მუცელა

მუცელა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1895 წელი


I

იყო და აღარ არის. ღმერთმა ნუღარც აჩვენოს ქვეყანას იმისთანა ადამიანი, როგორიც ის იყო. ვინა? – მუცელა, მუცელა…
სმა-ჭამეთის ქვეყანაში იყო ერთი ფრიად მდიდარი, გამხვივნებული ოჯახი – „მუცელაანი“. ვგონებ, ათს თაობას გაევლო, რომ ამ ოჯახს, თუ არ ემატებოდა სიმდიდრე, არ აკლდებოდა. ერთხელ და ერთხელ მოკრული ქონი სქელდებოდა, ბევრდებოდა, იზრდებოდა. რაკი ერთხელ, საქონლისა არ იყვეს, ოჯახი ხორცში ჩავარდება, ადვილად აღარ გამჭლევდება, აღარ გახდება, არ გალუბდება. ამიტომ თუ ვისმე უნდოდა მაგალითად მდიდარი ოჯახი მოეყვანა, იტყოდა: „აგერ, მუცელაანი როგორ იქცევიან, როგორს სარისტას აძლევენ თავის საქმეს და თავიანთ ქონებასაო“. ამ ოჯახის სახელი ქვეყნის კიდიდან კიდემდე ჰქუხდა.
მოდით, ახლა ის ვიკითხოთ, რად დაერქვა ამ ოჯახს მუცელაანი? რადა და მადა, რომ ამ ოჯახის მამამთავარს მუცელა ჰრქმევია. რისთვის დაარქვეს იმას მუცელა? – ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველი დრო მუშტისა, ძალისა და ვაჟკაცობის დრო იყო: მეზობელი ერი თავის მეზობელ ერს არ ინდობდა და, თუ დროს იხელთებდა, მაშინვე თავს დაესხმოდა, რომ დაებეგრა, წაერთმია, რამე აეგლიჯა; ერთი სიტყვით, მაშინ, როგორც ჩვენი ხალხი ამბობს, „მტრიანობა“ იყო. სმა-ჭამეთს გარეშემო ბევრი, მრავალი მტერი ერტყა და თვითონაც მდიდარი ქვეყანა იყო, ყველასაგან გემრიელ ლუკმად მიჩნეული. ამიტომ მტრები სმა-ჭამეთს მოსვენებას არ აძლევდენ: ესხმოდენ ხშირად თავს, არბევდენ, მრავალიც ტყვედ მიჰყავდათ. სმა-ჭამეთლებიც მამაცად უხვდებოდენ, თავის მიწა-წყალს უსისხლოდ არავის ანებებდენ. იმ დროს სმა-ჭამეთში კაცს ვერ იპოვიდით ან თავი არა ჰქონოდა ხმლით გაჩეხილი, თუ კი ცოცხალი გადარჩენოდა მტერს, ან ხელი, ან ფეხი დაზიანებული. მტერს ებრძოდენ-და!
ერთხელ, ჩვეულებრივ შემოესია მტერი, ქვეყანას აოხრებდა: ერთი გუნდი მტრის ჯარისა მუცელაანთ დაეცა თავსა. შინ მარტოკა მუცელა დაუხვდა და გულადად შეექცა მტერს. ცხრა-ათი კაცი იპოვნეს მუცელასაგან ფაშვებდაფატრული, და თვითონ მუცელასაც მუცლის გარეთა კანი ჰქონდა ხანჯლით გაჭრილი ისე, რომ შიგნეულობა არ დაჰზიანებოდა. ხელად გაუკერეს და მოარჩინეს ექიმებმა. წყლულის ექიმობაც კარგად იცოდენ მაშინ, რაკი წყლული ხშირი და უსათუო მოვლენა იყო. აი, ამის გამო დაარქვეს გივს მეტი სახელი, – მუცელა.
მუცელა მეოჯახე, ფრიად მხნე, პურადი და გულადი, ყველასაგან პატივცემული კაცი იყო… ეს მტრის ხანჯლით მუცლების დაპობა გახდა მიზეზი, რომ გივს მუცელა დაერქვა და მის შთამოებას კიდევ – „მუცელაანი“.

II

ხანმა გაიარა. მრავალი ზაფხული და შემოდგომა შთაინთქა დროთა ტრიალის უფსკრულში; მრავალმა თაობამ გაიარა, მრავალი სამარე გაითხარა მუცელაანთ მიცვალებულის დასამარხავად. მაგრამ ოჯახი ისევ ოჯახი იყო, თითქოს ღმერთს სიმდიდრისთვის გაეჩინა მუცელაანი: ისევ იმათი სიმდიდრის სახელი ისმოდა ახლაც, წინ ისინი იყვნენ სიქევხავით.
იმ დროს, როცა ამ ზღაპარს დასაწყისი ეძლევა, სამნი ძმანი შეადგენდენ მუცელაანთ ოჯახს: მუცელა, ყარამანა და ამირანა. მუცელა უფროსი იყო ყველაზე და მამამ იმას თავის პაპის, სახელოვანის მუცელას სახელი დაარქვა. ეგონა, სახელი რამეს მოუმატებდა იმის უფროს შვილს. მუცელას თუმცა არ შეეფერებოდა ეს დიდებული კაცის სახელი, რადგან მისი მოსახელე ისეთი წერწეტი და წვრილი იყო, რომ ნემსის ყუნწში გაძვრებოდა, ხოლო ეს კი კოლოტსა ჰგავდა; სწორედ გაბერილი რუმბი ეგონებოდა კაცს, შორიდან რომ დაენახა. მშობლები ხშირად უამბობდენ ყმაწვილობის დროს თავიანთ უფროს შვილს სახელოვანი მუცელას ამბავს, მის მხნეობას, სიმამაცეს, ქველობას, მაგრამ ამ უკანასკნელს ეს მოთხრობა თავისებურად ესმოდა: „ალბათ გამოჩენილი მსმელ-მჭამელიც იქნებოდაო“ – ფიქრობდა ახალგაზდა მუცელა. ის როდი იცოდა საბრალომ, რომ იმის მოსახელეს სად ეცალა სასმელ-საჭმელად, ერთი ხელით მტერს იგერიებდა და მეორეთი ოჯახის საქმეს აწარმოებდა. ასე იმიტომ ეგონა, თითონ სუნაგი იყო, სიყრმიდანვე დიდი სახელი გაითქვა მსმელობით და ამ ნიჭს თანდათან ავითარებდა. ოჯახი არ უზღავდა თუ? მტრის შიშიც აღარა ჰქონდა სმა-ჭამეთლებს; ღვინო და პური ბლომად მოუდიოდათ, ისხდენ არხეინად და დროებას ატარებდენ ყველანი: მაღლა – დიდებულნი, დაბლა – ერისკაცნი. ხმალი და ფარი, საომარი იარაღი სად ეყარა, სადა ჭამდა ჟანგი, არც კი ვინმემ იცოდა. მუცელაანთ ოჯახი და ნამეტნავად მუცელა, ქეიფით გათქმული იყო: მუდამ დღე სუფრისა თავსა მჯდომელი ქეიფობდა მუცელა და დაუსრულებელს „მრავალ-ჟამიერს“ გაჰკიოდა. მისდა ბედად ძმები მხნე ხალხი ჰყავდა, ქეიფს არ დადევდენ, უვლიდენ თავიანთ აუარებელ სარჩოს, ცხვრის ფარებს, ცხენის ჯოგს, ძროხისა და კამეჩის ნახირს. მუცელა შინიდან გარეთ თავს არც კი გაიბრუნებდა. მუცელას მხოლოდ ერთი საქმე ებარა – სმა-ჭამა.
