მსახური ეკლესიისა
მსახური ეკლესიისა ავტორი: ვასილ ბარნოვი |
1 შეაღო ეკლესიის კარი იაკობ მღვდელმა, გადიწერა პირჯვარი და წარმოსთქვა სასოებით: - შევიდე სახლსა შენსა, თაყვანის ვცე ტაძარსა წმინდასა შენსა! ხმა მისცა მოძღვარს ცალიერმა საყდარმა, გაიმეორა მისი სიტყვები, უკანვე დააბრუნა მისი ხმა, გარნა აწ მრავალკეცი, დაწმედილი, კრიალა: ძველებური საყდარი იყო, თაღებში დატანებული ჰქონდა წვრილი რამ ქოცოები ხმოვანების გასაძლიერებლად და კამარა რომ ისხლეტამდა ბგერას, სახმოები ამრავლებდნენ მას, ასპეტაკებდნენ, განამტკიცებდნენ და ხმა გრგვინვით ბრუნდებოდა ძირს; უბრალო გალობაც კი მსმენელთ ყურის დამატკბობელ გუგუნად მოისმოდა საყდარში. მღვდელმა მოიყარა მუხლი ამბიონის წინ და წარმოსთქვა მცირე რამ ლოცვა. ადგა, მოავლო თვალი ეკლესიას, მივიდა თახჩასთან, გამოიღო აბრეშუმის ქსოვილი და მოწიწებით დაუწყო წმენდა ხატებს, შანდლებს, კანდელებს, ჩუქურთმებს, წიგნებს; თუ სადმე სანთლის ღვენთი იპოვნა, ამოფხიკა, თუ სადმე დაჭმუჭნული ფარდა იყო ან წიგნის ფურცელი, გაასწორა. იაკობ მღვდელი გართული იყო ამ საქმეში და თან ღიღინებდა სძლისპირებს, ხოლო ეკლესია მის ღიღინს საამო ხმებად უბრუნდებოდა მისსავე დამტკბარ სმენას. მღვდელს თანდათან ართობდნენ საეკლესიო საგალობლები, იზიდავდნენ, უფრო და უფრო იტაცებდნენ საღმთო ხმები და მის გულში ძლიერდებოდა გამოუთქმელი რამ სიამე, ნათელი მყუდრო და მხიარული ეფინებოდა მის სულს. განელდა, ბუნდოვან იქმნა მის გონებაში ცხოვრების სინამდვილე, მთლადაც მიეფარა იგი სინამდვილე ცხოვრებისა მის გონების თვალიდან; გაილივნენ, უჩინარ იქმნენ, განქრნენ მის გულში საყოველდღეო წვრილმანი გრძნობები და აღტაცებამ შეიპყრო მისი არსება. ეს ეხლა მთლად მოწყვეტილი იყო ქვეყნიერებას, მას დაეტოვებინა აწ ყოველივე ზრუნვა ამაო, ზე აღტაცებულიყო სამოთხედ და გრძნობდა თავის თავს ანგელოზთა, წმიდათა და ნეტართა შორის; უკვე მოესმოდა მის მოხიბლულ სმენას სიტყვანი უთქმელნი და გალობა მწყობრი სამოთხისებური, სამოთხისავე სუნნელოვან სუნსა გრძნობდა მისი დამტკბარი ყნოსვა. დედამიწაზე ფეხი აღარ ეკარა, ჰაერში იდგა ნეტარი და განიცდიდა სიახლოვეს თვით ღვთაებისა. ხატებიც გაცხოველმყოფებულიყვნენ მის გარემო, გაცოცხლებულიყვნენ; ხორცი შეესხათ ჰაეროვანი, ამოძრავებულიყვნენ, გამოსულიყვნენ უძრავ ჩარჩოდან; თვალს აღარ აშორებდნენ მოძღვარს, თვისკენ იწვევდნენ მას, თავიანთ გვერდზედ უთმობდნენ მას ადგილს. დაუტკბნენ ყველანი, წმ. ნიკოლოოზის სასტიკი მშრალი თვალიც კი მოლბა ამ წუთს და ხუცესმა წინანდებური შიში აღარ იგრძნო მისდამი, როდესაც სწმენდდა მის სახეს. მეტადრე კეთილად უყურებდა მღვდელს მთავარანგელოსი მიხეილი. მაინც ხომ ყოველთვის კეთილი იყო ის, თუმცა ცეცხლის მახვილი ეპყრა ხელთ აბგარ-აბჯარში ჩამჯდარს, მაგრამ დღეს უფრო ლმობიერად იყურებოდნენ მისი ლურჯი თვალები. - ახ! ამისთანა სახიერ და უძლეველ მცველის მფარველობით უშიშრად განვლის სული უბადრუკი ჰაერთა სივრცეს, სავსეს ეშმათა უსახურთა მაცდურობით და მივა უვნებლად ადგილსა მას განსასვენებელსა, - გაიფიქრა მოძღვარმა. და უძლეველი რამ სიყვარული იგრძნო მისდამი და მიმიზიდველობა, ის სიყვარული იმედოვანი, რომელსაც გრძნობს სუსტი არსება ძლიერ და მოყვარულ მფარველის კალთაში. მოუთმენლად მოჰსურდა მღვდელს მასთან მიახლება და სასოებით ემთხვია ხატს მუხლზე. - მამი, აქა ხარ? - შემოსძახა უეცრად აბრამ დიაკვანმა; - მე კი რამდენს დაგეძებდი. დიაკვნის მოულოდნელმა გამოხმაურებამ მსწრაფლ შემოსძარცვა მოძღვარს ნათელი ნეტარებისა და ლოდივით დაუშვა დედამიწაზე. ისე იგრძნო თავი იაკობმა, თითქო სანატრელი სიზმარიდან გამოერკვიაო უსიამოვნო ცხოვრებისათვის. - სადღა ვიქნებოდი, კაცო, კვირა დღეს ეკლესიის გარეშე?! რა იყო? - კიკოლაანთ ივანე მოვიდა, ნათლობა მაქვს და ჩქარა წამოდიო. - კარგი, შვილო! ვინა ჰყავთ ნათლიად? - ცალხელაანთ თომამ უნდა მოუნათლოს. - წადი, შეამზადე ყოველივე და მეც ეხლავე მოვალ. 2 ეკლესია სოფლის თავში იდგა და ზევიდან დასცქეროდა მას. ზარი რომ დაირეკებოდა, მისი გუგუნი მთელ სოფელს ეფინებოდა მორწმუნეთა საიმედოდ და სასიამოვნოდ. სოფელს გვერდით ჩამოუდიოდა მდინარე, რომლის ნაპირებზე ვენახები იყო გაშენებული. ზევით ატეხილი ჭალა ასდევდა მდინარეს. ეს მდინარე და ჭალა იყო სიმდიდრე სოფლისა და სამკაული. პურიც კარგი მოდიოდა, თავთუხი. სოფლის ბოლოს ხევს ბაქები გადშლილი ჰქონდა, დაბალი და აქედან დაწყობილი უკვე შესაძლო იყო წყლის გაყვანა მინდვრების მოსარწყავად. ამ სარწყავ მინდვრებზე სიმინდი მოჰყვანდათ. ხევის პირას იდგა იაკობ მღვდლის მამა-პაპეული სახლი. მღვდლიაანთ ვენახი მდინარის ნაპირამდინ ჩასდევდა ხევს. იაკობი ამ ბაღში ყველა ხეხილს იცნობდა, ყველა ვაზის ამბავს მოგითხრობდათ, რადგან მას აქ გაეტარებინა თავისი სიყმაწვილე და აგერ აქვე ბერდებოდა. მის მამა-პაპასაც აქ დაელივნათ თავიანთი სიცოცხლე და იქვე იყვნენ ეკლესიის გალავანში დასაფლავებულნი. ადრიდანვე მღვდლიაანთ ჩამომავლობა იყო ეს გვარი და მღვდელი არც შეწყვეტილა ამ ოჯახში. ერთი ძმა რომ უხუცესად გამოდიოდა, მეორეები, გლეხადვე რჩებოდნენ. დებიც უმეტეს ნაწილად გლეხებზე თხოვდებოდნენ, ისე რომ იმავე სოფელში თუ გარემო სოფლებში დიდძალი ნათესაობა ჰყვანდა იაკობ მღვდელს. უწინ დიდი მამული სჭეროდათ იმათ, მაგრამ ეხლა დაწვრილმანებულიყო ის, განაყოფებს გაეტანათ; მღვდლის ოჯახობის ბედობაზე ერთი პატარა ვენახიღა დარცენილიყო და შვიდიოდ დღიური სახნავ-სათესი. სამი დღის მიწაც თითონ შეიძინა იაკობმა. მღვდელი გლეხურ შრომას და ცხოვრებას მისდევდა და მემამულესაგან იღებდა მიწის იჯარით. - ეჰ, ის დრო ემჯობინებოდა მღვდელ-დიაკვნისათვის, როდესაც ყველა ეკლესიას თავისი მამული ჰქონდა საკმაო და ეკლესიის მსახურთ არა სჭირდებოდათ სხვისა მამულის შემუშავება! - იტყოდა იაკობი, როდესაც დასჭირდებოდა მიწის ქირაობა. თითონ იაკობს სასწავლებელში არ გამოევლო, მისმა მამამ მონასტერში მიაბარა და იაკობმა იქ შეისწავლა წიგნი, სამღვთო მსახურების წესრიგი და გალობა. მადლიანი მასწავლებელი შეხვდა: მორწმუნე, მწიგნობარი, მგალობელი. ისე შეიტკბო პატარა, როგორც ნამდვილი შვილი. უძეოდ გადაგდებულმა ღვთისმოსავმა თავს შემოავლო იაკობს თავისი დაუკმაყოფილებელი მამობრივი სიყვარული. მისი მამა-მასწავლებელი არ იყო დიდად განვითარებული, მაგრამ ღრმად მორწმუნე კაცი იყო, ღვთისნიერი. იმან თავის გულუბრყვილოე რწმენა მთლიანად გადანერგა ნორჩი შეგირდის გულში და გადასცა შეურყევლად თვის ჰაზრთა თუ გრძნობა - ლტოლვილებათა სახე: ეხლა იაკობი სწორედ ისე უყურებდა ცხოვრებას თუ ქვეყანას, როგორც მისი მასწავლებელი. - ვმადლობ ღმერთს, რომელმა მომანიჭა შვილი სულიერი, სახე და მზგავსებაი ჩემი! მე ცოდვილმა ვერ შევსძელ მთლად უარმეყო ცხოვრება ამა სოფლისა, მაღონებდა და გულს მიწყალავდა ის, რომ ჩემ შემდეგ ამ ქვეყნად უნდა მოსპობილიყო არა მხოლოდ ხორციელი სახე ჩემი, არამედ სახეცა ჩემი სულიერი. ისმინა ღმერთმა ჩემი ვედრება, მომივლინა მოწაფე გულისამებრ ჩემისა და აწ საუნჯე ჩემი სულიერი. დარჩება ჩემ შემდეგ ქვეყნად და უფრო განსპეტაკებული! - ფიქრობდა ამზრდელი, როცა უკანსკნელად ლოცავდა აღზრდილს. იაკობ მონასტრიდან პირდაპირ თავის მამასთან გადმოვიდა და შეეშველა მოხუცს ოჯახის კეთილად წარმართვაში. როცა იგრძნო მისმა მამამ სიკვდილის მოახლოვება, მოუწოდა შვილს, აკურთხა იგი და უთხრა: - იაკობ, შვილო! უკევ დადგა ჟამი ჩემის აღსასრულისა. მამის გვერდზედ დამმარხე. ჩემ შემდეგ განაგრძე მღვდლობა კეთილად. ვინძლო შენს შვილს გარდასცე ეს წმიდა სამსახური, რომ არ მოისპოს ჩვენს გვარში მსახური წმიდისა ტრაპეზისა. კვეთაზე მოგვიხსენებდე წინაპართ: გახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი უხილავად თანამსახურნი ვიქნებით შენი ეკლესიაში. გიყვარდეს მრევლი. დაიცევ თავი ყოვლისგან ბოროტისა: შენ შენის ნაკურთხის მარჯვენით უნდა გადასცე მადლი ღვთისა მრევლს და მარჯვენა იგი არ უნდა იყოს უწმიდური. იაკობი აკურთხეს მამის ადგილას. მაშინ ადვილი იყო ეს. შკოლაში გამოვლილი და სწავლა დამთავრებული ღვდელი იშვიათი იყო მაშინ, სოფელსაც არა კადრულობდნენ ამისთანები. სწავლა დაუმთავრებელთა შორის კი იაკობი უპირველესი იყო, რადგან მონასტერში ზედმიწევნით შეესწავლა სამღთო წერილი, ხოლო თვის ხანგრძლივ სამსახურის დროს ყოველივე საეკლესიო წესი თუ ჩვეულება. 3 ადრიდგანვე ჰქონდა შთაგონებული იაკობს, რომ რაკი მღვდლობა დაისახა ცხოვრების მიზნად, თავი წმინდად უნდა შეენახა და ღირსეულად. გულწრფელად სწამდა მას, რომ უნდა შექმნილიყო ჭური მადლისა ღვთისა და ქნარი ტკბილხმოვანი სულისა წმიდისა, როგორ შეეფერებოდა ბიწიერს ეს მაღალი დანიშნულება?! გრძნობდა კიდეც იაკობი, რომ განგება მას ამ მძიმე მოვალეობისათვის ამზადებდა, რომ შემოქმედს მისთვის იგი წმიდა სამსახური დაესახა ამ ქვეყნად. მაშ რის მომასწავებელი იყო ის, რომ იაკობს ხშირად ესმოდა ჯერ ისევ მონასტერში ხმა იდუმალი, ძახილი რამ საიდუმლო, რომელიც მიუწოდებდა მას კეთილმოქმედებისადმი? ან რასა ჰნიშნავდა იგი წინასწარმეტყველური სიზმრები, რომლებიც ამცნებდნენ მას მომავალს და ცახდდებოდნენ ისეთის სისრულით, როგორც სიზმრები მამათმთავრის იოსებისა? ან რას მოასწავებდნენ იგი საოცარი სანახავები, რომლებიც ეჩვენებოდნენ მას ჰაერში თუ მიწაზე, სახენი ნათელნი, გამჭვირვალენი? მაკურთხებელი მარჯვენა ღვთისა საცნაურ იქმენბოდა მასში. მისი მამობილი და მასწავლებელი მოწიწებით მოისმენდა ხოლმე ამგვარ შემთხვევებს და პირჯვარს გადისახავდა სასოებით. - ჭეშმარიტად მადლმან სულისა წმინდისამან გამოგირჩია, შვილო! იგი განგამზადებს მსახურებად ეკლესიისა: ეგ ხმები თუ ჩვენებანი იმის მომასწავებელნი არიან. ძველადაც მომხდარა მაგისთანა შემთხვევები, - ეტყოდა მოძღვარი და მოუთხრობდა ისტორიიდან ამისთანა შემთხევებს. - მეცა მქონდა ოდესმე მაგვარი ჩვენებები,მეც მომესმოდა საიდუმლო ხმები, გარნა შეიმღვრა ჩემში სახე ღვთისა და განმეშორა სული მეცნიერი! - დაუმატებდა გულნატკენად. იაკობი გულმოდგინეთ ისმენდა სამღთო მოთხრობებს და დაკვირვებით ადევნებდა თვალს მსგავს შემთხვევებს ცხოვრებაში. მისი გონება მიხრილი იყო უნივთო არსებათა და მოვლენათადმი, მისი გამახვილებული გრძნობა მიდრეკილი იყო ზეციურ საგნებისაკენ. მადლი უფლისა გარდმოსულიყო ჭაბუკზე, სული ღვთისა იქცეოდა რცეულისა ზედა და დაუცხრომელად იზიდავდა თავისაკენ მის სურვილებს თუ მისწრაფებებს. ხშირად განიცდიდა იაკობი მომავალს ან იგრძნობდა მას ბუნდოვნად: სული მეცნიერი ახლდ მას და შთააგონებდა ყოველსავე., - ვაჰ. რომ ქვეყნიურ ხმებით დახშული ყური გარკვევით ვერ ისმენს იდუმალ ხმათა ბგერას, ამაო სურათებით დაბინდული თვალი ვერ ხედავს ეთეროვან ჩვენებებს სხივოსნებს, მიწიერ გრძნობათაგან დატყვევებული გული ვერ მოსწვდება საგრძნობელს სათუთს და ნაზს! ქვეყნიურ ზრუნვათაგან ტყვექმნილი სურვილი ამაოებისაკენ მისდრეკს ადამიანის მოქმედ ნებას, ნივთიერი ქმნილება ამძიმებს ჰაზრს, ფრთას აკვეცავს მას და უშრეტს ძალას აღმაფრენისას... შემდეგმა ცხოვრებამაც ვერ ჩაწყვიტა ის უხილავი სიმები, რომლებიც აკავშირებდნენ იაკობს ზეცასთან, აქაც მოესმოდა ხოლმე მას ხმა იდუმალი, აქაც ევლინებოდა ჩვენება მიუწთომელი და ხან ისე ნათლად, ისე ძლიერად, რომ ედარებოდა მის ბედისწერას. ესეთი ნათელი იყო ჩვენება იაკობისა მის ქორწინების წინადღეებში. მღვდლობა რომ ითხოვა იაკობმა, ქალაქს დაიბარეს გამოსაცდელად. მოეწონათ სამღვდლოდ განმზადებული ვაჟკაცი. ქართველ არქიელს კიდეც შეექო მისი კითხვა და გალობის კილო. მისცეს შესაფერი ქაღალდი და გამოისტუმრეს, რომ მოეძებნა თანამგზავრი ცხოვრებისა, შეუღლებულიყო წესისაებრ ეკლესიისა და ისე წამდგარიყო საკურთხებლად. ავიდა სოფლად და დაიწყო სასძლოდ განმზადებულ ქალების თვალიერება. მიაგდო ხმა აქათიქით, შესძრა ნათესავები თუ უცხო მაჭანკლები. ბევრმა შეაძლია ქალი. ან კი რომელი ოჯახი დაუჭერდა ქალს გლეხობაში თუ სოფლის სამღვდლოებაში იმისთანა ღვთისნიერ, გამრჯელ და სახიერ ვაჟკაცს და მერმე როდესაც ხელთ ეჭირა მღვდლობის ნებართვის ქაღალდი?! მაგრამ ვერავინ აირჩია იაკობმა: გული არ მისწევდა არავისაკენ. თვალს ბევრი მოსწონდა, გონებაც ბევრს ადასტურებდა საპატარძლოდ, ვნებათა ღელვაც ბევრ ჩაკვირვებულ გოგონასაკენ იზიდამდა სიცოცხლით სავსე სასიძოს, გულისთქმას უღვიძებდა შეუმართებელს, მაგრამ ბუნდოვანი რამ გრძნობა უარმყოფი უკუაყენებდა მას, ნებას არ აძლევდა გადაჭრილი სიტყვა ეთქვა, გაბედული ნაბიჯი წაედგა. დრო კი მიიწურა, სულ ორიოდე