მუსტაფა ნაიმა

"რავზათ ულ-ჰუსეინ ფი ჰულასათ-ი აჰბარ-ულ ჰაფიკაინ"

("აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო ამბები ჰუსეინის ბაღებზე")
ავტორი: მუსტაფა ნაიმა

ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ

გამომცემელი: შენგელია ნოდარ


მუსტაფა ნაიმა - ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ - თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა ნოდარ შენგელიამ - საქართველოს ისტორიის წყაროები 14 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები VIII - თბილისი - 1979

იბრაჰიმ ფეჩევი
იბრაჰიმ ფეჩევი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები






რესურსები ინტერნეტში:


წინასიტყვაობა

edit

ტექსტი

edit
ნაიმას ისტორია
აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო ამბები ჰუსეინის ბაღებზე

1008 წლის (24.VII.1599-12.VII.1600) ამბები

edit

ვანის ბეგლარ-ბეგის ჯაფარ-ფაშას მიერ ქართველთა მმართველის სიმონის დატყვევება

edit

საქართველოს მმართველნი საჩვენებლად ფირმანის მორჩილნი არიან, ფარულად კი აჯანყებაზე უჭირავთ თვალი. მათ შორის დაუნდობელი სიმონი ვერაგულად დაესხა თავს გორის ციხეს და საფუძვლიანად დაანგრია იგი. თავრიზისა და ვანის ბეგლარ-ბეგმა გულადმა ვეზირმა ჯაფარ ფაშამ ღვთის შემწეობით სიმონი დაატყვევა. გარდა ამისა, საქართველოს ბეგს - ალექსანდრე ხანს - თავი მოჰკვეთა, მისი შვილები დაიჭირა და ზემოხსენებულ სიმონთან ერთად იმავე წლის რები ულ-ევველის თვეში (21.IX.-20.X.1599) ხონთქრის სასახლეში წარგზავნა. სიმონი იედი კულეს ციხეში ჩასვეს, შემდეგში მან ისლამი მიიღო. გარდაიცვალა სულთან აჰმედის - ღმერთმა აცხონოს - დროს. იედი კულეში პატიმრობისას ხსენებული სიმონის მიერ თქმული რუბაი:

გამანადგურა ბედმა, რომელსაც ვემდური,

ამისათვის დამცირება განვიცადე ხალხის თვალში,

თუმცა საქმე წამივიდა ძლიერ ცუდად [მძიმედ],

მადლობა გამჩენს, რომ ახლა მდგომარეობა შემიმსუბუქდა.
ჰაქიმ ჩელების პასუხი:

ერთი გორის ციხის აღებისათვის შენ,

ახლა, უყურე, მეციხოვნე გახდი იედი კულეში.

(ტ. I, გვ.230)

1009 წლის (13.VII.1600-1.VII.1601) ამბები.

edit

გასულ წელს აღწერილი ამბავი საქართველოს მმართველის - დატყვევებული სიმონის სტამბოლს ჩამოყვანისა და მისი იედი კულეში მოთავსების შესახებ "ფეზლექეში" ამა წლის ამბად არის მოტანილი.

(ხელნაწერი, გვ.72)

1012 წლის (11.VI.1603-29.V.1604) ამბები.

edit

ღაზი გირეი ხანის თათართა ლაშქრით მოსვლა

edit

ყირიმის ფაშა ღაზი გირეი ხანი, რომელიც ბოლო დროს ლაშქრობებში აღარ მონაწილეობდა, იმის შიშით, რომ მისთვის ფაშობა არ ჩამოერთმიათ და მისი ძმებისათვის: სელამეთ გირეის, მეჰმედ გირეის ან შაჰინ გირეისათვის არ მიეცათ, თავისი ლაშქრით ბელგრადთან შეუერთდა დასავლეთის ლაშქრობაში დიდვეზირ ჰასან ფაშას.

(ტ. I, გვ.305-306)

უმეფობის დასაწყისი ირანის საზღვარზე

edit

ამ წელს შაჰ აბასმა დაიწყო შემოტევა ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ზოგიერთ ადგილზე. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოსმალთა მიერ დაპყრობილ ადგილებში მმართველებად დაინიშნენ მდაბიო ჯარისკაცები, რომელთაც ვერ შეიშნეს ეს და ერთმანეთზე თავდასხმები დაიწყეს. ასე მაგალითად, მათ ძველთაგანვე დამორჩილებული ქურთების გამგებელი ღაზი ბეგიც შეავიწროვეს, რის გამოც ღაზი ბეგი აუჯანყდა ოსმალებს და შაჰს სთხოვა დახმარება.