– ერთი კაცი მაინც შინ უნდა იყოს, ოჯახში, – იტყოდა მუცელა, – მოსულს სტუმარს დახვედრა უნდაო. – ძმებიც არაფერს ეუბნებოდენ, თავისუფლად, ნებიერად ინახავდენ უფროს ძმას. გარდა სმა-ჭამისა, მუცელა სხვა საქმესაც აკეთებდა. მუცელაანთ სახლის წინ კარგა მოზდილი მეიდანი იყო. ამ მეიდანზე მუცელაანთ სახლის პირდაპირ იყრიდენ თავს გლახაკნი და შესცქეროდენ მუცელაანთ სახლს, ეგები მოწყალება რამ გვეღირსოს იქიდანო. მუცელას მათხოვრები, გლახები ძლიერ ეჯავრებოდა. როცა კი დაინახავდა ამ ბრბოს, გამოუხტებოდა და აივნიდან დაუწყებდა ყვირილს, ლანძღვა-გინებას: „იცქირეთ, შემოიცქირეთ, არა გნებავთ ძროხის არტალა?! დაიკარგეთ მანდედან, თორემ თუ ჩამოგიხტით, მე გიჩვენებთ თქვენ სეირს, წუწკო ძაღლებო!“ თუ გაიგონებდენ მუცელას ბრძანებას, ხომ რა კარგი; თუ არა და მუცელა ჩამოუხტებოდა, დაერეოდა კეტით და აწი-ოწის აძახებდა. „მე ღმერთმა მომცა, განა თქვენთვის? ჩემთვის, ჩემთვის, აი, ამისთვის, გესმისთ თუ არა?!“ – დაატანდა მუცელა და თან მუცელზე ხელს დაიკრავდა.
მუცელას სმა-ჭამის მეტი არავითარი დარდი არა ჰქონდა. ამას გარდა, თუ ხე და ქვამ იცის დარდი, მუცელამაც იცოდა. კიდეც იმიტომ გაითქვა მისი სახელი პირის-პირ ქვეყანისა: მუცელას მსმელობა ქვეყნის კიდით-კიდემდე ისმოდა. ისე არსად წირვა, ქორწილი, მეჯლისი არ იქნებოდა, რომ მუცელაც არ დასწრებოდეს; ყველგან ის იყო თამადად. მასპინძლები კარგადა ჰგრძნობდენ, რომ ძვირად უჯდებოდათ მუცელას მიწვევა, მაგრამ ისიც რადმე ღირდა და იკვეხიდენ: „მუცელა გვყავდა სტუმრადაო“.
მუცელას ჭკვიანსაც ეძახდენ და განა ცოტად ჰსახავდენ. იყო კიდეც, ღვთის წინაშე: ოღონდ გესმია რამე და გეჭმია, თუნდა თავპირი გემტვრია, ხმას არ ამოიღებდა. ბუღასავით სქელს კისერს მოიტრიალებდა ქეიფის დროს და კედელივით გაშეშებულს შუქლზე ხელსახოცით ოფლს იწმენდდა, ფშვინავდა მუცელა და გმინავდა. „უდებს მუცელა ურემს, დაუდვა, დაუდვა! ოი, შენ კი გეთაყვანე ღმერთში! ვერ დაცლის ჯიხვს მუცელა, მე შენ გითხრა!“ – გაიძახოდა მერიქიფე. მუცელა ნამდვილი ფალავანი, ნამდვილი გმირი იყო. სმა-ჭამეთლებს სხვა ყველა საგმირო საქმე გამოელიათ, ერთი სმა-ჭამა დარჩათ ცხოვრებაში, ვინც იმით ისახელებდა თავს, სახელი და დიდებაც იმას რჩებოდა, მაშასადამე, მუცელა გასამტყუნარი არ იყო. დროთა-ვითარებამ და მის მოთხოვნილებამ შეჰქმნა და დაბადა იგი…
თითონ მეფეც ძალიან ხელს უმართავდა მსმელებს და ფრიად სასახელო საქმედ მიაჩნდა სმა. მისნი საყმონიც თავიანთ მეფესა ჰბაძავდენ.
მუცელა ოცდაერთი წლისა იქნებოდა, როცა იქორწილა. მაშინ ისე არა ჰქუხდა მისი სახელი, როგორც დღეს, თუმც ეტყობოდა კი, რომ ცოცხალი რუმბი დადგებოდა ბოლოს. მუცელამაც როდი უმტყუნა ქვეყნის იმედს.
დიახ, ოცდაერთის წლისა იქნებოდა მუცელა, როცა ცოლი შეირთო. შეირთო, რადგან ჩვეულება იყო იმ დროს, განა იმიტომ, რომ შეუყვარდა თავისი საცოლე?!. არა, მუცელამ სიყვარულისა ისე არაფერი იცოდა, როგორც ღვინის რუმბმა არ იცის და არც როდისმე გაიგებს სიყვარულის ძალას. სიყვარული ხომ ისეთი საერთო, საყოველთაო გრძნობაა, რომ შეუძლია კაცმა თამამად თქვას: შეუძლებელია ადამიანიშვილმა ოც წლამდე იცოცხლოს და სიყვარული არ გამოჰცადოს ცოტად მაინც. მუცელაზე კი თუნდა ჯვარ-სახარებაზე შეიძლება დავიფიცო, რომ არ ესმოდა, არ იცოდა, რა ხილი იყო სიყვარული, – სასმელი, თუ საჭმელი. მართალია, შეზარხოშებული, როცა ლოყაწითელს გოგოს დაინახავდა, იტყოდა ხოლმე: „დალოცვილს ი გოგოს თურაშაულ ვაშლს არ მიუგავს ლოყებიო!“ მაგრამ ეს ხომ სიყვარული არ არის?
მუცელას, პირველად რომ გააცნეს საცოლე, ჭირის ოფლი დაასხა; იგი არაჩვეულებრივს ყოფაში ჩავარდა.
– არ მოგწონს მარინე? – ჰკითხეს მუცელას.
– ბრგე ქალი ყოფილა, – მიუგო მუცელამ ყოყმანს შემდეგ.
მოიწონა მუცელამ მარინე იმიტომ, რომ ბრგე, ახოვანი ქალი იყო. ნიშნობის დროს ერთმა ბებერმა დედაკაცმა თქვა მხოლოდ: „ქა, ეგ ბიჭი ისე არ უცქერის მა ქალსა, თითქოს შეჭმა უნდოდესო!“
ვითომ რაო? უყვარდა მუცელას თავისი საცოლო და ნება რომ მიეცათ, იქნება შეჭამდა კიდევაც. შეზარხოშებულს რამდენჯერ უთქვამს: „ისე მიყვარს ჩემი მარინე, როგორც ძროხის არტალაო“. ეს შედარება არავის ეუცხოვებოდა, არც უკვირდა, რადგან იცოდენ, რომ მუცელას არტალა ფრიად უყვარდა.
მუცელამ ცოლი თუმცა სიყვარულით არ შეირთო, მაგრამ ცოლ-ქმარნი მაინც ტკბილად ცხოვრობდენ. მუცელა ცოლს არ ედავებოდა და ცოლი – ქმარს. მუცელა ღვინით და სანოვაგით გაჟღენთილ-გატენილი როცა გაგორდებოდა ქვეშაგებში და შუბლზე ბუღი გადასდიოდა, მარინე ფეხის გულებზე დაუწყებდა ფხანას – მუცელას ეს ძალიან იამებოდა. ეს ნუ გაგიკვირდებათ, რადგან არის ერთი ცხოველი, რომელსაც ფხანა ძალიან უყვარს. ფეხის გულებიდან ფაშვზე და ზურგზედაც გადავიდოდა მარინე. და ქმარს, ამ სიამოვნებით დამტკბარს, დააძინებდა. მუცელა დაძინების წინათ ერთს ამოიხვნეშებდა და მერე ისეთს ხვრინვას გააბამდა, ისე დაიწყებდა ქშენას, როგორც ცეცხლმქშინავი მთა.

