მკვლელობა სონეტში

მკვლელობა სონეტში
ავტორი: შალვა კარმელი



იქნებ მკვლელობა ამ ხანებში მოხდეს ფარული,
არვის დაედოს ჩემს სიკვდილში მძიმე ბრალდება,
ეს გათოვება მეტად უხვი იანვარული, _
უკვე აშკარად დღეს ეტყობა თებერვალდება!

თოვლის ქანდაკი ჩემს ეზოში დავდგი მიონად,
შევძელი კერპად შენი ტანის ნაკვთში დაყვანა.
თითქოს გადვიქეც ჩვენებისთვის პიგმალიონად,
სული, ღვთაებას ცივ თეთრებში, კვლავ გეთაყვანა.

ჯერ ჩემთვის ღამეს ასე ძილი არ გადუსხია. . .
შენ მაყვედრიდი, გალატეა, შენს პიგმალიონს:
,,ჩამაცვი კაბა. . . ო, რა მცივა. . . ო, რა სუსხია.
სანამ გიცადო ქმარს უგულოს როგორც ალიონს!”

ვნახე მიონა გათენებას, ხეთა ფარცხებით
სფინქსს ამსგავსებდა გადაყრილი ნამქერის ხვავი.
და გადავწყვიტე, სანუგეშოდ ამ დამარცხებით,
ერთ-ერთ სონეტში დაუნდობლად მოვიკლა თავი.