კვირაღა დარჩა პაემნამდინ. მხურვალედ ლოცულობდა იაკობი, რომ უფალს შთაეგონებინა მისთვის განზრახვა კეთილი და ფიქრი სწორი. - უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო! გზასა მსახურებისას შენისასა ვსდგევარ, წარმართე სვლა ჩემი; წყალობა შენი თანამავალ მეყავნ მე? მომეც თანაშემწე, ვითარცა ადამს; გამოაჩინე სასწაული შენი და მიჩვენე თანამგზავრი ცხოვრებისა ჩემისა; მომივლინე ანგელოსი ნებისა შენისა, ვითარცა წარუვლინე ანგელოსი ელიაზარს მიმავალს ძებნად სასძლოსი! ლოცულობდა იაკობი და დარწმუნებული იყო, რომ ამგვარ ძნელ შემთხევევაში ხმა იდუმალი უწინამძღრებდა მას და ამცნებდა ხილვა რამ საიდუმლოს მაგრა, ვერ ეღირსა იაკობი ვერავითარ შთაგონებას, თითქო დაჰშორებოდა მას სული მეცნიერი და პირი შეექცია მისთვის. ლოცულობდა იაკობი, რომ უფალს ჩაეგონებინა მისტვის განზრახვა კეთილი, მაგრამ თითონვე გრძნობდა, რომ ლოცვა მისი არ იყო სპეტაკი და აღმამფრენი; იგი მძიმე იყო, წითელი, სუნი რამ ასდიოდა ხორცეულისა: ეშხით აყვავებული საპატარძლოები ვედრების დროსაც არ ეშვებოდნენ მის გონების თვალს და ქვეყნიურ გრძნობებით და სურათებით ამძიმებდნენ ლოცვად მდგომის აღმაფრენას. ფიქრებით წაღებული, დაქანცული ვაჟკაცი მიწვა დერეფანში და გაჰყურებდა ცას, ჩამამავალი მზის სხივებით გაელვებულს. უეცრად შემოესმა ფეხის ხმა და შრიალი. წამოჯდა, გაიხედა. მისკენ მიდიოდა ქალწული ნორჩი. შავგვრემანი იყო, მაგრამ სახეს უმშვენებდა დაღონებული თვალები; ჩალის ფერი კაბა ეცვა, თავსაკრავზე ზამბახი ჰქონდა ამოქარგული, მაჯაზე ქარვის კრიალოსანი ეხვია. იაკობმა ყველაფერი ეს კარგად შენიშნა. ქალი შესდგა და ხვეწნით მიაპყრო თვალები ვაჟკაცს. იაკობი წამოხტა შესაგებებლად. მაგრამ ქალმა მორცხვად დახარა თავი, დაიწია უკან და მიეფარა. ვაჟკაცი გაჰყვა თან, მაგრამ ვეღარავინ ნახა. განცვიფრებულმა მიიარ-მოიარა ეზო, გადიხედა ბაღჩაში, დაათვალიერა ოთახები, მაგრამ ვერავინ ვერ იპოვა. ჰკითხა თავისებს თუ მეზობლებს, მაგრამ ამაოდ. ალბად ჩაგეძინა და მოგეჩვენაო, უთხრეს. - სწორედ გზმანებია! აქაურ ქალებს ხომ ყველას იცნობ, უცხო სტუმარი კი არავინ არის ეხლა სოფელში, - უთხრა იაკობს მისმა დამ. იაკობმა დაიჯერა, რომ სიზმარი იყო უბრალო და დამშვიდდა. რამდენიმე დღის შედეგ ხატობაში მოუხდა წასვლა შორს და მის განცვიფრებას სამზღვარი არა ჰქონდა, როდესაც ხატის კარს სწორედ ის ქალი შეხვდა, რომელიც ეჩვენა მას და სწორედ ისე ჩაცმულ-დახურული. შეძლებული გლეხის ოჯახიდან აღმოჩნდა ქალი. დაინიშნა. ყისმათს სად წაუვიდოდა?! - დაგინახე თუ არა, ქალო, მაშინვე გიცანი! მივხვდი, რომ ჩემი უნდა გამხდარიყავი, - ეუბნებოდა დანიშნულს ვაჟკაცი და უამბობდა, როგორ ეჩვენა ქალი მას. - აბა შენ საიდან გეცნობებოდი?! მე კი გიცნობდი, - მიუგო ქალმა. - რას ამბობ, ქალო, შენ საიდანღა მიცნობდა?! - შარშან გნახე ამავე დღეობაში და მაშინვე გული ჩამწყდა: უშენოდ გაძლება აღარ შემეძლო, შენი გაცნობა კი ვერ შეიძლებოდა. ვერვის გავენდე, დედასაც კი ვერ ვანდე ჩემი საიდუმლო. სულ ვტიროდი და ვლოცულობდი. როცა მითხრეს, მღვდლად უნდა ეკურთხოს და ქალს ეძებსო, გული შემეხუთა, მომიკვდა. შენი სახე აღარა მშორდებოდა, ფიქრით სულ შენთან ვიყავი, - უთხრა ქალმა და ვაჟკაცის უბეში ჩამალა დარცხვენილი თავი. კარგი ქორწილი გადიხადეს. ქალი არა ბრწყინავდა სიმშვენიერით, ვერა ჰგვანდა იგი რახილს, თვალწარმტაცს, მაგრამ მეუღლე გამოდგა ნაკურთხი და დალოცვილი. 4 დიდად აღელვებული იყო იაკობი კურთხევის დღეს. სიონის ტაძარში აკურთხეს დღესასწაულ დღეს აუარებელი ხალხის წინ. იაკობი მხოლოდ სოფლის ხალხს იყო ჩვეული და მიყრუებულ მონასტერს, და მღვდელთმთავრის სადთესასწაულო წირვა შიშსა ჰგვრიდა მას და კრძალვას. იაკობს სწამდა დაჭეშმარიტებით, რომ ის დღე დიდმნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში: გადმოვიდოდა მაშინ მასზე მადლი სულისა წმიდისა და ეს ზეციური ძალა გარდაჰქმნიდა მას რჩეულად, წინამძღვრად ხალხისა, მწყემსად კაცთა და იმათ მიყვანებად წინაშე მამისა ზეცათასა; ამიერიდგან ის შეიქმნებოდა აღმასრულებელი ღვთაებრივ საიდუმლოთა და შუამდგომელი ღვთისა და მრევლის შორის. ეს მაღალი მოწოდებაც აღელვებდა მას და გულს უჩქროლებდა. ამისთანა მძიმე და პასუხისმგებელი ტვირთი აღემატებოდა და ადამიანის ჩვეულებრივ ძალას, თუ მისი ბუნება არ ამაღლდებოდა ღვთაებრივ ძალით და მით არ გაძლიერდებოდა, თუ მასში არ დამკვიდრდებოდა სასწაულთმომქმედი მადლი უფლისა. დღეს ამ მადლის გადმოსვლას მორწმუნე იაკობი მოელოდდა მოწიწებით და კრძალვით, შიშით და ძრწოლით, რადგან ჩაგონებული ჰქონდა და სწამდა კიდეც, რომ მადლი იგი არის შემწე ღირსეულთა, აღმაფრთოვანებელი და განმასპეტაკებელი რჩეულთა, ხოლო შემწველი და დამანავლებელი უღირსთა და არა რჩეულთა. იაკობს სწამდა, რომ დღეს ამ სასწაულებრივ ძალას ნივთიერადაც იგრძნობდა ის და გაიგებდა მის გარდამოსვლას მასზე. - მე რომ მღვდელმონოზნოდ მაკურთხეს და ხელნი დამასხნა მღვდელმთავარმა, ვიგრძენი ძალა ღვთისა, გარდამოსრული ჩემზედ, ვითარცა ელვა. მადლმან ღვთისამან განანათლა სული ჩემი, როგორც რამ ალმა ანაზდეულმა, - მოაგონდა იაკობს თავის მასწავლებლის სიტყვა. აგერ იაკობს მუხლი მოადრეკინეს ბრწყინვალედ შემოსილ მღვდელმთავრის წინ. ეპისკოპოსმა დაახსნა ხელნი და აღიმაღლა ხმა: - „მადლი ღვთისა, რომელი იგი მარადის უძლურთა განკურნებს და ნაკლულევანთა აღავსებს, ხელთა დაასხამს კეთილად მსახურსა იაკობს და განაჩინებს მას მთავარდიაკვნობისაგან მღვდლად! ვილოცოთ, რათა დაიმკვიდროს ამასთანა მადლმან სულისა წმიდისამან“. წარმოსთქვა თუ არა მაკურთხებელმა ასამაღლებელი, იაკობის გამახვილებულს ყურს მოესმა შრიალი რამ მსუბუქი მსგავსი ნიავისა და გაეღო გული და აღივსო არსება მისი გამოუთქმელი სიამით: ცხადად იგრძნო იაკობმა მადლი ზეცისა გამამხნევებელი და მომცემელი ღვთაებრივის ძალისა. დაივანა ამ ჟამიდან ძალმა ზეცისა მასში, ვითარცა ჭურში რჩეულში და დაადგრა უკანასკნელ დღემდე ცხოვრებისა მისისა. იგი ძალა სასწაულებრივი ახელმძღვანელებდა მას სიცოცხლის განმავლობაში; იხსნიდა სასოწარკვეთილებისაგან, როდესაც დაჰბერავდა მის ხომალდს ცხოვრების ზღვარზე ქარიშხალი სასტიკი; იგივე ძალა იხნიდა მას ჭარბ კმაყოფილებისა და უჯერო პატივისაგან თავის თავისადმი, როდესაც მზე ბრწყინვალე დაჰნათობდა მის სიცოცხლის ზღვას დაწყნარებულს და ნიავი თანამსრბოლი კეთილად წარმართავდა მის ხომალდს. ყოველსავე კეთილს, რომელსაც მოიმოქმედებდა იაკობი, აწერდა არა თავის თავს, არამედ ღვთაებრივ ძალას, რომელიც მოქმედებდა მასში; ყოველსავე ბოროტს, რომელსაც ნებსით თუ უნებლიედ იქმოდა იაკობი, მიაწერდა თავის ცოდვიან ბუნებას, რომელი უღირსი იყო მასში მყოფ ღვთაებრივ ძალისა და რომელიც ამგვარი ხენეში მოქმედებით უღირსად ამღვრევდა მას. იგივე მადლი უფლისა იხსნიდა მას უზომო ჭმუნვისა და უიმედობისაგან განსაცდელში, სასოწარკვეთილებისაგან, რომელი დანთქმას მოქმედ ნებას ადამიანისას, ამოსწვდის სულს ცხოველს, მოღვარსლავს ადამიანს და გარდაჰქმნის მას მჩვრად რადმე უხმარად. ეს მადლი ღვთისა შეიქმნა მოძღვარში იმ უხილავ ძალად, რომელი დაუდგა კვარცხლბეკად და საფუძვლად მის ზნეობრივ პიროვნებას, რომ ვერ შეეძრა იგი ფერად-ფერად სიჭრელეს ცვალებადის ცხოვრებისას და ვერ დაეხარნა თავისაკენ. დღეს დარწმუნდა იაკობი, რომ მადლი სულისა გადმოვიდა მასზე და დაემკვიდრა მასში და ამ გრძნობამ ააფრთოვანა ის, გრძნობები აუმაღლა, იმედებით აავსო და ისეც მიზანმიღწეული ვაჟკაცი მთლად ბედნიერი გახდა. განიბნა და განქარდა ამჟამად მის გულში ყოველივე ბოროტი, ამოიფხვრა ამ წუთს მის არსებიდან ყოველივე ავი. აწ ყველა და ყოველივე კეთილი იყო მისთვის და კეთილქმნილი, მშვენიერი: ხატები ლმობიერად უყურებდნენ მას, და აკურთხებდნენ, მღვდელთმთავარი სათნო იყო და სახიერი, მთავრები თუ დიაკვნები მეგობრულად გარს ეხვეოდნენ იაკობს და კმაყოფილებით შეჰღიმოდნენ; მგალობლები ანგელოსთა კრებულად გარდაქმნილიყვნენ და სანატრელ ხმებს იტყოდნენ; ამბიონიდან რომ მთავარდიაკვანი გრგვინავდა, იგი გრგვინვა ცხებული სუნნელოვან ნელსაცხებლად ეფინებოდა მის არსებას. ნეტარებასა გრძნობდა იაკობი, ნეტარების ღიმილი გადაჰფენოდა მთელ მის სახეს. მშვენიერი იყო ქვეყანა ღვთისა! მზე დიდებულად მისცურავდა ლაჟვარდ ცის კამარაზე და განმაცოცხლებელ ნათელსა ჰფენდა სამყაროს; დედამიწის გადაშლილ მკერდზედ აღმოცენებულიყო ყოველივე მდელო ხასხასი და მოქარგულიყო იგი მკერდი სუნნელოვან ყვავილთ ფერად-ფერადით; მფრინველთა გუნდი შესწირამდა ქებას ზე ცას, ხოლო ქვე დედამიწას; მოჩუხჩუხე ნაკადები მიიტყოდნენ და მიიმღეროდნენ დიდებასა ღვთისასა. სამღვდელო ტანისამოსში დამშვენებულს იაკობს სოფლის ნაცნობი გზა დღეს მოქარგული ეჩვენებოდა ია-ვარდით, ეს კი იყო რომ გაგრძელებულიყო იგი გზა, აღარ თავდებოდა. ქვა, მდელო, ჯაგი თუ ბუჩქნარი სალამს აძლევდა მას, უღიმოდა, კურთხევასა სთხოვდა; მგზავრებიც ქუდს უხდიდნენ ახალ მოძღვარს და შენდობას იღებდნენ. - შენდობა, ბატონო! - შესძახა ნინიკამ და გასცდა ჩქარის ნაბიჯით მიმავალი: ვეღარ იცნო ანაფორაში იაკობი: - გაკურთხოს ღმერთმა, ჩემო ნინიკავ! - მიუგო მოძღვარმა მხიარულად. ნინიკა შედგა და გაკვირვებით დააშტერდა მღვდელს. იაკობი გადმოხტა ცხენიდან და გადაეხვია მეზობელს. სასიამოვნო წუთი იყო და ღირსსახსოვარი! ლმობიერს და ყოვლად მოწყალე შემოქმედს დღეს წყევა პირველი მოეხსნა ტვირთმძიმე დედამიწისთვის, იგი ქვეყანა დღეს აღარ იყო შეჩვენებული, ნაკურთხი იყო იგი და კურთხეული. იაკობიც კეთილი იყო! ყველას მადლიან სიტყვას ეუბნებოდა, ყველა ბუჩქს კურთხევას უთვლიდა, ყველა წყაროს ჯვარსა სახამდა, ყველა მფრინველს ალერსით ადევნებდა თვალს. შინაურებიც მხიარულად დახვდნენ იაკობს: მისი ახალგაზრდა მეუღლე ეზოში იდგა ლეჩაქგადაფრიალებული დღეს სახიერად მოეჩვენა იაკობს თვისი ლია და კეთილქმნილად. ოჯახმა, ნათესაობამ, მთელმა სოფელმა გულწრფელად მიულოცეს წარმატება. ერთი შური თვალიც კი ვერ შენიშნა ახალმა მღვდელმა თვის გარშამო; ყველა კარგად იცნობდა იაკობს და ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი წარმატება მისცემოდა მას სადიდებლად ეკლესიისა და სასიკეთოდ მრევლისა. 5 ღვთისმოსავი კაცი იყო იაკობი, სარწმუნოების მტკიცე ნიადაგზე დამყარებული და მცნება ღვთისა ახელმძღვანელებდა მას ყოველსა ჟამსა ცხოვრებისა მისისასა. მცნებისაებრ ღვთისა ჰქონდა მას დასახული აზრი ამ ქვეყნად ცხოვრებისა, მარტივად და ნათლად. იაკობ მღვდელი ადამიანი იყო ხორცშესხმული და ცხოვრება უნდოდა ქვეყანაზე, ესაჭიროებოდა პური არსობისა თავისათვის თუ თავის ოჯახისათვის, მახლობელთათვის თუ მოყვასთათვის. და იაკობს სიმცროდანვე ჰქონდა შეთვისებული ის ერთადერთი სამართლიანი და უყვედური სახსარი ცხოვრებისა, რომელიც დაუსახავს განგებას. ყოვლად ძლიერმა შემოქმედმა რომ მოჰმადლა ადამიანს ძვირფასი ნიჭი არსებობისა, იმანვე, ყოვლად მოწყალემ, ამცნო მას მართალი საშუალება არსებობისა. - ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შრნსა! ბრძანა უფალმა და დააწესა სახსრად ცხოვრებისა შრომა პირადი. შემოქმედის ბრძნული განგებით იმ ოფლითა პირისა თვისასათა ადამიანს უნდა მოერწყო დედამიწა, იგი უნდა შექმნილიყო „მოქმედ ქვეყნისა“, შემმუშავებელ მიწის წიაღისა და იგი მიწა, დედა ყოვლისა არსისა, მისცემდა მას საზრდოს და განძღებდა. მართალია განრისხებულმა უფალმა დასწყია ადამიანს მუშა-მარჯვენა, მისი გაჩენის ჟამი, დღენი მისი ცხოვრებისა და თვით შესამუშავებლად დადებული ქვეყანა. - წყეულ იყავნ ქვეყანა საქმეთა შინა შენთა! ეკალსა და კუროსათავსა აღმოგიცენებდეს შენ იგი. მწუხარებითა სჭამდე პურსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა! - ბრძანა მან. გარნა არა სრულიად განრისხდა უფალი, არცა უკუნისმდე ძვირი იხსენა. - ნაყოფი ნაშრომთა შენთა სჭამო შენ და კეთილ-გეყოს შენ! კვლავ ბრძანა ყოვლად-ლმობიერმა და კვლავ მოჰფინა მადლი თვისი ქვეყანას, კვლავ განამრავლა ქვეყანაზე წყალობა თვისი, ხოლო კვლავ მადლშემოსილმა და გალაღებულმა დედამიწამ მოსცა სიხარული გულსა მუშაკისასა და აღავსო სახლი მისი ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა, რომელ განმრავლდნენ. - შრომა და მიწა დაგვიწესა გამჩენელმა სახსრად ცხოვრებისა სამოთხის გარე. ვისაც მიწაზე უდგა ფეხი და შრომის უნარი ჯერ არ მოჰსპობია, იმის არ ეშინიან, არც უნდა ეშინოდეს ცხოვრებისა, - ფიქრობდა იაკობ მღვდელი. და როცა დაბრუნდა სახლში ნაკურთხი და დაბინავდა მრევლში, უფრო