1034 წლის (14.X.1624-2.X.1625) ამბები

edit

ყიზილბაშთა ლაშქრის დამარცხება საქართველოში

edit

ძველი დროიდან საქართველოს მთავრები ოსმალთა დინასტიას ემორჩილებოდნენ. ამდენად, ისინი დაცული იყვნენ ყიზილბაშთა შემოსევებისაგან. ზოგიერთი მათგანი გაიძვერა შაჰის ვერაგობასა და ცბიერებას ყურადღებას არ აქცევდა და ყიზილბაშთა მიმართ მორჩილებითა და მოჩვენებითი მეგობრობით საიხლოვესა და კავშირს ამყარებდა. ამასობაში ბევრი კეთილნაშენი ადგილი აოხრდა. ყიზილბაშები მათ საქონელს იტაცებდნენ, ოჯახებს ატყვევებდნენ და, საერთოდ, დიდ ზიანს აყენებდნენ. შაჰის მტრობა და ავკაცობა თანდათან ძლიერდებოდა. ზაგემის მეფე თეიმურაზ ხანმა მათი საზიზღარი ზრახვები ვერ აიტანა, საქართველოში ასაოხრებლად მოსულ ხანებს რამდენჯერმე წინააღმდეგობა გაუწია და დაამარცხა. ამჯერად ქართლის მფლობელი მოურავ ხანი, გურიელი, დადიანი, აციკ-ბაში და არაგვის ერისთავი გაერთიანდნენ და საქართველოს სხვა ერისთავებთან შეთანხმებით საქართველოს დასაპყრობად მოსულ ყარჩიხა ხანისა და სრულიად ყიზილბაშთა ლაშქართან საბრძოლველად გამოვიდნენ. ზემოხსენებული მოურავი შაჰის ლაშქარში იყო, როგორც მისდამი დაქვემდებარებული პირი. ოცდაათ ათასამდე ყიზილბაში და სახელოვანი ხანები ყარჩიხა ხანს შეუერთდნენ, მათთან ერთად საქართველოს ასაოხრებლად მოურავ ხანიც გამოგზავნეს. ეს უკანასკნელი თეიმურაზ ხანს საიდუმლოს დაუკავშირდა და შეუთანხმდა: როდესაც ყიზილბაშთა ლაშქარი მიაღწევს საქართველოში შემავალ ვიწრო ხეობას, მზად იყავით და განსაზღვრულ დროს თავს დავესხათო, თვითონ კი თავისი ხელქვეითებით უკან ჩამორჩა. ყიზილბაშთა ლაშქარი ამ ხეობაში შემოვიდა და უდარდელად დაბანაკდა. ყველა განცხრომას მიეცა: ზოგს ეძინა და ისვენებდა, ზოგი კიდევ პურს ჭამდა.

სწორედ ამ დროს მთებში გამოჩნდა ქართველთა ლაშქარი. მოურავი ყარჩიხა ხანს მივარდა და უთხრა: რას გაჩერებულხარ ხანო, ჯარიც გაფრთხილდეს, ამხედრდეს და მზად იყოსო. შემდეგ ხანი ცხენზე შესვა და მიმართა: აბა, ნახე როგორია ქართველების გაწყვეტა, შე წყეულო ყიზილბაშო, თავისი შუბი ყარჩიხა ხანს იღლიის ქვეშ აძგერა ისე, რომ შუბი მეორე მხარეს გამოვიდა. ჰე, შე გიაურო, არამი იყოს შენზე შაჰის პური! - წამოიძახა ყარჩიხა ხანმა და ცხენიდან ჩამოვარდა. ყარჩიხა ხანის შვილმა ეს რომ დაინახა - ჰეი, ეს რა ქენი შე შაჰის მტეროო - შესძახა და მოურავს შეუტია. მოურავმა ხმალი მოიქნია და მასაც თავი და ცალი მკლავი გააგდებინა. ყიზილბაშთა ლაშქარი აირია. სხვა ხანები ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა და სანამ ასე გაოგნებული იყვნენ, ქართველთა ბეგებიც მოცვივდნენ და იმდენი დახოცეს, რომ ოცდაათი ათასი ყიზილბაშიდან სამი ათასმა ყიზილბაშმა ძლივს უშველა თავს. ისინი მისცვივდნენ ცხენებს და შაჰის ლაშქარს მიაშურეს.

ქართველი ვაჟკაცები, გამარჯვებით გამხნევებულნი, უკან დაედევნენ მტერს, ყარაბახის საზღვრამდე სდიეს და კიდევ ბევრი ყიზილბაშის თავი გააგორეს მიწაზე. ბრძოლა განთიადიდან საღამომდე შეუსვენებლივ გრძელდებოდა. რამდენიმე ათასი ყიზილბაში ხმლით აკუწეს. თვითონ ყარჩიხა ხანს, მის შვილს, ამირგუნე ხანს, მაჰმუდ ხანს, კაზღან ხანის შვილს, შირვანის ხანს - იუსუფს, სულეიმან ხანს და ათ სულთანს თავი მოაჭრეს, მოჭრილი თავები შეახვიეს, დროშებთან, ბუკებსა და დოლებთან ექვსი-შვიდი ათასი თავი და ოცამდე მოენე ტყვე სარდალს გაუგზავნეს.

მოურავის შვილი საქართველოს ზოგიერთ წარჩინებულთან ერთად რამაზანის 21-ე (1625 წლის 27 ივნისი) დღეს სულთნის სამხედრო ბანაკში მოვიდა.დახოცილთა თავები ჯოხებზე წამოაცვეს.ბუკებით, დოლებით და მტრის უკუღმა შებრუნებული დროშებით სარდლის კარვის წინ გაიარეს და შემდეგ ამასიის ბეგის მეჰმედის თანხლებით მოკლულთა თავები სტამბოლს გაგზავნეს.

(ტ. II, გვ.345-347)

ჯარის გაგზავნა საქართველოსაკენ

edit

მოურავის წერილსა და არზაში ნათქვამი იყო: უკეთუ ისლამის ლაშქარი ამ მხარისაკენ გაემართება, ხელსაყრელი შემთხვევაა, მთლიანად განჯის, ყარაბაღისა და შირვანის მოსახლეობა ჩვენ დაგვიჭერს მხარს და დაგვემორჩილება, არდებილის მხარესაც დავიკავებთ. ეს ადგილები მდიდარია პროვიანტითა და საჭურვლით. ამ მხრივ სიძნელეები არ შეიქმნება. ყიზილბაშთა ქვეყანას დიდ ზიანს მივაყენებთ. ბევრი კარგი საქმე გაკეთდება. გარდა ამისა, მისმა კაცებმა სიტყვიერადაც მოახსენეს სასულთნოს და დაბეჯითებით სთხოვეს ირანს გალაშქრება, მაგრამ რადგანაც ჰაფიზ ფაშას დავალებული ჰქონდა ბაღდადზე გალაშქრება, ამიტომ აქეთკენ გალაშქრებაზე უარი თქვა.

