მოჰამედ თაჰერი

უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ



საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები





მოჰამედ თაჰერი
(XVII ს.)

მოჰამედ თაჰერი ან მირზა მოჰამედ თაჰერე ყაზვინი იყო შაჰ-აბას II-ის კარის ისტორიკოსი. შაჰ-სულეიმანის დროს მან ეთიმადდოვლეს, ანუ პირველი ვეზირის თანამდებობასაც მიაღწია. გარდაიცვალა 100 წელს მიტანებული XVII საუკუნის დამლევს. მისი ისტორიული თხზულება შაჰ-აბას II-ის ქრონიკას წარმოადგენს და ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებებით: "თარიხე თაჰერე ვაჰიდ" ("თაჰერე ვაჰიდის ისტორია"), "თარიხე შაჰე აბასე სანი" ("შაჰ აბას მეორის ისტორია"), "აბას-ნამე" ("აბასის წიგნი").
მოჰამედ თაჰერის თხზულების ცნობები საქართველოს შესახებ თარგმნა და 1954 წ. კრებულში 1954 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი 30 - გვ.375-425 გამოაქვეყნა ვლადიმერ ფუთურიძემ ნაშრომში მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ - ტექსტი, თარგმანი და შენიშვნები ვლადიმერ ფუთურიძისა.

პუბლიკაცია

edit

1954 - მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ - ტექსტი, თარგმანი და შენიშვნები ვლადიმერ ფუთურიძისა კრებულში 1954 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი 30

ტექსტი

edit


მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ - ქართული თარგმანის PDF ვერსია





მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ

საქართველოს ვალის (მეფის) როსტომ-ხანისა და თეიმურაზის ჩხუბი და ადამ-სულტანის წასვლა იმ მხარეში (საქართველოში)

