი. ეგრე რომ ყოფილიყო, აღარც დააყოვნებდა ქალი და სიხარულით განაცხადებდა თავის თანხმობას. აგერ მეორე დღეა, რაც დესპანი აქ არას, ქალს კი ვერ დააჰხწიეს პასუხი: ალბად არის ძალა, რომელიც აფერხებს მის თქმას და გადაწყვეტილებას.

ეგონა ნოშრევანს, რომ ქალი აგერ მიიხმობს მას იდუმალ, განუზიარებს თავის ვულისთქმას და მისცემს ჰაზრს მოქმედებისას! მაგრამ გადიოდა დრო და ქალის მხრივ კი არაფერი ამბავი არა სჩანდა. არ იცოდა ჭაბუკმა, რომელ გზას დასდგომოდა ან რა მოეგვარებინა: ქალის უნებურ საქმეს ხომ ვერ დაიჭერდა. მისი სურვილის წინააღმდეგ ხომ ვერ წავიდოდა ხელქმნილი?!

არც თითონ ბატონი გურიელი იყო უკეთეს მდგომარეობაში. ცოლის წყრომა კიდევ ესმოდა: უნდობლობა განუცხადა მას და გაახელა. მაინც ადვილი მოსაგვარებელი იყო ეს: ეტყოდა. რომ სახელმწიფო საიდუმლო იყო აქ ჩარეული, მოუალერსებდა, გულს მოუგებდა დედაკაცს. გურიელს ის აწუხებდა, რომ ქალი უსიამოვნოდ შეეგება ამ სასიამოვნო ამბავს, ცივად, თითქმის უარით. ვერ გაიგო, რით იყო გამოწვეული მისი გულგრილობა. ნუთუ მეტს ბედს ელოდდა მისი ქალი?! სად უნდა ეპოვნა უკეთსი საქმრო?! სხვა მიზეზს კი ვერ ჰხედამდა მამია. არც ეძებდა. ჰაზრადაც არ მოსდიოდა, რომ მისი ქალი გულს შეაწყობდა რომელსამე მის ყმას თუ ქვეშევრდომს და თავს დაიმდაბლებდა.

ნოშრევანას დაღვრემილმა სახემ და სიჩუმემ ხომ მთლად გააცოფა ბატონი. ნეტა თუ რამ ჩაუთხრა გული ამ ხალისიან ყმაწვალს, რამ ჩააჩუმა? ლამის აგრძნობინოს შორით მოსულ სტუმრებს სასახლის უგემურობა. იმას რაღა საქმე აქვს მათ საოჯახო საკითხთან, ან რა კავშირი?!

დრო კი აღარ იყო არც რისხვისა, არც გულისწყრომისა, არც თუ მხილებისა. ყოველივე მოთმინებით უნდა გადაეტანა ბატონს, არაფერი ეგრძნობინებინა სტუმრებისათვის: მხიარულად უნდა ეჩვენებინა თავიც, სასახლეც. ბოღმა კი ყელში აწვებოდა, მზად იყო გადმოეხეთქნა ზავთს და წაელექა ყოველივე. გულში იტრიალებდა რისხვას გულმოსული ბატონი. ყველგან სარისტას აძლევდა, ყველას და ყველაფერს სიმხიარულის ელვარებით ჰღებავდა. მარტოდმარტო ახერხებდა ამას, უმეშველოდ, უმწეოდ. ომში არ დასჭირებია მამიას იმოდენა გამჭრიახობა, მოთმინება, მოსაზრება და მხნეობა. როგორც სჭირდებოდა ეხლა მას თავის ციხე-დარბაზში.

11

ლევან მეფის წიგნი მოართვა გურიელს თავად ქაიხოსრო მაყაშვილმა. შუახანს გადაცილებული კაცი იყო, ხშირ ჭაღარა შერთული, მსუბუქი ტანისა, ხმელ-ხმელი. წვერი მოპარსული ჰქონდა, ულვაშები ძირს დაშვებული. შუბლზე და საფეთქლებზე თმა გამოჰფენოდა კალმუხის წოწოლა ქუდიდან. მუქი ტანისამოსი ეცვა უბრალო. არცერთი ვერცხლის ფოლაქი არ ეკერა მის იარაღს თუ ქამარ-თასმას. წყნარი ქცევა ჰქონდა - ზრდილობიანი. პირველი შებედვით არავითარ განსაკუთრებით შთაბეჭდილებას არ ახდენდა იგი ადამიანზე, მხოლოდ მისი ჭკვიანი თვალები უნებლიეთ იპყრობდნენ ყურადღებას: წყნარი რამ სხივი გამოკრთოდა მის თვალთაგან, მომწვანო; იგი სხივი აციაგებდა საგანს, რომელს მიეპყრობოდა, გარს ეხვევოდა მას და თავისკენ იზიდავდა ძლიერად. ეს იყო განთქმული ვეზირი ლევან მეფისა, კაცი აუღელვვბელ-აუჩქარებელი, ღრმად მომფიქრებელი და ფრთხილი, ლევანის კარს დიდი პატივი ჰქონდა ამ კაცს დამსახურებული და სიყვარული.

სხვა მისი ოთხი თანამგზავრი ყმაწვილკაცები იყვნენ ახოვანნი, ვეფხვივით მოქნილნი, ლომივით მწყაზარნი და ამაყნი. სკლატ-ხავერდში ისხდნენ სხვადასხვა ფერში, ოქრო-ვერცხლით თუ თვალ-მარგალიტით ჰქონდათ მოჭედილი საჭურველ-სამკაული, პირს ღიმი გადაჰფენოდათ, სრული უდარდელობა თუ უზრუნველობა გამოსჩანდა მათ თავისუფალ მიხვრა-მოხვრაში და სიტყვა-პასუხში. ამათ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს ყველაზე, მეტადრე კეკლუცთა კრებულზე. ვინ მათგანი არ მიაპყრობდა ნდომის თვალს ამ ალვის ხესავით ლაღად ასულს და მშვენიერ ყვავილებად გადაფურჩქვნილ ჭაბუკებს?!

გურიელმა მიუჩემა მათ საუკეთესო ბინა და საგანგებო მსახურნი თუ შემაქცევარნი; მეფურად განუსვენა მათ. ქალის ნახვა და დარბაზობა მესამე დღისათვის დაინიშნა. უფრო ადრე შეიძლებოდა დარბაზობა, მაგრამ უნდოდა ხანი მოეგო, რომ განეფანტა ის უსიამოვნო ბურუსი, რომელიც ჩამოწვა სტუმართ მოსვლისთანავე მის ოჯახში და სევდის რამ იერი დასდო მას.

მესამე დღეს გამართა გურიელმა მეჯლიში და საჯაროდ გამოაცხადა თავისი ქალის დანიშვნა კახეთის მეფე ლევანზე. ბევრი ხალხი არ იყო სასახლეში, გარნა საუკეთესო წარმომადგენელნი იყვნენ მისი საბრძანებლისა, ქალი თუ კაცი. ეს კოხტად და ფაქიზად გამოწყობილნი რჩეულნი, სიცოცხლით და მოძრაობთ სავსენი. დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდნენ ადამიანზე. ძალიანაც მოეწონათ იგინი კახელებს.

გამოიყვანეს თინათინი. წარსდგა წინ ქაიხოსრო, წარსდგნენ ცოტა ჩამოდგომით სხვა კახელებიც. მაყაშვილმა ერთს წამს მუშტრის თვალი გადაავლო ქალს, აწონ-დაწონა მისი ნაგებობა, ნაკვთი თუ ელფერი და სიამე გადაეფინა სახეზე. სხარტი ქალი იყო წვრილად ასული; მისი წელი მუჭაში დაიჭირებოდა: ცოტა სუსტი მოჩანდა მინაზებული, მაგრამ ეს იმითიც აიხსნებოდა, რომ ნორჩი იყო, ჯერ ისევ ჩვილი. ქაიხოსრომ თაყვანისცა ქალს, როგორც დედოფალს უკვე სამეფო ტახტზი მჯდომს და ხოტბა შესძღვნა მას: იმ თინათინს დაადარა ეს თინათინი, უკვდავ მშვენების და სათნოების განხორციელებას, გამოიღო უბიდან კოლოფი, ამოიღო ბეჭედი და ცალ მუხლზე დაყრდნობილმა ააცვა ქალს თითზე.

- სადედოფლო ბეჭედი გახლავსთ ეს: დიდებული ხელმწიფე კახეთისა ლეონ მოგიძღვნით ამ წინდს, ნიშანს სიყვარულისას - მოახსენა ქაიხოსრომ.

სხვა მოსულებმაც თაყვანისცეს დედოფალს და უკუდგნენ, ყველამ მიულოცა ბატონიშვილს. ქალმა უთქმელად მიიღო ბელგა, მის სახეზე არავითარი მკაფიო და განსაზღვრული გრძნობა არ აღიბეჭდა, არც სიხარული, არც სიმძიმილი.

იქ იყო ნოშრევანიც. უნდოდა მოჰშორებოდა იქაურობას, გადაკარგულიყო სადმე, მაგრამ იდუმალი რამ ძალა იკავებდა, კიდე რაღაცა იმედი ჰქონდა: ვერ წარმოედგინა, რომ ქალი ესე უბრძოლველად უარჰყოფდა მას. გასწირავდა საბოლოვოდ.

- იქნება სწორეთ ამ დარბაზობის დროს განაცხადოს თავისი გულისთქმა, ან მიბრძანოს რამე ისეთი, რომ მიიმართებოდეს ჩვენი საერთო სურვილისაკენ, - ფიქრობდა ვაჟი.

და გაჰკვირდა, მთლად გაოცდა, როცა ქალმა წარბშეუხრელად მიიღო ნიშანი და დედოფლური თაყვანისცემა. ეხლა კი მთლად მოესპო იმედი, დაუბნელდა თვალთ და გავიდა დარბაზიდან უიმედობის ზღვაში განუვალ-განუკვალავში.

თავის ოთახში იჯდა სევდამორეული ნოშრევანი, როცა მხევალმა გადასცა უსტარი თინათინისა. ქალი უბრძანებდა, არსად წასულიყო, დასწრობოდა მეჯლიშს, არ დაეტოვებინა იგი ამ მისთვის ძნელს ჟამს. განცვიფრდა ვაჟი. უნდა შეეგნო ქალის ჰაზრი საიდუმლო, განეჭვრიტნა იგი გონების თვალით, მაგრამ ვერ შესძლო. აღარც ეცალა საფიქრებლად: კვლავ ეპკურა იმედის ნამი უსასოქმნილს მის გულს ჩაშავებულს და გამოცოცხლდა იგი, კვლავ გაღაღანდა, სურნეელოვან ყვავილად გარდაიშალა.

დაესწრო ნოშრევანი მეჯლიშს. მოიმხიარულა. გულს დარდი ეფონა: ეგონა, ქალმა მოიფიქრა საკეთილო და რამე მტკიცე გარდაწყვეტილებას ამცნობდა მას, გარკვეულ გზაზე დააყენებდა. პირველში კიდეც განუცხოველდა ვაჟს ეს იმედი: შეატყო, მისმა სიახლოვემ გაამხნევა და გაამხიარულა ქალი. მაგრამ ბოლოს ისევ ასცდა მას ქალის თვალთა ისარი: აღარ მიჰხედა ქალმა მას, მთლად აარიდა თვალი დარცხვენილმა. ამან ისევ ჩაუქრო მას მხიარულობა, გაუგებარ მდგომარეობაში ჩააყენა იგი.

გაუგებარი კი არა იყო რა აქ: უკანასკნელ ნაბიჯის გადადგმის დროს ქალის გულმა ერთი კიდევ გაიბრძოლა ძალუმად; ამცნო, აგრძნობინა ქალს, რომ იგი თავის ტკბილ ბედს თავისსავე ხელით აშთობს და უკუაგდებს. ეს იმ ჟამს მოხდა, როდესაც სადედოფლო ბეჭედს უკეთებდნენ ხელზე. ქალმა მიიხედა ნოშრევანისკენ, შენიშნა სასოწარკვეთილება მის სახეზე და ამ წუთს ისე ცხადად წარმოუდგა თვისი პირველი სიყვარული მრთელის თვისის სინაზით, ისე დაენანა იგი მისგანვე უარყოფილი საუნჯე, რომ გადადგა ეს გაბედული, გარნა უკვე მიზანშეუწონელი და უდროვო ნაბიჯი და მისწერა ჭაბუკს წერილი. იგი წიგნი უკანასკნელი მოძრაობაღა იყო ქალის გრძნობისა ნოშრევანისადმი მიმართული, უკანასკნელი გაშუქება ჩასაქრობად მიწურულ გრძნობათა ნაპერწკალისა. ქალმა აკი ბოლოს იგრძნო კიდეც მთელი ამაოება თვისის მოქმედებისა, მაგრამ გვიანღა იყო.

იმედგაღვიძებული ნოშრევანი რომ ამოუდგა სასახლეში კახელ სტუმრებს გვერდში, ისე დაამშვენა ისეც ეშხიანი მათი ჯგუფი, როგორც კოკობმა რამ ყვავილმა საუცხოვომ საგანგებოდ შეთხზილი თაიგული. იშვებდა და იხარებდა ნოშრევანი ბედნიერი, ამაყად აეღო თავი და ლაღად მიმოიძროდა. დედოფლის წერილი ედვა უბეში სანუგეშო და თავი ხელმწიფე ეგონა რჩეული, რა იცოდა, რომ ხავსს ეჭიდებოდა დაღუპვად განმზადებული, უკვე ძლეულის გრძნობისაგან მისკენ უღონოდ გადაგდებულ ხავსს! ქალის ზვიად სულში უკვე ჩამჭკნარ-ჩამკვდარიყო გრძნობა იგი ნაზი; უკვე უარ-ეყო მას ღმერთი ტრფობისა და შესდგომოდა ღმერთს ელვარეს დიდებასა,შესწირვოდა მას, თაყვანსა სცემდა.

- სრულებითაც არ ირჩევა ნოშრევანი ამ ახალგაზრდებისაგან, არც ვაჟკაცური მშვენებით, არც ნარნარი ქცევით, არც სიმღერისა თუ ლაღობის უნარით! გარნა ვინ არიან ესენი? მხოლოდ მხლებელნი ლევან მეფის დესპანისა! ნოშრევანიც მხოლოდ მხლებელია, ქვეშევრდომი.

რწმუნდებოდა ქალი, რომ მისი მამისაგან ბრძნულად არჩეული საქმრო სწორედ შესაფერი იყო მისი, ვინც თვით ღვთისაგან დაწესებულა დიდებულ დედოფლად მორჭმით მჯდომარე.

- მაშინ შენც დამშვიდდები. გულო ბეჩავო! მაშინ შენც მიჰხვდები, რომ ჭეშმარიტს სიტკბოებას, შენს შესაფერ სიამოვნებას მხოლოდ ზეამაღლებულ ტახტზე ჰპოვებ, ბრწყინვალე აღმატებით გარემოცული! - ანუგეშებდა ქალი გულს.

მაგრამ გულს ისრად ესობოდა ცივი ნუგეში და იკუმშებოდა დალახვრული. ცხადად ჰხედავდა იგი, რომ ნოშრევანის გარეშე არ არსებობდა მისთვის არც სიხარული, არც ნეტარება. ვაი, რომ ვერ გამოეთქვა საწყალს ის თვისი განცდა, ვერც ემცნო დიდებით თვალაბმულ ქალწულისათვის.

12

ყველა ეს ამბავი: ლევან მეფის დესპანის მიღება, ქალის დასახელება კახეთის დედოფლად, მეჯლიში და მხიარულება ამ ამბის გამო, ყოველივე ეს მოხდა ჯერ ისევ გაზაფხულზე გურიელის სრა-სასახლეში, ოზურგეთს. ამის შემდეგ გამობრძანდა ბატონი გურიელი თვის მეორე სასახლეში, ზღვის პირას. მაგრამ ალამბარში მხიარულების ანგელოზი არ დასტრიალებდა გურიელის ოჯახს, გულჩათხრობილი იყო მთელი სახლი. ბატონიშვილი თინათინის მდგომარეობა ჯერ კიდევ გამოურკვეველი იყო და ეს იყო მიზეზი, რომ სასახლიდან განდევნილი იყო მხიარულება და ქალის წაყვანას, ამ საამო და სალხინო საქმეს ისე მოელოდნენ, როგორც სამძიმოს.

დიდი ქალბატონი აღარავის ემდურებოდა ეხლა, რადგან უკვე ჭკვაში დასჯდომოდა დიდებული სასიძო; იგი გულში კიდეც აქებდა თავის ქმრის მოაზრებულ ნაბიჯს და საქმის მოხერხებულად მოწყობას, ის მთლად შეჰრიგებოდა იმ გარემოებას რომ ეს კარგი საქმე. უიმისოდ დაიჭირეს. მაინც ხომ ყოველთვის მოწიწებით იხრიდა თავს თავის ქმრის ჭკვისა და გამგეობის წინაშე. მაგრამ თინათინი მაინც ვერ გაემხიარულებინათ: არ ისმოდა სასახლეში მისი წკრიალა ხმა. თუ სიმღერა, აღარ დაცქრიალებდა დარბაზებში, აივანზე, წალკოტში; აღარც თარს ახლო ხელი, კეკლუცად მოოჭვილ თარს კეთილხმოვანს; აღარც ტოლ-სწორი გაიკარა ახლოს; გული არ მისწევდა დაეთვალიერებინა თავისი მზითევი, მკერავი ქალები რომ ამზადებდნენ დიდის მხიარულობით და სიცილ-თქართქარით. სასიამოვნოდ კი დარჩებოდა ბატონიშვილს, რომ შეეხედნა ფართე ოდაში, რომელიც ეხლა სამკერვალოდ იყო გარდაქცეული: ნაირნაირი ფარჩა, ათასნაირი ბაბთები, ზონრები, ფუნჯები; ტაბაკებით მძივი, კილიტა, კნეთელი, თვალმარგალიტი, ველის ყვავილებივით გაფურჩქვნილი მკერვალი ქალები და მათი ლაღობა, ოხუნჯობა, ხუმრობა, ღიმილ-სიცილი. სწორედ სასიამოვნო რამ იყო, მიმზიდველ-გამახალისებელი: მაგრამ გული დაჰხუროდა თითონ დანიშნულს და ვეღარ ახარებდა მას ეს ყველაფერი, ვერც ასიამოვნებდა. გარეშენი კი ქალის უზომო სიამაყეს აწერდნენ ამისთანა მის მიუკარებელ ქცევას და სრულებითაც არ მოსწონდათ, რომ ესე მალე ხელმწიფურად გაზვიადებულიყო იგი.

- ძალიან ამაყად უჭირავს თავი, სწორედ მეფურად.

- აღარავის კადრულობს, აღარც არავის ყურადღებას აქცევს!

- თუ დიდი საუნჯე აქვს ი კათხა მეფეს, მაშ ის რაღა იყო, რომ ნიშანში მხოლოდ ერთი ბეჭედი მოართვეს.

- შე თვალდამდგარო! ის ერთი ბეჭედი თურმე ერთ ქალაქადა ღირს.

- აკი მოახსენა ლევან მეფეს ელჩმა, სადედოფლო სამკაულს მაშინ მოგართმევთ, წასაყვანად რომ გიახლებითო. ეს მხოლოდ ბელგა გახლავსთ, დასტურის აღმნიშვნელიო.

- ახ, როგორ წყნარი და პატიოსანი კაცი სჩანდა ი მაყაშვილი!

- მე მასთან მოსულნი უფრო მომწონდნენ, მისი მხლებლები.

- სუყველანი?

- არა, მე იმას ავირჩევდი, წითლებში რომ იჯდა. რა ხმა ჰქონდა! ყურთა სმენა მომტაცა დალოცვილმა.

- მე კი მწვანით მოსილი უფრო მომდიოდა თვალში. ნახე, რა ბეჭები ჰქონდა შავ ბიჭს! სწორედ, ამირანი იყო, შავი ღრუბლის მზგავსი.

- არა, გოგოჯან! ყვითლით მოსილი ყველას სჯობდა. ახ, როგორ მშვენივრად უღიმოდა ლურჯი თვალები!

- იასამნის ფერს რაღა უჭირდა? ნახე, როგორ მსწრაფლ დაიმორჩილა ბატონის მერანი. რომ შემოახტა და ლაგამს მოსწია, მთლად გასწურა ბედაური, აათრთოლა. ლომს უგვანდა მაჯა, ვენაცვალე!

- ნოშრევანს რაღა უჭირდა, ბეჩავ! არც ერთს არ ჩამოუვარდებოდა. სიმღერაში და სიმხიარულეში კიდეც დასჭარბა.

- აჯობა კი არა! რა ბრძანებაა!!

- მართლა და ძალიან მხიარულად იყო ნოშრევანი, სწორედ თავი მოიგიჟიანა.

- ეხლა კი დაღვრემილია. თავ-პირი ჩამოსტირის, კრიჭა შეჰკვრია, ერთხელაც არ გამოგვხედავს, არც გამოგვეხმაურება.

- ალბად სწყინს, რომ ბატონიშვილი უთხოვდება: ვისი რაინდიღა იქმნება ეხლა და ვისი მცველი?

ამბობდნენ მკერავი ქალები, ლაყბობდნენ, ქათქათებდნენ. ის კი არ იცოდნენ ენამოქარგულებმა, რა ცეცხლი სწვავდა საწყალ ნოშრევანს, რა ბარდებში გაბმულიყო ძნელ სავალში და როგორ უწყლავდა, ულახვრავდა მას გულს ეკალთა დასი. მაინც ეხლაც ისევ ვაჟკაცურად ეჭირა ჭაბუკს თავი: ყველაფერში ისევ ისეთს ერთგულობას იჩენდა დიდის ბატონის კარს, როგორც უწინ, ყველას წინანდებურად პატივსა სცემდა უკლებლივ, გარნა ამას ასრულებდა შეუგნებლად, უგრძნობელად, ჩვეულების ძალით: მისი გონება თუ ნებისყოფა მისჩერებოდა ერთ გამოურკვეველ რამ მოლოდინს საბედისწეროს, რომელსაც შეეპყრა და გაექვავებინა მისი არსება, იგი ელოდდა ქალის სიტყვას, თინათინის თქმას. რა იცოდა ბეჩავმა, რომ ბატონიშვილს მასთან არაფერი აღარა ჰქონდა სათქმელი, სრულებით აღარაფერი! აი წეღანაც, სანამ ბატონის მხლებლებს ჩაუდგა სათავეში, ჩვეულებისამებრ აირბინა აივანზე და ბატონიშვილს მისცა სალამი, რიდეს ფოჩი დაუკოცნა და თან თვალი მიაპყრო მოლოდინად გარდაქმნილმა. ქალი შეკრთა მის მიახლოვებაზე, გარნა სიტყვა კი ვერ დასძრა, ვერაფერი უთხრა ვერც სანუგეშო, ვერც დასაწველი, ან რაღა ჰქონდა სათქმელი, როდესაც აჰყოლოდა ცხოვრების ძლიერ დენას, რომელიც მიაქანებდა მას უგულო დიდებისაკენ, იქით, სადაც უნდა ეპოვნა ბედისაგან მისთვის განმზადებული ბრწყინვალე შარავანდედი დიდებისა?!

აივნიდამ რომ ჩამოირბინა ნოშრევანმა, მას მუხლებზე მოეხვია შეძრწუნებული მეჯინიბე გურიელისა და შესთხოვა დახმარება, რადგან უსათუოდ დაატყდებოდა ბატონის რისხვა, მაგრამ ნოშრევანმა მხოლოდ სიტყვებს მოჰკრა ყური, ვერ კი მიხვდა მათში ამონაკვნეს ძრწოლას: იგი სავსებით სავსე იყო თავისი საკუთარი სევდით და მის გარეშე სხვა რამ ვეღარ შეეგნო, ვერც გაეზომა.

13

ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ კიდევ მიჰმართა ქალმა ნოშრევანს, როგორც თავის ერთგულს და ერთადერთ მისანდომელ ადამიანს, უფრო მისანდომელს, ვიდრე თვით მამა იყო მისი ან ძმა. ჭაბუკმაც ისე მარჯვედ და მოსწრებულად შეუსრულა მას სურვილი, რომ სწორედ ასიამოვნა ქალწული.

თინათინისთვის მზითევს ამზადებდნენ საუკეთესოს: ცოტას, გარნა რჩეულს, სწორედ მეფურს და სადედოფლოს. სხვათა შორის საჭირო იყო მხევალიც, მოახლეები და მოსამსახურეები კი არა, ესენი საკმაოდ იყვნენ, რადგან მათ ყმათაგან ირჩევდნენ ხოლმე, არამედ მხევალი ნაყიდი, ყურმოჭრილი, სწორედ საუცხოვო კი უნდა ყოფილიყო იგი მხევალი. უცხო ქვეყნისა, ძვირფასი, ძვირად ნაყიდი. ბატონს გურიელს დავალებული ჰქონდა სანაპიროების მცველთათვის არც ერთი ხომალდი არ გაეშვათ გაუსინჯავად და თუ ჰპოვებდნენ ამისთანა საგანგებო ტყვეს გასასყიდს, უთუოდ ეცნობებინათ მისთვის. მოახსენეს გურიელს: ქობულეთის ნავსადგურში ხომალდი მოვიდა ალექსანდრიიდან და სწორედ იმისთანა ქალი მოიყვანა ტყვედ, რომელიც გამოდგება სამზითვოდაო. იმ ერთის მეტიც აღარ იქნება საჭირო, ათს ქალსაც უდრისო.

გურიელმა გაგზავნა თავის მოლარეთ-უხუცესი, რომ გაესინჯა ტყვე და ეყიდნა კიდეც, თუ მოეწონებოდა. რომ გადასხნეს ჩადრი და მუშტრის წინ დააყენეს შიშველი ქალი, მოლარეთ-უხუცესი განცვიფრდა უნაკლულო სანახაობით და უნებლიეთ ხელა შეახო. მითომ უფრო დაკვირვებით გასასინჯად. ქალმა ზიზღით შეხედა კაცს და შეაჟრჟოლა მკერდიდან სურათ წვივებამდის, თითქო რამ ქვემძრომი შეეხოვო ლორწოიანი. სწორეთ ფოლადისაგან იყო ჩამოსხმული მთელი მისი ნორჩი ტანი, ნიჭით ცხებულ მექანდაკისაგან ჩამოყალიბებული. ექვსი კოლხიდური ტყვე მოითხოვა ამ ქალში სოვდაგარმა, ფული არ ინება. მოლარეთ-უხუცესს მოეწონა ეს წინადადება: ფულის გაღება მას ყოველთვის ეძნელებოდა, გასასყიდი ტყვეები კი კიდევ ჰყვანდათ: ომიდან მორეკეს იგინი და კიდევ დარჩენილიყო ხუთი. საჭირო იყო მხოლოდ მეექვსე ეგულვათ სადმე.

გურიელს რომ მოართვეს ქალი, მთლად კმაყოფილი დარჩა და ნასიამოვნები. მოლარეთ-უხუცესმა რომ მოახსენა მეექვსე ტყვეც უნდა ვიშოვოთო, ბატონმა არ გასცა მას პასუხი. მხოლოდ ისეთის გაკვირვებით შეხედა, რომ ვაჟკაცს ენა ჩაუვარდა მუცელში. ქალებსაც ძალიან მოეწონათ ტყვე. იგი კი კრთებოდა, თრთოდა, კუპრის მორევივით თვალებს აფეთებდა, ცეცხლს აკვესებდა.

- რათა აქვს ხელები შეკრული? - იკითხა ბატონიშვილმა თინათინმა.

- გამწარებულია, ბატონო, საშიში: სოვდაგრისათვის ყელში წაუჭერია დასახრჩობად, ზღვაშიც გადამხდარიყო ხომალდიდან.

ქალმა ბრძანა ხელები გაეხსნათ ტყვესათვის. მერმე მივიდა და რაღაც უნებლიეთი მოძრაობით ხელი გადუსვა ლამაზ თმაზე, რომელიც აჰბურძგნოდა ბეჩავს. თვალცრემლმოსულმა ტყვემ მკლავი დაუკოცნა ბატონიშვილს. გურიელი დინჯად შეჰყურებდა ამ ამბავს, თან ყალიონს შეექცეოდა.

- ექიმბაშო! - შესძახა ბატონმა.

- აქ გახლავარ, მოწყალეო ხელმწიფევ!

- გასინჯე ტყვე! ავადმყოფობა ხომ არა აქვს რა, ან ნაკლი. ექიმმა გასინჯა ქალი, მაჯა უნახა, დაათვალიერა.

- თვით ჯანსაღობაა განხორციელებული და სიმშვენიერე!

- რომ მშვენიერია, ამას ჩვენც კი ვხედავთ, შე კაცო, შენ ჯანმრთელობა მითხარ!

- შემინდეთ, ბატონო, ვერ მოვითმინე არ შემექო:

- კეთილი!

- შვილო თინათინ! ეს ნასყიდი ტყვე შენთვის მომირთმევია, შენი საკუთარი მხევალია, ყურმოჭრილი. ვერა მგონია თვით დიდებულმა კახეთის მეფემ, ჩემმა სიძემ, წუნი რამ დასდოს მაგას, უთხრა გურიელმა ქალს და მიუბრუნდა ექიმს;

- ექიმბაშო, აასრულე წესი და შეათალე მაგ ქალს ყური! ხომ არ გაურჯულდება იარა?

- სამ დღეზე მოურჩება, ბატონო, სამ დღეზე! - მიუგო ექიმმა და გახსნა აბგა, სადაც საექიმო იარაღი თუ წამალი ჰქონდა შენახული.

ტყვე მიხვდა, რასაც უპირებდნენ და შეძრწუნდა. იგი მოეხვია ბატონიშვილს მუხლებზე და ვედრებით მიაპყრო მას თვალები.

- არა, არ შეიძლება! - შესძახა თინათინმა ექიმის მიახლოვებაზე, - რახან ჩემია, ჩემს ნებაზე უნდა იყოს, როგორც მე მესიამოვნება. როგორ შეიძლება ამის დასახიჩრება!!

- არა, ქალო, ეგეთი კანონია და წესის შეშლა არ შეიძლება. ეგ მხევალია ნასყიდი და ყური უნდა ჰქონდეს მოჭრილი ამის ნიშნად! - ბრძანა ბატონმა და შუბლი შეიკრა.

- სჯობია მომკლა! - სთქვა ქალმა და ხელი გადააფარა ტყვეს თავზე.

- როგორ შეიძლება, ჩემო ბატონიშვილო და დედოფალო, მაგის დასახიჩრება! მაგრამ წესს მაინც ნუ მოვშლით: მე მხოლოდ წრეს შემოვავლებ ყურს უკან, ცოტა სისხლს გადმოვადენ და შესრულებული იქნება ჩვეულება, -მოახსენა ექიმმა ქალს.

- კი, ჩემო ხელმწიფევ, ესრე ემჯობინება! - მიჰმართა მან გურიელს და თვალი თვალში გაუყარა.

ქალმა შენიშნა ეს შეხედვა და ვერ ენდო ექიმს, მაინც არ მიუშვა იგი ტყვესთან. გურიელი სდუმდა, შუბლი თანდათან ეჭმუხნებოდა, შავი ღრუბლები ხშირდებოდა მის სახეზე და მოახლოვებულიყო წუთი მეხისტეხისა, როცა გამოჩნდა აივანზე ნოშრევანი.

სასოწარკვეთილმა თინათინმა მიჰმართა მას ვედრებით:

- აი ამ საბრალო ტყვეს ყური უნდა მოსჭრან და მე არ მინდა, მამა თანახმა ბრძანდება შემოსერონ ყური ნიშნად წესის აღსრულებისა.

- წყალობა მოუღია მაგაზე ბატონს და რაღა გაწუხებს, ჩემო ხელმწიფევ!

- ვერ ვენდობი ექიმს: იგი სწორედ მოათლის ყურს. შენ შემოსერე!

- ბატონი ბრძანდები! - მიუგო ჭაბუკმა, ამოიძრო ხანჯალი და შემოსერა ყური თვალის დახამხამებაზე, წითელი ძაფივით შემოარტყა სისხლის წრე.

- მე მეგონა ხანჯალი მხოლოდ მტრის გასაგმირად გერტყა წელზე და თურმე ქალის სისხლსაც არ ერიდება შენი მახვილი. უთხრა გესლიანად გურიელმა.

- ჩემ ხანჯალს რომ ეხალისება მტრის სისხლში ცურვა. ეს ჩემს დიდ ბატონს თითონ მოეხსენება, და მას რომ ეგრევე ემარჯვება უმანკო ქალის დაცვა სიკვდილისაგან, ესეც ეხლა ნახა მასმა ბედნიერმა თვალმა!

- მხოლოდ მხევლის გადარჩენა ყურის მოთლისაგან ნოშრევან ჩემო! - მიჰმართა ექიმმა.

- მშვენიერი ქალისთვის, ჩემო ექიმბაშო, დასახიჩრება იგივე სიკვდილია, - მიუგო ნოშრევანმა და გაჩერდა მოწიწებით ბატონის შორი-ახლო.

თინათინს ძალიან მოეწონა ამ წამს ვაჟკაცი და მისი ქცევა თუ თქმა. ქალის გულმა შენიშნა ეს, აიმაღლა ხმა, შეემუდარა ქალს ღირსეულად შეეფასებინა ამ ღირსი ჭაბუკის სიყვარული, ესმინა ხმა სპეტაკის გრძნობისა. ქალმა ერთხანს თითქო უსმინა გულს, მაგრამ, მხოლოდ ერთს წამს, ერთს წუთს!

- ნოშრევან! - მიმართა გურიელმა ჭაბუკს, -დრო არ არის წასვლისა?

- ყველაფერი მზად გახლავსთ, ჩემო ხელმწიფევ! - მოახსენა ჭაბუკმა და გატრიალდა ბრძანების გადასაცემად.

ბატონი შებრუნდა შინ და მცირე ხნის შემდეგ ისევ გამობრძანდა გამოწყობილი, მოართვეს ცხენი. ბატონმა მზირი თვალი შემოავლო ცხენს, მაგრამ მის დაბზინებულ ტანზე ვერ იპოვა ვერც ერთი ლაქა. თუ ჭუჭყი. ამოიღო აბრეშუმის თეთრი ხელსახოცი და ყურში გამოუსვა ცხენს. ჭუჭყი რამ ამოჰყვა ხელმანდილს. ბატონმა ზიზღით გააგდო ხელიდან ქსოვილი და შებრძანდა რაშზე. მეჯინიბე ადგილობრივ გაიწურა შიშით.

- სახლთ-უხუცესო! ჩაჰგვარე ის ხუთი ტყვე სოვდაგარს! ე მეჯინიბეც გაიყოლე თან! - ბრძანა ბატონმა და გაემართა.

სახლთ-უხუცესმა მშვენივრად გაიგო ბატონის სიტყვა და ბორკილებით შებოჭილ ხუთ ტყვეს მეჯინიბე წაუმატა ნასყიდ მხევლის საფასში.

14

ამ შემთხვევამ მცირედ ჟამს ააფერადა ის ერთგვარი, გამოურკვეველი უკმაყოფილების ბურუსით მოცული ცხოვრება, რომელიც გამეფებულიყო კეკლუცსა და მხიარულად გადმომდგარ ალამბაში. ესეთი სევდის ჯანღი ჩამოწვა გურიელის ოჯახში კახეთიდან. მოსულ სამხიარულო ამბის შემდეგ, იმის აქეთ, რაც დიდებულმა გურიელმა დანიშნა თავისი ქალი კახეთის მეფე ლევანზე, ყველაზე მეტად სანუკვარ სასიძოზე მთელ მაშინდელ საქართველოში. ეს საშინელი ამბავი ბინდივით ჩამოწვა ამ სამხიარულოდ შექმნილ თვალთწარმტაც სასახლეში და განკვირვებაში მოჰყვანდა გარემონი. როგორ არ უნდა გაჰკვირვებოდათ, როცა ამისთანა სასიამოვნო ამბავზე უბრალო ოჯახებშიც კი სიმხიარულე დაიბანაკებს ხოლმე და კმაყოფილება?! აქ კი განდევნილიყო ნათელი ღიმილი, კაშკაშა სიცილი, სამოთხის სიამის მაგებელი; მოსპობილიყო საამო შექცევა, ტკბილი ღიღინი, ფერადი თქმა მსუბუქფრთიანი; გამოუთქმელ რამ დარდს გუნება მოეშხამა სასახლის მცხოვრებთათვის და სიცოცხლე ჩამქრალ აჩრდილებად გარდაექმნა სისხლხორცით სავსე, მარადმოძრავი, მარად მომღერალ-მოცეკვავე ხალხი ხალისიანი.

დრო კი მიდიოდა შეურყეველ-შეუფერხებლად და მიაქანებდა მარადისობის განუჭვრეტელ არარაობისაკენ ცხოვრების სიხარულს თუ სიმძიმილს, ოხვრას თუ სიცილს, სულთქმას თუ ხარხარს. აგერ მიიწურა ზაფხული და მოვიდა ბატონიშვილი თინათინის წაყვანის დრო მის ახალ ოჯახში, ახალ საბრძანებელში, ახალ თანამგზავრთან ცხოვრებისა, ახალ მეგობრებში თუ მეკობრებში, თაყვანისმცემლებში თუ უარმყოფლებში. მზითევიც მზად იყო, ყოველი თავდარიგი დაჭერილი. საქორწილო ხალხიც მოიწვიეს: მისწერეს იმერთა მეფეს, ქართლის მეფეს, აფხაზთა მფლობელს; დადიანსაც კი აცნობეს და მიიწვიეს მისი ქალი თამარი, როგორც თინათინის დად-შეფიცული, რითაც ასიამოვნა და გააკვირვა მამიამ თავის აქამომდე მტერი დადიანი.

რაც ხანი გადიოდა, იმდენად აუტანელი ხდებოდა ნოშრევანის მდგომარეობა: ქალისგან უარი არ მიეღო გადაჭრილი, მთლად გადაწყვეტილი; კიდევ ეტყობოდა ქალს, რომ გულიდან არ ამოეღო ჭაბუკი, არ ამოერეცხა მისი სახე და საამო ხსენება: ეტყობოდა ქალს, რომ რაღაც მძიმე ფიქრსა ფიქრობდა იგი. და ეგონა ბეჩავ ჭაბუკს, რომ გეგმას რასმე უდგენს მას მოქმედებისას, სურვილთა მისაღწევად ხელსაყრელს.

- აგერ მიუწოდებს მზეთუნახავი თვის ბუმბერაზს, ამცნებს სახეს მოქმედებისას, მოითხოვს საქმეს საგმიროს და აღუთქვამს ჯილდოდ თვის თავს შეუდარებელს, თვის სიყვარულს ცხოველმყოფელს! მაშინ ნახავს თინათინ, რა უნარის ვაჟკაცია მისი გმირი, მისგან რჩეული; როგორის სიხარულით შეეწირება მსხვერპლად მის სურვილებს, ნოშრევანისთვის უწმიდეს მის გულის თქმასა!

ელოდდა ვაჟკაცი ქალის სიტყვას, ელოდდა გულ გადაღლილ-გადალეული, უსასო ქმნილი, უიმედობის კარამდის მიწურული, მარად მღელვარე, ტანჯული მწარედ.

ლოდინი? სატრფოს სიტყვის მოლოდინი? - ჯოჯოხეთურ წამების სახეა სააქაოს მოვლინებული!

მოლოდინიც აღარ შეიძლებოდა ეხლა, აღარც ცდა: მთლად მიიწურა დრო და ან უნდა მოენახა გზა რამე ხსნისა, ან მთლად მიენებებინა თავი ამ საქმისათვის, თუკი შესძლებდა. ამ მდგომარეობაში მყოფმა ჭაბუკმა რამდენჯერმე გაბედა და ჩახედა თვალებში ქალს, მაგრამ ვერაფერი ვერ ამოიკითხა მათში, ვერ შენიშნა შიგ ვერც ნექტარი სიცოცხლის მომნიჭებელი, ვერც გესლი უარყოფისა მომაკვდინებელი. გაჰშრობოდნენ ქალწულს თვალნი, ჩაჰქრობოდნენ, ძალა დაჰკარგოდათ მეტყეველებისა, გრძნობათა ჩამომკვესებელი ძალა ცხოველი. ჩავარდა ჭაბუკი ძნელ საგონებელს.

- ეტყობა, ქალი ვერ ჰბედავს რაიმე ნაბიჯს გადამწყვეტს, მე კი ვიცდი და ველი მისგან ბრძანებას. მოვლენ, წაიყვანენ, გაიტაცებენ ჩემს სიცოცხლეს, უიმისოდ ხომ ვერ შევსძლებ ცხოვრებას, რადგან იგია ჩემი სულისდგმა. აღარ შემიძლიან მეტი გავიტაცებ!

- მაგრამ რომ არ მოისურვოს? რომ ეწყინოს? ვეტყვი და თუ უარს მეტყვის. მაშინ ცხადი იქნება ჩემი გზა, ნათელი: მოვსპობ ჩემს თავს! ეჰ, შე საწყალო. ჩემო თავო! შეეტრფე ბატონიშვილს და რის იმედით? არც ისეთი არწივი იყავ, მზისთვის გემზირა პირდაპირ და თვალი არ მოეჭრა მას შენთვის, არ დაებრმავებინე.

მაინც ქალის გატაცების ჰაზრი აღარ მოეშვა მას, გაიზარდა იგი, გაძლიერდა და დაიმონავა ვაჟის გონებაც და ნებისყოფაც. სხვა გზა არ იყო! მაშ ხომ არ დაჰმორჩალდებოდა ბედს და მაყრად არ გაჰყვებოდა თავის სატრფოს?!

მოვიდა კაცი, კახნი უკვე მოახლოვდნენო გურიის სამზღვრებს. ბრძანა ბატონმა, რჩეულნი გაეგზავნაო მათ შესახვედრად. ნოშრევანიც უნდა ყოფილიყო მათ შორის, რადგან მასზე უკეთეს და მახლობელ კაცს ვერ ნახამდნენ იგინი. საღამო ხანი იყო, როცა მიაჭენა ნოშრევანმა ბედაური სასახლის აივანთან, გადმოხტა და ავიდა სასახლეში. შეიარაღებული მისი მხლებლები ეზოს გარეთ შედგნენ ცხენდაცხენ. ნოშრევან საომრად იყო გამოწყობილი. ჯაჭვი ეცვა. დარბაზში რომ შევიდა, მუზარადი მოიხადა და მიესალმა დიდ ბატონს.

- ეხლავე მიდიხარ? აკი დილაზე უნდა წასულიყავ?

- სხვები დილით წამოვლენ, ბატონო! მინდა ჩემის კაცებით სამზღვარს იქით შევხვდე სტუმრებს და წამოვუძღვე. სხვები სამზღვარზე დაგვიხვდებიან.

- კარგი ჰაზრია, მომწონს! მაგრამ საომრად რაღად შემზადებულხარ? განა მტრის დასახვედრად გგზავნი, ვაჟო!

- სხვის საბრძანებელში ვიქნებით, ბატონო და საფიქროა; რჩეული ბიჭები იქნებიან შეზარხოშებულნი და ვინ იცის კაცს რა მოელის, ან რა წაეკიდება.

- ომში გამოცდილი ვაჟკაცის მოფიქრებაა! ფრთხილად კი იყავ, სისხლის ღვრა არსად მოგიხდეს.

- რა უშავს, ბატონო! სამზღვართ იქით არაუშავს-რა, მაგრამ რახან თქვენს საბრძანებელს გამოვლენ, ბუზს ვეღარავინ აუფრენს ვერავის.

- სხვა ხომ არა გინდა რა, ნოშრევან ჩემო?

- დედოაფალი თინათინი უნდა ვნახო: მის ყმათა შესახვედრად მივდივარ და იქნება მიბრძანოს რამე.

- ნახე!

თინათინი აღელვებული შეხვდა ვაჟკაცს. გაჰკვირდა, რა ნახა საომრად განმზადებული.

- მტერი ხომ არსაიდან შემოგვესია, ნოშრევან?

- დიახ, ჩემო დედოფალო! სასიკვდილოდ იწევენ ჩემზე, შენს თავს მტაცებენ!

- ჩემს თავს?! ვინ?

- კახნი! მაგრამ მანამ ცოცხალი ვარ, ვერავის დავანებებ შენს თავს. ყველაფერი მზად არის. წავიდეთ! წამომყე, სიცოცხლევ! - უთხრა ნოშრევანმა და დაიხურა მუზარადი.

ქალს ფერი ეცვალა. ათასმა მძლავრმა გრძნობამ შეიპყრო იგი და აათრთოლა ვერხვის ფოთოლივით.

- ნუ, ჩემო ნოშრევან! ნუ გამაბედინებ საქმეს საშინელს! ნუ, აგრემც გენაცვალოს ჩემი თავი! - შეევედრა ქალი და მოეხვია ვაჟს.

- უარმყოფ, ქალო?! - ამოიკვნესა ვაჟკაცმა.

და მის გულში იფეთქა შურმა ჯოჯოხეთურმა. გაიპრიალა ხანჯალმა, რომ გაეგმირა სატრფოც სხვის კერძი, თავის თავიც უბედური. მაგრამ შესდგა. მიაქცია მახვილი ქარქაშშივე, მოიშორა თითქმის გულშეღონებული ქალის მკლავები და გამოტრიალდა.

15

ხშირი ნისლი ჩამოწოლილიყო ალაზნის ველზე განუჭვრეტელი და დაეფარნა მდინარეც, მის ნაპირებზე ატეხილი ჭალებიც, ჭალებს აქეთ-იქით გადაჭიმული მინდვრებიც, ზვრებიც და თვით დაბა-ქალაქებიც, რომელნიც გაღმა-გამოღმა იყო გაშენებულნი მთების კალთებზე. ხოლო ველის მოდარაჯე ბუმბერაზი მთების ტყიან ფერდობებზე და მარტოოდენ ბალახით დაფენილ თხემებზე არსად სჩანდა არც ნისლის ნასახი, არც ღრუბელთა ქულა დავიწყებული. მთების უმაღლესი მწვერვალებიც კი მთლად თავისუფალნი იყვნენ ღრუბელ-ნისლისაგან. დილის გამჭვირვალ ჰაერში ისე მკაფიოდ ისახებოდნენ გაღმა-გამოღმა ეს ბუმბერაზნი, ისეთი ნაზი და ხალასი ფერებით იღებებოდნენ, რომ თვალის მოწყვეტა ენანებოდა მათის მშვენებით მოხიბლულ ადამიანს. გომბორის მწვერვალი ჯერ ისევ მთლად თავისუფალი იყო თოვლისაგან. კავკასიონის უმაღლესი მწვერვალნი კი თეთრად იყვნენ გადაპენტილნი და ამომავალი მზის სხივები კრთოდნენ მათზე, ლაპლაპებდნენ.

ველად ჩამოწოლილი ნისლი იღვიძებდა, იძროდა. დილის სიოზე, ზვირთდებოდა, გარნა ვერ შემძლებელი ზე აღსვლისა განერთხმოდა იქვე, ადგილობრივ: ფრთები შეჰმძიმებოდა მზის მოშორებულს და იმისთვის გაჰკროდა შავს დედამიწას ცის სივრცეში მონავარდე! ჩამოაშუქებს სიცოცხლის მომცემელი, შეუშრობს მას ფრთებს, შეამსუბუქებს ტვირთისაგან, მისცემს ძალას აღმაფრენისას და წავა ნისლი მაღლა-მაღლა, დაუახლოვდება თვის მეუფეს, ჩასდნება მის ბრწყინვალე სხივებში და ჰაეროვანი შეიქმნება იგი - უჩინარი.

მთათა მწვერვალნი კახეთის დარაჯად დაეყენებინა იქ გამჩენელს, დინჯად ჩამწკრივებულიყვნენ იგინი მის სამზღვრებზე, სიყვარულით დაჰყურებდნენ შემკულ მხარეს, მაცოცხლებელ ნაკადთ უგზავნიდნენ მას და აბარებდნენ მათ მისდამი სალამს, სიყვარულს, ნუგეშს ურყეველს.

- ნუ ჰნაღვლობ, სატრფიალო, ნურც შეძრწუნდები ჭირთა შინა: სანამ ვდარაჯობთ აქ ჩვენ, ნაკურთხია ღვთისაგან არსება შენი! საუკუნოდ არის ნაკურთხი იგი არსება. არ შეგაკრთოს ბედთა ცვლილებამ, არ დაგაღონოს. არ ჩაგიქროს ნათელი სიხარულისა! - ეტყოდნენ ნაკადნი გუშაგთაგან დანაბარებს, მოდარაჯე მთათაგან ჩამოგზავნილნი ნაკადნი.

იმისთვის იყო, რომ მედგარ ქარტეხილთ, მასზე შავბნელად მონაბერთ, ესე გულდინჯად უხვდებოდა ეს სამოთხის კუთხე და არა ჰკარგავდა არც სასოებას, არც სიხარულს.

მიამბეს, თინათინის და ნოშრევანის აჩრდილთ მომითხრეს: იგი ნაკადნი სხვა იმედებსაც უმღერიანო იმ სანეტარო მხარეს, შეურკეველ მწვერვალთაგან დანაბარებ იმედს ფრთანათელს.

მითხრეს: მთელ კავკასიონიდან ჩამომდინარე ყველა ნაკადნიც იმავე იმედს ჩაჰმღერიანო მთელ სამშობლოს საყვარელს, მის მოდარაჯე კავკასიონისაგან დანაბარებ იმედს ფრთანათელს.

ნეტა თუ მართალია ეს? ნეტა თუ ვისმე ძალუძს ყური მიუპყრას ჩქრიალათა ნათქვამს და გვამცნოს სიტყვა მათი საგულისხმო?

ნისლით იყო მოცული გრემიც, სატახტო ქალაქი კახეთისა სახშირ ბურუსს დაეფარა ყველა ხევი მთის ძირში, ყოველივე ნაპრალი თუ ტაფობი და იგი შეკვეთილიც, რომელშიაც იყო გაშენებული გრემი. მხოლოდ მახლობელი მაღალი ბორცვები ამოჩენილიყვნენ ჯანღის ტალღებიდან და ხუჭუჭი ტყით დაფარული მათი თხემები ამწვანებულ კუნძულებად მოსჩანდნენ ბურუსის ზღვაზე. გულჩათხრობილი იყო გრემი, მიყუჩებული: მეფე ლევანი არა ბრძანდებოდა სასახლეში, იგი თავის ამალით სანადიროდ გაბრძანებულიყო მთებში, მოევლო სანაპირონი და კიდეც გასცდენოდა თვის სამეფოს სამზღვრებს: დაღესტნის შამხალს უსუფ-ხანს გაეწვია მეფე თავის სამფლობელოში.

ეს შამხალი ერთი უძლიერეს ბატონთაგანი იყო ლეკეთისა. მისი სამთავრო კახეთის სამზღვრებზე მდებარეობდა. შამხალი დიდ პატივსა სცემდა ლევან მეფეს, გულწრფელად უყვარდა ეს ჭკვიანი, მხნე და შემმართებელი კაცი. სასარგებლო იყო მეფის მეგობრობა მისთვის: დაღესტანი და საჩეჩნო დაყოფილი იყო მაშინ მრავალ პატარ-პატარა სახანოებად და მათ შორის მძვინვარებდა შუღლი თუ მტრობა. შამხალსაცა ჰყვანდა თავისი მტრები და მისთვის ფრიად საჭირო იყო ისეთი ძლიერი მეგობრის ყოლა, როგორიც იყო ლევან მეფე.

თითონ მეფისთვისაც ხელსაყრელი იყო ეს მეგობრობა: დაღესტნელებს ყოველთვის თვალი ეჭირათ დოვლათით სავსე კახეთზე და სცდილობდნენ ჩაჰპარვოდნენ მას, გაეტაცნათ სიმდიდრე მისი. საშიში და სახიფათო საქმე იყო ეს მათთვის, რადგან კახეთის ჯარი კვალდაკვალ ჰყვებოდა მოთარეშეთა ბრბოებს, სჯიდა თავხედებს, არბევდა მათ სოფლებს. მაგრამ ლეკი მაინც არ იშლიდა; მამულის სიმწირე იძულებულ ჰყოფდა მათ ესე მოქცეულიყვნენ. სასახელო ვაჟკაცობადაც ითვლებოდა მაშინ ესეთი ბრძოლა და იზიდავდა ხალისით სავსე ახალგაზრდობას. ეხლა კი შეზღუდული შეიქმნა ესეთი თარეში, რადგან მეგობარი შამხალი არც თავის ხალხს უშვებდა სამტროდ, არც გზას აძლევდა თავის საბრძანებელზე სხვა მეკობრეთა რაზმებს.

სხვა მიზეზიცა ჰქონდა შამხალის მეგობრობას ლევან მეფესთან: მის ქალს, მთელ დაღესტანში სიმშვენიერით გათქმულს. ლეილ-ყიზის, უიმედოდ შეჰყვარებოდა ახალგაზრდა მეფე ლევანი და ვეღარ ჰმალავდა თვის გრძნობას გატაცებული. ლევან მეფეც არ იყო მასზე გულგრილად. ეს თეთრ-ყირმიზი, მკვიდრად ნაგები ჟინჟღილივით ქალწული ვნებათა უმწვერვალეს ღელვას ჰბადებდა სიცოცხლით სავსე ჭაბუკში, მისი ცეცხლის მფრქვეველი გამბედავი თვალები დამწველ გრძნობათა ალში ჰხვევდა ვაჟკაცს; მისი შეუპოვარი ქცევა და ვაჟკაცურად ხმარება საჭურველისა თუ ჰუნესი ჰხიბლავდა ვაჟკაცობით განთქმულს და ხმლის მოტრფიალე ლევანს მისი მედგარი სიყვარული ხორცთა უძირო კმაყოფილებას აგრძნობინებდა მას აუწერელ-გამოუთქმელს, მის ახლოს ნებისყოფა უდუნდებოდა ძლიერს, შამაკავებელნი ძალანი სულისა სწყდებოდნენ და ძლივსღა იმაგრებდა ჭაბუკი თავს, ძლივსღა ებრძოდა თავის მისწრაფებას.