მარჯვენა და მარცხენა ბოლუქებიდან ორი ათასამდე ყულის შვილები ჩაწერეს და შეადგინეს ჯარი მათ აღაებთან ერთად. სერასქერად დანიშნეს ბათუმის ბეგლარ-ბეგი ომერ ფაშა. ზემოხსენებულ სარდალთან გაიგზავნენ, აგრეთვე, რამდენიმე იანიჩარი და ყულის შვილები. გარდა ანისა, მომიჯნავე საზღვარზე მობინადრე ბეგებს წერილპბით ებრძანათ, რომ საქართველოს მთავრებთან კავშირი დაემყარებინათ და, როდესაც სარდალი იქ მოვიდოდა, ყიზილბაშთა ქვეყანა გაენადგურებინათ და აეოხრებინათ.

კაითაკის მფლობელის ისმი ხანის სახელზეც გაგზავნეს წერილი, რომელშიც ეწერა: ჯართან ერთად მზად იყავით, რათა იქიდან თავს დაესხათ ყიზილბაშთა ქვეყანასო. მაგრამ ამ წელს იმ რაიონში რაიმე მნიშვნელოვანი, კარგი საქმე არ გაკეთებულა. ფეჩევი ამბობს, რომ მოურავის კაცები ჰაფიზ ფაშასთან მოვიდნენ და ითხოვეს დადებითი პასუხი. ჩვენმა ბედნიერმა ფადიშაჰმა ბაღდადის აღება დაგვავალა, ხოლო საქართველოსა და შირვანის ქვეყანაში ლაშქრობა არ გვაქვს ნაბრძანებიო. მე ძალიან დაბეჯითებით ველაპარაკე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მე არ მგონია, რომ ამ საქმემ სასურველი შედეგი გამოიღოსო. არ არის მიზანშეწონილი, რომ გაურკვეველ საქმეზე დრო დავკარგოთ, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი საქმე უკან მოვიტოვოთ. განა ჩვენი ძველი სულთნები და ვეზირები წინასწარ იყვნენ დარწმუნებული ომის მოგებაში, წარმატებაში? მხედართმთავრისთვის საჭიროა გამარჯვებისადმი მისწრაფება და ალაჰისადმი მინდობა. განა თქვენ დანამდვილებით იცით, რომ ბაღდადში გამგზავრებით, მისი აღებით მიზანს მიაღწევთ-მეთქი - ვუთხარი. მან თქვა: მაღალმა ალაჰმა ინებოს, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, შეიძლება ეჭვი არც ვიქონიოთო. შემდეგ, როდესაც მე იანიჩართა აღა ხუსრევ აღასთან მივედი და ეს ვუთხარი, მან მიპასუხა: რადგანაც ჩვენ ხელქვეითები ვართ, ჩვენი საქმეა მორჩილება. ჩვენ ამჯერად ნაბრძანები გვაქვს ავასრულოთ სარდლის ბრძანებაო.

მაგრამ კაცმა რომ თქვას, ხუსრევ აღას არ უნდოდა ჰაფიზის გამარჯვება, ამიტომ მან არ მოინდომა აქეთკენ გამომგზავრება. შაჰ აბასის შაჰობის შემდეგ მისგან ჰაფიზ ფაშას ბევრი უსიამოვნება შეხვდა. საქართველოს მიმართულებით ეს ლაშქრობა რომ ჩატარებულიყო, მოსალოდნელი იყო დიდი გამარჯვება. მაგრამ ქათიბ ჩელები თავის "ფეზლექეში" ამბობს, რომ ჰაფიზ ფაშამ ფეჩევის არ დაუჯერა და იმ მხარეში ლაშქრობის ცდა უშედეგოდ დამთავრდა. განა შაჰი ვილაიეთის აოხრებით ბაღდადს დათმობდა? რაკი ბაღდადის აღება დავალებული ჰქონდა, ამ დროს სხვა ქვეყანაში წასვლა და წარუმატებლობა უფრო საბედისწერო არ იქნებოდა? ძველ დროს სულთან სულეიმანიც ჩავიდა ნახიჩევანში და ამის შედეგები ისტორიაში ცნობილია. თუმცა ჰაფიზ ფაშას ბაღდადში გამგზავრებით არაფერი გაკეთებულა, მაგრამ ჯარმა გამოცდილება შეიძინა. ისიც გაირკვა, რომ ბაღდადის აღება არც ისე ადვილი საქმეა.

(ტ. II, გვ.347-348)

საქართველოსა და ყიზილბაშთა ამბები

edit

მემატიანე ამ შემთხვევას ასე აგვიწერს: სულთან აჰმედ ხანის დროს საქართველოს მეფეთა შთამომავალი, სილამაზით განთქმული, საყვარელი და იშვიათი სიმამაცის კაცი, თავისი კეთილშობილებით ცნობილი თეიმურაზი იმ ქვეყანაში თავისი გარეგნობითა და წარმოსადეგობით დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გამხდარიყო. როდესაც შაჰ აბასმა გაიგო მისი ესოდენი სიმშვენიერე, მიაღწია იმას, რომ გადმოებირებინა იგი და თავის სამსახურში ჩაეყენებინა. როცა თეიმურაზი სრულწლოვანი გახდა, ხანის წოდებით საქართველოს სატახტო ქალაქ ზაგემში გაგზავნეს. შემდეგ თეიმურაზმა ირანის შაჰს წინააღმდეგობა გაუწია და ვანის ბეგლარ-ბეგ თურქჩე ბილმეზ ჰუსეინ ფაშას დახმარება სთხოვა. ჯერ კიდევ დამხმარე ძალების მოსვლამდე საქართველოს ჯარი სასწრაფოდ დაიძრა, ყიზილბაშებს შეეჯახა, ბევრი დახოცა და დიდი ზარალი მიაყენა.

