მიცვალებულის დღიურიდან

მიცვალებულის დღიურიდან
ავტორი: ტერენტი გრანელი


შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.

დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.

ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც
(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).
მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,
ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.

და ეცემოდნენ სადღაც წვიმები
შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.
კუბოსთან იდგნენ სერაფიმები
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.

არც შორეული დების ლოცვები
ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.
მიმასვენებდნენ ანგელოზები
და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.

ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,
რა მექნა, სულო, დაუცხრომელო,
მსურდა სიბნელე რომ გამერღვია
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.

რესურსები ინტერნეტში

edit