მეტის ხალისით და ეშხით განაგრძო თავისი წინანდელი შრომა. სწორედ ისე მუშაობდა, როგორც მისი სოფლის გლეხები, არაფერში არ ჩამორჩებოდა თვითეულ თავის მრევლს. გულგაღეღილი, თავწაკრული, ქალმებით ფეხზე ებრძოდა მადლიან მიწას მძიმედ, აუჩქარებლივ, მოზომვით, გარნა წარბშეუხრელად, დაუღალავად, შეუდრკომლად, იმედიანად. ალტობდა შაბს დედამიწას სისხლის ოფლით, რომ დაელბო და გაენოყიერებინა მისი ფართოდ გადაშილი მკერდი ცხოვრების მომცემელი. მუშაობდა მღვდელი ბაღში, როგორც მებაღე დახელოვნებული, უვლიდა და ამრავლებდა საქონელს, როგორც მამათმთავარი იაკობ ლევვანისას, მისდევდა ხვნა-თესვას ჰაზრიანი მეურნე, მკაში თუ კალოში არ ჩამოუვარდებოდა არც ერთ ვაჟკაცს სოფელში. მის გამოყვანილ გუთანს თუ ურემის თვალს შორიდანვე იცნობდი. ისე დაუდებდა საძნე ურემს, შეხედვა გიამებოდათ. მისი დადგმული ზვინი საყდარს ედარებოდა ნაქვთიან მოყვანილობაში. შრომობდა განუწყვეტლივ იაკობ მღვდელი, შრომობდა არა დაღრეჯით და უნებლიედ, არამედ სიამით და ხალისით. იმედით სავსე ჩაჰყურებდა დედამიწას, ღღმად დარწმუნებული იყო მის დაუშრეტელ სიუხვეში, მის ულეველ სიმდიდრეში. სასოებით აფუფუნებდა მის წიაღს და რწყავდა მას ოფლით. იცოდა, რომ ყოველივე წვეთი ოფლისა არ გაშრებოდა უკვალოდ მიწის ნოყიერ უეში, არამედ აღმოცენდებოდა მადლობით და დაუბრუნდებოდა მას ასკეც განმრავლებული. - დალოცვილია დედამიწა, ის თვით ხელია უფლისა. პეშვი ღვთისა სავსე ულეველის საზრდოთი. ხოლო შრომა არის ის ერთადერთი იარაღი, რომელიც გააღებს ამ საუნჯეს უთვალავს, აღაღებს ამ ხელს კურთხეულს, რომელი მოსცემს საზრდოს სიყვარულისაგან თვისისა და განაძღებს ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ თავისისა, - ფიქრობდა იაკობ მღვდელი და კმაყოფილება ესახებოდა მიმზიდველ სახეზე. იაკობ მღვდლის მართა სწორედ შესაფერი ადამიანი გამოდგა მღვდლის ოაჯხისათვის. მისი პიროვნება უნაკლულოდ იყო ჩამოსხმული მტკიცე რამ ნივთიერებისაგან და დასრულებული. ქალის მამის ოჯახში უმთავრესი აზრი ცხოვრებისა იყო შრომა დაუღალავი, სარისტა აზრიანი და კამყოფილება მცირესა ზედან. თუ გამრჯელობისათვის ან მტკიცე წესიერებისათვის ეღალატნა მის მამის დიდ ოჯახს, ბურჯი შეერყეოდა მას, დაინგრეოდა და თვის ნანგრევებ ქვეშ მოიტანდა თვის წევრებს. ესეთი შეხედულობა სიმცროდგანვე ჰქონდა შეთვისებული თვითეულ წვერს ამ ოჯახისა, ესეთი შეგნებით იყო გამსჭვალული ყოველი მათგანი და ეს დედა აზრი სპობდა ოჯახის შვილთა შორის წრესგადასულ კერძო მისწრაფებას, დამთქმელს სახლის კეთილდღეობისა. ერთხელ და სამუდამოდ მიღებული წესი და ჩვეულებები ამოძრავებდნენ ამ დიდ ოჯახის წევრებს ერთმანეთის გვერდზედ მიზანშეწყობილად და თანხმობით. აქ ყველა თავის ტვირთს ეზიდებოდა, ყველას თავის უღელი ედგა ქედზედ, ყველა განსაზღვრულ კვალში იყო ჩაყენებული, ყველა წევრი ოჯახისა აუცილებელი მუშაკი იყო ერთისა და იმავე მიზნისა და ოჯახის მაშენებელი. მართამ ესეთი გარკვეული და სამართლიანი წესი ცხოვრებისა უკლებლივ გადმოიტანა თავის საკუთარ სახლში და მალე მისცა მას განსაზღვრული სახე და საიმედო მსვლელობა. ოჯახში რომ ჩადგა მართა და მიიხედ-მოიხედა, ჯერ იმას მიაქცია ყურადღება, რა საფუძველზე იყო იგი აშენებული ან რამდენად იყო მკვიდრი იგი საფუძველი. ნახა, რომ ოჯახის ნიადაგი ნაცნობი იყო, უკვე მამის სახლში მისგან შეთვისებული და უფრო მკვიდრიც: ბინა საკუთარი და ფართო, ვენახი და ბოსტანი ნაკადულის პირზე, რამდენიმე დღიური სახნავსათესი, ქმარი განთქმული მუშა და თანაც მღვდელი. რაღას უნდა შეეფიქრებინა ახალგაზრდა დიასახლისი? არაფერს, სრულიადაც არაფერს! ღვთისგან კურთხეული ნიადაგი დახვდა ფეხქვეშ ნაცნობი და მიჰყო ხელი შეჩვეულ შრომას, დატრიალდა ჯარასავით. სახლს უვლიდა, პურს აკეთებდა და აცხობდა, სარეცხს რეცხავდა, სადილ-ვახშამს ძროხებს სწველავდა , ფრინველს ამრავლებდა, ქმარ-შვილს ჰმოსავდა, ბოსტანში თუ კალოზე მუშაობდა. მისი გამჭრიახი თვალი სწვდებოდა ოჯახის ყველა კუთხეს, მის მახვილ გონებას არაფერი არ გამოეპარებოდა ოჯახის მოძრაობაში, მის მარჯვე ხელს არაფერი არ ასცდებოდა სახლში. მისმა წაღმა ტრიალმა წაღ მა წარმართა ყოველივე საოჯახო საქმე. ტრიალებდა ოჯახში დაუღალავად მადლიანი დიასახლისი და არა უნებლიეთ, უილაჯოდ, დაღრეჯილი და მგმობელი ბედისა, არამედ კმაყოფილი და მადლიერი განგებისა, რომელმა მიანიჭა მას ისეთი ოჯახი, სადაც ესე გამოსადეგი იყო და ხვავიანი მისი შრომა, სადაც თავისას თვალითა ხედავდა კეთილს ნაყოფს თავის გამრჯელობისას. - სახლში შემოგულებული დოვლათი ერთიორად იქცევა, თუ მას ოჯახში დახვდა სარისტიანი ხელი გამრჯელი დიასახლისისა, თუ არა, ფუჭად ჩაიშლება იგი და ცრემლად დაიღვრება, - ფიქრობდა დიასახლისი და კმაყოფილებით ევსებოდა გული, როცა ჰხედავდა მადლიანად დაცულს სავსე ოჯახს. და საღამო კმაყოფილებით შეაგებებდა ერთმანეთს ამ დაუღალავ მშრომელ ცოლ-ქმარს. მიმწუხრის იგინი ჰმადლობდნენ და აქებდნენ შემოქმედს, რომელმან ჰქმნა მათზედ დღის განმავლობაში მოწყალება მრავალგვარი და ევედრებოდნენ მიეცა მათვის ძილი განსასვენებლად ხორცთა. და სიამით იყო სავსე სარეცელი მათი: ყოველნი ზრუნვანი ნივთიერნი მიეფარებოდნენ თვალთაგან მათთა და მოიცავდა მათ ძილი ტკბილი, მსუბუქი, ოცნებათაგან განყენებული, დამატკბობელი ხორცთა გემოვნებისა. 6 იაკობ მღვდელი კაცი იყო-მეთქი ხორციელი, ცხოვრება უნდოდად ამ სოფლად და საცხოვრებელი; მას ესაჭიროებოდა პური არსობისა თავისათვის თუ მახლობელთათვის და უნდა ეზღუნვა ამაზე, ეღონა რამე. აკი კიდეც ზრუნავდა: თავის ხელით ამოჰქონდა სანოვაგე დედამიწის ულეველ სალაროდან და ინახამდა ოჯახს. გარნა არა პურითა ხოლო სცხონდების კაცი! იაკობს სულიც ედგა უკვდავი, შემოქმედისაგან შთაბერილი, თვით ნაწილი ყოვლადმეცნიერისა და სულისათვისაც საჭირო იყო საზრდო შესაბამი. ეს საზრდო სულიერი, ეს სანოვაგე უნივთო ააღორძინებს ნივთიერებაში მოყოლილს და მით დამძიმებულს, დაძაბუნებულს სულს, მისცემს მას ძალას ბრძოლისას, შეასხამს ბოროტს, ხოლო შემდეგ ხორციდან დახსნისა აღფრინდეს ზეცად და მიხვდეს მას თვისსა ნდომასა. ბოროტი სდარაჯობს ადამიანის სულს ყოველ ჟამს მისი ცხოვრებისა, უგებს მახეს ძნელს ყოველ გზაზე მისის მსვლელობისა, უთხრის მთხრებლს, რათა ჩასთხიოს იგი ქვესკნელს; თანა სდევს იგი ბოროტი ადამიანს სიკვდილამდე, ხოლო სიკვდილის შემდეგ ევლინება მის სულს სასტიკ და საზარელ ჰაერის მცველთა სახით. თუ ადამიანს არ მიუპყრეს საზრდო, უნივთო, დაიმშევა სული მისი, დაუძლურდება, დაეშვება ძირს და შთანსთქამს მას ბოროტი. იაკობ მღვდლის რწმენით საზრდო სულიერი იყო მარტოოდენ მტკიცედ აღსრულება ეკლესიის მოთხოვნილებათა, აღსრულება ყველა ამ სამღვთო წესებისა და ჩვეულეებისა, რომლებიც დაუდგენიათ წმიდა მამებს. გარეშე ამ წესწყობილებისა ყოვლად შეუძლებელი იყო საზრდოობა სულისა ამქვეყნად და მისი სასუფევლად მიყვანება იმ ქვეყნად. თვით სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ამ საეკლესიო წესებისა და ჩვეულებების აღსრულებით შეიძლებოდა შველა საიქიოს მყოფ უიმედოდ და უმწეოდ დარჩენილ უბადრუკ სულთა და ამისთვის ყველა მოვალე იყო, ვისაც კი სიკეთე უნდოდა თავის თავისათვის ამ ქვეყნად თუ საიქიოს, ეზრუნვა თვის კეთილდღეობაზე ამ საშუალებით, ეკლესიის დახმარებით. კერძოდ ყველა მღვდლისათვის, როგორც ხუცესისთვის, როგორც უხუცესისთვის და წინამძღვრისთვის მრევლისა, ეს ზრუნვა სულიერ პურის მოსაპოებლად დიდი იყო და მეტად პასიხისსაგები: იმას უნდა ეზრუნვა არა მხოლოდ თავის თავზე, არამედ სხვაზედაც; მას არ უნდა წაეწყმიდა არც ერთი მათგანი, რომელი მისცა მას მამამან ზეცათამან საზრუნველად. იგი რჩეული იყო, აღნიშნული სულისაგან წმიდისა და მინიჭებული ჰქონდა ძალი და უფლება შეესრულებინა ყოველივე საღმთო თვისი მრევლისათვის, გადმოევლინა მადლი მაცხოვნებელი მრევლზე და წაემძღვარებინა იგი მადლი ყველასათვის ყოველ სათანადო კერძო შემთხვევაში ცხოვრებისა. თუ ეს მადლი არ მიენიჭებოდა იმათ, მაშინ ისინი შეიქმნებოდნენ სულიერად უძლურნი მავნე ძალებთან საბრძოლველად, მაშინ სული ბოროტი სძლევდა მათ და დაიპყრობდა. ამისთვის მღვდლობა ძლიერ საშიში იყო თვით აღმასრულებელისათვის სამღვთო წესისა, თვით ხუცესისათვის: თუ არ შეასრულებდა თავის მოვალეობას, ან წესისამებრ ვერ შეასრულებდა, ვერ მიაშველებდა საწმყსოს ძალასა ღვთისასა საჭირო შემთხევავაში, არ მიაწვდიდა ეშმაკთან საბრძოლველ იარაღს და ჰშველოდა ისეც გალაღებულ ბოროტს, ხელს უწყობდა მაცთურს მის მისწრაფებაში, შეიმქნებოდა ეშმაკის მუშა და თვით მაცთური. რაღა მოძღვარი იქნებოდა მაშინ? არაფერი! უმჯობესი იყო მისთვის დამოეკიდა ქვა წისქვილისა ქედსა თვისსა და დანთქმულიყო უფსკრულსა ზღვისასა. თუ მღვდელს უზიარებელი მოუკვდებოდა ვინმე მრევლში, მაშინ გარდაცვალებულის სული მოკლებულ იქმნებოდა თვით იესოს და ეშმა ბილწი ადვილად შეიპყრობდა უბადრუკს, ხოლო ამ უბედურების მიზეზი იქმნებოდა თვით მოძღვარი; თუ დროზე არ გაუნათლამდა ვისმე სახლს, მაშინ მის მიზეზით მელოგინეს ავი სული დაეპატრონებოდა და დააკვეთებდა; თუ გვალვაში დაიზარებდა პარაკლისის გადახდას, ღრუბელთა შამკვრელ ბოროტ ანგელოსთ მსახური გახდებოდა და დაღუპავდა ქვეყანას. და ესე ყოველ ჟამს, ყოველ ნაბიჯზე. ესე სწამდა იაკობ მღვდელს და თვალხმიერად ედგა თავის მრევლს, რომ არც ერთი მღვდელთმსახურება და საეკლესიო წეს-ჩვეულება არ ასცდენოდა მას და ამით უნებლიეთ ბოროტი არ მოეტანა სამწყსოსათვის და არ შეემძიმებინა თავისი სული, პასუხისმგებელი არ შექმნილიყო წინაშე სამსჯავროსა ქრისტესასა. უკლებლივ სწამდა ეს იაკობს, ძრწოდა შიშით მეუფის წინაშე და თითონვე ადევნებდა მრევლს თვალს, რომ დაუდევრობით თუ სირეგვნით არ გაეშვათ რომელიმე საეკლესიო წესი და ცოდვაში არ ჩაეგდოთ მოძღვარი. ეს იყო მიზეზი, რომ იაკობ მღვდელი შიშით და კრძალვით აღასრულებდა ყოველსავე საღმთო მსახურებას თუ მოქმედებას. მღვდელი ხომ ხშირად მზირად იყო და შიშობდა რამე საღმთო მსახურება არ გაეშვა და ცოდვა არ ჩაედინა, თანაც საღმთო მოქმედების აღსრულება თვით სიამოვნება იყო ღრმად მორწმუნესათვის და ნეტარება: ღვთის მსახურების დროს ის გრძნობდა, ხედამდა ცხადად, რომ უახლოვდებოდა ღმერთს, მის ანგელოსებს, მის წმინდანებს; ის განიცდიდა მათ სიახლოვეს, გრძნობდა რომ ძალნი ცათანი მასთანა უხილავად მსახურებდნენ. საუკუნო ნეტარების წინადგრძნობა იყო ეს მისთვის. როცა აღასრულებდა რომელსამე საიდუმლოს თუ სხვა საეკლესიო წესს, იაკობი გრძნობდა, რომ იგი ძალა გადმოვიდოდა მის მაკურთხებელ მარჯვენიდან კურნებად და სალხინებლად სამწყსოსი და ნეტარებდა ხუცესი, როგორც ნეტარებს დედა, როდესაც მიუპყრობს ძუძუს ჩვილს და აღტაცებით გრძნობს თვისაგან გამომავალ სიცოცხლის წყაროს ასაღორძინებლად ახალის არსებისა. და სიხარულით, სიყვარულით აღასრულებდა იაკობი ყოველსავე საღმთო მსახურებას. 