რადგანაც ცის სფეროს მოძრაობა და ცვალებადი ბედის ჯადოქრობა სხვადასხვა ამბის მომხდენია, იმის შემდეგ, როცა შაჰის უწმინდესი ფიქრი და აზრი გათავისუფლდა მეფობის საფარველის იმამ ყული-ხანისათვის მასპინძლობის გაწევისა და მისი გამოკითხვისაგან და ყაჰალში ნადირობისაგანაც უსაზღვრო სიამოვნება მიიღო და დაბრუნდა, - ამ დროის ახლოს ცის მსგავს სასახლეში (შაჰის კარზედ) მოვიდა მეფობისა და სიდიადის საფარველის, ქართლის მკვიდრი მეფის როსტომ-ხანის მოხსენება, რომ კახეთის მეფე (ვალი) თეიმურაზი, რომელიც სამოთხეში დამკვიდრებულმა ხაყანმა იმ გულის წარმტაცი სამეფოს (კახეთის) ხელმწიფედ აღამაღლა, მუდამ ჩემულობდა, სამოთხეში განსვენებული ხელმწიფის უსაზღვრო წყალობათა გამო, დამოუკიდებლობას და თვიღმპყრობელობას, - ახლა [ამ თეიმურაზმა], იმ ძლიერი სურვილისაგან ცთუნებულმა, რომელიც ადამიანის არსებაში გონიერების ძალას არბევს, თავის თავში "ცუდი ზრახვების გამოსაცხობად შავი ნაღველის ცეცხლი დაანთო" და სურვილის თვალი მიაპყრო ქართლის ქვეყანას, რომლის მმართველობა მაღალ სასახლეს ხსენებულ როსტომისათვის ჰქონდა ბოძებული. თეიმურაზი ობროდი [და] უბედური [ადამიანების] ერთი ჯგუფით სანადიროდ წასულა ყარაიაზში, რომელიც ხსენებული "მეფობის საფარველის" სამკვიდრო მამულს წარმოადგენს და ქართლის ველაიეთში შედის, არ დაკმაყოფილებულა ამ ცუდი საქციელით და შეთანხმებულა ზაალ ერისთავთან - ყარა-ყალხანთან და ნოდარ და იოთამ ამილახვრებთან, რომელნიც ქართლის უწარჩინებულესი თავადები არიან, რათა როგორმე ეცადონ მოსპონ "მეფობის საფარველი" (როსტომ მეფე). ხსენებულმა ერისთავმა და ამილახვარმა კაცი მიუგზავნეს "მეფობის საფარველს" მის მოსაკლავად. მცველებმა ეს გაიგეს და ის კაცი გაიქცა. რადგანაც დროთა სივრცეში ყველაფერი [ან] სიმართლეა, ან სიცრუეა, - თეიმურაზის სახელზე გამოვიდა შემწყალებელი რაყამი და გამოიგზავნა თაყი-ბეგ ბაზარგანლუს ხელით, რომ მან [თეიმურაზმა] თავი აარიდოს ხსენებულ საქმეებს. [რაყამში ნაბრძანები იყო], რომ თუ შეცდომისა და დავიწყების გამო, რაც ადამიანის ბუნების აუცილებელ თვისებას შეადგენს, [თეიმურაზი] ამ საქმის (ე.ი. ურჩობის) მიზეზი შეიქნება, [მაშინ ის] "ნდობის სახეს სინანულის ცივი წყლით განბანს ურჩობის მტვრისაგან". ამიერიდან ამგვარი ბოროტმოქმედება არ უნდა ჩაიდინოს, რადგანაც, უკეთუ უწმინდეს ყურებს [შაჰისას] ესმათ ერთხელ კიდევ ამბავი ასეთი უხამსი მოქმედების შესახებ, მას (თეიმურაზს) თავს დაატყდება ხელმწიფის რისხვა. იმ ცუდი ბოლოს მქონემ უსაზღვრო უმეცრებისა და უვიცობის გამო, გარეგნულად მორჩილება გამოხატა თაყი ბეგის წინაშე და პირობა დასდო, რომ თუ ამიერიდან მონობისა და მსახურების კანონის საწინააღმდეგო საქმეს ჩავიდენ, ხელმწიფის რისხვა და სასჯელი მხვდეს წილადო. ხოლო იდუმალ კი უფრო გააღვივა შფოთის ცეცხლი ზაალ ერისთავთან, ნოდართან და ქართლის კათალიკოზთან ერთად, რომელიც იმ ურწმუნოთა სრულუფლებიანი პირი და წინამძღვარია, გადასწყვიტა, რომ როსტომ-ხანი მოეკლათ. მათ ამ საქმეში მოკავშირედ გაიჩინეს მელიქი ყორხამასი, სომხითის მელიქ ათაბეგის შვილი.

რადგანაც ხსენებული მელიქი სახალიფო სასახლის (შაჰის) ერთგულთა რიცხვს ეკუთვნის, ამიტომ მან შეატყობინა როსტომ-ხანს იმ ურწმუნოთა ბოროტების შესახებ. როსტომ-ხანმა ამის შესახებ მოხსენება დაწერა და ხსენებული მელიქის საშუალებით უმაღლეს კარზედ გაგზავნა. ამ ამბავმა ხელმწიფე მეტად განარისხა და გამოვიდა უავგუსტოესი ფირმანი, რომ "მმართველობის საფარველი: ადამ-სულტანი, სუფის მმართველი, რომელიც როსტომის დისშვილია და ცნობილია, როგორც გამოცდილი კაცი, აზერბაიჯანის, შირვანის, ყარაბაღისა და ერევნის ბეგლარბეგებთან ერთად და იუზბაშების, ყორჩიების, ღულამების და მეთოფეების რაზმის თანხლებით, რომელთა სამყოფელი ადგილი აზერბაიჯანი და შირვანია, გაემართოს იმ ურწმუნოთა ასაკლებად, დასახოცად და დასარბევად, რომელთაც თავის უღმერთოებას და უწმინდურობას კიდევ ურჩობა დაუმატესო. ის "მმართველობის საფარველი" ბედნიერ საათში [შაჰის] ფეხთა კოცნის პატივით იქნა ამაღლებული და საქართველოსაკენ გაემართა. ვიდრე ის საქართველოში ჩავიდოდა, როსტომ-ხანმა ბრძანა კათალიკოსის ელამი თვალის გუგების მათი ბუდიდან ამოგდება (დათხრევინება) და თბილისის ციხის სატუსაღოში მისი დატყვევება, ხოლო რაზმით თავადებისა და აზნაურებისა, რომელნიც შემკულნი იყვნენ გულრწფელი ერთგულებით, ნოდარის ციხის დასაპყრობად გაემართა.