- ძნელია აღტყინებულ გრძნობასთან ბრძოლა! ან რად არის საჭირო მასთან ბრძოლა; მისი შეზღუდვა? განა ნეტარების თუნდ ერთი წუთი არ აღემატება ღირებულებით თუნდაც ქვეყნის საუნჯეს უთვალავს, ან დიდებას სხივით მოსილს?! არ შეგფერისო ეგ ქალი, შენს სამეფოს არ შეჰშვენის იგი დედოფლად. გული სხვას ამბობს! საკვირველია: ყველა ჩემს ქვეშევრდომს ნება აქვს აჰყვეს თავის გულის წადილს, მე კი არა მაქვს ამის უფლება! - ამბობდა მეფე.

16

მეფის მახლობელთ თუ ნაზირ-ვეზირთ იცოდნენ მისი მისწრაფება და თანაუგრძნობდნენ მას, ჰხედავდნენ, რომ აღტყინებულ ვნებათა ულეველი სალარო შეიქმნებოდა მისთვის ლეილას მოქნილი ტანი ძლიერი, მისი ოდნავ აფუებული კოკობი ტუჩ-ბაგე, და თანაუგრძნობდნენ ჭაბუკს. მაგრამ შეუძლებელად მიაჩნდათ კახეთის დედოფლად ლეკის ქალი, შეუფერებლად. გულწრფელად უყვარდათ მათ თავიანთ ახალგაზრდა მეფე, საოცნებო იმედებს ამყარებდნენ იგინი მასზე და როგორ დასთანხმდებოდნენ ესე დაბლა დაეხარნა გვირგვინოსანი თავი თვისი, დაემდაბლებინა სადედოფლო ტახტი მთელის კახეთისა?!

- ლეკის ქალის შერთვა, როცა შეუძლიან არჩევით გამოიყვანოს მზეთუნახავი საქართველოს მეფეთა და მთავართა ოჯახებიდან?! რახან უსჯულოს მოყვანაა, სჯობია ყეინის ქალი მოიყვანოს ან ხონთქრისა. არ შეჰშვენის მეფეს გულისთქმის აყოლა: იგი მოწოდებულია იზრუნოს სამეფოზე და მის განდიდებაზე. ოცნებობს ლევან, შეიქმნეს მეფედ-მეფედ. მეუფედ მთელის საქართველოსი, ჰსურს კი მოიყვანოს დედოფლად ვიღაც ლეილ-ყიზი და შეამღვრიოს სისხლი ბაგრატიონთა, დაამდაბლოს ტახტი დიდებული!

ჰხედავდა ამას თვით მეფე ლევანიც, კარგად ესმოდა ეს ყველაფერი, გარნა კაცი იყო ხორცშესხმული და ვეღარ შესწევდა ნებისყოფა მღელვარე გრძნობათაგან ძალდატანებულს: ძალა დაჰლევოდა საბრძოლველი და ირყეოდა ვაჟკაცი ბუმბერაზი სურვილისა და მოვალეობის შორის, ირხეოდა უღონოქმნილი.

ლევანს ამ დროს მოუვიდა ბაგრატის წერილი. იმერთა მეფე აცნობებდა მას, როგორ გაიმარჯვა მან ხონთქარზედ და ათაბეგზედ, რა შემწეობა აღმოუჩინა მას ამ ბრძოლაში მამია გურიელმა, რომლის სამფლობელო ეხლა განდიდებულია აჭარისა და ჭანეთის შაერთებით. ბოლოს ურჩევდა გურიელის მზეთუნახავი შეერთო ცოლად და განემტკიცებინა თვისი ძალა კავშირით განთქმულ სასიმამროსთან, რომელიც თავის მხრივ დიდი მეგობარი იყო ბაგრატისა. წერილში გაკვრით შეეხებოდა ბაგრატი ლევანის სამფლობელოს და ბუნდოვანად აგრძნობინებდა, რომ ლევანის მეფურ ნიჭს შეჰფეროდა უფრო ფართო ასპარეზი, რომელიც დაუახლოვებდა მათ სამზღვრებს.

დესპანებმა მეფე შინ რომ ვერა ნახეს, მოისურვეს მასთან ხლება: საშური საქმე ჰქონდათ დაბარებული, საჭირო; თანაც უნდოდათ დაეთვალიერებინათ. ენახათ მთები, მეფის ნადირობა. შამხალის სამფლობელოში ჰპოვეს ლევანი. ძალიან მხიარულად იყო მარჯვე ნადირობით ნასიამოვნები. ტბასთან დაეკრათ ბანაკი. მეფის კარავი ცოტა განზე იდგა, მაღლობზე. ზედ ტბის პირად. ამ ტბას უძიროს ეძახდნენ: ერთობ ღრმა იყო, თუმცა ვიწროდ შემოფარგლული. კიდეები სალი კლდისა ჰქონდა, თითქო განზრახ ჩამოკაფული. ნაპირებიდან ტბაში გადახრილიყო რამდენიმე ქოჩორა ხე და თავის აჩრდილებს ეალერსებოდნენ ანკარა წყალში. კალმახი გვარობდა ტბაში. დაღისტანის მთებში არის შიგადაშიგ ამისთანა ტბები. ზოგნი მათგანნი ხანდისხან გადმოჰხეთქავენ ნაპირებს და საშინელის სისწრაფით და ძალით მიექანებიან ძირს.

მეფე მხართეძოზე წამოწოლილიყო, თავი მარცხენა ხელზე დაეყრდნო, მარჯვენა ხელით ხანჯლის ტარს დაჰბჯენოდა და უსმენდა მის წინ ფეხმორთხმულ მოხუცებულს, რომელიც მოუთხრობდა მას ამ მიუვალ მთებში მონადირეთა ათასგვარ საკვირველ და საოცარ შემთხვევას. მოხუცს ნადირობაში ჩაეღამებინა თვისი სიცოცხლე და ბევრი რამ იცოდა საგულისხმო. მეფის მახლობლად იჯდა შამხალი უსუფ-ხანი და ათიოდე სხვა კაცი. გრილოდა. მთის წმინდა ჰაერს მადა გაეღვიძებინა და ხალხი მოუთმენლად მოელოდა სუფრას. მზად იყო სადილი, მაგრამ მეფეს ჯერ არ ებრძანებინა სუფრის გაშლა, რადგან ლეილ-ყიზის მოელოდდა იგი: შამხალის ქალს გაეგო, მეფე მახლობლად ბრძანდებაო და მოსვლა შემოეთვალნა.

გამოჩნდა კახეთის მხრიდან რამდენიმე მგზავრი. დაუპირდაპირდნენ მეფის კარავს. ერთი დაწინაურდა და მოახსენა მეფეს ამბავი: ბაგრატ მეფისა და გურიელის ელჩები ყოფილიყვნენ საჭირო და საჩქარო საქმისათვის წარმოგზავნილნი. მივიდნენ ელჩები, თაყვანი სცეს მეფეს, მიართვეს წერილი. მეფემ გახსნა წიგნი და ჩააკვირდა. ჯანღი რამ გადაეფინა სახეზე, მერმე კი გადაეწმინდა სახე და დაუმშვენდა ულვაშ ქვეშ ღიმილი.

- იმერეთის მეფე ბაგრატს, ჩემს ძმას, უფროსს, უნებებია ისეთი ბრძანება, რომელიც შეეხება ჩემს მეგობარს გურიელსაც. საქმე მძიმეა, გულდასმით უნდა მას მოფიქრება. სასახლეში განვბჭობთ დანაბარებს. მანამდის კი ჩვენი საყვარელი სტუმრები, ვგონებ, არ მოიწყენენ ჩვენთან, - ბრძანა მეფე ლევანმა.

სტუმრებმა მდაბლად თავი დაუკრეს ამ ბრძანებაზე.

მალე ცხენების ფეხის ხმა მოისმა ზევიდან. ციცაბო მთას ბილიკი რამ ჩამოსდევდა ხრახნილად დაკიდებული და ამ ბილიკზე ქალი ვინმე მოაქანებდა ბედაურს. თმა გაჰშლიყო მხედარს, მანდილი ჩამოჰშვებოდა და მისი ფოჩი ფრიალებდა ჰაერში. კლდეებს ნაჩვევი ცხენი კანჯარივით მოჰხტოდა ფეხმოუკიდებელ ფრიალოზე. იარაღში ჩამსხდარი მხედრები მოსდევდნენ უკან. ქალი დაუპირდაპირდა მეფის კარავს, მძლავრად მოსწია ლაგამი და სწრაფად შეჩერებულმა მერანმა ჩხრიალი მოადინა მეფის კარავთან სიპზე აცურებული ნალებით. გადმოფრინდა ქალი ცხენიდან და ხელებწაწვდილი წაესწრაფა ჭაბუკ მეფისაკენ, რომელიც თითონვე მიეგება მას. დაღლილ, გავარვარებულ ქალს უცინოდა ბაგე, თვალები, სახე; მთლადაც სიცილი იყო იგი, შეგუბებულ-შენივთებული სიცილი. ხორცქმნილი რამ კასკასი სამხიარულო. ლევანი კი გატაცებული გრძნობით ვეღარ დაჰხვდა მას. იგი ჰღელავდა არაჩვეულებრივ, ფერი მისდიოდ-მოსდიოდა, თითქო კრთებოდა. ქალმა იგრძნო რამ უსიამოვნო. მიმოავლო იქაურობას თვალი, შენიშნა მოსულნი, ჩააკვირდა მეფეს თვალებში და, რა ნახა მძიმე ზრუნვას შეეპყრო მისი მეგობრის გონება, დაღონდა წამს, შეიკუმშა სხივ-მოშორებული ყვავილივით, დახარა ლამაზი თავი.

საუცხოოდ მოწყობილი ნადიმი შეუდარებელ ბუნების წიაღზე ისე მხიარული ვეღარ იყო, როგორც ელოდდნენ. მეფეს მალმალ ჩაეთხრობოდა გული, სამძიმო რამ ჰაზრი დაახრევინებდა თავს და ესა სჩრდილავდა სიმხიარულეს, ჰზღუდავდა მას.

შუა ნადიმზე იქნებოდნენ, როცა მეფის სუფრას მიუახლოვდა მოხუცი ვინმე დედაკაცი. წელი ჯერ ისევ სწორედ ეჭირა. ასეთი ამაყი შეხედულება ჰქონდა ძონძებში გახვეულს, გეგონებოდათ ეს მთები მისი საბრძანებელი არისო. იქაური მკითხავი ყოფილიყო. დედაკაცმა თვალი მიაპყრო მეფე ლევანს და მის გვერდით მჯდომ ლეილ-ყიზის, მიუახლოვდა ქალს, მოუალერსა. თმაზე ხელი გადუსვა და გამოართვა მარჯვენა. შესწყდა სუფრაზე ხმაურობა. ყველა მისჩერებოდა მოხუცს, რომელიც თავის გამხმარ თითს ადევნებდა ქალის ხელის გულზე მიბნეულ ხაზებს. დედაკაცს განცვიფრება აღებეჭდა სახეზე.

- დიდი დიდება! სიყიარული! ჩაგიბნელდა სიხარული! ისევ დაგიბრუნდა სიხარული, ბრწყინვალება, ბრწყინვალება! - წარმოსთქვა დედაბერმა და მოწიწებით ემთხვია ქალის მანდილს.

ქალზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს მკითხავის სიტყვებმა, მეფეს კი ფერი ეცვალა ამ თქმაზე და ჩაფიქრდა

17

დიდი საფიქრებელი და გასაბჭობი კი არ აღმოჩნდა ბაგრატ მეფის წინადადება. იმ საგნის შესახებ, რომელსაც ეხებოდა ბაგრატი. ყველა მბჭობთა ჰაზრი, თვით მეფის ჰაზრიც, ცხადი იყო და გადაჭრილი. მხოლოდ ლევანის გული ვერ ემორჩილებოდა ამ ჰაზრს ჭეშმარიტს, იგი მთელის თვისის არსებით ეწინააღმდეგებოდა ამ ცხად დასკვნას ერთადერთს, გამოტანილს სწორ მსვლელობისაგან: ცივი იყო იგი დასკვნა, მკვეთრი, გულის გამპობელი.

ბაგრატი ურჩევდა ლევანს შეერთო დიდი გურიელის მზეთუნახავი ქალი თინათინი და მით განემტკიცებინა კავშირი ამ სამ საბრძანებლის შორის მათ საკეთილდღეოდ. ვის რა ეთქმოდა ამ ჭკვიანურად მოფიქრებულ განზრახვის წინააღმდეგ! ქალი მშვენიერი, ძლიერი მფლობელის ასული, ერთრჯული, თავისივე ხალხის შვილი: ყოველ მხრივ სასახელო იყო ეს კავშირი და სასარგებლო. ვის ეთქმოდა სიტყვა მის წინააღმდეგ! ვერ ჰპოვებდნენ საუკეთესო სადედოფლოს, თუნდ სანთლით ეძებნათ.

რა იყო თინათინის შედარებით ვიღაც ლეკის ქალი ურჯულო და უწვრთნელი? სრულებით არაფერი! მხოლოდ ერთ ლამაზ ქალთაგანი იყო ლეილ-ყიზი. ამისთანა მშვენიერებს, რამდენიც უნდოდა, ჰპოვებდა მეფე თავის საბრძანებელში და როცა ჰსურდა, მიითვისებდა კანონ გარეშეც. გარდა ამისა, რომელ წარჩინებულს არ აემღვრევოდა გული, თუ მეფე დასვამდა ლეკის ქალს დედოფლად, ან რომელი ბანოვანი შესძღვნიდა მას გულწრფელად თაყვანს დედოფლურს?! არა, ყველა დაჰგმობდა მეფის საცოლეს, დაუწუნებდა არჩევანს. ესეც არ იყოს, სიტყვა ჰქონდა მიცემული ლევან მეფეს გურიელისათვის. ქართლის მეფე დავითი და გურიელი რომ შეარიგა ლევანმა, მაშინ ჩამოართვა გურიელმა იგი სიტყვა; მაშინ განუცხადა მამიას თვისი თანხმობა სიძეობაზე. მაგრამ მაშინ ესე ახლო არ იცნობდა ჭაბუკი ლეილ-ყიზის, არც ესე მთლადა ჰქონდა მისგან გული დატყვევებული.

ყველა ეს მაშინვე მოიფიქრა ლევანმა, წერილის წაკითხვისთანავე, და სწორედ ამან დააღონა მხიარული ვაჟკაცი სუფრაზე. ლეილას სიახლოვემაც ვეღარ აღაფრთოვანა მაშინ ჭაბუკი, ვერ დაუყუჩა კვნესა გულისა. მისი გული არ ემორჩილებოდა გონების დასკვნას, არ იღებდა მის ნაჭედ საბუთებს. გრძნობა დაუფიქრებლად ეალერსებოდა მოღიმარე ლეილას, სიცოცხლით სავსეს. ჭაბუკის ნებისყოფაც შეუკავებლად ისწრაფოდა ქალისკენ, მოუთმენლად. გრძნობდა გული, რომ გარეშე ამ ქალისა მისთვის არსებობდა მხოლოდ ყინული ბრჭყვიალა, გამჭვირვალე, თვალთა მაცდუნებელი, გარნა სისხლის შემგუბებელ-შემხუთველი. და სასოწარკვეთილი ევედრებოდა ყოვლად ძლიერს, დაჰხმარებოდა მას უიმედო ბრძოლაში.

სულიერ ძალთა ეს ბრძოლა იყო, რომ იხატებოდა მაშინ ჭაბუკის სახეზე; იმისთვის იყო ცვალებადი მაშინ მისი სახე; მისთვის იყო. ხან სიამე აღებეჭდებოდა სახეს, სიხარული გაბრწყინდებოდა თვალებში; ხან სევდის ღრუბელი დაჰბურავდა მის ოცნებას და სიმძიმილი დაჰხრიდა მის თავს გვირგვინოსანს. იყო ისეთი წამებიც, როდესაც მეფე მზად იყო, იქვე ებრძანებინა თვისი ნება, მაშინვე წარმოეთქვა თვისი მეფური სურვილი, საჯაროდ დაესახელებინა თავისი ლეილ-ყიზი დედოფლად და ერთის დაკვრით მოესპო გზა უკუთქმისა თუ უკუქცევისა; მაგრამ გონება, უგრძნობელი გონება მძლავრის მკლავით მოჰზიდავდა გულისაგან წახალისებულ ნებისყოფას და უკუ აგდებდა მას, არ აძლევდა ნებას მოძრაობისას. ეს მაშინაც იყო, მეფემ რომ ინება ლეილ-ყიზის სადღეგრძელოს წარმოთქმა. ზედ ენის წვერზე ეკრა გულიდან მოწყვეტილი მარგალიტი სიტყვა ის-ის იყო უნდა მოსწყვეტოდა ენას იგი ძვირფასი თქმა, როგორც რამ თვალი ნატვრისა სასწაულთმოქმედი. არა სთქვა! შეაყენა გონებამ, მოაგონა ცბიერმა, რომ იგი მეფე იყო გვირგვინოსანი და მისი სიტყვა მეფურად უნდა წარმოთქმულიყო შესაფერ გარემოებებში, დადუმდა, მერმისათვის გადადვა თქმა.

- ნეტავ ეთქვა! ხომ ნამდვილ ნატვრის თვალად გარდაიქცეოდა მისთვის იგი სიტყვა, სალაროდ ულეველის ბედნიერებისა, უჭკნობის სიხარულისა. აახ! არ იცოდა ცხებულმა, რა იშვიათი განძია სიყვარული ორ-მხრივი, არ იცოდა ცხებულმა, რომ ორმაგი სიყვარული უქრობელად ბრწყინავს მარადისობაში და თვალთ წარმტაცი შარავანდედი აგვირგვინებს ამგვარ რჩეულთა ყოფას. არ სთქვა მეფემ სიტყვა მარგალიტი, ზღვაში გადასტყორცნა თვისი ბედნიერება. რამდენი სულთქმა დასჭირდა შემდეგ, რამდენი ტანჯვა-განწირვა, სინამ ჰპოვებდა კვლავ იმ თვალს იშვიათს და ამოიღებდა მას უფსკრულიდან სანუგეშოდ გაწამებულის თვისის გულისა!

ლეილა კი ვერა ჰგრძნობდა თავის ლევანის სულის კვეთებას, არესმოდა მას იგი ბრძოლა ჰაზრთა და გრძნობათა შორის, რომელი სტანჯავდა ეხლა მეფეს. ვერც მიხვდებოდა ქალი ვაჟკაცის მდგომარეობას, თუნდაც სცოდნოდა შინაარსი ბაგრატის წერილისა: ბუნების შვილი იყო იგი გულუბრყვილო, მის კალთაზე ლაღად აღზრდილი და ვერ შეიგნებდა ბუნების საწინააღმდეგო მოქმედებას, როცა იგი ბუნება სიხარულისაკენ იწვევდა კაცს; ვერ გაიგებდა, რომ შესაძლო იყო ნებითი უარყოფა ტრფობისა, თავის ხელით ჩაშლა ამ საოცნებო გრძნობისა, თავისითვე ჩაშავება ნათელ ყოფისა. ლევანს უყვარდა ლეილ-ყიზი, მთელის თვისის ბუნებით ჰგრძნობდა ამას ქალი, და როგორ წარმოიდგენდა, რომ რაღაცა სხვა მიზეზებით მეფე ვაჟკაცი უარჰყოფდა თვის სიხარულს და სხვისაკენ მიიქცეოდა, ვინმე უცნობ და უნახავ ქალისაკენ. აი ლეილას რომ უყვარს ლევანი, იცის კიდეც, რომ მისი სიყვარული ოდნავადაც არ შეირყევა არავითარ გარემოებაში. უანგარო იყო ქალის სიყვარული, მარტივი, გულუბრყვილო, სიამეზე აღმოცენებული, თავისუფალ სიხარულის მომნიჭებელი. თვით ხონთქარმაც რომ შემოუთვალოს, ისე დაუფიქრებლად უარჰყოფს მას, როგორც აიმ მწყემსს, გორაზე რომ შეუფენია ფარა; უარჰყოფს მხოლოდ იმისთვის, რომ ლევანი უყვარს მას, რომ ლევანს ვერ გასცვლის იგი ვერავისზე.

დაღონდა ქალი მეფის გვერდზე და გული ჩაეთხრო, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ ეჭვი დაებადა, არამედ იმისთვის, რომ ვაჟკაცის სახეზე ზრუნვა რამ შენიშნა და გული ეტკინა.

- სამეფო საქმეებით არის მისი რაინდი დატვირთული. არსად არ მოასვენებენ საწყალს! ეტყობა, რაღაც მძიმე საქმეზე მოუწერიათ ეხლაც. მარად ჟამს აფიქრებენ მის ლევანს, ესე ნორჩს. ესე ახალგაზრდას, - ნაღვლიანობდა ქალი.

და თანაუგრძნობდა ჩაფიქრებულს; სცდილობდა არ შეეწყვიტა მისი ფიქრთა დენა, არ აეფურტკნა მისთვის ჰაზრთა დასები.

დესპანთა შორის მხოლოდ ერთმა იცოდა ბაგრატის წერილის შინაარსი; ეს იყო გურიელის მესაიდუმლე იასე ლივანელი. მამიამ მხოლოდ მას განუზიარა თვისი ჰაზრი და დაავალა პირადადაც ცდილიყო, რომ უთუოდ მოწყობილიყო იგი საქმე, არ გაცრუებულიყო მისი მისწრაფება, ძირს არ დაშვებულიყო მისი სურვილი. როცა იასემ დაინახა მშვენიერი ლეილ-ყიზი ლევანის გვერდზე, მაშინვე იგრძნო ყოველივე და შეკრთა, მიჰხვდა, რომ მის ბატონის სურვილს ხიფათი მოელის. ჩააფიქრა ამან გამოცდილი კაცი და მსწრაფლ აამოქმედა: მეორე დღესვე ეახლა მეფეს პირისპირ, საარაკო მზეთუნახავად დაუსახა მას თინათინი და თანაც ამცნო, რა დიდ იმედებს ამყარებდა გურიელი ამ კავშირზე. ძალიან ჩააფიქრა მეფე იასეს სიტყვამ, თითქმის მიდრიკა იგი ბაგრატის სურვილისაკენ.

ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე დაჰყო მეფემ მთებში, მაგრამ ჩამოეცალა შექცევას გატაცებული სიმხიარულე, ჩამოჰშორდა მას ეშხი თუ ხალისი.

18

მეფის ჩამოსვლისთანავე გამოცოცხლდა გრემი, სადღესასწაულო სახე მიიღო, მხიარული. ბრძანა ლევანმა მეჯლიშის გამართვა სტუმრების საპატიოდ და მარჯვე ნადირობის აღსანიშნავად. შეკრბნენ წარჩინებულნი. რჩეული ხალხით აღივსო სატახტო ქალაქი. ბრწყინვალე ნადიმი სამი დღე გასტანა მეფის კარს. შემდეგ დიდებულთ მიიწვიეს სტუმრები თავიანთ ოჯახებში. მოსულთ თავი მოაწონეს კახელებმა სიუხვით, გულღია მასპინძლობით, უდარდელი მხიარულობით, მწყობრი სიმღერით, ეთეროვან ცეკვა-თამაშით, ნაირ-ნაირ სამხედრო ვარჯიშობით.

ახალგაზრდა მეფე სცდილობდა მხურვალე მონაწილეობა მიეღო გართობაში, გარნა მისი სიმხიარულე არ მომდინარეობდა სიხარულით სავსე გულიდან, როგორც რამ წყარო ანკარა, ამო ხმიანი: ზრუნვის ლანდს ჩაეჩრდილა მისი სიხარულის ნაკადი; ზეიმის დროს იგი ხანდისხან ჩაფიქრდებოდა. თვალებში სევდა რამ დაესახებოდა, მკლავებს ჩამოჰყრიდა და უნებლიეთ შეარყევდა საერთო სიამის უდარდელ დენას. ძალას ატანდა თავის თავს, რომ არავისთვის არ შეემჩნევინებინა თვისი კაეშანი, მაგრამ მაინც ამჩნევდნენ ამას და მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ყველაზე ეს უცნაური ამბავი. სცდილობდნენ განეფანტათ კაეშანი მეფისა და არავინ არა ზოგავდა თავის უნარს მეჯლიშის ასაყვავებლად, ყველა მხიარულობდა, თავს იგიჟიანებდა, მაგრამ ამაოდ: ვერ განუფანტეს მეფეს ფიქრთა ბურუსი. სცადეს ბანოვანთაც ძალა თვისი უძლეველი: გარს შემოერტყნენ კეკლუცნი, უნდოდათ სიმშვენიერით, სილაღით, სიტყვა-წყლიანობით, თვალთ ელვარებით თუ ნაქანდაკებ ტანთ ეშხიანი რხევით მიეზიდნათ ჭაბუკი მეფე. შეეტყუებინათ სამოთხისებურ რამ წალკოტში სანუგეშოდ. ზრდილი, ქალთ მოტრფიალე ჭაბუკი ჰყვებოდა, მხიარულობის ნავში ჯდებოდა სიამის ტალღებზე საცურავოდ, გარნა თვალები, გამცემი თვალები, ისევ ჰმოწმობდნენ, რომ მეფის გული ამოწვდილი იყო მის გვამიდან, ხოლო იგი, უგულოდ დარჩენილი, უხმარ-აჩრდილსღა წარმოადგენდა სიცოცხლით სავსე ლევანისა. დიდებულ ბანოვანთა სიახლემ, თვალთწარმტაც კეკლუცთა ალერსმა უფრო კიდეც დააჭკნო მისი სიამის ყვავილი, უფრო დააჭმუნვა მეფე, მთლად ჩასძირა იგი მძიმე რამ საგონებელის მორევში. არ იცოდნენ მშვენიერთ, რომ იგი მათი ალერსი უფრო ღრღნიდა მეფის გულს და აღონებდა, ვერ ედებოდა უებარ მალამოდ მის სულის წყლულებს; არ იცოდნენ მათ, რომ გულს უსერდა მეფეს მათი სიახლე ძვირფასი, სიტყვა საამო, ღიმილი სუნნელოვანი, რხევა მინაზებული, მიმოსვლა ნარნარი.

- ჭაბუკი მეფის სატრფომ როდი იცის, კეკლუცნო, თქვენებური ქცევა ლბილად მოქნილი, საუკუნოებით დამუშავებული და მემკვიდრეობით თქვენდა გადმოცემული. მთის შვილია იგი, როგორც რამ ჯიხვი თვალთ საამო, იგი თვით ბუნების განხორციელებაა ლამაზი, თვით პირველ-ქმნილი მშვენიერებაა იგი გულუბრყვილო. ვაი, რომ ვერც იცნობთ მას!

- პატიოსანი თვალნი ხართ თლილნი, ძვირფას ლითონში ხელოვნურად ჩამსხდარ-დამშვენებულნი, ჩემი ლეილა კი ლალია ჩემგან ნაპოვნი, ჩემის საკუთარის უნარით მოხელილი. ბუნების წიაღიდან ამოტანილი, მხოლოდ ბუნებისაგან მოკაზმულ-შემზადებული ოსტატის ხელი როდი მიჰკარებია მას! იმისთვისა ნათობს იგი ნათელით პირველყოფილით. დაიწუნებთ მას, ამპარტავანნო, იუკადრისებთ, უკეთუ ჩემს სამეფო გვირგვინს დავამშვენებ იმ ლალით. რად იკადრებთ დედოფლად?! მაგრამ რა ვქნა, რომ ჩემი გული მასშია მოთავსებული, იმ ვარსკვლავში?! იმისთვის გასჭვირს იგი ლალი წითლად, რომ ჩემის გულის სისხლი მხიარულად თამაშობს მასში, კრთის, ღელავს. არ იცით ეს, ვერც გაიგებთ!

არც ის იცოდნენ ძვირფას ბანოვანთ, როგორ აღამაღლებს უებრო სიყვარული მიწის შვილს, განასპეტაკებს, განაშუქებს, მოციმციმე ვარსკვლავად დასვამს ლაჟვარდ ცაზედ. ვერც შეიგნებდნენ ამას მაშინ ვერც ისინი, ვერც სხვანი; გონება ვერ მისწვდებოდა ამ საიდუმლოს, მხოლოდ გული იგრძნობდა ამას, ტრფიალებით აღსავსე გული ხელქმნილისა. ვერ მიჰხვდებოდნენ და დაჰგმობდნენ, რომ ვერ უღალატა ლევანმა გულს, არ ჩაჰკლა წმიდა გრძნობა ცივ მოსაზრებათა ნაგუბარში და დედოფლად დასვა უღირსი. ეს აღონებდა მეფეს, ხალხის საკეთილდღეოდ თავდადებულ მეფეს, და აბა როგორ გამხიარულდებოდა იგი, ან როგორ აჰყვებოდა მოცეკვავე ტალღებს სიხარულისას. მაგრამ რად უნდა ყოფილიყო უკმაყოფილოდ სხვაზედ, როდესაც მისი საკუთარი გონებაც მიდრეკილიყო ამგვარ მსჯელობისაკენ.

- ეჰ, რას გვყვედრით თქვენ, როდესაც თვით ჩემი ჰაზრი მტრად მოჰკიდებია ჩემს გულის თქმას. მეფე ხარ და შენი გულისცემაც უნდა შესწირო შენის სამეფოს კეთილდღეობას და ძლიერებას; მარტო გული კი რა, მთელი სიცოცხლე უნდა მიუტანო მას მსხვერპლად: შენს წინაპართაც ბევრჯერ დაუდვიათ თავი სამშობლოს სასიკეთოდ! ლეკის გოგო საქართველოს დედოფლად! ვის გაუგონია?! - ჩამძახის ცივი გონება.

- მისი ხმა შეუერთდება თქვენს ხმას მკაფიოს, კახეთის ხმას მთელ საქართველოს ხმას ძლიერს, უკეთუ ვუსმენ გულს საწყალს.

და აედევნა მეფის გატანჯულ სულს ხმა საიდუმლო: „ლეკის გოგო საქართველოს დედოფლად!“ ვერ იქნა, ვეღარ მოიშორა ლევანმა ეს ხმა. იგი ხმა თანა სდევდა მას ყველგან და ყოველთვის: მეჯლისში, დარბაზობას, ასპარეზზე. ლოცვად მდგარს. ღამე უფრო ძლიერდებოდა ეს ხმა, მაღლდებოდა, სახილველ სახეს იღებდა მკაცრს და თავს დასტრიალებდა განმარტოვებულს. როგორც შავბნელი რამ ჩვენება უკუნის ღამისა.

19

გათავდა ზეიმი. გადიარეს სიმხიარულის დღეებმა. დრო იყო პასუხი მიეცათ ელჩებისათვის, ბაგრატ მეფის წერილის პასუხი, მეფურ ღირსებისა და მოვალეობისაგან ნაკარნახევი პასუხი ერთადერთი. არავითარი საპატიო მიზეზი არ იყო უარისა და წინანდელი სიტყვის გატეხისა: თინათინზე უფრო შესაფერ მეუღლეს ან მამია გურიელზე უფრო დიდებულს და სასარგებლო მოყვარეს სხვას ვერ მონახავდა ლევან მეფე იმ ხანს. სახელმწიფოს სარგებლობა პირდაპირ მოითხოვდა ამ კავშირს. ეს ისე ცხადი იყო, რომ შორიდანაც მოსჩანდა ის სარგებლობა; ბაგრატსა და გურიელს იქიდანვე დაენახათ იგი და თავის წერილში იმერთა მეფე პირდაპირ უთითებდა ამაზე. ესე სჯიდა თვით ლევანის გონებაც. ხოლო მისი გული სცდილობდა შეეყენებინა შეუმართებელი იგი აუცილებლობა, აეცდინა, შეეფერხებინა მაინც და რაიმე ხავსისათვის ჩაეკიდნა ხელი, რომ არ გაჰყოლოდა ტალღის დენას უძლეველს.

ბედისწერა კი მიიმართებოდა წინ მკაცრად აღნიშნულ წარსადინელით და მძლავრად მიეზიდებოდა შებორკილებულ მსხვერპლთ დასახული მიზნისაკენ. იმედს კი მაინც არა ჰკარგავდა სასომიხდილი ლევანი: ეგონა, უეცარი რამ შემთხვევა, სასწაულებრივი რამ მიმოხვრა ცხოვრებისა იხსნიდა მას აუცილებელი მომავლისაგან, გაანთავისუფლებდა მას ამ მძიმე მოვალეობისაგან. ამაოდ! რაც ხანი მიდიოდა, იმდენი უფრო იხვეოდა ბედის გორგალი, იზრდებოდა და იხვევდა თან ჭაბუკის მომავალს სამძიმოს.

ამ მდგომარეობაში იყო მეფე, როდესაც მოიხმო თავისი აღმზრდელი ქაიხოსრო მაყაშვილი და გადუშალა მას მეფე ბაგრატის უსტარიც, თავის დაწყლულებული გულიც. ჩაფიქრდა ვეზირი, გარნა მის საფიქრებელს სრულიადაც ის არ შეადგენდა, რაც აწუხებდა ჭაბუკ მეფეს. გამოცდილი მამულიშვილი მხოლოდ იმას ითვალისწინებდა, რამდენად იყო ეს კავშირი სახელმწიფოსათვის სასარგებლო, ან რამდენად დააახლოვებდა მეფეს იმ მიზანთან, რომელიც წაემძღვარებინა მას თვის მეფურ მოქმედებისათვის. მეფის იდუმალი ნატვრა იყო შემოეერთებინა კახეთისათვის სხვა კუთხეები საქართველოსი, როგორც უკვე შემოიერთა ფშავ-ხევსურეთი, და გამხდარიყო მეფედ მთელი საქართველოსი. სწამდა ლევანს, როგორც ყველა დაფიქრებულ ქართველსაც, რომ საქართველოს მეფე უნდა იყოს ერთი, ხოლო საქართველო გაუყოფელ-დაუნაწილებელი. ამავე ჰაზრს აღიარებდა ქაიხოსრო და თანაუგრძნობდა.

- შეუძლებელია, ბატონო მეფე, ამისთანა კავშირის უარყოფა: სადედოფლო არცერთის მხრივ არ არის დასაწუნი, არც სახელმწიფო მოსაზრების მხრივ. არც კერძო შეხედულობით. მხოლოდ ის არის საფიქრო, რომ ქალი არ გვინახავს.

- უნახავად უნდა დავნიშნო ქალი და ეს მაშინ, როცა მე უკვე მიყვარს სხვა და მასაც ვუყვარვარ!

- რომ ლეილ-ყიზის უყვარხარ, ეს არაფერი: ბევრს სხვასაც უყვარხარ, ბევრ ღირსეულ ქალს უძგერს შენთვის გული, და თუ ყველა ისინი დედოფლებად დასხი, მაშინ ამ მხრითაც დაედრები სოლომონ ბრძენს. შენ რომ მოგწონს იგი ქალი, ეს კი ძნელია, მაგრამ ისიც ძნელია, უარი უბრძანო გურიელს, უარჰყო მისი მზეთუნახავი ქალი თინათინ ლეილას გულისათვის. და გააცრუო ბაგრატ მეფის მოციქულობა. არც შესაბამია ეს შენის ბრწყინვალე ტახტისათვის, არც სასარგებლოა შენის სამფლობელოსათვის. გავბედავ და მოგახსენებ: მეფის ბედნიერება მის სამფლობელოს შარავანდედშია ჩაქსოვილი.

ლევან დააღონა ამ სიტყვებმა და სწორედ იმისთვის, რომ სიმართლე იყო მათში: ესე მსჯელობდა მისი გონებაც, ისიც სრულებით არა ჰკითხავდა მეფის გულს, თითქო სამეფო ტახტზედ მჯდომს გული გაქვავებული უნდა ჰქონოდა და გრძნობა გამშრალი.

- მძიმეა გვირგვინი სამეფო: მის სხივებში, დნება ადამიანის პირადი მისწრაფება და გრძნობა! - ბრძანა მეფემ და დახარა თავი შემძიმებული.

ვეზირმა თანაუგრძნო ხელმწიფეს, როგორც ადამიანს. მართლადა ყველა მის ქვეშევრდომს შეეძლო ეერჩია გულის სწორი იქა და მაშინ, სადაც და როდესაც ჰპოვებდა მას ბედნიერი; ძლიერ მეფეს კი არა ჰქონდა ამის უფლება, მის ნებისყოფას ზღუდამდა ის მძიმე მოვალეობა, რომელიც თავს ედვა მას ღვთის განგებით. და იმედი რამ ციაგი შეაშუქა ჭკვიანმა ვეზირმა ჭაბუკის ჩაღამებულ გულში. კვალი რამ მოაჩვენა თავსდასავლელი.

- მაგრამ, ბატონო მეფევ, მაინც არ შეიძლება ეგ საქმე გადაწყვეტილად ჩაითვალოს ჯერეთ: მართალია, ყოვლად ღირსი სადედოფლო ბრძანდება ასული გურიელისა გარნა არ ვიცით, მართლა მშვენიერია და უჭირველი როგორც ბრძანებს ბაგრატი, თუ არა. საქართველოს დედოფალი კი ყოველსავე სიდუხჭირეს თუ მავნე სენს განრინებული უნდა იყვეს, რომ არ შეამღვრიოს შთამომავლობა და არ დააკნინოს გვარი. ამასაც მკაცრად მოითხოვს სახელმწიფოს სარგებლობა. ჩემის ჰაზრით ესე ემჯობინება: კაცნი გავგზავნოთ, დასტური შევუთვალოთ, ხოლო წარგზავნილს უბრძანე კარგად გასინჯოს სადედოფლო და მოგართვას ამბავი დაწვრილებით; მხოლოდ მაშინ დასვით იგი დედოფლად კახეთისა.

მეფეს მოეწონა ეს რჩევა. დაასკვნეს ესე მოქცეულიყვნენ. სამეფო საბჭომ რომ განიხილა ბაგრატ მეფის წერილი სწორედ ამ ჰაზრს დაადგა, რომელიც მოახსენა ვეზირმა მეფეს მაშინ იყო, რომ აირჩიეს კაცები და უთავეს მათ ვეზირი. მაყაშვილს ორი ბეჭედი ედვა უბეში, ერთი სადედოფლო ბეჭედი შეუდარებელი, მეორე ბეჭედი უნდა მიეცა მისთვის ბელგად და ისე დაბრუნებულიყო: რომელიმე მიზეზით შეაგვიანებდნენ საქმეს და მერმე მთლადაც მიივიწყებდნენ. მაგრამ ქაიხოსროს მართლა მოეწონა სადედოფლო და აკი მიუძღვნა კიდეც ღირსეულს ბეჭედი სამეფო. გულწრფელად იყო ვეზირი დარწმუნებული, რომ დიადი, საქმე გააკეთა, ღირსეული, ფრიად სასარგებლო, როგორც სამშობლო ქვეყნისათვის, ისე პირად თავის მეფისათვის.

- იმ ლეკის ქალისაგან დროებით არის გატაცებული ჭაბუკი მეფე, ეს მხოლოდ ჟინიანობაა მისი. გრძნობა გასძლიერებია, რადგან შეძლება არა აქვს მურაზს ეწიოს. არც შეიძლება! რაც უნდა იყოს, ნაიბის ქალია, პატივსადები კაცის შვილი. შეირთავს ცოლს, დაწყნარდება, დაშოშმინდება და მაშინ კიდეც გაიცინებს აწინდელ თვის განზრახვაზედ. მაინც ჩვენთვისაც, დიდკაცობისათვის, შეურაცხყოფა იქნება და დამდაბლება ლეილ-ყიზის დედოფლად დასმა, - ფიქრობდა მაყაშვილი.

ჰაზრმა უმტყუნა ჭკვიან ვეზირს, სცდა ბრძენი ძნელად გასაბჭობ საქმეში; გონებაზედ მტკიცედ დამყარებულმა ტყუილად გადაჰხედა გულს მედიდურად, როგორც ადვილად დასამორჩილებელ რამ მოპირდაპირეს, ერთის დაკვრით დასაძლევ მეტოქეს.

20

ეახლნენ გურიელს ლევან მეფის კაცნი თინათინის წასაყვანად. სულ ოცდაათი კაცი გამოეგზავნა, გარნა რჩეულნი, ვეშაპებივით ვაჟკაცნი. ერთს ლაშქარს უდრიდა ეს ცოტა. საომარ იარაღში ისხდნენ. ლევანის საბრძანებლის ყველა თემებიდან იყო შემდგარი ეს რაზმი, თან ახლდათ მეფის მოძღვარი აბრამ ხუციშვილი, კაცი ფრიად განსწავლული საღმთო მეცნიერებაში და მართალი.

მეტი ხალხი არც საჭირო იყო ქალის წასაყვანად, რადგან ახლა გურიელი გაატანდა ქალს თავის მხრივ მაყრებს თუ მხლებლებს. მართლა და საკმაოდ დიდი რაზმი დაიძრა გურიელის სასახლიდან: კახელები, გურული, წარჩინებულნი, მსახურნი, მონანი, მოახლენი, მხევალნი, მებარგულენი. ოცდაათ წვივმაგარ ჯარს მოჰქონდა ქალის მზითევი თუ საგზაოდ საჭირო სანოვაგე. ქალი ტახტრევანში შესვეს. ოქროქსოვილით მოფარდაგულში.

მგზავრობა განუწყვეტელ ზეიმად გარდაიქმნა, სადღესასწაულო მსვლელობად, საარაკოდ. ბატონიშვილს დას-დასად მოსდევდა ქალ-ვაჟი გურიის სამზღვრამდის; რიგი რომ ემშვიდობებოდა, რიგი ახლად უერთდებოდა გზის მახლობელ სოფლებიდან. იყო განუწყვეტელი სიხარული, მილოცვა, ქეიფი, თავმოწონება, არშიყობა. ბუნებაცა სწყალობდა მგზავრებს: მშრალი დარი იდგა, თავი დაემშვენებინა გურიის კოპწია დედამიწას თუ ცას; ხალხის სიმხიარულეს ბუნებაც ნათელის გულით იზიარებდა მოწმედილ-მოღიმარე.

დიდი ნადიმი გაიმართა სამზღვარზე, ნამდვილი ქორწილი. ეს ღრეობა დიდებულის ამბით დათავდა: მოვიდნენ დადიანის კაცები,მოულოცეს თინათინს ბედნიერება, მოართვეს ბატონიშვილი თამარის წერილი და სახსოვარი. ძალიან გაეხარდა ეს ამბავი თავმომწონე ქალს. თვით გურიელებსაც მეტის-მეტად უამათ ესეთი ყურადღება დადიანისა: იმის მომასწავებელი იყო ეს, რომ სამეგრელოს მთავარი სამეგობროდ უწვდიდა ხელს გურიელს; მაშ მათ შორის მტრობა და ბრძოლა მოისპობოდა, ძმათა სისხლის ღვრა და რბევა გათავდებოდა. ამისთვის იყო, რომ გურულებმა ერთობ თავაზიანად. ერთობ მხიარულად მიიღეს იგინი და გულწრფელად პატივი სცეს მათ.

გადასცდნენ მოგზაურნი გურიის სამზღვრებს და წინ შეეგებათ ბაგრატ მეფისაგან დედოფლის წინაშე გამოგზავნილი კრებული დიდებულთა. მიულოცეს. მოართვეს ზღვენი. ქართლის სამზღვრებამდე მიაცილეს მათ ქალი. ეგონათ, ათაბაგის კაცებიც შეეგებებოდნენ მათ. მაგრამ გაუცრუვდათ იმედი: ძალიან ნაწყენი იყო ყვარყვარე თუმცა ზავი ჰქონდათ შეკრული და მტრული მოქმედება შეწყვეტილი, მაინც ვერ დაჰვიწყებოდა ზვიად ათაბაგს, რომ გურიელმა გადაარჩინა ბაგრატი მისი მძლავრი ხელისაგან და ჩაუშალა ის დიადი დაწყებილება, რომლის განსახორციელებლად იყვნენ მიმართული მისი სურვილნი თუ მისწრაფებანი. განუკურნებელ ჭრილობად ესვა ყვარყვარეს გულზე ეს მარცხი და მხოლოდ მარჯვე დროს ელოდა დაესაჯა მისი დამამცირებელნი.

ვარდის ფურცლით იყო მოფენილი თინათინის გზა: მარჯვედ მიდიოდა ყოველივე, არსად ირეოდა წესი, არავინა გრძნობდა გზის სიგრძეს, არც სიძნელეს. მხოლოდ ერთი უცნაური ამბავი ძლიერ აკვირვებდა მოგზაურთ და აღონებ-აფიქრებდა თვით დედოფალს:

სულ რამდენიმე ეჯი არ გამოევლოთ მექორწინეებს ოზურგეთიდან, რომ გზის მოშორებით გორაკის რამ ფერდობზე შენიშნეს ათიოდე ცხენოსანი. ეგონათ, მომლოცველნი იქნებიანო რომელიმე სოფლიდან, მაგრამ იგი მგზავრნი მიეფარნენ ტყეს და უჩინარ იქმნენ. ამის შემდეგ, სადაც კი კარავს დაჰკრავდნენ მოგზაურნი და დაისვენებდნენ, იგი მხედრები უსათუოდ გამოჩნდებოდნენ მათ შორიახლო. ერთხელ მოკლე ბილიკებით გააპარეს კაცი მათი ამბის თუ ვინაობის გასაგებად, მაგრამ ვეღარ დაბრუნდა იგი: თავგაპობილი ნახეს ხევში. ერთ ღამეს კიდეც შეიჭრნენ იგინი ბანაკში, ერთმა მათგანმა ზედ მიაგდო ცხენი დედოფლის კარავს, გარს დაუარა მას და დაიძახა ქალის სახელი. არავის კი არა ავნეს-რა. ვერ მოასწრეს მხლებლებმა ფეხზე წამოდგომა და იარაღის მომარჯვება, რომ განქრნენ თავდამსხმელნი, როგორც რამ სულნი მავნენი. შენიშნეს კი, რომ ყველანი საომრად იყვნენ გამოწყობილნი: ჩაჩქანი ეცვათ, ჩაბალახები ეხურათ. ძახილიც მოესმათ შემდეგ: ნოშრევანს უყივოდნენ.

ამ ამბავმა საგონებელში ჩააგდო მგზავრები. ზოგს ეგონა მეკობრენი არიან და მარჯვე დროს ეძებენ თავს დაგვესხნენ, გაგვძარცვონო; ზოგი ფიქრობდა თვით გურიელისაგან ადევნებული მეთვალყურენი იქნებიანო. რომ შორიახლო ათვალიერონო ქალის გზა, და ხიფათის დროს მიეშველნენო; იმასაც ფიქრობდნენ, ვაი თუ ათაბაგისაგან მოგზავნილნი მზვერავნი იყვნენო ეს და შეიძლება თვითონ ათაბაგიც დაგვეცესო თავს; ისეთნიც იყვნენ, რომ მავნესულებადა სთვლიდნენ მათ და ძრწოდნენ გულში შიშჩავარდნილნი ეს საიდუმლო თანამგზავრნი თანაჰყვებოდნენ მათ ქართლის სამზღვრებამდის და მერე უჩინარ იქმნენ.

ქართლის სამზღვრებზედაც შეჰხვდა მექორწინეთ საპატიო რაზმი. ლუარსაბ მეფემ მოაგება დედოფალს კეთილშობილნი, მხლებლები. ყოველი საჭირო სანოვაგე. თითონ ქალისათვისაც მოეწერნა მილოცვის წერილი. გულკეთილ მეფე ლუარსაბს მიზეზიცა ჰქონდა დიდის პატივით დაჰხვედროდა კახეთის დედოფალს: ამ დროს იგი შევიწროვებული იყო მტრისაგან და თუ ძლიერი მეშველი არ ეყოლებოდა გვერდით, გაუჭირდებოდა ყოფა. ყეინი შაჰ-თამაზი ბოროტის თვალით უყურებდა ლუარსაბს, რომელიც სცდილობდა გაენთავისუფლებინა და გაეწმინდა სპარსათაგან მთელი ქართლი. ყეინის შთაგონებით აჰსეოდნენ ლუარსაბს ასან-ბეგ შირვანელი და განჯის ბეგლარ-ბეგი ზიად-ოღლი, რომელნი შეერებულის ძალით და სპარსთა ლაშქრის დახმარებით სცდილობდნენ დაემხოთ ლუარსაბის მეფობა. ეს მოსაზრება დაერთო ქართულ, სტუმართმოყვარეობას და ამიტომ გულღია დაჰხვდა მეფე მიმავალ მგზავრებს და დიდის პატივისცემით გაატარა თვის სამფლობელოზე.

ბატონს გურიელს ძლიერ უხაროდა თავის ქალის ესეთის პატივით მგზავრობა, მისი თავმოყვარეობა მთლად დაკმაყოფილებული იყო, მისი გული მადლობასა გრძნობდა საქართველოს მფლობელთადმი, რომელსაც ესეთი პატივი სცეს მას. ყველაფერი დაწვრილებით იცოდა მამიამ, რადგან ბრძანება მიეცა, რომ ყოველ აღნიშნულ ადგილიდან ქალის მხლებლებთაგან ერთი კაცი უნდა დაბრუნებულიყო უკან და მიეთხრა მისთვის ყოველივე შემთხვევა მგზავრობის შესახებ. როცა გურიელს მოახსენეს საიდუმლო რაზმის ადევნების ამბავი, იგი ძალიან გაჰკვირდა, კიდეც შეფიქრიანდა ამის გამო. მოსწია მგზავრებს შათირი და დააბარა მზირალ ყოფილიყვნენ, ყურმახვილად.

21

კარგ გუნებაზე დამდგარიყო დედოფალი თინათინიც. დადებითი სვლა და განუწყვეტელი მხიარულება აკმაყოფილებდა მის თავმოყვარეობას; ახალ-ახალი სანახაობა მდიდარის და კეკლუცის ბუნებისა ართობდა მის თვალს, იპყრობდა მის ცნობისმოყვარეობას; ალერსი და ფუფუნება სრულებით არ აგრძნობინებდა მას გზის სიგრძეს თუ სიძნელეს. მისი მგზავრობა განუწყვეტელი დიდება იყო და სიამე. რაც უფრო უახლოვდებოდა თავის ახალს საბრძანებელს, მით უფრო ფერადდებოდა და ცხოველდებოდა დღესასწაული. ქალს აღარ აცალა ჩაჰკვირვებოდა თავის გულს და გაესინჯა იმ გრძნობათა ძალა, რომელნიც აწ მიფერფლილ იყვნენ მის არსებაში და რომელსაც უთუოდ თავი უნდა ეჩინათ პირველსავე შემთხვევაში.

დაუახლოვდა ქალი კახეთის სამზღვრებს და ჩაფიქრდა თავის ხვედრზე.

ბედი რომ დიდებული აედევნა მას და კმასაყოფელი, ეს ცხადი იყო, მაგრამ ქალი მხოლოდ საბრძანებელის ჩასაბარებლად კი არ მიდიოდა, იგი სასძლოდ მიჰყვანდათ და აგერ უნდა შეჰყროდა თავის საქმროს და გულის მეგობარს. გული კი არ ადასტურებდა ამ მეგობრობას, არც არავითარ სიხარულსა გრძნობდა იგი შეხვედრის მოლოდინში. გული კიდეც უფრთხოდა შეყრის წამს, რადგან ლევანი მთლად უცნობი იყო მისთვის და ვერ აჰშლიდა მასში გრძნობათა სამხიარულო დენას. სდუმდა გული უსიხარულო, უნდობლად იყურებოდა, კრთებოდა, ილალებოდა. აღფრთოვანებული გონება ათასგვარ თვალთწარმტაც საგანგებო სურათს უსახავდა ქალს, გული კი სდუმდა დაჩაგრული, აღარ ენდობოდა გონებას, რომელმაც ძალით გამოსტაცა მას სიამე უშრეტი, ჩაუქრო სანთელი სიხარულისა და ნაცვლად ამისა დაადგა თავს გვირგვინი ბრწყინვალე, გარნა ცივი, გრძნობათა შემყინველი, ტკბილ გრძნობათა ამომშრეტელ-ამომხმობელი. ქალი სცდილობდა წარმოედგინა სახე თვისი საქმროსი და გონება აწვდიდა ამ სახეს: უხატავდა ვაჟკაცს მშვენიერს, პორფილით მოსილს, სკიპტრის მჭერს, თავ-გვირგვინოსანს; ვერ კი შესძლო გონებამ გაეცოცხლებინა იგი სახე, სული ცხოველი ჩაედგა მისთვის, სისხლი თბილი აეჩქეფებინა მის ძარღვებში, სიცოცხლის ძალით მიმზიდველით აევსო მისი თვალები, ქალწულისათვის ძვირფას სიცოცხლის ძალით. თინათინს ლევან მეფე ესახებოდა ბრწყინვალე რამ კერპად უსულოდ, დიდების შარავანდედით მოსილ ჭანდაკბად უგულოდ; ვერ იქმნა და ვერ ჩაუდგა მას სული ცხოველი, ვერც აუძგერა მას გული გაქვავებული.