III

ესმა ხელმწიფეს მუცელას ქება-დიდების ამბავი და მოინდომა მისი თვალით დანახვა, ისურვა აგრეთვე ენახა თავის თვალით მისი სმა-ჭამის უნარი. გაუმართა მუცელას სადილი და ყოველ თავის სამეფოს კუთხიდან დაუპატიჟა, ვინც კი სმა-ჭამით განთქმული ეგულებოდა. გაიმართა დიდი, შესანიშნავი სმეულობა. წინადღის შუადღიდან დაწყებული მესამე დღის შუადღემდე გაგრძელდა. მუცელა გალეშილი, გათოშილი იყო, მაგრამ მაინც და მაინც მამაცად იბღვირებოდა, ქედი სწორედ ეჭირა. მსმელ-მჭამელნი, მოჯიბრენი და მოპირისპირენი წინადღესვე დაითხოვა: ზოგი დააძინა, სხვა სახლში გააქცია და ახალ-ახალს ფალავნებს სთხოვდა მეფეს. სმა-ჭამეთის მფლობელი განცვიფრდა, გაოცდა.
– რას ითხოვ ჩემგან. შესანიშნავო კაცო? ეხლავე მზად ვარ ავასრულო შენი თხოვნა, – უბრძანა მეფემ მუცელას.
– რასაც თქვენ ინებებთ და გაიმეტებთ ჩემთვის, დიდებულო ხელმწიფევ. მაგრამ ჯერ ის უნდა მოგახსენოთ, რომ ზომას მაკლია, და თუ გეგულებათ კიდევ ვინმე თქვენს სამეფოში მსმელი, მოიკითხეთ, რომ სმა განვაგრძო, – მიუგო მუცელამ.
– მიბოძებია შენთვის ასი სოფელი და ორასი ათასი დღის ტყე და მიწა საშვილიშვილოდ, არგეთიდან დაწყებული არგუდამდე, – ბრძანა მეფემ, მუცელას მუცლის მხნეობით გაკვირვებულმა, – ამასთანავე გაძლევ შენ პირველი ვეზირის ხარისხს, ჩემს სასახლეში დაუკითხავად სიარულისას.
ხალხმა, რა ესმა მეფის ასეთი განაჩენი, ერთხმად დაიღრიალა: „გაუმარჯოს დიდებულს ჩვენს მეფეს და სახელოვანს მუცელას!“
მუცელა ასწიეს და, როგორც ძვირფასი თვალი, ისე ხელდახელ წამოიღეს მის სახლში. ყოველი აქ მყოფი ისე ნასიამოვნები დარჩა, თითქოს მუცელა კი არა, თვით ისინი დაესაჩუქრებინოს მეფეს; უხაროდა ხალხს მიტომ, რომ სახელოვანს კაცს სახელი მიემატა და ქონიანს ქონი…
კიჟინით გზად მომავალს ბრბოს წინ შეეხეჩათ ერთი ვინმე ყარიბი, გლახაკი: სახედარზე იჯდა, ცალი ფეხი მოჭრილი ჰქონდა და ცალი კი თოკისაგან გაკეთებულს უზანგში ედვა. ხელში ეპყრა პატარა ყავარჯენი ძაღლების მოსაგერებლად. მათხოვარი თავისთვის არხეინად მოდიოდა და ხალხის ჟივილ-ხივილს ყურსაც არ უგდებდა, რადგან იმას საკუთარი დარდი აწუხებდა.
გლახაკის ასეთი საქციელი ხალხმა ითაკილა, შემოერტყა გარს და მრისხანედ დაუწყო ყვირილი: „შე რეგვენო, რატომ სალამს არ აძლევ ამ დიდებულ კაცს, ნუთუ არ გაგიგონია მუცელა?!.“ თავიდან ჯოხებით ჩაჩიც მოაგდებინეს: „მოიხადე ქუდიო!“ ისევ მუცელამ დააშოშმინა ხალხი და საკვირველი სულგრძელობა გამოიჩინა: „დაანებეთ თავი, ქრისტიანია, უნდა შევიწყნაროთ. აი, ეს ერთი ოქრო მიჩუქებია მაგისათვის ჩემი სულ-ხორცის სამწყალობლოდ!“
– ამოიღო ჯიბიდან და გადაუგდო ერთი ოქრო. ეს იყო პირველად და უკანასკნელად მისგან გაღებული მოწყალება.
– ღმერთო, ღმერთო, რა კაცია ჩვენი მუცელა!.. მაგაზე მეტი ღვთისნიერი და გლახაკთ მოწყალე რომ არ შეიძლება იყოს კიდევ სხვა დედამიწის ზურგზე! – იძახოდა ხალხი. ამჟამად ხალხი ისეთს გუნებაზე იყო მოსული, რომ ყველანი მზად იყვნენ ანთებულიყვნენ სანთლად და დამწვარიყვნენ მუცელას თვალწინ, – ისეთნაირად მოეწონათ მისი კაცთმოყვარეობა. მაგრამ, როგორც ვიცით, მუცელა არ იყო გლახაკთ მოწყალე და სადაც მოასწრებდა, სინსილას უწყვეტდა იმათ; იმას მხოლოდ თავის ამქრები და ამფსონები უყვარდა, მხოლოდ იმათ სცემდა პატივს.
ჯერ აქამდის ხომ ვიცით, რა დროებას ატარებდა მუცელა და დღეის შემდეგ ხომ უფრო მოუმატა. მუდამ დღეს მუცელაანთას ქორწილი იყო, მუდამ კვირა ხელმწიფესთან სადილობდა მუცელა. მისი მორჩილი ძმები კი ოფლსა ჰღვრიდენ, ძმას ქეიფს არ უშლიდენ. პირიქით, კიდეც უხაროდათ, რომ მუცელამ ოჯახი გაათაროზნა და სხვა აუარებელი სიმდიდრე შეძღვნა… მუცელა ცამდის გაიზარდა.
რაკი მეფემ სმა-ჭამის უნარი ისე გააზვიადა, გაადიდა, ხალხმაც იფიქრა, ალბათ დიდი ღირსებაა „მსმელობა“ და მსუნაგობაო, მეფეს თვით ეს ღირსება ხომ არც კი მოეპოვება და, მაშასადამე, მეფობის ღირსიც მუცელააო. ხალხი დაჭეშმარიტებით ფიქრობდა, რომ მეფედ მუცელა ამოერჩიათ უსათუოდ, როცა მოხუცი ხელმწიფე გადაიცვლებოდა. უნდოდათ, მაგრამ ბედმა და გარემოებამ არ დააცალა მუცელას თავზე მეფის ჯიღა დაედგა… ამას შემდეგში შევიტყობთ.
ახლა კი ის უნდა გავიხსენოთ, რომ იმ დღიდან, რაც მუცელამ გაიმარჯვა, მეფემ უბრძანა სამს თავის მსახურს, რომ მუდამ შაბათობით მუცელა აქლემზე (რადგანაც ის სმა-ჭამეთში საპატიო ცხოვლად ითვლებოდა) შეესვათ, ერთს მათგანს აქლემის სადავე ჰსჭეროდა და ორნი ცხენებით ჰხლებოდენ უკან ორი დროშით: ერთს დროშას უნდა ჰქონოდა გუმბათის ნაცვლად გაკეთებული ჯიხვი-ყანწი, ხოლო მეორეს – გაბერილი ძროხის ფაშვი. ეს ნიშნები ხელმწიფისაგან თავის საყვარელთა კაცთა მიმართ მოწყალებას მოასწავებდა. თუმც, ერთი მხრით, მუცელას ესიამოვნებოდა ასეთი პატივისცემა მეფისა, მაგრამ მეორე მხრივ, დიდს უსიამოვნობაში აგდებდა: ჯერ ერთი, სმა-ჭამას აცდენდა, ურომლისოდაც იმას ერთი წუთი არ შეეძლო გაძლება, რადგან მისი კუჭი საშინელს ბობოქარს აურზაურს ატეხდა, რომ ღმერთმა ყოველი ადამიანი დაიხსნას. მეორე მით, რომ აქლემი არყევდა მუცელას, აქანავებდა და თანაც ეშინოდა იმ სიმაღლიდან არ გადმოვარდნილიყო. დიახ, უსმელობა უფრო სტანჯავდა მას, ცეცხლს უკიდებდა კუჭში. ხშირად მომხდარა, რომ მუცელას მოჰშივნია, – თუ დუქანი შეხვდებოდა, კიდევ კარგი, მოიკითხავდა დოქით ღვინოს, არტალას და აქლემზე მჯდომარე შეექცეოდა, თუ არა და – ეხვეწებოდა მხლებლებს – ჩქარა შინამდე მიეყვანათ, ქრთამს ჰპირდებოდა – ჩქარა გამატარეთო, მაგრამ მხლებლები დოდინობდენ, ნამეტნავ ისა, რომელსაც აქლემის სადავე ეჭირა ხელში, რადგან იმას ჰქონდა მეფისაგან ნაბძანები, რათა არ აჩქარებულიყო და დინჯად ეტარებინა ეს დიდებული კაცი, რომ ყველას ენახა, კარგად გაეშინჯა.
მუცელამ რამდენჯერ თვით მეფეს მიჰმართა ხვეწნით და მუდარით, გამათავისუფლე ამ სიამოვნებიდანო, მაგრამ მეფე არ უსრულებდა თხოვნას, ვინ იცის, მეფეს რა ფიქრი ჰქონდა, რატომ არ იწყნარებდა მუცელას თხოვნა-მუდარას. „არ შეიძლება, მეფე ვარ, რაც მითქვამს ერთხელ, ვეღარ გადავთქვამო“, პასუხად მუცელას მეფისაგან მუდამ ეს ესმოდა. ერთხელ გამწარებულმა მუცელამ, რაც კი იმის გამწარება შეიძლებოდა (უნდა ვთქვათ, რომ ხეირიანად გაჯავრება არც კი შეეძლო), მოახსენა მეფეს: „აღარ მინდა თარხნობა, ოღონდ ნუ მტანჯავო, თავს მოვიკლავთ და სხვ.“ – რაც მიბოძებია, აღარც მისი გამობოძება შეიძლებაო, – ესმა კვლავ მუცელას. მეტი ჩარა არ იყო, მუცელა უნდა დამორჩილებოდა თავის ხვედრს.

IV

ამ ქეიფებმა, მცონარეობამ, უსაქმურობამ ბევრი ოჯახი დასცა და ხალხიც საზოგადოდ გააღარიბა. ამ სიღარიბემ ბევრი დააფიქრა: საიდან, როგორ მოხდა ჩვენი დაცემა, დაქვეითებაო, – ეკითხებოდენ თავიანთ თავს… ამ დროსვე გამოჩნდა ერთი ახირებული კაცი, ჭილობში და ძონძ-კონკებში გამოხვეული, სახელად პართენი. ეს საკვირველი კაცი დადიოდა ქუჩა-ქუჩა და საკვირველს აზრებსა ქადაგობდა თამამად, შეუპოვრად. მართალია, მოწყალებას თხოულობდა, მაგრამ სხვების გულისთვის: გლახაკთ უზიარებდა ნაშოვნს და ნაპოვნს, თითონ კი მშიერ-ტიტველი იარებოდა. ხალხს ურჩევდა ზომიერად ცხოვრებას, მდიდართ ამხელდა იმათ გულქვაობას: „თქვენ რომ მოჭარბებული გაქვთ ყველაფერი, რატომ არ შეიბრალებთ ღარიბთა, დავრდომილთა; უზომო სმითა და ჭამით თავს არ იწუხებდეთ, ნუთუ არა სჯობია მოჭარბებული საწყალს გაუზიაროთ, დაცემული ფეხზე წამოაყენოთ?!. ნუთუ არა გტანჯავსთ ბეჩავის ხალხის ტანჯვა და სიამოვნებას არ იგრძნობთ, რომ იმათ ტვირთი შეუმსუბუქოთ?! ისიც ვნახოთ ერთხელ თქვენსაებ გალაღებული“.
ამ ქადაგებით პართენმა ბევრი მომხრე იშოვა, მრავალი თანაუგრძნობდა მის რჩევა-ქადაგებას, მაგრამ, საუბედუროდ ქვეყნისა, საბრალოს მალე მოუსპეს სიცოცხლე.
მუცელასა და მეფის ქცევით გაგულისებულმა პართენმა ერთხელ მოინდომა პირადად ემხილებინა მეფისათვის მისი უგვანო ყოფაქცევა. ამ აზრით მან იშოვა სტვირი და ერთს კვირა დღეს გამოცხადდა მეფის ეზოში. მან დაუკრა სტვირი და ზედ დამღერა შემდეგი ლექსი:

მეფევ, შენ გბაძავს ქვეყანა,
ყველა: დიდი და მცირეა.
ვაზის ნაყოფი რომ გიყვარს,
რად მოსრე ვაზის ძირია!
მუცელას მუცელს უსუქებ,
დავრდომილთ მოსჭერ კბილია.
ნაღვლისა შხამით გაგვმსჭვალე,
ნუგეში დაგვიძვირია.
მუცელას ტკბილი სიცოცხლე
შენ უფროც გაუტკბილია.
ეს ფიქრი აღარ მასვენებს,
არც მეკიდება ძილია.
სმა-ჭამას რა სწავლა უნდა,
რას გვარგებს მუცელ-ღორობა?
გვასწავლე შრომა კეთილი,
ძმობა და თანასწორობა.
რად დაგვავიწყე ხმლის ქნევა,
სიმხნევე, გულით ლომობა?
მტერი რომ თავზე დაგვესხას,
რით მოვიგეროთ იგია?
სულ დაგვიწყნია სმაშია
ომის წესი და რიგია.
ხმლები შამფურად გადიქცა,
მშვილდი, ისარი – შეშადა.
გამხდარა შენი სამეფო
ტურების საჭმელ ლეშადა.

მეფეს რა ესმა ასეთი გაკადნიერება პართენისა, ბძანა მისი ჩამოხრჩობა. მუცელაც ამას ურჩევდა: „თუ არ ჩამოახრჩეთ, დიდებულო მეფევ, ეგ ვიღაცა პართენია, – ამბობდა მუცელა, – თქვენი მტერი დაიღუპოს, ჩვენი ქვეყანა დაიღუპებაო“.
მეფის ბძანება მეორე დღესვე ასრულდა: საცოდავი პართენი ჩამოჰკიდეს ბოძზე თოკით. მეფის ბრძანებისამებრ, ერთს კვირას ასე უნდა კიდებულიყო, რათა გამვლელ-გამომვლელს ყველას ენახა ღირსეულად დასჯილი საბრალო პართენი.
თუმც ერთის კვირის განმავლობამდე პართენის გვამს ყარაული ედგა, მაინც იქ თავს იყრიდენ ყველა დავრდომილნი, ღარიბნი, ბეჩავნი და პართენის უსულო გვამის წინაშე ცხარე ცრემლს ღვრიდენ, მაგრამ რაღას უშველიდენ განსვენებულს?