[ამ ციხის] სიმტკიცე და სიმაგრე, [მისი მისასვლელი] გზების სიძნელე და ტყეების სიხშირე იქაურ ხალხში ანდაზად არის გადაქცეული. მოკლე ხანსი, მისი უდიდებულესობის "ღვთის ჩრდილის" (შაჰის) ბედნიერი იღბლის ძალით, ის ფუძემაგარი ციხე შავ მიწასთან გაასწორეს და იმ დაკარგულის ცოლ-შვილი დაიჭირეს. ის ბოროტგანმზრახველი, უსაზღვრო სინანულში ჩავარდნილი (ნოდარი) გაიქცა და ახალციხეს მივიდა. ამ ცხადი გამარჯვებისა და ძლიერი ციხის აღების შემდეგ, ადამ-სულტანი ძლევამოსილი ლაშქრით კახეთში შევიდა. რადგანაც ამ ღვთის მიერ რჩეულის მიზნები და სურვილები ყოველთვის უბრძოლველად და ლაშქრის შეუწუხებლად სრულდება ხოლმე, ძლევამოსილი ჯარის წამოსვლით შეშფოთებულმა თეიმურაზმა ხელი აიღო სამეფო მოწყობილობაზე და გაქცევა არჩია. ხოლო ის სამეფო დაპყრობილ იქნა ისე, რომ მტრის დამანარცხებელი ლახვარი სარწმუნოებისათვის მებრძოლებისა არ ამოძრავებულა, და მთლიანად გადავიდა "სამარადისო სახელმწიფოს" (ირანი) მფლობელობაში. ზაალ ერისთავი და იოთამ ამილახვარი სინანულით მოვიდნენ ამ სოლომონისსადარი ხელმწიფის კარზე, ხოლო სხვა თავადებმა, აზნაურებმა და ქართლისა და კახეთის მცხოვრებლებმა, რომელნიც ბოროტმოქმედებისა და მზაკვრობის გზას ადგნენ [აქამდე], თავის ნამოქმედარით სინანულში ჩავარდნილებმა, თავის შეცოდებათა და დანაშაულთა პატიება ითხოვეს როსტომ-ხანის შუამდგომლობით.

მათი იმედი წარმატებით აღსრულდა და [შაჰმა] ბრძანა, რომ "გამარჯვების საფარველი" ლაშქარი უკან დაბრუნებულიყო და ის ხალხი, რომელის პატიებას ითხოვს, არ შეევიწროებინათ...

გარდაცვალებანი

... ამ წელს იასე ერისთავი-ქართველი მოჰკლა ყაზვინში ბადადა (პაატა) ქართველმა, ამილახვარის შვილმა.


ზაალ ერისთავის-ყარაყალხანის და იოთამ ამილახვარის მოსვლა ქვეყნის საფარველის (შაჰის) კარზედ

ზაალმა, ერისთავმა ყარაყალხანის ოლქისა, რომელიც არც ერთი მბრძანებელის მიერ არ ყოფილა დაპყრობილი არასოდეს და რომლის მაღალი ციხეების დამორჩილება ვერც ქვეყნის დამპყრობლის, სამოთხეში დამკვიდრებულის (შაჰ-აბას I-ის) იყლიმთა დამპყრობელ ხმალს, [იმ ხმალს], რომელსაც ციხეების დაპყრობის საქმეში იუსუფის საჩვენებელი თითის თვისებები ჰქონდა, ვერ მოუხერხებია, [ამზაალმა] უბრძოლველად "ურჩობის კისერი მორჩილების ქამანდის ყულფში გაჰყო", ღვთის განგების ხელმძღვანელობით მორჩილების გზას დაადგა და იოთამ ამილახვართან ერთად, რომელიც აგრეთვე ურჩობაში ზაალ ერისთავთან თანაბრობის საფეხურზე იდგა, "გულწრფელობის სახე ცასავით მაღალ ზღურბლიან სასახლეში (შაჰის კარზედ) მიიტანა".