და იგრძნო ქალმა ერთს წამს, მთელის თვისის არსებით განიცადა მან, რომ დიდება დიდი, ძალა უძლეველი. საჭურჭლე ულეველი, ყოველივე კეთილი ქვეყნიური ვერ შეიქმნებოდნენ სიცოცხლედ, ვერც ძალედვათ ქმნილიყვნენ ნექტარის მადინებელ წყაროდ ცხოვრებისა. ამაყი და თვითნება გონება ქალისა მაინც არა სცხრებოდა თვის მისწრაფებაში, იგი დაჟინებით არწმუნებდა ქალს, რომ განაცხოველებდა ამ ქანდაკებას უსულოს. დაჰკრავდა კვერთხს სასწაულთმოქმედს და აუძგერებდა გულს, სამისოდ აუღელვებდა გრძნობათა მათ შესაკრებელს.

- მიყვარხარ, დედოფალო ჩემო სანატრელო! - წარმოსთქვამს მაშინ ქანდაკება იგი და მხურვალედ დაუკოცნის კაბის კალთას.

და წარმოუდგა დედოფალს ნოშრევანი ცოცხლად. ხელშესახები სინამდვილით! მის წინ მუხლმოდრეკილი ჭაბუკი ევედრებოდა მას, უარეყო დიდება წარმავალი და განეხორციელებინა სიყვარული, რომელი მხოლოდ არს სიხარული უცვლელი, რომელი მხოლოდ ასხივოსნებს ქვეყანას ბნელს, რომელი მხოლოდ ათბობს ცხოვრებას ცივს, რომლისადმი ისწრაფის უკვე ერთ არსებად შეკონილი გული მათი.

- აახ! - დაიკვნესა ქალმა.

და ცრემლთა ნაკადი გადმოსქდა თვალთაგან: ნოშრევანს სტიროდა ქალწული, მისით მკვდარს ნოშრევანს, თავისსავე ხელით განგმირულ სიყვარულს. მხლებელთ კი ეგონათ, შემთხვევითი ცრემლებიაო უმნიშვნელო, წუთიერ მღელვარებათაგან საწური რამ ნამი უბრალო.

მაგრამ ქალი მხოლოდ ერთს წამს შედრკა და უღონო იქმნა, მხოლოდ ერთს! მალე მოეგო იგი თავს, მსწრაფლ განმტკიცდა შერყეული მისი ნებისყოფა და აღიმაღლა ხმა მისმა გონებამ:

- დედოფალი ბრძანდები ქვეყნისა, ქალი მძლავრის გურიელისა, დიდებისა და პატივისათვის ღვთისაგან მოვლინებული და არ გშვენის რყევა! მიიღე თაყვანისცემა, რომელი განუმზადებია შენთვის განგებას უცვალებელს!

ქალმა შეიშრო ცრემლი სისუსტისა, მოიღერა ყელი და შებრძანდა ფარჩით მობურული ჩარდახში ამაყი. გაიარეს რამდენიმე მანძილი და გამოჩნდა ხუთიოდ მხედარი, ერთი წინ მოუძღოდა. კახელებმა იცნეს ცხენოსანნი:

- მეფე ბრძანდება, თვითონ მეფე ლევანი!

შედგა დედოფლის ამალა. ყველანი დაექვეითნენ. ლევანმა მიაგდო ცხენი ტახტრევანდს, გადმოხტა და ასწია ფარდა: ესწრაფებოდა დანიშნულის ნახვა, ქალწული აღელვებული დახვდა, ფერმკრთალი; გადმოენათებინა დიდრონი თვალები მოელვარე: თმის გასწორება კარგად ვერ მოესწრო, ვერც თავსაფრის მობურვა და აშლილი თმა ლოყაზე ჩამოჰშლოდა. კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჭაბუკზე მისმა ფაქიზმა აგებულობამ და შემკრთალმა, თითქმის შეშინებულმა სახემ რაღაცა სიბრალულივით გრძნობა აღუძრა ვაჟკაცს. ზრდილობიანად აკოცა მეფემ ხელზე, მოიკითხა, გულმტკივნეულად შეიბრალა იმ გარჯის გამო, რომელს უთუოდ გამოსცდიდა იგი მგზავრობის დროს.

მეფის განზრახვა კი ესეთი არ იყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა შეხვედრისთანავე შესჭროდა დედოფალს ტახტრევანდში და დაეკოცნა იგი. თუ ლეილ-ყიზი ყოფილიყო, სწორედ ესე იზავდა, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა: ვერ გაუძლებდა მის ალერსით სავსე მოცინარე თვალებს, ეშხით აღვიებულ თეთრ-ყირმიზ ლოყებს, მთელს მის არსებას ფიცხელს, აღგზნებულს. ვერც ხომ ლეილა შეიმაგრებდა თავს. ცოდვაც იქნებოდა თავი შეეკავებინათ ტრფიალთ ეხლა კი ლეილა არ იყო მის წინ, ვნებათა ღელვის ამშლელი ლეილა. სხვა იყო, სხვა ქალი. სულაც უცხოდ მოეჩვენებოდა ლევანს დანიშნული, თუ ლმობიერი რამ გრძნობა არ აეშალა მასში ქალწულს მინაზებულს. მეფემ აკოცა დედოფალს ხელზე და უკუდგა მცირედ. თაყვანისცეს დედოფალს მეფესთან მოსულ დიდებულთ. სცხადად დაეტყოთ, რომ იამათ ქალის ნახვა. ისინი ისეც ხომ კმაოფილნი იყვნენ, რომ მეფემ უსმინა თვის მრჩევლებს, ისურვა სახელმწიფოს სიკეთე და დიდებული ქალი დასვა დედოფალთ. ქალწულმაც თავისი იერით, თვისი სინაზით, ფაქიზი ქცევით, ჰაზრიანი თქმით. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, გული გაუღო მათ სამხიარულოდ.

თინათინს უამა მეფის რაინდული ქცევა და შეხვედრა ზრდილობიანი. ქმარი იყო იგი, მაგრამ მაინც უცნობნი იყვნენ ჯერ და უფრო ხასი ქცევა შეამღვრევდა მათ შეყრას. მართლა და შეუფერებელი იქმნებოდა მეტი სიახლოვე მათ შორის, რადგან იმათ შეუღლებას არ უძღოდა განმასპეტაკებელი სიყვარული, რომელი განსწმენდს, აღამაღლებს ქალ-ყრმათა ერთობას, ჰაეროვან სახეს აძლევს და განდევნის მუნიდგან ყოველსავე მწიკვლს თუ ცოდვას, ნასახს ბილწის ეშმაკისა.

ეშმა ჰბაძავს შემოქმედს და თვისგან მოვლენილ ბიწიერ მოქმედებას აძლევს სპეტაკ აღმაფრენის სახეს. თუ გულს არა ჰკითხე, მარტო თვალის დაკვრით ვერ გაარჩევ ამ ორ მოქმედებას, გარეგნობით ერთგვარს, ხოლო შინაარსით სულ სხვადასხვას. გულმა კი უტყუარად იცის მათი გარჩევა, იგი მაშინვე გრძნობს ციურ ძალთაგან ნაგებ სიყვარულს, ცოდვათაგან განწმენდილს.

ის კი ეუცხოვა ქალს, რომ მეფე ესე უბრალოდ მოეგება მას,სულ ოთხი კაცის ხლებით. ისიც გაუკვირდა, რომ ლევანს მარტივად ეცვა, არა ჰქონდა ასხმული ოქრო-ვერცხლი თუ თვალ-მარგალიტი. ქალს წარმოდგენილი ჰქონდა, რომ საქმრო შეჰხვდებოდა მას დიდებით გარემოცული. თითონ ლევან კი თვალში მოუვიდა. მართალია. ისეთის გმირულის შეხედულებისა არ იყო იგი, როგორც ბეჩავი ნოშრევან, არც ისეთი სხარტი და მოქნილი ტანი ჰქონდა. მაგრამ მაინც კარგი ვაჟკაცი სჩანდა, თითქმის მშვენიერი.

სინამ კახნი თაყვანსა სცემდნენ დედოფალს, ლევანმა მიმოავლო თვალი მის თანამგზავრთ და შესდგა განცვიფრებული: თვალი დაჰკრა მშვენიერ მხევალს თინათინისას. ისე დააშტერდა მოხიბლული, როგორც შავარდენი კაკაბს, გარნა ერთს წუთს, მხოლოდ ერთს წამს.

ბრძანა მეფემ განეგრძოთ გზა. მარჯვედ მოახტა ბედაურს და გვერდით ამოუდგა ტახტრევანდს. ქალწულს მოეწონა ჭაბუკი მეფის ქცევა და გაუღიმა.

22

მოშორებით და მოკრძალებით მისდევდა მეფე-დედოფალს მათი ამალა. მგზავრები წყნარად მიდიოდნენ, რადგან შორს აღარ აყო დასასვენებლად განმზადებული ადგილი. ავიდნენ გორაკზე და ჩაეკიდნენ ტყიან თავქვეს. წინ გადაეშალათ ივრის ხეობა, რომელს ორივე მხრიდან მოსჯროდნენ ტყით შემოსილი მთები. დედოფალმა ბრძანა მთლად აეკეცნათ ტახტრევანდის ფარდები, რომ თავისუფლად შესძლებოდა საუცხოვო ადგილების თვალიერება. ლევანი გვერდზედ მისდევდა ქალს და განუმარტებდა: უჩვენებდა სოფლებს, უსახელებდა ციხეებს, უსხნიდა იქაური ხალხის ზნე-ჩვეულებას, ნიადაგის თვისებას, ნაყოფიერებას. ქალი ნასიამოვნები იყო ამ მშვენიერი ადგილების ხილვით, ისიც უხაროდა, რომ საგანი ჰქონდათ სასაუბრო, თორემ უხერხულად იგრძნობდნენ თავს ორივენი: უცნობნი იყვნენ ერთმანეთისა. უცხონი; საიდუმლო რამ გრძნობა არ აკავშირებდა მათ და ვერ გამოიღებდნენ გულიდან საუბრის საგანს: გული ცალიერი ჰქონდათ მათ ერთმანეთისთვის; უსიტყვო საუბარი ხომ სულაც არ შეეძლოთ მათ, რადგან ბაგეს დაჰხშობს ხოლმე მხოლოდ მძლავრი გრძნობა, რომლის გამოსათქმელად ადამიანის ენას ჯერ სიტყვა არ გამოუნასკვია, რომელი ჯერ ვერ მოთავსებულა ლექსთა თაიგულში. მხოლოდ ესეთი გრძნობა დასდებს საცოს ადამიანის პირს და კარსა ძნელსა მის ბაგეს, გარნა გაათბობს გულს, ააძგერებს მას და მიუთხრობს უსიტყვოდ დაუსრულებელ გალობას გამოუთქმელი ნეტარებისას. ამ ახალგაზრდათა შორის კი არ იყო არც აჩრდილი ამგვარის გრძნობისა. ამიტომაც მათი თვალი, გონება და გრძნობა მიმართული იყო მხოლოდ გარემო მდებარე არსზე, ბუნებამ იცოდა. ეს და მისთვის გარდაუშლიდა მათ ლმობიერი დიდებულ სურათებს: ჰსურდა შეემსო მათი გულის სიმწარე, და ეფერადებინა მათ გრძნობათა გაცრეცილი უფერობა. ამასა ჰგრძნობდნენ ორივენი და გადაჭარბებულის ყურადღებით მიეპყროთ თვალნი მათ წინ გაფენილ ბაღდადივით ქვეყნისათვის.

თუ ლევანს ლეილ-ყიზი ჰყოლიყო გვერდით, ან ლევან მეფე თინათინისათვის ნოშრევანი ყოფილიყო, მაშინ მნიშვნელობა არ ექმნებოდა მათთვის ივრის ხევის სიმშვენიერეს; არც საჭირო იქნებოდა მათთვის ნამდვილი სიტურფე და სიმდიდრე ქვეყნისა: მაშინ არაბეთის უდაბნოც მანანას უთოვლებდა მათ ზეცით, ხოლო ფერხთ ქვეშ ყრილი ქვა-ღორღიც ფერად ყვავილთა ფიანდაზად გარდაეშლებოდათ შეყვარებულთ. ბუნებამ იცის სიტურფე სიყვარულისა და უალერსებს ტრფიალთ. არ იშურვებს მათთვის საუნჯეს არსად და არც როდის.

თავქვეებში ტყე თანდათან მჭიდროდ გარემო ადგა გზას და შეზღუდა იგი, წაართვა სარბიელი თვალთ. შეამოკლა ხედვის ისართა საფრენი, ნაწილ-ნაწილღა მოჰსჩანდა ხვეული გზა და მის ჩაყოლებით ტოტებით გადაჭდობილი უზარმაზარი ხეები. ზოგან ხეებს თალარივით დაეჩრდილათ სავალი და მათ ფოთლებ შორის აქა-იქღა მოსჩანდა კამკამი ცა. ერთ მისახვევში მოულოდნელად გაიხსნა მარჯვნივ ტყე და მგზავრების წინ გადიშალა ყვავილოვანი რამ ველი,რომელი შესდევდა შეღმართს. ამ შეღმართის თავზე ამაყად გადმომდგარიყო ივრის ციხე თავმომწონე. ველზედ კარვები იდგა, სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმული ხალხი ირეოდა. ციხის მკერდზედ მოსჩანდა ფარჩის კარავი, რომელზედაც ფრიალებდა დროშა სამეფო: პირაქეთელნი შეყრილიყვნენ აქ მეფე-დედოფლის დასახვედრად.

შიგნით კახელებს არ უნდოდათ მეფის ქორწინება მთლად გარე კახელთათვის დაეთმოთ, ივრის ხეობა აქ ეტოლებოდა ალაზნის დიდებულ ველს და თუ ქორწილი იქ უნდა გადაეხადნათ, აქ ნიშნობის გაჩაღებას აპირებდნენ. ჰსურდათ დაელოცნათ ახლად შეყრილი მეფე-დედოფალი. ამისთვის იყო აქ დიდი მზადება.

უკეთეს ადგილს ვეღარც იპოვნიდნენ აქ: გორგასლანის მომსწრე ციხე-გოდოლი, ეს შეურყეველ-გაუტეხელი კარი მთელის ხეობისა,ღირსი იყო ამ პატივისა. საჭიროც იყო დაელოცნა მეფე-დედოფალი ციხის დედას, ამ ურყეველი ბურჯის ანგელოსს, რომ კეთილად წარმართოდათ მათ გზა ცხოვრებისა. იგი ციხის დედა კიდეც უამბობდა ახალგაზრდა მეფე-დედოფალს ძველის-ძველ ამბებს საგმიროს, მოაჩვენებდა იმ ბუმბერაზთა სახეებს, რომელთ ოდესმე ასახელეს იგი ციხე, რომელთ დასდეს თავი სამშობლოსათვის და ზვარაკად შეეწირნენ მის წმიდა კერას.

ნიშნობის წესი ციხის ეკლესიაში გარდიხადა მოძღვარმა და შეუცვალა ბეჭედი მეფე-პატარძალს. ისეთი ვახშამი გაიმართა ამ ტყით შემორტყმულ კორდზედ, რომ დიდებულ ქორწილს დასჭარბებდა თვის მრავალფერობით. როცა ვახშმათ უკან ლევანმა თავის დანიშნული გადაახედა კოშკის ქონგურებიდან ივრისაკენ, ქალს ოცნებად დაესახა ეს საარაკო მიდამო: ძირს უფსკრულ ხევში მთვარის შუქზე სარკესავით ლაპლაპებდა ანკარა მდინარე: მისი სწრაფი დენის ხმაურობა გუგუნად ეფინებოდა კიდეებს და უცნაური ხმებით ავსებდა მთელს ღელეს; ციხის ქვევით, იქვე, ისე ახლო მოსჯროდნენ მთები მდინარეს, თითქო გზა შეუკრამთო მისთვის, უჩვევი თვალი სრულებითაც ვეღარ ამჩნევდა წყალისაგან გაჭრილ-გაპობილ წარსადინელს.

- იცი, ჩემო სატრფო, თქმულება არის ხალხში, რომ სანამ ეს ციხე შეურყევლად იდგება, კახეთს ვერც ერთი მტერი ვერ დაიჭერს; თუ ციხე ჩამოინგრა, ის უტყუარი ნიშანი იქნებაო კახეთის გატეხისა.

- რა შეარყევს ან რა ჩაანგრევს ამ ციხეს?! კლდეზედ უმაგრესად სჩანს ნაგები.

- ძალიან მაგარია, საყვარელო, მაგრამ აი ამ მხარეს ერთობ ზედ წასდგომია უძირო ფლატეს; თუ დაირღვევა ოდესმე, ამ მხრიდან ჩაენგრევა კედელი, - უთხრა მეფემ და წარსდგა ნაბიჯი, ჩაახედა ქალი უფსკრულში. თვალი მოსტაცა ქალს უძირომ, შეაკრთო, შეაშინა და ათრთოლებული ქალი უნებლიეთ მიეკრა ჭაბუკს, ვაჟკაცმა მძლავრად მოჰხვია მას მკლავი და მოსტაცა კოცნა პირველი.

ტკბილი იყო იგი კოცნა, გამათბობელი, ვნებათა ამშლელი, გარნა, ახ, ვერ ჰპოვა ვაჟმა მასში ნებისყოფის ჩამშლელი და თავის წამრთმევი აღტყინება, ვერც სიტკბოება ჯერეთ განუცდელი, მისთვის თითქო ნაცნობი გამოდგა ბაგეთა იგი შეხება, არაერთხელ განმეორებული, და გული გაუკაწრა ამ განცდამ. ცხადად წარმოუდგა მას ლეილ-ყიზის ეშხიანი სახე, მხიარული თვალები, ვნებით აღსავსე ვარდისფერი ტუჩ-ბაგე და მიჰხვდა, რომ ლეილას პირველი კოცნა არ ეგვანებოდა ამ კოცნას, რომ იგი კოცნა თვით ნეტარების შეხება იქნებოდა გარდუვალ-დაუვიწყარი. შეებრალა ქალიც, თვისი თავიც და განზრახ უფრო მხურვალედ მოუალერსა ქალწულს, რომ არ ეგრძნობინებინა იგი თვისი განცდა დათრთვილული.

თინათინ სრულებით ვერ მიჰხვდა ვაჟის გულის კვეთებას, ერთს წამსაც ვერ იგრძნო იგი მოძრაობა მისის სულისა და ნასიამოვნები მიეყრდნო მის მკერდს. უხაროდა ქალს, რომ ვაჟი ესეთის გულწრფელი სიყვარულით შეჰხვდა მას და აღთქმას აძლევდა თავისთავს, რომ გრძნობებს გაუზიარებდა ქმარს სავსებით, დაივიწყებდა ყველაფერს ყოფილს. აღზრდიდა თვის გულში ლევანისადმი სიყვარულს, ტრფობად გარდაჰქმნიდა მას და გულსავსედ მოუპყრობდა ვაჟკაცს თვის არსებას, განუყრელად შეუერთდებოდა მას და შეიქმნებოდა მასთან ერთ ხორც და ერთ სულ. ეგონა გამოუცდელს, რომ დაიმორჩილებდა იგი გრძნობასაც, როგორც რამ მხევალს ყურმოჭრილს.

23

ისეთი კარგი შთაბეჭდილებით გაემგზავრა დედოფალი ივრის ხეობიდან, რომ დარწმუნებული იყო, იმისთანა მშვენიერ ბუნებას, იმისთანა მოყვარულ და ხალისიან ხალხს, ქალსა თუ ვაჟს, ვერღა ჰპოვებდა ვერსად, ვეღარც იმგვარ ლხინს თუ სიმღერა-თამაშს ჰნახამდა იგი ვერასოდეს. მაგრამ როდესაც ავიდნენ მგზავრები გომბორის წვერზე, საიდანაც გადაეშალათ თვალწინ უსამზღვრო ტატნობი კავკასიონის უმაღლეს მწვერვალებიდან ვიდრე თრიალეთის კალთებამდის, მაშინ კი გამოუთქმელ აღტაცებაში მოვიდა ქალი და სრული კმაყოფილება იგრძნო მისმა სულმა. მის ფერხთ ქვეშ გაშლილი ეს დიდებული ბუნება მისთვის დაელოცნა შემოქმედს, მისთვის და მის შთამამავლობისათვის საუკუნოდ, როგორც რამ აღთქმის ქვეყანა შეუდარებელი. დანაშთენნი ნაწილნიც საქართველოსი მას გაეშლებიან ფიანდაზად, მის გვირგვინოსან მეუღლეს და მას, ზღვიდან ზღვამდის, კავკასიონის თოვლიან ზურგიდან თვით არარატის ძირამდინ: მეფე ლევანი დიდებისად არის მოწოდებული თვით განგებისაგან.

წარმოუდგა ქალის გატაცებულ ოცნებას ბაგრატიონთა სამეფო კვლავ შეერთებული, გაძლიერებული; ბაგრატოვანთა სამეფო ტახტი ბრწყინვალედ ზეამაღლებული, ხოლო მას ზედან მორჭმით მჯდომარე მეფე ლევანი, მთელ დუნიაზედ განთქმული ლევან დიდ ზეცით მოღებულ გვირგვინით გვირგვინოსანი. შემოქმედს მზისათვის აურთმევია სხივი ცხოველი ამ გვირგვინის შესათხზელად, სხივი დამათბობელი ერთგულთა, დამწველი ორგულთა და წინააღმდეგთა ხოლო ლევან დიდებულის გვერდით მზე თინათინ, იმ თინათინ შუქმფენელის დარი-ყადარი, თამარისეულ ჯიღით თავ შემკულ-დამშვენებული.

- და გარდაეცემის სახელი ლევან დიდისა და მის ბედნიერის მეუღლის თინათინისა შვილთაგან შვილს, გვართაგან გვარს, მისხთაგან მისხს; შეიქმნება უკვდავი სახელი მათი, ბრწყინვალე შარავანდედით გარემოცული სახსენებელი მათი; საარაკოდ გაჰხდის ხალხი მათ საგმირო საქმეებს, უკვდავ ჰყოფს მათ სახსენებელს ერი მადლიერი!

დაჰმზერდა თვალებგაბრწყინვებული, მკერდ აღვლვებულ-აქანებული, მთლად აღტაცებული თინათინ თვალთწარმტაც სახეს დიდებულის ბუნებისა, აღტყინებულ ოცნებით მოქარგულ სურათს თვისის დიდებისას და ღვთაებრ რამ კმაყოფილებასა ჰგრძნობდა გამოუთქმელს სატანასებური მისი პატივმოყვარება.

ძლიერ პატარაღა მოსჩანდა ამ წამს საბრალო ნოშრევან უკვდავების სხივით გაბრწყინვალებულ ლევან-დიდთან, მთლად უჩინარი. საბრალო იყო გურიის რომელსაღაც კუთხეში მივარდნილი პაწაწინა მისი მამული თვალუწვდენელ სამფლობელოსთან შედარებით, რომელიც შეექმნა მის გვირგვინოსან მეუღლეს თვისი ბასრი ხმლით. თითონ დიდი გურიელიც ხომ მხოლოდ ერთ ერისთავთაგანიღა იყო ლევან დიდის სამფლობელოში, მახლობელ და საყვარელ ერისთავთაგანი, ხოლო მისი საბრძანებელი, ეშხით მოქარგული გურია, ერთ მარგალიტთაგანი ბაგრატიდთა გვირგვინისა, რომელს აწ დაემშვენებინა ბუმბერაზი ლევან დიდებული.

და აღტაცებული ქალი მიეკრა მას გვერდით მდგომ ლევან მეფეს, რომელმაც სიამით გადახედა თვის ნორჩ დანიშნულს, ოცნებათა სხივით დამშვენებულ თვის დედოფალს.

ნეტავ იმ საოცნებო ხილვაში მომავალის დიდებისა მთლადაც ჩაშლილიყო და განქარვებულიყო ნოშრევან უარყოფილი, ამოფხვრილიყო ქალის ხსოვნიდან მისი სახსენებელი! იქნება მაშინ შესაძლო შექმნილიყო მიენიჭებინა ქალს ბედნიერება მეუღლისათვის და თვითაც ჰზიარებოდა იმ ბედნიერების სიტკბოებას. გარნა არა ჰქრებოდა მეხსიერებიდან ნოშრევან, აჩრდილივით თანა სდევდა ქალს მისი სახე და ხან შენივთდებოდა იგი სახე, ხორცს შეისხამდა და თვალწინ დაუდგებოდა ცხადქმნილი, ხან მიმქრალდებოდა, განილეოდა, უჩინარ ხდებოდა: მთლად კი არა ჰქრებოდა იგი აჩრდილი, არ ინთქებოდა უფსკრულში არყოფისა.

დაეშვნენ თავქვე, ჩაჰყვნენ გიჟ თურდოს. აყრილ ტყეს ბრწყინვალე დღე დაებურ-დაეჩრდილა ლაღად ატყორცნილ წიფელთა ჯარს, მზის სხივებს აღარ უშვებდნენ იგინი ძირს. მგზავრებმა ცოტახანი შეიფერხეს ხევის მარჯვნივ ციცაბოზედ გაშენებულ სადგომ-სახიზნავში, პირჯვარი გადიწერეს იქაურ ეკლესიაში და ისევ განაგრძეს გზა. ჩამოათავეს უმთავრესი თავქვე და გამოჩდნენ მცირე რამ კვერნაკზე. ამ ბორცვს ერთის მხრივ ჩასდევდა კაკლის ჭალით შემოსილი თავქვე, რომლის ძირში გადმოჩქრიალებდა ძვირფასი წყარო; ხოლო მის თხემზე ველი რამ იყო ტყის ხეხილით გარს შემორტყმული. ამ ველის ზემოდანაც წყარო გადმოდიოდა და ნაკადად გადაჩხრიალებდა კაკლიანისკენ. ეს პაწაწინა მინდორი მთლად მოქარგული იყო ხასხასი მდელოთი და ფერადფერადი ყვავილებით შემოდგომისა. აქ დაჰკრეს მგზავრებმა კარვები და დაასკვნეს დასვენება.

წყნარ გუნებაზედ იყო თინათინ. გული სიამით აჰღვსოდა და თვალები უალერსებდა მყუდრო კუთხეს, რომელი დანდობილად მიჰყრდნობოდა ბუმბერაზი მთის კვარცხლბეკს. ქალმა დაათვალიერა წყარო, გადაჰხედა კაკლებს, შემოუარა ტყის პირს. პანტა, მაჟალო, ზღმარტლი თუ სხვა ნაყოფი ხვინჭასავით ეყარა ტყის ხეხილს. თხილი უკვე გაშლილიყო ძირს. ბალამწარას შიგადაშიგ ზედ შეჰხმობოდა ნაყოფი. ყინჩ ყვითლად მოწეულ ალუდაის მტევნებს დაემძიმებინა ტოტები და ძირს დაეწვინა. ულევი საზრდო მიეცა ყოვლად მოწყალეს აუარებელი სულდგმულისათვის, რომელნი თავს დასტრიალებდნენ ბუნებისაგან გაშლილ უხვ ტაბლას.

ქალმა შეუხვია ველის ერთს ყურეში და გაოცდა: თვალწინ წარმოუდგა მცირე რამ კორდი და ზედ განმარტოებულად მდგომი ოქრო-შინდა. დახრილი მზის სხივები კრთებოდნენ მის ქარვასებურ ნაყოფზე და აფერადებდნენ მას, დაბლა დაეშვა ხეს დატვირთული ტოტები, ხოლო მისი ჩრდილი წინ წამდგარიყო ლბილ მდელოზე. განცვიფრდა: ეს სწორედ ის ხეხილი იყო, რომელი ნახა მან სიზმრად გურიაშივე, ადგილიც სწორედ ის იყო. თინათინ კიდევ ყოფილიყო ამ ადგილს. როგორ არა, ნამდვილ ყოფილიყო! აკი უბრძანეს კიდეც მაშინ, აღეშენებინა აქ ტაძარი ყოვლად წმიდისა. ნუთუ სიზმარი იყო?! არა, ნამდვილ ნანახი აქვს თინათინს ეს ადგილი, ცხადლივ ნანახი! გარს შემოურა ქალმა ხეხილს, ხელი ახლო, ნაყოფი იგემა. დაბრძანდა შინდის ჩრდილოში. აქედან არა სჩანდა ველზედ დაბანაკებული ხალხი, ხეები წასდგომოდნენ წინ და ჰფარავდნენ. ბუნება მთლად მიყუჩებული იყო. ტყისა და ყვავილთ სუნნელებას გაეჟღინთა გამჭვირვალე ჰაერი. დედოფალი და მის ფერხთით მჯდომი მისი მხევალი გუქა ფერიებსა ჰგვანდნენ ამ მივარდნილ ყურეში საალერსოდ გამოსულთ.

მაინც ფერიათაგან აჩემებული ადგილი იყო ეს ველი, ტყის ქალთა სავანე რჩეული. ამ წყაროზე იბანდნენ იგი ტყის შვილნი ჰაეროვან ხელ-პირს, აქვე ივარცხნიდნენ ოქროსფერ თმას, მგზავრებს რომ მთვარის სხივთა ხელეურად ეჩვენებოდათ ხოლმე. აქვე მღეროდნენ იგინი თვის უცნაურ საგალობელს მიმზიდველს, აქვე უალერსებდნენ შეტყუებულ მგზავრს, ჰკოცნიდნენ მას, ეკონებოდნენ, უშრეტი ვნებით აღგზნებულნი დაჰქათქათებდნენ გრძნობათა დენით მოქანცუბულ-მიბნედილს. ვაი, რომ მომაკვდავი ვაჟკაცი ვერ უძლებდა მათ ალერსს ძლიერს და ღონემიხდილი მიიწურებოდა სიკვდილად! როგორ დასტიროდნენ მაშინ ბედშავს ეშხით გაუმაძღარნი! როგორ არა: ბევრჯერ გაუგონიათ შეგვიანებულ მგზავრებს მათი კასკასიც მხიარული, მათი მოთქმაც მწუხარე, რომელნი უერთდებოდნენ გიჟმაჟ თურდოს გაძახილს და ჩხრიალ-ზრიალს.

- რა მშვენიერებაა! რა სიწყნარეა! როგორი ამკობს კორდს ეს შვინდის ხე! - სთქვა ქალმა და მიმოავლო თვალი არეს.

- ძალიან მოგწონს, ჩემო საყვარელო? - ჰკითხა ლევანმა,რომელიც გამოჩნდა ხეებს იქიდან.

- ძალიან! ერთხელ სწორედ ესეთი ადგილი ვნახე სიზმრად, მხოლოდ პატარა რამ ნიშიც იდგა იქ.

- იცი, გენაცვალე, ეს ველი თავის გარემო ტყით სამუდამოდ ესე დარჩება ხელუხლებელი: გავცემ ბრძანებას; ვუბრძანებ ნიშიც ააგონ აქ ყოვლად წმიდის სახელობაზედ. მოვალთ ხოლმე აქ, მოვიგონებთ ამ ნეტარ ჟამს და შენ სიტყვებს.

24

მთელი სამი კვირა გასტანა ქორწილმა. საარაკო რამ კუთხედ გარდაიქმნა გრემი და მისი მიდამოები. აღყვავებულიყო მთელი ქალაქი. ფერად-ფერადი კარვები მოსჩანდა გარემო მდებარე მაღლობებზეც: ხალხს ვეღარ იტევდა ქალაქი და ბევრი კარვებში დაებინავებინათ. სასახლის წინ გამართულ უზარმაზარ სეფაში ცხენი გაჭენდებოდა. გრემის შუკა თუ უბანი სავსებით სავსე იყო ყვავილივით დართული ხალხით, ქალით თუ ვაჟით. გათქმული ღვინოები ნექტარის მაგვარი, რჩეული სანოვაგე, ნანადირევი ოთხფეხი თუ ფრინველი, თევზეული მრავალგვარი, რჩეული ხილეულობა ფასდაუდებელი ბაღებიდან ალაზნის ველისა. ხორაგს თუ სასმელს გზას ვერ აუქცევდა ადამიანი. გახალისებულიყო ისეც მხიარული, მომღერალ-მოცეკვავე კახელი და მის შვება-სიამეს შურით დაჰყურებდა თვით ღმერთი მხიარულებისა. თავი მოაწონეს მასპინძლებმა დიდებულ სტუმრებს, რომლებიც სწვევოდნენ მეფეს საქართველოს ყველა კუთხიდან თუ სხვა მოსამზღვრე სამთავროებიდან. ზეიმი და განცხრომა შიგადაშიგ ასპარეზობით და ნადირობით სხვაფერდებოდა. ქვეყანა მოსვენებული იყო, კახეთის ცა მოწმენდილი; სამტროდ არავინ ემზირებოდა კახთ, არც თითონ კახს ამოეღო ამჟამად ხმალი ქარქაშიდან და გულსამსე იყო მხიარულება, უხვი, წრფელი, მოცინარე.

გახსნა გახარებულმა მეფემ საჭურჭლე თვისი და გასცა წყალობა ულევი. უხვია გული მეფისა გალაღებული. უხვად გასცემდის ლევანი საბოძვარს, არავინ დარჩა გულნაკლული, არც დიდი, არც მცირე. ამ განცხრომაში რომ იყო ხალხი, წარსდგა მეფის წინაშე თინათინის მონა კოწია და თაყვანი სცა მეფეს მიწამდინ.

- შენ რაღასა მთხოვ, დედოფლის მონავ ერთგულო?

- მიყვარს, დიდებულო მეფევ, დედოფლის მოახლე მარიკა და მოიღე ჩემზედაც მოწყალება, წყალობა ულეველი, ბრძანე, რომ ვიფსკვნა გვირგვინი მასთან.

- მერმე უყვარხარ, ბიჭო, მარიკასაც? - გაიღიმა მეფემ.

- მზე ჩემზედ ამოსდის, შენი მუხლის ჭირიმე!

ლევანმა თვალებით გაუღიმა თავის მეუღლეს და უბრძანა ხუცესს ჯვარი დაეწერა მათთვის, ხოლო მოლარეთ-უხუცესს, რომ გაემზითვა პატარძალი.

ამ მოულოდნელმა შემთხვევამ უფრო გაამხიარულა ხალხი, გააცინა, ააჟიჟინა, საუკეთესო თავადიშვილებმა იქვე ითავეს მათი მეჯვარეობა თუ მაყრობა.

კმაყოფილ იყვნენ და მხიარულ. მხოლოდ ერთი უკვირდათ დიდებულთ: შამხალი უსუფ-ხანი არსადა სჩანდა სტუმართ კრებულში,იგი არც თითონ ჰხლებოდა მეფეს, არც მომლოცველი ეახლებინა და მოსაკითხი. საკვირველი კი იყო ეს მისგან: ჯერ ერთი, რომ მომხრე იყო იგი ლევან მეფისა და მოზავე, გარდა ამისა მოსამზღვრე იყო და პირადი მეგობარი. ლევანი და შამხალი ხშირად დადიოდნენ ერთმანეთში, ერთად ნადირობდნენ და ნადიმობდნენ. დღეს კი, ლევანისათვის ბედნიერს და სასახელო დღეს, მის თავგამოჩენის დროს, იგი არ ახლდა მას, არც ხსენება იყო მისი. ზოგს რომ უკვირდა ეს ამბავი, ბევრს სწყინდა, გული უჯავრდებოდა, სისხლი ემღვრეოდა.

- როგორ გაჰბედა ვიღაც შამხალმა და არ ეახლა მეფეს ამ დიდებულ დღეს, როცა მის ბედნიერ ტახტს გარს შემოჯრია ჯიღოსან გვირგვინოსანთა რაზმი ბრწყინვალე?! ეს ხომ თავხედობაა შამხალისა და დამცირება მთელის კახეთისა!

- სწორედ განზრახ ჩაიდინა ურჯულომ ესეთი საქმე, ალბათ ჰსურდა ეჩვენებინა, რომ იგი სრულებით არ არის მეფისაგან დამოკიდებული. ეს პირდაპირ გამოწვევა არის ჩვენი.

- ეტყობა, სწყინს მეფეს ეს თავხედობა შამხალისა და იმისთვის ბრძანდება თითქო ჩაფიქრებული. ჰხედამ, შიგადაშიგ ნაოჭი რამ აჩნდება შუბლზე და ჭმუნვა გამოჰკრთის მის თვალებში.

- კარგი! თუ ესეა, მე მიდვია თავს მეფის მთლად გამხიარულება, - სთქვა კაკ-ენისელის სარდალმა შალვა ვახვახიშვილმა: - ხელშეკრულს მოვიყვან იმ ურჯულოს მეფის წინაშე. მაინც ხომ წესია ამისთანა სამხიარულო დღეები საგმირო საქმით დათავდეს. ბარემ მეფის მოსაკითხსაც წამოვიღებ შამხალის სასახლიდან.

მოუწონეს სარდალს სიტყვა. იცოდნენ, რომ ქადილს ძალა და მოხერხებაც შესწევდა. იგი განთქმული იყო ამგვარ მოულოდნელ თარეშების მოწყობაში და თანაც შემმართებელ-შეუპოვარი, თავხედობამდის გამბედავი.

კიდეც განახორციელებდა სარდალი თავის ქადილს, სულ რამდენიმე დღეში შეასრულებდა, თუ ყური არ მოეკრა ამ ლაპარაკისათვის ქაიხოსრო მაყაშვილს და არ ჩაეშალა სავაჟკაცო საქმე. ვეზირმა ეჭვით იცოდა ის მიზეზი, რისთვისაც არა ჰხლებოდა მეფეს შამხალი, ალღოთი მიმხვდარიყო, რომ მეფის სიამის მკრთალობაც იმ მიზეზთან იყო დაკავშირებული და ამისთვის დაამშვიდა ხალხი.

- დიდ ბედნიერებას მარად სდევს აჩრდილი კაეშნისა. ჭაბუკების გულიც ვეღარ იტევს ბედნიერებას და ალბათ მისთვის მძიმდება ჟამითიჟამად. შეექვსის მეფე ახალს წყალობას დამბადებელისას და მალე სრულ შვებას იგრძნობს იგი, მთლად განათდება უჩრდილო სიხარულით მისი სახე, - სთქვა ქაიხოსრომ და მიუბრუნდა შალვას.

- რამდენჯერ აგსრულებია, კაცო, გულის წადილი და სწორედ მაშინ გიგრძვნია სიხარულში აჩრდილი რამ კაეშნისა თუ ტვირთი.

- მართალს ამბობ, მე და ჩემმა ღმერთმა! დიდად რომ გამიმარჯვნია, სიხარულსა და აღტაცებასთან სიმძიმეც რამ მიგვრძნია ჩამაფიქრებელი, - მიუგო სარდალმა.

ვეზირმა სთქვა, სხვაც დააჯერა, მაგრამ თითონ კი არ სწამდა თავისი სიტყვა. მეფის კაეშანი სრულებითაც არა ჰგვანდა გადაჭარბებულ ბედის ნაჟურს, როდესაც ადამიანი განუცვიფრებია იღბალს, ჯერ ვერ შესთვისებია მას იგი, ვერ შესჩვევია და უხერხულობას რასმე გრძნობს; თან თითქო ეშინიან კიდეც, იგი ბედნიერება არ განქარდეს უეცრად, სიზმარივით. მაყაშვილი მიმხვდარი იყო, რომ მეფის ბედნიერება, გარედან ასე თვალთწარმტაცად აღყვავებულ-დაფერადებული, შიგნიდან ნაკლიანი იყო, გულდაუსრულებელი და სწორედ ამის მეტყველი უნდა ყოფილიყო მისი სახე. ეს იქიდანაც დაასკვნა ვეზირმა, რომ მეფე პირდაპირ აღარ უყურებდა მას, გულუბრყვილოდ აღარ შეჰხედამდა, თვალს არიდებდა. მას გულსა ჰკბენდა ეს გარემოება. ნანობდა კიდეც იგი, რომ მაშინ პირდაპირ მისცა მეფეს რჩევა, ბეჯითად უთხრა სათქმელი. მართალია, იგი რჩევა გულწრფელი იყო და ბრძნული, მაგრამ, ვინ იცის? განაზებულია მეფის ბუნება, გააზიზებული, ჟინიანი და იქნება ეხლა ნანობს კიდეც იგი, რომ უარჰყო მაშინ თავისი სიყვარული და გაჰყვა ნაზირ-ვეზირთა რჩევას სახელმწიფოს დიდებისადმი მიმართულს. ამისათვის ფრთხილობდა ეხლა გამოცდილი ვეზირი. თუ მეფის გული მართლა ამ გრძნობით იყო შემღვრეული, თუ მას უკვე ჰღრღნიდა გვიანი სინანული, რასაკვირველია, ეწყინებოდა ლეილ-ყიზის მამის აკლება და დამცირება. ეხლა ყველას ის ემჯობინებოდა, რომ არ ეხსენებინათ შამხალი მეფის წინაშე, მისი არსებობა მთლადაც დავიწყებისთვის მიეცათ. ამისთვის მოიხმარა ვეზირმა თავისი გონების ძალა, რომ განექარვებინა სარდლის გულისწყრომა, დაემშვიდებინა იგი და ნება არ მიეცა თარეშისა.


25


მართალი იყო ქაიხოსრო: მეფის კაეშანი სრულებითაც არ წარმომდინარეობდა იქიდან, რომ შამხალი არა ჰხლებოდა მას, თავი არ დაეკრა მისთვის, თუმცა კაეშანს კავშირი კი ჰქონდა შამხლის ოჯახთან, იცოდა მაყაშვილმა გარემოება და იმიტომ მიიტანა გუმანი, თორემ ისე შეუძლებელი იყო მიხვედრილიყო. ვერ შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა, რომ რაიმე ჭმუნვა დაისადგურებდა ჭაბუკი მეფის გულში, რომელი ყოვლისავე კეთილით აღევსო განგებას: სიხარულით, დიდებით, საუნჯით, თავდადებული მეგობრებით თუ ქვეშევრდომებით და სწორედ იმ ბედნიერ ჟამს, როცა, ქებანი გაეჭრა ყოველ მხრივ შემკულ ქალწულზე, ყოვლად შეუძლებელი იყო! განუზომელია გული კაცისა: ძნელია მიხვდეს გონება, სად ჰპოვებს გული ნაკადს ნეტარებისა, ან სად მიუპყრობს მას განგება უცვლელი სიხარულის ფიალას. გონება ადვილად ვერ მიიკვლევს შეუცთომელს კვალს ბედნიერებისადმი, რადგან უჩრდილო ბედნიერება ჰაზრთა სამფლობელოს გარეშე სდგას. გულის გზა და ჰაზრთა ბილიკები ხშირად ასცდებიან ერთმანეთს, ბევრჯერ სულ სხვადასხვა მხრით მიიმართებიან. მაყაშვილი მიჰხვდა ეხლა, რომ მამულის სიკეთისაგან ნაკარნახევი და მისგან თუ სხვა ბჭეთაგან ნარჩევი გზა შეიძლებოდა ასცდენოდა მეფის პირად ბედნიერების შარას და ტანჯვა გამოეწვია მის სულში. სახუმრო საქმე არ იყო ეს. ამან შეაფიქრა ვეზირი,სიფრთხილის კვალში ჩააყენა იგი.

ლევანი იმთავითვე გრძნობდა, რომ საბჭოსაგან და საკუთარის გონებისაგან მისთვის არჩეულ გზაზედ ცხოვრებისა არა ჰხარობდა გულის ვარდი მისი სუნნელოვანი, რომ იგი გზა მხოლოდ ცივი ანგარიშის თვალით იყო უნაკლულოდ მოკირწყლულ-გამზადებული,გრძნობას კი არას ეტყოდა სანუგეშოს ბედნიერების მოტრფიალე გულს. მთლადაც დარწმუნდა ამაში ჯვარის წერის პირველსავე დღეს.

შუაღამე გადასული იყო, როდესაც მიართვეს მეფე-დედოფალს „თასი სიტკბოებისა“. ეს თასი ოქროსი იყო თვლებით მოოჭვილი. თასს შიგნიდან ეწერა: „ძნელ არის სიყვარული, ვითარცა სიკვდილი,და უტეხ არს შური სიყვარულისა, ვითარცა ჯოჯოხეთი“. თასის მიპყრობა მოასწავებდა, რომ უკვე დრო იყო მეფე-დედოფლის მეჯლიშიდან გაბრძანებისა. ამ თასს მხოლოდ მაშინ გამოიტანდნენ საჭურჭლიდან, როდესაც მეფე იქორწინებდა და მხოლოდ მაშინ აამსებდნენ ღვინით, როდესაც დადგებოდა ჟამი მეფე-დედოფლის გაბრძანებისა, აამსო თამადამ თასი, მიართვა მეფეს ცალ მუხლზე დაყრდნობილმა და მოახსენა:

- მიიღეთ თასი სიტკბოებისა და სასმელი სიხარულისა!

ლევანმა ჩამოართვა თასი, მოსვა და მიუპყრა დედოფალს. ქალმა ცნობისმოყვარეობით შეხედა ქმარს და შეახო ბაგე ღვინოს. როდესაც სხვა ქორწილებში სიტკბოების თასს მიაწვდიდნენ მეფე-პატარძალს, ისინი მსწრაფლ წითლდებოდნენ წითელ ღვინოსავით და თავსდახრიდნენ მორცხვად. ეს ყველაზე ძნელი წუთი იყო მათთვის. მთელ სუფრაზე ასტყდებოდა ყიჟინა და ოხუნჯობა. იმის შემდეგ მეჯვარე და მდადე გაუძღვებოდნენ მეფე-პატარძალს საწოლისაკენ, ხოლო ზურნა აუმაღლებდა ამ შემთხვევისათვის უკვე შერჩეულ ჰანგს. არც ეხლა დაარღვიეს ეს წესი: როცა დაიძრა მეფე-დედოფალი, საკრავებმა დააგუგუნეს იგი ჰანგი რჩეული. წამოიშალნენ თანამეინახენი და მოწიწებით მოსცეს გზა მიმავალთ. სრული სიჩუმე დაარღვია თამადას მკაფიო ხმამ:

- შეაბეროს!

- შეაბეროს! შეაბეროს! - აგუგუნდა ხალხი და ეს გუგუნი მაშინაც კი ესმოდათ მიმავალთ, როდესაც განვლეს მთელი წყობა დარბაზებისა და მიუახლოვდნენ იმ ოთახს, სადაც განმზადებული იყო მათი სარეცელი. გაიღო მათ წინ კარები და დაიხშო მათ უკან. თვალწინ წარმოუდგათ საარაკო რამ სადგომი: სარეცელიც, მთელი სავანეც საოცნებო რამ ყვავილს წარმოადგენდა საიშვიათო ქსოვილთა და ფასდაუდებულ ავეჯთა თუ ნივთთაგან შეთხზილს. ცის კუნჭული იყო მოწყვეტილი და კაცთა ფუფუნებად აქ გადმოტანილი, ქვეყნიურ სიტკბოებათა მისაღებად განხორციელებულ ღმერთთა სადგური.

ზრდილი ჭაბუკი მიეხმატკბილა ოდნავ შემკრთალ ქალწულს და თითონვე გააკვირვა თავის ხმამ თუ ქცევამ: იგი ჰგონებდა, რომ მეხის სახედ იელვებდა მისი გრძნობა და მედგარის ძალით გაადნობდა ტრფობის ალში თვისსა და ქალწულის არსებას, რომ ერთ ლითონად შეედუღებინა იგი ორება; მისი გული კი ისე სუსტადა სცემდა ეხლა, რომ შესძლო თავის შეკავება და ზრდილობით არდაგში გახვევა.ასე ხომ სხვა ქალებსაც ეპყრობოდა ის, ვნებათა დასატკბობად ნამსხვერპლ ქალწულებს. სისხლ-ხორცით სავსე ჭაბუკი იყო, ყველასათვის სანუკვი მეფე და აქამდინაც არა ერთს ევას მიეპყრო მისთვის ნაყოფი აღკრძალულის ხეხილისა. ჩახსნა ჭაბუკმა ოქრომკერდით ჩახლართული გულის პირი და დაეწაფა ქალწულ მკერდს. მარგალიტად ამომჯდარმა ძუძუმ მიიღო კოცნა მისი, მაგრამ არ ჩაუშვა გულამდინ სიტკბოება. იგი ნაზი მტკიცე დარაჯად დასდგომოდა ქალწულის გულს, უძლეველ მცველად: ახსოვდა კოკობს, რომ სხვისა იყო იგი გული, საწყალი ნოშრევანისა, და ვერვის დაუთმობდა მას, ვერც ძლიერ მეფეს. და ნაცვლად უცვალებელი სიყვარულისა, ნაცვლად მწიკვლთაგან განწმენდილი საიდუმლო კავშირისა, ქალ-ვაჟთ შერჩათ ხელში მხოლოდ სიძვა ხორციელი, ხრწნადი, წარმავალი.

არ იკურთხა მაღლით იგი კავშირი უგულო. ზეცით წარმოგზავნილმა ანგელოსმა ღვთაებური ნეკტარით ხელში ვერ მიუპყრა სავსე ფიალა ამ მეფე-დედოფალს. ის დააღონა მათმა ხილვამ და გულნატკენი გავიდა მათ სავანედან. სულაც გასცდა სამეფო სასახლეს, შებრუნდა მსახურთა სადგომებში და ჰპოვა იქ ზეციური მადლის ღირსი ცოლ-ქმარი: შეასვა ნეკტარი ნაკურთხი მარიკას და კოწიას. ამისთვის იყო, რომ ისეც დამტკბარმა კოწიამ ისეთი სიხარული იგრძნო, თავისი თავი მეფე ეგონა, უშრეტ ნეტარების მექონი მეფე! ვინ მოიფიქრებდა მაშინ, რომ მადლმა ღვთისამ შეაერთა საიდუმლო კავშირით ეს ორი საწყალი ადამიანი, ხოლო უარჰყო გვირგვინოსან მეუღლეთა ერთობა, რომელი დიდებით აკურთხა ეკლესიამ, რომელს ზეიმით დღესასწაულებდა ერი მრავალი? ხალხს ვერ ძალედვა დაენახა ეს, რადგან ზეცის კურთხევა საიდუმლოა, მომაკვდავ თვალთაგან უხილავი, გარნა ძლიერი, დაუშლელი, გარდუვალი, სამარადისო. იგი კურთხევა ვერ დაემკვიდრება უღირს ადგილს, სადაც მდაბალ ლტოლვილებას თუ ცივ ანგარიშს შეუმღვრევია სპეტაკი გრძნობა.

დილის მზის სხივმა რომ შეაშუქა ახალ ცოლ-ქმრის სავანეში და გაანათა მათი სარეცელი, ვაჟკაცს მხოლოდ განაწამები ქალი დაჰხვდა ბალიშზე, მის გრძნობათათვის უკვე უცხო და გარეშე. ძლივს შეიგნო, რომ ამ ქალთან უკვე განუყრელად იყო იგი შეკავშირებული.

- „აწ უკვე რომელნი იგი ღმერთმან შეაუღლა, კაცნი ნუ განაშორებენ!“ - მოაგონდა ჭაბუკს.

და შეებრალა თავისი თავიც, თვით ქალიც, რომელსაც ვერ მიანიჭებდა ბედნიერებას, ვერ წაუმძღვარებდა ცხოვრების გზაზე სიხარულის ლამპარს უქრობელს.

- ვაჰ, რომ ლეილ-ყიზი არ არის ეხლა ამის ადგილას! - გაურბინა თავში.

მაგრამ მაშინვე მოაშთო ცოდვილი ჰაზრი: მეფე იყო მორწმუნე და ნაკურთხი გვირგვინის თუნდ ჰაზრში ღალატი ცოდვად მიაჩნდა, სიბოროტედ.

ალბათ მძინარე დედოფალმა იგრძნო მეუღლის მძიმე ფიქრები, რომ შუბლი შეიჭმუხნა, ოდნავ ამოიოხრა და თან შეუგნებლად გაისწორა საკინძე, რომელიც ჩამოსხნილიყო და ნორჩი მკერდი გაეშიშვლებინა. ვაჟკაცმა ყური მოჰკრა ამ სულთქმას და შეებრალა თავისი მსხვერპლი, შეეცოდა იგი გულჩვილს. ამ გრძნობამ დაჰხარა იგი ქალისადმი; მოხვია მან ხელი მეუღლეს და აკოცა სპეტაკ შუბლზე თითქმის ცრემლმორეულმა.

აი ამ კაეშნის ბურუსი წამოჰყვა ლევანს სამეფო საწოლიდან და აღარ მოჰშორდა მის შუბლს. დიდებულთ კი ეგონათ, მეფის გაუმაძღარი თავმოყვარეობა არისო შელახული ვიღაც შამხალის თავხედობით და ჰსურდათ დაემდაბლებინათ იგი შამხალი მეფის წინაშე, დაესაჯათ. ვერ წარმოედგინათ, რომ მეფეც კაცი იყო, პირადი ცხოვრების მექონი და შესაძლო იყო ამ პირად გრძნობათაგან წარმომდგარიყო მისი კაეშანი.


26


იმ წუთს, როდესაც განხორციელებულ სიყვარულად უნდა დაჰსახოდა ლევანს თავისი მეუღლე და საუკეთესო განგრძობად თავის პიროვნებისა, იმან მხოლოდ სიბრალული იგრძნო მისდამი, როგორც უცხო პიროვნებისადმი აწ რომ განისვენებდა მის სარეცელზე. კაცთაგან განზრახ მოწყობილმა გარემოებებმა შეაკავშირეს იგინი, გარნა ვერ შეაერთეს განუყრელად; მისი გული არ ეთანხმებოდა არც გარემოებას, არც სახელმწიფოს საჭიროებას, არც სხვა რაიმე მოსაზრებას.