7 - რამდენჯერ მითქვამს თქვენთვის ამ ოთახში, ნუ შემოდიხართ-მეთქი! წიგნებსა და ქაღალდებს აქოთებთ და მემრე უნდა ალაგოს ადამიანმა. ეს საკმეველი ვიღამ დააპნია? კევს თუ აკეთებდით, თქვე პირშავებო! - დაუტატანა მართამ პატარებს და გარეკა. - შენ რაღასა სჩორკნი ამ კარის ბჭეში, ეზო ვერ გიტევს? - მიუბრუნდა დიასახლისი მოჯამაგირეს. - ეს ერთი ოთახი მაინც სუფთად იყოს. აგერ ბლაღოჩინს უპირებია მოსვლა; უეცრად რომ თავს წამოგვადგეს, სად უნდა მივიღოთ? ისე სტუმრის დარდი არა ჰქონდა დიასახლისისას, როგორც თითონ მღვდლისა: მეორე დღეს ფერისცვალება იყო და ლოცვიდან დაბრუნებული მღვდელი ამ ოთახს გაიხდიდა სავანედ, რომ შემზადებულიყო წირვისათვის. ამისთვისა ცდილობდა დიასახლისა. იცოდა, რომ როცა მღვდელი ლოცვად დადგებოდა, მისთვის არავის და არაფერს არ უნდა შაეშალნა ხელი. ის იყო მორჩა მართა ოთახის ალაგებას, რომ შემოვიდა მღვდელი დერეფანში. - გწყალობდეთ ლოცვის მადლი! - მიესალმა სახლობას და ჩამოჯდა ტახტზე. - შენი მწყალობელიც იყოს! - მიუგო მეუღლემ და შეეკითხა: - იყო ვინმე ეკლესიაში? - იყვნენ, კარგა ხალხი იყო. ნენე კი არ მოვიდა. ავად ხომ არ არის? შენ რატომ აღარ მოხვედი, ქალო? შენ ადგილას იმდაანთ თამარა იდგა. - ვერ მოვიცალე. ათასი საქმეა სახლში. ახლა ი ბლაღოჩინს უბრძანებია მოსვლა და ოთახს ვალაგებდი, - იცრუა მართამ, რადგან ეხათრებოდა ნამდვილი მიზეზი დაესახელებინა. - მართა, მართა! ზრუნავ და სწუხარ მრავლისათვის, ხოლო ეს ერთი არს სახმარ! - მიუგო მღვდელმა სახარების კილოთი. მართას ეწყინა დაუმსახურებელი ყვედრება და თვალი გაუშტერა ქმარს. კავი ეხლა კი მიხვდა ნამდვილ მიზეზს საყდარში წაუსვლელობისა, ღიმილით წარმოსთქვა: - განწმინდე, მეუფეო, მხევალი ესე შენი მწიკლოვანებისაგან ხორცთა! - და გადასახა ჯვარი ცოლს. და რომ სიტყვა შეეცვალნა, მიუბრუნდა ბავშვებს: - ზარის ხმა რომ გაიგონეთ, რატომ არ წამოხვედით ლოცვაზედ? ახლა უდედოდ აღარ შეიძლებოდა წამოსულიყავით? არა ჰგეხართ აბრამს! ისე დარკვევით ჩააწკრიალა ნეტარარსი, რომ ყველას სასოება მოჰგვარა. იაკობ მღვდელი წირვა- ლოცვოს შესახებ სწორედ სასტიკი იყო. თითონ უკლბელივ ასრულებდა საეკლესიო წესს და სწყინდა, როცა ან მისი სახლობა ან მრევლი აკლდებოდა წირვა-ლოცვას და საყდარი სამსე არ იყო ხალხით. - ვაჟკაცები კიდევ შეიძლება მინდვრად იყვნენ ან ტყეში, გზაზე თუ სხავაგან და ამისთვის ვერ მოვიდნენ საყდარში, დედაკაცები კი სულ შინ არიან და მხოლოდ მცონარეობის გამო თუ დააკლდებიან ღვთის მსახურებას, - ამბობდა მოძღვარი. თუ სადაგ დღეში ილოცავდა და სწირვდა, მაშინ მრევლისაგან არა თხოულობდა მოსვლას. სადა სცალიან ამისთანა დღეში გლეხკაცს?! კვირა-უქმეში კი უსათუოდ უნდა მისულიყო მრევლი და წირვა ლოცვა მოესმინა. - ღვთის მცნებას გადასდიხართ! ღმერთმა ბრძანა, ექვსი დღეს იმუშავე, ხოლო დღე იგი მეშვიდე წმინდა ჰყვენო. შენც აასრულე! თავისუფლად ამოისუნთქე, კვირაც დღეს. დიაკვანი რომ კვირაძალზე ზარს ჩამოჰკრავს და დაარისხებს, აიღე ხელი სამეზე. ხარ-კამეჩიც შეასვენე, რომ ღმერთი არ გაგირისხდეს და ხელი არ შეგახმეს მხარზედა, - სწრთვნიდა მოძღვარი მრევლს. - ღვთის მცენებას გადასდიხართ! ღმერთმა ბრძანა, ექვსი დღე იმუშავე, ხოლო დღე იგი მეშვიდე წმინდა ჰყვენო. შენც აასრულე! თავსუფლად ამოისუნთქე, კვირა დღეს. დიაკვანი რომ კვირაძალზე ზარს ჩამოჰკრავს და დაარისხებს, აიღე ხელი საქმეზე. ხარ-კამეჩიც შეასვენე, რომ ღმერთი არ გაგირისხდეს და ხელი არ შეგახმეს მხარზედა, - სწრთვნიდა მოძღვარი მრევლს. მღვდელმა ლოცვით უკან შეისვენა მცირედ, წაიტეხა ლუკმა, მოიყუდა ლიტრა და შევიდა პატარა ოთახში. ეს ოთახი მისი სამლოცველოც იყო, მისი სამდივნოც. მას მხოლოდ ამ ოთახში შეეძლო განმარტოებულიყო და თავი გაეთავისწინებინა. ეხლა კი მისთვის თავი უნდა დაენებებინა ყველას. მხოლოდ გაჭირებაში შეიძლებოდა მისი გამოყვანა იქიდან, თუ ან საზიარებელი შეიქნებოდა ვინმე, ან სხვა რამ აუცილებელი საქმე გამოჩნდებოდა. - აღახვენ ბაგენი ჩემნი ლოცვად და გამობად, წარმართე გონება ჩემი ვედრებად შენდა, წმიდაო სამებაო! - წარსთქვა ხუცესმა და შეუდგა ლოცვას მხურვალეს. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. შიგადაშიგ თუ ჩაეძინებოდა, ან ოჯახის დასათვალიერებლად გამოვიდოდა. კითხულობდა ლოცვებს უკლებლივ, ხმით კითხულობდა ნელით: უყვარდა, როცა სასმენელი მისი სტკბებოდა სამღთო სიტყვათა წყობილ მიმდინარეობით. ლოცულობდა მოძღვარი და თან აღტაცებაში შედიოდა. - იესო ტკბილო, განკურნე სულისა ჩემისა წყლულებანი და დაატკბე გული ჩემი ტანჯული! - ამბობდა მღვდელი და გრძნობდა,როგორ ეღებოდა გული ტანჯული და ეცხებოდა მას ნელსაცხებელი ტკბილმკურნებელი. - სასოვო განწირულის სულისა ჩემისაო! შეწევნისა ხელი მიპყარ მე და მიხსენ სიღრმისაგან ბოროტისა! - იტყოდა ხუცესი და გრძნობდა უხილავ ძალას, რომელი აღუპყრამდა მას ხელს და აღამაღლებდა დასათრგუნად ბოროტისა. და ცვილის სანთლის შუქით ოდნავ განთებულ სიბნელეში მქრალად იხატებოდა დაღონებული სახე ტანჯულის იესოსი, თანდათან ირკვეოდა იგი სახე სანდომი და აწ თვალწინ ედგა ძე ღვთისა სანატრელი აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა. - ვარდო, ღვთივ-მშვენიერო, კეთილსუნნელოვანო მარიამ! მოიხილე ჩვენ ზედა სიხარულისა თვალითა, გვიხსენ ბნელისაგან ცოდვილნი და აღმოგვიბრწყინე ნათელი სამღრთო! - შეჰღაღადებდა ხუცესი დედოფალს. და მშობელი ღვთისა ჩჩვილი ყრმით ხელში გამოჩნდებოდა მის აღტაცებული ხედვის წინ, მიმოიძროდა ოთახის ბინდბუნდ ციაგში და გამამხნევებლად უღიმოდა მოძღვარს. - ანგელოსი, მცველო ჩემო! მაჭირვებს მე მტერი და მასწავლის მარადის ყოფად თვისისა ნებისა. ნუ დამტოვებ, წინამძღვარო ჩემო, და მტერნი ჩემნი სულიერნი აოტენ! - ღაღადებდა ხუცესი. და უკვე გრძნობდა ანგელოსის ფრთათა შრიალა, უკვე მოესმოდა მის გამახვილებულ ყურს ხმა გამამხნევებელი. გამოკრთაცა სიბნელიდან ნათელი სახე მცველისა და მახვილი იქცევისა ხელისა მისისა. მოძღვარი უფრო და უფრო შორდებოდა ცხოვრებას ქვეყნიურს და მის ამაოებას, მთელი თვისი არსებით ეძლეოდა სარწმუნოებრივ აღტაცებას. მისი სხეული თანდათან ჰაეროვანი ხდებოდა, გამჭვირვალე, მსუბუქი; იგი სხეული ეძარცვებოდა სულს და გრძნობდა სული ნეტარი თავისუფლებას, ეძლეოდა აღმაფრენას; აწ ცის სივრცეში ელვარებდა მსუბუქ ფრთაგაშლილი, უერთდებოდა ბრწყინვალე ანგელოსთა გუნდს და მათთან ერთად აღუვლენდა დიდებას მამასა მას ზეცასათა. ძვირფასი იყო იაკობ მღვდლისთვის ეს წამები, დაუვიწყარი! იგი უკვე განიცდიდა საუკუნო ნეტარების აჩრდილს, რომლისადმი ისრაფიდა სული მისი, ეტყოდა მას გული განსვლად და ქრისტესთან ყოფად. 8 მეორე დღეს მხიარულადა სწირავდა იაკობ მღვდელი: წუხანდელი აღტაცების კვალი ისევ ზდ ეტყობოდა მას. მზის სხივებმა და სინათლემ განფანტა და განაქარვა მისი საიდუმო ჩვენებები, თუმცა მისი თვალი აწ ჰედავდა მხოლოდ ნამდვილი ცხოვრების სურათებს, მაგრამ მის გონების ხედვას ჯერ კიდევ არ მიჰფარებიყვნენ სრულიად იგი ჰაეროვანი არსებები, ხოლო მის გულში ჯერაც არ დამწყდარიყო ის ნაკადი სიხარულისა, რომელი გადმოსქდა იქ ზეციური ნეტარების განცდით? მწირველი მღვდელი ეკლესიაშიც ისევ გრძნობდა უხორცო არსებათა სიახლოვეს, ოდნავ კიდევ ესმოდა მათი ტკბილხმიანობა: ძალნი ცათანი აწც უხილავად მსახურებდნენ მასთან. ხალხიც ბლომად იყო ეკლესიაში. მრევლი ისეც შეჩვეული იყო წურვა-ლოცვას და დღევანდელ დიდ დღესასწაულს ხომ მთელი სოფელი მიეზიდნა. თავისუფლად იდგა ხალხი საყდარში; იძროდნენ, ჩურჩულებდნენ, მეტადრე მანდილოსნები. ზოგი ღვდლის სიტყვებს იმეორებდა სასოებით, ზოგი დიაკვნის გალობას ასდევდა ეშხში მოსული, ზოგს შეგუბებული გრძნობა ვეღარ შეემაგრებინა და შიგადაშიგ ხმამაღლა წარმოსთქვამდა ღვთისადმი ვედრებას. ეკლესიაში ნელი გუგუნი იდგა სასიამოვნო და იგი გუგუნი შესწყდებოდა მხოლოდ შესანიშნავ წუთებში ღვთისმსახურებისა: სახარების წაკითხვის დროს, ბარძიმ-ფეშხუმის გამოსვენებისას და მისთანა შესანიშნავ წუთებში. ხშირად გაისმოდა ოხვრა და გულში ხელის ბაგუნი გრძნობაში მოსულ მლოცავისა. მღვდელი ამ ჩუმ ხმაურობას თუ მოძრაობას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, ბუნებრივად მიაჩნდა ეს ყოველივე და ჩვეულებრივად, ოღონდ კი მოუხესავად არავინ გასჯილიყო ან უხერხულად არ აემაღლებინა ხმა; ქართველი დღეს თავის ზეციურ მამის სახლში იყო ყოვლად ლმობიერისა და ჰაი, ჰაი, შეჰშვენოდა თამამი ქცევადა პირზედ ღიმი. განა სასტიკ ბატონის სახლში იყო დაუნდობელისა, რომ მონასავით გათანგული მდგარიყო საათობით ან შიშის ზარს და ძრწოლას აეტანა ის! საკურთხეველთან, ხატებწინ დიდძალი ახალი ხილი იდგა თეფშებით, ლანგრებით, სინებით თუ ტაბაკებით. დღეს ხილის კურთხევა იყო, მიცვალებულთა ხსენება და საყდარში მიეტანათ ყურძენი, ლეღვი, ვაშლი, მსხალი, ატამი თუ სხვა ხილი რჩეული. წირვის უკან ნაკურთხი ხილი უნდა დაერიგებინათ და მთელი სოფლის ბალღები მიეზიდნა ამას საყდრის ეზოში. მღვდელმა აკურთხა ხილი. დიაკვანმა გადიღო ნაწილი და დანარჩენი პატრონებსვე მიაწოდა. ხალხს ჩამოურიგეს იმათ, მხოლოდ მცირედი რამ დაიტოვეს თავისთვის, რომ ნაკურთხი ხილი ოჯახში შეეტანათ. - მიყვარს ჩვენი ეკლესიის ეს კურთხეული ჩვეულება! - მიჰმართა მრევლს საყდრიდან გამომავალმა მღვდელმა და თან ჭრელი ხელსახოცით ხელს იწმედდა. ხილს ვაკურთხებთ, მიცვალებულს ვიხსენიებთ. განსვენებულნი ამაგდარნი არიან: იმათ უზრუნვით ჩვენზე, ვყვარებივართ, გული შესტკივნიათ ჩვენთვის, მოუციათ სიცოცხლე ძვირფასი, დავუფარივართ მრავალი განსაცდელისაგან. ჩვენცა გვყვარებია ისინი, მათთან პური გაგვიტეხნია, ერთად ყოფნა გაგვხარებია, დაშორებას დავუღონებივართ. ცოდვაა მათი მთლად დავიწყება! მიწა გრილია, კაცის გული ქვა არის ცივი და თუ ეკლესიამ არ იზრუნა მათ ხსოვნაზე, ცოდვა იქნება. - მართალია, მამაო იაკობ, ნაკურთხი ხილი თუ სხვა რამ ტაბლა მიუვაო მიცვალებულის სულს? - მართალია! მიცვალებულნი განისვენებენ ადგილსა მას მწვანილოვანსა. იქ სულნი მიცვალებულთანი ელიან უკანასკნელ დღეს განკითხვისას. მანამდის კი კავშირი აქვსთ ჩვენ ქვეყანასთან და ურთიერთობა ჩვენთან. მოგვეჩვენებიან სიზმრად, გველანდებიან ცხადლივ, გვამცნობენ მომავალს; ელიან შევავედროთ მათი სული ღმერთს, შევსწიროთ მათთვის მსხვერპლი სიმართლისა. ჩვენგან შენაწირი იმათ მიეზღვნით იმ ქვეყნად. კერძნი წინ უდგათ მათ საიქიოს დ იხმარებენ კმაყოფილნი. რომელ მიცვალებულსაც მომხსენებელი არა ჰყავს ამ ქვეყნად, მისი სუფრა ცალიერია, მის წინ არაფერი სდგას, ის დამშეული შეჰყურებს სხვას, მარჯვე შემთხვევაში კიდეც ეტანება სხვის ტაბლას, მაგრამ საიქიოს მტაცებლობა ვერ შეიძლება და უმძიმდება ცოდვა ამისთანა საბრალო სულს. იგი ივსება შურით, იტანჯება და ავის თავლით არის ქვეყნად დარცენილ თავისიანებზე. ხალხი შეჯგუფებულიყო მღვდლის გარშემო და პირადაღებული შესცქეროდა მას. მოძღვრის სიტყვა გულზე ხვდებოდა ყველას, რადგან თითონაც სწორედ ესე სწამდათ, ესე იცოდნენ. - ვაი, იმათი ბრალი - გულში ხელს იცემდა დედაბერი. - ბიჭო, იმ დღეს კიკოლაანთ სესეს მოსჩვენებოდა თავისი მამა და თურმე აღრჩობდა გაჯავრებული; ზვარა დაუყენა, - თქვა ბერუამ. - ვიცი, - მიუგო ღვდელმა, - ჟამის წირვა შემომიკვეთა. მღვდელი წახალისდა და დღესასწაულის ამბავიც უამბო მრევლს. ჯერ ის უთხრა, რაც სახარებაში სწერია, ხოლო შემდეგ ზედ წააბა: - ფერისცვალების დღეს ერთი კაცი თურმე კალოსა ჰლეწავდა. დღეს ხომ ფერისცვალობაა და კალო რად გიბიაო, - ჰკითხა მგზავრმა. რის ფერისცვალება?! ჩემმა ქალებმა დიდი ხანია ფერი იცვალესო, მიუგო იმან. რამწამს ესა სთქვა, გასქდა დედამიწა და ჩაიტანა ისიც და მისი მთელი სახლკარიც. იმ ადგილას ახტილა ამოვიდა და ნაცარტუტი დუღს. - გამიგონია, ახტალას ეხლაც ამოაქვსო ხან ჯამი, ხან კოვზი ან სხვა რამ საქციელი, - ჩამოართვ სიტყვა ერთმა. - ჰეი, დიდება შენდა, ღმერთო! ალბად იესო ქრისტე იქნებოდა ი მგზავრი, აი! 9 იაკობ მღვდელი ცხოვრებას და მის ყოველ შემთხვევას უყურებდა სამღთო წერილისა თუ საღმთო გარდმოცემის თვალით, მაგრამ მის გონებაში საღმთო სჯულთან შედუღებული იყო ხალხური რწმენა და თქმულება. ხუცესი ვერა გრძნობდა და ვერც არჩევდა, სადა თავდებოდა სამღთო სჯული, წესი და ამბავი, ან სად იწყებოდა ხალხური ძველის ძველი ჩვეულება თუ მოთხრობა. ეს ოტგვარი ერთისა და იმავე სათავიდან წამომდინარე შეხედულობა ქვეყნიერებაზე მტკიცედ იყვნენ შესისხლხორცებულნი მის გონებაში, იგინი იყვნენ განუყოფელნი, ერთგვარად ღირს საწამებელნი, ღვთის განგების თუ ნების ერთნაირად გამომხატველნი. მღვდელი რომ სავსებით ასრულებდა საეკლესიო წესრიგს და წმიდად იცავდა ოჯახში ყოველსავე ქრსიტიანულ რიგს თუ ჩვეულებას, ამავე დროს სასტიკად იცავდა თავის სახლში ყოველსავე ხალხურ ჩვეულებასაც; იქ ზედმიწევნით იცოდნენ ყოველივე ხალხური მოქცევა, თქმულება, ლოცვა თუ შელოცვა ან მოქმედება. როგორ შეიძლებოდა ახალწლისათვის ბასილა და ბედისკვრები არ დაცხობილიყო, ან ახალ წელს აბრამის ტაბლა არ შემოჰვლებოდა სახლს, ან ნათლისღებამდინ ცეცხლი გამქრალიყო კერაზე?! განცხადებას რომ წყალს აკურთხებდა იაკობი და ეკლესიაში სასოებით კითხულობდა დადებულ ლოცვებს, საყდრიდან დაბრუნებისას თითონვე ავიდოდა მიწურ ბანზე, ჩაასხამდა საკომიდან იაზმას და ჩასძახებდა ოჯახს: მოვიდა ზეცით მანანაი! დიდ-მარხვის აღებ-ღამეს უთუოდ უნდა გადაეგდოთ სანათურიდან მგლის ვახშამი, ყეინობის ორშაბათს მოხალული ხორბალი უნდა ეჭამათ, ხოლო პატარებს თაგვები უნდა გაერეკნათ ბაგაზე მჯდომებს, ნამცეცობა დაეყენებინათ. და ყველა ამას და ამისთანებს ისეთივე რწმენით ასრულებდნენ მღვდლის სახლში, ისეთივე სასოებით, როგორც საღმთო რამ დადგენილებას. იაკობ მღვდელმა მშვენივრად იცოდა ხალხისგან თავისებურად გადაკეთებული საღმთო ისტორიაც და გულუბრყვილოდ მოუთხრობდა ზღაპრულს ისტორიულთან შერევით. - ... და აი ეს ილია წინასწარმეტყველი, - დინჯად უამბობდა მღვდელი ხალხს სუფრაზე, - ამაღლდა ზეცას ცეცხლის ეტლით და თავის მაგივრად დატოვა თავის მოწაფე ელისე. „ ელია ამაღლებული ცეცხლისა ეტლზე ჯდებოდა, მისსა მოწაფეს ელისეს ხალენი წილად ხვდებოდა“... ამაღლდა ელია ცაში, დაემკვიდრა ღრუბელთა ზედან და შეიქმნა ღრუბელთა მეუფე, სეტყვისა თუ მეხ-მედგარის წინამძღვარი. მაგრამ ეხლა ბრმა არის ელია და ბრმად ისვრის მეხს თუ სეტყვას. სეტყვის დროს ზარი უნდა დაირეკოს და მით ენიშნოს წინასწარმეტყველს, რომ ის უნებლიეთ ანადგურებს ქრისტიანეთა ჭირნახულს. მეორედ მოსვლის წინ რომ ანტიქრისტე გაჩნდება ქვეყანაზედ, ეს ელია ჩამოვა ციდან, შუშის ფეხებს შემოამტვრევს იმას და შეჰმუსრავს. ხალხი შესცქეროდა მოძღვარს და თანხმობის ნიშნად თავს იქნევდა. - მეორედ მოსვლის დღე ძნელი დღე იქნება, - ასწავლიდა მღვდელი საყდრის ეზოში საზიარებლად მოზღვავებულ ხალხს, გამრავლება უსჯულოება, აღსდგება ნათესავი-ნათესავზე, ხალხი ხალხზე, მეფე მეფეზე. შიმშილობა ჩამოვარდება და დიდი ჭირიანობა. მზე დაბელდება, მთვარე შუქს დაჰკარგავს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან, ცა წარიგრაგნება და შეირყევა ქვეყანა, გაიხსნება საფლავები და ყველა აღსდგება მკვდრეთით. - ი ბეწვის ხიდს რომ იტყვიან, ის რაღა არის? - შეეკითხა თომაანთ მათე. - ჰოდა, მაშინ გამოჩნდება სამოთხემდინ გაბმული ბწვის ხიდი. ხიდის ქვეშ უფსკრულში ჯოჯოხეთია, კუპრი დუღს, ალი ამოდის, გველები და გველეშაპები დაცურავენ ეშმაკთა ბილწ საბძანებელში ვისაც მადლი ჩაუდენია, ისე მსუბუქად გაივლის ბეწვის ხიდზე, თითქოს ფრთები ასხიაო, ფეხსაც არ დააკარებს; ვისაც ცოდვა ჩაუდენია, ტყვიასავით დამძიმდება, ჩაუწყდება ხიდი და საუკუნოდ დაიღუპება ბედშავი. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „აღდუღებით აღცასტირდე აღსასრულის ამბობსო“. მსმენელნი სულგანაბულნი შეჰყურებდნენ მღვდელს, იმათ ესმოდათ ყოველი სიტყვა მოძღვრისა, ენიშნებოდათ ყოველი მისი ჰაზრი და სწამდათ ღვდელიც, მისი ნათქვამიც, მისი წვრთაც, მისი ქადაგებაც, მისი მოქმდებაც. სოფლის შვილი იყო იაკობი, სოფლის რწმენისა და შეხედულების მატარებელი. ხალხის სარწმუნოება და მღვდლის სარწმუნოება ერთი და იგივე იყო, ხალხის ლოცვა თუ ღვთის მსახურება და მღვდლის ლოცვა ან ღვთისმსახურება ერთი და იგივე ლოცვა იყო და საღმთო-მოქმედება. ღმერთი ერისა და ღმერთი ღვდლისა ერთი და იგივე ღმერთი იყო, განუყოფელი. მხოლოდ თვით მღვდლის პიროვნობაში თუ მის ოჯახში იგი ღმერთი უფრო ცხადქმნილიყო, საღმთო მოქმედებები თუ საღმთო თქმულებები იფრო სავსენი და გარკვეულნი იყვნენ, ისე რომ სარწმუნოების საქმეში მღვდელს და მის ოჯახს პირველი ადგილი ეჭირათ სოფელში და სწორედ სამართლიანიც იყო ის, რომ სოფლის ეკლესია და მასში მღვდელთმოქმედება იაკობს ებარა, როგორც უფრო ღირსს და ცოდნით უხუცესს, რომ სწორედ მას მიეღო მადლი სულისა წმიდისა და ამ ზეგარდმო ძალას დაედგინა ხუცესად სოფლისა, მწყემსად მრევლისა, შუამდგომლად ღვთისა და სოფლის შუა. ეს პირველობა იყო, არ უფროსობა და ბატონობა, არამედ უხუცესობა ტოლთა დ სწორთა შორის. იაკობ მღვდელი წევრი იყო ხალხის განუყოფელი, მათივე კაცი; ხორცი ხორცთა მათთგანი და სისხლი სისხლთა მათთაგანი, სოფლის ვარამში თუ სიხარულში თანაზიარი, ჩამოუცილებელი. იაკობ მღვდელი იყო მწყემსი კეთილი სოფლისა, ხოლო სოფელი იყო სამწყსო მისი ღვთისაგან მისადმი მინდობილი. 10 იაკობ მღვდელი წევრი იყო მთელი სოფლისა განუყოფელი და საუკეთესო. მისი ოჯახი ნაწილი იყო სოფლისა განუკვეთელი და საიმედო და არამც თუ ლოდივით არ ეწვა სოფელს გულზე, არამედ შეაღავათი იყო მისი და იმედი. მწირია ჩვენებური სოფელი, ხელმოკლე, ყოველს ჟამს გაჭირებული, ყოველგნივ ხელაღუპყრობელი. ძლიერ საფასურია მისთვის ლუკმა პური, საკუთარის ხელით მძიმე დედამიწაიდან ამოღებული ლუკმა. უდივრად შრომობს სოფელი, საკმაო სარჩო მაინც ვერ შეუტანია: ბნელი იგი, განუვითარებელი. მუშაობს სისხლის ოფლამდინ, გარნა შრომობს შეიარაღებული უწინდელი ბლაგვი, მძიმე და საცოდავი იარაღით, ხოლო შეჭურვილია უცოდინარობით და სირეგენით. ამისთვის მიწა ვერ აძლევს მას ნაყოფს უხეს და საუკეთესოს. და თუ ამოაცანებს დედამიწა ნაყოფს კეთილს, იმასაც ართმევენ მშრომელს და პირიდან აცლიან მას ბუნების მკცარი ზალანი და კაცნი მტაცებელნი. ამიტომ ძლიერ დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლისათვის ყველა ხარჯს. რომელიც ლოდივით აწევს მის გამხდარ, გაძვალტყაებულ და მისუსტებულ მკერდს. მუქთა მჭამელი და უქნარა პირი ოჯახში ეკალივით ასვია სახლს და მარად აღონებს; მუქთა მჭამელი ოჯახი სოფელში, სოფლისთვის არრის მქმნელი და მისი შესანახი ოჯახი, ხიჭვია სოფლის ტანზე ღრმად დასობილი, და მარად აღონებს, აბოროტებს მას. გლეხს ეშინიან ამ ბნელი ძალებისა, რომელნიც სტაცებენ მას პურს არსებობისას, შეურიგებლივ სძულს ისინი. ბუნების ავნი ძალანი ხალხს მიაჩნია განგებისაგან მოვლინებულად. იგინი მძლავრობენ მასზე აუცილებლივ, მათთან ბრძოლა შეუძლებელია. რას უზავს ადამიანი სასტიკ მოვლენას ბუნებისას? სიტყვას ვერ შეუბრუნებს მას და ხმალს ვერ მოუქნევს! და ცდილობს განუვითარებელი ლმობიერ ქმნას იგი ძალანი: სანთელს უნთებს, აღთქმას აძლევს, სამღთოს უკლავს, დიდებას დადის, შეულოცავს, პარაკლისს ახდევინებს. მტაცებელნი ადამიანნი შემთხვევითნი მტერნი არიან სოფლისა და მათთან ბრძოლა კიდევ შესაძლებელია: ესენი ხომ მაინც კაცნი არიან, თუმცა უფლებით აღჭურვილნი. და ცდილობს გლეხი შეასუსტოს მათი ბოროტი გავლენა ადამიანური საშუალებით: პირს არ უჩვენებს, ზურგს აქცევს, ლანძღავს, უღერებს, სცემს, გულს უპობს; ან უღიმის, თავს უკრავს, ეხვეწება, ემუდარება, აღუთქვამს ყოველსავე კეთილს გულში ყოველივე ბოროტის მსურველი. ატყუებს, ყოველი ღონისძიებითა სცდილობს ხელიდან დაუძვრეს და მხოლოდ მაშინ აკმაყოფილებს მას გულზე სისხლმორეული, როდესაც მეტი გზა აღარ აქვს, არც ღონე. მაშ რა ქმნას ბედშავმა, როდესაც მის პატარებს სხვა აცლის პირიდან სისხლის ოფლში ამოლბობილ ლუკმას?! ეს ორი წყობა მცხოვრებთა ბუნებითი მოწინააღმდეგეა ერთმანეთისა და მტერი შეურიგებელი. სხვადასხვა ნიადაგზე დგანან ისინი, მათი მორიგება მოუხეხებელია, მათ შუა ბეწვის ხიდის გაბმაც კი შეუძლებელია, ძალდატანებითია მათი ერთად ყოფნა, ხოლო მათი ურთიერთობა გულჩახვეულობაზეა ამოშენებული. ვაი რომ დუხჭირ დროთა ბრუნვის გამო მღვდლის ოჯახი ეხლა ერთ ამ ხორცმეტთაგანი შექიმნა ქართველ სოფლის თავში ამოსული! - ნეტა რაღაში მთხოვს თუმანს?! იმან თუ ერთი საათი ირუტრუტა, მე ლაზათიანად გავუმასპინძლდი. თუმნად მე ერთი თვე უნდა ვთხარო შავი მიწა, ან ვზიდო ლოდი. - კაცო, თუ რასმე გაგვიკეთებს, მაშინვე ვაძლევთ გასამრჯელოს, უსასყიდლოდ ფეხსაც არ გადმოსდგამს არსაით და ე პურს თუ ქერს, ღვინოს თუ ნაღდს გადაკვეთილს რაღაში ვაძლევთ წლიდან წლამდის? - კითხულობდა სოფელი შევიწროებული და ვერ გაეგო. სოფელი ვერც გაიგებს ამსაკვირველ საიდუმლოს, ვერასოდეს ვერ გაიგებს! იაკობ მღვდელი სოფლის შვილი იყო უფროსი და ესმოდა ხალხის სულისკვეთება; სოფლის სული ედგა მღვდელს და იცოდა, როგორი ძნელი საშოვარი იყო პური არსობისა და ცოდვად მიაჩნდა წაერთმია რამე გლეხისათვის, გამოეწირნა რამე მის სიბეჩავისათვის. არც საჭირო იყო მისთვის! ის თითონაც ისე შოულობდა პურს არსობისას როგორც სოფელი. ის არაფერს არ ედავებოდა თავის მრევლს. იმ ჯაფის შედარებით, რომელსაც ის თითონ აღვრიდა მიწას, მრევლზე დადებული შრომა არაფრად მიაჩნდა, არც ძვირად აფასებდა, სრული კმაყოფილი იყო იმისი, რასაც გაიმეტებდა მისთვის მიმწვევი ოჯახისშვილი. იაკობი მორწმუნე კაცი იყო, მისი სამსახური იყო ღვთისმსახურება და ცოდვად მიაჩნდა ის დაეყვედრებინა ხალხისათვის ღვთისმსახურება, ან ფასი დაედო და გაეყიდნა მღვდელთმოქმედება. - ვწირავ თუ ვლოცულობ, ღმერთს ვევედრები, ვავადრებ ჩემს თავს, ცემს ოჯახს, ჩემს მრევლს, მთელ კაცობრიობას, ვმადლობ მას, რომ ღირს მყო შევიდე ტაძარსა წმიდასა მისსა, შევიმოსო შესამოსი, ვითარცა ნათელი და წარვსდგე მეუფის წინ შუამდგომლად და მავედრებლად ერისა. დიდი ბედნიერებაა ჩემთვის ეს და როგორ შეიძლება ამ სამღვთო მოქმედების დაფასება, ვისმე ყვედრება და შეწუხება?! თუ ვინმე მიართმევდა რასმე ღვთისმსახურებაში და წესის აღსრულებაში, იგი მადლობით მიიღებდა; თუ არ მისცემდნენ, გულშიც არ გაივლებდა საყვედურს. წლის ბოლოს მაინც იმოდენა შემოსავალი უგროვდებოდა მრევლიდან, რომ ღირსეულ ფასად ჩაითველებოდა მათზედ დადებული ამაგი და მათზე დაკარგული დრო. და ჰმადლობდა იაკობი შემოქმედს მთლად კმაყოფილი. ესეთი საღი შეხედულება ღვთის სამსახურზე იმიტომ იყო შესაძლებელი, რომ მრევლისაგან შემოსული სარჩო მხოლოდ ზედმეტი იყო, რადგან ოჯახის შენახვა და კეთილდღეობა სრულებითაც არ იყო დამყარებული მრევლის ქედზედ, არც ტაბლაზე მინდობილი: მღვდლის ოჯახი დაფუძნებული იყო ნიადაგის შემუშავებაზე და მინდობილი იყო ოჯახის წევრთა შრომაზე. ამ ოჯახსაც, როგორც ყველა ოჯახს იმ სოფელში ფესვები ნიადაგძი ჰქონდა გამდგარი და იქიდამ, იმ დალოცვილ დედამიწიდან სწოვდა რძეს მაცოცხლებელს. ამისთვის იყო იგი სახლი ნოყიერი, იმედიანი, საყვარელი, კურთხეული. თანაც იაკობ მღვდლის ოჯახი, როგორც ყველა მიწის მუშის ოჯახი, არ იყო გალაღებულ-განაზებული: სახლი მხოლოდ იმას ხარჯავდა, რასაც მიუპყრობდა მისი ოფლითვე მჯორწყული ნიადაგი. იქ სუფრა მეტად უხვი იყო და თავგადმოდენილი, არც მრავალგვარი და გემოვნებათა დამატკბობელი; იგი იყო სამყოფი, უყვედური, იმედიანი, იქ სხვის ოფლის სუნი არ ასდიოდა სანოვაგეს, სისხლის გემო არ ჰქონდა საზარელი. მრევლსაც უყვარდა თავისი მღვდელი და მისი ოჯახი, რადგან მას თვისი ფესვები მრევლის ჯანში არა ჰქონდა გადგმული, სისხლს არა სწოვდა მას თვის საზრდოდ, როგორც ფითრი რამ გალაღებული მსხლის ტოტზე დაჩაგრულზე ან სოკო რამ ბოროტი ხეხილის დაბეჩავებულ ღეროზე. მრევლი მადლიერი იყო თავის მღვდლისა. მღვდლის სახლი სოფლის თავში ბუნებრივი იყო და სასარგებლო, სასიკეთო. იგი სახლი სოფლისავე ნაწილი იყო განუყოფელ-განუკვეთელი. მღვდელი ერთ მეკომურთაგანი იყო სოფელში. სწორედ მღვდლის სახლიდან იწყებოდა სოფელი. 11 იაკონ მღვდელი არამც თუ არ ცდილობდა მოეხვეჭა სხვისაგან, წაერთმია ვისთვისმე, დაერბია ვინმე, მოემკო იქ, სადა არა დაეთესნა და შეეკრიბნა იქ, სადა არა განებნივნა და შეეტანა თავის ოაჯახში ლუკმა ჰარამი, არამედ თავისსაც ძუნწად არ ჩასჭიდებოდა და არ იწვა ღვთისაგან მიცემულ დოვლათზე, ვითარცა ძაღლი მღრინავი. სახლის კარი ღია ჰქონდა მოყვასთათვის. მის სახლში გაჭირვებული ყოველთვის ჰპოვებდა თავშესაფარს და ლუკმას. გაჭირვებული კი ბევრი ეტანებოდა მის ოჯახს. მრავალი ჰყავდა იაკობ მღვდელს ხელმოკლე ნათესავი თუ ნაცნობი და მის ოაჯხში ყოველთვის იყო შეკედლებული ვინმე ყელგადაგდებული. მიკედლებულთა რიცხვი მრავლდებოდა ზაფხულობით: ბევრი მისი ქვრივ-ოხერი და ღარიბ-ღატაკი ნათესავი ქალაქს იყო გახიზნული. ისინი იქ უფრო ადვილად შოულობდნენ საზრდოს: ჰხერხავდნენ, ბარგს ეზიდებოდნენ, დღიურ მუშად გადიოდნენ მოედანზე, ჰქსოვდნენ, ჰკერავდნენ, რეცხავდნენ, აცხობდნენ, ხელზე ემსახურებოდნენ და ათას სხვა საქმეში ჰშველოდნენ შეძლებულებს. რაკი დადგებოდა ზაფხული და ქერს მოსჭრიდნენ, ეს სოფლიდან გასული ხალხი სოფელსავე მოედებოდა, რომ ზაფხული სუფთა ჰაერზე გაეტარებინათ და ცოტა რამ კიდეც წაეგლიჯათ სოფლისათვის საზამთროდ. ბევრი ამ ნიადაგგამოცლილ ხალხთაგან იაკობ მღვდლისას იდებდა ბინას. მღვდლის სახლი მიწური იყო, დიდი, ბევრი ოთახებიანი. ოდესმე იმ სახლში დიდად გამრავლებულ ოჯახს ეცხოვრა და შუა-დარბაზისათვის ათასი ბუნაგი მიეშენებინათ. დარბაზს წაბმული ჰქონდა შინსახლი, სათონე, მარანი, ოდა, გომური, დიდი ოთახი, პატარა ოთახი, დერეფანი. ყველა ამ ბუნაგის კარი ჭრიალით ტრიალებდა ცალფეხზე და ურდულით იკეტებოდა. მხოლოდ პატარა ოთახი იყო გემოვნებაზე გაკეთებული, ფანჯრებიანი. ყველა მისული ცალკე იკეთებდა საკუჭნაოს ამ სახლში. ბინა-საცხოვრებელი კი არ უნდოდათ ცალკე, რადგამ მისვლის უმალ დაშინაურდებოდნენ ხოლმე. კუთხე მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ თავიანთი სავაჭრო დაებინავებინათ და მონაგარი შეექუცებინათ. ამ კუთხეს სასტიკად იცავდნენ, მზირის თვალით სდარაჯობდნენ და ყველას ალმაცრივ უყურებდნენ, თუნდა საჭირო საქმისთვის მიმდგარიყო იქით. ამ კუთხეებში ეწყო და ეკიდა სავსე ბოხჩები, კალათები, დატენილი პარკები, ტოპრაკები, ტომრები, ხურჯინები, ცოცხების კონები და ათასი სხვა მოხვეჭილი სარმო-საბადბელი. ყოველივე ეს შექუჩებულ-შეძენილი იყო ყიდვით თუ გაცვლით, თხოვნით, დატყუებით და ათასგვარი თვალთმაქცობით. ყველაზე დიდი კუთხე ეჭირა მოლოზან გუქას. აქ გასაცვლელ გასასყიდი არა ეწყო რა, რადგან გუქა მხოლოდ ხატის წყალობით შოულობდა