შაჰ აბასმა საქართველოს ერთ-ერთი ბეგი - მოურავ ბეგი - გაიერთგულა და მისი საშუალებით თეიმურაზ ხანზე შურის საძიებლად საქართველოსკენ ლაშქარი დაძრა. თეიმურაზი იმერეთში გაიქცა. ირანის შაჰმა საქართველო ააოხრა, ადგილები, სოფლები და განსაკუთრებით, ქართველთა სამეფო ქალაქი ზაგემი დაარბია და გადაწვა. როდესაც ირანელთა ლაშქარი დაბრუნდა, შაჰ აბასმა თავისი ხელქვეითთაგანი, ვინმე ფეიქარ სულთანი, საქართველოში ხანად დანიშნა და ქვეყნის აღდგენა და სამართლიანობის დამყარება დაავალა. რადგანაც ზაგემი აოხრებული იყო, ფეიქარ სულთანმა მდ. კანიკის ნაპირას ქალაქი ქალხიზი აღადგინა გაამაგრა და იქ გაჩერდა.

ფეიქარ ხანი დიდ სამართლიანობას იჩენდა და ასე გამოაცხადა: შაჰის სურვილია, რომ ყველამ თავისი სახლი გაიკეთოს, ყანა დაამუშაოს და თავის საქმეს შეუდგესო. ვისაც თესლი არა აქვს, ხაზინიდან მიეცეს სესხად და სამი წლით ყველა სახელმწიფო გადასახადიდან გათავისუფლდესო. ამ პირობამ მიიზიდა მთასა და ველში გაბნეული ქართველი გლეხობა და დაიწყო მოშენება. ქვეყანა გაშენდა. ყიზილბაშთა შიშით დამალული და გაქცეული ქართველები გამოჩნდნენ და ზარალის გამოსწორება დაიწყეს. ყველა ფეიქარ სულთანს დაემორჩილა, მაგრამ ფეიქარ სულთანი ქართველების სიმრავლემ საგონებელში ჩააგდო. მან შაჰს აცნობა: ქართველები ისევ მომრავლდნენ და ლაშქრობის შემთხვევაში ათი ათასი ხმლიანი ქართველი შეიძლება მოგროვდესო. ამაზე თქვენი ბრძანება როგორი იქნებაო? შაჰმაც ზემოხსენებული კორუჯი-ბაში, ყარჩიხა-ხანი და რამდენიმე ათასი ყიზილბაში მოურავ ბეგის თანხლებით საქართველოში გააგზავნა ვითომდა ჯარების შესამოწმებლად. სხვების დასანახად ყარჩიხა ხანს უბრძანა, რომ მოურავთან თათბირის გარეშე არც ერთი საქმე არ დაეწყო, და გააფრთხილა, რომ ელოდოს მისგან საიდუმლო წერილსა და ბრძანებას და იმოქმედოს იმის შესაბამისად. ყარჩიხა ხანი და მოურავ ბეგი საქართველოში ჩამოვიდნენ და გამოსცეს ბრძანება, რომ ფეიქარ სულთნის მორჩილებით შაჰთან კეთილად განწყობილი მოქალაქეები ამა და ამ ადგილას გამოცხადდნენ, რათა ჩატარდეს შემოწმება და გაიცეს საბოძვარიო.

თორმეტი ათასი ქართველი შეგროვდა და დანიშნული ადგილისაკენ გაემართა. საიდუმლო ბარათში შაჰი წერდა: შენ რომ კორუჯი-ბაში ხარ, გმართებს დათვალიერების მიზნით შეგროვილი ქართველები მთლიანად ამოხოცო. მოურავიც არ გაუშვა ცოცხალი, რაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა მოკლა. წერილი შიკრიკს გაატანა და თან გააფრთხილა, რომ წერილი მოურავისთვის არ ეჩვენებინა და ყარჩიხა ხანისათვის მიეცა. მაგრამ მოხდა გაუგებრობა - შიკრიკმა იმ საიდუმლო შეთანხმებაზე არაფერი იცოდა და შაჰის ბრძანება უკუღმა გაიგო - წერილი მისცა მოურავ ბეგს და არა კორუჯი-ბაშის. როდესაც მოურავმა ეს წერილი წაიკითხა და ვითარებას გაეცნო, დასათვალიერებლად მომზადებულ თორმეტ ათას ქართველს ყველაფერი შეატყობინა. ქართველებს ასეთი რამე ვერ წარმოედგინათ და არც დაიჯერეს. მოურავი, როცა დაინახა, რომ ქართველებს ვერ დააჯერებდა, გაყუჩდა, ვნახოთ რა მოხდებაო. მან ჯარი შემოიკრიბა და ყარჩიხა ხანის ზურგს უკან ფრთხილად და ფხიზლად იყო. შემთხვევით ფეიქარ სულთანმაც ქართველები შეკრიბა დასათვალიერებლად. ისინი მთის ხეობიდან ველზე გამოვიდნენ. ყიზილბაშები მზად იყვნენ. ხეობიდან გამოსული ქართველები ხმლით აკუწეს. ამგვარად დახოცეს ოთხასამდე ქართველი. რამდენიმე ჩამორჩენილი უკან გამოიქცა. ეს ამბავი რომ მოიტანეს, ქართველები მოურავის სიმართლეში დარწმუნდნენ, შეწუხდნენ, თურმე ფეიქარ სულთანი და ყარჩიხა ხანი შეთქმულან. მაშინ მოურავი საიდუმლოდ ქართველ მეომრებს შეუთანხმდა, რომ დილით ყიზილბაშებს თავს დაესხმოდნენ და ამოხოცავდნენ.