ქალი გამოაღვიძა ქმრის კოცნამ, გარნა სიამემ არ გაუშუქა თვალები, არც ღიმილი დაესხა ტკბილის სიხარულისა. გაისწორა გადახდილი საბანი, ხელი მიიფარა თვალებზე. სირცხვილით შეწითლებულმა ბალიშ ქვეშ მიმალა თავი. ევა იყო შემცოდე ლეღვის ფოთლით იფარავდა სიშიშვლეს, ვარდის ბუჩქებში ემალებოდა ყოველგან მყოფ მეუფეს, რომელ არს თვით სიყვარული. სცოდა თინათინმა: მიუძღვნა ლევანს ნაყოფი განგებისაგან სხვისთვის დანიშნული, დაარღვია მცნება, ამჯობინა სიყვარულს გარდუვალს დიდება წამიერი, შესწირა მსხვერპლი უსამზღრო ამპარტავნებას, უარჰყო ზეცა, როგორც სატანამ პირველყოფილმა. იმისათვის, ჩამოეცალა მას ნათელი უმანკოებისა, შიშველ იქნა სირცხვილეულ.

სატრფოსთან შეერთხორცება მოქმედებაა ნაკურთხი, იგი განხორციელებაა სიყვარულისა, რომელიც ერთად-ერთი უკვდავი ნიჭია სახიერისაგან წყევამოსილ ქვეყანაზე დატოვებული კაცთ სანუგეშოდ, ერთად-ერთი ძალა ადამიანის ცასთან დამაკავშირებელი: მხოლოდ სიყვარულით ძალუძს ადამიანს განიცადოს ამ წუთიერი ცხოვრებაში საუკუნო ნეტარება დაუსრულებელის ცხოვრებისა. წრფელი სიყვარული თვით ნათელია, სხივით შემმოსელი მოტრფიალეთა და მას არ ესაჭიროება არც ფოთოლთაგან შეთხზილი არდაგი, არც ტყავის რამ საფარველ-სათბუნებელი.

სიძვა კი მხოლოდ მიბაძვაა ტრფიალებისა, ეშმაკისაგან მოჩვენებული სახე სიყვარულისა ცოდვიან-სირცხვილეული. ქალმა იმისთვის იგრძნო სირცხვილი ქმართან, რომ ის უცხო იყო მისთვის, რომ ქორწინებას ვერ ექმნა იგინი ერთსულ. ეკლესია მხოლოდ აკურთხებს სიყვარულით ერთქმნილთა კავშირს, გარნა მას არ ძალუძს შეჰქმნას აჩრდილისაგან სიყვარულისა თვით სიყვარული. და დარჩა მეფე-დედოფლის კავშირი უკურთხებელი, ემსგავსებოდა კავშირი იგი სიძვას, იყოცა იგი სიძვა ბიწიერი.

ხალხს კი ნეტარნი ეგონნენ ახლად შეუღლებულნი, ხალხი კი აღტაცებული იყო თვისი რჩეული მეფის ბედნიერებით, ხალხი კი მხიარულობდა გულუბრყვილოდ, გატაცებით, თავდავიწყებით. დიდებულ კავკასიონიდან რომ გადმოდგა მზე ბრწყინვალე და დაესვა თვისი ცხოველმყოფელი სხივი მეფის სასახლეს, ციხე-დარბაზის წინ მდგომ სახლის ბანიდან საარი დაჰკრა რჩეულმა დასტამ. ზეცისაკენ აღემართა საყვირს პირი და აღემაღლებინა ხმა თვისი გამჭექარი ღმერთისადმი ბრწყინვალისა, ხოლო გამჭვირვალს ეთერს თრთოლვით აჰქონდა იგი ტკბილი ხმა ზეცად, რომ მიეფინა იგი დილის სამადლობელ გალობად მეუფისადმი მაღლისა.

- „აახ! რად უარჰყავთ დიდებაი უფლისა ებნითა და წინ-წილითა, რად განდევნეთ მსახურებიდან ღვთისა მრავალძალი ტკბილხმოვანი? ლოცვა მსუბუქი, გულისთქმა მხურვალე უფრო ადვილად ააქვს ზეცად საკრავთა მწყობრ ხმებს. ვიდრე ფიქრს ფრთანაჭედს. მძიმედ მიმომსვლელს. ცოდვაა ქართველი! იგი ვერ აღმართავს ბრწყინვალე ღვთაებისადმი თვის გულის ნადებს, თუ არ ჩაჰქარგამს მას ზეამაღლებულ ხმაში მსუბუქ ფრთოვანში. განა ბნელის შვილია ქართველი, ცივის წყვდიადის მსახური გულჩათხრობილი, ქვე-ქვე მხედველი! განა მრისხანე ღვთაების წინაშე სდგას იგი შეძრწუნებული!

მთლად გულსავსე ვერ იყო ლევანი ამ წუთს, თორემ ყისმათს მაინც კი ვერ დაემდურებოდა იგი: ბედს თვისი უხვი კალთა ზედ დაებერტყა მისთვის. სამოთხის კუთხის მფლობელი, ახალგაზრდა,ჭკვიანი; ქვეშევრდომთ საყვარელი, აწ ნორჩ მეუღლესთან განცალკევებული; მისი სიხარულით მხიარულნი მისი ერთგულნი აგერ ამამავალ მნათობს შეჰღაღადებდნენ სამადლობელ გალობას. სხვა რაღა უნდა ენატრა ადამიანს? ქვეყანაზედ მეტი ბედნიერება განაღა იქმნებოდა?! და თუ გული მაინც მთლად მადლიერი არ იყო, თუ იგი ყრუ რამ ტკივილსა გრძნობდა, ეს ალბად მისთვის, რომ კრულია გული კაცისა, ხარბი და გაუძღომელი; მას არავითარი სიკეთე არ აღავსებს პირთამდინ. გავა დრო, მეფე დააფასებს აუარებელ წყალობას, შეიყვარებს მთელის თვისის ძალით ამ ნორჩ ქმნილებას, აწ თვის კანონიერ მეუღლეს განუყრელს, და მაშინ შეიგნებს მისი გული, რომ კმაყოფილი უნდა იყოს იგი და მხიარული.

ამგვარ ფიქრებს ეთამაშებოდა მეფე და თან ნებს დაჰმართებდა ქალს ქოჩორზე. კულულებს ურხევ-უწყობდა. ნელნელა გრძნობაში მოდიოდა ქალი და ვაჟკაცისაკენ მიჰმართამდა თვის სახეს; მთლადაც მიანათა მას სურვილით სამსე თვალები და ჩაეკონა. ჩადნა აღგზნებულ ალერსში აჩრდილი მათის განცალკევებისა, მთლადაც განქარდა იგი აჩრდილი, როგორც რამ ნისლი მსუბუქი მხურვალე სხივთა წინაშე.

მოშუადღევებული იყო, როდესაც მეფე-დედოფალი გამობრძანდნენ კრებულში. მიქანცულ-მინაზებული ქალი უფრო დამშვენებულიყო. ცოლ-ქმარს თვალებში შერჩენოდათ სიამის ნასახ-ნაკვალი უკვე შემტკბარიყვნენ. გამოსჭვივოდა ეს მთელ მათ არსებაშიც. ამან უფრო გაახალისა მექორწინენი. გამხიარულდა ხალხი. სუნნელოვან ყვავილად გარდაიფურჩქნა ისეც გატაცებული ქეიფ-ზეიმი.

- ერთობა სულთა?! ვისღა ეცალა სულზედ ფიქრისთვის ამ ხორცთა დღესასწაულში? ვისღა ძალ-ედვა განეზომა უფსკრული გულისა, ან აღერიცხა უხილავი მოძრაობა უნივთო სულისა ამ ნივთიერ სიტკბოებათა ცეკვა-ბრუნვაში?!


27


მეფე რომ უხვად აფრქვევდა წყალობას თვის გარემო, როგორც მზე თვის სხივებს, წარსდგნენ მის წინაშე თუშნიც და მოახსენეს:

- დიდია წყალობა შენი ჩვენზედ, როგორც ჩვენი სიყვარული თქვენდამი. მაგრამ ეხლა, ამ სიხარულის დღეს, ერთს წყალობას კიდევ გთხოვთ.

- რა წყალობას, კაცო?

- იმას, ბატონო, რომ ნება უნდა მოგვცე დიდოეთი დავუმორჩილოთ თქვენს ტახტს. წათამამდნენ, ეს ორჯერ დასცემიან ჩვენს ცხვარს; ბოლოს რომ დაგვეცნენ, ექვსი ტყვე მოგვტაცეს.

- რატომ მაშინვე არ მოგიხსენებიათ ჩემთვის?

- რად შეგაწუხებდით, შენი ჭირიმე?! ჩვენ თითონ გარდვუხადეთ სამაგიერო: მთელი სოფელი დავწვით და იმდენი ტყვე წამოვსხით, რომ გაცვლისას თითო ჩვენ ტყვეში სამსამი და ოთხოთხი მივეცით.

- ეგ როგორი წესია, ერთ კაცში სამისა და ოთხის მიცემა?!

- თუშის სისხლი და ურჯულოს სისხლი ერთგვარად არ დაფასდება, შენი ჭირიმე.

მეფემ გაუღიმა თუშთ და აღუთქვა ამ საქმის მოფიქრება და გაბჭობა. ამ დროს იქვე იდგა ლევან ანდრონიკაშვილი, ქიზიყის მოურავი და სარდალი. ამ ხმლის კაცს სრულებითაც ჭკვაში არ მოსდიოდა, მეფის ქორწილი რომ ასე წყნარად მიმდინარეობდა და არავითარი საგმირო საქმით არ გვირგვინდებოდა. კახთ მოინდომეს საშამხლოს დარბევა, მაგრამ ნება არ მისცა ვეზირმა, მეფეს ეწყინებაო. რევაზმა შეატყო ეხლა, რომ თუშთა თხოვნა მოეწონა მეფეს, და დაასკვნა თავისით მოეყვანა ეს საქმე სისრულეში.

- დედოფალს პირის სანახავად მივართმევ დამორჩილებულ დიდოეთს! -სთქვა მან გულში და დაეთხოვა მეფეს: სანადიროდ წასვლა მოიმიზეზა. გაემართა თავისი ლაშქრით. მსწრაფლ გაჩნდა თუშეთში, შეაგროვა მებრძოლნი. გაზაფხულის ნიაღვარივით შეესია დიდოეთს და მანამ იქაურმა ნაიბმა მოიაზრა რამე, უკვე ტყვედა ჰყვანდა იგი ხელში ლევანს. ჯერ ქორწილის ხალხი მთლადაც არ იყო გაკრეფილი გრემიდან, ჯერ დედოფლის მაყრები არ წასულიყვნენ სასახლიდან, როცა მხარშეკრული ნაიბი დატყვევებული დიდოელნი და დიდი დავლა მოუძღვნა ანდრონიკაშვილმა გაკვირვებულ მეფეს.

- ლევან! ეს კარგი, მაგრამ ჩემი ბრძანება?

- შენი ბრძანება, დიდებულო ხელმწიფევ, შენს და დედოფლის თვალებში ამოვიკითხე, როცა თუშნი მოგახსენებდნენ თავიანთ გასაჭირს.

- კარგი ყმა ბატონის სურვილს მის სახეზე უნდა კითხულობდეს! - წარსთქვა ალავერდელმა.

- გამარჯვებულნი გამართლებულნი არიან! - დასძინა სახლთხუცესმა.

მეფემ აყვედრა სარდალს ურჩობა, გარნა მოუწონა მხნეობა და მოხერხება. იკითხა დიდი ზარალი ხომ არ მოუვიდაო ლაშქარს. თავის საკუთარს დოსტაქარს უბრძანა გაესინჯა სარდლის ჭრილობა: წაქნეული შუბის წვერი ასხლეტოდა ფარს და მარცხენა მხარში დაეკოდნა ვაჟკაცი.

თინათინს ძლიერ გაეხარდა ეს საგმირო ამბავი: მისი დედოფლობა სამეფოს წარმატებით იწყებოდა და ეს ხომ ერთი ნაბიჯი იყო,პირველი მარჯვე ნაბიჯი იმ ბრწყინვალე მიზნისადმი, რომელი დაისახა ქალმა, რომელს შესწირა მან თვისი გულის ყვავილი. დაუტკბა დედოფალი თავისნება სარდალს, მოუალერსა მას მადლიერის თვალით.

შორს გამჭვრეტელმა მეფემ ძალიან იაფად დაუსვა დამარცხებულთ წაგებული ბრძოლა: გაანთავისუფლა ნაიბი, თავისივე ხელით დაუბრუნა ხმალი, საპატიო ადგილი შესთავაზა თვის ახლო. გაანთავისუფლა ტყვეებიც. დავლა კი აღარ დაუბრუნა: წესით, დავლის ნაწილი გამარჯვებულისა იყო, ხოლო სხვა ნაწილი მეფის ხაზინას და სამეფო ქონებას უნდა შესძენოდა. ესეთი კანონი იყო და მეფემ არ ინება კანონის დარღვევა. ბოლოს იქამდის მოწყალე შეიქმნა გული მეფისა, რომ ისევ დაუბრუნა ძლეულს თვისი საბატონო. მხოლოდ დიდოეთის ერთი კუთხე, რომელზედაც დაუსრულებელი დავა ჰქონდათ თუშებსა და დიდოელთ, შეუერთა თუშებს და ბრძანა აეგოთ იქ კოშკი დარაჯად ამ მიკერძებულის ადგილისა. მეფემ მძევლად ჩამოართვა ნაიბს მისი უფროსი ვაჟი ჯემალ-მაჰმადი, რომელიც ამიერიდან ლევანის კარს იმყოფებოდა.

კოშკი „თუშთა“ ციცაბოზეა აგებული, ღელის თავში, რომელზედაც გადადის გზა. ბოლომდის თუშების რაზმი იდგა ამ ციხეში.

მიიღო ცხოვრებამ ჩვეულებრივი ხასიათი, ჩადგა იგი თავის კალაპოტში და მიიგრაგნებოდა განგებისაგან დასახულ უცვალებელ გზით. მეფე გართული იყო სამეფოს ყოველდღიური მართვა-გამგეობაში.

დროთა მსვლელობაში თანდათან იცვალა მეფის ხასიათი: დაჰკარგა გულუბრყვილობა, მის თვალებში აღარ ციაგობდა გამჭვირვალე ნათელი, რომელი ყველასათვის ცხადად ჰყოფდა მის პიროვნებას; ვეღარ ეძლეოდა თავდავიწყებულს მხიარულებას; რაღაცა აფიქრებდა მას მარად; ზრუნვა რამ ძნელი სდევდა მას განუყრელად.

- გამოიცვალა ჩვენი მეფე, გულჩათხრობილი შეიქნა.

- დაცოლშვილიანდა, დავაჟკაცდა, სულ ხომ ერთს ხასიათზე არ იქნებოდა ადამიანი.

- თითქოს რამე აწუხებს ვაჟკაცს, თითქოს რაღაცა პირად კაეშანს შეუპყრიაო. ხანდისხან ლხინის დროსაც კი უეცრად ჩაფიქრდება და სისასტიკის ნაპერწკალი გამოკრთება მის თვალებში.

- რა აქვს პირადი საზრუნველი ყოველმხრივ იღბლიანს?! სახელმწიფო საქმით არის გატაცებული: ხალხის დიდება და კეთილდღეობა აქვს დასახული და იგი ზრუნვა არ ჰშორდება მის შუბლს.

- ხომ აგრე ამბობ და დედოფლის სახეზედაც არაერთხელ შეუნიშნავთ უკმაყოფილება. დიდად თავაზიანი და ზრდილი ბრძანდება დედოფალი, მაგრამ ხანდისხან თითქმის უმიზეზოდ მრისხანებს ზოგჯერ კიდევ მოეშვება, არავითარ ყურადღებას არ აქცევს არავის, თითქოს მას არაფერი შეეხებაო, არც არაფერზე მისწევსო გული, - ლაპარაკობდენ მანდილოსნები.

- არა მგონია ეგრე იყოს! დაახლოვებული ვარ ბატონებთან და დაჭეშმარიტებით შემიძლიან ვთქა, რომ დედოფალი დიდ ყურადღებას აქცევს სახელმწიფოს მართვა-გამგეობას თუ მის ბედიღბალს. ყველაფერი დაწვრილებით იცის, რაც კი ჰხდება მის გარშემო. არკი გეგონოთ, ახალგაზრდაა და მხოლოდ კეკლუცობაზე თუ გამოჩინებაზე აქვსო ყურადღება მიქცეული.

- დედოფალი ქალია დიდის გურიელისა, რომელსაც ვერავინ შეედრება ეხლა სახელმწიფოს მართვაში და საკვირველი არ არის მაგასაც დაჰყოლოდეს სამეფოს განგების ნიჭი.

- შესაძლებელია! მაგრამ, ამბობენ, ხანდისხან უცნაურად დაღონდება და კაეშნის რიდეს მოიხვევსო ნათელ სახეზე.

- ნეტა თუ რა აქვს მაგ დალოცვილს დასაღონებელი?! ხელმწიფე ქმარი, ოქროს ქოჩრიანი ვაჟი, მთელი სამეფო მის ფიანდაზად გაშლილი.

- ღრმა არის მიუწდომელი გული მეფეთა: განგების განმახორციელებელნი არიან იგი ამ ქვეყნად, ხოლო საიდუმლოა ნება უფლისა და განუჭვრეტელი! - ჩამოართვა სიტყვა მოძღვარმა თეოფილემ.


28


დასაღონებელი არა ჰქონდარა მეფეს, მაგრამ გულსავსე კი არ იყო იგი. ბედის მთლად კმაყოფილი; მისთვის ყოველმხრივ საოცნებოდ მოწყობილ ცხოვრებაში მისი გული მაინც ობლად გრძნობდ თავს: სიხარულის მომცემი ტრფობა თავის ნებით უარეყო და იმისთვის დაჰხშოდა უჩრდილო სინათლის კარი. ალბად ჰგონებდა ნამდვილს სიხარულს ჰპოვებდა იგი სიყვარულის გარეშეც, ჰგონებდა ქვეყნიურ სხვა კეთილთაგან მის გამოწურვას. ჰსცდებოდა! კეთილთა სიუხვეს შეუძლიან ხელი შეუწყოს ტრფიალების გადაფურჩქვნას, გარნა იგი ვერ დაენაცვლება თვით ტრფიალებას, ვერ გამოსცეს მისებურ სიხარულს.

აკი გითხარით, ტრფიალება სხვა ნიჭია მეთქი, თავისებური იშვიათი, განუმეორებელი. ნუ კი გაჰრევთ ერთმანეთში სიყვარულსა და სხვა გრძნობებს, თუნდ ნათელ გრძნობებს!

დიდებული ცოლ-ქმარი მოღალატენი იყვნენ ამ ზეგარდმო გრძნობისა, თავის ნებით უარმყოფელნი და ეხლა მათ გრძნობათა წარსადინელი სულ სხვადასხვა მხრისკენ იყო მიმართული. ორივეს ერთმანეთის გარეშე ეხილნათ ტრფობა. ერთმანეთის გარეშე განეცადათ მისი სიტკბოება და ვეღარ შეიძლებოდა მათგან მისი დავიწყება. ვერც ქალმა და ვერც კაცმა ვერ ამოფხვრეს გულიდან დაკარგული სამოთხის ხატები, იგი თვალწინ ედგათ მაშინაც, როდესაც ალერსის ნაყოფმა, ახალმა არსებამ, ორივენი ხორციელად შეაკავშირა განუყრელად. ხომ ორივეს ბუნება პაწაწა სანდროში ერთად იყო განხორციელებული, მაგრამ თინათინი მხოლოდ მაშინ იქნებოდა შვილით ბედნიერი თუ მასში მასთან ერთად განხორციელებულიყო ნოშრევანი, ხოლო ლევანი სრულ სიხარულს მარტო მაშინ იგრძნობდა, როცა თავის ვაჟში დაინახავდა ლეილ-ყიზის თვალთა კრთომას და მომხიბლელ ღიმილს. აი ამ დაკარგული ნეტარების აჩრდილი იყო, მუდამ რომ თავს დასტრიალებდა მათ სარეცელსაც, მათ მემკვიდრის მორთულ აკვანსაც! ესევე ჩრდილი გამოჰკრთოდა მარად მათს თვალებში.

სამეფო საქმეები კი მწყობრად მიმდინარეობდნენ და მიჰყვანდათ ლევან მეფე წინად-განზრახულ და ნაოცნებ დიდებისაკენ.

ამ დროს გადიხადა ლევანმა ბრწყინვალე ომი შირვანისა. ლევანს ფიქრადაც არა ჰქონდა შაქი-შირვანისკენ მიემართა თვისი მახვილი. მას ჰსურდა ქართლის მხარეს გაეფართოვებინა თვისი სამეფო. შეიძლებოდა ისე მოეხერხებინა ეს, რომ არამც თუ არ ეწყენინებინა ქართლის მეფე ლუარსაბისათვის, კიდეც ეამებინა მისთვის.

ტფილისი ისევ სპარსთ ეჭირათ. ნარიყალაშიც, მეტეხშიც შაჰ-თამაზის ლაშქარი იდგა. ციხეები ძალიანა ჰქონდათ გამაგრებული; იარაღით და სურსათით სავსე. შაჰის მოადგილეს იბრაგიმს თვის ბინად შაჰინ-ტახტი აერჩია ნარიყალაში. სპარსთა ლაშქარი დღე-ღამე იარაღში იჯდა, რადგან ქალაქს ვერ ენდობოდნენ; მეფე ლუარსაბს დიღმის ვიწროები შეეკრა და განუწყვეტელი ურთიერთობა ჰქონდა მოქალაქეებთან; დღე-დღეზე ელოდნენ მეფის შესვლას ტფილისში. მტკვრის მარცხენა მხარე კი ჯერ ისევ მტრის ხელში იყო, საგურამო და ერწო-თიანეთი სათარეშოდ გაეხადნათ სპარსთ. საბარათიანოც ბედენის კალთებამდის სპარსთ ეჭირათ; ძალიან უფრთხილდებოდნენ ამ მხარეს, რადგან ეს იყო მათი გზა სპარსეთისკენ. ამ გზის იმედი და ბურჯი სამშვილდე იყო, სადაც დიდი რაზმი ჩაეყენებინა მტერს. ლევან მეფეს უკვე ეჭირა ფშავ-ხევსურეთი და ეხლა მოხერხებული დრო იყო განედევნა სპარსნი ერწო-თიანეთიდან და საგურამოდან შეერთებინა ეს მხარეც თავის სახელმწიფოსათვის.

ლევან მეფემ აცნობა ლუარსაბს, რომ ის აპირებდა განედევნა სპარსნი მტკვრის მარჯვნივ ადგილებიდან და აქედან შეევიწროებინა ისინი. ლუარსაბს მოსწონებოდა ეს ჰაზრი, შემოეთვალნა, მოეხერხებინა და თავის ლაშქრით გამაგრებულიყო მცხეთის დასწვრივ, რომ მებრძოლ რაზმებს გაღმა-გამოღმიდან ხელი მიეცათ ერთმანეთისათვის და მოესპოთ სპარსთათვის სანოვაგის შეტანა აქეთ მხრიდან. ლუარსაბი სწერდა ლევანს, რომ მარჯვე დრო იყო გაენთავისუფლებინათ ტფილისიც, მთლად საქართველოც უსჯულოთაგან. მართლა და მოხერხებული დრო იყო: ტფილისის ემირი სპარსეთიდან ვერაფერ შველას ვერ მიიღებდა, რადგან შაჰ-თამაზი მაშინ მესოპოტამიაში იბრძოდა, სადაც ტახტის მოცილე გამოსჩენოდა მას და მთელი სამხრეთი სპარსეთი აეჯანყებინა.

ლევან მეფეს ბრძანება უკვე ჰქონდა გაცემული ლაშქრის შეკრების შესახებ, როდესაც მოვიდა ქიზიყის მოურავის ანდრონიკაშვილის წერილი. იწერებოდა: „შირვანელნი შემოგვესივნენ, აიკლეს გაღმა სოფლები. დავედევნე, მივწვდი, დავლა დავაყრევინე, ტყვეები წამოვასხი, მითხრეს, შაქი-შირვანის მპყრობელი ასან-ბეგი მთელის თავის ლაშქრით იძვრისო კახეთისკენ“.

ცნობის მიღებისთანავე ლევანმა დაგზავნა შათირები თავის საბრძანებლის ყველა კუთხეებში ჯარის ასაჩქარებლად. მსწრაფლ შეგროვდა ლაშქარი და გაჩნდა ქიზიყში, სახუმრო ომი არ იყო: ასან-ბეგი თითონაც მდიდარი იყო კაცით და ადარბადაგანიდანაც მოუყვანა მაშველი ჯარი. მაგრამ ვერაფერი სარდალი გამოდგა ასანბეგი, უბრალო ხერხით იძლია: მეფემ წინ წასწია მხოლოდ ქიზიყის დროშა, უმთავრესი თვისი ლაშქარი კი უკან დააყენა ფარულად. ასან-ბეგმა რომ გადმოლახა ქიზიყის სამზღვრები და შეხვდა ჯარს, ემცრო იგი, ეგონა მეფეს ვერ მოუსწვრიაო მოშველება და მსწრაფლ წამოვიდა წინ, რომ ნაწილ-ნაწილ გაენადგურებინა ლევანის ლაშქარი. ანდრონიკაშვილი განზრახ ილტვოდა მის წინაშე. მტერი სდევდა მას, წააწყდა ჩასაფრებულ ლაშქარს და დაიღუპა: იმდენი ტყვე დარჩათ კახელებს, რომ ვაჟკაცი ათ მარჩილად იყიდებოდა. თითონ ასან-ბეგი სასიკვდილოდ დაჭრილი გაიტაცეს ლტოლვილ შირვანელთ გარდაიცვალა ასან-ბეგი და დაჯდა ბატონად შვილი მისი დერვიშ-მაჰმადი.

ამ ომმა ბევრი შესძინა მეფეს: ჯერ ორი ათასი ქართული თუმანი გარდიხადა შირვან-შაჰმა და აღუთქვა ლევანს ყოველ-წლიური ხარჯი ათას-ათასი თუმანი; გარდა ამისა, პირობის ძალით დერვიშ-მაჰმადს უნდა მიეშველებინა მეფის პირველსავე მოთხოვნილებაზე ხუთასი მხედარი იარაღით თუ სურსათით მიწყობილი; თავისი თავი აღიარა ლევანის მორჩილად. ლევანმა მძევლები ჩამოართვა მას. საქმის ერთი დაბოლოვება მაინც ხელსაყრელი იყო შირვანის მფლობელისათვის: ომში მთლად გაუწყდა მას ლაშქარი და ლევანს შეეძლო, სრულიადაც მოესპო შირვანის ცალკე არსებობა, შეერთებინა იგი თავის სამფლობელოსათვის.


29


ომგარდახდილი ლაშქარი ალაზნის გამოღმა დაბინავდა, ქიზიყის ბოლოს. აქ აწყდება გომბორის კალთები, ალაზანი უხვევს მთის ბოლოებს, რომ შეიერთოს იორი და მასთან ჩახვეული ჩაეშვას მტკვარში. მისახვევებში ნელ-ნელა მიდის მდინარე, ადგილ-ადგილ ტბორდება, მორევად ეხვევა, ღრმავდება, ფართოვდება: შორიდანა ჰხედავს იგი თავისი ჩანმთქმულ მტკვარს, ლურჯად რომ მიეფინება დაუნდობელი და ფეხს აწყობს, ნელად მიემართება წინ, რომ განიგრძოს სიცოცხლის ჟამი. რამდენსამე ადგილს კიდეცა სცდილობს პირდაპირ აღმოსავლეთისკენ გაარღვიოს ხევი და გზა აუქციოს მტკვარს. ამაოდ! მკვიდრადა სდგანან ნაპარები და მიაქცევენ ურჩს იქით, სადა არა უნდის მიმართვა: განგებისაგან არიან დამყარებულნი და განახორციელებენ ნებას ყოვლად ძლიერისას. იმ ადგილას ჭალა ყველგან ზედ არ იყო მიჯრილი ალაზანზე, ადგილ-ადგილ მდინარის პირს ველები ჩასდევდნენ, რომელნიც ირწყვებოდნენ მთიდან ნაჟურ წყაროებით. აქ დაჰკრეს კარვები: შეისვენეს, ანგარიში მისცეს თავის-თავს, ზარალი თუ მოგება გაითვალისწინეს.

დიდი ზარალი ვერ მიეცა ქართველთათვის ამ უეცარ გამარჯვებას. ბევრ გმირს ეჩინა თავი ამ ნიაღვარივით გავლილ თავდასხმაში. ბევრი ვაჟკაცი დააჯილდოვა მეფემ. წარგზავნა მსწრაფლ მსრბოლნი სასახლეში ამბის საცნობელად. გარეშეთაგანს თავი ესახელებინა ჯემილ-მაჰმადსაც, დიდოეთის ნაიბის მემკვიდრეს, სულ ოთხასი კაცი გამოეგზავნა ნაიბს, მაგრამ რჩეულნი და კარგად შეიარაღებულნი. ჯემილ-მაჰმადს მხარიღლივ გაეკვეთა ასან-ბეგის მეორე ვაჟი უსეინი, კარავი აეკლო და ტყვედ დარჩენოდა მისი მშვენიერი მხევალიც. ბევრ სხვასაც ეშოვნა განძეულობა და მხევალნი შირვანის დარბევის დროს. მეფეს რომ მოახსენეს ჯემილის მხევლის ქება, ბრძანა:

- მაინც შეუძლებელია სჯობდეს დედოფლის მხევალს გულქანს.

- მართალსა ბრძანებ! რაზედ ყურს მოსჭრიდა მას ბატონი გურიელი და დაასახიჩრებდა იმ მშვენებას. თურმე დედოფალმა გადაარჩინა იგი.

- ყურზე მაინც ეტყობა სრე, რომელიც ტყვეობის ნიშნად ხანჯლით შემოუვლია მის კარს ზრდილს ნოშრევანს.

- მაჰმად! ყური ხომ არ მოათალე შენს მხევალს? აბა მიჩვენე!

- არა, ბატონო! მაგრამ მეც ეხლავ შემოვსერამ ყურს, რომ ჩემს ლეილ-ყიზისაც ისეთივე მხევალი ჰყვანდეს, როგორც დედოფალ თინათინს, - სთქვა ჯემილ-მაჰმადმა და ბრძანა ქალის შემოყვანა.

- მაჰმად, მეტისმეტი ხასობაა შენის მხრივ, რომ გსურს შენი ცოლი დიდ დედოფალს დაადარო, - სთქვა გულმოსულმა ვამეყმა და სახე აენთო.

- არა! მე მსურს ჩემი ცოლი ჰბაძავდეს დიდ დედოფალს, რომ მის აჩრდილს მაინც ემსგავსოს.

ეს ვამეყი თანაზრდილი იყო მეფე ლევანისა, მისი თაყვანისმცემელი და მესაიდუმლოვე. მეფე გვერდიდან არ იშორებდა მას. ომში თუ ნადირობაში თან დასდევდა მეფეს, მის კარვის კარს ეძინა. თავის ნებით ეტვირთნა მისი დარაჯობა და მისი უკიდურეს სურვილების აღსრულება. ამბობდნენ, მეფის ძმა არის ხარჭასაგან ნაშობი.საშინელი ანჯახი იყო, ჭირვეული, მოსისხლე. ყველა უფრთხილდებოდა მას. ჯემილ-მაჰმადიც იმისთვის აერიდა მასთან შეკამათებას, თორემ კი ეწყინა მისი სიტყვები. მეფემ სრულებით არ მიაქცია ამ ამბავს ყურადღება: მთელი მისი ჰაზრი მიიპყრო სახელმა „ლეილ-ყიზი“ თვალწინ სისხლის ასოებით აღებეჭდა მას იგი სახელი.

- რაო, ბიჭო, ლეილ-ყიზიო?

- დიაღ, შენი ჭირიმე! ყოდორის შამხლის ქალი ლეილა: კაცები გავუგზავნე, მაგრამ ჯერ სწორე პასუხი არ მომიტანეს: მგლოვიარე არისო.

- ვისა ჰგლოვობსო? - კიდევ შეეკითხა აღელვებული მეფე.

- რა მოგახსენო, ბატონო! მგლოვიარესავით არისო: ყაწიმებით მორთულ გულისპირზე შავი ქსოვილი გადაუკრამსო, სამკაული მოუხსნიაო, განცალკევებულაო.

- რა უშავს! შენისთანა ჭაბუკი მალე დაავიწყებს მას სიმძიმილს, - ჩამოართვა სიტყვა სხვამ.

- რომ არ წამოგყვეს ქალი? - შეეკითხა ვამეყი.

- წამომყვება! თუ არა და ძალით წამოვიყვან, - სთქვა ჯემილ-მაჰმადმა და ხანჯლის ტარზედ დაიდვა ხელი.

მეფემ შეხედა ჭაბუკს და მის თვალებში გაიელვა ბოროტმა ცეცხლმა, თუმცა ერთს წუთს, მხოლოდ ერთ წამს. ლევანმა მსწრაფლ ჩააქრო იგი ცეცხლი და სხვა საგანზედ გადიტანა საუბარი. ვამეყმა მაინც შენიშნა ეს და თვალი თვალში გაუყარა მეფეს.

შემოიყვანეს ჯემილის მხევალი. ჩადრში იყო გახვეული. ჩაჰკრეს ჩადრს ხელი და იატაკზე გაიშალა იგი: ესე სინჯავდნენ გასასყიდათ გამოყვანილ მხევლებს. აახ! გაისმა აქათ-იქიდან. ქალმა ხელები მიიფარა სახეზე. უნაკლულო მშვენება იყო, ვერ ედარებოდა, ნაქვთით სრულს გულქანს, მაგრამ ვერც დასჩრდილამდა იგი იმას. მაინც შეუძლებელია მშვენიერმა მთლად ჩაჩრდილოს სხვა მშვენიერი: მოფიქრებული ბუნება ერთს რომელსამე კეკლუცში მთლად როდი განახორციელებს უცვალებელ სიტურფეს, არამედ საცნაურჰყოფს მხოლოდ რომელსამე მის დარგს. უცვალებელი მშვენება გაფანტულია ქვეყნად და ნაწილ-ნაწილ განახორციელებენ მას ტურფანი. რადა? რა ვიცი! იქნება მისთვის, რომ გარშემოწერილ ნივთიერებას ცვალებადს და უხანოს ვერ ძალუძს დაიტიოს მშვენება დაუტევარი, უსამზღრო, უკვდავი.

ანიშნა მეფემ გაეყვანათ ქალი. გამოცდილ თვალის მექონმა მეფემ იცოდა ამისთანა შემთხვევაში ერთი-ორი სიტყვით მკაფიოდ დახასიათება ქალისა, მაგრამ ეხლა ისე შეხედა ტურფას, თითქოს ხეს უყურებსო. მაინც ვერავის და ვეღარაფერს ჰხედავდა ეხლა მეფე: მას სხვა სურათი დაჰსახოდა და გაეტაცნა მისი სული შორს, ლაჟვარდ მხარეს, საოცნებო სახის სამზერლად.

საარაკო ზეიმი გაიმართა. ყველაფერი ხელს უწყობდა ქეიფს: ულევი სანოვაგე, ნახირებად და გორებად მდგარი ნადავლი, სხვადასხვა გვარი თევზი, კახურის ციმციმი ძვირფას სასმისებში, ტყვედ ჩაცვივნულნი მშვენიერნი, კარგ გუნებაზედ მდგარნი გამარჯვებულნი, გამჭვირვალე ჰაერი მოკაზმულ ბუნების კალთაზედ. დაუვიწყარი ლხინი იხილეს მაშინ ალაზნის ნაპირებმა. მეფეც მხიარულობდა: უალერსებდა, აქებდა, აქეზებდა; ძალიან დაუტკბა ჯემილ-მაჰმადს: შეაქო მისი სიმამაცე და გამჭრიახობა, უბოძა სახსოვარი,აღუთქვა სიკეთე. მეფის წილ დავლაში ქალის სარტყელი მოჰყოლოდა მოოჭვილი, დედოფლის საფერი.

- აჰა, ეს სარტყელი ლეილ-ყიზის გაუგზავნე: დაჰშვენდება, უამება, კეთილის თვალით შემოგხედამს, - უბრძანა ჯემილს მეფემ და მიუბრუნდა მოლარეთ-უხუცესს.

- მსურს ჩემი მეგობარ შამხალს განვუზიარო ჩემი მხიარულობა. აარჩიე დავლიდან მისი შესაფერი ზღვენი, გაუგზავნე და ამცნე კიდეც ჩვენი გამარჯვების ამბავი.

ჯემილ-მაჰმადს ძალიან უამა მეფის წყალობა მისგან არჩეული ქალისადმი და მადლობის ნიშნად მუხლზე აკოცა მას. მეფემ დახედა მის წინ დახრილ ჭაბუკს და ერთს წამს ტუჩნი გაუპო გესლიანმა ღიმილმა, ხოლო მის თვალთ დააკვესეს იგივე ცეცხლი დამწველი. ეხლა კი სხვებმაც შენიშნეს ეს ბოროტი ნაპერწკალი და შეკრთნენ, ხოლო ვამეყმა ულვაშზე გადისვა ხელი და შორს გაიხედა, სივრცეს გაუშტერა თვალი.


30


- მაინც ვერაფერი გამიგია! გამარჯვება მოგცა ღმერთმა, თავზარდაცემული შირვან-შაჰი ილტვოდა შენ წინაშე და დაიღუპა, მისი სატახტო ქალაქის კარი განხმულ იყო შენთვის, შენ კი სულგრძელობა იხმარე და მის შვილს დარვიშ-მაჰმადს უბოძე შაქი-შირვანის ბატონობა. მამაჩემი ეგრე არ მოიქცევოდა. ვისაც თავი ბაგრატიონთა გვირგვინის ღირსად მიაჩნია და ჰსურს შეაერთოს მთელი საქართველო, იგი სხვანაირად უნდა მოქმედებდეს.

- მაშ როგორ უნდა მოვქცეულიყავი?

- დატყვევებული უნდა მოგეყვანა დერვიშ-მაჰმად, შირვანი განუყოფელად უნდა შემოგეერთებინა ჩვენ სახელმწიფოსთვის, ჩვენი მეციხოვნენი უნდა ჩაგეყენებინა მათ ციხეებში, ჯარი უნდა შეგეკრიბა და თან წამოგეყვანა, რომ მეომრები მოგეკლო ქვეყნისათვის და ტფილისის აღების დროსაც მეტი ლაშქარი გყოლიყო, სინამ მეფე ლუარსაბს. მაშინ უფრო ადვილად დასდგამდი ტფილისში შენს სამეფო ტახტს. გრემი სატახტო ქალაქად შეჰშვენის მხოლოდ მეფის ქვეშევრდომს მთავარს ვისმე.

- მე კი მგონია, რომ სწორედ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მოვიქეც: შირვან-შაჰს ზურგთ უკან ყეინი უდგა: იგი ომშია ეხლა გართული, მაგრამ გაიმარჯვებს და მოიცლის მოსაშველებლად არ დასთმობს იგი შირვანის მოსპობას, ეხლა კი შაქი-შირვანი მაინც ჩემია, აჩრდილი აქვს მას შერჩენილი წინანდელის სახისა. დერვიშ-მაჰმად დაშინებულია და მისი ამანათებიც ხელში მყვანან.

- რომლებიც დღეს თუ ხვალ გაიქცევიან ან შენ თითონ გაანთავისუფლებ, ლმობიერო, - მიუგო დედოფალმა.

და პირი შეაქცია ქმარს, რომელიც ახალუხ გახსნილი ბოლთასა სცემდა ოთახში. შედგა კაცი და დაკვირვებით დაუწყო მზერა თავის ცოლს. შვილოსნობის შემდეგ იგი გახდა, სახე გაუშრა, აგერ ცხვირი კეხივით მოუჩანდა; თმა შეუთხელდა; წყალმა უხამა; მისი ტანი ისეც ვერ იყო ძლიერ ვნებათა აღმგზნები და ეხლა უფრო ცივად მოსჩანდა. რომ შეადარა შირვანელ მშვენიერთ, რომლებიც მიართვეს მას მხევლებად, ვერ იგრძნო კმაყოფილება, როგორც მეუღლემ. მაგრამ მისი ცოლი იყო იგი, მეუღლე კანონიერი, ქალი ჯერეთ ნორჩი, ტანთ აგერ ნახევრად გაცრცვილი, აწ მასთან განცალკევებული, და მოუნდა ვაჟკაცს მისი ალერსი.

- კარგი, გენაცვა, რა დროს სახელმწიფო საქმეებზედ ლაპარაკია, - უთხრა ქმარმა.

და გადმოხარა თავისკენ, რომ დაეკოცნა ტუჩებში, მაგრამ ქალმა პირი აარიდა და ლოყაზედ მოჰხვდა კოცნა. ცივი ეჩვენა იგი განუზიარებელი კოცნა. მთელი ღამე გრილად გაატარა ცოლთან სარეცელში: . იგი სიყვარულას დასკვნას ესწრაფებოდა, ტკბილ დასკვნას მგზნებარეს, ქალი არ ეკონებოდა, გარეწრობდა, ალერსს უძვირებდა, თვისსაც მისწრაფებას არ შეუდუღებდა, და სიო გრილი არ სცილდებოდა მათ სარეცელს, ტრფობის მწვავე სხივი ვერ დაჰნათოდა მათ, რომ შეედნო იგი ერთმანეთისთვის. ვერ ჩასწდომოდა ცოლ-ქმარი დავიწყების უფსკრულს, რომლის ძირში მხოლოდ შეიძლება დაუვიწყარი სიტკბოების გემება: მარტო იქ, დავიწყების ფსკერზე, სდგას ღვთაებური ნექტარით სავსე ფიალა.

მეორე დღეს ლევანი მოქანცულობას გრძნობდა ხორციელს, სული კი არა ჰქონდა დაკმაყოფილებული, გული კი ისევ სიყვარულისაკენ მიისწრაფოდა, ისევ იტანჯებოდა გამოუსახავი თუ განუხორციელებელი ტრფობით, ისევ ეძებდა ტოლს თანამგრძნობს, რომ აღევსო იგი სავსებისაგან თვისისა. თინათინის გული არ იყო ესეთი იგი მხოლოდ დედოფლის გული იყო ცივი, ამაყი, მედიდურად კარდახშილი და არა გული მდედრი, ლმობიერ-სუნნელოვანი, ყვავილად გარდაშლილ-გარდაფურჩქვნილი, ეშხის ღვერფლში შემხვევ-შემწველი.

იყო დედოფლის გულშიც ნაზ გრძნობათა საუნჯე ფასდაუდებელი, როგორ არა! გარნა იმ სალაროს გასაღები სხვის ხელში იყო, ქალისგან განწირულ ნოშრევანის ხელში. დედოფალი თითონაც კარგადა ჰხედავდა, რომ ქმარს მხოლოდ გარეგნობით ეზიარებოდა და რამდენჯერმე სცადა მისტკბობოდა წრფელად, მიალერსებოდა, მაგრამ იგი შეტკბობა მაინც მხოლოდ სახე იყო საიდუმლო ერთობისა. მისი აჩრდილი მხოლოდ თაღლითი, მიბაძვა იშვიათის მარგალიტისა. ჰხედავდა ამას ქალი და ეზრდებოდა გულში უკმაყოფილება თავისთავისადმიც, ქმრისადმიც. ადგა ლევან, ჩაიცვა. წამოიწია დედოფალმა თავი ბალიშიდან, აიღო ლითონის რამ გულა და გადისროლა ვერცხლის ბადიაში, რომელიც იქვე იდგა ლითონის მაგიდაზედ, გაისმა მაღალი წკრიალი. აიხადა მძიმე ფარდა და დედოფლის წინ წარსდგა მისი საყვარელი გუქა.

კეთილ ცხოვრებას და სათუთ მოვლას გაებადრა მშვენიერთა ხელმწიფე ლბილი კაბა მკაფიოდ ჰხატავდა მისი ტანის უნაკლულო ნაქვთებს მტკიცედ ნაქანდაკებ მკლავს, ხორცით შემსებულს. დაემშვენებინა ოქროს სამკლავე ლალის აბზინდით შეკრული, ერთადერთი სამკაული მხევლისა. გუქამ მოიდრიკა მუხლი დედოფლის სარეცელთან და ემთხვია მის გადმოწვდილ ხელს. მერმე მოდრკა მეფის წინ და მუხლთ ეამბორა მას. ლევანმა დახედა მხევალს და მოუთმენლად მოუნდა შეჰხებოდა მხევლის ლამაზ თავს ყურჭის თმით დატვირთულს, მაგრამ, ვერ გაბედა ცოლის შიშით. მხევალი გაჩერდა დედოფლის სარკმელთან ქანდაკებასავით უსიტყვოდ.

- სანდრო შემოიყვანოს ძიძამ. თუ ჰღვიძამს ბალღს!

გუქამ მდაბლად დაუკრა თავი და მიეფარა. ლევანმა გააყოლა მას თვალი და უნებლიეთ ამოიოხრა.

ესე გულგრილად შეჰხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს ეს დიდებული ცოლ-ქმარი და ყოველივე მათი ცდა, რომ მთლად დაახლოვებოდნენ ერთმანეთს, ამაო იყო თუ უშედეგო. შეუძლებელიც იყო, მათი გული მათვე არ ეკუთვნოდა და ვერც მიუძღვნიდნენ ერთმანეთს. ესე იყო მათ კერძო ცხოვრებაში, თორემ ქვეშევრდომთა წინაშე მეფენი იყვნენ მეფურად ზრდილნი და არ იმჩნევდნენ არავითარ უკმაყოფილებას. დარბაზში ნამდვილ ერთნიც იყვნენ იგინი, ერთისა და იმავე ჰაზრით გამსჭვალულნი: ორნივენი ოცნებობდნენ ბაგრატიდთა გვირგვინზე, რომელიც იყო ნიშანი მთელის საქართველოს ერთობისა, მისი ძლიერებისა და უაღრეს წარმატებისა.


31


მოართვეს ბალღი ძიძამ და გამდელმა. დედამ ჩამოართვა იგი,ჩაიკრა გულში, დაჰკოცნა, მოუალერსა.

- მამას დაემსგავსება ბატონიშვილი, იმისავით ჭკვიანი იქნებადა სვიანი. აი, დახედეთ, თვალის კილოში და პირის ნაპობში მთლად მამაა, - მოახსენა გამდელმა.

- შუბლისა და საფეთქლების მოყვანილობა კი დედისა აქვს,თითქო განზრახ არისო მწყაზრად ნაშენი, - დასძინა ძიძამ.

ლევანმა ტუჩებზედ თითი მოუცაცუნა ბალღს, რომ გაეღიმებინა იგი. დედა ჩააკვირდა შვილს, ერთი კიდევ ჩაჰკოცნა და უბრძანა გაეყვანათ. გაბრძანდა მეფეც. შემოვიდნენ მხევალნი, მოართვეს ტანისამოსი. ხელ-პირი დააბანინეს, ჩააცვეს, მოჰკაზმეს, სამკაული აასხეს. ყველაფერს ამას წყნარად აკეთებდნენ, გამოცდილი ხელით და ისე მარჯვედ, რომ დედოფალს არა სჭირდებოდა რაიმე ყურადღების მიქცევა მათთვის ან თავის თავისათვის, რამის გასწორება ან სწავლება. მხოლოდ იმასა ჰკითხავდნენ, რომელ კაბას ინებებდა იმ დღეს ან რომელ სამკაულს. დედოფალმა არ უბრძანა საუბარი, არც არაფერს შეეკითხა, თუმცა მხლებელნი და მოახლენი თვალებში შეჰყურებდნენ მას და ნებას ელოდდნენ ახალი ამბები მოეხსენებინათ. ქალი საკუთარს ფიქრებში იყო გართული. განსაკუთრებით სახეები ეხატებოდნენ მის გონების თვალწინ და, ეტყობოდა, სამხიარულონი არ იყვნენ იგი ფიქრები: სახე არ უღიმოდა ქალს, არც ციაგი სიხარულისა უციმციმებდა თვალებში.

დედოფლის ფიქრი მიმართა გამდლის შენიშვნამ, ბალღი მამასა ჰგავსო. რომ ჩააკვირდა პატარას, მართლა იპოვა მსგავსება არამც თუ თვალის ან ბაგის მოყვანილობაში, მთელ სახის ყდაშიაც და გამომეტყველებაში; თუმცა არც ძიძის შენიშვნა იყო ტყუილი: შუბლისა თუ თავის მოყვანილება გურიელებისა ჰქონდა პატარას. ბალღში განუყრელად შეერთებულიყო მამისა და დედის ხორციელი ბუნება. ალბათ სულიერი მათი არსებაც შეერთებული იქმნებოდა მასში, განუპობლად შეკავშირებული. ამიერიდგან მათ ორის პიროვნება, ცოლ-ქმრის სახეები განკერძოებულნი, ერთ სახედა ქმნილიყვნენ მათ შვილში; მათი განყოფა ვერ ძალუძსთ უკვე ვერც კაცს, ვერც ღმერთს. უკუნისამდე ერთად უნდა იარონ მათ, შთამომავლობაში უნდა განმეორდნენ, განუყრელად მრავალ ჟამს, მარად. სიკვდილიც უღონოა მოსპოს მათი ერთობა, რადგან თუნდ ხორციელად მოსპოს მან მათი ნაშენი ამ ქვეყნად, სულიერად მოსპობა მისი ამქვეყნად ვერ ძალუძს მას.

თინათინი და ლევანი კი მხოლოდ გარეგნულად არიან შეკავშირებულნი. ხალხის თვალში და ეკლესიის კანონით რომ ერთხორც არიან იგინი, თვით ქალის გრძნობით იგი მათი ერთქმნა არ არის სრული და სავსე. მათ კავშირს მღილი შესჩენია იმთავითვე და ჰღრღნის, ჰხვრელავს, ჰფქვავს მას, არც მოკვდება იგი მღილი გამხრწნელი! მათი ბედნიერება იბრწყინვალებს მხოლოდ გარეგნულად და ვერ გაანათებს მათ არსებას, ვერც გაათბობს. ეს ცხადია ქალისათვის, მთლად ნათელი: იმან უკვე განიცადა, თუმცა ზურგით კერძო, სიამე გარდუვალის სიყვარულისა და შეიგნო ეხლა, რომ მხოლოდ იმ ერთგვარ სიყვარულზე არის ამოგებული ის საიდუმლო, რომელიც ჰქმნის ორ არსებას ერთხორც და ერთსულ. მხოლოდ ესეთი ერთობა არის წყარო სიხარულისა: თვისი პიროვნების უარყოფა სხვისათვის მხოლოდ მაშინ არის ბუნებრივი და საამო, როდესაც ადამიანი კვლავ ჰპოვებს თვის პიროვნობას სხვის არსებაში, მისთვის უფრო ძვირფას და საოცნებო არსებაში. ამის გარეშე მხოლოდ შემთხვევითია კავშირი, ნაძალადევი, უგულო. სასტიკია იგი კავშირი, გულგამოცლილი. ვერც უძლებენ მეუღლენი მას და ან ჭკნდებიან ჩაბნელებულნი, ან მისდევენ ახალ-ახალ აჩრდილს ტრფობისას და შთაინთქმებიან უძღების მორევში გულცარიელნი.

ამისთანა გარემოებათა შექმნაში თითონ არის თინათინი დამნაშავე, მარტო თითონ! მზითევში რომ მოართო ქმარს დიდებული თავი თვისი, გული როდი მოაყოლა თან: გურიაშივე დარჩა მას გული, ნოშრევანს გაატანა იგი. მაგრამ არა! თითონ კი არ გაატანა, ძალით მოსტაცა მას იგი საუნჯე ნოშრევანმა. ამისთვის არის აწ ცივი მათი სარეცელი. ვერ ათბობს ქალი ქმრის გულს, ვერც გადუშლის მას ფერად-ფერად გრძნობას სანატრელს. როგორ მოახერხოს ყოველივე ეს, როცა გრძნობათა შესაკრებელი არ ახლავს თან?! მხოლოდ გულს სავსეს შეუძლიან გაათბოს გული და არა ჰაზრს ცივს ან სურვილს მძლავრს თუ სასტიკს.

და გადაფრინდა ქალის ჰაზრი გურიაში და აჰყვა ნოშრევანს და დაჰქროდა მასთან განუსაზღვრელ სივრცეში ოცნებისა.

- ნეტავ სად არის ეხლა ნოშრევანი, რას აკეთებს, რას ფიქრობს? იქნება დაჰმორჩილდა ბედს და იწყო ცხოვრება ჩვეულებრივი ვისთანმე შეუღლებულმა? არა! აკი მწერენ, ნოშრევანი მოჰშორდა სასახლეს და მისი აღარა ვიცით-რაო. იქნება თავი მოიკლა სადმე? მაგრამ არც ისე უბრალო კაცია, რომ შეუმჩნევლად გაევლო მის სიკვდილს. იქნებ აღარც კი ვახსოვარ, მთლადაც დამივიწყა. სწორედ ესე იქნება, თორემ წიგნს მაინც მომწერდა, მოკითხვის წერილს ქვეშევრდომულს. მაგრამ ნოშრევანი და მონური წერილი?! ისიც ჩემთან, რომელმა უარვყავ იგი?! არასოდეს! არა: მას ღრმად ექნება სულში ჩამარხული ჩემი სახე, იმ მტანჯველ ხატებასთან იქნება იგი გათვალისწინებული, რომ განმარტოებული დატკბეს ტანჯვით, მარად გაუნელებელი წამებით.