V

ძველს დროში, როგორც ვიცით და გაგონილი გვაქვს, რჯული ხალხს ძლიერ მტკიცედ ეჭირა, რჯულის გულისათვის ჯალათს უშვერდენ ქედს, კოცონზე იწვებოდენ, ათასნაირს სასჯელს იტანდენ და დღეს, ხომ ვიცით კარგად, თვითონ კაციც რომ მოკლა, ცოლ-შვილი გაუწყვიტო ცხვირწინ, ხმას არ ამოიღებს, განაღამც რჯულის გულისათვის შემოგაკლას თავი. ასეა, დროებამ იცის!..
ძველს დროში მუდამ კვირა-უქმე დღეს დიდი და პატარა საყდარში დადიოდა, წირვა-ლოცვას არ აკლდებოდენ და დღეს ხომ მათრახითაც ვერავის წაიყვან ეკლესიაში. ზიარებითაც მაშინ დიდმარხვაში მუდამ კვირა ეზიარებოდენ, რა სასოებით, რა მარხულობით, წარმოუდგენელია. მუცელაც მორწმუნე კაცი იყო, მაგრამ სიკვდილივით ეჯავრებოდა დიდმარხვა და მისი თანამგზავრი – ზიარება. ერთხელ აღსარებაში მოძღვარსაც გამოუტყდა, სენი მჭირს, ჭირი მჭირსო და ეს ისაა, რომ შიმშილს ვერ გავუძლებო. მოძღვარმაც ზიარების წინაღამეს ვახშმის ჭამის ნება მისცა. ხოლო დილით ადრე შეუდგებოდა წირვას, როცა კი მუცელა იყო საზიარებელი.
თუმც მღვდელიც, ერიც და თვითონ მუცელაც ბევრს ცდილობდა უბედურება არა შემთხვეოდა რა, მაგრამ მაინც ვერ ასცდა უბედურებას. მოძღვარმა ერთხელ წირვა უკვე გაათავა, გამოასვენა ბარძიმ-ფეშხუმი. მუცელა წარდგა წინ თავის პატიოსანი ღიპით და მიუშვირა ხნულის კვალივით ლაშები ქრისტეს სისხლის და ხორცის მისაღებად. მოძღვარმა კოვზით ამოიღო ნაწილი და წარმოთქვა: „ეზიარების მონა ღვთისა მუცელა“. მაგრამ დახეთ უბედურებას: ნაწილთან ერთად მუცელას ყაყრატომ კოვზიც არ შეისუტა! დაიწყო კაცმა ხრჩობა, გადმოიტრიალა თვალები. ხალხი შეშფოთდა. აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, მაგრამ მეშველი თვითონ ხუცესი გამოჩნდა და ფჩხილებით ძლივძლიობით ამოაძრო კოვზი ყაყრატოდან… სასწაული მოხდა!.. შეიქნა ამის გამო ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა: ერთი ერთს ამბობდა, სხვა – სხვას, და ბოლოს კი ყველანი იმ აზრს დაადგნენ რომ, ღმერთმანი, რადგან მუცელა დავლათიანი კაცია, უფალმა ზიარებასთან ერთად კოვზიც მუცელასთვის გაიმეტა, რათა ჩვენ ცოდვილთათვის დაენახვებინა, ეჩვენებინა, ეგრძნობინებინა, რომ ჩვენ ზიარების ღირსნი არა ვართ მაშინ, როცა მაგისთანა დიდებული გვამი, როგორიც მუცელაა, ეზიარება. თვითონ მუცელაც ასევე ხსნიდა ამ ამბავს და ამბობდა:
„ჰოო, მართალია, გამჩენმა ორივე ჩემთვის გაიმეტაო“. თუმცა კი გულიგულში სხვასა ფიქრობდა, არც ასე ბრიყვი იყო, არ შეეგნო, ეს სიმსუნაგით, ავმუცლობით დაემართა…
მუცელამ იმავე დღეს საღმთო გადაიხადა; ღვთის სადიდებლად ერთი საოჯახო სადუღარი ლობიო შეჭამა და ერთი რაც სარეცხის ქვაბში ფლავი ჩაეტევა და განიწმინდა ყოველივე ცოდვათაგან.
ცოლის მეტმა ვერავინ გაიგო კოვზის გადაყლაპვის მიზეზი და უსაყვედურა კიდევაც ქმარს: „ნუ ხარ სულსწრაფი, ბეჩა, განა კოვზი გაგაძღებდა, კიდეც რომ ჩაგეყლაპა!“ – უთხრა მშვიდობიანი, მადლიანი კილოთი მარინემ.
მუცელამ ცოლს არაფერი უთხრა, მხოლოდ შეუბღვირა თავისი დიდრონის, დასისხლიანებული თვალებით; ანიშნა: ახლა წამოგცდა ეგ სისულელე, ამიერიდან აღარ გაბედოვო.

VI

ერთხელ, სწორედ კუდიანობა ღამეს, მუცელას ბლომად სტუმრები ჰყავდა სახლში; ყველანი ლამაზს, მდიდრულად მორთულს სუფრას უსხდენ და ვახშამს შეექცეოდენ. სტუმრებს ჩამოუვარდათ საუბარი იმაზე, თუ ვინ იცის, რომელი კუდიანი ბებერი მოახტა კატას და მიაქროლებს კუდიანებში ჩასარევად.
– ჰაი, ღმერთმა დასწყევლოს და დაშამათოს, ნუღარ მოიყვანოს შინ ჩემმა ღვთისმშობელმა!.. ასემც უქნია, ცხრა მთა გადურბენია! – დააყოლა მუცელამ. ეს სიტყვები რომ გაათავა და თვალები გადაატრიალ-გადმოატრიალა, სწორედ ამ დროს შემოესმათ უცნაური ხმაურობა: გრიალი, ბრაგა-ბრუგი. დედამიწა იძრა? – არა. ცამ იჭექა? – არა. მაშ რა ამბავი უნდა იყოს? – უცნაური ამბავი მოხდა. სახლში შეიჭრნენ ბალნიანი, უზარმაზარის ტანის სულიერები – დევები; საზარელი შეხედულება ჰქონდათ: ზოგს რქები ჰქონდა შუბლზე, მეორეს – ვირის ყურები; მესამეს ბრჭყალებად ნესტრები ჰქონდა, მეოთხეს კბილებად – ხმლები და მეხუთეს – ჩანგლები და სხვ. და სხვ.
– ჩუმად, ხმა, კრინტი! არ გაინძრეთ, თორემ მორჩება, გათავდება ამ წუთსავე თქვენი სიცოცხლე! – დაიღრიალეს დევებმა საზარელი ხმით; – ჩვენ მხოლოდ ერთს კაცს ვეძებთ, იმას გარდა ხელსაც არავის გახლებთ, – სთქვეს რა ეს, მიაშურეს მუცელას.
თქვენი მტერი ჩავარდეს იმ ყოფაში, როგორშიაც მუცელა ჩავარდა: გაშრა, გაფითრდა; ხუთი თითით დაბღუჯული ფლავი, ტუჩებთან მიტანილი და გადასაყლაპავად მომზადებული, ტუჩებზევე გაუშეშდა. შეუბრალებელმა უნამუსო დევებმა ჩაყლაპვაც კი აღარ აცალეს; სტაცეს ზოგმა კისერში ხელი, ზოგმა ფეხებში, სხვამ ყურებში, რის გამო ფლავი კალთაში ჩაებნა, და დაითრიეს ხარიფაშვივით. ყველა იქ მყოფნი გაშეშდენ, კრინტიც ვერ დაძრეს, ძმები და ცოლი ამჟამად იქ არა ჰყავდა მუცელას, თორემ, იქნება, ისინი მიჰშველებოდენ.
– რასა შვრები, ეი, რასა? იქნება ვერ მიცნობთ, მე რა კაცი ვარ, ვინა ვარ? – ლუღლუღებდა საცოდავად მუცელა, – იქნება არ გაგიგონიათ სახელოვანი მუცელა?
– გიცნობთ, ვინცა ბრძანდებით, და კიდევაც იმიტომ შენ ამოგარჩიეთ მთელს დუნიაზე. გეყოფა, რაც დიდი, საკვირველი საქმეები ჩაიდინე, დროა ახლა დევებიც გაგვაკვირვო შენის ვაჟკაცობით. ჰაა, ფეხებს ნუ აბოწიწკებ, წამო ჩქარა. – თქვეს დევებმა და როგორც ბუმბული ქარმა, ისე გაიტაცეს ცოცხალ-ცოცხალი ადამიანი. შორიდან მხოლოდ მუცელას ყვირილიღა ისმოდა: მიშველეთო, – იძახოდა.
დარჩნენ პირღია სტუმრები. შემოვიდენ მუცელას ძმები, რომლებიც ამ დროს მარანში იყვნენ წასულები ღვინის ამოსაღებად. მოვიდა მარინეც, რომელიც ამ დროს სამზარეულოში იყო და მზარეულს თავდარიგს აძლევდა.
– რა ჩოჩქოლი ისმოდა? რა ამბავი იყო? მუცელა რა იქნა? იმან თითქო სუფრიდან ადგომა არ იცის! – იკითხეს სამივემ ერთად გაოცებით.
– დევებმა მოგვტაცეს, – უპასუხეს სტუმრებმა, – და ვერ გვიყურებთ, ჩვენც მოგვაჯადოვეს, ადგილიდან ვეღარ გავინძერით, მივშველებიყავით მაინც.
– იქნება მართლა? ვაჰმე, ძმაო! ვაჰმე, ქმარო! – გაისმა საბრალო ხმები, სტუმრებმაც ახლა გამოიფხიზლეს და ყველამ ერთად ასტეხეს ჩოჩქოლი, გაჩნდა „ჰაი, ჰუი“, აფრინეს კაცი მეფესთან, – აბა მდევარიო, – ჰყვიროდენ. სახლიდან გამოცვივდენ, ცოტა გაირბინეს, მაგრამ მალე შინვე დაბრუნდენ… რა დაგიკარგავთ, რას ეძებთ? გაქრა, ჩაიყლაპა კაცი!.. ბოროტ სულებს ვინ გაუმკლავდება? რას ჩამორჩება იმათ უბრალო მომაკვდავი? აი, ამ ფიქრმა დააძაბუნა ყველანი და მოუღო ბოლო იმათ წადილს. დიახ, გაქრა კაცი, სუფრის თავში, მუცელას ადგილას, მის მაგივრად, მუთაქაღა დარჩა; დარჩა აგრეთვე ფლავის კერძი ხონჩის ტოლა თეფშზე ჩანახევრებული. მუცელა დევებმა თავის ბინაზე მიიყვანეს, რომ მეფემ მაშინღა გაგზავნა მდევარი.
– სხვა ყოველიფერი გაგონილა და მოსალოდნელიც არის დევებისაგან, მაგრამ სუფრიდან, თავის სახლიდან ჯარში, ჯამაათში კაცის მოტაცება რომ არც თქმულა და არც გაგონილა! – ამბობდა ხალხი და თან პირჯვარს იწერდა. ძმები და ცოლი მუცელასი ტიროდენ, მოთქვამდენ, უნდა წასულიყვნენ მუცელას მოსაძებნად, მაგრამ სად, რომელს კუთხეზე, რომ არ იცოდენ?