ქართველი მეომრები მოემზადნენდა დილაადრიან მოურავთან შეგროვდნენ. მოურავიც ამხედრდა, აიღო შუბი და მივარდა ყარჩიხა ხანის კარავს. ხანო, რას გაჩერებულხარ, თეიმურაზი მოვიდა, თავს დაგვესხაო. ყარჩიხა ხანი კარავიდან გამოვიდა და, როგორც კი ცხენზე შეჯდა, მოურავმა მას გვერდში შუბი აძგერა და მოკლა. როგორც ეს ზემოთ ვთქვით, წყეულმა ყარჩიხა ხანმა აქ იზღო სამაგიერო იმისა, რაც მან არდებილის ლაშქრობაში მაჰმადის ჯამაათს უყო.

ამრიგად, ამდენი ხანი და ათასობით ყიზილბაში ამოხოცეს. ამის შემდეგ მოურავმა დამოუკიდებლობისა და საქართველოს შაჰობის პრეტენზია გამოაცხადა. მან ფული მოაჭრევინა თავის სახელზე ასეთი წარწერით: მონა სიწმინდისა მეფისა მოურავ შაჰი [საოცარია, რომ ისლამის აღიარებამდე მან რაფაზილიკთა სექტის სარწმუნოება მიიღო].

როდესაც ირანის შაჰმა ეს ამბავი გაიგო, კორუჯი-ბაშად დანიშნა ისჰაკ ხანი, ამირგუნე ხანთან ერთად რამდენიმე ათასი ურჯულო სისხლისმსმელი აახლა და მოურავის წინააღმდეგ გამოაგზავნა. მოურავმაც შაჰის ამ ურდოს წინააღმდეგობა გაუწია და ბრძოლაში ამირგუნე შუბით დაჭრა მკლავში. ამირგუნე ცხენიდან რომ გადმოვარდა, თავის მოსაკვეთად ოთხი ქართველი აზნაური ეკვეთა. ამირგუნეს მირახორი ახალგაზრდა მეომარი იმ ოთხ აზნაურს შეებრძოლა, ერთი მოკლა და სამი დაჭრა. ამირგუნე ხანს ხელი გაუყარა, ცხენზე შესვა და იხსნა. მაგრამ თავის ქვეყანაში რომ ჩავიდა, ამირგუნე ხანი იმ ჭრილობიდან მაინც ვერ განიკურნა და მოკვდა. ამ ბრძოლაშიც ყიზილბაშის ჯარმა დიდი ზარალი განიცადა და მთავარსარდალთან ერთად მხოლოდ ცოტამ თუ უშველა თავს. ამის შემდეგ მოურავი ბარდას ქვეყანას შეესია და ააოხრა, ქალაქი განჯა ცეცხლს მისცა და საქართველოსკენ იბრუნა პირი.

ყიზილბაშის შიშით თეიმურაზი თურმე გაქცეულიყო და ყარსის მიდამოებში დაძრწოდა. ახლა მან მიიღო ცნობა მოურავის მეოხებით ქართველების გამარჯვების შესახებ. მან იცოდა, რომ მოურავი მეფეთა ჩამომავალი არ იყო, ამდენად მეფობა მისთვის არ იყო შესაფერისი. თეიმურაზმა შეკრიბა ხელქვეითები, თავისი სატახტო ქალაქი ზაგემი აღადგინა და სამეფო ტახტზე დაჯდა. ეს რომ ქართველებმა გაიგეს, პატივი სცეს და მას მიემხრნენ, როგორც მეფის მემკვიდრეს. მასთან მივიდნენ ჯგუფ-ჯგუფად. შორსმჭვრეტელმა მოურავმა ყიზილბაშთა ნადავლიდან რამდენიმე ცხენი და ძვირფასი ნივთები თეიმურაზს გაუგზავნა და ძღვნად მიართვა, წერილით მორჩილება გამოუცხადა. ამავე დროს მან ისიც გაითვალისწინა, რომ თეიმურაზი არ აპატიებდა და მოჩვენებით თეიმურაზ ხანს დაუტკბა. ცოტა ხნის შემდეგ თავისი წარჩინებულებითა და ხელქვეით აზნაურთა ჯგუფით რუმის ქვეყანაში გაიქცა და ოსმალთა სახელმწიფოს შეაფარა თავი. მან განიზრახა სარდალ ჰაფიზ აჰმედ ფაშას იმ ქვეყანაში [საქართველოში] წაყვანა.

(ტ. II, გვ.348-352)

1035 წლის (3.X.1625-21.IX.1626) ამბები

edit

მუჰარემის თვეში (3.X.-1.XI.1625) ქართველები ყიზილბაშთა მოჭრილი თავებით მოვიდნენ და უზენაესის კარზე დაყარეს.

გურჯი მეჰმედ ფაშას სიკვდილით დასჯა დედაქალაქში

edit

გურჯი მეჰმედ ფაშა ბედნიერების დედაქალაქს კაიმამაკამობისას დიდხანს სრული დამოუკიდებლობით, სიძლიერითა და დიდებით მართავდა. მან დიდი მზრუნველობა გამოიჩინა ფულის განახლების საქმეში. ზილ-კაადეს თვეში (25.VII.-24.VIII.1626) რეჯებ ფაშას მოძალადეებმა იგი წააქეზეს. მათ სიფაჰიებისა და იანიჩართა რაზმები შეკრიბეს და, რადგან კაიმამაკამ გურჯი მეჰმედ ფაშამ ბაღდადის ლაშქრობას დახმარება არ გაუწიაო, მისი მოკვლა მოითხოვეს. ამის შესაბამისი ფირმანი გამოვიდა. უმწეო მეჰმედ ფაშა სასახლეში ჩამოხრჩობით იმქვეყნად გაიგზავნა.