- გესმის, ნოშრევან ჩემო, რომ შენი უარმყოფელი თინათინი გულჩამწვარი ჰფიქრობს შენზე ამ წამს? ჰგრძნობ ამას?

- მაგრამ რა უფლებითღა ვფიქრობ უცხო ვაჟკაცზე ქალი ქმარ-შვილიანი? ღალატია ეს და მრუშობა! ან რადღა ვტანჯავ ქმარს გულცივობით? უნდა დავმორჩილდე ბედს, რომელმა მომანიჭა ის, რასაც ვთხოვდი მას. ვსთხოვე დიდება და მომცა ბრწყინვალება.სიბრძნე რომ მეთხოვნა მასაც მომანიჭებდა. გარნა დამავიწყდა, რომ ქალი ვიყავ და უნდა მეთხოვნა ბედისათვის მხოლოდ სიყვარული, ტრფობა უმწიკვლო, დაუჭკნობელი. მაშინ მომხედავდა სახიერი მოწყალის თვალით და შემაგნებინებდა ძალას სიყვარულისა, რომელი შეიქმნებოდა ჩემთვის, პირადად ჩემთვის, უშრეტ წყაროდ სიბრძნისა, დიდებისა, გამოუთქმელ სიხარულისა, სრულის ბედნიერებისა. აწ უნდა დავმორჩილდე ბედს! თუ მე ვერა ვარ სულით ბედნიერი, ქმარ-შვილი მაინც უნდა გავახარო და არავის ვაგრძნობინო გულის სიცალიერე.

დედოფალი გართული იყო ფიქრებში, მსახურნი კი განაგრძობდნენ თავიანთ საქმეს: დააბანინეს ხელ-პირი, ასხურეს ნამი სუნნელოვანი, მოურთეს სახე, შემოსეს, აასხეს სამკაული. რა დაასრულეს მორთვა და ახედ-დახედეს გამოცდილის თვალით, კმაყოფილნი დარჩნენ თავის ხელოვნებისა. ამისთანა დროს ჩვეულებრივ ბევრს რასმე მოახსენებდნენ ხოლმე ქალბატონს, უამბობდნენ, ბევრჯერ კიდეც აცინებდნენ, მაგრამ ეს მაშინ, თუ თვით მოისურვებდა; დღეს კი არა უბრძანა რა და ისინიც გაკანკულნი იდგნენ მდუმარედ. სიჩუმემ გამოარკვია დედოფალი. მიმოავლო თვალი და რომ ნახა, შეესრულებინათ მხევალთ მოვალეობა, ანიშნა წასულიყვნენ.

მარტო დარჩა თინათინი და მუხლი მოიდრიკა ხატის წინ, განაპყრო ხელნი, იწყო ლოცვა მხურვალე. იგი ევედრებოდა ღმერთს, მიეცა მისთვის ძალა, მთლად დაევიწყნა წინანდელი სიყვარული შეუფერებელი, დაებრუნებინა მისთვის გული, რომელი სხვის ხელთ იყო დღესაც, რათა მიეძღვნა იგი გული თვის კანონიერ ქმრისათვის. მაშინ ორნივენი გულსავსედ შეუდგებოდნენ სამეფოს მიმართვას დიდებისადმი და სამადლობელ ვედრებას აღავლენდნენ მადლიერნი დამბადებლისადმი.


32


დამშვიდებული ადგა დედოფალი: დარწმუნებული ბრძანდებოდა, რომ ღმერთი უსმენდა მას და მიანიჭებდა ძალას, სიამოვნებით და დიდებით წარემართა პირადი ცხოვრებაც, ოჯახიც, სახელმწიფოც. ყოვლადმოწყალე აკი აუსრულებდა მას სურვილებს, აწ რადღად უგულებელს ჰყოფს მის ვედრებას?

ვერ გრძნობდა გალაღებული, რომ მისი ლოცვა შემწიკვლული იყო ქვეყნიური ზრუნვით, რომ იგი ისევ განდიდებას და სიამეს ითხოვდა და არა გულს განწმენდილს, ნაზ გრძნობათათვის ღირსქმნილს. არა! ანგელოსთა მსუბუქ ფრთებისთვის მძიმე ტვირთი იყო დედოფლის ლოცვა მიწიერი, იგინი ვერ აიტანდნენ მას საყდრამდის მაღალის ღმერთისა; ვერც მიართმევდნენ მას ამ ლოცვას ნივთიერს, ვითარცა რამ გუნდრუკს სუნნელოვანს: მიწის სუნი სდევდა მას მძიმე. ამისათვის იყო, რომ მფარველი ანგელოსი დაღონებული დაჰყურებდა ლოცვად მდგარ დედოფალს და სიბრალულის ცრემლებით ევსებოდა ლმობიერი თვალები.

დედოფალმა არ იცოდა ეს და მხიარული სახით გამობრძანდა დარბაზში, სიამის შუქი მოჰფინა იქაურობას. შემდეგაც სცდილობდა დედოფალი მხიარულად ყოფილიყო და სიკეთე ეფრქვია თვის გარემო. მისი დატკბობა გულს უხსნიდა მეფეს. ეს ლანდი ბედნიერებისა თვით ბედნიერება ეგონათ ცოლ-ქმარს და იშვებდნენ. მისდევდნენ ერთმანეთს ნადიმობა, ნადირობა, განცხრომა, ზეიმი, დარბაზობა. ბუნებით შემკული გრემი სიხარულის ბუდედ გარდაიქცა: სამეფო წალკოტები ზღაპრულ არედ, ფერიათა საარაკო სავანედ. რჩეულნი ვაჟნი, თვალთწარმტაცი ქალ-რძალი, ღიმილ-სიცილი, ცეკვა-ხალისი, საკრავთა თუ სიმღერათა ხმა შეწყობილი, სვლა ლამაზი, რხევა ვნებათ ამშლელი.

- ეჰ, ვინ სთქვა, ამ ქვეყნად არღა არისო ედემი საოცნებო და სიამე პირველყოფილი? როგორ არა! კიდევ არსებობს იგი, გარნა ჟამიერად, მხოლოდ წუთიერად.

შირვან-შაჰზედ გამარჯვებულმა ლევანმა რომ აცნობა თავის მეგობარ მფლობელთ თვისი გამარჯვება და უძღვნა ზღვენი მეფური, იმათაც აახლეს ელჩები და მოულოცეს წარმატება ქველობით განთქმულს, მადლობა გარდაუხადეს. ეს მოსული ელჩები ახალახალ სიცოცხლესა სძენდნენ გამარჯვებულთა ზეიმს, განაახლებდნენ მეფის სუფრას: მათ პატივსაცემლადაც დაერთო მეჯლიში მეჯლიშს, მხიარულება მხიარულებას. ჯარასავით ტრიალებდა სახლთ-უხუცესი გურგენ ჯორჯაძე, ფართოდ გაეშალნა მას ნიჭი თავდარიგისა და უნარი მოხერხებისა: ყოველ დღე ახალ-ახალი შესაქცევ-სანახაობა მოუწყენლადა ჰქმნიდა განცხრომას. ქართველს ქარქაშშივე ჩაეგო ხმალი სისხლით განბანილი, ამოეტანა სალაროდან სასმისი მრავალგვარი და დასწაფებოდა კახურს, რომ ბრძოლაში დაღვრილი სისხლი შეევსო დაჭარბებით.

- განა არ იცი შენ, რომ ღვინო წითელი პირდაპირ სისხლად გარდაიქმნის გმირთა გვამში, სამშობლოსათვის თავგანწირულ ბუმბერაზთა არსებაში?!

მაგრამ ბევრი ხანი არ მოუნდა გურგენს თავის ნიჭის ვარჯიშობა მეფის პურადობის დასამტკიცებლად და მისი სიმდიდრის გადასაშლელად. ცხოვრების დენამ თითონ მოსპო მეფის კარს ზეიმ-განცხრომა და დაენაცვლა ოქრო-ვერცხლის ბრჭყვიალს კვლავ პრიალი ფოლადისა; კახური რომ წყაროდ დიოდა აქამდინ, აწ სისხლთა ნაკადად შეიცვალა წყარო იგი.

მოვიდა მეფე ლუარსაბის დესპანი და წიგნი მოართვა. ლუარსაბი სიხარულსა სწერდა, გამარჯვებას ულოცავდა; ჰმადლობდა ნადავლიდან მისთვის გადარჩეულ ფეშქაშებისათვის; სთხოვდა მალე მიჰშველებოდა მას, რომ დაეჩქარებინათ ტფილისის აღება.

„სანამ შაჰ-თამაზი ომშია გართული, უნდა ავიღოთ ტფილისი თუ განვდევნეთ მტერი ტფილისის ციხეებიდან, ვეღარსად გამაგრდება იგი და იძულებული შეიქმნება დასცალოს საქართველო. სამშვილდეში ვერ შევლენ, რადგან კოჯრის ციხიდან მათ გზას სდარაჯობს როდამ ორბელიანი, ხოლო ნუგზარ ბარათაშვილმა უკვე აიღო ფარცხისის ციხე და გამაგრდა შიგ. სამშვილდის გზა ალგეთის ხეობით მათთვის აწ გაუვლელია და იგინი იძულებულნი შეიქმნებიან დაიწიონ გატეხილი ხიდისაკენ“, - სწერდა მეფე და ავალებდა მსწრაფლ დაძრულიყო მისკენ თავისი ლაშქრით.

ლევანმა წინადვე იცოდა, რომ საქმის დაგვიანება აღარ შეიძლებოდა. ამისთვის იყო, რომ შირვანის ომის შემდეგ ლაშქარს უბრძანა, მალე შეგკრებთო საბრძოლველად. მალევე შეკრიბა ლაშქარი. დიდოელთ რაზმი არც კი დაბრუნდა შინ. მათ მხოლოდ ნადავლი გაგზავნეს დიდოეთს და ამცნეს თავიანთ ნაიბს საქმის ვითარება.

ხალისიანად იყო ჯარი: გამარჯვებით გალაღებული მკლავ მძლეობას მოელოდდა სახელოვანს. ყველას გულში დარდადა ჰქონდა,რომ ტფილისი მტერს ეჭირა და მის წმიდა ადგილებს უსჯულოს თრგუნავდა. დიდი დამცირება იყო ეს ქართველთათვის. დრო იყო მტრის სისხლით მოებანათ ეს სირცხვილი. ალავერდის ველზედ იკრიბებოდა ხალხი. მთაზე უნდა გადაევლოთ და ერწოში ჩაშვებულიყვნენ. იქ ფშავ-ხევსურეთის ჯარი დაჰხვდებოდათ და ერთად გადავიდოდნენ საგურამოს. იმ ამბავმა უფრო გაამხნევა და გაამხიარულა ხალხი, რომ შირვან-შაჰს, აწ ლევან მეფის მოხარკეს, მაშველი ჯარი გამოეგზავნა მეფისათვის, მისი საკუთარი სარგებლობაც კი მოითხოვდა ეხლა ამას, ქართველთა გამარჯვება მისივე გამარჯვება იყო ეხლა: შაჰ-თამაზი საშინლად განრისხებულიყო, როცა გაეგო. რომ მოკლული ასან-ხანის შვილი დერვიშ-მაჰმად დაჰმორჩილებიყო ლევანს და მისი მოხარკეობა ეტვირთნა. ყაენს მოღალატედ დაესახა დერვიში.

- დერვიშ-მაჰმადის ჰგონია, ვმარცხდები და აღარც საშიში ვარ მისთვის, აღარც სასარგებლო. თავის კბილით შევაჭმევ თვის ხორცს! - წარმოეთქვა გამძვინვარებულ ყეინს.

ეს იცოდა შირვან-შაჰმა და იძულებული იყო მიჰშველებოდა მეფეებს ტფილისის აღებაში და სპარსეთის დამარცხებაში ამიტომაც გამოეგზავნა მაშველი ჯარი და წიგნიც მოეწერა სამეგობრო. ლევანმა პატივით მიიღო შირვანელნი, მოუწონა მათ რაზმთა შედგენილება და მხედართა მამაცური იერი.

- ლევან ჩემო, - ეუბნებოდა დედოფალი ქმარს, რომლისათვის კალთაში ჩაედვა თავი, - ღმერთი ჩვენსკენ არის! ისეთი სიზმარი ვნახე, სწორედ გაგიმარჯვდება. ფრთხილად კი იყავ: ხიფათი გადივლის შენზე.

- რა ნახე, .ქალო? - ჩაეკითხა ქმარი და თან თმა გაუსწორა შუბლზე, თვალებში ჩაჰხედა.

- ხმალამოწვდილი მიისწრაფებოდი. შენ წინ ხნარცვი გამოჩნდა ჩაბნელებული; ვერ შეჰნიშნე და ცხენი მიაგდე ზედ. უცებ ერთი შენი მხედართაგანი ჩაითხია შიგ და იმან შეგაყენა.

- ბევრი ხიფათი სდევს ომს, საყვარელო! მაგრამ ღმერთია მფარველი, ფიქრი ნუ გექნება.

- მწამს, რომ ღმერთი ხელთ მოგცემს ტფილისს. შეიერთებ მთელ საქართველოსაც და დაგიმშვენებს თავს გვირგვინი ბაგრატიონთა! ტფილისში რომ შეხვიდე, სიონთა ღვთის მშობელს შესწირე ჩემ მაგივრად ეს ბეჭედი, მაინც ხომ შენი შემკულია იგი ხატი, - უთხრა ქალმა და წაიძრო თითიდან ბეჭედი.

- ჩემი შემკულია დალოცვილი. სიზმრად მეჩვენა, ტფილისზე რომ გამოვიარე. მივედი ნავთლუღს, შევნიშნე ჭალაში სვეტი ნათლისა და იქ ვპოვე ხატი. ვემთხვიე. წამოვიღე, შევამკე და წავასვენე სავანეს.

- ყოვლად წმინდა მფარველია ივერიისა. იგი გაგიმარჯვებს და ხელთ მოგცემს თვის წილხდომილს მთელ საქართველოს.

ლევანმა ჩამოართვა ბეჭედი და აკოცა ქალს თვალებში. არკი უამა ცოლის თქმა: ამ განმარტოების ხანას იგი მხოლოდ ალერსს მოელოდდა მეუღლისაგან, მდედრულ ალერსს ლბილს და დამაწყნარებელს; უნდოდა დაევიწყნა მეუღლის მკერდზე ზრუნვა ყოველივე, მაგრამ იგი ზრუნვა სახელმწიფო აწ იქაც შეიჭრა, იმ განმარტოვებულ სავანეში. ამან გააგრილა ვაჟკაცის გული, ნისლი რამ გადაბურა მის გრძნობას ნათელს.


33


მეამბოხესაგან შევიწროებული შაჰ-თამაზი მაინც თვალს არ აშორებდა საქართველოს. სცდილობდა ტფილისი ხელიდან არ გამოსცლოდა და არ დაეკარგა მთელი საქართველო. აქაური მფლობელნი ვერ მოინადირა მან ვერც ტკბილი სიტყვით, ვერც გულითადი მეგობრობით, ვერც გულუხვი ზღვნებით. ჩრდილოეთისაკენ იზიდავდა მათ ანდამატი ძლიერი. თვალნი მიეპყრათ მათ მყინვართა მეფის საბრძანებლისკენ და იქიდან ელოდნენ ხსნას ქვეყნისას. ეს არ მოსწონდა შაჰ-თამაზს; ჰხედავდა, რომ თუ იგი ბუმბერაზი ჩრდილოელი გადმოაბიჯებდა კავკასიონს, შეარყევდა სპარსეთსაც, მთელ მაჰმადიანობასაც. ამისთვის ისწრაფვიდა ყეინი მკვიდრად ჩამდგარიყო საქართველოში და თავის ხელით დაეკეტნა დარიალი. მაგრამ იცოდა, რომ ძნელი იყო ეს საქმე, შეუძლებელი და სიამოვნებით მიანდობდა ამ დიდ ჰაზრს რომელსამე მეფეს საქართველოშივე, განაძლიერებდა მას. მთელ საქართველოს შეაერთებდა მის სკიპტრის ქვეშ, ოღონდ კი ნამდვილ გამსჭვალულიყო იგი ყეინის ჰაზრით. მაგრამ ვერ იტვირთებდნენ ამას ვერც ბაგრატ იმერეთისა, ვერც გურიელი მამია, ვერც ათაბაგი ყვარყვარე, არც ლუარსაბ მეფე ქართლისა, ვერც კახთ ბატონი ლევანი: ვერ შეითვისებდნენ კეთილმორწმუნენი ჰაზრს უსჯულოსას.

- არიან საქართველოშიც ისეთნი, რომელთაც შეგნებული აქვთ ჩემი ფიქრი, მაგრამ მხოლოდ უბრალო თავადები არიან ისინი ან სარდლები, ამ დიდ ჰაზრს კი დიდებული უნდა ვინმე და ძლიერი.შირვანის მპყრობელს ან განჯის ხანს ზიად-ოღლის რომ შესწევდეთ საამისოდ გონება და მხნეობა, მაშინ სხვა იქნებოდა. მაგრამ ვინ მისცა იმათ ამისი ნიჭი?! აგერ ლევან მეფეს დაუღუპნია ასანბეგი და მოხარჯედ გაუხდია მისი შვილი! - სთქვა კბილთა ღრჭენით ყეინმა და მწარედ ამოიკვნესა ამის გახსენებაზე.

ფიქრით, მხოლოდ ფიქრით აღარა ეშველებოდა რა საქმეს, რომელიც აგერ ხელიდან ეშვებოდა მას. საჭირო იყო მსწრაფლ მიეღო ღონისძიება და გაემაგრებინა ტფილისი. პირდაპირ მოქმედება შეუძლებელი იყო ეხლანდელ მის გარემოებაში და მიჰმართა მან განჯის ხანს, რომ მას შეემაგრებინა ტფილისი და ომით გაერთო საქართველოს ბატონნი, სანამ თითონ ყეინი შესძლებდა მიშველებას.ეს აუცილებლად იყო საჭირო, რადგან კოჯრის ციხის და ფარცხისის დაჭერით ქართველებს გადაეჭრათ გზა, მოესპოთ კავშირი ტფილისისა და სამშვილდეს შორის, რომელიც ამ დროს უძლიერესი ბურჯი იყო სპარსთათვის. ყეინმა გონების თვალი მიაპყრო განჯის ბეგლარ-ბეგს შავერდი ზიად-ოღლის, რადგან ამის მეტი აღარავინ იყო მისი ერთგული საქართველოს სამზღვრებზე. ერევნის ხანი თან ახლდა ყეინს. მასთან ერთად ებრძოდა იგი მეამბოხეს. შაჰ-თამაზმა მოსწერა შავერდის, დაუყოვნებლივ შეჰსეოდა კახეთს მთელი თვისა ლაშქრით.

- „აასრულებ ჩემს ბრძანებას და შენ დაგიმორჩილებ კახეთსაც, შირვანსაც: ქართველთა ხელში დასაჭერად საჭიროა მაჰმადიანთა ძლიერი სამფლობელო შეიქმნას ზედ საქართველოს სამზღვრებზედ“ - სწერდა ყეინი.

კარგად იცოდა ზიად-ოღლიმ ყეინის ბრძანების სიძნელე, ისიც იცოდა, რომ სანდო არ იყო სიტყვა შაჰისა: ყეინს თანა ჰყვანდა თავისი მეგობარი ერევნის ხანი და თუ ვისიმე განდიდებას მოისურვებდა, იგი განდიდება არ ასცდებოდა იმ ხანს; ისიც ახსოვდა შავერდის რომ სპარსეთის მფლობელებს საზოგადოდ ეშინოდათ შეეკრიბათ სხვის ხელში საგრძნობელი ძალა; ყველა ეს კარგად იცოდა მან, მაგრამ მეტი ღონე არა ჰქონდა, უნდა დაჰმორჩიელებოდა ბრძანებას.მცირე რამ იმედს აძლევდა ის, რომ ლევანის ლაშქარი უკვე მოქანცული იყო შირვანის ომით და ეგონა ეხლა უფრო ადვილი იქმნებოდა მასთან ბრძოლა. გადალახა ზიად-ოღლიმ კახეთის სამზღვრები ლევანმა ლაშქარს ისევ აღმოსავლეთისაკენ აქნევინა პირი ახალი მტრის მოსაგერებლად. ჯერ რომ ათვალიერებდა, ჯემილ-მაჰმადის რაზმი ძალიან მოიწონა: შირვანის ომში რჩეული იარაღი თუ ცხენი ეშოვნათ დიდოელთ და საუკეთესოდ მოკაზმულიყვნენ ბიჭები. ლევანმა შეაქო ჯემილი, თავი მოაწონებინა.

- ვასწავლე ამ დიდოს ომი და იქნება ჩემსავე საზარალოდ გაუტანელნი არიან, მარჯვე დრო თუ ჩაიგდო ხელში, ჩვენზედვე მოიხმარებს ჩვენგან ალესილ ხმალს, - ეუბნებოდა იმ საღამოს ლევანი ვამეყს.

- ადვილი წარმოსადგენია! მეტადრე თუ დაუმოყვრდა თავის მოსამზღვრე შამხალს, რომელიც არც დღეს გახლავს შენ, როგორც მაშველი, - მოახსენა ვამეყმა.

და რა შენიშნა მეფის თვალებში იგივე ბოროტი ნაპერწკალი, განაგრძო:

- მაგრამ ღმერთი დიდია: არ დააცლის ვიღაც ლეკს საქართველოზედ აღიმაღლოს ხმალი.

ვერ გაუმარჯვდა შავერდი-ხანს, თუმცა დიდი ნავნები კი ჩაიდინა მან ქიზიყში. ივლტოდა დამარცხებული. იძულებულ იქმნა გაეღო თვისი ქალაქის კარი ძლევამოსილი ლევანისათვის და შენდობა ეთხოვნა. სამხედრო დროშები, იარაღი და დიდძალი განძი დარჩა კახთ-ბატონს. განჯის ციხიდან წამოიღო მან სხვათა შორის რამდენიმე ზარბაზანი, ეს იმ დროს იშვიათი იარაღი. ზიად-ოღლი თავის მოხარკედ გახადა და დაამდაბლა.

დახოცილთა შორის აღმოჩნდა ჯემილ-მაჰმადი, დიდოელთ ნაიბის ვაჟი, ხოლო მისი რაზმი თითქმის მთლად ამოწყვეტილი: ბრძოლის დროს ძნელად სავალ ხევში მოემწყვდიათ მისი ცხენოსნები. ჯემილ-მაჰმადს ზურგში ჰქონდა ჭრილობა.

- ალბად გაჭირვებაში პირი იბრუნა და მაშინ მოუსწრაფეს დღე.

- არა მგონია! ჯემილი ისეთი ჭაბუკი არ იყო, პირი ებრუნა; იქნება თავს დაუარეს ბრძოლაში.

- საკვირველია, როგორ მოსხლტა ლაშქარს მისი რაზმი და მოჰყვა იმ ხევხუვში.

- ბინდბანდისას მე კიდევ მოვკარ თვალი ჯემილს, როდესაც ის სდევდა უკვე ძლეულს და გაქცეულს მტერს. შენს ახლო იყვნენ მაშინ დიდოელნი, ვამეყ!

- არ მახსოვს! ან ვის შეუძლიან ახსოვდეს, რა ხდებოდა იმ საშინელი ჟლეტისა და არეულობის დროს.

- ადვილად გასაგებია ჯემილის მარცხი: ჩვენი კაცი არ იყო, გზა-კვალი არ იცოდა და ხევ-ღრანტეებს გაჰბმია ბინდბანდში. ხომ იცი, რომ ღელე-მშრალა დღისითაც არა სჩანს კარგად ტრიალ მინდორზედ; უჩვევი კაცი ადვილად შეიძლება ჩაითრიოს შიგ, - სთქვა სარდალმა ანდრონიკაშვილმა.

- აღსრულდა ნება უფლისა! - სთქვა მეფის მოძღვარმა და პირჯვარი გადისახა.


34


საკვირელი იყო, რომ ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ვერავისზე, როგორიც პირველმა. მართალია, ბევრი დავლა დარჩა ლევანს და მის ლაშქარს, მაგარმ ზიანიც დიდი იყო დაჭრილით თუ დახოცილით. გარდა ამისა ძალიან მალე მოუხდათ ქართველებს ეს მეორე ომი, როდესაც ჯერ სწორედაც არ დაესვენათ სახლში, არ მიალერსებოდნენ ოჯახს, არც დახოცილნი გამოეტირნათ რიგზე. თითონ მეფეც დაფიქრებული იყო, თავაშვებულ სიამეს არ ეძლეოდა, ამბობდნენ, დიდად იმოქმედაო მასზედ ჯემილ-მაჰმადის სიკვდილმა. გარდა ამისა ლაშქარმა იცოდა, რომ ეს ომი მოულოდნელი იყო, შემთხვევითი, რომ იგინი მიწვეულნი იყვნენ ამ ომისათვის კი არა, არამედ ტფილისის ასაღებად. ამ ბრძოლამ კი დაქსაქსა მათი ძალები, დააკნინა. ახლა აქედან პირდაპირ უნდა გაელაშქრად ტფილისზე და გამოეტაცნათ იგი სპარსთა ხელიდან. სარდლებს აფიქრებდათ ის, როგორ შეხვდებოდა ეს დაღლილი ლაშქარი ახალს მტერს, შეუვალ ციხეში გამაგრებულს. ეშინოდათ თავი არ შეერცხვინათ კახთ ქართლელთა და იმერთა შორის; ცნობა მოვიდა, იმერეთის მეფეს ბაგრატს მოუშველებიაო ლუარსაბ მეფისათვის ჯარი. გარდა ამისა განჯაშივე იყო ლევან მეფე, როცა შიკრიკი მოვიდა სპარსეთიდან. ყეინი სწერდა განჯის ხანს, მალე საბოლოვოდ დავსძლევ მტერს და მთელი ჩემი ლაშქრით მაინთ წამოვალო. ძალიან საფიქრო იყო ეს წერილი და საფრთხილო. ამ უკანასკნელ ამბავსაც აწერდნენ იმას, რომ მეფე ლევანი ძალიან რბილად მოექცა ძლეულ ზიად-ოღლის და ყველაფერში შეღავათი მისცა მას. მხოლოდ მისი ჯაბახანა კი მთლად წარმოაცალიერა და დიდძალი იარაღი წამოიღო თან.

გამარჯვებულთა ქეიფი კი მაინც თავისი გზით მიდიოდა, განცხრომა და ზეიმი ერთი მეორეს ენაცვლებოდა. თუმცა მოლხენას შეუკავებელი ხასიათი არა ჰქონდა, გიჟმაჟი.

სასახლეში გურიელის კაცი დაჰხვდა მეფეს. სიმამრი სწერდა.ლუარსაბ მეფის თხოვნით მაშველი რაზმი გამოვგზავნე და ყურადღება მიაქციე მას, ბრძოლაში ასახელეო. ბოლოს ეწერა:

„ტფილისს მალე აიღებთ: თურმე გზა მოგიჭრიათ სპარსთათვის და შეგივიწროვებიათ იგინი. გახსოვდეს! საქართველოს დედაქალაქი მხოლოდ შენია, ქართლის გვირგვინმაც შენვე უნდა დაგიმშვენოს თავი: ამ გზაზე მიჰყევხარ განგებას, რომელსაც უკვე ზედიზედ მოუნიჭებია შენთვის გამარჯვება“.

გურიელმა ჯერ არ იცოდა, რომ განჯის ხანიც დაუმორჩილდა მის სიძეს, თორემ უფრო ძლიერ შეაქებდა მას და წააქეზებდა. თავის ქალთანაც მოეწერა წიგნი. სწერდა:

- „ლუარსაბ მეფის საშველად ნოშრევან წამოსულა თავის რაზმით. სულ ორასიოდე კაცი ჰყავს. მაგრამ ისეა შეიარაღებული რაზმი, ისეთი შეუპოვარი ხალხისაგან შესდგება, ისე დახელოვნებულია ბრძოლაში, რომ სწორედ საგრძნობელ ძალას წარმოადგენს“.

ქალს წერილის ეს ადგილი ათასჯერ ჰქონდა გადაკითხული მაგრამ მაინც აღელდა, როდესაც ლევანმა ხმამაღლა წაიკითხა იგი. ათასგვარად ეცვალა ფერი.

- ის ნოშრევანი ხომ არ არის ეს, მაშინ რომ აგდევნებოდათ გზა-გზა და კაციც შემოჰკვდომოდა?

- ამბობდნენ მაშინ, ნოშრევანი იქნებაო, სახელის ძახილი გავიგონეთო, მაგრამ ვინ იცის, ვინ ფირალი აგვედევნა: ვერც ერთხელ ვერ ვნახეთ იგი ახლო, -მიუგო ქალმა და სიტყვა ბანზე აუგდო.

- აგერ მამა იმასვე იწერება, რასაც მე გეუბნები ხოლმე: საქართველოს მხოლოდ ერთი მეფე უნდა ჰყვანდეს. ბაგრატიონთა გვირგვინი იმას უნდა უმშვენებდეს თავს, ვინც შესძლებს შეაერთოს საქართველო ზღვიდან ზღვამდის, თამარისეული საქართველო! შენ კი განჯის ხანსაც ისევე სულგრძელად მოჰპყრობიხარ, როგორც შირვან-შაჰს.

- ეს სჯობია, ქალო! საქმეს რომ უფრო ახლო იცნობდე, შენც მომიწონებდი ჰაზრს და ქცევას, როგორც ერთხმად მომიწონა ჰაზრი ჩემმა საბჭომ, - მიუგო ლევანმა.

- შენი საბჭო შენი მონაა ყურმოჭრილი: შენი მრჩეველნი მხოლოდ იმასა სცდილობენ, შენს თვალებში ამოიკითხონ შენი სურვილი.

- ცოდვაა ჩემს ნაზირ-ვეზირზე მაგის თქმა, უსამართლობაა! მიუგო ქმარმა და წყენა დაეტყო ხმაში.

- ან ტფილისიც, მთელი საქართველოც ჩვენი უნდა შეიქნეს,ან მეფის წოდებას თავი უნდა ვანებოთ და უბრალო ერისთავად გარდავიქმნეთ მის ხელში, ვინც საქართველოს გვირგვინს დაიდგამს თავს! - სთქვა დედოფალმა სასტიკად და პირი გაიბრუნა.

ცოლ-ქმრის განმარტოება მაინც ყოველთვის უკმაყოფილებით თავდებოდა და ერთმანეთის ყრუ უარყოფით: მათ კავშირს არ ედგა ბურჯად არც თბილი გრძნობა, არც ხორციელი ლტოლვილება ძლევამოსილი. ცოლ-ქმარმა ვერც ხელოვნურად შეჰქმნა ეს მისწრაფება, ჩვეულების ძალით: ქალი გრილი იყო კაცისადმი, მისი ქმრისად ყოფნა ვერ გადასცდა მოვალეობის ფარგალს უგულოს; ვაჟს კი ენატრებოდა ალერსი გულუბრყვილოდ მოყვარულის ქალისა, მიტკბობა ლბილი, სუნნელოვანი, როდესაც მდედრი ნაზ ყვავილსავით ჩააჭკნება გახურებულ მკერდს და წამს განახორციელებს მიუწვდომელ სიამეს. და ან გაიყრებოდნენ ნამდურავნი, ვერ ჩამოაკვესებდნენ ნაპერწკალს სიამისა; ან უგულოდ ეხვევოდნენ ერთმანეთს. უგემურად ჰბაძავდა ერთობა მათი სიძვას, ემსგავსებოდა მას; თვითც სიძვა იყო კანონიერი და მით უფრო ძნელი თუ მძიმე.

მაინც ქალის ზრდილობა და ვაჟკაცის სიბრალული ქალისადმი თუ ხათრი ნებას არ აძლევდა ცოლ-ქმარს თავიანთ სხვადასხვაობა განხეთქილებამდის მიეტანათ და გამოეტანათ კარზედ, საჯაროდ, გარეშეთათვის გასაგებად. მაინც კი ჰხედავდა მათ შუა ჩაჭრილ უკმაყოფილებას მფარველი ანგელოსი, რომელიც ზეცას მიეჩემებინა მათ კავშირის დარაჯად; მისთვის იყო იგი დაღონებული. მაინც კი ჰხედავდა მათ შუა ჩაჭრილ უკმაყოფილებას დამკვირვებელი თვალი მახლობელთა: მისთვის იყო იგი მზირად და მახვილად. მახლობელთა თვალი ვერ ამჩნევდა მათ სახეზე საიდუმლო სხივს სიხარულისას, რომელი გამოსდევთ სავანიდან არსებითად დაკმაყოფილებულ მეუღლეთ და მორცხვად ციაგობს მათ თვალებში. ეს წყნარი სხივი ნაშთია იმ უშლელის ნათელისა, რომელი საიდუმლოდ გარდამოვალს სარეცელზედ სიყვარულისა.

ეს ერთმანეთისადმი სიგრილე სხვადასხვა გვარ მოქმედებისკენ იწვევდა ცოლ-ქმარს.

ღვთის მოსავი თინათინ დადგებოდა ლოცვად და შესთხოვდა შემოქმედს ეპატიებინა მისთვის ხორცთა ამება, თითქო იგი სიამე დალოცვილი არ ყოფილიყოს, მადლიანი და სამადლობელი. ხოლო არშიყი ლევან თვალს აყოლებდა სხვა კეკლუცთ, სურვილით სავსე თვალს ვნებადაუმცხრალს.


35


მიექცია დედოფალს თვალნი ზეცისკენ, იქ ეძიებდა შვებას უარყოფილი სიყვარულისა; ზეციურის დედოფლის კალთით ჰსურდა მოეწმინდა ჭმუნვის ცრემლები. ავიწყდებოდა თინათინს, რომ უბიწო მარიამი შეიქმნა ღვთისად მხოლოდ მისთვის, რადგან მორჩილებით გაჰყვა სიყვარულის ხმას იდუმალს:

- აჰა, მხევალი უფლისა! მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა, სთქვა მან და განიხარა სულმან მისმან, და შესწირა გალობა სამადლობელი მომნიჭებელს სიყვარულისა. შეიწყნარა ცა იგი სიყვარულმა,რომელ არს თვით ღმერთი, საცნაურ იქმნა მასში, და აღამაღლა უფროს ყოველთა დედათა.

სიყვარულის უარმყოფელი თინათინ კი შვებას მოელოდდა ტრფობათა მფარველ ქალწულისაგან! არა! მარად ქალწული ვერ მიიღებდა ტრფობის უარმყოფელს და დიდებაში მის გამცვლელს, ვერც შეიწყნარებდა იგი მის ლოცვას შემძიმებულს. გარნა შემბრალოა გული მარად ქალწულისა, წყლულს მაინც უშუშავდა ლოცვად მდგარს თინათინს, ჟამიერ სიმშვიდეს მიანიჭებდა, მხოლოდ წამიერს.

ხოლო ლევანს იქვე დაეხარა თვალი უძღები: სიყვარულის უარმყოფელს ვერ აკმაყოფილებდა ერთობა მეუღლესთან და მიწაზედ ეძებდა უარყოფილს სიამეს ზეციურს, კეკლუცთა შორის ეძებდა გრძნობათა სავსებას, ყვავილთ დაჰფრენდა თაფლის საგემოდ, გარნა ყვავილთა სიტკბო ვერ შესძღვნიდა მას კმაყოფილებას, უფრო უგზნობდა ალს წყურვილისას. ვერც მიანიჭებდა კმაყოფილებას! მრუშობის მწვავე ალი მხოლოდ გარეგანი სახეა უმანკო სიყვარულისა, სატანაილისაგან აღგზნებული კოცონი ვნებათა განმახურვებელი, სული შემწველი, გულის დამშრეტი.

ამ დროს იყო, ლევანმა რომ მეტის სურვილით მიაპყრო თვალნი დედოფლის მხევალს, უცხო ყვავილად გარდაშლილ გუქას, ცხელის ქვეყნის მათრობელ ყვავილად გარდაფურჩქვნილს. მაგრამ მხევალი მუხლ ქვეშედან არა ჰშორდებოდა თავის ქალბატონს, რომელი ღმერთად მიაჩნდა, რომლისადმი მარად აღტაცებით და ვედრებით მიეპყრო მელნის ტბა თვალნი ცეცხლივით მწველნი.

თანდათან ჰშორდებოდა ერთმანეთს ეს ქვეყნიურის კეთილით სავსე ცოლ-ქმარნი, გაუმთელებელ განცალკევებისკენ მიისწრაფებოდნენ იგინი. უფსკრულს პირი ექნა მათ შორის და თანდათან ფართოვდებოდა იგი, გარდუვალი ხდებოდა. მით უფრო ძნელი იყო ეს მათი ჭირი, რომ სხვას ვერ გაუზიარებდნენ მას; მხოლოდ თითონ ჰხედავდნენ საფრთხეს, მარტო თითონ გრძნობდნენ სიავეს. უცხო ფიქრისათვის მოუწთომელი იყო იგი უფსკრული, წარმოუდგენელი. ეს საბედნიეროდ მოწყობილი სარეცელი საარაკო უბედურების ადგილადაც გარდაიქმნებოდა მძლავრი ვაჟკაცის ხელში მედგარ ვნებათა ღელვის დროს, თუ ქალისადმი სიბრალულის ნაკადიც ამომშრალიყო მის გულში. ჰხედავდა ლევანი, რომ იგი ნაკადიც? ნაზის გრძნობისა თანდათან შრებოდა მასში, ლამის გამქრალიყო,და განურკვეველი რამ შიში იპყრობდა მის არსებას.

ცხოვრება კი მიდიოდა წინ შეუფერხებლივ. დროთა დენაში გარემოება ენაცვლებოდა გარემოებას, ამბავი ამბავს და მეფეთა სიცოცხლე და სურვილებიც უნდა აჰყოლოდნენ ხალხის ცხოვრების დენას. ქართველთა ერის ბედი მეფეებს ეხლა ტფილისისკენ იწვევდა: საქართველოს გული სპარსთ ეპყრათ და განთავისუფლება იყო საჭირო. ამას ყველა გრძნობდა საქართველოში, ყველას მიეპყრო თვალი მეტეხისა თუ ნარიყალასათვის და ლევანიც ჯერ ვერ ჩააგებდა ქარქაშში მტრის სისხლით გაბასრულ ხმალს, დროც კი არა ჰქონდა გაეწმინდა იგი ხმალი მტრისავე ქულაჯაზედ და დაეფერა ფხა ასხმული.

როცა ლაშქარი უკვე მზად იყო და გზაზედ იდგა, მოვიდა ყოდორელი შამხალისაგან ასი კაცი. შამხალი ჰმადლობდა მეფეს ზღვნისათვის და სწერდა, ჩემს მწირ ქვეყანაში შენი საკადრისი ზღვენი ვერ ვიშოვეო, მაგრამ ჩვენი მთაცა ზრდის ვაჟკაცებს და ეს ასი კაცი მომირთმევიაო შენთვის. თანაც ხმალი მოერთმია მეფისათვის, რომელსაც მოუწონეს ფხა. ლევანს ძალიან იამა ეს ზღვენი. ჯერ ერთი, რომ სწორედ საჭირო ფეშქაში იყო და მოსწრებული: ასი მკლავ-მაგარი ბიჭი განძსა სჯობდა ამ წუთს. გარდა ამისა მაშველი ჯარის მორთმევა მორჩილების ნიშნად უნდა ჩათვლილიყო. სწორედ ესეც იყო: როცა შამხალმა გაიგო, რომ ლევანს დაუმორჩილდნენ შირვანისა და განჯის სახანოები, პატივცემასთან შიშიც იგრძნო მისდამი და დაასკვნა მიერთმია მეფისადმი რაზმი, ისე კი რომ დამოკიდების სახე არა ჰქონიყო ჯარის გაგზავნას. მიხვდნენ შამხალის განზრახვას და შეაქეს მეფის შორ-გამჭვრეტელობა, რომელმაც მაშინ მოსაკითხის წარგზავნით აცნობა მას თავისი გამარჯვება.

ლეილ-ყიზისაც გული მოჰლბობოდა მეფის საბოძვარზედ და აწ თავის მხრითაც გამოეგზავნა სახსოვარი სწორედ იმ დროის შესაფერი, როგორ გარემოებაშიც იმყოფებოდა ლევანი: ავგაროზი რამ მოერთმია თილისმა, რომელიც ვერცხლის ბუდეში იჯდა და ზონრით იყო ყელზედ ჩამოსაკიდი. ქალს თავის გულიდან აეხსნა ის და ეახლებინა. თილისმას მტრის მარჯვენის შემკვრელი ძალა ჰქონებოდა. რახან ეს ავგაროზი ჰქონდა მეფეს, ბრძოლადან ყოველთვის უვნებელი გამოვიდოდა. ქალს ძალიან მოსწონებოდა სარტყელი და იმისთვის მოჰბრუნებოდა გული ლევანზე. ისიც გაჰხარებოდა ქალს, რომ ლევანი ისევ შეიყვარებდა მას, დაუბრუნდებოდა, გატეხილ გულს გაუმთელებდა და რახან პირველი ცოლობა არ აღირსა, მეორე ცოლად მაინც წაიყვანდა. ოღონდ ლევანის გვერდით კი ყოფილიყო და თუნდ მოახლედ გაჰყვებოდა მას, უკანასკნელ მხევლად. თინათინ დედოფალს კი ვერ შეურიგდება ვერასოდეს! ხანჯლით განუგმერს მას გულს, იმ ძუძუს, რომელიც ჰხარობს ეხლა ლევანის მკერდთან შეწებებით.

- აი ამ ხანჯლით განვუგმირავ გულს, რომელიც ჩემის ლევანისათვის სძგერს. გველის ისარივით ჩაესმევა ალმასი. ისე გააქრობს, წვეთსაც არ დაადენს სისხლისას, სრულებითაც არ განუბასრამს სადედოფლო ტანთსაცმელს! - ოცნებობდა ქალწული.

და სიყვარულით დაჰყურებდა პაწაწინა ლახვარს. რომელიც უბიდან ამოეღო და მზის შუქზედ აპრიალებდა.

- ადვილად მოვახერხებ ამას, როცა ლევანის მეუღლე შევიქმნები, მეორე დედოფალი: დავუმეგობრდები თინათინს, შევეტყუები და გავაქრობ საიდუმლოდ. ლევანი ჩემია, მხოლოდ ჩემი! არ მინდა მისი დედოფლობა, მომცეს მხოლოდ ლევანი, მარტო მე მომცეს! - წამოიძახა ქალმა ჟინიანად. და გაათამაშა ასპიტის კბილისავით მკვეთრი და გესლიანი იარაღი.

ლეილას გაეგონა, რომ ლევანს სჯული ნებას არ აძლევდა მეორე ცოლი მოეყვანა, მამამაც უთხრა ეს, მაგრამ ვერ შეიგნო ეს, არცა სჯეროდა.

- ძალ-ღონით სავსე ვაჟკაცი და ერთი ცოლი! ნახევარ საქართველოს მპყრობელი მეფე და ერთი მეუღლე?! მატყუებენ! უნდათ იმედი მომისპონ და დამავიწყონ იგი. მაგრამ რომ ვერ შეიძულა ამ საწყალმა გულმა ლევანი, ჩემი მოღალატე, სხვაზედ ჩემი გამცვლელი ლევანი! რომ ვერ დაივიწყა იგი ჩემმა საბრალო გონებამ! არა, სხვა ვაჟკაცი ხელს ვერ მიაკარებს ჩემს ძუძუს: ან ლევანის მარჯვენა ტკბილი, ან აი ეს ალმასი მახვილი, ჩემი ერთგული მეგობარი! სთქვა ქალმა, ფრთხილად შეახო ვარდის ბაგე ლახვრის გამახვულ წვერს და ჩააგო იგი თვალ-მარგალიტით მოოჭვილ ქარქაშში.


36


დედოფალს არ მოსწონდა, რომ მისი მეუღლე ლმობიერად და ლბილად ეპყრობოდა ძლეულ მტრებს, რომ იგი კიდევ პატივსა სცემდა მის ტახტის წინ განრთხმულ მოწინააღმდეგეთ. უადგილო და მავნე თავაზიანობადა სთვლიდა ქმრის ამგვარ სახიერ ქცევას ჰყვედრიდა ქმარს, გაკლიაო მკვეთრი ხასიათი, რომელიც საჭიროა საქართველოს შესაკრებად და შესაერთებლად. ხოლო ამ პატივმა,რომელიც მიეპყრო გამარჯვებულ მეფეს შამხალისთვის და რომლის სამადლობელად გამოეგზავნა მას მხედარი, მთლად გააოცა ქალი და გაამწარა.

- მხოლოდ ასი კაცის მოშველება?! სწორედ რომ კადნიერებაა და თავხედობა შამხალის მხრივ! მეფეს ერთის დაკვრით შეუძლიან მოსპოს მისი სამფლობელო და გაირეკოს ისიც, მთელი მისი ხალხიც, საითაც ჰსურს, ის კი ასიოდდე კაცსა ჰგზავნის ლაშქარში, საკვირველის თავაზიანობით ეპყრობა მას ლევანი, თითქო საიდუმლო რამ კავშირით არისო მასთან შეკრული.

- ან ეს რაღასა ჰნიშნავს, რომ შამხალის ქალისათვისაც უჩემოდ გაუგზავნია საჩუქარი? იმანაც რომ მოართვა, რაღაც შანა, თითქო ძვირფასი რამ სამკაული სამეფო! იქითაც ხომ არ მიილტვის ვაჟბატონის უძღები გული, წუნკალა ლეკის გოგოსაკენ? ახლა იქით ხომ არ აპირებს განავარდებას? შესაძლოა, ყველაფერი მოსალოდნელია ამისაგან! - სთქვა ქალმა ტუჩაკვრით.

ლეილ-ყიზის შესახებ ცოტა რამ გაგონილი ჰქონდა დედოფალს და ეჭვი გაუღვია ამ ამბავმა გულში, ხოლო ამ ეჭვმა შელახა მისი ქალური თავმოყვარება, ჩაწყვიტა რამდენიმე სიმი ქმართან მაერთებელი.

ტრფობის სიმები ხომ ისეც არ იყო ამ ცოლ-ქმარ შორის გაბმული, ახლა ნელ-ნელა წყდებოდა იმ სხვა ნაზ გრძნობათა ძაფებიც, რომელნიც აერთებდნენ მათ. მაგრამ მათ შორის მაინც იყო ძლიერი მაკავშირებელი ძალა. ეს ჯაჭვი იყო პატივმოყვარეობისაგან ნაჭედ - ნაკარნახები დიდი მიზანი, რომელმაც იმთავითვე შეაკავშირა ეს ერთმანეთის უცნობი ქალ-ვაჟი და რომელიც მხოლოდ ასულდგმულებდა მათ ეხლანდელ ერთობას. იგი საგანი მათის მისწრაფებისა თანდათან ახლოვდებოდა და დიდების სხივით ჰმოსავდა დიდებულ მეუღლეთ. ეს მიზანი ბაგრატიონთა გვირგვინი იყო, რომელიც გაანათებდა თვის შარავანდედით მთელ საქართველოს გაერთიანებულს.თინათინმაც, ლევანმაც უარჰყვეს სიყვარული, შეერთდნენ მხოლოდ ამ მიზნის განსახორციელებლად და თუმცა ვერ შეჰქმნეს ტკბილი ცოლ-ქმრობა, განზრახვამ კი თითქო არ უმტყუნა მათ: სწრაფის ნაბიჯით უახლოვდებოდნენ თავიანთ საოცნებო საგანს.

ლევანი მხოლოდ კახთ ბატონი კი აღარ იყო ეხლა, საქართველოს ერთის კუთხის მფლობელი, იგი მეფე იყო ფშავ-ხევსურეთისა, თუშეთისა, დიდოეთისა, კახეთისა, შაქ-შირვანისა, განჯა-ყარაბაღისა და უკვე ტფილისისკენ მიისწრაფოდა ძლევამოსილი.

- მალე აიღებ ტფილისს: გამარჯვება მიგიძღვის წინ. შეჰყრი ერთად ჩვენსა და მამიჩემის ლაშქარს და შეერთებულის ძალით შეესევი ციხეებს. რახან ტფილისი შენი იქნება, მაშინ ერთის დაკვრით დაიჭერ მთელ ქართლს და ჩვენი საბრძანებელი მიეყრდნობა იმერეთისა და გურიის სამზღვრებს.

- ტფილისის მითვისებით მტრად გადიკიდებ ლუარსაბ მეფეს და ბრძოლა მოგვიხდება ერთმანეთში.

- ბრძოლისა არ გეშინიან, სისხლის ღვრა კი ყოველთვის უძღვის გვირგვინისადმი მისწრაფებას. ქართველთა სისხლი დაიღვრება, გარნა ქართველთავე შესაერთებლად, გასადიდებლად, გასაძლიერებლად, ასაღორძინებლად, საბედნიეროდ. დათმობა არ შეიძლება! თუ ტფილისი სხვას დარჩა, ამაო იქნება მთელი შენი შრომა და ბრძოლები, - უთხრა ქალმა.

და მიეალერსა, გაუნაზდა, მოუმდედრდა, რომ მოეხიბლა იგი და მტკიცედ დაეყენებინა თვისგან ნაკარნახებ გზაზე. მოეჭდა ვაჟკაცი მეუღლეს. მოწურა იგი ძლიერის მკლავით და გარდუკოცნა ყელყური, გარნა ვნებათა უფსკრულში მაინც ვერ ჩანთქა მახვილი ჰაზრი, ვერ მოაშთო იგი მუნ, ვერც მიაძინა. ამ მკვეთრმა ჰაზრმა სული ცხოველი აღმოჰხადა მის გრძნობას აღტყინებულს და ოდეს ნივთიერად შთაინთქმებოდა ქალის არსებაში, სულით მაინც განზედ ედგა ქალს და მის დაუნდობელ ბუნებას, რომელსაც თურმე შეეძლო თუნდ იმ წამსვე დაენთხია ნაკადულებად ძმათა სისხლი, ოღონდ კი განეხორციელებინა თვისი მისწრაფება. ისე წარმოუდგა ვაჟკაცს ქალის მოქნილი სხეული, როგორც ტანი ვეფხვისა კისკასი, მსწრაფლმოძრავი, გარნა მკაცრი, სისხლის მსმელი. ფოცხვერი ეჭირა ლევანს ხელში თინათინის სახით, მას კი ქალი უნდოდა მოსიყვარულე. ლბილი, სათნოიანი, წყნარი, ნაზ ტრფობათა მახორციელებელი. და არც ეხლა იყო ცოლ-ქმრის ერთობა გულწრფელი, თავისითვე კმაყოფილი, თავისსავე არსებაში მისწრაფებისაც და მიზნისაც მსახველ-მხატველი. მათი ერთობა მხოლოდ გარეგანი სახე იყო გარდუვალის სიხარულ-სიყვარულისა, ობოლი მარგალიტის მსგავსი თაღლითი.

ბუნებას კი არა ჰსურდა შეეგნო ეს, ის არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ქალ-ვაჟის პირად განწყობილებას ან გრძნობათა ელფერს, ის ჰხედავდა მოქმედებას და ჰსახავდა ნაყოფს მოძრაობისას.დედოფალს მუცლად ეღო და აგერ ახალი არსება მეორედ შეაერთებდა ცოლ-ქმრის ბუნებას განუყრელად, მისხითი მისხამდის, სამარადისოდ.

ბევრი დრო კი აღარა ჰქონდა ბატონ მეფეს თავის თავზედ თავის ბედზედ საფიქრებლად: რაზმი რაზმზედ მოდიოდა მოზღვავებული, მოხსენება მოხსენებას მოსდევდა განუწყვეტლად, ხოლო მათ საპასუხოდ დაჰფრინავდა მეფის ბრძანება კიდით კიდემდი ნაკურთხი ლაშქარი ჯვარის მტვირთველმა, დაიძრა დროშები ჯარის წინამძღვრად. სხვადასხვა გზით მიემართებოდნენ რაზმები, სხვა და სხვანაირად შემოსილ-შეიარაღებულნი, გარნა ერთის ჰაზრით ამოძრავებულნი, ერთის გრძნობით აღტაცებულნი; ერთის მისწრაფებით გამსჭვალულნი: ტფილისი მტერს ეჭირა. საქართველოს დედაქალაქი სპარსთ ეპყრათ, ქართველთა სიწმინდენი უცხოეთელთაგან შელახულ-შეგინებულნი იყვნენ და მიდიოდნენ მამულიშვილნი მტერთა განსადევნად! მთელი საქართველო დაძრულიყო ამ წმიდა ადგილის განსათავისუფლებლად. დაჰვიწყებოდათ მეფეებს თუ მმართველებს შური და მტრობა, ძმურად გარდაეჭდოთ ხელი ხელს-და მიისწრაფვოდნენ საქართველოს გულის სახსნელად.