VII

დევების სადგური, დიდი დარბაზი, უღრანს ხევში, ყრუს, უდაბურს ადგილას, ერთს კლდის გამოქვაბულში იყო. დევებს მუცელა გზაში არც ბედაურზე შეუსვამთ, არც კატაზე, ისე ფეხდაფეხ მიარბეინებდენ: ერთი წინ მიუძღოდა, ორს იქით და აქეთ ყურები ეჭირათ (უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ მოზდილი ყურები ჰქონდა მუცელას), ორი ზურგს უკან უდგა, ისინი „ქიმუნჯებს“ – მჯიღებსა სცემდენ და ისეთი გაძრიალებული, გაბზრიალებული მიყავდათ, თითქოს „პარახოტიაო“. დარბაზის დერეფანში რომ შეიყვანეს, მუცელას წურწურით ოფლი ჩამოდიოდა, სული და ქონი ერთად მოებჯინა ყელში და თითქმის ირჩობოდა.
– რად მტანჯავთ? რაზე მკლავთ, არა გწამთ ღმერთი?! – წაილუღლუღა მუცელამ, რომ სწორედ ამ დროს ჯურღმულიდან, როგორც სამარიდან, საწყლად ხმა შემოესმა: „უფალო, შეგვიწყალენ!.. უფალო, შეგვიწყალენ!“ და თანაც დაყოლებული: „მილხინე მე ცოდვილსა ამასო!“
– ეგ ვინღაა? იქნება თქვენც ქრისტიანები ხართ და მატყუებთ, თქვე ეშმაკებო, თქვენა? – სთქვა მუცელამ და თან თვითონაც წარმოსთქვა:
– უფალო, შემიწყალე! ღმერთო, შემოქმედო ცისა და ქვეყნისაო, შენ იყავი ჩემი მფარველი, როგორც გამაჩინე, ისე დამარჩინე! ნუ გაახარებ ჩემს თავზე ბოროტ სულებს და მიმსახურე მთელი ჩემი ქონებით, სარჩო-საბადებლით!
– რას მიედებ-მოედები? – უთხრეს შუბლშეკვრით მუცელას დევებმა, – ეგ ესტატე დიაკვანია, შენსაებ სუნაგი და გაუმაძღარი მუცლის პატრონი და ტაბლაპარია. როცა სასაფლაოზე ტაბლებს მოაქუჩებდა მღვდელი და ჩაალაგებდა ხურჯინში, აჰკიდებდა, გაატანდა შინ, მაგას კი ნახევარი აღარ მიჰქონდა. მაგის მღვდელმა, მამა ზაქარიამ, ღაღადჰყო უფალსა, როგორც შენგან დაჭმული კვებულების ღაღადება ჯერაც კიდევ გაისმის ცის არემარეში. უფალმა მიიღო მოძღვრის ღაღადება და ჩვენ დაგვავალა მაგისი გაწვრთნა და გასუფთავება ყოვლის მწიკვლისაგან; აქ უნდა მოინანიოს მაგან თავისი ცოდვები. – თქვეს რა ეს, დევებმა მუცელა ერთს დიდრონს მუხის ბოძზე მიაბეს, იქვე დარბაზის ყურეში, ხელფეხშეკრული დიდრონი წნელით; ამისთანა წნელით დღეს მეტივეები ტივებს აბამენ ხოლმე მტკვარზე.
– მაგას ცოდვები ჩაუდენია და ახიც არის მაგაზე: ქურდი ყოფილა; მე ხომ არაფერი სიცუდკაცე არ მიქნია, თქვენ გენაცვალოსთ მუცელა, რისთვის მტანჯავთ? მოგართმევთ სასყიდელს, ღვთის მოცემული იმდენი კიდევ მომეპოვება, რომ თქვენ დაგაკმაყოფილოთ. რა მოგემატებათ ჩემი დაწვა-დადაგვით?
– მაგას რა სათქმელს ამბობ, სულელო? ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ ღვთის ბრძანებას; ეს სასჯელი თვით უფალმა გაგიწესა, რადგან შენგან ტირიან ცხვარნი და ძროხანი; შენგნით ჰგოდებს პური და მარილი, ლობიო, ბრინჯი, მწვანილ-ბალახეული ათასნაირი; შენგან ცრემლად იღვრება წვენი ვაზისა და თვით მათი ფესოები; შენგან მოთქვამენ ცაში ფრინველნი ცისანი, დაბლა – თევზნი წყლისანი; შეძრწუნებულა და შეწუხებულა ძილი და მცონარეობა. ამიტომ სასჯელად და ცოდვათა მოსანანიებლად გაგიწესა უფალმა ეს სადგური.
– მაშ რო შევეხვეწო უფალს, არ მაპატიებს ჩემს დანაშაულს? სანთლებს ავუნთებ, საყდარს ავუგებ… ვანუგეშებ გლახაკთა. ერთი ოქრო ამ ორი წლის წინათ ერთს გლახასაც ვაჩუქე, როცა მეფემ დასაჩუქრებული გამომისტუმრა. ეჰ, ის დრო სჯობდა! სტუმართმოყვარეობა ჩემი ქვეყნის კიდიდან კიდემდე ისმის, ქურდობა მე ჩემს სიცოცხლეში არ მიქნია.
– ეგ ჩვენ არ ვიცით, – უპასუხეს დევებმა, – ეგ შენ იცი და შენმა ღმერთმა. როგორც გეწადოსთ, ისე მორიგდით ერთმანერთში. და სანამ მორიგდებით კი, ჩვენ ჩვენი დავალებული საქმე უნდა ავასრულოთ, ჩვენთვის რაც უბრძანებია, იმას ვასრულებთ. ყველაზე კი ნება არა გვაქვს, როგორც გვწადიან, ისე მოვეპყრათ. ვინც ჩვენის კბილისა აღმოჩნდება, იმას ჩავჭიდებთ ბრჭყალებს.
– თქვენ მატყუებთ, ღმერთი არ გამიმეტებდა მე ასე დასასჯელად, თუ არ ვუყვარდე, დოვლათსაც არ მომცემდა. ალბათ, ვუყვარვარ უფალს და იმიტომ დამასაჩუქრა სიმდიდრით და სახელით, – სთქვა მუცელამ, – თქვენი ბრალია ჩემი ამ ყოფაში ჩავარდნა და არა უფლისა, ვენაცვალე იმის მადლსა და სახელსა!
– სწორედ ჩვენი ბრალია, რა გნებავს? არ დაგვეხსნები, არ მოგვასვენებ? ხათაბალა! თუ უფალს უყვარხარ და სატანჯავად არ ემეტები, ახლა გაიგებ, დარწმუნდები: პატარა ხანს ბრძანდებოდე მაგრე, როგორცა ხარ და ყველაფერს გაიგებ, შეიგნებ, – მიუგეს, ცოტა არ იყოს, მრისხანედ დევებმა.
– მაშ დავიჯერო, აღარაფერი მიშველის? ფულს მოგცემთ, სულ ბაჯაღლო ოქროს. დაგპატიჟებთ, ისეთ ღრეობას გაგატარებინებთ, თავის სიცოცხლეში არ გენახოსთ. რისა შემეშინდება? ღვთის მოცემული პური ბევრი მაქვს და ღვინო, ხორაგი, რამდენიც გენებოსთ, მომკითხეთ, – სთქვა ეს კვალად მუცელამ, ხელ-ფეხზე წნელებისაგან შეწუხებულმა.
– ჩვენ შენი ბაჯაღლოები არ გვინდა. რაკი ბაჯაღლოებზე მიდგება საქმე, იმდენს ვიშოვით, თუკი მოვიწადინეთ, რომ მთელს სმა-ჭამეთს შევისყიდით. ამიტომ გირჩევნია ბევრად ტყუილ-უბრალო ლაპარაკით არც თავი შეიწუხო და არც ჩვენ. – დევებმა ეს უპასუხეს მუცელას, თან ერთმანეთს გადაჰხედეს და სიცილი აუტყდათ.
– რაღა გაცინებთ? დამცინით კიდეც, განა? მადლობა შენთვის, უფალო! ეს მაინც მითხარით, თქვენის რჯულის გულისათვის, ჭკუიდან ხომ არ შემშლით? ხომ არ მომაჯადოვებთ? ნუ იკადრებთ! – ამ დროს მუცელამ შიმშილიც იგრძნო და ერთი ღრმად ამოიხვნეშა: „ოოოოხ, დედავ!“
– არ მომაჯადოვოთო? ჭკუიდან ხომ არ შემცვლითო? რას ამბობ? ჭკუიდან კი არ შეგცვლით, ჩვენ ჭკუაზე უნდა მოგიყვანოთ. უნდა მოგანანიებინოთ ცოდვები, რომ მართლა ღირსეული ადამიანი დადგე. – მიუგეს დევებმა.
– თითქოს ამბობენ: დევები უღმერთოები არიან, შებრალება არ იციან, თუ კაცი ჩაუვარდათ ხელში, დასწვენ, დასდაგვენო. თქვენ ღვთისნიერი ხალხი ჩანხართ, მე და ჩემმა ღმერთმა, – სთქვა მუცელამ ლაქუცით და ცბიერად.
– ქვეყანა ბევრს რასმე იტყვის. ჯერ ეს რა არის, ამას იქით უფრო კარგად დაინახავ ჩვენს მართლმსაჯულებას, კაცურ-კაცობას, – სთქვეს დევებმა და გაემზადენ დასაძინებლად.
– პურ… – უნდა რაღაც კიდევ ეთქვა მუცელას, მაგრამ ამ დროს ერთმა დევმა, რომელსაც დიდყურას ეძახდენ, ისეთ მრისხანედ შეუბღვირა მას, რომ ეს უკანასკნელი მთლად ტანიდან მოიშვა.
– გაჩუმდი, არ გესმის, შენ რომ გეუბნებიან? – უთხრა დიდყურამ, – ვერა ჰხედავს შენი ბრმა თვალები, გვეძინება. თუ გაჩუმდები, ხომ რა კარგი, თუ არა და წამოვდგები, მამაჩემსა აქვს ცხონება, და მაგ გოგრას ემანდ ყორეზე მიგიჭეჭყავ…
მუცელამ ახლა კი სული განაბა, დაჰკიდა თავი, თვალი დააშტერა დაბლა ქვის ფილაქანს და ცხარე ცრემლები გადმოცვივდა. ხმა აღარ ამოუღია. უკვირდა მხოლოდ – საით, როგორ მოევლინა ასე უეცრად ეს უბედურება. დევებმა კი გააბეს ხვრინი ისეთი, რომ კაცს ეგონებოდა, მთელი მთა-ბარი, დედამიწა ინგრევაო. მუცელას კი სული ეხუთებოდა. კანკალებდა, სულის ქცევის დროს მეც არ გადამყლაპონო. ჰშიოდა, კიდეც ეს იყო თავი და თავი ჭირი და ვარამი.