ზემოხსენებული გურჯი მეჰმედ ფაშა იყო საჭურისი, გონიერი, მტკიცე ნების, ღირსეული ვეზირი. იგი დაკრძალეს კეთილნაშენ წმინდა აიუბში მის მიერ აშენებულ აკლდამაში. განსვენებულის ნაცვლად კაიმამაკამი გახდა კაფუდან რეჯებ ფაშა. ბედნიერების კარის აღა კოჯა ალ-ჰაჯ მუსტაფა აღა სირაჯობიდან გათავისუფლდა და სასახლის სამზარეულოს გამგე გახდა. შემდეგ, რადგანაც იმ დროს ჩაუშ-ბაში ჰასან აღა მირახორი გახდა, რეჯებ ფაშა მის ადგილზე კაფუდანად დანიშვნით გაბედნიერდა. სულთან აჰმედ ხანის ქალიშვილი, ბედნიერების ვარსკვლავი აიშე სულთანი, ზემოხსენებულ კაფუდან ჰასან ფაშაზე დააქორწინეს.

1039 წლის (21.VIII.1629-9.VIII.1630) ამბები

edit

მოურავ ხანის თავგადასავალი კონიის მოსხლეობასთან

edit

მემატიანე მოგვითხრობს, რომ უკვე იყო ლაპარაკი საქართველოს სანჯაყის ემირის მოურავ ბეგის ყარჩიხა ხანთან შებრძოლებისა და იმ გმირობის შესახებ, რომელიც მან რამდენიმე ათასი ყიზილბაშის გაჟლეტაში გამოიჩინა არზრუმში გალაშქრების წელს. მოურავმა სარდალს მორჩილება გამოუცხადა და არზრუმის დაპყრობასაც დაესწრო. როცა მოურავი სტამბოლს ჩამოვიდა, მას ოსმანთა დინასტიის წინაშე დიდ დამსახურებად ჩაუთვალეს ყიზილბაშთა განადგურება. მან მაჰმადიანობა მიიღო, სახელად მეჰმედი დაირქვა და სათანადო პატივის მიღების შემდეგ ყარამანიის ვილაიეთი ებოძა. მოურავი ჭეშმარიტად გულადი, გონიერი, ტანით სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი და დევის ღონისა იყო, მაგრამ მართვა-გამგეობის საკითხებში უმეცარი და, ბუნებრივია, მიდრეკილებას იჩენდა მჩაგვრელობისა და ძალმომრეობისადმი. ამ დროს ერთმა გონებამახვილმა ლექსი გამოუთქვა, რომელშიც პირველი პირით გადმოცემულია მოურავის ინტიმური საუბარი. მელექსემ ამ ლექსით გამოამჟღავნა იმათი შური და შეურაცხყოფა, ვინც გულგრილი არ იყო მოურავისათვის ვილაიეთის ბოძებით.

მოურავმა ერთი თავისი ხელქვეითი, ვინმე უსამართლო ხუცესი, მუთესელიმად დააყენა და აზნაურთა ერთი ჯგუფით კონიაში გააგზავნა. მისი ხელქვეითები, უპირატესად სპარსულ ყაიდაზე, ფერად მანდილს იხვევდნენ თავზე. ოსმალურ ზნე-ჩვეულებათა უცოდინარი ქართველების ეს ბრბო დაერია ხალხს და იწყო ქონების დატაცება და დიდკაცთა შეწირვება. ზოგჯერ ქალიშვილს თმას გადაპარსავდნენ, უწვერ-ულვაშო ვაჟივით შესვამდნენ ცხენზე და ასე დაატარებდნენ. აუტანელი მდგომარეობა შეიქმნა. ქალაქ კონიის შეუპოვართა და დაუცხრომელთა სათავეში იყო ვინმე იბრაჰიმ ჩელები, რომელსაც აკკაშ ემირ-ოღლუს ეძახდნენ. იგი, ცნობილი თავისი ბრაზიანობით და კადნიერებით, კეთილ სეიდთაგანი იყო და ნაკიბის მოადგილის თანამდებობა ეჭირა. როცა მუთესელიმი კონიის ველზე იყო დაბანაკებული, მან [იბრაჰიმ ჩელებიმ] შეკრიბა მუსლიმანთა ბრბო, მოიკრიფა ძალ-ღონე და თავს დაესხა ქართველთა ბანაკს. ამ სეიდმა იბრაჰიმმა მუთესელიმს წაავლო ხელი კისერში, გარეთ გამოაგდო, შემდეგ წაიყვანა და კონიის ციხეში დაამწყვდია. სხვა ქართველები, როცა ეს ამბავი გაიგეს, დაიფანტნენ. როცა ქართველებს ეს ზიანი მიაყენეს, სეიდ იბრაჰიმის რჩევით, კონიის მცხოვრებლები შეიკრიბნენ და იჩივლეს მოურავ ბეგის ხელქვეით ქართველთა და მუთასელიმის მიერ ჩადენილი უსამართლობის, სიმკაცრის, ქალაქში მომხდარი გაუპატიურებისა და ძალმომრეობის შესახებ. ვილაიეთის ყადისაგან მიიღეს ნებართვა და სეიდების, ულემათა და სხვა შეჭირვებული წარმომადგენლებისაგან შემდგარ მომჩივანთა მთელი ჯგუფი თხოვნა-საჩივრით პირდაპირ დიდვეზირ ხუსრევ ფაშასთან გაემგზავრა. მათ დიდვეზირს პეტიცია გადასცეს და კვნესითა და ოხვრით შესცივლეს. სარდალმა გაიგო პეტიციაში აღწერილ მიმძლავრებასთან დაკავშირებული ამბები და ქართველთაგან ჩადენილ უმსგავსოებათა და უწესოებათა შესახებ ყველაფერი, რაც მომჩივნების მიერ იყო გადმოცემული. მართლაც, ბევრი უსამართლობა და სიავე, რომელზედაც ხმები დადიოდა, დადასტურდა. მოურავს შეეშინდა და გაიქცა. მის დასადევნებლად იმ მხარეში გაიგზავნა ანატოლიის ბეგლარ-ბეგი, რომელიც ხსენებული თვის რვაში გაემგზავრა ერეგლიში. მოურავთანვე გასაგზავნად დაინიშნა ნიგდეს სანჯაყ-ბეგიც. საფარის პირველში (1629 წ. 20 სექტემბერი) ჰალაბს მივიდნენ და გოქმეიდანში დაბანაკდნენ.

