მოგზაურობა თბილისისაკენ

მოგზაურობა თბილისისაკენ
ავტორი: ტერენტი გრანელი


ცა მოსჩანს, როგორც შიშველი სარკე,
მივალ, ვიგონებ გაფრენილ წამებს.
ჩემი გზა მიდის სამარისაკენ
და ნაპრალებთან წევს შავი ღამე.

ვამჩნევ, ნათლდება მთის მწვერვალები
და მოდის მთვარე, როგორც პრინცესა.
მე ისევ შენთან მოვალ წვალებით
და მანუგეშე, ძვირფასო, დღესაც.

ვფიქრობ და მთებზე გამოჩნდა ნისლი,
დადგა სიჩუმის უხმო წუთები.
ეს მოგონება ელავს თბილისით,
დღეს ვნახავ თბილისს და შევწუხდები.

ასეთი დარდი არ მახსოვს დღემდე,
ო, როგორ მორბის ლანდი სიკვდლის.
მივდივარ, ერთი საათის შემდეგ
მე ისევ ვნახავ ჩემს მტანჯველ თბილისს.

რესურსები ინტერნეტში

edit