გათენდა დილა. ღმერთმა მრავალი დილა გაგითენოსთ სიმთელისა, სიხარულისა და მშვიდობისა. გაიღვიძეს დევებმაც. ამ დილით უფრო საზარლები იყვნენ ისინი მუცელას თვალში. მოატანა სადილობამ. ოჰ, როგორ ჰშია პური მუცელას! ვისადილოთო, თქვეს. უცბად, მოულოდნელად გაჩნდენ მოსამსახურე ქალები და კაცები – ეს ჭინკები და ალები იყვნენ. გაშალეს სუფრა და ისე ააყვავეს, როგორც სამოთხე. რა გინდა, სულო და გულო, სუფრაზე არ იყო: ირმისა, ჯიხვისა, ჯეირნის ხორცი; რა შემწვარი ხოხბები, კაკბები, დურაჯები, თევზეული – კალმახი, გელაქნური, ორაგული, ზუთხი, – ეს ალებს მოჰქონდათ ხოლმე მუდამდღე დევებისათვის სადილად, რადგან ისინი მუდამ წყალში ჭყუმპალაობდენ და იმათი სამფლობელო იქ იყო. დოქებით მოიტანეს სუფრაზე ღვინო ისეთი, როგორც დედის რძე. გამართეს იმისთანა მეჯლისი, რომ მუცელასაც კი, თვით მუცელას, მისი მსგავსი არ ენახა. დაიწყეს სმა-ჭამა. მუცელას არც კი უცქეროდენ. ეს კბილების კაწკაწით შესჩერებოდა, ნერწყვს ნერწყვზე ყლაპავდა, ედებოდა ცეცხლი გულმუცელში და განა მარტო მუცელში, – პირში, კბილებში, ოხ, დიდი საცოდაობა ტრიალებდა მუცელას მიდამოში! უკვდებოდა მუცელას გული, აგონდებოდა თავისი სახლი, თავისი მარანი. ყურს დევები მაინც და მაინც არ უგდებდენ მუცელას, სჭამდენ, სვამდენ უსირცხვილოდ. ერთი ლუკმა პურიც არ შეაპატიჟეს, ერთი ყანწი ღვინოც კი არ მიაწოდეს.
– იქნება, ჩემი გამოცდა უნდათ, – იფიქრა მუცელამ თავისთვის, – დავლევ მაგათთან ღვინოს თუ ვერა.
მაგრამ თქვენს მტერს ამისთანა გამოცდა! ყურსაც არ იბღერტდენ დევები. გამართეს სადღეგრძელოები და „არხალალო-ვარხალალოს“ გაიძახოდენ.
– გადღეგრძელოს, დიდყურავ! გადღეგრძელოს, რქიანავ! გადღეგრძელოს, ბრჯღლიანავ! და სხვ. – იძახოდა თამადა, რომელსაც ფხიანა ერქვა.
– მადლობელი! – სთქვა დიდყურამ და ასწია ჯიხვი, მაგრამ ვერ დაცალა. ვეღარ მოუთმინა მუცელას გულმა და შეუტია დევს:
– რასა ჩადიხარ, რასა?! ვოჰმე! როგორა ჰსვამ ღვინოს? გადაჰკარ, ერთი ყლუმპიც გამოვიდეს, მეტი ხომ არა?! მაგოდენა კაცი მაგრე უნდა სვამდე ღვინოს?! ვოჰმე!.. – ამოიხვნეშა მუცელამ. დევებმა ყურები აცქვიტეს.
– ახალ თამადას გაუმარჯოს, ახალ თამადას! – დაიძახეს დევებმა ისეთი ხმით, თითქოს ცამ იჭექაო, და თან ისეთი სიცილ-ხარხარი ატეხეს, მთელმა სამყარომ ზანზარი დაიწყო.
– ღვინოს არ დალევ, მუცელავ? – უთხრა რქიანამ მუცელას.
– არ დალევს, არა! აწყენს, დაანებე თავი! – სთქვეს სხვა დევებმა.
– სტეფანე დიაკვანთან გამიყვანეთ მეც, თუ გწამსთ უფალი. – სთქვა მუცელამ კუჭის ტკივილის შესამსუბუქებლად, რათა თვალით მაინც არ ენახა დევების ქეიფი და უფრო ისეც დადაგული კაცი მეტად არ დადაგულიყო, დატანჯულიყო.
– მანდ უნდა იყო, მანდ! სხვაგან ვერ დაგამყოფებთ, უფლისაგან მაგრე გვაქვს ნაბძანები! – მიუგეს დევებმა.
შუაღამემდე გასტანა დევების ქეიფმა. მუცელა მშიერ-მწყურვალი შეჩერებოდა იმათ. დიდი ომი, დიდი აურზაური იყო მუცელას სტომაქში, ისეთი, რომ სასაფლაოს ახლო რო ყოფილიყო, მკვდრებსაც კი წამოახედებდა სამარიდან. მაგრამ ხსნა, შველა მაინც არსაიდან ჩანდა.
– ნეტა, მეფე არ გაიგებდა ჩემს უბედურებას? – ეკითხებოდა მუცელა თავის თავს, – მეფეს ხომ ძალიან ვუყვარვარ და ნეტავ თუ გაიგო და მოაგნო ამ ჩემ სატუსაღოს, დაესხას ჯარით და სულ გაჟლიტოს ეს უღმერთოები, ეს უნამუსოები!..
ტყუილი იმედი იყო. ჯერ კარგა ხანს უნდოდა აქ ყოფნა მუცელას.
დევებმა ვახშამი გაათავეს და მილაგ-მოლაგდენ, დაიძინეს თავ-თავიანთ ლოგინში… მუცელასაც დაეთვლიმა და ესიზმრა თავისი სახლ-კარი, მარინე ნახა. ახლა კი უყვარდა მარინე. „მშია, მარინე, მშია, მაჭამე რამე, ღვინოც მომიტანე, ჩქარა, ჩქარა!“ – ლუღლუღებდა მუცელა და ამ თავისავე ლაპარაკზე, ხმაურობაზე გაეღვიძა.
– გშია კი არა! ნუ ხარ ხუმარა. დაიძინე, მეც მეძინება, – უხუმრა რქიანამ. იმას ჯერ არ დასძინებოდა.
– ოჰ, ღმერთო!.. ოჰ, ღმერთო! რა სატანჯველში ჩამაგდე, შე დალოცვილო?! შენი გაჩენილი არა ვარ, რადა მტანჯავ, უფალო? – ბუტბუტებდა მუცელა თავისთვის, – სიკვდილი არა სჯობია ამისთანა სიცოცხლეს? მომკალი, ღმერთო, რომ ეგები მაშინ მაინც დავისვენო. ქონებაო? აბა რაში მარგია ჩემი ქონება, იმას ჩემი ძმები ჭამენ და მე აქ შიმშილით ვიხრჩვები?!. – სთქვა მუცელამ, გული აუჩუყდა და ბავშვივით ტირილი დაიწყო.
დევებს მუდამ დღე ასეთი ქეიფი ჰქონდათ და საბრალო მუცელას კი აყურებინებდენ. მეორე დილას ერთი დევი სანადიროდ წასულიყო დილაადრიანად და ერთი უშველებელი ირემი მოიტანა მხარზე გადებული და ერთი წიფლის მორი. ჯერ სხვებს ეძინათ. გააღვიძა ისინიც. ადგნენ ყველანი, დაანთეს ცეცხლი, ირემი გაატყავეს და შეუდგნენ საუზმის მზადებას, თითო მხარს და ბარკალს მთლად აგებდენ შამფურზე და ისე წვამდენ გაღადღადებულს ნაღვერდალზე.
– ნეტა ნანადირევს მაინც არ მაჭმევენ? – სთქვა თავისთვის მუცელამ, – ეგ ხომ დიდი სირცხვილი და დიდი ცოდვა იქნება მაგათთვის. – მაგრამ აბა რის სირცხვილი, რა სირცხვილი! დაიდგეს სათითაოდ დოქებით ღვინო და შეექცეოდენ ცხელს მწვადთან ერთად. მუცელა ახლა კი გამოვიდა მოთმინებიდან.
– ღმერთმა თქვენც შეგარცხვინოთ და თქვენი ვაჟკაცობაც!.. – სთქვა გაჯავრებულმა მუცელამ, – კაცები არა ხართ? სად გაგონილა, კაცი შემოგჩერებივართ და იმას არ ამბობს თქვენი სინიდისი – ერთი ლუკმა პური და ერთი ჩიჩქი ხორცი მაგასაც ვუთავაზოთო!
– შენ თუ დაჩუმდები, ხომ რა კარგი, არა და ამ ძვალს შიგ თავში დაგარტყამ. შე მუდრეგო, ხომ ხედავ, არ გაჭმევთ, და რატომ არ გაჭმევთ, ეგ ჩვენ თითონ ვიცით, მაგის სამართალს და მსჯავრს შენგან არა ვთხოულობთ. – უთხრა დიდყურამ და თან ირმის გამოხრულს კანჩალას უტუნტურებდა. სხვა დევებმაც შეუბღვირეს.
– მუცელა ვარო, იძახი, დიდებული, სახელოვანი კაციო; განა ვინც სახელოვანი და დიდებულია, მაგრე მათხოვრობას და ღიჯინს მოჰყვება? – დაატანა რქიანამ.
მუცელამ ხმა ჩაიკმინდა და ძალიან კარგადაც მოიქცა, თორემ, თქვენი მტერი, იმას დღე დაემართებოდა, თუ დიდყურას მიერტყა ის ირმის ძვალი, – სულს გააფთხობინებდა და, საუბედუროდ, ამ ამბავსაც დასასრული მიეცემოდა. მუცელამ მოითმინა, თავი ჩაღუნა შერცხვენილმა, ფიქრებში გაერთო, და ამ დროს ჯურღმულიდან ისევ ის ჩვეულებრივი ხმა შემოესმა: „უფალო, შეგვიწყალენ! უფალო, შეგვიწყალენო!“ – და „მილხინე მე ცოდვილსა ამასო!“
– უფალო, შემიწყალე! უფალო, შემიწყალე! – განიმეორა მუცელამ და ამოიოხრა.
– ვევედრნეთ უფალს, ძმაო მუცელავ, ნუ გატყდები, ნუ დაჰკარგავ სასოებას, მოწყალე არს ღმერთი! – ამოსძახოდა ჯურღმულიდან ესტატე დიაკვანი.
მუცელა სირცხვილით გაიწურა: ესტატე დიაკვანსაც ესმა ჩემი ასეთი მოხრა და დამდაბლებაო.
– რაღა ვევედრო? მეტი ვედრებაღა შეიძლება, რაც მე ღმერთს ვეხვეწები, მაგრამ, ალბათ, იმანაც აიღო ჩემზე ხელი?!. ვერც არაფერი დევებს შევასმინე, ვერც ღმერთს, – სთქვა მუცელამ თავისთვის.