ყველაფერს. მიისვენებდა ხატს გულზე და დადიოდა უნიდან უბანს, სოფლიდან სოფელს: ხორბალს თხოულობდა მონასტრის საზრდოდ, სახლში ის მეტ პატივს აძლევდა თავის თავს და სხვა ჩამოსახლებულებთან თავს არა სდებდა. სადილ-ვახშმად მღვდელს ამოუჯდებოდა მუხლში და შეექცეოდა მასთან სამღთო საუბარს თვალებძირსდახრილი. თვალწყლიანი დედაკაცი იყო, მწითური, მკერდმაღალი. როგორღაც ვერა გვანდა უხორცოთა ძალთა თანაზიარს. - ქალო, გულქან! კიკო შევარდნიძე მართლა ჯერ ხატს ემთხვია და მემრე შენ გეამბორა ლოყაზე? - მაგასა რასა ბრძანებ, მოძღვარო! უხუმრიათ: კიკო დარბაისელი კაცია და როგორ გამიბედავდა ღვთის საწყენ საქმეს?! მღვდლიაანი მოთმინებით ელოდნენ შემოდგომას, როდესაც რთველის შემდეგ, ეს ამოდენა კალია აიყრებოდა სახლიდან და გაემართებოდა თავის ზამთრის ბინისაკენ. ოჯახი ილაჯგაწყვეტილი იყო მათგან და ნიათგამოლეული, მაგრამ მოთმინების მეტი რა გაეწყობოდა? გლახაკთა შეწყნარება მცნებაა უფლისა. ერთი კარგი ზნე კი სჭირდა ამ შემოხიზნულ ხალხს: არა ნაზობდა, არც აზიზობდა; არც გულჩათხრობილნი ისხდნენ დაღვრემილ-დაღრეჯილები. ქალაქში მშიერ-მწყურვალნი და შიშველ-ტიტველნი, ჩახშულ-მიბნელებულ სარდაფებში ჩამწყვდეულნი, ჯაფით ხელებ დაკოჟიჟებულ-დატყავებულნი და სახე აშუშხულ-ალანძულნი აქ თავისუფლად იყვნენ - იალაღზე გამოფენილნი, ლუკმა მზანი და ქორწილად მიაჩნდათ აქაურობა. ხმელი პური ნაზუქად ეჩვენებოდათ. ჭრიანტელი თუ ნიორტაკი გემოვან რამ სახვრეტელად და თუ ხორცი გაჩნდებოდა სახლში სიხარულ-სიამის ნათელი აღარ შორდებოდათ სახიდან. მღვდლის სახლი ხომ მცირედზედ იყო კმაყოფილი და მადლიერ-მოღიმარე და ეხლა იგივე მცირე სწორედ გულს უნათებდა ყველას: სიტყვამახვილობა, ხალისობა, მხიარულობა, სიცილ-ხარხარი და თქართქარი არ მოეშლებოდათ მთელ ზაფხულს. რამდენს ახალს ამბობდნენ, რამდენი ჭორი თუ მართალი შემოჰქონდათ! ზაფხულობით ოჯახში შემოტანილი სიტყვა, თქმა თუ შაირ-გამოცანა, თხრობა თუ ამბავი მთელ ზამთარსა ჰყოფნიდა სალაპარაკოდ იაკობ მღვდლის ოჯახს. 12 შემოდგომა იყო. იაკობ სახლში შეხიზნული ხალხი იბარგებოდა, წასვლას აპირობდა და ოჯახი უკვე მოელოდდა დაწყნარებას. წლის მოსავალი უკვე შემოგულებული იყო სახლში. ორმოები, ბეღელი თუ ტომრები პირამდინ იყო სავსე თავთუხით, შავფხით, დიკით, ქერით, სიმინდით, ფეტვით და სხვა ჭირნახულით. ათას გვარი სამარხვო მარცვლეულობით დატენილი პარკები, ხახვისა და ნივრის გალები, საზამთროდ გამხმარი მწვანილეული თუ სხვა რამ ბალახ-ფოთოლი ჩამოემწკრივებინათ კედლებზე, ბოძებზე, ძელებზე. კართოფილია, ჭარხლით, სტაფილოთი თუ სხვა ბოსტნეულობით გატენილი იყო სახლის კუთხეები. ღვნისა და ხილის მოსავალი კარგი ჰქონდა იაკობს და მარანი სავსე იყო დოვლათით: სავსე ქვევრები, ყურძნისა თუ მსხალ-ვაშლის ჯაგნები, სხვადასხვაგვარი ჩირის ასხმულები, ათასგვარი კერკი პარკებით თუ ოხნჩებით, ჩურჩხელა თუ ტყლაპ-თათარა, დარაზმული წნილის ქილები... გულსავსედ იუო იაკობის კურთხეული ოჯახი, იმედიანად და გულდინჯად შეჰყურებდა მკაცრ თვალებში მომავალ ზამთარს. მრევლიც გულმაგრადა ჰყვანდა მოძღვარს: გამჩენმა უხვად მოჰმადლა მთელ სოფელს ყოველივე კეთილი, მოწყალე თვალით გადმოხედა ქვეყანას და გაალაღა გული მუშაკისა. იაკობ მღვდელი ისეც ხომ ყოველთვის მადლიერი იყო ცხოვრების მომნიჭებელისა, ხოლო ეხლა მისი გულკეთილობა ვარდად გადაშლილიყო და წითლად ღაღანებდა. სუფრა დერეფანში ჰქონდა გაშლილი დიდ ტახტზე. სუფრის თავს მოეკეცნა თვით მამამთავარ იაკობს. ახალუხის ამარა იჯდა, ღილებ ჩახსნილი, წელზე ფოჩიანი სარტყლით. გარს შემოსხდომოდნენ მისი სახლობა და ჩასახლებულები. უხვ სანოვაგეს, წითელ ღვინის ციმციმს, თეთრ კბილს და თეთრსავე გულს მასპინძლისას სუფრა გაემხიარულებინა დ აეხმაურ-აემღერებინა. მიირთვეს გუქას სადღეგრძელო და დააგუგუნეს მრავალჟამიერი. გალობაში მოქნილ-მოწრთვნილი ხმა მოლოზნისა გვერდში ამოუდგა მოძღვრის რიხიან ძახილს, ფეხდაფეხ აედევნა მას; ხან ეკრძალებოდა, განზე იწევდა, ჰშორდებოდა; ხან უახლოვდებოდა, ეტოლებოდა, ეყრდნობოდა, ჩაეხვევ-ჩაეწნოდა და მინაზებული ოდნივღა ფეთქავდა. ეშხში მოსული მეინახენი აღტაცებით უერთდებოდნენ მომღერალთა სიმღერას და მწყობრი ხმებით სავსე იყო მთელი ეზო, როდესაც უეცრად გაიღო ალაყაფის კარები და ცხენდაცხენ შემობრძანდა თვით ბლაღოჩინი. წამოიშალნენ სუფრიდან. მღვდელს მსწრაფლ მიართვეს კაბა-ანაფორა და ქოშები. გადაფრინდა აბრამ დიაკვანი, ჩააჩუმა აღავღავებული ძაღლები, ხელზე ემთხვია ბლაღოჩინს და ავჟანდა დაუჭირა, რომ გადმობრძანებულიყო ცხენიდან. შემოეხვივნენ საპატიო სტუმარს. მღვდელმა რომ შენდობა აიღო და ხელზე ემთხვია, მოძღვართუხუცესმა პირზე აკოცა მას და მიულოცა: - მომილოცნია, მამაო იაკობ, მოძღვართმოძღვრობა! ჩემმა საბლაღოჩინოს მღვდლებმა ერთხმად ამოგირჩიეს თვის მოძღვრად. თითონ მეცა მსურს გითხრა ხოლმე აღსარება და შევიქმნე შენი სულიერი შვილი. მღვდელს გული გაუნათდა, სუნნელოვან რამ ნელსაცხებლად ეცხო მთელ მის არსებას ეს კეთილი ამბავი, ნიშნად მადლობისა კვლავ ეამბორა უფროსს, წარსდგა შენდობისათვის მოლოზონი გუქაც. უხვი სანოვაგისაგან და ტკბილ ღვინისაგან შეწითლებულ-შეღაჟღაჟებული ისეც ღაღანა ქალი მაისის ვარდად გარდაფურჩქვნილიყო შავ თავსაფარში. დახედა ბლაღოჩინმა და ფართოდ გადასახა ჯვარი: გულს ეფონა; ერთს წუთს, მხოლოდ ერთ წამს, აღიმაღლა მასში ქედი ანგელოსმან სატანისამან და განმახვა ძლიერად საწერტელი ხორცითა მისთა და როდესაც გუქა დაიხარა ხელზე სამთხვევად, მოძღვართუხუცესმა მხარზე აკოცა მას. ახ, რა ახლო იყო მისი ფუნთუშა ლოყა! ვაჟკაცმა სითბო იგრძნო მისი და კეთილსუნელება. მოძღვართუხუცესი რომ გუქას მხარზედ ემთხვია, ეს ყველამ მიიღო ნიშნად მისის თვმდაბლობისა და ეკლესიისავე მსახურისადმი პატივისცემისა. განაახლეს სუფრა, წაუმატეს, ძალიან მოუმხიარულეს მოსულ სტუმარს. მზის გადახრამდინ შეექცეოდნენ. სადილთ უკან მოძღვართუხუცესს პატარა ოთახში მოუსვენეს. სახლი მთლად გაკრძალეს, რომ ძილი არ შეჰფრთხობოდა ისეც ყოველთვის პატივისდებს, ხოლო დღეს ძვირაფას სტუმარს. მზე ჩასვლაზედ იყო. მოჰბერა საღამოს ნიავმა. დიაკვნები გარს ეხვეოდნენ პატარა ოთახს და ყური მზირად ეჭირათ, რომ უფროსის გაჩუჩუნება არ გამოჰპაროდათ. შემოძუნძულდა ალაბეშა და მიეგდო პატარა ოთახს კარებში. ელდა ეცათ დიაკვნებს. უნდოდათ ძაღლი უჩუმრად მოეშორებინათ კარებისთვის და ხან პური უჩვენეს, ხან ძვალი, ხან უწრუწუნეს ხორცით ხელში, მაგრამ ამაოდ: ძაღლი ყურსაც არ იბერტყავდა. დაუძახეს აბრამ დიაკვანს, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლო, ვეღარც ხელი შეიმაგრა და მარჯვედ დაუშვა შოლტივით მოქნილი ჯოხი. ისე მძლავრად გაისმა ძაღლის ღრიალი ამ სიჩუმეში, მკვდარს წამოახტუნებდა. წამოფრინდა შემკრთალი ბლაღოჩინი, გახლიჩა ოთახის კარი გაწეწილმა და, რა დაინახა გაფითრებული ხალხი და აბრამ დიაკვანი სახსრით ხელში, მყის მიხვდა ყოველსავე და ერთი ისეთი გულიანად გადიხარხარა, რომ ყველას სიცილი აუტეხა. ბევრი იკისკისეს. საოხუნჯოდ გახადეს ეს შემთხევევა და შემდეგშიც ბევრს იცინოდნენ ხოლმე მის მოსაგონებლად. მოძღვართუხუცესმა ნასიამოვნები და კმაყოფილი წავიდა ამ საფუძვლიან და კეთილგანწყობილ ოჯახიდან. წასვლისას იაკობ მღვდელმა სთხოვა თავის ძვირფას სტუმარს წინანდებურად მიეღო მისგან შესაწირავი იფქლით და ღვინით, გარნა წლეულ მრჩობლად. - რად სწუხარ, მოძღვარო, მეც საკმარისი მაქვს ღვთის მოწყალება. - რა შეწუხება გახლავსთ?! მოვალე ვარ საწირავი გაახლოთ: კვეთის დროს მომიხსენეთ მე უღირსს. 13 - და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თვისსა სიცოცხლე, რამეთუ იქმნა იგი დედა ყოველთა მცხოვრებელთა. იაკობმაც სიცოცხლედ დასახა თვისი მეუღლე მართა, ვინაიდგან არა იყო იგი ბერწ, ვითარცა სარრა, არამედ მუცლად იღო და შვა ძე. განიხარა მაშინ იაკობ და სთქ ვა: - მოგვეცა კაცი ღვთისა მიერ! უწოდა მას აბრაამ და იგულვა იგი მსახურად ეკლესიისა თვის შემდეგ. ჯერ ჭაბუკი იყო იაკობი, როცა შეეძინა მას ძე პირმშო. ღმერთმა უკურთხა იაკობს გვირგვინი მეუღლისა და კვლავც უშობდა მას მეუღლე მისი ძეთა და ასულთა. იაკობს უნცროსი ძმასავით წამოესწრო თავისი პირმშო შვილი აბრამი. ხელღონიერი და ჰაზრიანი პატარა მარჯვე მორბედი შეიქმნა: ცეცხლი, წყალი, ხბო თუ ცხვარი, საქონლის წყალზედ გარეკვა, ბზის დაყრა, ზღვების დასუფთავება, ცხენის ძოვება, მეხრეობა, კევრი თუ ურემი, ბაღჩა თუ ბოსტანი და ყოველივე მისთვის შესაფერი სოფლური საქმე გაუკეთებელი არ დარჩებოდა აბრამს. ძალიანაც უყვარდა მიწა თუ მცენარე, პირუტყვი თუ მფრინველი, მოსწონდა მათთან ყოფნა, მათი მოვლა, ალერსი, პატრონობა. ბატკანი თუ ციკანი მისი საუკეთესო ამხანაგი იყო, ძაღლი - მისი გულითადი მეგობარი. მუშაობაში თავის ტოლ სოფლის ბიჭებს არ ჩამოუვარდებოდა, არც განირჩევოდა მათგან ჩაცმა-დახურვით თუ სმა-ჭამით. მძიმე ბალღი იყო, ნელი საქმე იცოდა, მაგრამ მკვიდრი მუშაობა უყვარდა დასრულებულ-დამთავრებული. საქმის ერთგულიც იყო, არასოდეს არ შეუშინდებოდა გასაკეთებელს, არც ეცრუვებოდა. - წყალობის თვალით გადმოხედა უფალმა ჩვენ სახლს და აკურთხა იგი, როცა მოგვცა ამისთანა იმედიანი ბალღი; მიწას უხარიან ამისთანა ერთგული მუშაკი. ეკლესიაც უყვარდა აბრამს და მოსწონდა ღვთისმსახურება. მუშაობაში ხომ მხარში ედგა თავის მამას და უკან დასდევდა, სამღთო მსახურების დროსაც არა ჰშორდებოდა მას გვერდიდან: საცეცხლურს უვლიდა, მდუღარებას ამზადებდა, საკმეველს ჩაჰყრიდა, სანთელს აქრობდა - თუ ანთებდა, წინ უძღოდა მღვდელს ეკლესიაში. მალე შესძლო დავითნისა და სამოციქულოს კითხვაც საყდარში და აღტაცებაში მოჰყვანდა მლოცველნი თავის წკრიალა ხმით. - ამისთანა მსახურნი უხარიან ეკლესიას! უყვარს სამღთომოქმედება და ნიჭიც შესწევს მისი აღსრულებისა. ეს განაგრძობს ჩემს შემდეგ მღვდლობას და დაიცავს ჩვენს გვარში მადლსა უფლისა ჩვენისა, - ფიქრობდა კმაყოფილი მამა. - ადამიანისათვის როცა კეთილი უნდა დალოცვილ ღმერთს, შვილს მისცემს კარგს. ყველაფერი ეხერხება ამ ბალღს: ჩვენი გლეხკაცური საქმეც, წიგნიც და გალობაც. დიაკვანია და დიაკვანი, რაღა აკლია?! - ამბობდა ეკლესიაში ნასიამოვნები ხალხი. ათი წლისა სრულდებოდა ბალღი, როდესაც ის სხვების რჩევით და თითქმის ძალდატანებით წაიყვანა იაკობ მღვდელმა ქალაქში სასწავლებლად. იაკობს თითონ არ გამოევლო სასწავლებელი და უნდოდ უყურებდა მას. გაეგო, რომ მხოლოდ რუსულს ასწავლიდნენ იქ და ვერ იცოდა, რაში გამოიყენებდა აბრამი მხოლოდ რუსულს, როდესაც მას სამღვდლოდ ამზადებდა სოფელში. დედასაც ძალიან ენანებოდა ბავშვი გასაგზავნად, რადგან იცოდა, რომ იქ უდიერად ეპყრობოდნენ ბავშვებს და აწამებდნენ, მწყსიდნენ მუნ კვერთხითა რკინისათა. მაინც ქარალდი თუ საწერ-კალამი, დააყანეს ერთ ნათესავ დალალ დედაკაცთან, რომელსაც ზაფხულობით ბინა იაკობ მღვდლიანთას ედვა ხოლმე და მიანებეს თავი. დაიწყო ბავშვმა სიარული სახლიდან სასწავლებელში და სასწავლებლიდან სახლში, მაგრამ ამ ტანტალს მისთვის არაფერი მოჰქონდა; მასწავლებელს მისი დარდი არა ჰქონდა და ჯავრი, შაგირდს კიდევ მასწავლებლისა არა გაეგებოდა რა, არც ესმოდა, მწრთვნელმა რამდენჯერმე გაწკიპა ბალღი, ისიც სინდისის დასამშვიდებლად, და მიანება თავი. გავიდა თვეები და უსაქმო ბალღმა ქუჩაში დაიწყო ყიალი. გაიცნო ტოლები და მიჰყო ხელი მათთან თამაშობას, დროს გატარებას. გავიდა წელიწადი, მოტრიალდა მეორე, აბრამი კი ვერ გასცდა თავის კლასის კარებს. დაითხოვეს. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ერთი წელიწადი დაჰყო აბრამმა სახლში. მუშაობდა წინანდებურად, თუმცა პირველ ხანებში წინანდელი უნარი ვეღარ გამოიჩინა სოფლურ მუსაობაში: მიწა აღარ უყვარდა წინანდებურად, ჩამწყდარიყო ზოგიერთი სიმები, რომლებიც მას აკავშირებდნენ მიწასტან და მის სინოყივრესთან წინათ. ბიჭმა თითონ მოსთხოვა მამას, გაეგზავნა ის მონასტერში საეკლესიო წიგნების და წესის შესასწავლად. სრული სამი წელიწადი დაჰყო ბიჭმა მონასტერში და მისი იქ ყოფნა ნაყოფიერი გამოდგა: შეიგნო და შეითვისა საღმთო მსახურება და მისი ყოველივე წესი, ხოლო თვისი თავმდაბლობით და განუწყვეტელი შრომით თავი შეაყვარა მონასტრის მთელ კრებულს. თვით არქიელმა მიაქცია მორჩილს ყურადღება ამ მონასტერში ყოფნის დროს და გაამწესა ახალგაზრდა მის მამასთან დიაკვნად. მას აქეთ იყო, რომ აბრამ დიაკვანი გვერდში ამოუდგა თავის მამას, როგორც იმედიანი მუშა მიწისა და მორწმუნე თანამსახური ეკლესიისა. გავიდა დრო და ისევ გამთელდა და გაება მის გულსა და მიწის შუა ის უხილავი ძაფები, რომლებიც ჩაწყდნენ მის სასწავლებელში ყოფნის დროს. 14 იაკობის მეორე ვაჟი დათიკო, სხვა ხასიათისა და მიმართულებისა დადგა. სიმცროდანვე ეტყობოდა, რომ პირი სხვა მხარეს ეჭირა: არც ეკლესიისაკენ იყურებოდა, არც მიწას ჩაჰხაროდა, გაქსუებული დადიოდა. აბრამის შემდეგ იაკობ მღვდელს ზედიზედ ქალები მიეცნენ და დედ-მამას მოენატრა ვაჟი. ღმერთმა უსმინა მათ: ნატვრა აღუსრულდათ, ვაჟჳ მიეცათ. სახლი ზედ შემოევლო ბალღს: გაანებივრეს, გათხლიშეს. დედისა და დების კალთაზე სათუთად გაზრდილმა ბავშვმა შემდეგში ძალან იუცხოვა ყოველგვარი ზრუნვა. ლიტრა რომ ფეხქვეშ ჰგორებოდა, არ ააყენებდა. - ჯერ პატარაა ქა! წამოიზრდება, თავზე ხელს მოისვამს და ჰნახამთ, როგორ ჯარასავით დატრიალდება. - ბოდიშსა ჰხდიდნენ უქნარას. - რაღა დროს მაგის პატარობაა?! მაგ ხანში აბრამი სწორედ ძვრიფასი მორბედი იყო სახლში, - ამბობდა მისი მამა და არ მოსწონდა დათიკოს უსაქმობა. თავსიფლადა გრძნობდა ბავშვი თავს და მთელი დღე უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა წყალზე, ტყეში, მინდორში. ამ დღე - ჩიტებს დასდევდა - ან ძაღლს თუ კატას ეთამაშებოდა. სცადა მისმა მამამ საეკლესიო წიგნები და წესი შეეყვარებინა მისთვის, საყდარში თუ მრევლში მღვდლის მოხმარებას შეეჩვია, მაგრამ ამაოდ: ფსალმუნების დაზეპირებას ხანგრძლივი ჯდომა უნდოდა და ჩიჩინი, მას კი არც ერთი ეხერხებოდა, არც მეორე. არც საყდარში უდგებოდა გული: ერთ ადგილას გაჩერება და დგომა ენაჯიშებოდა. უნიჭო კი არა სჩანდა: ოღონდ ყური მოეკრა რისთვისმე და მისი დაუხსომებელი არ გადარჩებოდა. ის იყო საკვირველი, რომ ბავშვი არც ეკრძალებოდა ვისმე, არც ეხათრებოდა. იაკობ მღვდლისა ხომ ყველას დიდი ხათრი ჰქონდა ოჯახში, არც ცოლი, არც შვილი ადვილად არას შეჰკადრებდნენ, დათიკო არაფრად აგდებდა მას და ყურადღებასაც არ აქცევდა მის დარიგებას, შუბლის შეკვრას ან ჯავრობას. ლირფი რამ იზრდებოდა, ღვთის გარეგანი. - ძალიან თავისწვერა ბავშვია და თავხედი, სწორედ კისერს მოიტეხს სადმე ეგ ცოდვილი, - იტყოდა მისი მამა დაფიქრებული. სასაწვლებელში დათიკომ ფხა გამოიჩინა: დაუბრკოლებლივ გადადიოდა კლასიდან კლასში. ბედმაც გაუღიმა: ექსარხოსის მგალობელთა ლოტბარმა გასინჯა მოწაფეები და მოიწონა დათიკოს ხმა. ბალღი ჩარიცხეს მგალობელთა დასში და დააბინავეს არქიელის ხარჯზე. ეხლა ის კარგად სჭამდა, კარგად სვამდა, თავისუფლადაც გრძნობდა თავს, რადგან გალობას ადვილად მიხვდა და დაიმსახურა უფროსის ყურადღება. არქიელის მგალობლებს სასწავლებელში შეღავათს აძლევდნენ და დათიკო დაუბრკოლებლივ გადადიოდა კლასიდან კლასში და ყოველ წელიწადს გამარჯვებული ბრუნდებოდა შინ. სიხარული კი არ მოჰქონდა თან: ალქატი, დაუდგრომელი, ჟინიანი ახალგაზრდა პირველ დღეებში თავს აბეზრებდა ყველას. არც საქმეს უხაროდა მისი სახლში დაბრუნება: მთელ ზაფხულს ისე გაატარებდა, ჩხირს არ გადააბრუნებდა; ეშინოდა ხელებს კანის სინაზე სა სიფაქიზე არ დაჰკარგოდა. დაშტერებით შეჰყურებდა სამეზობლოდ მოსულ სოფლის გოგოებს მზისაგან დარუჟულ ტიტველ-ტიტველა გაზებში. სწავლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე კვირა დარჩა სოფლად, წაჰგლიჯა მამას ნაღდი რამ და გასწია ტფილისისაკენ. დათიკო სეცურდა ქალაქის ტბორში და ხან ყურყუმელობდა შიგ, ხან ამოჩნდებოდა აქა თუ იქ, ხან თითონ იჭერდა თევზს მღვრიე წყალში, ხან თითონვე წამოედებოდა უფო მარჯვე მეთევზურის ანკესს. ათას სამსახურს იცვლიდა, ყველგან კი ფეხი უსხლტებოდა: შრომას თხოულობდნენ და მუყაითობას, იმას კი არც ერთი შეეძლო, არც მეორე. ერთხელ მახეშიც გაყო თავი: მოეხიბლა ჭაბუკი ბრჭყვიალსა მას ვერცხლისასა და ხელი გაეპარებინა ჩხრიალასაკენ. ძლივს დააძვრინა თავი. ორჯელ-სამჯერ საკვირველი წერილიც მოუვიდა მისგან მის მამას: ფულსა თხოულობდა აჩქარებით; ჩემი ბედი მაგ ფულის გამოგზავნაზედ არის დამოკიდებული, იწერებოდა. - ნეტა რად უნდა ი ბიჭს ფული და მემრე ერთად ამოდენა?! ხუთი თუმანი! ადვილად იტყვის ენა. განა ადვილი საშოვარია ამოდენა ფული ერთად, რომ ავიღო და გავუგზავნო, - ფიქრობდა იაკობ მღვდელი. მართლა და ათასში ერთხელ თუ შეუგროვდებოდა იაკობ მღვდელს ამოდენა ფული ერთად. ან საიდან უნდა ეშოვნა ნაღდი? მრევლიდან იმოდენაც ვერ შემოდიოდა, რომ მოსეს გასწორებოდა ნისიად წამოღებულ ჩით-ჩუთში და ხშირად პურსა და ქერს უწყამდა მას. პური, ღვინო და ყველა ღვთის მოწყალება უხვადა ჰქონდა ოჯახში, მაგრამ ჯალაბიც დიდი იყო, გამოსაკვები ბევრი ეხვია თავს და არ შეიძლებოდა ამ ქონების კარზე გატანა და ნაღდად ქცევა. საზრდო მეორე წლისათვის უნდა შეჰყოლოდა სახლს: შეუძლებელი იყო წინადვე ეთქვა ადამიანს, როგორი წელიწადი დაბრუნდებოდა შემდეგ. იაკობი ვერ უგზავნიდა ფულს. შვილის ამგვარ თხოვნაზე მამა მხოლოდ გულმტკივნეულ წერილით უპასუხებდა და ევედრებოდა შინ დაბრუნებულიყო, სოფლად, გაჭირვების თავიდან ასაცილებლად. - ყოველივე უხვად გვაქვს სახლში და უყვედური; ჩამოდი, იცხოვრე შენს ჭერქვეშ. ჩვენც გაგვახარე და შემოგვეშველე, შენს თავსაც ნუ სტანჯავ. მაგრამ რა ჭირად უნდოდა დათიკოს ან მამის დარიგება, ან სოფლური ღვთის მოწყალება?! მას ფული უნდოდა, რომ ეცხოვრნა განათლებულად: ჩაეცვა და დაეხურნა კოპწიად, თეათრსა და გასართობებს არ მოჰკლებოდა, მეგობრები რომ ბანქოს თამაშს შეუდგებოდნენ, უკუარაქცეულიყო უვერცხლოდ სირცხვილეული. ნაღდი უნდოდა მას ბლომად, ნაღდი! გარნა ფულს ვერა შოულობდა იგი საკმარისს, დაწყევლილ საათზე იყო გაჩენილი და, დახეთ! სწავლადამთავრებულ ქოჩორა ახალგაზრდას ხან ფეხთსაცმელი ჰქონდა გონჯად მოღრეცილი, ხოლო. შაპო კეწკეწი; ხან მაღალქუსლა მარჯვედ ჩახლართულ-ჩაღილული წუღები, ხოლო ქუდი მწარედ დაღრეჯილი და ფრთებჩამოყრილი. 15 ეს იყო იაკობ მღვდლის დარდი, რომელიც განუყრელად სდევდა მას თან. ეს ნაღველი ხან მინელდებოდა და თითქმის განქრებოდა, როგორც სიზმარი რამ მძიმე, როდესაც სახლში მოვიდოდა ამბავი, დათიკოსათვის ადგილი მიუციათ და ჯამაგირში ჩავარდნილაო, ხან ძლიერდებოდა და სევდად გარდაიქმნებოდა, როდესაც რამე უგვან ამბავს გაიგებდა მის შესახებ ან წერილი მოუვიდოდა შეუფერებელი. დარდის მთლად გაქრობა კი იაკობ მღვდლის გულიდან ვერ მოხერხდა: მას ვერ შეეგნო, რაღას უნდა ეცხოვრებინა ადამიანი, თუ იგი ფესვებს დააცილებდა ნიადაგს და ბურბუშელასავით აგორდებოდა ცხოვრების ტრიალ მინდორზედ. - ვაჟკაცია აგერ ოცდაექვსი წლისა, მთელ ოჯახს უნდა აცხოვრებდეს ეხლა, იმედი უნდა იყოს თავის თავისაც და სხვისაც, ის კი ვერ გამაგრებულა ერთ ალაგას, ბინა ვერსად დაუდვია საბოლოვო, დღედღეურად სცხოვრობს და პატარასავით თვალი ისევ შინისაკენ უჭირავს. სადაური განათლებაა ეს და ცხოვრებისათვი შემზადებაა?! - დარდობდა მოძღვარი. სხვად იაკობ მღვდელის ცხოვრება მიდიოდა მშვიდად, ერთგვარად, აუღელებლივ. მას მარტივადა ჰქონდა ცხოვრება მოწყობილი და სადად დაყენებული. მის ცხოვრების გზაზე ქარიშხალი არ იცოდა, მხოლოდ უმნიშვნელო ღელვა იყო ხანდისხან. ჭერი თავისი ჰქონდა უყვედური და არ ეშინოდა ვისმე განედევნა იქიდან მისი ოჯახი, პური და ღვინო არ შემოელოდა, რადგან მისი ოფლით მორწყული მადლიანი დედამიწა აღმოუცენებდა მას ნაყოფს კეთილს, არასოდეს არ მოაშივებდა თავის ერთგულ შვილს, არ გაჰხდიდა შვილსა მართალსა მთხოვნელს პურისა. კმაყოფილი იყო მოძღვარი თავის ბედისა და ჰმადლობდა გამჩენელს, რომელს მიენიჭებინა მისთვის სიცოცხლე ძვირფასი და მიეპყრო საზრდო საიმედო. სხვა რაღა უნდოდა?! განა ნაბუქოდონოსორი იყო მძლავრი, რომდაეპყრო ქვეყანა, განეძარცვა ტაძარნი წმიდანი და შეეკრიფა საუნჯე უთვალავი! მცირედზე იყო იაკობი სარწმუნო და მრავალთა ზედან დამკვიდრებას არ ესწრაფებოდა. სწამდა იაკობს, რომ ლუკმა პურის გარეშე ყოველივე სიმდიდრე აშენებული იყო მოყვასთა ჩაგვრაზედ და ეშმაკისაგან მაზედ დაგებული ამაო ამაოებათა. იაკობ მღვდელის მეუღლე მართა სრულიად კმაყოფილი იყო თავის ქმარ-შვილისა და ოჯახისა. იღბალს არც ის ემდურებოდა და მარად ჰმადლობდა ყოვლადმოწყალეს. ამისთანა მკვიდრ ოჯახს და პატივსადებ ქმარ-შვილს ნატრობდა ის თავის ქალობაში და ოცნება მთლად აუსრულდა ბედიანს. არც ეცალა მართას მოსაწყენად და დრტვინვისათვის: შრომაში იყო ქალი მარად გართული. არც რამ მიუწთომელ მოთხოვნილებებით იყო ქალი გამსჭვალული ან დაუკმაყოფილებელი სურვილებით და ამისათვის გულწმინდად იყო გახარებული თავის აწინდელი ყოფა-მდგომარეობით და დოვლათით. გულსავსე, კმაყოფილი, მოღიმარე და კარგი ადამიანი საყვარელი და პატივსადები შეიქმნა ყველგან და ყველასაგან. ქალები ტავის გვერდზედ ჰყვანდა დაბინავებულნი საუკეთესო ოჯახებში. სახლში იყვნენ ისინი აღზრდილნი დედის კალთის ქვეშ. ბევრი არა იცოდნენ რა : წერა-კითხვა, ხელთსაქმე, მეოჯახობა სოფლური. ჯან-ღონით სავსე ზნეფაქიზ ქალებს ბევრი უყურებდა მუშტრის თვალით და წამოიზარდნენ თუ არა, საუკეთესო ოჯახიშვილებმა ითხოვეს უქრთამ-უმზითვოდ. რას აგებდნენ?! ღვდლის ქალები ერქვათ სახელად, თორემ გამრჯელობით და საქმიანობით არც ერთს გლეხის ქალს არ დაუვარდებოდნენ არც ერთ სოფლურ საქმეში და კიდეც აღემატებოდნენ მათ ფაქიზი ქცევით თუ წიგნისა და ჭრა-კერვის ცოდნით. ოსტატები იყვნენ სოფლის ქალ-რძალისათვის. უფროსი შვილი აბრამ დიაკვანი დაუღალავი მუშაკი დადგა და სწორედ ღვთის წყალობა თავის სახლისათვისაც და სოფლისათვისაც. სასწავლებლიდან ჩამოყოლილი გულგრილობა შემდეგში ხომ მთლად განქრა მასში და ისევ განუცხოველდა წინანდელი სიყვარული მიწისადმი. ეხლა ის ბურჯი იყო ოჯახისა, საუკეთესო გუთნის დედა სოფელში და თანაც მშვენიერი მცოდნე ეკლესიის წეს-მსახურებისა. მისი ცოლ-შვილი შეექვსა და შეუხორცდა იაკობის ოჯახს, გაამრავლა სახლში მუშა ხელი და მრჩობლად მოჰფინა სახლს მადლი უფლისა და გაავსო იგი ყოველივე ღვთისწყალობით. მრევლი წინანდებურად გულდინჯად, იმედით და სიყვარულით უყურებდა თავიანთ მღვდლის სახლს, რომელიც განუყოფელი ნაწილი იყო სოფლისა და რომელიც ღვთით საუკეთესო კვამლადვე უნდა შერჩენოდა სოფელს. 16 მიდიოდა დრო დაუსრულებელი. მისდევდა ერთმანეთს და ენაცვლებოდა წამი წამს, საათი საათს, დღე ღამეს, წელიწადი წელიწადს. ჟამთა განუწყვეტელ და შეუფერებელ სრბოლას მიჰყვებოდა თან ქმნილებათა განუსაზღვრელ-აღურიცხავი სიმრავლე როგი რიგზე, გუნდი გუნდზე, ტალღა ტალღაზე. არსებათა უთვალავი სიმრავლე იღებდა განსაზღვრილ სახეს მიუწთომელ და საიდუმლო ოკეანეში დასაბამისა, ხოლო იშლებოდა, ჰკარგავდა თავის სახეს განსაზღვრილს და დაინთქმებოდა მიუწდომელ, წყვდიად და საიდუმლოვე ოკეანეში დასასრულისა. და დაინთქმებოდა ყოველივე არსება არა მისთვის, რომ მოსპობილიყო იგი საბოლოვოდ, განქარვებულიყო საუკუნოდ, არამედ იმისთვის, რომ განეცადა დაუსრულებელ დროთა ბრუნვაში საიდუმლო ცვლილებანი მრავალგვარნი და კვლავ მიეღო განსაზღვრულივე სახე თვისის არსებობისა, კვლავ აღმოჩენილიყო წყვდიადიდან, წარმოშობილიყო საარსებოდ, ხოლო უფრო განვითარებული და კეთილქმნილი. მიიგრაგნებოდა დრო დაუსრულებელი და წარსულთა ჟამთა სიმრავლე ტვირთად მძიმედ უმძიმდებოდა იაკობს: წელში გაიხარა მოძღვარი, მთა დაუთოვლა მას, წისქვილები დაუდგა. აქამდის კვერთხს მაშინ იღებდა ხელში, როცა ჩაიცვამდა ანაფორას, დაიხურავდა კალმუხის წოწოლა ქუდს, შედგებოდა ქოშებზე და ვიდოდა მსახურებად ღვთისად და მწყსად ცხოველთა მათ მეტყველთა, ეხლა არგანი განუშორებელი თანამგზავრი იყო მისი, რადგან მიწა უკვე ძლიერად იზიდავდა მას თავისკენ და ხელისაბყრობა ეჭირებოდა. იაკობ მღვდელს და მის თანამეცხედრეს პირი დაუსრულებელ წარსულისაკენ მიექციათ, რომლის დაუცხრომელ მიმდინარეობას მრავალი მათი მეგობარი და თანაზრდილი წარეტაცნა. კვეთის დროს თითქმის მთელ სეფისკვერს ნაწილებად ამოიღებდა ხოლმე ნათესაობაში თუ მრევლში მოსპობილ წვერთა მოსახსენებლად. - მოიხსენე, უფალო, მონა შენი ივანე! - ჩურჩულებდა იაკობ მღვდელი სამკვეთლოსთან და ეშლებოდა ფიქრი-ფიქრზე: - რა ჭკვიანი კაცი იყო! სოფლის თვალი იყო და სიამაყე, მის დაუკითხავად ხალხში არაფერი არ გაკეთებულა. მოიხსენე, უფალო, ონა შენი ვარდენი. საწყალი! ერთად ვისხედით ხოლმე გუთანზე. ძალიან ხელღონიერი ბიჭი დადგა; სოფლის მასახელებელი იყო ჭიდაობით. მოიხსენე, უფალო, მხევალი შენი მელანია! სადა ხარ, საწყალო? ... რამდენჯერ მომიტანია მისთვის ჯიბით ვაშლი თუ მსხალი, როდესაც მამაჩემს დავდევდი დიაკვნის მაგივრად. ახ, რანაირად გვიყვარდა ერთმანეთი! - და სამკვეთლოდან მოხუცი მოძღვარი თვალთცრემლიანი ბრუნდებოდა ტრაპეზისაკენ. მიექანებოდა დრო და მიჰქონდა თან იაკობ მღვდლის ძალღონე. ულმობელი