მიღელავდა ჯარი აღტაცებული და წინ უძღოდა მას წმიდა გიორგი შუბმოწვდილი. მისი თეთრი რაში ჰაერში მითამაშებდა ლაშქრის წინ და უჩვენებდა გზას გამარჯვებისას. დედას ღვთისას საფარველი წმიდა გარდაებურნა ქრისტეს მოსავ ლაშქრისათვის და ისარნი განმახულნი ვერღა შეხებოდნენ მას; ვერ გასდრეკდა მტერი.ვერც შეაფერხებდა. ეწევიან ჯვაროსანნი სურვილს, ააფრიალებენ დროშას მძლეველს მწვერვალზედ მეტეხისა და თაყვანსა სცემენ სიონთა ღვთისმშობელს სახებრწყინვალეს!


37


ორი გზით გაემართა ლაშქარი: ერთმა წყობამ ერწოზედ გადაიარა, სიონთან, ნადოკრალს ზევით, გადასჭრა მთა და ჩაეშვა საგურამოს; მეორემ თეძმის ხეობით იარა. ორივე ლაშქარი არაგვის პირს შეიყარნენ, მცხეთის დასწვრივ. მეფემ დაათვალიერა აქ ჯარი და სათანადო განკარგულება მისცა. შეერთებულმა ლაშქარმა ტფილისისაკენ დაიწია და გამაგრდა ავჭალის ახლო, მტკვრის მარცხნივ. აქვე ახლო, მტკვრის მარჯვნივ იყო დაბანაკებული ლუარსაბის ლაშქარი. მეფეებმა ნახეს ერთმანეთი, ბჭობა გამართეს და დაასკვნეს საერთო იერიში მიეტანათ კახელებს ისანზედ, ქართლელებს კალაზედ.

- ჯებირებიდან მტრის გამორეკა და განდევნა ადვილი იქნება, ხოლო ქალაქის კედლებთან ან ერთ მხარეს გაუმარჯვებდა ჩვენს ლაშქარს, ან მეორე მხარეს, და რახან ერთ-ერთი ჩვენგანი შეიჭრება ქალაქში, მაშინ ციხეების დაპყრობაც ადვილი იქნება, - სთქვა ლუარსაბმა.

დასთანხმდნენ, თუმცა ზოგიერთი გამოცდილი სარდალი კი ეჭვობდა, რადგან სწორედ ეს მხარეები ჰქონდათ სპარსთ უკეთესად გამაგრებული ქალაქშიც და ქალაქ გარედაც. ღრმა ღელე გამოღმა, ხოლო ვერის ხევი გაღმა ზედ მტკვრის პირამდინ ჯებირებით იყო გამაგრებული და ჯარი ისხდა შიგ. სპარსთ თავიანთი ძალა აქაც მოექციათ. გამარჯვების იმედს იძლეოდა ის გარემოება, რომ ლევანს თანა ჰქონდა შირვანიდან და განჯიდან წამოღებული ზარბაზნები. ეკვეთნენ მტერს. ლუარსაბმა ვერ გააპო წინა სიმაგრეები. მტერი არ გამოვიდა ჯებირებიდან. ქართლელებმა ვერ შესძლეს თავს დაეარათ მტრისათვის, რადგან ზევით და ზევით ხევი უფრო ცუდი გასავალი იყო და თანაც მტრის ცხენოსანი ჯარი თვალს ადევნებდა მას. ლევანმა გააპო წინა სიმაგრეები, გაიარა ღრმა ღელე და შეიძლებოდა ქალაქის კედლებს მისდგომოდა, მაგრამ აღარ წაიწია წინ: ეფიქრებოდა ლუარსაბის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარის ნაწილი არ გადმოსულიყო მტკვარს და ზურგადან არ მოჰქცეოდა კახთ. ლევანმა მოინდომა თავისი ჯარის ნაწილი გადაეყვანა მტკვარს და მოემწყვდია ჩასაფრებული მტერი, მაგრამ ეს არ იყო წინად მოფიქრებული: ნავტიკების ხიდი არ ჰქონდათ მზად და ვერ განახორციელა განზრახვა. დაღამდა. შეწყდა ბრძოლა. ქართველთა ჯარებმა დაიწიეს წინანდელ ადგილებისკენ.

ამ ამბავმა დააფიქრა მებრძოლნი და დაანახვა, რომ განცალკევებით ბრძოლა ხელსაყრელი არ იყო მათთვის. შეიძლებოდა გარეშემოეზღუდათ ქალაქი, გზები მოეჭრათ და შიმშილით იძულებულ ექმნათ მტერი დაჰნებებოდა მათ, მაგრამ დაყოვნება აღარ შესძლებოდა: ხმები მოდიოდა, ყეინმა გაიმარჯვა მესოპოტამიაში და მეამბოხე ივლტოდაო მის წინაშე. თუ ხმები გამართლდებოდა, ყეინს შეძლება მიეცემოდა მსწრაფლ მოეშველებინა სპარსეთისათვის ჯარიც და სანოვაგეც. ამ ფიქრში და ბჭობაში იყვნენ, როდესაც მივიდა მეფე ლუარსაბთან ნოშრევან და მოითხოვა ნავტიკები: განეზრახა თავისი რაზმით შეჰპარვოდა ქალაქს. სახიფათო ნაბიჯი იყო, სწორედ თავხედური: მთლად ადვილად შეიძლებოდა ამოეჟლიტა მტერს ეს მცირე რაზმი; მაინც დასთანხმდნენ ნოშრევანს, რადგან არ დაიშალა წასვლა.

მთვარეს დაევახშმა: ისეც ბნელი ღამე უკუნად გარდაექმნათ არეულ ღრუბლებს. რომლებს ქარი აქანებდა და აწყვეტდა ერთმანეთს. ატეხილი ქარიშხალი ზრიალით მიისწრაფებოდა ვიწროებში თუ ხევებში, ქვიშა და კენჭი მიჰქონდა თან გვალვისაგან დახეთქილ დედამიწიდან ნაგავ-ნახვეტი; ქარი თვალებსა სთხრიდა კაცს, მისი არიალისაგან ყურთა სმენა არ იყო. ნოშრევანი და მისი ოთხი მხლებელი მიაქანებდნენ ნავს, რომელიც ნაფოტივით ჰხტოდა ტალღიდან-ტალღაზე. შორიახლო მისდევდნენ მას სხვა ნავები თუ ნავტიკები, რომლებზედაც ისხდნენ ნოშრევანის კაცები. უჩუმრად მიჰმართავდნენ ნავებს. ზღვისპირელნი იყვნენ, ზღვაზედ გამოზრდილ-გამოჯეკილნი და მტკვრის შფოთიანი დენა ვერ შეაკრთობდა მათ. გამარჯვებული მტერი კი არხეინად იყო. ქარისა და მტვრისაგან შეწუხებული დარაჯები ბექებს ამოჰფარებოდნენ და ნაბადში გახვეულებს ზურგი მიეშვირათ განუწყვეტლად მონადენ კორიანტელისათვის.

ნავები მიუახლოვდნენ ქალაქს. ნოშრევანს ეშინოდა, მტკვარი გაბმული ჯაჭვებით იქნება დაკეტილიო, როგორც თითონ ამაგრებდნენ რიონს თუ სხვა მდინარეებს, როცა მტრის შემოპარვისა ეფიქრებოდათ. მაგრამ სპარსთ ჰაზრადაც არ მოსვლოდათ, რომ შეიძლებოდა ესე გატეხილიყო ქალაქი და არაფერი არ ეზრუნვათ. შეუმჩნევლად შევიდნენ ქალაქში, გავიდნენ ნაპირას, მისცეს სახლებს ცეცხლი, მიჰმართეს კარებს. საშინელი ხმაურობა ასტყდა. შეშინებულმა მტერმა მიჰმართა იარაღს, მაგრამ სიბნელის გამო ვერ არჩევდნენ ვერაფერს და ჰხოცდნენ, ვინც კი მოჰხვდებოდათ. გაისმა ყოველ მხრიდან ზახილ-ტირილი, გადიდდა ყიჟინა, გავრცელდა შიოის ზარი ქუჩიდან-ქუჩაზედ, უბნიდან უბანში. ნახა მტერმა, რომ გატყდა ქალაქი და მიატოვა სადარაჯოები, მიჰმართა მეტეხისა და შურის ციხეებს. დაიძრა მტერი ქალაქგარეთ ჯებირებიდან და ივლტოდა ქალაქისაკენ. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქალაქი სხვა მხრიდან გატყდა და ქართველთა ლაშქარმა უკვე დაიჭირა იგი. მალე მოიტანეს იერიში ლუარსაბისა და ლევანის ჯარებმაც და შევიდნენ ქალაქში. ინათლა. მთელი ქალაქი ქართველთა ხელში იყო, გარდა ციხეებისა.

დიდი სიხარული იყო ქალაქში მეორე დღეს. ქართველთ ერთობ ცოტა კაცი დაჰკარგოდათ, თითქმის უსისხლოდ აეღოთ ქალაქი სპარსთ ერთმანეთი ეჟლიტათ და მრავალი გაწყვეტილიყო. თვით ნოშრევანის რაზმს სულ ორმოცამდინ კაცი აკლდა. მოქალაქეებმა პურ-მარილი მიართვეს გამარჯვებულ ლუარსაბ მეფეს: მადლობა გადაუხადეს მის მაშველად მოსულ მთავრებსაც, ქება შესძღვნეს. ლევანმაც მიიღო მოქალაქეთაგან მილოცვა და მადლობა; ისიც ხომ მხოლოდ მშველელი იყო ლუარსაბ მეფისა, რომლისაც იყო ტფილისი. მოაგონდა ლევანს თავის მეუღლის სურვილები ტფილისის შესახებ, თვალწინ წარმოუდგა საკუთარი ოცნებაც საქართველოს დაპატრონებაზედ და დაინახა, რა დიდი მზღვარი იყო ოცნებისა და სინამდვილის შუა. ეხლა რომ განზედ გამდგარიყო ლევანი და ტფილისი თავისად გამოეცხადებინა, სწორედ გააოცებდა ხალხსაც, ლაშქარსაც, ვერ მოახერხებდა! მაშინ ომი უნდა აეტეხნა ლუარსაბისათვის, ძმათა სისხლი ეღვარნა მტრის თვალწინ, ამას-კი ვერ უყაბულებდა ხალხი, ვერც იტვირთებდა თვით მისი ბუნება, და მიულოცა ლევანმაც გამარჯვებულ ლუარსაბს, თავი დაუკრა მას, მისად აღიარა ტფილისიც, საქართველოც.

პირველად რომ დაეცნენ ქალაქს, თუ მაშინ შეჭრილიყო ლევან მეფე ტფილისში და დაეჭირა ციხეები, შეიძლებოდა გამაგრებულიყო იქ და განეცხადებინა იქიდგან თვისი გულის წადილი, ეხლა კი შეუძლებელი იყო ეს; ამჟამად მოუხერხებელი გახდა გაემჟღავნებინა თვისი იდუმალი მოსწრაფება; აქ ჯერჯერობით მზღვარი ედებოდა მის განდიდების სურვილს. ძლიერ საშიშიც იყო ეხლა გასდგომოდა სხვა ქართველ მფლობელებს და მტრულად განცალკევებულიყო: იცოდა, ყეინი შურს იძიებდა შირვანისა და განჯა-ყარაბაღის დარბევისათვის, ხოლო ამ შემთხვევაში ისევ საქართველოში უნდა ეძებნა მას მშველელი თუ ქომაგი. ამ მოსაზრებამ შეაფერხა ის და ნება არ მისცა მტერზედ ამოწვდილი მახვილი ძმათა სისხლით შეეღებნა დუშმანთა სამხიარულოდ. უნდა მოეცადნა, სანამ უფრო მარჯვე დრო დადგებოდა თავის მისწრაფების შესასრულებლად.

ტფილისის ციხეები მალე უომრად დაჰნებდნენ გამარჯვებულებს, სპარსთა სარდალმა მხოლოდ ისღა გამოსთხოვა მეფე ლუარსაბს, რომ ნება მიეცა უვნებელად გაეყვანა თავისი ჯარი ქალაქიდან. მეფე დასთანხმდა ამაზე, იარაღის გატანის ნება კი არ მისცა.


38


მეფე ლევანის ოცნებას თავის სამეფოს გაფართოვების შესახებ სამზღვარი რომ დაედვა ტფილისში, მისი პირადი თავმოყვარეობაც შეილახა იქ: ქალაქის აღებას შემდეგ ლევანმა მოისურვა ნოშრევანის ნახვა, რადგან ბევრი საგმირო საქმეები სმენოდა მასზე და ეხლა თავის თვალითაც ნახა მისი თავხედური გამბედავობა და მოსაზრების უნარი. ნოშრევანი კი არსადა სჩანდა: ქალაქის აღების შემდეგ ის ცალკე გამდგარიყო, კოჯრის მხრიდან დაახლოვებოდა შურის ციხეს და იქ დაებანაკნა. მეფესა სთხოვეს თავი დაენებებინა თავის სურვილისთვის:

- მიუკარებელი კაცია, ბატონო, თავზედ ხელაღებული; მისი რაზმიც ისეთივე მოუხეშავი ხალხისაგან შესდგება და ტყუილად უბრძანებთ, არ დაგმორჩილდებიან.

ამისთანა თქმამ უფრო გააჯიუტა მეფე და მეტი ცნობისმოყვარეობა აღუძრა. წინადაც გაგონილი ჰქონდა ნოშრევანის სახელი, იგი სახელი დაკავშირებული იყო მისი მეუღლის მგზავრობასთან: გურიელის წერილშიც მოხსენებული იყო ნოშრევანი: სიმამრი ურჩევდა ტფილისის აღებაში დაეხმარებინა იგი. გურიელის ჰაზრი კი ვერ აასრულა მეფემ, მაგრამ დარწმუნდა, რომ მართალი იყო ნოშრევანის შესახებ ხმები, და ძალიან მოუნდა ერთი მაინც დაეხედნა ვაჟკაცისათვის. გაგზავნა კაცი ნოშრევანთან და მიიწვია იგი თავის წინაშე.

ნოშრევანი კარავში არ დაუხვდა კაცს, იგი წასულიყო ციხის გარემო ადგილების დასათვალიერებლად. მისი ხალხი კი ნახა მეფის მოციქულმა და ძალიანაც მოეწონა ეს რჩეული ბიჭები. საღამომდინ მოუნდა ცდა დესპანს. მზე ჩასვლაზედ იყო, როცა ნოშრევანი დაბრუნდა და რომ მოახსენეს, რისთვის მისულიყო ლევანის კაცი, არ ინახულა იგი, ისე გამოისტუმრა. ლევანს საშინლად ეწყინა ნოშრევანის ესეთი ქცევა. იუკადრისა, აიტკრიცა, აინთო; მიმოავლო განრისხებულმა თვალი კარის კაცებს და შებრძანდა კარავში.

- მეფის ბრძანებას არ ასრულებს ვიღაცა თავხედი მხედარი, შეიარაღებული ლაშქარი კი თან ახლავს მეფეს! აქ უნდა გაჩნდეს ის ნოშრევანი მკვდარი თუ ცოცხალი! მალხაზ, წაიყვანე ჯარი! - ბრძანა ნაწყენმა სარდალმა.

- რა საჭიროა ვიღაც მეკობრისთვის ჯარი?! მეც ვეყოფი მას! - სთქვა მალხაზ წერეთელმა და გავიდა კრებულიდან.

მცირე ხნის შემდეგ მიდიოდა წერეთელი კლდოვან ბილიკზე სოფელ ოქროყანისკენ. სიპზე ნასხლეტი ნალის ხმა ეფინებოდა ხევ-ღრანტეებს და არღვევდა ღამის სიჩუმეს. ხმის ამოუღებლივ მიდიოდა გაბოროტებული ვაჟკაცი. შორიახლო მისდევდა ათიოდე მხედარი. გამოჩნდა ნოშრევანის ბანაკი.

- მარჯვედ იყავით! ცხენები ხელიდან არ გაუშვათ! გამოვტრიალდე თუ არა, თქვენც მოსხლიტეთ ცხენები! ბევრ საუბარს არ გავუბამ მეფის შეურაცხმყოფელს, - სთქვა და გასწორდა ცხენზედ.

მივიდნენ ბანაკში, იკითხეს რაზმის მოთავე. კარავში ბრძანდებაო, მოახსენეს და მიიწვიეს. მალხაზ ჩამოხტა ცხენიდან და გაემართა კარვისაკენ. ნოშრევანს შეესმა ხმაურობა და ახალუხა გამოვიდა კარვიდან. მხოლოდ ხმალი გარდაეგდო ზედ.

- შენ. ხარ ნოშრევან, რაზმის სარდალი?

- მე გახლავარ, ბატონო, მობრძანდით! რაზედ გარჯილხართ?

- შენ კარგად უნდა იცოდე, რისთვისაც გავრჯილვარ! - შეძახა მალხაზმა.

და გააელვა ხმალი, მაგრამ ნოშრევანს წინადვე ეგრძნო, რომ სამტროდ მიდიოდა მასთან კაცი და მარჯვედ დაჰხვდა: აუკრა ხმალი ხმალს, წამზე დაუქნია მახვილი და წარჰკვეთა თავი. თავმოსხლილი ვაჟკაცი ერთს ხანს ცოცხალივით იდგა ნოშრევანის წინ. მალხაზის მხლებლებმა იშიშვლეს ხმალი, მაგრამ მათ გარს შემოერტყნენ ნოშრევანისანი და იძულებულ ჰყვეს დაეშვათ მახვილი, ქარქაშშივე მოექციათ იგი.

- ლევანის მაგივრად მისი მონის სისხლი! - წარმოსთქვა ნაწყენმა.

როცა ლევან მეფის პირველი დესპანი უკმეხად გაისტუმრა ნოშრევანმა, ბნელი ჰაზრი დაებადა მას: მისულიყო ბანაკში და ლაშქრის წინ განეგმირა მეფე. ეხლა, ტფილისის აღებისა და მტრის ძლევის შემდეგ, ესეთი საქმე ღალატი აღარ იქნებოდა სამშობლოს წინაშე, გული უკარნახებდა მას, მოესპო კაცი, რომელმაც მოსტაცა მას ყვავილი სიხარულისა და ჩაუშავა ყოფა. უნებლიეთ მოიქმედა ეს ლევან მეფემ, მაგრამ ნოშრევანის გული მაინც პირთამდინ იმსებოდა მისდამი შურით და ზავთით, გესლი მძიმე ლიცლიცებდა მასში: ლევანის სისხლი სწყუროდა ნოშრევანს და მისთვის წარმოსთქვა იგი სიტყვა.

მოახსენეს მეფეს ეს სამწუხარო ამბავი. მან მსწრაფლ გაგზავნა ნოშრევანის დასასჯელად მფრინავი რაზმი, მაგრამ ლევანის კაცებმა ვეღარ ნახეს იგი: მას მაშინვე დაეტოვებინა ბინა და გასცლიყო იქაურობას. ლუარსაბ მეფემაც აფრინა მხედრები დამნაშავეს წინააღმდეგ, მაგრამ ამაოდ: მათაც ვეღარ ჰპოვეს იგი.

- კახთა სისხლი წაიღო თან და ჩემი შეურაცხყოფა! უნდა ზღას იგი ან თითონ მან ან მისმა ბატონმა გურიელმა! - ბრძანა გამძვინვარებულმა მეფემ.

და გაუზომელი იგი სიტყვა მეფისა ელდასავით გავარდა ლუარსაბის საშველად მოსულ გურულთა რაზმში. აღელდნენ გურულნი, გაგულისდნენ, იარაღი შეისხეს. თვით ლუარსაბ მეფის ჩარევა დასჭირდა საქმეში, რომ დაეწყნარებინა გულმოსული ხალხი. კახნიც ძლიერ გულამღვრეულნი იყვნენ, ისწრაფოდნენ სისხლი აეღოთ, სისხლით მოებანათ შეურაცხყოფა, მაგრამ ნოშრევანი გადახვეწილიყო პირად მასზედ ჯავრის ამოყრა აღარ შეიძლებოდა და ძალაუნებურად გულშიღა იტრიალებდნენ ბოღმას. ამ სახით უკვე დაირღვა კავშირი ქართველთა ჯარში. ეხლა უბრალო საბაბიცა კმაროდა რომ უაზრო ომი ატეხილიყო მათ შორის და უბრალოდ დაღვრილიყო სისხლი. კიდევ კარგი, რომ მტერი უკვე ძლიერი იყო და აღარ იყო საჭირო ლაშქრის დაყოვნება ტფილისში.

ლუარსაბ მეფემ დიდებული ზღვენი შესძღვნა ლევანს, დიდი მადლობა გარდაუხადა მას, ძმად გაეფიცა. ლევან მეფემ ამაყად მიიღო ყოველივე პატივი. ვერც შეეძლო სიხარულს მისცემოდა აქამდის გამარჯვებას ნაჩვევი მეფე და დოვლათ-ალაფით გულსავსე მისი ლაშქარი, ეხლა ისეთ გუნებაზედა ბრუნდებოდა უკან, თითქო მტრისაგან ძლევით და არა მტერზედ ბრწყინვალე გამარჯვებით გათავებულიყოს ბრძოლა ქართველთა.


39


იცოდა ნოშრევანმა, რომ ლევან მეფე შურს იძიებდა, ეცდებოდა სისხლით მოებანა თავის შეურაცხყოფა. ეხლა ის აღარად ჩაუთვლიდა ნოშრევანს, რომ მის მარჯვე მოქმედებამ მიანიჭა ქართველებს ძლევა, თითქმის უმსხვერპლოდ ააღებინა ქალაქი. ციხეების აღებაც ეხლა გაადვილებული იყო: ციხის თავები იძულებულ იქმნებოდნენ დაჰნებებოდნენ ქართველებს, რადგან გარშემორტყმულნი იყვნენ ქართველთა ლაშქრით, ნოშრევანი აღარ იყო საჭირო ტფილისისათვის. არც შეიძლებოდა მისი იქ დაყოვნება, თორემ იძულებული შეიქმნებოდა ძმათა სისხლში შეეღებნა თავისი რაზმი, მისთვის თავდადებულ გმირთა დასი. არჩია მთლად გასცლოდა იქაურს არემარეს.

რაზმი ერთს წამს მზად იყო წასასვლელად. იქვე სოფელში იშოვეს ჩულაოზი. გადაიარეს მთა, ჩაეშვნენ ვერის ხევს ბეთანიის დასწვრივ. საცალფეხო გზით გადასჭრეს სხვა მთა და გადახედეს ქართლს. რაზმი წყნარად მიდიოდა ეხლა: ვეღარ მისწვდებოდა მას მდევარი და ვეღარცა რას დააკლებდა, თუნდ მოსწდომოდა.

მთელი გზის განმავლობაში ხმა არ ამოუღია ნოშრევანს. თავდახრილი იჯდა შავს რაშზე შავის ფიქრებით გარემოცული და ვერა ჰხედავდა ვერც გზას, ვერც თვალთწარმტაც სურათებს, რომელნიც იშლებოდნენ მის წინ. ვერა გრძნობდა დაღლას, ვერც სიმშილს თუ წყურვილს; არც ის იცოდა, საით მიჰქონდა იგი მის ბედის ტალღას ან რისთვისღა დაარონინებდა მას ამ ქვეყნად; გული რომ ამოჰგლიჯა მძლავრი ხელით, სულიც რად არ ამოჰხადა მტარვალმა.

მოსტაცეს თინათინი, ხელიდან წაჰგვარეს იგი მას, აგერ რამდენი ხანია მას აქეთ, მაგრამ ცხადად უდგა თვალწინ იგი წამი, თითქო გუშინ მომხდარიყოს ყველაფერი. ჰსურდა ბედისათვის გამოეგლიჯა ქალი პირიდან, წინააღმდეგობა გაეწია განგებისათვის. კიდეც შესძლებდა მას! სიყვარული შეაძლებინებდა მას ბრძოლას თუნდ მთელ ქვეყანასთან. გარნა არ იყო ნება თინათინისა! იგი სდუმდა. არ თანაუგრძნო ჭაბუკის განზრახვას ქალმა სიყვარულისაგან ნაკარნახებ მის მოსაზრებას, და უღონო იქმნა ნოშრევან უძლეველი, ვერ შესძლო ბუმბერაზმა სატრფოს სურვილთა წინააღმდეგ ბრძოლა; აქ უძლური იყო იგი, მოდუნებულიყო მისი ნებისყოფა, მოშვებულიყო უბრძოლველად დაანება მაშინ თავისი სიცოცხლე სხვას, გულხელდაკრეფილი იდგა იგი, როცა მის წინ სიმღერით და ზეიმით გაატარეს მისი სულისდგმა. ერთი შეხედვა თინათინისა, მხოლოდ ერთი წამისყოფა მისი და ის სიმღერა სამხიარულო გლოვის ზარად გარდაექმნებოდათ მათ, ხოლო ნოშრევანისათვის ამოდუღდებოდა წყარო უშრეტის ბედნიერებისა, ღვთაებრივის ნეტარებისა. ამაოდ ელოდდა ჭაბუკი ქალის გულიდან გადმონაკვეს ნაპერწკალს სიყვარულისა, ამაოდ! ქალს ბრწყინვალე მომავლისათვის მიეპყრო ლამაზი თვალები, იმ სამეფო გვირგვინისაკენ, რომელი ელვარებდა მისთვის გომბორის მწვერვალიდან და მის სხივთაგან თვალმოჭრილი ვეღარ არჩევდა ბეჩავს ნოშრევანს, მისთვის გულმკვდარ ნოშრევანს. ვეღარა ჰხედავდა ამაყი ქალი ვეღარც თვის გრძნობას ნაზსა და ლამაზს, სისხლის ცრემლით მომტირალე თვის გულსა: ქალწული თინას გულის კვნესა ვეღარ აღწევდა დედოფალ თინათინის ყურთა სმენას; ამაოდღა კვნესოდა გული საბრალო!

იცოდა კი ნოშრევანმა, რომ კვნესოდა თინას გული მისთვის რომ მისკენ მიისწრაფებოდნენ ქალწულის ნაზი გრძნობები. მაშინ ამიტომ აედევნა მას ნოშრევანი გზა-გზა, მხოლოდ იმ წამისყოფის მომლოდინე, როცა ქალი შეისმენდა თავის გულისთქმას და მიმოიხედებოდა ნოშრევანის დასანახად, ხმას ჰყოფდა მის სასმენად. მაშინ მოეხსნებოდა ჭაბუკს იგი ჯადო, რომელი უსპობდა უნარს მოქმედებისას. ამ გზაზე იყო, პირველად რომ დაანთქრია ნოშრევან მოძმის სისხლი, სამხიარულოდ და მხიარულად მიმავალ მოძმის სისხლი. უბედური! რად ინება გულგამეხებული ნოშრევანის წინააღმდეგ მახვილის ამაღლება? განა ის არ ჰკმაროდა ჭაბუკს, რომ ბედს ისარი ჩაესვა მის გულში გესლიანი?!

გადმოსცდა მაშინ მაყრიონი კორტოხს და გაწყდა ნოშრევანის უიმედო იმედის ძაფიც. რაც უფრო უახლოვდებოდა ქალი თვის საბრძანებელს, მით უფრო მეტი მხიარულობა ეტყობოდა მას; იგი თანდათან ივიწყებდა ნოშრევანსაც, თვის მამის სახლსაც, მთელ გურიასაც; ეთვისებოდა იგი ქმრის უცნობ სახეს და ახალს საბრძანებელს. ნახა ეს ნოშრევანმა და სასოწარკვეთილებამ მოიცვა იგი.აკი მოისურვა კიდეც თავის მოკვლა, მაგრამ არ მისცეს ნება, ხელიდან გამოსტაცეს მახვილი. მას აქათ ეძებს ნოშრევანი სიკვდილს,მაგრამ სიკვდილმა დაივიწყა იგი. რამდენი ბრძოლა გამოიარა მას შემდეგ, რამდენჯერ პირისპირ შეხვდა სიკვდილს, მაგრამ ამაოდ! სიკვდილს ხელი აეღო მასზე. სიცოცხლე კი არ უნდოდა ნოშრევანს! სრულებით აღარა ჰსურდა! რისთვისღა უნდა იცოცხლოს ან ვისთვის?!

- ჩემს ხელთ იყო ბედნიერება და ვერ ვიპყარ იგი, განვიცადე სიტკბოება გარდუვალი და ვერ ვეუფლე მას თუნდა ძალით, თვით სატრფოს უნებლიეთ! - სთქვა ნოშრევან.

და ამოიკვნესა საბრალოდ. მოაგონდა ის წამი, როცა პირველად მოჰხვია ხელი საყვარელს და იგრძნო მისი თბილი ტანი. ეს მაშინ იყო, გაგიჟებულ ცხენიდან რომ გადმოიღო ქალი. გაიხსენა ის ნეტარი წამიც, ის საარაკო წუთი, რომელი განიცადა მან, ოდეს თვით ქალმა განუცხადა მას სიყვარული, ოდეს დაჰკოცნა სუნნელოვანმა. ისე ცხადად წარმოუდგა ნოშრევანს სატრფო, რომ ეხლაც კი იგრძნო მისი ტანის სინაზე და უიმედო სურვილმა დახარა ვაჟკაცი, ცხარი ცრემლით აატირა-ააქვითინა.

- აღარა მსურს სიცოცხლე, ვისწრაფი სიკვდილისადმი, სხვებს კი ჰგონიათ მხოლოდ ჩემი უშიშრობაა ეს, შემმართებულობა! ამან მომიპოვა ნდობა ჩემის ამხანაგებისა, ამან გარდაქმნა იგინი მორჩილ მონებად ჩემს ხელში. ცეცხლი თუ წყალი სულერთია იმათთვის,ოღონდ მე ვუძღოდე წინ. ბრმადა სწამთ ჩემი ბედი, ჰგონიათ, სიკვდილიც ილტვის ჩემს წინაშე... რად მინდა ეს სახელი, ან საარაკო გამარჯვებანი, რას მოელი მათგან! მხოლოდ მოსპობას ვევედრები ზეცას, იგი კი არ შემიწყალებს მე, არ მომანიჭებს დავიწყებას, არც განსვენებას, - სთქვა ნოშრევან.

და გარინდდა, ჩაუქრა ჰაზრი, გრძნობა, ყოველივე მისწრაფება; ამოუშრა გული და უსულო გვამს დაემსგავსა სიცოცხლით სავსე ბუმბერაზი, მოყმენი კი მოწიწებით მისდევდნენ მას შორიახლო, ეკრძალებოდნენ დაერღვიათ მისი მდუმარება, ეშინოდათ შეერყიათ მის ფიქრთა დენა. ჰგრძნობდნენ, იცოდნენ რომ დიდი რამ სევდა აწვა მათს სარდალს, გაუშუქებელს ბნელს მოეცვა მისი სული, უსაზღვრო უიმედობას ჰბადებდა მათში მისი ღრმა მწუხარება, მისი ტანჯვა შავ-ბნელი.

გზა კი ილეოდა ჰუნეთა ფერხთ ქვეშ, მოკლდებოდა შარა გრძელი, მთა ბარს ენაცვლებოდა, ველი - ტყეს, ვაკე - ხნარცვებს თუ ხევ-ღრანტეს ძნელად სავალს. ხოლო საით მიდიოდნენ ან რისთვის, ეს არ იცოდნენ არც სცდილობდნენ გაეგოთ; მათ სწამდათ, რომ მანამ ნოშრევანს ახლდნენ უძლეველს, მათი მიზანი იყო მუდმივ ბრძოლა ვაჟკაცური, ხოლო შედეგი განუწყვეტელის ბრძოლისა მარად გამარჯვება სახელოვანი. ეხლაც ალბათ იქით მიიმართებოდა მათი ბელადის მერანი, სადაც საჭირო იყო მისი ბასრი ხმალი; იქით მიუძღოდა მათ ღმერთიც ლაშქრობდა მარად მებრძოლი, რისხვის მომფენელი.


40


მეფე ლევანი მხიარულად არ დაბრუნდა ომიდან: გაიმარჯვა. მიზანს კი ვერ მიაღწია, ტფილისი ვერ დაისაკუთრა. ომისთვის რომ გულდასმით ემზადებოდაა წინ რომ წაუძღვა მშვენივრად შეიარაღებულ დიდ ლაშქარს. ის კი არა ჰსურდა, ლუარსაბ მეფისათვის ეშველნა ტფილისის აღება, არამედ ის, რომ სათავისოდ დაეჭირა სატახტო ქალაქი. მხოლოდ შველა რომ სდომებოდა, არც ამოდენა ლაშქარს შეჰყრიდა. არც ისე ფართედ შეუდგებოდა სამზადისს. გარნა მეფის საიდუმლო იყო ეს ჰაზრი, მისმა ხალხმა არ იცოდა ეს. გეგმა ამგვარის მოქმედებისა სიმამრისაგანა ჰქონდა ლევანს ნაკარნახები, მეუღლისაგან დაჟინებით ჩაწვეთებულ-შთაბეჭდილი, თვით პატივმოყვარეობისაგან სიამით მიღებულ-შეთვისებული ხოლო მრავალ ბრწყინვალე გამარჯვებით გამტკიცებულ-დაჭეშმარიტებული.

- ვისღა ეკუთვნის ტფილისი, თუ მე არა, ტფილისი და მთელი საქართველო? ჩემი სვიანობა ადასტურებს, რომ მე უნდა მედგეს თავს გვირგვინი საქართველოსი, მე უნდა მეპყრას ღვთივ-კურთხეული სკიპტრა ბაგრატიონთა. ჩემის საკუთარის ხმლით დავიპყარ მთა, შაქი-შირვანი, განჯა-ყარაბაღი და მევე ვარ განგებისაგან მოწოდებული ვიპყრა ტფილისი, შემოვიერთო ქართლი, შევკრიბო მთელი საქართველო ზღვიდან ზღვამდის, მივაყრდნო ზურგი ურყეველ კავკასიონს და ჩავუდგე კვალში მაჰმადიანთა მპყრობელთ, როგორც პატრონი საქრისტიანოსი! ხალხი მიმიხვდება ამ. დიდ ჰაზრს და თანამიგრძნობს. დამეხმარება თავისსავე სადიდებლად, ასაღორძინებლად, - ფიქრობდა ომად მიმავალი ლევანი.

ტფილისზე პირველ თავდასხმის წინ თვისი ჰაზრი მეფემ გაანდო ვეზირს ქაიხოსროს. მაყაშვილი ჩაფიქრდა ძალიან და გულწრფელად მოახსენა.

- აღსრულდეს ნება უფლისა! ცხებულის სურვილი შთაგონება ზეცისა. გარნა ეხლა მე ვერ თანავუგრძნობ შენს განზრახვას.

- რატომ?

- თუმცა შენა ხარ ყველაზე ღირსეული მეფე ქართველთა და შენ შეგშვენის საქართველოს შეერთება, მაგრამ ეხლა დრო არ არის ძმათა შორის შუღლის შეტანისა. ლუარსაბ უომროდ არ დაგითმობს არა ტფილისს, არც თავის სამეფოს; მასვე დაეხმარებიან მის საშველად მოსულნი იმერნი. ვძლევთ, ძალიან ძვირად კი დაგვიჯდება ძმათა ძლევა. გაორგულდება ხალხიც, არ იყაბულებს ძმათა სისხლისღვრას. თქვენი დიდებული ჰაზრის განსახორციელებლად სხვა დრო უნდა, უფრო მარჯვე და ხელსაყრელი ჟამი.

- ხალხი თავს დაუკრავს და მუხლთ ემთხვევა მძლეველს! იმერთა შორის გურულნი უკვე ჩვენნი არიან: გურიელს მაგ ჰაზრითა ჰყავს ჯარი მოგზავნილი, მათმა სარდალმა იცის ეს დაწყებილება.

- აღსრულდეს ნება უფლისა! უბრალო მომაკვდავი ვერ მიჰხვდება მეფეთა განზრახვას. მაგრამ გურიელიც ხომ შენ უნდა დაგმორჩილდეს მაშინ, მხოლოდ ერთს პატრონს ბაგრატიონთა საბრძანებელისა. ღმერთმა ქმნას და თავისი თვალით ნახოს მან თვისი ქალი დედოფლად, არა მხოლოდ კახეთისა, არამედ მთელი საქართველოსი.

შემდეგ ვეზირს ხმა არ ამოუღია ამაზე არც მაშინ, როცა პირველი იერიში ტფილისზე არ გათავდა გამარჯვებით და მეფეს შემთხვევა არ მიეცა გამოემჟღავნებინა თავისი იდუმალი სურვილი; არც მაშინ,როცა მოხერხებულად აიღეს ტფილისი, მაგრამ როცა თვით მეფე ლევანის ნებისყოფა შედრკა თვის გეგმის აღსრულების წინაშე.

ხალხმა ეს არ იცოდა. ხალხი ჰხედავდა, რომ ტფილისი მტერს ეჭირა, ჰგრძნობდა, რომ ქართველი სირცხვილეულ იყო ამითი და ჰსურდა განედევნა მტერი. ხალხმა მიაღწია თავის წადილს და უხაროდა გულწრფელად. ამისთვის იყო, რომ ლაშქარი ისე დაბრუნდა შინ, როგორც ქორწილიდან. ომის სახსოვრად იარაღი მოჰქონდათ დავლად: კახთ ნახევარი ერგოთ იმ იარაღისა, რომელიც დაატოვებინეს მტერს ტფილისში. მტრისაგან შემოტანილი ზარბაზნები კი არ მოხსნეს ციხეებს, ამისთანა იარაღს ვერ მოაშორებდნენ ტფილისს.

დაბრუნებისას ნელნელა ილევოდა ლაშქარი. ჩამოეცალნენ ხევსურნი, ფშავნი, თუშნი; ამათ თავიანთი გზა ჰქონდათ წასასვლელი. თვითეული თემი წარუდგებოდა მეფეს დარაზმული, დროშაგაშლილი და გამოეთხოვებოდა. მაგრამ მეფეს ვერღა იტაცებდა ეს სანახავობა, ვეღარც ამხიარულებდა მას იგი: დაფიქრებულიყო ბატონი, ვერაფერს ვერ გაეფანტა ჯავრის ღრუბელი მის სახეზე, ვერც განედევნა ბნელი მის ჩაღრმავებულ თვალებიდან.

ალაზანს რომ გასცდა მეფე და მისი ძლევამოსილი მხედრობა, მას შემოეგება ალავერდელი და მთელი სამღვდელოება. პარაკლისი გარდიხადეს სამადლობელი. მღვდელთ-მთავარმა შეაქო მეფე, რომლის ხმალი ნაკურთხი იყო ზეცით და განმახვული საქრისტიანოს. დასაცველად, ჭეშმარიტი სჯულის გასავრცელებლად, ისლამის და აგარიანთა დასამხობ-დასათრგუნად, შეადარა მისი ამხედრება ჯვაროსანთა ბრძოლას განსათავისუფლებლად იერუსალიმისა.

- ქართველთა იერუსალიმია ტფილისი; იქ არის ჩვენი სიონი და მას შინა ჯვარი ვაზისა; იქა სდგას ბაგრატიონთა ტახტი ღვთივ კურთხეული; იგი გული საქართველოსი, აკვანი ჩვენის ძლიერებისა; იგი წმიდა-წმიდათა არს ქართველებისა! ვინც აღსდგა მის სახსნელად, ნაკურთხია მისი მარჯვენა; ვინც შესწირა მას სიცოცხლე, მოწამეა იგი წმიდა, ქრისტესათვის სისხლის დამთხევი! და შენ, მეფეო დიდებულო, არ დაგიკარგვის ღვაწლი ესე ამ ქვეყნად, არც წინაშე მეუფისა! სახელი შენი ბრწყინვალედ აღიბეჭდების ქართველთა მატიანეში, ქართველთა გულში და წიგნსაცა შინა საუკუნისა მის ცხოვრებისა!“ - დაასკვნა სიტყვა მღვდელთმთავარმა.

ტაძრის ფართე ეზოში და მის გალავნის გარემო გაიმართა გამოსათხოვებელი მეჯლიში და გულხალვათმა კახურმა მხიარულებამ დაატკბო სუფრა მეფური.


41


მშვიდობა გამეფებულიყო ლევან მეფის საბრძანებელში. გარეშე მტერი ვერღა არყევდა მის სიწყნარეს. შაჰ-თამაზს უკვე გაემარჯვა, დაემარცხებინა მოწინააღმდეგე, მაგრამ ჯერ მთლად ვერ გაენადგურებინა იგი და ჯერ არ ეცალა მოეპყრო მახვილი ჩრდილოეთისკენ, რომ აღედგინა აქ თვისი სახელი. მტერი განდევნილი იყო მთელი საქართველოდგან. ქართლის მეფე ლუარსაბ გულწრფელად ჰმეგობრობდა ლევანს. ლეკი მოწიწებით გადმოჰყურებდა ძლევამოსილ მეფეს და იქაურნი მმართველნი ეძიებდნენ მასთან კავშირს თუ მეგობრობას. სამეფოს მმართვა და განგებაც არ ეწვა ლევანს მძიმე ტვირთად: გამოცდილნი ბჭენი ერტყნენ გარს, თავდადებულნი. მეფობდა ლევანი ბედნიერად: ნადირობდა, ბურთაობდა, ლხინობდა, ნადიმობდა; იშვებდა გალაღებული.

გარნა ცხოვრება არავისთვის არ არის მხოლოდ სიხარული, არც თვით მეფეთათვის. ყველასა აქვს დარდი რამ, ყველას სდევს კაეშანი,როგორც აჩრდილი. ლევანსაც ჰქონდა სევდა საიდუმლო და თანასდევდა მას იგი ვარამი. მისი სევდა მისსავე ოჯახში ჰყვავოდა შავად და იგი კაეშანი იმ ყვავილიდან ფშვენდა მარად.

ლევანს იმთავითვე არ აკავშირებდა მეუღლესთან არც ნასახი სიყვარულისა. მათი კავშირი მხოლოდ მოსაზრების შედეგი იყო. ვერც შემდეგ გაათბო ამ კავშირმა მათი გული ერთმანეთისათვის, თუმცა დედოფალს უკვე მეორე ვაჟი ეჭირა ხელში, პატარა იასე. ვერ შეეჩვივნენ მეუღლენი ერთმანეთს, ვერ შეექსვნენ ისე, რომ ერთმანეთის მახლობლობა, ერთმანეთის ხმის სმენა, ერთად ყოფნა, ერთად სუნთქვა საჭიროდ გამხდარიყო მათთვის, სასიამოვნოდ, სასიხარულოდ. ერთადერთი გრძნობა გადატყორცილი კაცისაგან ქალისადმი იყო სიბრალული, მაგრამ ეს ნაზი გრძნობაც ილეოდა, მქრალდებოდა, რადგან თინათინი ძალს იკრებდა თანდათან, მრისხანე ხდებოდა, სასტიკდებოდა; იგი სრულებითაც აღარ მოსჩანდა სუსტი, არც შესაცოდ-შესაბრალისი. მართალია, გრძნობათა გარეშე მდებარე საბელიც აკავშირებდა მეუღლეთ, დიდებისა თუ პატივმოყვარეობის გრდემლზედ გამოჭედილი ჯაჭვი, მაგრამ ეს კავშირიც დაიმსხვრა, როდესაც ტფილისის აღების შემდეგ დედოფლისათვის მთლად გამოირკვა, რომ ლევანმა უკუაგდო ოცნება თვის სკიპტრის ქვეშ საქართველოს შეკრებისა.

ხალხი რომ დღესასწაულობდა სამშობლოს ხსნას და ჰმადლობდა გამჩენს მოწყალებისათვის, მეფის სასახლე მხოლოდ გარეგნობით იზიარებდა ერის აღტაცებას, მხოლოდ დასანახად, თორემ სასახლეს იგი გამარჯვება სრულებითაც არ ახარებდა. სამგლოვიარო საქმედაც კი მიაჩნდა იგი სასახლეს, სავალალოდ. რას წარმოიდგენდა გულუბრყვილო ხალხი, რომ მათი დედოფალი უფრო კმაყოფილი იქმნებოდა, ისევ მტერსა სჭეროდა ტფილისი, სინამ მეფე ლუარსაბს; რომ იგი ირჩევდა ხმალი გადასტეხოდა ლევანს ვადაში, არ კი ეხმარა იგი მტრის საძლეველად.

- დაუმკვიდრა ტფილისი ლუარსაბს, თავისი ხელით მიართვა მას გვირგვინი საქართველოსი და ტახტი სამეფო. ამით თითონვე აღიარა თავი თვისი ქვეშევრდომად ლუარსაბისა, მის მონად. რადღა ატარებს გვირგვინს, ან რომელი უფლებით, თუ იგი მხოლოდ მმართველია საქართველოს მარტო ერთი კუთხისა?! აწ მხოლოდ კახთ ბატონია ლევანი ერთი მთავართაგანი, რომლის მისწრაფება მარად შეზღუდვილი უნდა იყოს მეფისაგან, რომლის ტახტი მხოლოდ საფეხურიღაა ბრწყინვალე ტახტისა!

- რითიღა გაირჩევა ლევან ნოშრევანისაგან? მხოლოდ მით,რომ ამისი საბატონო უფრო ვრცელია და მდიდარი! თითონ ლევანი კი ბევრით განირჩევა ნოშრევანისაგან: იგი ახოვანი და შემმართებული, ერთი მუჭა ხალხით საარაკო საქმეების მომქმედი, ეს კი მოკრთალებული, ლაშქართა სიმრავლეზედ დაყრდნობილ-დამყარებული, მათით გულადი; იგი თავისუფალი, თავის ხმალს მინდობილი, უშიშარ-შეუპოვარი. ეს კი მხდალი, რომელსაც ვერც კი გაუბედნია გულახდილად გამოსთქვას თვისი სურვილი.

- ნოშრევანი არ იყო, ლევან ჩემო, ბურთივით რომ გადმოგიგდო ტფილისი ჰოროლის წვერზედ, შენ-კი შეკრთი, ვერ გაბედე ხელის მიშველება, განზედ გაჰხტი მის სიდიადის წინაშე და ლაჩრად დაუთმე იგი სხვას? მერე მისი ახოვნებით და სიმარჯვით მოხიბლულმა მოისურვე გენახა იგი, შეგეხედნა რაინდისათვის და უბრძანე გამოცხადებულიყო შენს წინაშე, გხლებოდა ბატონს. ვერ ეწიე სურვილს! ბუმბერაზმა თავი არ მოიხარა მეფის წინაშე. თავისუფალია იგი, როგორც ქარიშხალი, ამაყია იგი, როგორც არწივი: ვერ გისმენდა, ვერ დაგემონებოდა! ვერც ვერაგობით მოსპობდი მას: ღმერთი ჰფარავს ყოვლად ძლიერი! შენი ჯალათის მახვილი ვერ შეიქმნებოდა ღირსი დასწაფებოდა მის სპეტაკ სისხლს. აფსუს, რომ ნოშრევანის ხმალი შეიბღალ-შეიმწიკვლა ღალატად მისულ კაცის უღირსი სისხლით! მაგრამ არა: ისე თურმე მოჰკვეთა წერეთელს ვერაგი თავი, რომ სისხლის ცვარიც არ დააჩნდა მის ალმასის მახვილს, - ამბობდა დედოფალი.

და საარაკო არსებად წარმოსდგომოდა ქალის აღტაცებულ ოცნებას ნოშრევანი. გადიდებულიყო მის გონების თვალწინ, შეემოსა სიკეთე ყოველივე, გაბრწყინვებულიყო და საოცარ ბუმბერაზად იდგმის წინ; ხოლო გვირგვინოსანი მეუღლე მისი დაკნინდა, დამცირდა და წარსდგა მის წინ, როგორც მომაკვდავი უბრალო, ადამიანი ჩვეულებრივი, ხოლო შემთხვევით სკიპტრის მპყრობელი და ძოწეულშემოსილი.

- აი ამისთვის დავთმე ჩემი სიყვარული, გავუპე გული ჭაბუკს ტრფიალსა, უარვყავ იშვიათი სიტკბოება სულისა! ამას შევსწირე გული ჩემი, ქალობა უმანკო ჩემი!

- აახ! რად მაცთუნე, სატანავ ბილწო? დამისახე დიდება ბრწყინვალე, გაჰშალე ჩემს წინ ქვეყანა ჩემი ზღვიდან ზღვამდის, აღამაღლე ტახტი ჩემი უმაღლეს მწვერვალთა მათ თოვლიანთა, გაჰფინე ჩემს წინ საუნჯე ხმელთა თუ ზღვათა, დამადგი თავსა ზედა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, სანატრელ მქმენ დედათა შორის, ხოლო ნაცვლად მთხოვე მარგალიტი სიყვარულისა ქმნილი ჩემს გულში ნაჟურთაგან ჩემთა გრძნობათა. ხომ მოგეც იგი მარგალიტი ობოლი და რადღა მეცრუვე? რა უყავ იგი აღთქმანი? რად გატეხე პირი, მარად თაღლითო?

და წარსდგა დედოფლის წინ სატანაილ პირმქისი, განძვინებული, ცეცხლთა მფრქვეველი.

- ნუ მგმობ, მომაკვდავო! ამაოდ მრისხანებ! ფიცი ჩემი იყო მტკიცე და აღგისრულე-ცა დანაქადი: დედოფალი ხარ დიდებული, თუ გიმკობს შარავანდედი ბრწყინვალის გვირგვინისა, გმორჩილებს ზეამაღლებულს მრავალი ათასი, შენს ფერხთ ქვეშ განრთხმულია. კუთხე სამოთხისა, შენს წინ გაშლილია საუნჯე ყოველგვარი; თავს გადგა მეუღლე - მეფე, ვაჟკაცი ქართველი, შემმართებელი; ხელთ გიპყრია ძე ორი ოქროს-ქოჩრიანი; შენ შემოგნატრიან ყოველნი დედანი, ვითარცა დედოფალს და დედას ბედნიერს. და რა წარვიღე ნაცვლად ამისა? - მხოლოდ ქრთილი სიყვარულისა! არ გქონდა სიყვარული სრული; ჩემგანაც კი უძლეველ-შეუხებელი. გარნა უძღებია გული დედაკაცისა: იგი ისწრაფვის იქმნას, ვითარცა ერთი ღმერთთაგანი! რა ვუყავ იგი ქრთილი სიყვარულისა? - დავფალ უფსკრულში, რომ არ აღორძინდეს იგი ქვეყანაზედ: სიყვარული იგივ ღმერთია ხორცშესხმული, რომელს ვეწინააღმდეგე დასაბამიდგან სოფლისა.


42


ეს სულისკვეთება დედოფლისა არც ახალი იყო, არც წამიერი და წარმავალი. ის დაიწყო პირველსავე დროდგან მისის მეუღლეობისა და ძლიერდებოდა დღითი-დღე, რაღგან დღითი-დღე იზრდებოდა ქალის პატივმოყვარება. თინათინისაგან ოცნებაში დასახული ბაგრატიონთა გვირგვინის შარავანდედი უფრო და უფრო ბრწყინდებოდა და მეტისმეტად სანდომი ხდებოდა, მსწრაფლ სასურველი. ეს მისწრაფება იპყრობდა, იმონებდა ქალის ბუნებას, და სჩრდილავდა მის მდედრობას: დედოფალმა მთლად დასძლია მასში დედაკაცი. ისწრაფვიდა ქალი თავის მიზნისაკენ და იქითკენვე მძლავრად იწვევდა თვის მეუღლეს, რომელიც ვერ იყო მთლად განმსჭვალული ამ ჰაზრით თუ განზრახვით, არც ისე სწრაფად და შეუდრკომლად მიილტვოდა ამ საბოლოვო მიზნის განსახორციელებლად. ლევანში ვაჟკაცი მთლად არ ჩაენთქა მეფეს, მას არ დაჰშორებოდა პიროვნული საყოველთაო მოთხოვნილებანი. მეფე რომ იყო ლევანი, ადამიანადვე იყო დამრჩალი, ხორცშესხმულ ადამიანად, რომელს უნდოდა ჟამით-ჟამად განრინება სამეფო საქმეთაგან, ჰსუროდა დროთი-დრო ქალის ლბილი სიტყვა თუ ალერსი, ჰსწყუროდა ხანდისხან ცოლის თბილ მუხლზედ მიედო ზრუნვათაგან დაღლილი და სამეფო გვირგვინით დამძიმებული თავი.

თინათინს კი არ ესმოდა ეს, ის კი ვერა გრძნობდა ამას: იგი გამოჰყვა ლევანს, როგორც გვირგვინოსანს და რომ იგი მეფე თანაც მომაკვდავი იყო უბრალო, ჩვეულებრივ მოთხოვნილებათა პატრონი,ეს ვერ შეეგნო ქალს, ვერც ეგრძნო ცხადად. ან კი რითიღა უნდა ეგრძნო ქალს ყოველივე ეს, როდესაც მას სხვისთვის გაეტანებინა თვისი გული, გრძნობათა იგი შესაკრებელი?

ქალის ამგვარი შეხედულობა იყო იმისი მიზეზი, რომ სასტიკად აწყენინა ქმარს სწორედ იმ დღეს, როდესაც იგი დაბრუნდა ტფილისიდან თავის სასახლეში. მთელი დღის ქეიფ-ზეიმისა და განცხრომის შემდეგ ბატონი მეფე მიაცილეს მის სავანესთან, სადაც ის მეფე კი აღარ იყო, რომელსაც გარეგნობისათვის უნდა მიექცია სასტიკი ყურადღება, არამედ მხოლოდ ვაჟკაცი იყო ნაქეიფარი, თავის ცოლ-შვილში ოჯახურის დატკბობის მსურველ-მომლოდინენი. დედოფალი ტახტზედ იჯდა, მარცხნით ოდნავ დაჰყრდნობოდა მუთაქას, მოშლით ებურა თავსაფარი, გულისპირი მცირედ ჩაჰსხნოდა. ლევანმა რომ დაინახა ქალი, შეუნდა იგი, წაესწრაფა მისკენ და გაშალა მკლავი მოსახვევნად. ქალმა პირი მიიბრუნა და მარჯვენა ხელით უარჰყო იგი, მოიშორა. ქმარს ეს ნაზობა ეგონა, კდემით გამოწვეული მოძრაობა და ეშხით მოეჭდო ქალს, მაგრამ მან არ მიიღო ალერსი, გაიბრძოლა.