VIII

მთელი სამი კვირა გაატარა მუცელამ ამ ყოფაში; ჰხედავდა დევების მუდამ ქეიფს და დნებოდა. ცალკე მამყოფეთო, თხოვა კიდევ ერთხელ დევებს მუცელამ, მაგრამ უარი უთხრეს.
– გამიყვანეთ ესტატე დიაკვანთან, ჩემს ესტატესთან უნდა მოვკვდე! – შეჰბღავლა ერთხელ მუცელამ, როცა ვახშამზე ისხდენ დევები.
– არ შეიძლება, – უპასუხეს მათ, – თუ ხარ, მაგრე იყავი. თუ არა და სულს ამოგაძრობთ, ამ საათში გაგამტვერებთ.
ოჰ, სულის ამოძრობა, გამტვერება! საშინელი სიტყვებია მუცელას ყურებისათვის. გაჩუმდა. რა ეთქმოდა? ძალა აღმართსა ჰხნავს. თქვენი მტერი ჩავარდეს ისეთ ყოფაში, როგორშიაც მუცელა იმყოფებოდა: ეს ბრგე, დევივით კაცი სანთელივით ჩამოდნა; ვინღა იცნობდა, თუ ის მართლა მუცელა იყო; შიმშილმა გაუჭირა საქმე. სხვა საშუალება რომ აღარ ჰქონდა, მუცელამ ყორეებს დაუწყო ლოკა და წნელებს კბილით ღეჭა, ჯონჯლვა, იმ წნელს, რომლითაც ბოძზე იყო მიკრული. ახლა უარეს ყოფაში ჩავარდა: წნელის მაგივრად რკინის ბორკილი ჩაუდვეს და რკინისავე ჯაჭვით მიაბეს იმავე მუხის ბოძზე. აი, ამ დროს მოხდა სწორედ ისტორიაში ჩაწერის ღირსი ამბავი – მუცელა ოთხ ნაწილად გაიყო: ერთი – თვით მუცელა, მეორე – მუცელი, მესამე – ჭკუა და მეოთხე – სული. ეს ოთხი ნაწილი დაეტაკნენ ერთმანეთს და შეექნათ საშინელი ბრძოლა.
მ უ ც ე ლ ა. ვაი… ვაჰმე, დედავ, ვკვდები, ვკვდები!
მ უ ც ე ლ ი. ვაი, ჩემი ბრალი, რა კაცს მაკუთვნა უფალმა!
ჭ კ უ ა. ახია თქვენზე! სწორედ ახია ერთზედაც და მეორეზედაც.
ს უ ლ ი. ოჰ დავიწვი, დავიწვი თქვენს ხელში მე საცოდავი!
მ უ ც ე ლ ა. რათა და რისთვის?
ს უ ლ ი. მიტომ, რომ წამწყმიდე, წამწყმიდე! დამტანჯე, ჯვარს მაცვი, არასოდეს ჩემთვის საზრდო არ მოგიწოდებია. ვმჭლევდები და ლამის, რომ მოვკვდე. მუდამ მშიოდა და დღესაც ვკვდები შიმშილით.
მ უ ც ე ლ ი. აგრეთვე მეც, ხოლო არა შიმშილით, არამედ სიმაძღრით. ვინ გეხვეწებოდა, ჩამაყარე ამდენი სანოვაგეო, რამდენსაც შენ მაყრიდი? ერთი წიხლიღა მაკლდა და წიხლი რომ მოგეწვდინა, იმასაც ჩამცემდი, რომ გავდიდებულიყავი და ბევრის მონელება შემძლებოდა. ვინ გეხვეწებოდა, ჩაფობით ჩამომასხი ღვინოვო? ღმერთო, რაც მე წვალება გამოვიარე: ვიმანჭებოდი, ვიღმიჭებოდი, ეს ღმეჭა თვით შენს სახეზედაც აღიბეჭდებოდა ხოლმე, სულ იმიტომ კი, რომ მემძიმებოდა ტვირთი და ვცდილობდი, ეგები როგორმე ზიდვა, მორევნა შევიძლოვო. კიდევ, მადლობა ღმერთს, ანთება არ დამემართა და შენც თან არ გადაგიყოლე; მე ვიტანჯებოდი, ცეცხლი მედებოდა და შენ კი „არხალალოს“ და „მრავალჟამიერსა“ ჰყვიროდი. მარონინე, მატარე იქამდის, რომ ახლა უნდა დავჭკნე და დაგაჭკნო, დავდნე და დაგადნო შენც. დღეს შენგან მომივლინა ღმერთმა მეც ეს სასჯელი. რა გინდოდა, შე კაი კაცო, რიგზე, წესზე გესვა და გეჭამა. თავის სიმსუნაგით ზიარების დროს კინაღამ ზიარების კოვზი გადაჰყლაპე და დატოვე უზიარებელი იმოდენა დუნია. გაწყრებოდა ღმერთი, მაშ, დაგლოცავდა?!.
ჭ კ უ ა. მეღა? მეღა? ერთი ჩემი საჩივარიც მოისმინე და! თქვენ რო ყველანი მაძღრები, გალაღებულნი, კმაყოფილნი იყავით, უკრავდით ტაშსა, მე კი ვხტოდი, ამოვდიოდი ბუქნაში. დავიქანცე, დავიღალე მშიერ-მწყურვალი, დავიყმიდე უსაზრდოობით; გავლაყდი, გავშრი, ქონად ვიქეცი, წავხდი კაკალი კაცი. განა ღმერთმა რომ კაცს ჭკუა მისცეს, ასე ოხრად უნდა მიანებოს თავი, როგორც თქვენ აიღეთ ჩემზე ხელი?
ს უ ლ ი. საწყალი, საბრალო მე ვარ, თორემ თქვენ რა გიჭირსთ: თქვენი ყოფა მოკლე ხნისაა, ხოლო ჩემი – დაუსრულებელი, უნდა ვიწოდე მუდამჟამს ცეცხლში და არ ექნას ჩემს ტანჯვას დასასრული.
მ უ ც ე ლ ა. ღმერთმა თქვენც შეგარცხვინოსთ და თქვენი სამართალიც: რატომ მაშინვე არ მითხარით, შვილონიავ, ახლა მეუბნებით, განა, როცა სატანჯველში ჩავვარდი?
ყ ვ ე ლ ა ნ ი ე რ თ ა დ. (მუცელას) აკი გითხარით. განა ერთხელ და ორჯელ? რამდენჯელ, ვინ მოსთვლის!
მ უ ც ე ლ ა. აბა როდის? როდის? თქვით, რაღა!
ჭ კ უ ა. მაშ არ გახსოვს, მე რომ გეუბნებოდი: ნუ მიჰყვები მაგ ოხერ მუცელს, თუ არა წაგიყვანს და გადაგჩეხავს კლდესაო, იყავი ზომიერი, გახსოვდეს წარსული, დაუკვირდი აწმყოს, გაშინებდეს, გაუფთხილდი მომავალს. აი, მომავალი ეს არის. გითხარი: ვინ იცის, რა მოელის კაცს, იქნება, გაღარიბდე, მაშინ სადღა იშოვი მუცლის ამოსაყორს მასალასაო?!.
მ უ ც ე ლ ა. როდის მითხარი ეგენი? აღარ მახსოვს, ალბათ, მთვრალი თუ ვიყავი.
მ უ ც ე ლ ი. ახლა მეც გამიგონეთ. მე რამდენჯერღა ვაგრძნობინე – ზომიერი იყავი-მეთქი. რამდენჯერ დავღმეჭილვარ, როცა მომეტებული ხორაგი და სასმელი დაუყრია ჩემთვის თავზე, მაშინ თვითონაც ღმეჭა დაუწყია, მაგრამ, აბა, მაგას მაინც არ დაუშლია და მოუმატებია, ჩამოუძახებია და ჩამოუძახებია. ბევრჯელ ეს ჩამოყრილ-ჩამოძახებული უკანვე ამომიძახებია, მაგრამ მაინც არ დაიშალა, ძალა დამატანა. მეც შევეჩვიე ძალდატანებას და ვიღებდი კმაყოფილებით, რასაც კი მომაწვდიდა.
ს უ ლ ი. ოჰო, ჰო! მე რამდენჯელღა გირჩიე: ვინც ბარაქალას გეუბნება, იმათ კი ნუ უმასპინძლდები, უმასპინძლე დავრდომილთ, გლახაკთ; მიჰხედე, მოეხმარე ობოლსა და ქვრივსაო, შენ არ გამიგონე. „იმათთვის ღმერთს მაგრე ყოფა დაუწერია და ჩემთვის ასეო“.
მ უ ც ე ლ ა. რატომ ძალა არ დამატანეთ? რატომ არ გამლანძღეთ, ან არ მცემეთ, თუკი იცოდით, რომ ასეთი საქმე დამემართებოდა? ახლა კარგა ხმამაღლა აჰლაპარაკდით?! რატომ წინათ არა ჰყვიროდით მაგრე ჭკვიანად და ხმიანად? ჰაი, თუ ღმერთმა გადამარჩინა ამ უბედურებას, მე თქვენ გიჩვენებთ სეირს, გასწავლით ჭკუას!
ყ ვ ე ლ ა ნ ი ე რ თ ა დ. (მუცელას) ჯერ ახლაც გვემუქრები და, აბა, როგორ შეგვეძლო ჩვენ შენი ცემა ან ლანძღვა? რჩევით კი ბევრჯელ გირჩიეთ, მაგრამ გესმოდა კი? მუდამ ღვინით გაჟღენთილი, გაბრუებული იყავი, რას გაგაგონებდით, ან რას ჩაგაგონებდით? ზოგჯერ გესმოდა კიდეც, ჰგრძნობდი, მაგრამ ყურს არ გვიგდებდი.
მუცელამ პასუხი ვეღარაფერი გასცა და ორივე ბორკილიანი ხელები გულში ჩაირტყა. საშინელს მდგომარეობაში იყო მუცელა და საკვირველიცაა, ჭკუიდან რატომ არ შეიცვალა. ალბათ, ღვთის განგება თუ იფარავდა. ცოტა არ იყოს, ესტატე დიაკვანი ამხნევებდა, გულს უმაგრებდა: გამოელაპარაკებოდა ხოლმე შორიდან. მუცელას გულს უკეთებდა კიდევ ის, რომ საცაა, მეფე მოვა თავის ჯარით და გამომიხსნის დევების ტყვეობიდანაო… შიმშილი უღებდა ბოლოს. რას არ დაჰპირდებოდა, ოღონდაც ერთხელ გამაძღარიყო, – ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, კარგა მადლიანად, თავისებურად.