(ტ. III, გვ.4-6)

ხუსრევ ფაშას მიერ მოურავის მუხანათურად მოკვლა

edit

ქათიბ ჩელები ამბობს, რომ ზემოხსენებულმა მოურავმა წინათ ყარჩიხა ხანი დაარბია და უამრავი ყიზილბაშთა ლაშქარი გაწყვიტა. დაეყრდნო რა მის მიერ ოსმალთა სახელმწიფოსათვის გაწეულ ამ დიდ სამსახურს, იგი მოვიდა სარდალ ხალილ ფაშასთან და თავისი სჯულიდან მოიქცა. მაგრამ საქართველოს მმართველობის საქმეებში გაჩვეული მოურავი მაჰმადიანურ სახელმწიფო ვითარებაში კომპეტენტური არ აღმოჩნდა და მის სამმართველოში წესრიგის დამყარების საქმეში მზრუნველობა ვერ გამოიჩინა. ყარამანიაში მას მიეტმასნა ზოგი ბოროტმოქმედი, რომლებიც მძლავრობასა და უწესრიგობას ჩადიოდნენ, სახელი კი მისი იყო. ამიტომ მომჩივნები დიდვეზირს ეახლნენ. მეგობრებმა მოურავს უთხრეს, რომ ხუსრევ ფაშა მოსისხარი ვეზირია, შეიძლება შენ გაგიმეტოს კიდევაცო. მოურავი საგონებელში ჩააგდეს და წააქეზეს რომელიმე მიმართულებით გაქცეულიყო. ვინაიდან მოურავი ამ ქვეყნის ვითარებას არ იცნობდა, ასე მსჯელობდა: საქართველოს ლტოლვილი სასურველ ადგილს რომ მოაღწევს, მას მფარველობას გაუწევენ, გამოექომაგებიან და გადაარჩენენ, ასევე ამ ქვეყანაშიც შესაძლებელი იქნება თავის შველაო. რადგან არ იცოდა გზა-კვალი, არ იცნობდა ადგილებსა და ხეობებს, ის მალათიისაკენ გაემართა. ზორ ფაშა, რომელსაც დაევალა მოურავის დაჭერა, უკან დაედევნა და მიეწია. მან ჯერ ცბიერებით კაცი გაუგზავნა და აცნობა თავისი აზრი, რომ გაქცევით თავის შველა უაზრო იყო და არც წინააღმდეგობის გაწევა იქნებოდა შესაძლებელი. უმწეო მოურავმა გაიგო, რომ წინააღმდეგობის გაწევა უსარგებლო იყო და უნებლიეთ დაემორჩილა. თვითონ მოურავს, მის შვილსა და ხელქვეითებს ბორკილები დაადეს და საფარის მე-14 დღეს (1629 წ. 3 ოქტომბერი) ჰალაბს მიიყვანეს. ამ დროს დიდვეზირმა თავისი კარვის ფარდა გახსნა და სკამზე დაჯდა. მოურავი სპეტაკწვერიანი და საშუალო ტანისა იყო. ხელშებორკილი და ყვითელხალათჩაცმული ცხენზე დაესვათ. დიდვეზირმა ბრძანება გასცა თავი მოეკვეთათ მოურავისა და მისი შვილისათვის. აგრეთვე 40-50 მისი ხელქვეითისათვის. ჯერ მოურავის, მერე მისი შვილისა და მისი ხელქვეითების თავები მიწაზე გააგორეს.

ხუსრევ ფაშა სისხლისმოყვარული და მუხანათი კაცი იყო. მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის დაღვრა ეწადა, მან ხონთქრისათვის შეუტყობინებლად, ვითომდა მოურავი საქართველოში წავაო, მოკლა ასეთი გმირი მოხუცი, რომელსაც ესოდენ დიდი დამსახურება ჰქონდა. მოურავმა უარყოთავისი მცდარი სჯული და მაჰმადიანობა მიიღო. ამგვარი მოქმედებით ხუსრევ ფაშამ ირანის შაჰს შური აძიებინა მოურავზე.

ისტორიაში ყველასათვის გასაგებად აღინიშნა, რომ ამიერიდან მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან ვინმემ ოსმალთა სახელმწიფოს მიმხრობა არ ისურვოს. ირანის შაჰს რომ რამდენიმე ათასი იუქი ახჩა გაეღო და ქვეყნები დაემკვიდრებინა, ოსმალთა სულთნები ასეთ საქმეზე არ დათანხმდებოდნენ, მას გონივრულ საქმედ არ ჩათვლიდნენ. ამ უმეცარმა ვეზირმა კი მხოლოდ იმისათვის, რომ სისხლი დაეღვარა, ასეთი საზიზღარი ვერაგობა ჩაიდინა. კიდევაც რომ დადასტურებულიყო, რომ მოურავი ხალხს უსამართლოდ ექცეოდა, ძალდატანებით მოქმედებდა და ჩაგრავდა მათ, მას საზოგადოებრივი უფლებები უნდა ჩამორთმეოდა და გაესამართლებინათ, შემდეგ კი გაფრთხილება მიეცათ, რომ ძალადობა აღარ ჩაედინა. უფრო შესაფერი და მიზანშეწონილი იყო ასეთი ღონისძიებით დაკმაყოფილება. ასეთი ღირსეული და სახელოვანი კაცის სიკვდილით დასჯა უდიდესი მუხანათობაა. მაგრამ ნათქვამია, კაცის მკვლელი კაცის ხელითვე მოკვდებაო, თვითონაც მისი ბედის გახდა და მსგავსი სასჯელი მიეზღო.