- აქაც შეიძლება არ აღსრულდეს შენი ნება, შენ კი გგონია,მხოლოდ ტფილისში არა სრულდება შენი სურვილები.

- რა გინდა მითხრა? - შეეკითხა ქმარი და მკლავები ჩამოუშვა.

- კარგად იცი! ტფილისში შენ მხოლოდ სხვის სურვილს ემსახურებოდი; იქ პაწაწინა რაზმის უფროსიც კი არ გმორჩილებდა.

ეწყინა მეუღლის სიტყვა ლევანს, მაგრამ მაინც თავი შეიმაგრა.

- ამაოდ მისაყვედურებ სახელმწიფო მისწრაფებებს თუ საზოგადო საქმეებს დიდი მოფიქრება უნდა და სიფრთხილე იმ გარემოებებში შეუძლებელი იყო სხვანაირად მოვქცეულიყავ: ტფილისის დაჩემებას ვერ შევძლებდი მაშინ, რადგან მტერს ჯერ ისევ ეჭირა ციხეები, მეტადრე, თუ მტრის თვალწინ დავღვრიდი ძმათა სისხლს. უეცრად არა ხორციელდება დიდი ჰაზრი.

- მაინც რომელ მოხერხებულ დროსღა ელოდები?

- არ მსურს ეხლა ამ საგანზე ლაპარაკი, არც ამის გუნებაზედ ვარ. არ მსურს ამ განკერძოებულ სავანეშიც მოიპოვოს ზრუნვამ ადგილი. ეჰ, გეტყვი, რა გაეწყობა?! ჩვენს ფრიად დიდ მიზნის მისაღწევად ძლიერი მაშველია საჭირო, საქართველოს გარეშე მდგომი მოკავშირე. სპარსეთი აღარ ვარგა ამ მიზნისათვის, შეურიგებელ მტრად გარდავიკიდე ის; ხონთქარი შორს არის და ძნელიც არის მისი მინდობა; ჩვენი ერთრჯული რუსეთი კი გამოდგება ამ დიდ განზრახვისათვის. განვიზრახე მას მივაყრდნო ზურგი და ისე გადავდგა ნაბიჯი საბოლოვო.

- ამაო თქმა! ტყუილი ნუგეშები! დაგიკარგავს იმედი ღვთისა და შენის თავისა, ყავარჯენს ეძებ მოუძლურებული. „წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქვს კაცისა მიმართ და განამტკიცოს ხორცი მკლავისა თვისისა მას ზედან და უფლისაგან განსდგეს გული მისი!“... ტფილისი ჩვენი იყო: ჩვენი მეომარი შევიდა პირველად, მამაჩემის მოყმე ნოშრევანი, იმან გაგიღოთ კარი ქალაქისა და ჩვენზედ იყო უპრიანი იგი ქალაქი. ტყუილადღა ელი რასმე, გვიანღა არის! აწ განგება თითონ მოჰნახავს უფრო ღირსეულს, რომ დაადგას გვირგვინი მთელის საქართველოსი სთქვა დედოფალმა და სდუმდა.

სდუმდა მეფეც.

- ნოშრევანმა რაღა დაგიშავა, რომ მოისურვე მეფურად-დაჯილდოება მისი და წარუგზავნე ჯალათი თავის წარსაკვეთად?

- მე წარვგზავნე ჯალათი მისდა თავის მოსაკვეთად?! მე მსურდა მოსპობა იმ გმირის? სტყუი! მე მხოლოდ მინდოდა მენახა და პატივი მეცა იმ საარაკო ვაჟკაცისათვის, მაგრამ ალბათ ზრდილობა არ შესწევდა მას და განმარისხა.

- განგარისხა და განგაწბილა!

საშინლად ეწყინა მეფეს ეს უკადრისა თქმა გესლიანი, აინთო და რომ უკიდურესი რამ არ ჩაედინა, მსწრაფლ ასწია ორხო და გავიდა სხვა ოთახში.

სასახლეში კი იშვებდნენ და იხარებდნენ, მისცემოდნენ განცხრომას და განისვენებდნენ, სიამე დამკვიდრებულიყო ყველგან, გარნა ვერ ეპოვა მას კარი მეფის სავანისა, ვერ შეეშუქებინა იქ, ვერ გაენათებინა იგი ბინა, ვერც დაეთმო, სხვებს კი ეგონათ, ბედნიერების ღმერთს იქ დაუსადგურებია და სწორედ დაუბერტყია სიამით სავსე თვისი კალთაო. რა იცოდნენ, რომ მეფის სარეცელზე უარყოფას ეძინა ცივს და არარაობას უგულოს! რა იცოდნენ, რომ იმ ჟამს სასახლის უკანასკნელი მხევალნი თუ მონანი უფრო ბედნიერნი იყვნენ, სანამ გვირგვინოსანნი პატრონნი მათნი!


43


გაენათებინა ბედნიერების შუქს კოწიას ოჯახიც. გაეღიმებინა იქ წყნარი სიხარული. მათ სუფთად მოწყობილ ბინას მზრუნველი ხელი ეტყობოდა: თაროზე დამწკრივებული წკრიალა ჯამ-ჭურჭელი ერთმანეთს ეჯიბრებოდა სისუფთავეში: ფარდაგებით დაფენილს და იანაალით დამშვენებულ ტახტს ჭრელი მუთაქები ამკობდნენ თავსა და ბოლოს, ჭრაქი ენთო მაშხალაზე და ალი წყნარად მიმოირხევოდა, ხან მაღლა აიწევდა, დაწვრილდებოდა, ხან გვერდზე გადიხრებოდა. ან ჩაიკეცებოდა, გაინაბებოდა. სანათის შუქის მოძრავობას ასდევდნენ ოთახში აჩრდილნიც: ირყევოდნენ, ქანაობდნენ, იზრდებოდნენ იძაბებოდნენ, შემოკლდებოდნენ, მცირდებოდნენ. ტახტზე ხარატული აკვანი იდგა და შიგ ეძინა პაწაწას. იქვე მოეკეცნა მარიკას და ჰკერავდა. გვერდით მოსჯდომოდა მას დედოფლის მხევალი გულქანი და ემუსაიფებოდა. კოწია მოშორებით იჯდა. ცოლ-ქმარი თითქმის მოკრძალებით ეპყრობოდნენ დედოფლის საყვარელ მხევალს. თითონაც ხომ ძალიან კარგი გულისა იყო გუქა. მხევალი არასოდეს არ ჰშორდებოდა დედოფალს, მის ახლო ოთახში ეძინა, რომ პირველ ბრძანებაზედვე იქ გაჩენილიყო. ეხლა რამდენიმე-წუთით შესულიყო კოწიაანთსა, რადგან ქალბატონი და ბატონი უკვე სარეცელზე ეგულებოდა. მაინც კი შორს არ იყო: კოწია და მისი ცოლი თინათინსვე ემსახურებოდნენ და მის პალატების ახლო ჰქონდათ ბინა. გუქა ხანდისხან შევიდოდა ხოლმე მათთან, ამ ტკბილად მოწყობილ პაწაწა ოჯახში სულით ისვენებდა იგი. გაისმა ვერცხლის წკრიალი: დედოფალს გულა გადაეგდო თასში და უბრძანებდა. მხევალი მსწრაფლ წარსდგა მის წინაშე. თინათინი ტანთ გაუხდელი დახვდა მას, ჯერ არ მოესვენა. ძლიელ აღელვებული სჩანდა იგი, შუბლშეკრული, მრისხანე. მხევალი შეკრთა, შიშმა აიტანა და შეძრწუნებული დაეცა ქალბატონის წინ.

- შემინდე დედოფალო! კოწიაანთსა გავედი ერთს წამს, მეგონა,რომ უკვე მოისვენე.

თინათინს შეეცოდა ათრთოლებული მხევალი და ააყენა.

- არა, საბრალოვ, შენ არ გიწყრები; სევდა შემომაწვა და მისთვის გიხმე - სთქვა დედოფალმა.

და ვეღარ შეიმაგრა თავი, მოეხვია თავის ერთგულ მხევალს, ჩაეკრა ლოყით მკერდში და აქვითინდა. გუქამ მოჰხვია მას მკლავი და თქმა რომ ვეღარ მოახერხა ვერაფრისა, გულში ჩაიკრა იგი, როგორც არსება სასომიხდილი, უმწეო, საბრალო, გარნა საყვარელი. მძლე თანაგრძნობას გაეთანასწორებინა ამ წამს დედოფალი დიდებული და მისი მხევალი ყურმოჭრილი, ქვეყნიურ კეთილთაგან პირთამდინ სავსე მბრძანებელი და ყოველსავე კეთილს მოკლებული ნასყიდი ქალი უბედო, რომელიც აღარც კი იხსენებოდა ადამიანთა დასში. მხოლოდ ორი ქალიღა დარჩენილიყო ამ წუთს, ერთი თვის გარეგან ბედნიერებაში და დიდებაში უსამზღვრო უბედური, ხოლო მეორე თვის სიმწირეში და დამდაბლებაში უსამზღვროდ ბედნიერი: მას ეპოვნა შეუდარი მეგობარი სულისა: აქამდისაც უყვარდათ ქალბატონს და მხევალს ერთმანეთი, მაგრამ მაინც გარდუვალი მზღვარი იდვა მათ შორის; ეხლა კი გრძნობათა სხივებმა ჩაადნეს იგი ზღუდე ყინულისა და განუყრელად შეაერთეს პატრონ-ყმა.

იქნება ამ მოძრაობაში უნებლიეთ იმანაც იჩინა თავი, რომ გულქანიც ოდესმე რჩეულთაგანი იყო ამ ქვეყნისა, თუმცა აწ ადამიანურს უფლებებს მთლად მოკლებული და დამდაბლებული. ვინ იცის!

მხევალს უნდოდა ეკითხა ქალბატონისათვის მიზეზი მისის შეჭირვებისა, გარნა სდუმდა: ალღოთი მიჰხვდა, რომ ჯერ დრო არ იყო ჰაზრთა ფარგალში გადაეტანა გრძნობათა ნადუღი და გონების ძაფზე აეკინძა ყველა მომხდარი. დედოფალმა გამოიტირა თავისი სევდა და მოეშვა, მოდუნდა, ძალა დაჰკარგა, მოიღვედა, ჩაიკეცა, მხევალმა მიაწვინა იგი ლოგინზე, ფრთხილად გახადა, ბავშვივით დახურა, მიუჯდა ფერხთით, მოჰხვია ათრთოლებულ მუხლებზე ხელი და სული განაბა. დედოფალი ერთს ხანს მძიმედ სუნთქავდა, მემრე ნელ-ნელა დაუწყნარდა სუნთქვა და მიეძინა.

არ იძროდა მხევალი, ეშინოდა გაეფრთხო ძილი მიქანცებულისათვის; არ ეთმობოდა მოეხსნა მკლავნი და მოეცილებინა თავი თვის დიდებულ დობილისათვის. ამ ნათელმა წუთებმა გარდასტყორცნეს აგი იმ სანეტარო დროისა და ქვეყნისაკენ, როდესაც თავისუფალი იყო ის, როდესაც დედის კალთაში ედვა თავი ძოწეულით მოსილს, ხოლო მათ გარემო იკმევოდა მუშკი თუ ამბრი სუნნელოვანი; მხევალთა დასი ედვა მათ გარს და მარაოებით უგრილებდა საყოფელს; მოისმოდა ხმა წინწალთა, საკრავთა მწყობრი გუგუნი; ტკბილნი ხმანი აჰყოლოდნენ სიმთა ჟღერას და უალერსებდა მათ ყორთა სმენას. აგერ მისი დედა დაიხარა მისკენ და ჩასჩურჩულებს საალერსო სიტყვებს, აწ მივიწყებულ საალერსო თქმას; თან კულულებს ურხევს ნაზი თითებით. აახ! ნეტა დედაა იგი, აწ დაკარგული საყვარელი დედილო, თუ თინათინ დედოფალია იგი, დობილი სულის სწორი, ახლად ნაპოვნი, საოცნებო შეხება! ტკბილი წამები!

მეფე გამწარებული გავიდა თავის პალატაში და დაჭრილი ვეფხვივით აწყდებოდა აქეთ-იქით. რამდენი საზარელი ჰაზრი აღიძრა მის თავში, რამდენჯერ წაატანა იარაღს ხელი, რომ გული გაეპო თავის მაწამლებისათვის; რამდენჯერ დააპირა ეხმო თავის მესაიდუმლე ვამეყი და ეხლავე მოეწყო ჯიბრზე ღამის განცხრომა, რომ ჟინიანად მოსცემოდა გიჟურს სიამეს. მაგრამ ვერც ერთი თვისი წამიერი სურვილი ვერ შეასრულა. როგორც იყო შესძლო არ გაეტანა საჯაროდ თვისი მწვავე დარდი და შეურაცხყოფა.

- სასახლეში ჰგონიათ, მათი მეფე განცალკევებულ განცხრომას მისცემია საარაკოს. დეე, ეგონოთ! თვის უბედობას თითონვე გადიტანს ლევანი, თითონვე მოუგვარებს წამალს თუ მალამოს.

მაინც ვერა წყნარდებოდა ბატონი, ღელავდა, იბრძოდა. მერე მცირედ მოუყუჩდა ტანჯვა, მოუბრუნდა გული და შესძლო აფურტკნული ფიქრების დალაგება.

- არც თუ ისე ძლიერ არის დედოფალი დამნაშავე: დიდს დიდებას მოელოდდა უეცარს და რახან მცირეოდნად უმტყუნა მოლოდინმა, გამწარდა, გაბოროტდა. არა, არ კი უმტყუნა მოლოდინმა, არც გაუცრუვდა იმედები, მხოლოდ ცოტა შეუგვიანდა მისი აღსრულებადა ეს ვეღარ მოითმინა გულსწრაფმა.

გონებას რომ დაუწყნარდა ვაჟკაცი, თავი იჩინა მეუღლისადმი გრძნობამაც, იმ საბრალულმა, რომელი დაჰყოლოდა მათს კავშირს. ვაჟკაცს გაახსენდა კიდეც ზოგიერთი ტკბილი წამები, რომელნიც მიენიჭებინა მისთვის მის აწ გამწყრალ მეუღლეს. მოგონებათა დასმა ისევ აღუძრა მას ნდომა, აუშალა სურვილები.

- ცოდვაა ქალი! გაწამდება საწყალი. ვინ იცის როგორ იტანჯება. ისევ მან უნდა დაუთმოს. რაინდია და როგორ შეიძლება ქალს სიტყვა აუწონოს?! წავა, მიეალერსება, დააწყნარებს, დაარწმუნებს,რომ შემდეგაც შეუჩერებლივ იმატებს მათი მეფური დიდება და ბოლოს უსათუოდ ეწევიან იმ დიდს მიზანს, რომელი დაუსახიათ მათ. შეაგონებს, რომ ამ დიად საქმის მოგვარებას მეტი დრო უნდა, დიდი მოთმინება, ღრმა მოსაზრება. როგორ არა! ყველაფერს შეასმენს მას და დააწყნარებს. მიეალერსება, შეაგონებს, რომ ღამე პირადი სიტკბოებისათვის დაუდვია განგებას, ცოლ-ქმრის საკუთარი სიამისათვის;ძუძუს დაუკოცნის, დაატკბობს. დაუმშვიდდება ქალიც! გადაეყრებათ გულიდან ჯანღი, განქრება იგი, როგორც რამ სიზმარი ძნელი. სწორედ ესე უნდა. წავალ! წავალ!

და გაემართა ჯაჟკაცი დედოფლის სავანისაკენ.


44


ასწია ხალიჩა შესასვლელად და შესდგა განცვიფრებული. დედოფალს ეძინა ლოგინზედ; ცოტა პირაღმა იწვა, მარჯვენა ხელი ბალიშზედ გადმოედვა. მარცხენა ხელით მხევლის თმას შეჰხებოდა. გუქასაც დედოფლის სარეცელზედ ჩასძინებოდა. იგი ფერხთ მოჰხვევოდა ქალბატონს, თავი მის მუხლებზედ დაედვა და ისე ეძინა. ჯალჯივით თმა გაჰშლოდა და დაეფარნა ლოგინი. შავ კულულებში ნახევრად ამოჩენილიყო ქალის სახე. შეწითლებულ ლოყაზე ნამი დაჰსხმოდა, ბალღური იერით მოქარგული ბაგე ღიმილს გაეპო: ფეხი ჩამოშვებული ჰქონდა, კალთა აჰხდოდა; შოლტივით მოქნილი ნორჩი ტანი თავისუფლად გადაზნექილიყო. ქალწული სხეულის ნაკვთებს ზედ დაჰკვროდა ლბილი ქსოვილი. წმიდა სანთლის შუქი წყნარად იძროდა შორიახლო მდგარ მაღალ შანდალზედ და ნაზი ნათელით აციაგებდა ქალწულს.

შესდგა ვაჟკაცი მოჯადოვებული; ეშინოდა განძრეულიყო, რომ არ შეეფრთხო ძილი საარაკო ქმნილებისათვის; სუნთქვაც კი ჩაინელა და ისე სტკბებოდა სურათის მზერით. მთლად დაავიწყდა ვაჟკაცს თავისი მეუღლე. მისი თეთრი ტანი მარმარილოს სასთუნალიღა ეგონა უსულო, რომელს აწ დაჰყრდნობოდა განხორციელებული ვნებათა ღელვა.

შეუნდა ლევანს ქალწული, მთელი თავისი ბუნებით მოესურვა იგი; მოუნდა მიახლოება, სინორჩის ყნოსვა, ჩვილის აგებულების შეხება; თავბრუ დაესხა; მეტისმეტი სურვილი ბუშტივით მოებჯინა ყელში და სუნთქვა შეუხუთა. ქალწულმა იგრძნო მასზედ ხარბად მიმართული აღგზნებულ თვალთა ძალა და შეირხა, შეიშმუშნა. ვაჟკაცი გამოერკვა, უკანვე გადადგა ნაბიჯი და დაუშვა ფარდაგი.

შეუძლებელი იყო კიდევ წაეწია წინ თუნდ მცირედ, ყოვლად შეუძლებელი! დღეს მხოლოდ ამ ხილვით უნდა დაკმაყოფილებულიყო ძლიერი მეფე, რომელმა არ იცოდა აქამდის, რა იყო ამგვარ შემთხვევაში სურვილის უარყოფა ანუ შეზღუდვა.

არ მოგვარდა ამ ჟამს მეუღლეთა შეთანხმება, შემთხვევით ვერ მოხერხდა იგი და ვერ გადნა, მათ შუა ამართული ყინულის ზღუდე თუნდ მხოლოდ ხორციელ მისწრაფებათა სხივებ ქვეშ. სამუდამოდ დარჩა ცივი კედელი მათ შორის. თანდათან უფრო გადუვალი ხდებოდა იგი ზღუდე და აშორებდა მათ ერთმანეთს. ალერსთაგან გაბმული სიმები წინადაც ხომ ძალიან ცოტა იყო მათ შორის და ეხლა მთლად ჩაწყდნენ იგინი. ჯერ კიდევ ერთად სცხოვრობდა ცოლ-ქმარი, ჯერ კიდევ გამოფენილი არ იყო მათი ერთმანეთის უარყოფა, საჯაროდ არ იყო გამჟღავნებული, ერთმანეთისათვის კი უხმარ შეიქმნენ იგინი და უცხო.

აწ სხვადასხვა გზა მიეცათ მათ:

ლევანი იმავე შარას დაადგა, რომელი გაკვალული ჰქონდა ჭაბუკობით: იწყო ფრენა ყვავილიდან ყვავილზე და თვრებოდა ნექტარით ხან ერთის გულ-მკერდში, ხან სხვისა. ვერსად კი ვერ ჰპოვებდა კმაყოფილებას სრულს. ხორცი რომ ლაღობდა, სული განმარტოებულიყო დაობლებული და ეძიებდა მეგობარს უცვლელს, მისანდოს, დამტკბარს, თავდადებულს. სცნობდა კიდეც ოდესმე ლევანი ესეთს სულის სწორს. სიზმრად თუ ოცნებაში ეხლაც ხშირად ჰხედავდა იმ მნათობს მოციმციმეს, მთის კიდურიდან რომ დაჰყურებდა მას დაღონებული.

ჰხედავდა ქმრის ქცევას თინათინი და გული ემღვრეოდა უარყოფილს. ქალს ეგონა, რომ ამ გაჭირვებულ ყოფაში ზეცა დაეხმარებოდა მას და მიაპყრო თვალნი შემოქმედს. ხორციელ კმაყოფილებას ვერ მიწევნილი უხორცო ძალთა შორის ეძიებდა სულის სამშვიდეს. და იდგა ლოცვად დედოფალი, მარად-ჟამს შეჰღაღადებდა მეუფეს: ეკლესიად გარდაჰქმნა პალატი სადედოფლო.

ესეთი მიმოხვრა მიეღო მეფე-დედოფლის ცხოვრებას, ესე იყო მოწყობილი მათი ურთიერთობა, როდესაც მოხდა ამბავი, რომელმა ჩაწყვიტა უკანასკნელი სიმი მათის კავშირისა და ცხადჰყო მთელი სიცალიერე მათის ყოფისა.

ლევანს პირველადვე ხომ ძალიან თვალში მოუვიდა მშვენიერი გულქანი, პირველ ნახვაშივე დიდი ყურადღება მიაქცია მას. შემდეგაც ყოველთვის სიამოვნებით შეხვდებოდა ამ ძვირფასად ნაგებ ქალწულს, რომლის სიმშვენიერე მთლად ჰფარამდა მის მონობას და აქარწყლებდა. მაგრამ ჯერ კი არ გამხდარიყო გუქა მეფის განსაკუთრებითი ნდომის საგნად: მეუღლე ჯერ ისევ პატივცემას იწვევდა მასში და ავსებდა მის მოთხოვნილებას. შემდეგ ომებში გაერთო ვაჟკაცი, სახელმწიფო ზრუნვამ ხელი დაჰრია მას და აღარც ეცალა ნაყროვნებისა თუ ხორცთა სიამის გადაჭარბებულ მისწრაფებისათვის. ერიდებოდა კიდეც ვაჟკაცი რაიმე ბიწი შეეტანა ოჯახში, თვით მეუღლის გვერდით. ეხლა კი, როდესაც თინათინმა ვერ შესძლო მეუღლე სავსებით ნასიამოვნები ჰყოლოდა, როდესაც მან სარეცელზედაც კი დაავანა ზრუნვა ცივი და მით დააჭკნო რგული მუნ ყვავილი სიხარულისა, - ეხლა განუცხოველდა ლევანს ნდომა მშვენიერის მხევლისა. იგი ნდომა მთლადაც მოუთმენელი შეიქმნა მას შემდეგ, რაც ნახა მეუღლის სავანეში სურათი დაუვიწყარი. მძინარე მშვენების სახე ვეღარ მოჰშორდა მის გონებას, გახურებული ოცნება სხივითა ჰმოსავდა ლამაზ სახეს და უძლეველად აღძრავდა ვაჟკაცს მის მოსასთვლელად. გარნა ვერ შესძლო ლევანმა აღესრულებინა თვისი წადილი. ულმობელ დარაჯად იდგა დედოფალი მათ შუა.

- მეფეა ძლიერი და სურვილს კი ვერ ისრულებს ვიღაცა მხევლის შესახებ! როგორ შეიძლება? სად თქმულა ამისთანა საქმე?!

და მეტის მოთმინებას ვერ შემძლებელმა ვაჟკაცმა სიტყვა გაუკრა ლამაზ მხევალზე თვის მესაიდუმლოვე ვამეყს. ამან უკვე იცოდა მეფის გულისთქმა, წინდაწინვე გრძნობდა იგი ამას და მხოლოდ ელოდდა ენიშნებინა მეფეს, რომ მყის აღესრულებინა სურვილი მისი. ვამეყმა ბანგი შეაპარა მხევალს და მოართვა მეფეს იგი საიშვიათო ნობათი. ეხლა კი ეწეოდა ლევანი თვის წადილს და საიდუმლოდაც დარჩებოდა ყოველივე: იდუმალვე გადიტანდნენ მკვდარივით მიძინებულ ქალს მისსავე სადგომში.

შემთხვევამ გამოამჟღავნა ყოველივე: დედოფალს ამ ბოლოს დროს ხშირად უკრთებოდა ძილი და ამ დროს თვისი მხევლის მეტს არავის იკარებდა ახლო. ეხლაც დაურეკა მხევალს, მაგრამ იგი არ გამოჩნდა. უეცარმა ეჭვმა დაჰკრა ქალს. გაბრძანდა მხევლისას და, რა ვერა ნახა იგი იქ, პირდაპირ შევიდა მეუღლის საყოფელში. თავისი თვალით ნახა ქმრის ტახტზედ ქალი უსულო, მზგავსი მკვდარისა.

- მრუშო უძღებო! მხოლოდ ავაზაკს შეჰშვენის ქცევა ეგე ბოროტი! - შესძახა დედოფალმა.

- გავიწყდება, დიაცო, რომ სიკვდილით ისჯება მეფის შეურაცხყოფა! - მიუგო განრისხებულმა მეფემ და წამოიჭრა ზე.

- ჰა, ჰა, ჰა! - გაიკისკისა დედოფალმა უცნაურად და გონებამიხდილი განერთხა იატაკს.


45


ენკენისთვის დამდეგი იყო. კავკასიონის მწვერვალები უკვე დაეთოვლა. მზის სხივები სხლტებოდნენ სპეტაკ ფიფქზედ, კრთებოდნენ, ლაპლაპებდნენ. ისე მკაფიოდ სჩანდნენ გამჭვირვალ ჰაერში ბუმბერაზი მთები, თითქო, აქვე დგანანო. ზედ თვალწინ. ალაზნის ველს სიყვითლე შეჰპარვოდა, სიმწიფის ნიშანი. ჯერ კი ისევ დატვირთულნი იყვნენ ნაყოფით ტყე, ჭალა, ზვრები, ვენახები, ბოსტნები, კეთილშეზავებულ ჰაერში სიმშვიდე გამეფებულიყო. ღამღამობით კარგად გრილოდა, თუმცა დღე სითბო იდგა: შემოდგომის მზე ჯერ გულს არ იტეხდა და ძალის მოკლებას არავის არ აგრძნობინებდა. მთელი კახეთი ხატობაში ემზადებოდა: სამი დღის უკან ალავერდობა აყო, პირველი დღესასწაული მთელის კახეთისა, და როგორ შეიძლებოდა არ დასწრებოდა ადამიანი ამ შესანიშნავ დღეობას?!

დიდი მზადება იყო სასახლეშიც, მთელ გრემშიც. მთელი ქალაქი აყრას აპირებდა რამდენიმე დღით: ხატის კარს მიდიოდა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გლეხი თუ თავადი, ერი თუ ბერი, სასახლიდან დატვირთული ურემი ურემზედ იგზავნებოდა. სახლთ-უხუცესი დილიდან საღამომდის ფეხჩაუდრეკლად მიდმოდიოდა: სარისტას აძლევდა, თავდარიგს იჭერდა, ბრძანებდა, სთხოვდა, ჯავრობდა, უალერსებდა, ამხნევებდა; მისი ხმა ხან აქ გაისმოდა სასახლის ეზოში,ხან იქ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა თავისზედ დედოფლის მზადება ხატში წასასვლელად. იგი მზადება ერთობ ფართედ იყო მოწყობილი; უფრო სამუდამოდ აყრასა ჰგვანდა იგი, სანამ დროებით გამგზავრებას. არც ერთს თავისს სამკაულს არა სტოვებდა სასახლეში. საკუთარს მოახლეებს თუ მსახურებს ყველას ებრძანა თან გაყოლა. თალხებში გამოწყობილიყო დედოფალი. ჩაფიქრებულ ამაყ სახეზედ ღიმი არ მოსდიოდა. წასვლის წინ მთლად დაიარა სასახლე, მის გარშემო შემორტყმული წალკოტ-ვენახები და ეზო-ყურე. თითქო ყველას და ყველაფერს ეთხოვებოდა, ესალმებოდა, უკანასკნელად უალერსებდა. მხევალი გუქა აჩრდილივით თანაზდევდა მას ფერმიხდილი. დედოფალს თვალთ ცრემლი მოსდიოდა, გარნა განზრახ სასტიკ გამომეტყველებას აძლევდა თვალებს, რომ ცრემლი შაეშრო ზედვე. მხევალს შიში რამ აღბეჭდოდა ლამაზ თვალებში და დამფრთხალი ჯეირანივით აფეთებდა მათ. წასვლის წინ კარის ეკლესიაში პარაკლისიც ახდევინა მოძღვარს. დედოფალი მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს: შეწევნასა სთხოვდა ყოვლად ძლიერს, რადგან ძნელი, ძლიერ ძნელი საქმე განეზრახა მას. გარს ეხვივნენ თინათინს ყვავილებივით მორთულ-მოკაზმული ბანოვანნი. გარნა სდუმდნენ იგინი: გრძნობდნენ, რომ დიადი რამ ხდებოდა მათ წინ, ვერ კი მიმხვდარიყვნენ ვერაფერს და ფრთხილობდნენ, ან სიტყვით ან თუ უბრალო მოძრაობით უხერხული რამ არ ჩაედინათ.

დედოფალმა ბრძანა ბავშვები შინ დაეტოვებინათ; მხოლოდ გამგზავრების წინ მიაყვანინა თავის სავანეში, ძიძები დაითხოვა და განიმარტოვა თავი შვილებთან. უალერსებდა ბავშვებს, ჰკოცნიდა, გულში იკრავდა, გარნა, საკვირველი იყო, გულის სიღრმეში ისეთს წმიდა სიყვარულს ვერ განიცდიდა, როგორც ეგონა; არც განშორების წუთი იყო ისეთი მწვავე და მწარე, როგორც წარმოდგენილი ჰქონდა: ბავშვები ძალიან ჰგვანდნენ მამას. მათი მამა განხორციელებულიყო მათში და იმათ რომ ეხვეოდა ან ჰკოცნიდა, ისე გრძნობდა, თითქო ეალერსებოდა თვის ქმარს, აწ გულიდან მთლად ამოგლეჯილს ლევანს, მთლად ამორეცხილს. ეს წარმოდგენა ართმევდა ქალის გრძნობას შესაფერ სილბოს, სითბოს და სინაზეს.

ტრახტრევანდით გაემგზავრა დედოფალი. დაიძრა სასახლის ეზოდან დაჩარდახული ურმები და ცხენოსანი ხალხი. რაც უფრო წინ მიდიოდნენ მლოცავნი, იმდენი უფრო მეტი მგზავრი ჰხვდებოდა მათ. მთელი შარაგზა ალავერდისა სავსე იყო მიმავალი ხალხით თუ ეტლებით. ყველგან და ყველა მხრიდან მოისმოდა ცხენების თქარი-თქური, ურმების ჭრიალი, ხალხის სიმღერა თუ ხმაურობა. მლოცავნი მხიარულად მიემგზავრებოდნენ განთქმულ ხატის კარს, როგორც რამ დიდებულ ქორწილში. დიდებული დღეობა იცოდა ალავერდმა, კვირის-კვირობამდის გასტანდა იგი ობა.

მორჩა დღესასწაული, მაგრამ ალავერდიდან დედოფალი გრემს კი აღარ დაბრუნდა; ცხრაკარში მოისურვა აბრძანება. ბრძანება გასცა დაესუფთავებინათ იქაური დიდებული სასახლე და საცხოვრებლად მოეწყოთ. გაჰკვირდნენ დედოფლის ამისთანა სურვილს. გაბრძანდა თინათინ ალაზანს, აბრძანდა ცხრაკარს და იქ დაივანა. აქ, ცხრაკარის სასახლეში, განაცხადა დედოფალმა თვისი უცვლელი ნება, რომელმაც განაცვიფრა კახეთი და აალაპარაკა მთელი საქართველო. დედოფალმა მოუწოდა თვისთან ალავერდელს და უბრძანა:

- გარდავწყვიტე აღვიკვეცო მონაზონად: შეამზადე ყოველივე წესის აღსასრულებლად!

შეკრთა ალავერდელი. მას ყური ჰქონდა მოკრული, რომ ძნელი რამ უკმაყოფილება ჩამოვარდნილიყო მეფე-დედოფლის შორის, გარნა სრულებითაც ვერ წარმოიდგენდა, ამ ზომამდინ გამწვავდებოდა მათი ურთიერთობა. და დაიბნა უეცრად, ვერ მოიფიქრა, რამ ქმნა ან რა გზას დასდგომოდა.

- თუ დავთანხმდე, ვაი თუ განრისხდეს მეფე. დიდებულნიც დაჰგმობენ ჩემს ქცევას; სამეფოს დამცირებად დაჰსახავენ საზარალოდ; ჩემი მოშურნენი ისარგებლებენ ამით და დამამხობენ, მაგრამ დედოფალი იქნება განზრახ ბრძანებს ამას, იქნება ამითი ჰსურს გამენდოს და დამავალოს, ისევ დავაახლოვო მეფესთან, მოვსპო უფრო უთანხმოება სამეფო სახლში, - გაიფიქრა მოსულმა და ამ მხრით შეპყრობილმა მიუგო დედოფალს:

- ძალიან მძიმე საქმე განგიზრახია, დიდებულო დედოფალო! განგებისაგან მოწოდებული ჰბრძანდები წარმართო სამეფო და არა დედათა მონასტერი.

- სამეფოს განმგებლად მეფე გყავთ ცხებული და მისნი ბჭენი დაბრძნობილ-გამოცდილნი!

- შეუმძიმდება ყოფა დიდებულს ლევანს, შენგან განშორებულს: სახელმწიფო ზრუნვათაგან დაღლილ-დაფიქრებული ვერღა ჰპოვებს იგი თვის ოჯახში სიხარულს.

- „არავინ დასდვის ხელი სახვნელსა და ჰხედავნ იგი გარეშე უკუნ!“ ლევანი კი ჩემს გარეშეც ჰპოვებს სიამეს.

- შვილნი შენნი დაობლდებიან უშენოდ, დედოფალო; მოაკლდებათ მათ ალერსი დედისა. ვინღა აღზრდის თქვენს პირმშოს ღირსეულ მემკვიდრედ ტახტისა?

- სჯობს თქვენვე აღზარდოთ იგინი, მეფემ და მის ბჭეთ და შთააგონოთ მათ თქვენივე ჰაზრი ხელმწიფობაზედ.

- იწყენს, დედოფალო, დიდებული დედ-მამა შენი; ატირდებიან ან მძიმე ამბავზედ მახლობელნი შენნი... ნუ ინებებთ!

- „ვინ არს დედაი ჩემი ან თუ ძმანი ჩემნი? რომელმან ჰყოს ნებაი ღვთისა, იგი არს ძმაი ჩემი და დაი ჩემი და დედაი ჩემი!

- ძნელად დასარღვევია ეკლესიისაგან ნაკურთხი კავშირი მეუღლეთა.

- მრუშება უძღებისა არღვევს ეკლესიისაგან ნაკურთხს კავშირს ცოლ-ქმრობისას! - ბრძანა დედოფალმა და აღელდა, რისხვა აღეტყინა გამშრალ თვალებში, ამაყად გაიმართა წელში.

- კვირას აღვიკვეცები მონაზნად! შეამზადე ყოველივე წესისამებრ! ეს წიგნი მიართვი მეფეს და იგი დაუყოვნებლივ აღასრულებს ყოველსავე ჩემს ნებას! - ბრძანა დედოფალმა და გატრიალდა.

ალავერდელმა აიღო წერილი და თავდახრილი, ღრმად ჩაფიქრებული გამოვიდა სავანიდან.


46


გავრცელდა ხმა, დედოფალმა უარჰყო სამეფო ტახტი, ხელი აიღო ქმარ-შვილზე და მონაზონად შედგომა განიზრახაო. ამბავი იყო გასაოცარი. ვერ გაეგოთ, რამა ჰყო იძულებული ახალგაზრდა ქალი ხელი აეღო ქვეყნიურ დიდებაზე, განცხრომაზე თუ სიტკბოებაზე. ერთის დახედვით არავითარი მიზეზი არა სჩანდა ამისთანა მოქმედების გასამართლებელი. ზოგნი ასახელებდნენ ლევანის თავისუფალ ქცევას, მაგრამ ეს საკმაო საბუთად არ მიაჩნდათ დედოფლის განზრახვისათვის: დიდ ცოდვად არ უთვლიდნენ მეფე-ვაჟკაცს ამისთანა ლაღობას, უცხო ყვავილთა ჟამითი-ჟამად ყნოსვას; დიდკაცობაში არც იშვიათი მოვლენა იყო ესეთი ქცევა. მეფის თამამობა არც იღებდა უშვერ სახეს, არ აღწევდა საჯაროდ გამოტანილ ბიწიერებამდის. საიდღანაც გავრცელდა დედოფლის სიტყვა: „მრუშება უძღებისა თვითონ არღვევს ეკლესიისაგან ნაკურთხს კავშირს მეუღლობისას“ მაგრამ ძალიან უყვარდათ კახელებს თავიანთი ჭკვიანი, მხნე და ქველი მეფე; გული ნებას არ აძლევდა მათ დაეგმოთ იგი სასტიკად, როგორც სჯიდა მას დედოფალი. ხალხის თანაგრძნობა უფრო მეფისაკენ იყო. ჰყვედრიდა ხალხი დედოფალს, რომ საჯაროდ გამოიტანა მეფის მცირედი რამ შეცოდება და ესე მკაცრად დაჰგმო მისი წუთიერი გართობა-გატაცებანი.

- ყველაფერი, რაშიაც მეფეს ამტყუნებს დედოფალი, მათი პირადი საქმეა და არც უნდა გასცილებოდა იგი მათ კერძო ცხოვრებას. დედოფალს არ უნდა ენებებინა საოჯახო უკმაყოფილების მიზეზით უარეყვა ყოველივე და შეერყია სახელმწიფო საქმეთა მწყობრი მსვლელობა; უნდა მოეთმინა!

- მართალია! სჯობდა მოეთმინა, ან სხვა რამ ზომები მიეღო თავის თავმოყვარების დასაცველად და შელახული პატივის აღსადგენად. თორემ რას ჰგავს? ყველას სალაპარაკო გახდა მეფე და ყბად ასაღები, მთელი საქართველო დამცინავის თვალით მოახედა აქეთ: დუშმანი გაახარა, მოყვას გული ატკინა.

- მოყვარეს მაგივრად მტერი შეგვძინა: გურიელი არ დაივიწყებს შეურაცხყოფას, მტრად მოგვეკიდება; გვავნებს, თუ კი მოახერხა ვნება.

- ჩვენმა ცოლებმა თუ მიჰბაძეს დედოფალს, ერიჰა! მალე გაივსება მოლოზნებით ჩვენი დედათა მონასტრები.

ქათქათობდნენ მანდილოსნებიც: ჭრელ-ჭრელ ზღაპრებსა სთხზავდნენ ამბის განსამარტებლად, ჭორს ჭორზედ ჰკინძავდნენ გამალებულნი.

- კარგად მოიქცა დედოფალი! ამიერიდან ჩვენი მაგალითი უნდა შეიქმნას იგი: არასოდეს არ უნდა აპატიო ვაჟკაცს ღალატი!

- მართალს ამბობ! როგორ შეიძლება ცოლი ჰყვანდეს და სხვებს დასდევდეს! არავის ხელეწიფებისო ორთა უფალთა მონებაო, ხომ გაგიგიათ.

- ჰო და შინ რომ ბალღსა ჰშიოდეს, გარეთ ტაბლას რა ხელი აქვსო.

- თუ მიჰბაძე დედოფალს, ჩემო ქეთევან, ძალიან კი ინაღვლებს აი შენი ნოდარი: ჰნახავ, ვისაც წამოსჭიმავს მაშინვე ზემო თაროს!

- უწინამც დღე დამელიოს! სწორედ გავალ სახლიდან და დავთმობ ჩემს გამთავნებულს ოჯახს! მარტო სიკვდილს შეუძლიან მამაშოროს ჩემს კერას!

- ქა, რა მაგ სიტყვის პასუხია და, ჩვენი მეფე ჯერ ახალგაზრდაა, განა უცოლოდ დადგება?

- რად დადგება უცოლოდ! რაკი დედოფალი მონაზონად შედგება, ნება აქვს სხვა შეირთოს: მონაზონობა იგივე სიკვდილია ამქვეყნისათვის.

ლაპარაკობდნენ ბანოვანნი, გაჰქონდათ განგაში. გულში ბევრს ოდეს უხაროდა, რომ მარცხი მოუვიდა ამაყს, მიუკარებელ დედოფალს და იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამეფო ტახტიც, მბრძანებლობაც.

თვით მეფემ რომ წაიკითხა დედოფლის წერილი და მოისმინა ამბავი ალავერდელისაგან, ჯერ შეკრთა, დაიბნა და ჭირის ოფლი დაასხა. წარმოუდგა მას თვისი სახელი განქიქებული, საზღაპროდ თუ საყვედრებლად დადებული და აირია თავმოყვარება შელახულ-განადგურებული. შემდეგ ცხადად დაესახა მას ის მძიმე წუთები, როდესაც თინათინის უგულო ქცევა ან თქმა მთლად ჩაუნელებდა ხოლმე ვაჟკაცს თბილს გრძნობას და ეშხს, გამოჰფიტავდა ცოლქმრულ ერთობას და მხოლოდ ნაჭუჭსღა სტოვებდა მისსას, გარეგან რამ სახეს უგულოს. გაახსენდა მას ის წუთებიც, როდესაც ზვიადობით გატაცებული დედოფალი არად აფასებდა ქმრის ბრწყინვალე მოქმედებას თუ მოაზრებას, ღირსებასა ჰხდიდა, ამცირებდა და უსპობდა შეძლებას დამტკბარიყო თავისი ღვაწლით, თვის კარგ მოქმედებათა სახით. გული ემღვრეოდა ამისთანა დროს ვაჟკაცს: იგი ქებას მოელოდდა საქებ საქმისათვის თითონ მეუღლისაგანაც, ალერსი სწყუროდა დამაშვრალს, ხოლო უმადური ცოლისაგან ან სასტიკ სიტყვას ისმენდა, ან ცივ მოქცევას განიცდიდა. გაახსენდა ვაჟკაცს ისიც, რამდენჯერ მიეყვანა იგი ქალის უკაცურ ქცევას უკიდურესობამდის და იქამდინ გაემწარებინა კაცი, რომ კიდეც ენატრა მისი სიკვდილი. ყველაზე ძალიან ამ საშინელი წუთებისა ეშინოდა ლევანს; შეიძლებოდა განაწამებ მეფეს გონება აჰხდოდა და დაესკვნა დედოფლის დაღუპვა. ერთი თვალის ჩაკვრა, მცირედ მოძრაობა მანიშნებელი, მხოლოდ კრინტის დაძვრა, - და მთლად მოისპობოდა თინათინ, გაჰქრებოდა თვით მისი სახელი თუ სახსენებელი. გაახსენდა მეფეს ყოველივე ეს და გულს ეფონა უცნაურად, თავისუფლება იგრძნო საგმობი, ფარული სიამე ღიმილივით მოეფინა მის გულს; ისე მჩატედ იგრძნო თავისი თავი, თითქო რაიმე ბასრ კლანჭებიდან განთავისუფლდაო, მის არსებაში მძლავრად ჩაჭედილ ჭვანგებისაგან. და უხმოდ, უსიტყვოდ გაბრძანდა მეფე დარბაზიდან თითქო გაბრუებული, ცნობა ჩაბინდებული, ჰაზრჩაბლანდული.

ნელნელა მიეფარა მეფის გონების თვალთაგან სახე თინათინისა, მიიჩრდილა იგი, განუჭვრეტელი ჯანღით შეიმოსა; ხოლო გამოირკვა ბურუსიდან ჩვენება საამო, თბილი, მიმზიდველი სამხიარულო:

მოსჩანდა შორიდან! ჩამოეჭკნო იგი მთის ყვავილი ლევანის ღალატს, დაეღონებინა მისგან პირის გატეხას, გარნა ვერ ამოეხმო მის გულიდან ნერგი სიყვარულისა, ვერც ამოეგლიჯა იგი. გადმომდგარიყო ქალწული რამ კონცხზედ კავკასიონისა და ნაღვლიანად დაჰყურებდა ალაზნის ველს. მის სევდით სავსე თვალებში არ იხატებოდა სიძულვილი, არც საყვედური; მის თვალთა სიღრმეში მოსჩანდა ბედის მორჩილება უსამზღვრო და ისევ სიყვარული უანგარო, უშრეტი, თავდადებული. მთლად ჩაენთქა მეფის სული ამ ორ სურათს, რომელთაგან ერთი მიდიოდა შავით მოსილი და სივრცე შემოუწერელი ჰფარავდა მას თვალთაგან, ხოლო მეორე უახლოვდებოდა მას და ნათელი მიმოფრქვეული თანდათან არკვევდა მის სახეს შეუდარებელს.


47


ქმრისაგან გულნატკენი დედოფალი, თვის ოცნებებში გაცრუვებული, თავმოყვარეობა შელახულ-დამდაბლებული, სიყვარულისაგან უარყოფილი აღარც კახთაგან იყო გულსავსე, იმათგანაც შეურაცხყოფილადა სთვლიდა თავის თავს. დედოფალს ეგონა, იმისი საოცარი განზრახვა ააღელვებდა სამეფოს, ძირით-ძირობამდის შესძრავდა მას; ეგონა კახნი დასდასად მიჰმართავდნენ მას ვედრებით, რომ უარ-ეყო მას თვისი სურვილი, დაჰბრუნებოდა სადედოფლო ტახტს, არ დაეობლებინა თვისი ოჯახი; ეგონა, შეძრწუნდებოდა თვით ლევან მეფე, მოიხრიდა მის წინაშე თავს გვირგვინოსანს, ეახლებოდა მას და სთხოვდა შერიგებას, აღუთქვამდა ღირს ქმნილიყო მისი.

- არა, თინათინ არ დაჰყვებოდა არც ქვეშევრდომთა თხოვნას, არც ქმრის ვედრებას! რახან სთქვა, უკან აღარ გადასდგამდა ნაბიჯს, აღარ დაარღვევდა თავის ნათქვამს. რად ინებებდა ამას, როდესაც ცხადად ჰხედავდა, რომ მისი ჰაზრები, მისი მისწრაფებები, მისი დიდებული შეხედულობა მეფობაზედ შეუგნებელი რჩებოდა მის მეუღლისაგან, მათ ქვეშევრდომთაგანაც?! უკვე დარწმუნდა ის, რომ ლევანი ვერასოდეს ვერ შეიქმნებოდა მთელი საქართველოს მეფედ, ვერასოდეს ვერ ეღირსებოდა ბაგრატიონთა გვირგვინს ზეცით მონადებს. ისიც ვერ შესძლო ლევანმა, სიწმიდით და ფაქიზად დაეცვა ეკლესიისაგან ნაკურთხი მათი კავშირი; იქამდინ დაეცა იგი, რომ ქვეშემრდომებში გასცვალა დედოფალი და განკიცხა იგი ქვეყნის თვალში, როგორც დედაკაცი. მხევლამდისაც კი დამდაბლდა, უძღები, ადამიანობა-ახდილ ყურმოჭრილ მხევლამდინ!

- დიაღ, ლევანმა უარჰყო იგი მის დიად მისწრაფებაში და მით შეურაცხჰყო იგი, როგორც დედოფალი; ლევანმა გასცვალა იგი მის მოახლეებში თუ მხევლებში და მით დაამდაბლა იგი, როგორც დედაკაცი. თინათინმა კი შესწირა მას თვისი პირმშო სიყვარული, გული შესწირა მას მსხვერპლად! არა, თინათინ ვეღარ დაუბრუნდება უღირსს, ვეღარც შეურიგდება მას!

- გარნა მაინც დედოფალია თინათინ და მეფესაც, მის ქვეშევრდომსაც თავზარი უნდა დასცემოდათ ამ საარაკო ამბის სმენით.თავდახრილნი უნდა მისულიყვნენ მის წინაშე, მუხლმოდრეკით უნდა შეჰვედრებოდნენ მას. ეჰ, ცრუ არის წუთისოფელი, მოღალატე, გაუტანელი.

გაბოროტებულ დედოფალს ჰაზრად მოსდიოდა უკუ ეგდო, თავისი სიტყვა, დიდებით დაბრუნებულიყო თავისსავე სასახლეში და მორჭმულს, ძლიერების შარავანდედით მოცულს თავზარი დაეცა მათთვის, ვინც აწ იხარებდა მისის ტახტიდან განშორებით; მაგრამ სატანასებური თავმოყვარეობა ნებას აღარ აძლევდა უკუდგომას. თანაც ცხადად ჰხედავდა ქალი იმ, იდუმალ ღიმილს, რომელს გამოიწვევდა ყველაში თავისივე დასკვნით შემკრთალი დედოფალი, თავისივე სიტყვის უარმყოფელი. ყოვლად შეუძლებელიღა იყო უკუქცევა. ხან ჰაზრად მოსდიოდა დედოფალს, დაებერტყა ფერხთა მტვერი კახეთში და დაჰბრუნებოდა თავისსავე სახლს გურიაში,მაგრამ იქაც ხომ დამდაბლებული უნდა მისულიყო და დამცირებული: დედოფლად ნამყოფი, ქმარგაყრილი თინათინი პატივსადები ვეღარ შეიქმნებოდა გურიაში, ხოლო მთლად დავიწყებული გახდებოდა კახეთში.

- იქნება მევე დამსდვან ბრალი ოჯახი დაანგრიაო, სამეფო შეარყიაო; იქნება აუგიცა სთქვან ჩემზედ და დამსახონ უღირსად დედოფლობისა, ქმრისაგან დევნილ დიაცად. არა, არ შეიძლება! მტკიცედ უნდა წარვემართო წინ: უნდა მივიღო სახე ანგელოსებრივი და აქვე, შუა კახეთში, უნდა დავემკვიდრო. როგორც განხორციელება ლევანის სინიდისის ქენჯნისა და კახთა უმადურებისა თუ შეუგნებლობისა.

- ვერ დააფასეს დიდი თინათინ, ვერ შესწვდნენ მის მაღალ ჰაზრებს, მის სამეფო მისწრაფებას; თვალი ვერ გაუსწორეს მის უებრო ზნეობას; ღირსნი არ იყვნენ ბრწყანვალე თინათინისა, რომლის ამაღლებულ გუნებას მხოლოდ ცა დაიტევს, რომელს შეჰშვენის ტახტი სხივოსანი იქ, მეშვიდე ცაზედ, საყდართან ყოვლადძლიერის მეფისა.

და გამოიტირა თინათინმა თავისი ქალობა, თავისი დედოფლობა, ყოველივე ქვეყნიური სიამე თვისი და უკვე მტკიცედ, უკვე ურყეველად წარემართა მომავლისადმი. ბარბარე თურქესტანიშვილის მკერდზედ გამოიტირა დედოფალმა თვისი წარსული. ეს მანდილოსანი მაშინვე ეახლა თინათინს, რა წამს გაიგო მისი განზრახვა და აღარც განშორებია მას ბოლომდის, მოლოზნად აღკვეცამდის. ბარბარეს იმ თავითვე შეუყვარდა თინათინ, პირველ ნახვაზედვე დასავით შეეტკბო მას; შემდეგაც თავს ევლებოდა და თუ განმარტოებით ჩაიხელებდა, გულში ჩაიკრავდა, ჰკოცნიდა. მისი სიყვარული უეცარი იყო, ძლიერი, შეურყეველი. თინათინიც მაშინვე მიჰხვდა მას და დააფასა წრფელი გრძნობა, შეეთვისა. და აი ეხლა, როდესაც ყველამ უარჰყო დედოფალი, როდესაც მიმქრალდა შარავანდედი მისის დიდებისა და გაცუდდა მისი ძლიერება, ბარბარე არა ჰშორდებოდა მას. არაფერს ეუბნებოდა ქალი დედოფალს, არც ურჩევდა: იგი გრძნობდა სიღრმეს დედოფლის სულისკვეთებისას და იცოდა, რომ სხვის რჩევა თუ სიტყვა უძლურიღა იყო იქ და უადგილო. უსიტყვოდ თანაუგრძნობდა იგი დობილს და გულში იკრავდა მას თვალცრემლიანი.

აახ! ხომ მთელი კახეთიც ბაბალესავით შეიყვარებდა თინათინს, უცვლელის სიყვარულით, თუ თვით მას იმთავითვე არ უარეყო სიყვარული, თუ მხოლოდ იგი წარეძღვანებინა ყოლაოზად ცხოვრებისა. მაგრამ მან უარჰყო ნაზი სიყვარული მძლავრი დიდებისათვის ქვეყნიურისა, წარმოაცალიერა გული ამ ნათელ და თბილ ნიჭისაგან და ამაოდ ემდუროდა ქვეშევრდომთ თუ მეფეს: მისი გაყინული გული თითონვე ისხლეტდა მისდამი მიმართულ სიყვარულის სხივებს, თითონვე!