სიბერე ჩასჭიდებოდა მას და თანდათან მძლავრად ჰღუნავდა მას მიწისაკენ. აგერ თავის მარჯვენას კანკალიც შეატყო ბარძიმის აღების დროს, თავის ძლიერ მარჯვენას. - მოვხუცდი ვედრებასა შინა ღვთისა ჩემისა! ვმადლობ უფალსა, რომელმან ღირს მყვა მსახურებად თვისად წელთა მრავალთა. ჩვენს გვარში ტრიალებს მადლი უფლისა და იგი არ გამოგვწირავს მღვდლობას. ჩემი შვილი აბრამი სწორედ ღირსია მიეახლოს ტრაპეზს წმიდას: მორწმუნე კაცი დადგა და მშროემლი; ეკლესიას არ დააკლებს თავის წესს და ხალხსაც ჩემ შემდეგ არ შეუმძიმებს ტვირთს, ძვირად არ დაუსვამს ღვთის ვედრებას. დროა აწ გარდმოვიდეს მასზე მადლი სულისა წმიდისა, შეიმოსოს სამოსელი მღვდლისა, ვითარცა ნათელი და აღიღოს კვერთხი მწყსად, - ფიქრობდა ჟამითი ჟამად იაკობ მღვდელი და ჯერ არვის უზიარებდა თავის ფიქრებს. მეტი გზა კი აღარ იყო: უნდა ეთქვა სათქმელი, რათა გაეზიარებინა ვისთვისმე თვისი ფიქრი, რადგან იგი ფიქრი ყოველთვის თანა სდევდა მას და თავს ევლებოდა. - მართა, ქალო! მომისმინე, დაჯექი და კარგად დამიგდე ყური, - მიმართა იაკობმა მეუღლეს. - დროა ვაკურთხებინოთ ჩვენი აბრამი ჩემ მაგივრად. განსვენებული მამა ჩემიც ჩემს ხანში იყო, როდესაც მაკურთხებინა და გადმომცა ეკლესია. მე კი ისევ ჭაბუკი ვიყავი მაშინ, მე ხომ სიყრმის შვილი არა ვარ. მცირედ ჟამსა იცოცხლა მას შემდეგ საწყალმა! დროა განსვლისა! მართას ფერმა გადაჰკრა, როგორღაც ჩაიფუფქა ის ადგილობრივ და ისე შეაჩერდა თავის მოხუც მეუღლეს, თითქო მხოლოდ ეხლა შენიშნა მისი სიბერეო. - რას შეკრთი, ქალო? განა მართლა მთლად მოვხუცდი! ჯერ არც ისე ცუდად არის საქმე, შენ რომ გგონია, - გაეხუმრა მეუღლე. მართას სიწითლე მოერია მიმკრთალებულ-მინაოჭებულ სახეზე და გაიღიმა. - გული როგორღაც შემეკუმშა უეცრად, თორემ მეც რამდენჯერ მომივიდა ეგეთი ფიქრი. მართლა და დროა დავუთმოთ ჩვენი ადგილი ჩვენ შვილ-რძალს. ოჯახი არ დაქვეითდება ამით, არაფერიც არ შეეტყობა: ისეთი ღვთის შვილი ადამიანია ჩვენი რძალი, რომ სახლს ჩემზედ მარჯვედ და კეთილად წარმართავს. - არა, შენოდნობას კი ვერ გასწევს ჩვენი ლიზა, სად შეუძლიან! მაგრამ დალოცვილი დედაკაცია და მაგის ხელშიაც ნაკურთხი იქნება ჩვენი ოჯახი. დაასკვნეს განუზიარონ თავიანთი ჰაზრი შვილისა და რძალს შეამზადონ ყოველივე და შემოდგომაზე აკურთხონ აბრამი. - ვაკურთხებინოთ, ვაკურთხებინოთ, ღმერთო, შენით! ჩვენის თვალითა ვნახოთ ჩვენის შვილის ბედნიერება. ნაღველის რამ მუქი ბურუსი გადაეფარა მათ გულს და სდუმდნენ: თუმცა სასიხარულოა მათთვის შვილის ბედნიერება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც უჩინარ დარდებს უშლიდა მათ: თითქო მათ ეს ნაბიჯი უახლოვდებოდა იმ საიდუმლო ბჭეს, რომლის იქით გაშლილია საიქიო, ეს წყვდიადით მოსილი და განუჭვრეტელი მხარე. 17 რამდენიმე დღის შემდეგ იაკობ მღვდელმა განუზიარა თავისი ჰაზრი თავის შვილს. იმან ჯერ იუცხოვა ეს, მაგრამ მემრე დათანხმდა, როდესაც მოიფიქრა, რომ ეხლა უფრო მარჯვე დრო იყო და ადვილი მოსახერხებელი მისი მღვდლად კურთხევა: თანდათან ძნელდებოდა სასწავლებელში გამოუვლელთათვის მღვდლობის მიღება და მეტი დაყოვნება სახიფათო იყო. შეატყობინეს თავიანთ განზრახვა მრევლსაც. სოფელში ამ ახალმა ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა არ გამოიწვია: ეტყობოდა იმათშიც ეტრიალნა ამ ფიქრს, თუმცა ყრუდ და განურკვევლად. მრევლი კარგადა ხედავდა, რომ აბრამიც სწორედ შესაფერი მოძღვარი იქნებოდა მათთვის, რადგან იმათივე კაცი იყო ის, მათი მოძმე ჭირში თუ ლხინში და როცა მღვდლად ეკურთხებოდა, შეიქმნებოდა მხოლოდ უხუცესი მათ შორის, მოძღვარი და მამა მათი სულიერი, მწყემსი კეთილი და არა მგელი მოსისხლე და მტაცებელი. ცოტა ხანს ჩაფიქრებული და ჩაჩუმებული სოფელი აყაყანდა, ახმაურდა და განაცხადა, რომ მამა იაკობის ფიქრი კეთილი იყო, სასარგებლო და შესაწყნარებელი. მხოლოდ ერთმა იკითხა: - მამაო იაკობ! ახლა ე ჩვენი დიაკვანი აბრამი რომ ეკურთხება მღვდლად, შენც ისევ გექნება ნება სწირო ხოლმე, ან სახლი გვიკურთხო? იაკობს გაეღიმა იმ გულუბრყვილო კითხვაზე და მიუგო: - კაცო, ეხლა ამ შენს შვილს ვარსიმეს რომ უჭირავს გუთანი შენ მაგივრად, განა შენ აღარა გაქვს ნება მოჰკიდო მას ხელი ხანდისხან, თუკი სურვილი გექნება ან გაჭირვება? გუთანი ხომ მარტო იმისთვის დაუთმე შენს შვილს, რომ ეხლა ეგ შენზედ უფრო ხელ-ღონიერია და მარჯვე. - ჰაი, ჰაი ღონიერია და მარჯვე! მაგრამ მაგის ხანში კი მე ვსჯობდი მაგას. სიბერეს რა უთხრას კაცმა, თორემ ვინ წამიდგებოდა წინ... - ჰო და აბრამის ხანში მეც ყოჩაღი მოღძვარი ვიყავი და დაუზარელი, მაგრამ ეხლა მოვხუცდი და მინდა ჩემს ადგილას ჩემი შვილი ჩავაყენო. ეკლესიას კი სიკვდილამდინ ვერ მოვშორდები: ვილოცავ და ვსწირავ თქვენ სადღეგრძელოდ, და თქვენ მიცვალებულთა მოსახსენებლად. მარჯვედ დატრიალდა საქმე: ბლაღოჩინს გამოსაძიებელი საქმე გაუჩნდა მახლობელ სოფელში, ამობრძანდა ქალაქიდან და იაკობ მღვდლისას შეიარა გზა-გზა. მღვდელმა მოახსენა მას თავისი გულის წადილი და სთხოვაგზის ჩვენება და დახმარება. ჩაფიქრდა მოძღვართუხუცესი. - მთავრობა სწავლა დამთავრებულს აძლევს უპირატესობას, თხოულობს ისინი წარვადგინოთ. რასაკვირველია, განვითარებული ადამიანი სჯობის, მაგრამ როგორ უნდა მოთავსდნენ ერთმანეთთან მრევლი და იგი განათლებული, როცა მათ შორის აღარაფერია საერთო?! მათ აღარ იციან ხალხის ენა, ხოლო მათგან წაკითხული საეკლესიო წიგნი გმობაა ღვთისა და შეურაცხყოფა ენისა; მათ დავიწყებული აქვთ ხალხის ზნე-ჩვეულება და აბუჩად აგდებული; მათი საღმთო მსახურება არ არის რწმენაზე დამყარებული და გარეწარია; მათ არ უყვართ მიწა, თითონ არ მოაქვსთ საზრდო დედამიწაის სიუხვიდან და მთელი თვისი სიმძიმით დასწოლიან სოფელს. ფესვები არა აქვთ გადგმული ნიადაგში. მათი ხომალდი მარად აფრა გაშლილი სდგას, ყოველ ჟამს მზაა განეროს მრევლს და მიაშუროს უფრო ფართე და ღრმა ნავთსაყუდელს. ეჰ, მოძღრად განმზადებული და ხალხი ერთ ნიადაგზე უნდა განვითარებულიყო, რომ განმტკიცებული მათ შორის ერთობა და სიყვარული და კეთილად წარმართულიყო დაობლებულ ეკლესიის მსვლელობა... გარნა ვინ შესცვლის გზა განგებისა ანუ ვინ წინაღუდგეს მას?! იაკობ მჶვდელი შეჰყურებდა მოძღვართუხუცესს და ვერ გაეგო, რატომ მაშინვე არ მიიღო მან მისი ჰაზრი, ან რამ დააფიქრა იგი ესე ღრმად. ეჭვი შეეპარა: ეგონა იმისთვის ჰყოფნიდა მოძღვართუხუცესი და არას ამბობდა, რომ გასამრჯელოს გამოელოდდა რასმე. - მამაო ბლაღოჩინო! გთხოვთ მოაგვაროთ ეს საქმე და ხელი აღმიპყრათ სიბერეში. თქვენ ისეც ყოველთვის შემწე ბრძანდებოდით ჩვენი მფარველი, მე კი თქვენ წინაშე არავითარი პატივი არ მიმიძღვის. გთხოვთ დამავალოთ და ნება მომცეთ სიკეთე გადაგიხადოთ! - რასა ბრძანებ მაგას, მოძღვარო! მე ისეც პატივცემული ვარ თქვენგან და მადლობელი... ჩემთვის ძვირფასია და დიდად სასიამოვნო, რომ ერთობა გაქვთ მრევლთან და კეთილგანწყობილება. დარწმუნებული ვარ, რომ აბრამიც არ მოშლის ამ სიყვარულს, - ბრძანა ბლაღოჩინმა და მიჰმართა აბრამ დიაკვანს, რომელმაც ის იყო ცივი წყალი მოართო მას: - აი გაკურთხოს ღმერთმა და შენს მღვდლობას შეგვასწროს! დიაკვანს სიხარულის ალმა აჰკრა. რამდენიმე წუთს გაშეშებული იდგა ყბა გახლეჩილი. მემრე მოეგო თავს და მოწიწებით ემთხვია ხელზე თავის უფროსს და კეთილისმყოფელს. 18 მზე იდგა აქამდისინ იაკობ მღვდლის კარს და განათებული იყო მისი ზეო-ყურე; წყნარი სიხარული დასტრიალებდა მის ოჯახს და კმაყოფილება. იყო მის კარსაც მარცხი, აღრეულობა; სიკვდილმაც კი შეიხედა ერთხელ მისას და წარატაცა ყრმა ჩჩვილი, გარნა იგი რყევანი მის ცხოვრების გზაზე არ იყვნენ ისეთი ძლიერნი, რომ დაელეწათ ხომალდი მისის სიცოცხლისა და დაენთქათ იგი; ჯერ ახალაგაზრდა იყო ის მაშინ, ძალ-ღონით და იმედებით სავსე, ცხოვრების გზა ჯერ ნახევარიც არა ჰქონდა გავლილი და მხნედ მიაბიჯებდა. არ ეშინოდა შემთხვევით რყევისა: ხელთ ეჭირა საჭე რწმენისა და მწედ ჰყვანდა ღმერთი ძლიერი, რადღა შეეშინდებოდა მას?! ეხლა იაკობს უკვე გავლილი ჰქონდა გზანი ცხოვრებისანი, მზად იყო განხმულიყვნენ მის წინაშე ბჭენი საუკუნენი და იგი უკვე ესალმებოდა ამ წითისოფელს. სევდის მომგვარებელი ხანი იყო ეს. მაინც გულსამსედ მიემართებოდა მოძღვარი ცხოვრებისაკენ დაუსრულებელისა და საიდუმლოსი: მას პატიოსანი შრომით გაეტარებინა ცხოვრება თვისი, თავის მეცადინეობით და გონიერი მზრუნველობით ოჯახიც და თვისი მრევლიც დაეცვა ბოროტისაგან, სიყვარული დაემკვიდრებინა მათში, ხოლო დარაჯად ამ სიყვარულისა და ერთობისა სტოვებდა ისეთს კაცს, რომელსაც უნარიცა ჰქონდა და სურვილიც წარემართა ცხოვრება ისეთივე თანხმობით და კეთილად. ყოველივე ისე მოწაყო იაკობმა, როგორც მოითხოვდა კეთილგონიერება და გული მოყვარული. იაკობი აწ დაწყნარებულ დამშვიდებული განგრძობდა ცხორებას დღითი დღე. მაგრამ ეწია იაკობ მღვდელს უსაზომო რისხვა ღვთისა და გაუმწარა მას უკანასკნელი დღენი ცხოვრებისა. და რა მოულოდნელად მოხდა უბედურება! ცა მოწმენდილზე წამოუარა მას ქარიშხალმა სასტიკმა და აღგავა პირისაგან ქვეყნისა ყოველივე იმედი მისი და სიხარული. მკათათვე იყო. დედაკაცები და წვრილფეხობა რომ კალოს უვლიდნენ და დასტრიალებდნენ, ვაჟკაცები ჯერ ისევ ძნას ეზიდებოდნენ. შემოდიოდა სოფელში ძნით დატვირთული ურემი ურემზე სასიამოვნო ჭრიალით. მზე გადასცდა საშუადღეოს. მღვდლიაანთ ნიჩბით უქციეს კალოს და ბალღებმა ისევ შეატრიალეს კევრები. იაკობ მღვდელმა მოიწმინდა შუბლიდან ოფლი და საბძლის ჩრდილოს შეეფარა. მოისმა ურმის ჭრიალი, საქონლის ლალვის ხმა და გამოჩნდა ძნით დატვირთული ურემი. აბრამ დიაკვანი იჯდა ურემზე და ამხნევებდა საქონელს. ლაღას ძლიერ დასცხრომოდა, ენა გამოეგდო და აქაქანებული აწვებოდა უღელს. მარჯვნივ რუ ჩამოწანწკარებდა, ღობეში შედიოდა; ადგილ-ადგილ დაეტბორებინა. გალექებულმა ლაღამ ვეღარ მოითმინა წყალის დანახვაზე, მთელი ტანით მიაწვა ურემს და ლაფისაკენ მიღრიჯა ის. აბრამი გადააფრინდა ყორანას და შეუტია სახრით. კამბეჩმა მიძეწკა აბრამი, დაეცა ვაჟკაცი. სისხლი წაჰსქდა პირიდან: გულის ფიცარი ჩაჰმტვრეოდა. რამდენსამე დღეზე გათავდა დევივით კაცი და დაენგრათ მღვდლიაანთ ოჯახის საძირკველი. უბედურებამ გააბრუა მოხუცი. მის გამშრალ თვალებში ადამიანური აზრი აღარა სჩანდა. ეუბნებოდნენ, უჩვენებდნენ, ჩასძახოდნენ, მაგრამ გარკვევით ვერას ასმენდნენ. იძროდა, მიდი-მოდიოდა, კიდეც ამბობდა, მაგრამ უაზროდ, უყურადღებოდ, უმიზნოდ. ვაიმე, შვილო, ვაიმე! გაისმოდა დროთი დრო მისი კვნესა. მხოლოდ ერთი ცხადი ჰაზრი შერჩენოდა მის გატანჯულ გონებას ერთსა და იმავე კითხვას უბრუნდებოდა მისი გონება: - ისეთი რა შეგცოდე, უფალო, რომ მოსპე სიხარული ჩემი, ნუგეში ოჯახისა, იმედი ჩემის მრევლისა?! პაუხს კი ვერა ჰპოვებდა, მცირედ მაინც დამაკმაყოფილებელ პასუხს და კითხვა უმეტესის ძლიერებით უბრუნდებოდა მის გონებას, გახურებული შანთივით უვლიდა მის გატანჯულ ტვინს. დასაფლავებაზე ბლაღოჩინიც მიიწვიეს. საყდარში იაკობი თავს ედგა მიცვალებულს და აქაც იმავე კითხვას იმეორებდა უნებლიედ, ცეცხლის ასოებით აღბეჭდილ კითხვას. პასუხი კი არსად იყო, არსად! გახედა ხატებს. გაჭირვების დროს ბევრჯელ ამოუკითხავს იაკობს მათ ჭკვიან თვალებში საჭირო გრძნობა თუ რჩევა. იმედი ჰქონდა, ეხლაც ამცნებდნენ რასმე, მოაშორებდნენ ამ მტანჯველ კითხვას, მაგრამ მათ გაყინულ თვალებში დღეს ვეღარაფერი თანაგრძნობა ვეღარ ამოიკითხა, ვერც ჰაზრი. ღვთისმშობელიც კი ცივად უყურებდა, ღვთის მშობელი, რომელსაც გამოცდილი ჰქონდა საყვარელი შვილის ტანჯვით სიკვდილი! ქელეხზე მთელი სოფელი დაესწრო. აბრამის ძმა დათიკოც ამოვიდა ქალაქიდან. თეთრი თავთა ეცვა. გამოწყობილი ტალავარი ზედ ზემოჰლესოდა ზერდაგს. ფეხსამოსი მოუსაპნავ ღერძივით უჭრიალდება. რუსულს ამბობდა. ხალხს არ ეკარებოდა, უკადრისობდა. თუთუნს აბოლებდა. ბლაღოჩინისაკენ იწევდა, მას ეტმასნებოდა. მოძღვართუხუცესმა აიღო ჭიქა და მოჰმართა ჭირისუფალს: - ძმაო იაკობ! დიდი უბედურება გეწია სიბერის დროს, მაგრამ ყოველივე განგებაა ღვთისა და ნება მისი. ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას! ღმერთმა შეუნდოს განსვენებულ აბრამს და გიცოცხლოს სანუგეშოდ შენი მეორე შვილი დავითი. აბრამის მაგივრად ეხლა ამას გიკურთხებთ მღვდლად. სურვილი უკვე გამოაცხადა. განათლებული კაცია და სახელოვნად განაგრძობს თქვენს გვარში მღვდლობას. იაკობ მღვდელმა შეხედა თავის შვილს, გადახედა თავის საყვარელ მრევლს და ცრემლთა ნაკადმა გადმოხეთქა თვალთაგან თეთრად გაპენტილ წვერზე. 1910 წ.