(ტ. III, გვ.6-9)

1042 წლის (19.VII.1632-7.VII.1633) ამბები

edit

ყიზილბაშთა მიერ საქართველოს დაპყრობა

edit

ამ წელს ირანის შაჰმა საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. თეიმურაზმა ჯარს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, განზე გადგა და წავიდა. ყიზილბაშთა ლაშქარი მთელს საქართველოს მოედო. ხალხი დაიმორჩილეს, შემდეგ დაბრუნდნენ და თავრიზში გაჩერდნენ. როდესაც მათ [ქართველებმა] მოახსენეს ბედნიერების კარს, რომ ყიზილბაშები ვანში წასასვლელად ემზადებიან, მოსაზღვრე ბეგებს უზენაესი ბრძანებები დაეგზავნა. მურთაზა ფაშა მარდინის ახლოს სულთნის ზეგანზე გადავიდა და თავისი ეიალეთის ჯარი შეკრიბა, მის გარშემო მყოფი სხვა ჯარები მოიხმო და ვანის მხარეს გასამგზავრებლად მოემზადა.

(ტ. III, გვ.146)

1043 წლის (8.VII.1633-26.VI.1634) ამბები

edit

ურწმუნოების თავდასხმა ვანის ციხეზე და გმირების განდევნა

edit

1633 წ. სექტემბერში ყიზილბაშთა ჯარი თოხთა ხანის სარდლობით ვანის ციხეზე დაიძრა, მათ აიღეს ნავსადგური და ვანს ალყა შემოარტყეს. ვანის დასაცავად გაიგზავნა მურთაზა ფაშა დიარბექირის ჯარით მარადინიდან და არზრუმის ბეგლარბეგი თემურ კაზაკ ხალილ ფაშა ყარამანიის, მარაშისა და სივასის ლაშქრით არზრუმიდან. 1633 წ. 5 ოქტომბერს ოსმალთა 30 000-იანი ლაშქარი შეერთდა და 14 ოქტომბერს ვანში მოვიდნენ, დაამარცხეს ყიზილბაშები და უკან გაბრუნდნენ. მურთაზა ფაშა დიარბექირში დაბრუნდა. აქ მან დაამარცხა და მოკლა მასზე თავდასახმელად მოსული ყიზილბაში ჰასან აღა და ქალაქში ჩაიკეტა.

სახელოვანი სიფაჰიებიდან გურჯი იუსიფის, ჰაჯი მისლისა და შაჰ ბენდერ ოღლი მეჰმედ ჩელების მოსაკლავად მოსული ფირმანის შესაბამისად მაცნეებმა ხალხს აუწყეს ფადიშაჰის ბრძანება. ყადი და ქალაქის წარჩინებულები მოიწვიეს, ბრძანებები წაიკითხეს. სამხარის დროს ჯერ გურჯი იუსუფი, შემდეგ ჰაჯი მისლი და შაჰ ბენდერ ოღლი დაიჭირეს და იმ ღამესვე გაუსწორდნენ.

(ტ. III, გვ. 165-166)

საქართველოს ვითარება

edit

წინათ არზრუმის ბეგლარ-ბეგს, ყარსის ციხესა და სხვა ციხეებს თოფის წამალი და პროვიანტი მიეცთ. ბრძანებები დაიგზავნა, რომ ილიჩეს ციხიდან 500 ჯარისკაცი გამოეყოთ და გაეგზავნათ. ზილ-ჰიჯეს მეხუთე დღეს (1634 წლის 2 ივნისი) ხალილ ფაშასაგან შემდეგი შინაარსის წერილი მოვიდა: დადიანი და გურიელი შეკავშირდნენ და ყიზილბაშებს დაუბრუნდნენ. დადიანმა თავისი ქალიშვილი მისცა შაჰის მიერ ზაგემისა და ქართლის ხანად დანიშნულ ხოსრო მირზას.

ზემოხსენებული ქალის აჩიკ-ბაშის ქვეყანაზე გატარების დროს აჩიკ-ბაშმა და თეიმურაზმა მოისურვეს გზის ჩაკეტვა. იქითა მხრიდან ზემოხსენებულმა ხოსრო ბეგმა 30000-ზე მეტი ყიზილბაშით და აქეთა მხრიდან დადიანი და გურიელი დიდი ჯარით აციკ-ბაშს თავს დაესხნენ. მათ სორის დიდი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ უფლის განგებით, დადიანმა გაიმარჯვა და აჩიკ-ბაშს შეესია.

თეიმურაზი და აჩიკ-ბაშის შვილი ძნელად მისასვლელ ქვიან ადგილას გამაგრდნენ. აჩიკ ბაშის მეფე ხელიდან წაუვიდათ. ყიზილბაში, დადიანი და გურიელი გაერთიანდნენ. 30000-მდე ურჯულო მთელ საქართველოს მოედო. რადგანაც ცხადი გახდა, რომ შავი ზღვის სანაპიროებზე მდებარე გონიოსა და ტრაპიზონის საზღვრების მხარეს დადიანისა და გურიელის მეშვეობით შეიძლებოდა ზარალი მიყენებოდათ, ჩილდირის ბეგლარ-ბეგმა სეფერ-ფაშამ აცნობა [ოსმალეთის ხელისუფლებას], რომ საჭიროა ხმელეთით ლაშქარი და სახელმწიფო ფლოტი მოვიდეს იმ მხარის დასაცავად და დაიანისა და გურიელის ქვეყნების გასანადგურებლადო. მოსაზღვრე ბეგებს ბრძანებები დაეგზავნათ, არზრუმის საზღვრის დასაცავად კვლავ ადანას ბეგლარ-ბეგი, მთელი ყარამანიის სანჯაყების, სარუხანისა და კასტამონიის სანჯაყების მეთაურები დაინიშნონ.

(ტ. III, გვ. 216-217)