დედოფლის აღკვეცა მონაზონად უხალხოდ მოხდა ალავერდის ტაძარში, როდესაც მღვდელთ-მთავარი აღასრულებდა ამ სევდისმომგვრელ წესს საეკლესიოს, ბარბარე თურქესტანიშვილისა და მხევალი გუქა იატაკზე განრთხმულნი ქვითინებდნენ გულამოსკვნით.


48


გამოვიდა რაყამი დედოფლის შესახებ. მეფე ბრძანებდა: ღვთისმოსავმა დედოფალმა თინათინ განგებითა ღვთისითა და თანახმად საკუთარის სურვილისა შეიმოსა სახე ანგელოსებრივი და ამიერიდგან დაადგების მავედრებელად ჩვენდა მეუფისადმი ყოვლად მოწყალისა, დედოფლადვე იხსენიებოდეს იგი ეკლესიაში ყოველსავე წერილში. მისგან სავანედ ამორჩეულ შუამთას აგებულ იქნას ეკლესია გუმბათიანი და პალატანი. საშენებელი ხარჯი გაიღებოდეს სახელმწიფო ხაზინიდან. ჩვენი კარის ხუროთმოძღვარი განაგებდეს ამ შენობათა საქმეს. დედოფალს ეახლოს თან მისნი მსახურნი და მონანი. აწ დაარსებულს შუამთის დედათა მონასტერს მიეცემის საკუთრებად ამ დღიდან და უკუნისამდე: ქალაქ უჯარმას მეკომური რვა და მამული, ბელაქანს მეკომური რვა და მამული, სოფელი გულგულა თვისი კუთვნილი მამულებით, მთა თერდოს მარჯვნივ. ყოველ წლივ ეძლიოს ჩემის ხაზინიდან მინალთუნი ათასი.

ესეთი იყო საბოძვარი, რომელი გაიღო მეფემ დედოფლისაგან არჩეულ სავანის ასაგებად, შესამკობლად და შესანახად. მოეწონათ მეფის ბრძანება; ესეთი ბრძანება შეჰშვენოდა მეფეს, რომელიც არ უნდა აჰყოლოდა გულის ტკენას და არ უნდა შეევიწროვებინა თანამეცხედრე თვისი, დედა თვისის შვილებისა.

არ იცოდნენ ქვეშევრდომთ, რომ მეფეს არ ატკინა გული დედოფლის საკვირველმა საქციელმა. ვერ წარმოიდგენდნენ, როგორ მძიმე ასატანი შექმნილიყო მეფის შინაური ცხოვრება, კარგ გრძნობას მოკლებული მისი ოჯახი. ჭკვიანი ქალი იყო დედოფალი და სწორედ ის გზა აირჩია, რომელზედ მხოლოდღა შეიძლებოდა გავლა, რომ ამ მძიმე ჰაერს არ მოეშთო ცოლ-ქმარში ყოველივე გრძნობა კაცური და რამე შეუნდობელ ცოდვაში არ ჩაეგდო იგინი. ამისთვის უფრო დააფასა ლევანმა დედოფლის მოქმედება და მეფური პასუხი გასცა მას.

განქარდა აწ სულის შემხუთველი სიმძიმე, რომელი სტანჯავდა ლევანს, ბნელ სიზმრადღა ეჩვენებოდა წარსული. გაუთენდა მეფეს დილა ახალი ყოფისა, გაუღიმა იმედმა ახალის ცხოვრებისა, დამტკბარის ცხოვრებისა, რომელს მოკლებული იყო იგი თვის წინანდელ მეუღლის ხელში. დედოფალმა თვისი გზა აირჩია საკუთარი და განშორდა მას სამუდამოდ. იგინი არასდროს აღარ შეიყრებიან ერთად თვის სიცოცხლეში, აღარ შეხვდებიან ერთმანეთს ცხოვრების შარაზედ. არც საჭიროა იგი შეხვედრა, არც სასურველი!

ეხსნებოდა მეფეს გული, სამხიარულოდ ეღებოდა იგი, ნაზი რამ სიამე ეფინებოდა მის ბუნებას; ფერადად და მიმზიდველად ეჩვენებოდა მას ყოველივე თვის გარემო: თითქო მძიმე ავადმყოფობიდან განთავისუფლებული, სიკვდილს პირიდან გაჰვარდნია და კვლავ სიცოცხლის წყაროს დასწაფებია, ცხოვრების ფერხულში ხელახლად ჩაბმულაო ბედნიერებთან ერთად.

და ახალი ცხოვრებისთვის შობილს ვაჟკაცს კვლავ უღიმოდა კავკასიონის მწვერვალიდან სანატრელი მზე გაზაფხულისა, ლაჟვარდ მთებიდან გადაჰყურებდა გულის სწორი ლეილ-ყიზი, რომელი უარჰყო მან ოდესმე, გარნა ვერ დაივიწყა ვერასოდეს; რომელმან არა უარჰყო ლევანი, არც დაივიწყა არასოდეს.

- მოვალ სატრფიალო, შენთანვე მოვალ სიხარულით და იმედით! წმიდა ყოფილა სიყვარული შენი, როგორც მთის წყარო; სპეტაკი, როგორც ფიფქი მივუალის მწვერვალისა; მაღალი და შეურყეველი, როგორც ცამდის ატყორცილი სალი კლდე შენის ქვეყნისა!

- იქითკენ, ლურჯის მთებისკენ, ვარდისფერი სიყვარულისკენ მოღიმარე სიხარულისკენ, ჩემგან დაღონეულს ჩემს ლეილასკენ!

ბრძანა მეფემ მოეწყოთ ნადირობა დიდებული. შეჰყარეს ჯარი მარჯვედ მსროლელთა, შეეფინნენ გრემისა და ყვარლის მთებს დასდასად მონადირენი.

- მოინადიროს ბატონმა მეფემ, იგემოს კალმახი ცივის წყლისა, მთის ჰაერი შეუმსუმბუქებს კაეშნით შემძიმებულს გულს, ახალ-ახალი სანახავი გაართობს მის დაღონებულ თვალს და განიქარვებს ცხებული დარდებს, - ამბობდნენ მეფის მახლობელნი.

და სცდილობდნენ ბრწყინვალედ მოეწყოთ მეფის გართობა ლაშქრობას დაამსგავსეს იგი ნადირობა კაცთა სიმრავლით თუ იარაღის უკეთესობით; ყველა მხიარულად იყო. იქნება გრძნობდნენ, რომ სანადიროდ გაბრძანებული მეფე საარაკო ჯეირანს შეიპყრობდა ლამაზ თვალებიანს, რომელიც თურმე უცვალებელ კმაყოფილებას მიანიჭებს მის ბედნიერ მპყრობელს.


49


დიდმარხვა მოახლოვებული იყო, ზამთარი ჯერ ისევ მეფობდა კახეთში და თეთრად შეელესა გაღმა-გამოღმა მთები. ძირს ჯერ ისევ იდგა თოვლი, გარნა ის ისეთი სპეტაკი აღარ იყო, როგორც მთის ფიფქი. ადგილ-ადგილ კიდეც აჭრელებულიყო. მოახლოვებულ გაზაფხულს ალაზნის ველზედ ძალა დაეტანებინა თოვლისათვის და ზოგან კიდეც გაეწმიდა მისგან დედამიწა. დამდნარიყო თოვლი ალავერდის მიდამოებშიც და სველ მიწას შავად ეჩინა პირი. მხოლოდ ალავერდის ტაძრისათვის ვერ ეცვლევინებინა ფერი სითბოს სუნს. დიდებულად აღმართულიყო ტაშირზედ ტაძარი ბუმბერაზი და თეთრად კამკამებდა მზის ალმაცრივ სხივებზედ.

ბატონი ალავერდელი კარზედ გამოეტყუვებინა მზეს. ჩამჯდარიყო იგი ეკლესიის შენობის არშიაზე და ოცნებობდა განმარტოვებული. ახლო არავინა ჰყვანდა: ბერებმა იცოდნენ, რომ ამისთანა-დროს განმარტოვება უყვარდა მღვდელთ-მთავარს. დღე მოსვენებას ერიდებოდა მოხუცი. სადილთ უკან ძილს არ ეწყობოდა რათა არ გაელაღებინა ხორცი მშვენიერი, წელთა რიცხვი კი ტვირთად მძიმედ დასწოლოდა მას და მოსთხოვდა დასვენებას. მოხუციც ძილ-ღვიძილში ატარებდა ერთს ჟამს. ფიქრნი მოიცვამდნენ მღვდვლთ-მთავარს, ოცნებანი გარს ეხვეოდნენ მის სპეტაკ შუბლს და უტოლდებოდნენ სიზმრებს, თან ექსოვებოდნენ ზმანებას; ხან გაიტაცებდნენ წმიდანს უსამზღვრო სივრცეში, ხან აღავლენდნენ მის სპეტაკ სულს მეშვიდე ცამდის, ნათელ სავანემდის ყოვლად ბრწყინვალე შემოქმედისა.

მიუახლოვდა ტაძრის გალავანს მგზავრი ვინმე. ჭაღარა შერთული კაცი იყო, ახოვანი, ხმელი აგებულობისა. ჯერ ცეცხლი არ ჩაჰქრობოდა დიდრონ თვალებში. განიერი ბეჭები სწორედ ეჭირა და ამაყად აეღო მაღლა ჯერ ისევ ხშირი თმით შემოსილი თავი. შალის კაბა ეცვა ბერული, ბრტყელი სარტყელი ერტყა ტყავისა. მგზავრი შევიდა ტაძრის ეზოში, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მიუახლოვდა ტაძარს და მაშინღა შენიშნა ტაძრის კედელზე ზურგით მყრდნობილი ბერი. დაუპირდაპირდა მას. ალავერდელმა თვალი გააღო ფეხის ხმაზედ.

- შენდობა, მამაო!

- გაკურთხოს ღმერთმა! ვინა ხარ, შვილო?

- მწირი გახლავარ მგზავრად მომავალი. მსურს თავი შევაფარო ამ წმიდა მონასტერს და მინდა შევევედრო წინამძღვარს, რომ ნება დამრთოს.

- დაივანე, შვილო, განისვენე: მონასტრის კარი ღიაა სტუმრისათვის.

- როდის შეიძლება ვნახო წინამძღვარი?

-ამ მონასტრის წინამძღვარი თვით ალავერდელია და შენ უკვე მიიღე მისგან კურთხევა.

ამის გაგონებაზედ მგზავრს გაკვირვება აღებეჭდა სახეზედ: მას უბრალო ბერი ეგონა მღედელთ-მთავარი. მგზავრი მიწამდის დაიხარა წინამძღვრის წინ და მოწიწებით ეამბორა მას ხელზედ.

დარჩა შეხიზნული ბერი ალავერდში. გავიდა დღეები, გადაება კვირა - კვირას, გადაადეს თვეებმა თავი-თავს, მწირი-კი იქვე ცხოვრობდა, იქ მოღვაწეობდა. უსაქმოდ და უსარგებლოდ-კი არ ატარებდა დროს: ჰშველოდა ბერებს ეკლესიაში, ბოსტანში, ბაღში, მინდორში, ტყეში თუ ველში. მარჯვე კაცი აღმოჩნდა, ყველაფერი გამოუვიდოდა ხელიდან. საშინლად ძლიერი იყო, ღონიერი და თანაც დაუღალავი, ხერხიანი. უჩუმრად უყვარდა მუშაობა. ვერავის შეეძლო მხარდამხარ მიჰყოლოდა მას შრომაში. მთლად უშიში იყო. ტყეში თუ მთაში მარტოდ-მარტო დადიოდა და ამხანაგად მხოლოდ სატევარს იგულვებდა, რომელიც თან დაჰქონდა ამისთანა შემთხვევაში. თუ ყარაულობა იყო ღამ-ღამე საჭირო, მხოლოდ მისთვის უნდა მიენდოთ ესეთი საქმე. ერთხელ ძალიან გააკვირვა ამ უცნაურმა ბერმა მონასტრის ძმანიცა და გლეხებიც.

ალაზნის პირზე მშვენიერი ხოდაბუნები ჰქონდა მონასტერს და დიდი მოსავალიც მოვიდა იმ წელს, მაგრამ დათვი შეეჩვია და ანადგურებდა იქაურობას. არ იქნა ვერ განდევნეს იგი, ვერც მოკლეს. დღე ჭალაში იმალებოდა, ღამე გამოდიოდა და ნავნებს სჩადიოდა. მწირმა გამოსთხოვა ნება წინამძღვარს ღამე დაჰყარაულებოდა ნადირს. მარტო ხმალი წაიღო თან, კარგად-კი გალესა. ფხა გაუსინჯა, დუმა გადუსვა. მეორე დღეს უზარმაზარი დათვი ნახეს ხოდაბუნის ბოლოს ტოტებდასხეპილი, თავგაჩეხილი. მხეცს მხოლოდ ტორის ჩამოკვრა მოესწრო ბერისათვის და კაბის სახელი ჩაეტანა თან. გაჰკვირდნენ ყველანი, უნებლიეთი პატივისცემა იგრძნეს მისადმი, თითქმის შიში.

საუბარი ან არასოდეს არა სცოდნოდა ამ უცნაურ ადამიანს, ან მთლად დაჰვიწყებოდა. ისე დააღამებდა ქალაქ დღეს, ორ სიტყვას არ გადააბამდა ერთმანეთზედ. ხან სევდა რამ შემოაწვებოდა ბნელი, გული ჩაუშავდებოდა, თვალები ჩაუბნელდებოდა და მწუხარებით აღსავსე განშორდებოდა მონასტერს რამდენიმე დღით. არ იცოდნენ, სად დადიოდა იგი მაშინ, ან სად იღამებდა თუ ითენებდა. გავიდოდა დრო და ბერი ისევ დაბრუნდებოდა მონასტერში, ისევ შეუდგებოდა განუწყვეტელ შრომას, თითქო უნდოდა მძიმე მუშაობით ჩაეკლა თავისი იდუმალი სევდა.

რომ შავი რამ სევდა აწვა მას გულზედ, ეს ცხადი იყო ყველასათვის. რამდენჯერმე ეს ბრგე ვაჟკაცი მწარედ მომტირალე ჰნახეს, იქამდინ შეპყრობილი განუჭვრეტელი დარდით, რომ ქვეყნიერებისა აღარა ესმოდა-რა, გონება აჰხდოდა, ძახილზე პასუხს არ იძლევოდა. საკვირველი ის იყო, რომ ეს მოხდებოდა სწორედ იმის შემდეგ, როცა ძმათა კრებულში ჩამოვარდებოდა საუბარი დედოფალ-მოლოზანზედ, რომელიც ეხლა უკვე შუამთის მონასტერში მოღვაწეობდა და რომლის საარაკო ბედი დღესაც ალაპარაკებდა მთელს კახეთს. იქნება კიდეც დაეთხოვნა მონასტრიდან ეს უცნობი და უცნაური კაცი, რადგან თავის განსხვავებულ ქცევით შიგადაშიგ აღელვებდა ძმათა კრებულს, არღვევდა ამ წყნარ საყუდელის ერთგვარს ცხოვრებას. მაგრამ ალავერდელი მოხიბლული იყო ამ შემოფარებული კაცის ხმით, მისი გალობის კილოთი, და ვეღარ შეჰლევოდა მას. ჯერ პირველად რომ ჩადგა მგალობელთ დასში და აიმაღლა ხმა, ყველამ ყურადღება მიაქცია მის ტკბილ გალობას, მღვდელთ-მთავარმა წირვის შემდეგ ჯვარი გადასახა მას და უთხრა.

- დაგატკბოს ზეციერმა გამჩენმა, როგორც დაატკბე ჩემი ყურთა სმენა!

და ეს თქმა არაერთხელ განუმეორებიათ წინამძღვარს თუ სხვებს მის გალობაში ისეთი ნაღვლიანი კილო ისმოდა, რომ სწორედ დამამშვენებელი შეიქმნა იგი კილო დიდმარხვულ ღვთისმსახურებისა, რომელსაც საზოგადოდ გადაბურული აქვს ზეწარი კაეშნისა.


50


წარსდგა მწირი ალავერდელის წინ და მოახსენა:

- ცხრაკარი მთლად მიტოვებულია, ბატონო! წყალსადენი გატეხილი, აუზი ღორღით ავსილი, ქვევრები პირღია, ოთახები ჩაობებული; ქარს კრამიტები აუყრია და წვიმა ალპობს სასახლეს. რაც დედოფალი წაბრძანებულა იქიდან, მომვლელი აღარა ჰყავს არც ტაძარს, არც სასახლეს. ნება მიბოძე დავბინავდე იქ და მივხედო იმ წმიდა ადგილს.

დაფიქრდა ალავერდელი. იმანაც იცოდა რომ დედოფლის წასვლის შემდეგ ცხრაკარი უპატრონოდ დარჩა და ისევ მივიწყებას მიეცა, რომ განმარტოვებით მდგომ ეკლესიასაც, სასახლესაც შესაფერი მოვლა აკლდათ, და მოეწონა მხნე ბერის წინადადება. იმაზედა ფიქრობდა მწყემსთ-მთავარი, რად მოენდომებინა ამ კაცს განმარტოება. ხედავდა წინამძღვარი და გრძნობდა, რომ მწირი არ იყო სარწმუნოებით იქამდინ გატაცებული, რომ მიზნად დაედვა ხორცის მთლად შეჭივრება სულის განსათავისუფლებლად ნივთიერის სიძიმისაგან, რათა მიეცა მისთვის ძალა ძლიერი აღმაფრენისა. მისი დაკვირვებით ეს ადამიანი საიდუმლო სევდით იყო შგპყრობილი, იდუმალს რამ შემთხვევას ძალად ჩაეყენებინა იგი მონაზონობის კვალში, რომლისათვის შემზადებული არა სჩანდა იგი, რომელიც არც თუ აწ შეეფერებოდა მას. თუ მწირი მაინც უნაკლულოდ მიმართდა თვის ცხოვრებას ამ გზითაც, ეს მხოლოდ მისთვის, რომ ძლიერი იყო სულითა, გაუტეხელი ხასიათისა და მძლავრად ეპყრა ხელში თავისი გულისთქმა, პირველ შეხედვით ეს სრულიად არ ეტყობოდა ბერს, რადგან იგი მორჩილებით და თავმდაბლობით ასრულებდა ყოველსავე წესს მონასტრისას; მაგრამ წინამძღვრის დამკვირვებელი თვალი ხედავდა, რომ ეს ღვაწლი მხოლოდ ძალდატანებით იყო, შედეგი ძლიერის ნებისყოფისა. ეს მოსჩანდა იმ უეცარ ნაპერწკლებშიც, რომლებსაც ჟამითი-ჟამად აფრქვევდნენ მისი თვალები, თუ რამე საწინააღმდეგო დაჰხვდებოდა წინ. მისი ამაყად აღებული თავი და ამპარტავნული მიხვრა-მოხვრაც უნებლიეთ ცხადჰყოფდნენ ამას. მწყაზრად ცხენზედ ჯდომა, იარაღის მარჯვედ ხმარება და უშიშრობა უკარნახებდა წინამძღვარს, რომ მის წინ იდგა უბრალო ვინმე მომაკვდავი კი არა, მორჩილებაში აღზრდილი და მომდედრებული, არამედ თავისუფლად ზრდილი ვაჟკაცი და ბატონკაცობით გალაღებული-გაამაყებული.

- იქნება ეს ლაღი ბუნება მწირისა არის იმის მიზეზი, რომ თხოულობს იგი განმარტოებას ძნელს და საშინელს; ჰსურს გაინთავისუფლოს თავი მონასტრულ წესისა და მორჩილებისაგან, გაიფიქრა ალავერდელმა და მიჰმართა:

- ძნელი იქნება შენთვის განცალკევება: მარტოდ-მარტო დაყუდება უკაცო ადგილას და ყოველგვარ ნაკლულოვანების ატანა გამოცდილი მეუდაბნოვესათვისაც ძნელია და სახიფათო. ვაი თუ იქ ვერ შესძლო აღასრულო ყოველივე ის, რაც თავს იდევ, როცა დასდე აღთქმა მონაზონობისა.

ამ სიტყვებზედ მწირს მწარედ გაეღიმა და მოახსენა:

- მღვდელთ-მთავარო და მამაო სულიერო! შეუმართებელმა განგებამ თვით დამაყენა გზაზედ მოღვაწეობისა, უძლეველი ხელით მიჰმართა ცხოვრება ჩემი და არც განგება არის მპყრობელი ჩემი სულისა, ბრძანებელი ულმობელი და შეუდრკომელი: ჩემი ცხოვრება მკაცრად არის უკვე ყველგან და ყოველთვის განსაზღვრილი, სასტიკად უცვალებელი.

ისეთი სევდა დაიხატა მწირის ხმაში, ისეთი ნაღველი ჩასწვეთებოდა ამ დასაწყისს აღსარებისა, რომ ალავერდელმა თვითც იგრძნო ტანჯვა უსამზღვრო, რომელიც განეცადა მის წინ მდგომ მწირს. თავი მოიხარა წინამძღვარმა იმ მძიმე ჯვარის მიმოხილვით, რომელი ეტვირთებინა განგებას მიუწთომელს კაჟკაცისათვის, და აკურთხა იგი.

- იყავნ ნება ღვთისა! სულერთია, სადაც უნდა ჰმსახურებდე ღმერთს: ყველგან რაიმე შვებას მისცემს ყოვლადსახიერი შენს ტანჯულს გულს! ნუ-კი დაივიწყებ ჩვენს კრებულს. კვლავ გამაგონე ტაძარში შენი ტკბილი ხმა.

- წირვას არ მოვცდები ამ ტაძარში, ვერ დაგივიწყებთ ვერც შენ, მღვდელთ-მთავარო, ვერც აქაურ ძმათა კრებულს, რომელთ მიმიღეთ ღვთის სახელით და მიხსენით სასოწარკვეთილებისაგან, მოახსენა ბერმა და ეამბორა მოხუცს.

მწირმა მალე დაატყო თავისი ხელი ცხრა კარს. ისე გაწმინდა და დაასუფთავა ეკლესიაც, სასახლეც და უზარმაზარი ეზოც, რომელსაც მთლად ეჭირა მთის თხემი, რომ თვალს უამებოდა, ტყე ერტყა შენობებს ყოველმხრივ და ამ ხნის განმავლობაში, რაც დედოფალი მონაზონი გადასახლებულიყო ახალს მონასტერში, მცენარეს ხარბად წაეწია წინ, ეკლესიის ძირში ამოეხეთქნა ახალი ყლორტები, შიგ სასახლეშიც შეჭრილიყო იგი, რომ გაევერანებინა კაცის ხელით ნამოქმედარი ყოველივე და თვით დაეპყრო შეუცილებლივ. ეხლა-კი მთელი ეს ვრცელი ადგილი ისევე მოვლილად გამოიყურებოდა, როგორც მაშინ, როცა დედოფალი სცხოვრობდა აქ. თვით დედოფლის სავანე-კი მწირმა სახატედ გარდაჰქმნა, წმინდა სამლოცველად.

იწყო ბერმა განმარტოვებული ცხოვრება. სიცოცხლის გაღმა გააბიჯა და იქ დაეყუდა კაცთნათესავის უარმყოფელი. ღვთის სახლს შეეფარა, მეუფის მუხლს მიეყრდნო, გარნა მისი ფიქრი და გულისთქმა მაინც ზეცისაკენ არ მიიმართებოდა, ქვეყანასვე დასტრიალებდა, მასზედვე დაფარფატებდა, რადგან ქვეყანასვე იყო სალარო მისი, მიწაზედვე სცხოვრობდა იგი მისი საუნჯე, თუმცა სიცოცხლეგამწარებული, იმედებგაცუდებული, გულჩასისხლებული. არ დაენდო განგებას სასტიკს არც იგი: ჩაექრო შარავანდედი მისის დიდებისა, მისთვისაც ჩაეხშო გული საბრალო.

მთელი საათობით იჯდა მწირი თვის მწარე ფიქრებში გაბმული და დარდთა დენისაგან წაღებული გაჰყურებდა თვის წინ გადაშლილს დიდებულ არეს. ძირს, დაცემულ ვაკეზედ, მიისწრაფებოდა ალაზანი და შორს, ძლიერ შორს იკარგებოდა თვალთაგან განუჭვრეტელ სივრცეში; მდინარის ნაპირებს ასდევნებოდა ვრცელი ჭალა, მისგანვე ნაკვებ-ნაზარდი მისი მოსიყვარულე ჭალა; გაღმა-გამოღმა გადაშლილიყვნენ დაცემული მინდვრები, სიმდიდრე და სიამაყე მთელის საქართველოსი; ორსავ მხრივ მთები ასდევნებოდნენ ედემს მშვენიერს და უხვად უგზავნიდნეს ნაკადულებს: არ უნდოდათ მოეწყურებინათ იგი ველი, არც დაემშიათ უთვალავი სოფლები, რომელნი ასხმოდნენ მთათა კალთებს; ლაჟვარდი ცა გულდინჯად დაჰყრდნობოდა კავკასიონის და გომბორის მწვერვალებს, როგორც რამ ბურჯებს ურყეველს. გარნა ვეღარ აამებდა მწირს ვერც ეს თვალთწარმტაცი ბუნება მის წინ გაშლილი, მას ვეღარ უღელვებდა გულს ქვეყნის სიმშვენიერე. მისი გაყინული მზერა მკაფიოდ ვერც-კი არჩევდა ვერაფერს გარდა შუამთისა, რომელი დამკვიდრებულიყო ცივის კალთაზე და დაეფარა თვის უბეში საუნჯე მწირისა ფასდაუდები.


51


დედოფალზედა ფიქრობდა მწირი, მისი ხვედრი მოსვენებას არ აძლევდა მის საწყალ თავს. მისჩერებოდა მწირი შუამთის მონასტერს,სადაც აწ ნებით პატიმრობაში იმყოფებოდა დედოფალი თინათინ, მეუღლე ბედნიერის ლევან მეფისა, ქალი განთქმულის გურიელისა, თინათინის გზა გურიიდან კახეთამდის ვარდის ფურცლით იყო მოფენილი, კახეთში თვალმარგალიტით მოიოჭვა ყოველივე მისი კვალი. დიდება-დიდებაზე მიესართა მას პირველ დღიდანვე დედოფლობისა. მის ხელში განძლიერდა კახეთი, აივსო კაცითა თუ საჭურჭლით, განზედ გაიდგა სამზღვრები, შორით-შორს განაპყრო მარჯვენა ძლევა მოსილი. მთელი საქართველო შეჰნატროდა თინათინის იღბალს; თავს ედგა ქმარი-მეფე, ვაჟკაცი მშვენიერი, ჭკვიანი, ბედისგან იქამდინ განდიდებული, რომ შეეძლო, ეოცნება ბაგრატიდთა გვირგვინზე, ხელიც გაეწოდნა მისკენ; დაჰნატროდნენ მას, როგორც დედასაც ბედნიერს, რომელს ხელთ ეპყრა ოქროს ქოჩრიანი მარგალიტივით ვაჟები. და უარჰყო მან ყოვილივე, განსდგა ყოვლისაგან კეთილისა, შეეფარა შავს ტყეს შავად მოსილი, ქალობა ჩაშავბნელებული.

- რად იტყვი, მაგას, მწირო საბრალო? იქნება მადლი ღვთისა გადმოვიდა მასზე, ამცნო ამაოება ცხოვრებისა, თუნდ მეფის ცხოვრებისა, ძლიერად მიაქცია სული მისი ზეცისკენ და შეჰმოსა დედოფალს სახე ანგელოსებრივი, რათა ღირს ექმნა ჰხლებოდა დედოფალს ზეციერს ყოვლად ნეტარს.

- არა! მადლი ღვთისა არ მიაქცევდა დედოფალს მონასტრისაკენ, არ შეარყევდა სამეფო ტახტს, არ შთააგონებდა მეუღლეს ბედნიერს უარეყო ქორწინება ნაკურთხი, დაერღვია ოჯახი ღირსეული; იგი მადლი ვერ წაართმევდა ჩჩვილ-ყრმათ დედას მოყვარულს. არა! მადლი ღვთისა ყოვლად კეთილისა არ დაშლიდა ცხოვრებას ღვთის ნებაზედ მოწყობილს, არც ინებებდა შეემუსრა გული ჯერეთ სიცოცხლით გაუმაძღარის ქალისა. ზეცა როდია ესეთი სასტიკი, მხოლოდ ქვეყანაა ესეთი ულმობელი და მხოლოდ ქვეყნიური ძალა დაჰშლიდა მის ყოფას ნეტარს.

- დღითი-დღე თურმე ილევა ქალი, ქრება. საიდუმლო რამ სევდა აშთობს მას. მონაზონის შავი ტანისამოსი ალმურად შემოჰხვევია მას და ანავლ-ანაცრებს მის სხეულს ნაზს, მიჰხრის მას სიკვდილისაკენ.

ფიქრობდა მწირი და სცდილობდა გონების თვალით განეპო სივრცე, ზღუდენი დედოფლის სავანისა, ჩაეხედნა მის თვალებში, მისთვის სანატრელ თვალებში თინათინისა, განეჭვრიტა სული მისი. სავსებით შეეგნო იგი ძალა ბოროტი, რომელმა დასცა მისი სათაყვანებელი არსება და განამტვერა. ამაოდ! ბნელი ჰფარავდა მის თვალთაგან ჭეშმარიტებას და ესა სტანჯავდა მწირს, სულს უხუთავდა, აწამებდა, მოუთმენლადა ჰქმნიდა მის ყოფას გამწარებულს.

მიეპყრო მწირს თვალი ცხრაკარის სიმაღლიდან კახეთის დედაქალაქისათვის, აგერ ოდნავ რომ მოჩანდა კავკასიონის კალთებ შორის, ალაზნის მარცხნივ და სცდილობდა განეპო გონების თვალია პალატნი მეფისანი, სადაც სუფევდა აწ მეფე ლევან და იშვებდა ახალ ოჯახის წიაღში, ახალი სიხარულის კალთაზე, ახალი სულის უბეში. ჰსურდა შეეგნო, როგორ მოჰხდა, რომ ამ ჭკვიანმა და ქველმა ვაჟკაცმა ვერ შესძლო მკვიდრ ნიადაგზედ დაემყარებინა თავისი პირველი ოჯახი, სიამე და კმაყოფილება გაემეფებინა შიგ, აღმოეცენებინა ყვავილი სიხარულისა, გულსავსედ გაეფურჩქნა იგი, და ეს მაშინ, როდესაც გვერდსა ჰყვანდა თინათინ, ჭკვიანი და ყოვლად შემკული ქალი, ჭეშმარიტად სადედოფლო და დედოფალი-მეუღლე: ვერ შესძლო ეს მაშინაც-კი, როდესაც ორი ვაჟი აკავშირებდა მათ ერთობას. რამ დაარღვია ღვთისგან და კაცთაგან ნაკურთხი კავშირი მათი, რამ გააპო მათი ოჯახი, თუ არ მანქანებამ საეშმაკომ, ბოროტმა ძალამ ჯოჯოხეთისამ?!

- რად იტყვი, ბერო, გმობას თუნდ ეშმაკისას? მადლი ღვთისა მიჰხრიდა მეთქი დედოფალს ზეცისაკენ. მეფე-მეუღლე ვერ შესძლებდა ბრძოლას უძლეველ ძალასთან და გულდაკოდილი დაემორჩილებოდა ბედს მწარეს, თვალცრემლიანი. აკი მეფურის სიუხვით შეუქმნა განშორებულ მეუღლეს სავანე დიდებული, აკი დედოფლურისავე პატივისცემით არის მონაზონი გარშემორტყმული.

- არა, მეფე უთუოდ ნებით დასთანხმდა მეუღლეს, გული მისი არ დაუსერია დედოფლის განზრახვას. დიდებულად შეამკო მონაზონის სავანე, უხვად მიაფრქვია ყოველივე კეთილი, არ მოხსნა მას დიდება დედოფლისა, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის, რომ ქველია ლევან მეფე და არ დაკარგა პატივცემა თვის ყოფილ თანამემცხედრისადმი, დედისადმი თვისის შვილებისა; არც მისცა ვისმე ნება, პატივი მოეკლოთ ნებით დამდაბლებულისთვის. გულმოკლული-კი აი იყო მეფე მეუღლის განშორებით, იქნებ მისთვის სიხარულიც სდევდა ამ განშორებას. ესე უნდა ყოფილიყო! ხომ მაშინვე დაივიწყა მან თინათინ, ხომ მაშინვე მოსწყვიტა მან მთის ყვავილი: და განისვენებს გულდაამებული, იშვებს აწ და იხარებს.

ფიქრთა ბადეში გაბმული მწირი, შავ გრძნობათაგან სულშეხუთვილი მიაპყრობდა თვალს იქვე ალაზნის პირას ამართულ დიდებულ ალავერდს, ამაყად რომ დაჰყურებდა გარემო მდებარე არეს თეთრად განსპეტაკებულს. იქ, იმ დიდებულ ტაძარში ეგულებოდა მას ადამიანი. რომელსაც უნდა სცოდნოდა ყოველივე წვლილი ამ შესანიშნავი ამბისა: იგი თვისი ნათელის გონებით მიხვდებოდა ყოველსავე, თვისი სპეტაკი გულით იგრძნობდა ყოველსავე. მთლად იცის იმან ეს შემთხვევა. „შეგავედრებ, შვილო ჩემო, ყოვლად მოწყალეს, რომ გარდამოუვლინოს მადლი თვისი შენს გულს განაწამებს!“ - უთხრა თურმე თვალცრემლიანმა დედოფალს, როდესაც აღკვეცა იგი მონაზონად. ალბათ განიცადა სიღრმე და სიმძლავრე დედოფლის ტანჯვისა, რომ ესე მიჰმართა მას.

- მითხარ. მოძღვარო საყვარელო, მამცნე მწირს ბეჩავს საიდუმლო ესე. რომ მიხვდეს საწყალი გონება ჩემი საქმეს საკვირველს და განისვენოს. მაუწყე, მამაო წმიდაო, მეფეთა ეგე საიდუმლო და დამიწყნარე გული ფრიად ღელვილი!

- ჰა, ჰა, ჰა! ვინ ხარ, მღილო საბრალო, რომ განიკითხამ საქმეთა მეფეთასა, სცდილობ განსჭვრიტო განგება ღვთისა?! ჰა, ჰა, ჰა!

გაისმა ხარხარი და ხარხარითვე ხმა მისცა სასახლემ ცალიერმა, ტაძარმა მიტოვებულმა, ტყემ გარემოჭრილმა, ხოლო უძირო ხევ ღრანტებში განიმეორეს იგი ხარხარი მავნე სულთ და შეარყიეს ასკეც კასკასით მყუდროება ბინდით მოცულის არისა.


52


ბნელი ღამე იყო ღრუბლიანი, უმთვარო. ჩაბნელებულიყო ტყე უღრანი. მჭიდროდ მიჭრილი უზარმაზარი ხეები სიბნელეს გაეერთიანებინა და ტყე შავად წასდგომოდა თავს დედათ მონასტრის ზღუდეებს შუამთაში. ქარი მძლავრად არხევდა ტყეს, ზნექდა, აგუგუნებდა, როგორც აღელვებულ წყალს, რომელი მოისწრაფოდა წარღვნად ყოვლისა. ტყის ერთგვარ გუგუნს ასხვაფერებდნენ უცნაური რამ ხმები, რომელი ჟამითი-ჟამად შეიჭრებოდნენ გუგუნში და ხარხარ-კასკასით თავს გადაევლებოდნენ მონასტერს, კვნესა-ოხვრით ჩაეშვებოდნენ სხვა ხმით გუნდში, ლეწით და მტვრევით გზას იკვლევდნენ უფსკრულ ხევ-ღრანტებისკენ.

გარესკნელ სიბნელეს არღვევდა სარკმლებიდან მოციმციმე მკრთალი ნათელი: არ ეძინათ მონაზონ თინათინს და მის მხევალს გულქანს, აწ მის დას ქრისტეს მიერ. სხვას ყველას ეძინა: ყარაულებსაც იმ ოთხ კოშკში, რომლებიც დარაჯად ედგნენ მონასტრის მაღალს ზღუდეს ოთხსავე კუთხეში; მსახურთაც, რომელნი სცხოვრობდნენ განცალკევებულ სადგურში; ქალმონაზონთაც, რომელნი დავანებულ იყვნენ სენაკებში დედოფლის სადგომის გარშემო. ღამე გატეხილი იყო და ძილს მისცემოდნენ ყველანი. არ ეძინა დედოფალს. იგი შეეკრთო ღამის საშინელებას, შავი ფიქრები აეშალნა წყვდიადს,და გაფითრებული იჯდა ბუხართან; დაგანიერებულ მის თვალებში წამს იგზნებოდნენ ნაპერწკალნი, წამსა ქრებოდნენ; პირი ოდნავ გაეპო, თითები გარდაეჭდო და შეძრწუნებულს ვერ გაებედნა განძრევა, ეგონა იგი განძრევა დასაწყისი იქნებოდა მასზედ ბოროტთა დენისა. მისი შიში გაეზიარებინა გუქას; ნაცრისფერი დასდებოდა მის მშვენიერ სახეს, მისი დიდრონი თვალები დაფეთებით შეჰყურებდნენ თინათინს, მისჯდომოდა იგი დედოფალს მუხლ-ქვეშ და მოსჭდომოდა. ორივენი სულგანაბულნი ყურს უგდებდნენ საშინელი ღამის საზარელ ხმიანობას. ბოლოს ისევ დედოფალმა მოიკრიფა ღონე, ხელი შეახო მხევალს აშლილს ქოჩორზე და ანუგეშა აკანკალებულის ხმით.

- ნუ გეშინიან, შე საწყალო! მავნე სული ვერ მოეკარება წმინდა ადგილს, ღვთისმშობლის მადლი დასთრგუნავს მას, ხოლო ბოროტი კაცი ან ძლიერი მხეცი ვერ შემოუვა მცველებს.

- დედოფალო, სანდონი-კი არიან ეს მცველები?

- მთლად სანდონი! ჩვენი კახელები არიან და ხომ იცი ხალხი პატივისცემით მეპყრობა მე.

- მეფე?

- ბოროტი არ არის! ეწია იგი თავის სურვილს და განისვენებს. მე მისთვის აწ მკვდარი ვარ, ეს მონასტერი საფლავია ჩემი და იგი ნებას არავის მისცემს შეურაცხჰყოს საფლავი თვისის პირველ მეუღლისა, ყვავილებითაც შეამკობს ჩემს სამარეს. ამკობს კიდეც: ყოველთვის ვხედავ ჩემს გაარემო მის მზრუნველ ხელს. შენ ალბად მაწანწალის ამბავმა შეგაფიქრიანა, რამდენჯერმე რომ ნახეს ჩვენის ახლო. არაფრის შიში არ არის, ჩემო საყვარელო! - უთხრა დედოფალმა.

და ხელი მოჰხვია მხევალს თავზე, გარდუკოცნა ლამაზი სახე. გუქას გული აუჩუყდა დედოფლის გულწრფელი ალერსზე, ცრემლი მოადგა თვალთ და ხელნი დაუკოცნა ქალბატონს. როგორ უყვარდა დედოფალი გულქანს! იგი მისი მხსნელი იყო, მისი ხელმწიფე, მისი დობილი, მისი და, სულის-სწორი; მის მეტი არც ვინ გააჩნდა მას ძირს ქვეყანაზედ და მაღლა ცაში, რაღა ეშველება გუქას, თუ იგიც წაართვა მას ბედმა ულმობელმა, მარად მსახვრალმა?!

- გენაცვალე, ქალბატონო, მიირთვი რამე და მოისვენე!

- რა გვაქვს ვახშმად? ნატოს ხომ კიდეც ეძინება ეხლა.

- წეღან მოგართვა ვახშამი და რომ არ ინებე, მე შეგინახე.

დაბრძანდა დედოფალი. გუქამ მოართვა ყველაფერი და თავს დაადგა. უბრძანა დედოფალმა მის გვერდს დამჯდარიყო და ევახშმა.უბედურებას უფსკრული ამოემსო მათ შუა, თანაგრძნობას დაედნო გარდუვალი მზღვარი, განცალკევებულ ცხოვრებას დაემეგობრებინა ერთმანეთისათვის, შეეტკბო, მოსიყვარულე დებად გარდაექმნა მხევალი ნასყიდი და დედოფალი დიდებული. ვახშამზე თინათინისევ დაუბრუნდა იმ ეჭვს, რომელსაც გაევლო შეშინებულ მხევლის გულში.

- გუქა, თავის დღეში არ იფიქრო, რომ აქ რაიმე საფრთხე მოგველოდდეს: ვერ შევეთვისე ლევანს, მაგრამ იგი მაინც პატივისმცემელია ჩემი. შენ ალბად შეგაშინა იმ ეულის ამბავმა, მონასტრის მიდამოებში რომ დადის თურმე. სრულებით საშიში არ არის ის. ათასი გზააბნეული დაიარება ტყე-ღრეში, ათასი გლახაკი თუ შერყეული. მაინც ვუბრძანებ შეიპყრონ და მომგვარონ.

გუქამ ლუკმა დადო ძირს და შეევედრა დედოფალს:

- ნუ ინებებ, გეთაყვა! უბრძანე ხელი არ ახლონ იმ კაცს, ჩემო კეთილო დედოფალო:

- რათა?!

- იმ დღეს ახლო ვნახე და მისი სახე სრულებითაც საშიში არი იყო; ვაი თუ შეპყრობის დროს რამე ავნონ ბეჩავს. ის კაცი ძალიან ჰგავს თქვენ სასახლეში აღზრდილს ნოშრევანს. ბდღვრიალა თვალები რომ შემომანათა, მაშინვე ის მომაგონდა. მინდოდა მაშინვე მომეხსენებინა თქვენთვის, მაგრამ ვერ გავბედე.

- ნოშრევანს ჰგავს?! რას ამბობ, ქალო?!

- დიაღ ნოშრევანს, მე რომ ყური შემომსერა, იმას.

განცვიფრდა დედოფალი, ერთ ხანს გაქვავდა, ბოლოსღა მოეგო თავს.

- საწყალი ნოშრევანი! ტფილისის ომის შემდეგ მისი სახსენებელი აღარ არის, განქრა მისი სახელი. ალბად მოჰკლეს. შინიდგანაცა მწერდნენ ჯერ სასახლეშივე, თვალიდან დავკარგეთო ნოშრევანი, აღარც მისი რაზმი არსებობსო, - სთქვა დედოფალმა.

და ფიქრთ გაიტაცეს იგი იმ ნეტარ დროსაკენ, როდესაც პირველად გამოინასკვა მის ნორჩ გულში კოკორი სიყვარულისა. ჩასჭკნა უდროვოდ იგი ყვავილი სიყვარულისა, ჩაშავდა. მისმა ზვიადობამ მოაშთო იგი უდროვოდ, არ აცალა გადაშლილიყო სურნელ-სიამედ, არ აცალა!


53


აღდგომის მეორე დღე იყო, ცხრაკარის ეკლესიის დღეობა. თუშთა სამლოცველო იყო ეს ტაძარი. დიდოეთიც მისდევდა მას. დიდოელნი ჯერ მთლად არ მიქცეულიყვნენ მაჰმადიანობისკენ, არც ქართველობის ნიშან-წყალი აღმოფხვრილიყო მათში. სხვა მთის ხალხნიც ლოცულობდნენ ამ ხატს. დიდკაცობამ მას აქეთ დაიწყო აქ სიარული, რაც დედოფალმა დროებით სავანედ აღმოირჩია ეს ადგილი. ეხლა აქ აღარა სცხოვრობდა დედოფალი, დღეობაში კი მობრძანდებოდა. ეხლაც შემოეთვალა მობრძანება. ყოველივე განემზადებინათ მის მისაღებად. დიდკაცობაც ამოსულიყო ხატში: მართალია, ლევანი განეყარა თინათინს, გარნა მეფე პატივს არ აკლებდა და დიდებულნიც პატივს სცემდნენ მას. მეფე არ ამობრძანდა. რაც გაჰყროდნენ, ერთმანეთს, აღარ შეჰხვედროდნენ არსად. რადღა შეჰხვდებოდნენ, ან სად?! დედოფალი არსად არ დაბრძანდებოდა, მონასტრის კედლებს არ სცილდებოდა: მხოლოდ რამდენჯერმე მობრძანებულიყო ცხრაკარს.

ალავერდელი ბრძანდებოდა მწირველი. ტევა აღარ იყო ეკლესიაში თუ გარედ, დედოფალი მარჯვენა სვეტთან იდგა, საკურთხევლის წინ. ფიანდაზი ეფინა ფეხქვეშ. მის გვერდზე, ცოტა უკან, იდგა მხევალი დედოფლისა გულქანი. მარჯვნივ და მარცხნივ მოშორებით მოსჯროდა ის მცირე გუნდი დედათა, რომელნი მოღვაწეობდნენ მასთან ერთად შუამთაში. გუქა თავისებურად ჰშვენოდა შავ ტანისამოსში, წამწამ დახრილი. ძაძა ლბილად შემოჰხვევოდა მას, ჩაჰკროდა და აღარ ჰფარავდა ეშხით მოყვანილს მის ტანს. ძაძამაც კი იცოდა, რომ ცოდვა იყო დაფარვა ყოვლად სრულის ტანისა რომლის მსგავსის შექმნას თვით ბუნებაც იშვიათად ახერხებდა.

- აი ქალი, აი მშვენიერი! ცოდვა არ არის ამ ძვირფას არსების მონასტერში დაკრძალვა, მარგალიტის ჩაფვლა მიწაში?!

- ოღონდაც რომ ცოდვაა! ღმერთს ცხოვრების დასამშვენებლად გაუჩენია ეს, ქვეყანაზედ სიმშვენიერის გასამრავლებლად, მაგას-კი უარუყვია ღვთის ნება, მიწაში დაუფლავს ტალანტი თვისი. როგორ შეიძლება?! - მსჯელობდა დიდკაცობა.

- ჰე, ჰე, ჰე! რა კარგია ე წყეული! ჩემს ტასიკოსაც-კი სჯობია, - ამბობდა შეზარხოშებული ახლგაზრდა და თავს იქნევდა.

დედოფალი მთლად მიმტკნარებული იყო. თვალებში სიცოცხლე მიჰქრობოდა, ცხვირი დაჰმწვეტებოდა, თეთრს სახეს ნაცრისფერი დასდევდა, ხელები წმიდა სანთლისას უგვანდა. ჰარაქათი გამოჰლეოდა: წირვის დროს რამდენჯერმე ჩაბრძანდა სავარძელში.

- უდარდნია დედოფალს. დაავადებულა; ბევრი ხნის სიცოცხლე აღარ ეტყობა ბეჩავს, - ამბობდა ხალხი.

მარცხენა სვეტის იქით იდგა მგალობელთა გუნდი, ალავერდის პირთაგან შემდგარი და ჰგალობდა ხმაშეწყობილად. ამ ხმებში ძალიან ირჩეოდა ერთი ხმა, ობლად რომ გაისმოდა ტაძარში და ტკბილ ჰანგად აღევლინებოდა მეუფეს. დედოფალი ისმენდა ამ ხმას და ნაცნობად ეჩვენებოდა მას ძვირფასი ბგერა. რამდენჯერმე სცადა მიეხედნა დასისაკენ, რომ დაენახა მგალობელი, მაგრამ ამაოდ: სვეტი უშლიდა, სვეტს ეფარნენ მგალობელნი. ამ ხმამ გარდაიტაცა თინათინი გურიაში, თვის ყმაწვილქალობის დროს. როდესაც უღიმოდა მას მომავალი და უქადდა სიყვარულს. დიდებას. სიხარულს. ყოველსავე კეთილს ქვეყნიურს.

ლოცულობდა დედოფლის მხევალიც, გარნა ღელვა ეტყობოდა უცნაური. ხანდისხან დაუახლოვდებოდა დედოფალს, უნდოდა ეთქვა რამე. ვერ-კი ჰბედავდა: ეშინოდა თვის მოძრაობით თუ ჩურჩულით არ, დაერღვია ღვთის მსახურების მწყობრი მსვლელობა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და, როცა დედოფალი დაბრძანდა, მოახსენა ყურში:

- კარგად რომ გალობს, ის კაცია. ჩვენ მონასტერთან რომ ნახეს რამდენჯერმე: მაშინვე ვიცანი, თვალებზედ ვიცან.

თინათინმა ხმა არ გასცა მხევალს, არც მიიხედა მისკენ, სახეზედ კი განცვიფრება აღებეჭდა, მკრთალი ლოყები შეუვარდისფრდა.

გათავდა წირვა. როდესაც დედოფალი მობრძანდებოდა ტაძრიდან, კარებში დახვდა მას მწირი, დაეცა მის წინ მუხლებზედ და ემთხვია მის კაბის კალთას.

- დიდებულო, დედოფალო! ხელმწიფევ ჩემო თინათინ! რატომ თვალნი არ დამიბრმავდებიან. რომ ამ ძაძასა ვხედავ შენზედ სადედოფლო ძოწეულის მაგივრად! მიცნობღა, ბატონო, შენს ერთგულს მონას ნოშრევანს? - და აქვითინდა მწირი.

დედოფალი შესდგა, შეირყა, გარნა შეიმაგრა თავი.

- შენ ხარ ნოშრევან ჩემო? შენი ხმა მესმოდა დღეს?! აღდეგ ჩემსავით ბედშავო! - უთხრა დედოფალმა, დაიხარა და შუბლზედ აკოცა ვაჟკაცს.

შეკრთა ხალხი, გაქვავდა ერთს წამს; აღელდა შემდეგ, გაისმა სულთქმა, ზოგან ქვითინი. და გარდაებურა მთელს დღესასწაულს ზეწარი კაეშნისა


54


გავრცელდა ხმა, დედოფალი თინათინ ძალიან დასუსტდა. სთქვეს ალავერდელი დაიბარა და მისი ხელით მიიღოვო წმიდა საიდუმლო. ექიმბაშს ეთქვა, ნიშანდობლივი ავადმყოფობა არ ეტყობა, ქალი კი მსწრაფლ იფერფლება და ნავლდებაო. შვილები დაიბარა და დალოცაო. ანდერძი უკვე დასწერა. მონასტრის წინამძღვრობა გულქანს გადასცაო.

ეს ხმები არავის არ აღელვებდა: დედოფალი აღარ იდგა ცხოვრების სათავეში, მისი დიდების შარავანდედი მიმქრალიყო; ცნობისმოყვარეობაღა იყო შუამთისკენ მიპყრობილი. მხოლოდ ერთი კაცი იყო კახეთში, რომელსაც გულში ლახვრად ესობოდა ეს ხმები და ეს კაცი იყო მწირი ნოშრევანი.

ერთს საღამოს მხედარი მოადგა ცხრაკარს და იხმო მწირი: ავადმყოფ დედოფალს დაებარებინა იგი. ძლიერ აღელვებული გაემართა ნოშრევან. ავადმყოფი მარტო დაჰხვდა მწირს. მხოლოდ გუქა ახლდა თან. ბალიშებზედ იყო მისვენებული. ნოშრევანის შესვლაზედ სცადა თავი წამოეწია სასთუმალიდან.

- ხომ კარგად ბრძანდები, ჩემო ხელმწიფევ?

- არ ვარ კარგა, ნოშრევან ჩემო! სულაც აღარ ვარ! მიმიწოდა მამამან ზეციერმან: მინდოდა უკანასკნელ ჟამს ჩემთან ყოფილიყავ მინდოდა ჩემები მყოლოდნენ გვერდით.

- ფიქრით სულმუდამ შენთან ვიყავ. ჩემო დედოფალო!

- ძალიან იტანჯე?

- გამოუთქმელად! სიკვდილს ვეძებდი, მაინცა უარმყო.

გაჩუმდა ავადმყოფი, ფიქრებს მიეცა, ჩვენებას რასმე. სახე გაუნათდა, შუქი დააჩნდა თვალებში. ისევ ჩაუქრა თვალთ ნათელი. ცრემლი გადმოადგა წამწამზედ.

- აახ!.. ილოცეთ ჩემთვის! - წარმოსთქვა დედოფალმა და ბალღივით მოუკიდა მისუსტებული ენა. ნოშრევან დაიჩოქა სარეცელთან და ცრემლით დაალბო გაციებული ხელი თინათინისა. გუქა დაემხო პირქვე და აქვითინდა. მილულა თვალები მომაკვდავმა, გარინდდა, ძლივსღა ისმოდა სუნთქვა.

გაშუქდა სავანე. გამოჩნდნენ დედოფლის თავით ნათელმოსილი ქმნილება ჰაეროვანი და ფრთა შავი მავნე თვალაღგზნებული. ანგელოსმა ფრთა შეახო დედოფალს და მკრთალი რამ ნათელი აციაგდა მის შუბლზედ, ღიმი სიამისა შეეყინა ბაგეზედ. ეშმამ შეიბერტყა მხრები და წარსდგა წინ.

- მსახურებდა სული ესე დიდებას ქვეყნისასა და მემსგავსა მე.

- იტანჯა ფრიად, განიცადა ძალი სიყვარულისა და აღსდგა მასში ხატება ღვთისა! - მიუგო ანგელოსმა და ანიშნა განშორებოდა.


                                                                                            1913 წ.

ბრძანებაში მოხსენებულია სამძღვრები შეწირული მამულისა და დასახელებული არიან ყმად შეწირული გლეხები. ბრძანებაში არა რის მოხსენებული ის, რომ თინათინს გაატანეს მთელი მისი მზითვიც.