IX

დაუძლურებულს მუცელას ერთხელ ჩაეძინა. ძილში საშინელი სიზმარი ნახა. სიზმარმა ძალიან დატანჯა საცოდავი. ცხადად კი აკლდა ტანჯვა-ვაება, რომ სიზმარშიც არ გაწვალებულიყო? მაგრამ ტყუილად არ არის ნათქვამი: „უბედურს კაცს ქვა აღმართში მიეწევაო“. მუცელამ შემდეგი სიზმარი ნახა: იგი მამაპაპეულს დარბაზში იწვა ტახტზე ავადმყოფი, სულთმებრძოლი, როგორც იტყვიან ხოლმე მამაკვდავზე, გარს ეხვია თავისი ამფსონები, რომელთანაც იმას ბევრჯელ დროება უტარებია, ისინი ძლიერ შეწუხებული იყვნენ მუცელას ავადმყოფობისა გამო; ღია განჯინაში სველი ღვინიანი გოზაური მოსჩანდა და ერთიც ინდოური. დაინახა მუცელამ ეს და ჰგრძნობდა, თუ ღვინოს მოუტანდნენ და ინდოურის ხორცს აჭმევდენ, კარგად შეიქნებოდა, მორჩებოდა. ანიშნებდა ცოლსა და ძმებს თითით: დამალევინეთ, მაჭამეთო, მაგრამ ვერ მიახვედრა, რის გამოც დალია სული. სულის დალევის დროს მიქელ-გაბრიელი მოვიდა და იმან ჩაიბარა მუცელას სული, მაგრამ ამ დროს ეშმაკებმა სტაცეს ხელი და წაართვეს ხელიდან: „ეგ შენ კი არ გეკუთვნის, ჩვენია, აქ მოგვეციო!“ დარჩა მიქელ-გაბრიელი სახტად. მუცელა ეხვეწებოდა შველას, მაგრამ ამაოდ.
გაიტაცეს მუცელას სული ეშმაკებმა, მაგრამ მუცელა განა სულად ჰგრძნობდა თავის თავს? არა, ისე ჰხედავდა, როგორც სიცოცხლის დროს იყო თავფეხებიანად. იმ წყეულებმა ისეთს ეკლიან გზაზე გააქანეს ფეხშიშველა კაცი, რომ მთელს ტანზე სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა… მიიყვანეს წყეულებმა ერთს ბნელს ადგილას, ცოტა იქით საზარელი ცეცხლის ალი მოჩანდა და კუპრის საძაგელი სუნი ტრიალებდა. შეხედა მუცელამ და დაინახა წვრილი ხიდი – ის ბეწვის ხიდი იყო… აჰ, რატომ ჯამბაზობა არ ვისწავლეო, კიდეც გაივლო გუნებაში. დაბლიდან საშინელი წივილ-კივილი ისმოდა. ფრიად შეშინდა მუცელა და ტირილი მორთო.
– შენ ამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო! – უბრძანეს მუცელას ეშმაკებმა ერთად, ერთხმად.
– აქვე მომკალით, ოღონდ მაგ ხიდზე კი ნუ შემაყენებთო, – ეხვეწებოდა ბოროტ სულებს მუცელა.
უცბად, მისდა იღბლად, გაღმიდან გადმოდგა უფროსი ტარტაროზი.
– ეგ ვინ არის, ვინ მოგიყვანიათ? – შემოუძახა მან მრისხანედ მსახურთა თვისთა.
– მუცელა გახლავთ, ბატონო! – მიუგეს ეშმაკებმა.
– დაკარგეთ, დაკარგეთ აქედან, თვალით არ დამანახოთ! განა ჯოჯოხეთი უნდა გავაჭუჭყიანებინო მაგას?! – შემოუტია გაბრაზებულმა ტარტაროზმა.
რაღა იქნებოდა, ეშმაკებმა მუცელა უკანვე წამოიყვანეს და ერთს ხრიოკს, უდაბურს მინდორზე დააგდეს; თითონ კი გაქრნენ სადღაც, წყვდიადში დაიღუპნენ.
მუცელა გულაღმა ეგდო გაშხლართული და ელოდა ანგელოზების მოსვლას, – უთუოდ სამოთხეში წამიყვანენო, – ამბობდა იგი თავისთვის, გახარებული. მაგრამ მოტყუვდა საბრალო. ანგელოზების მაგივრად იმას დაესხა თავს ათასნაირი ფრინველი და ცხოველი: სად ყორნები მოყრანტალდენ და დაუწყეს თვალებს ჩიჩქნა; სად სვავების გუნდი მოფრაშფრაშდა და მკერდს უწიწკნიდენ, ფეხებს ტურები უხრავდენ, ხელებს კაჭკაჭნი უკენკდენ. საშინელება იყო, სწორედ საშინელება. ვეღარ ინძრეოდა ადგილიდან მუცელა, მაგრამ ბრაზი კი მოსდიოდა.
– ვაჰმეო, – დაიყვირა, ისე მაგრა გაიქნია თავი და მიაჯახა კედელს, რომ ნახევარ საათს თავბრუ ესხმოდა…
– რა იყო? რა ამბავია? სახლი არ დაგვინგრიო, რას ჩადიხარ, კაცო?! – დაუყვირა მუცელას რქიანამ, რომელიც ცეცხლა-პირას იჯდა და დინჯად ყალიონს აბოლებდა. მუცელა მიჰხვდა, რომ სიზმარში ყოფილა; ამის გამო ძალიან გაეხარდა, პირჯვარი გამოისახა და ღმერთს მადლობა შესწირა.
– არაფერი, არაფერია, სიზმარში ვიყავი, – სთქვა მუცელამ გულამოსკვნით.
მუცელა შეუდგა იმის ფიქრს, საით, როგორ გაეთავისუფლებინა თავი დევებისაგან, ლოცვა ჭირივით ეჯავრებოდა სილაღის დროს, როცა თავისუფალი იყო, და ახლა კი მუდამ ღამე ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, შესთხოვდა შველას. ეკლესიის აგება შეუთქვა უფალს. იგონებდა თავის ძმებს, თავის მეუღლეს, თავის მეგობრებს და ამბობდა:
– ნეტავი, ვეღარაფერს მიშველიანო? – ეს ფიქრები განუშორებლად, დაუცხრომლად ღელავდენ მის ჭკუა-გონებაში.

X

მართლაც, რატომ არ ვიკითხავთ, რა მოხდა მუცელას სამშობლოში, როცა იგი დევებმა მოიტაცეს? დიდი ამბავი მოხდა. ეს ხომ ერთს წამში მოედო მთელს ქვეყანას. შეიძრა დიდი და პატარა ამ დიდებული კაცის დაკარგვაზე, მეფემ ოთხსავე ქვეყნის კუთხეზე გაგზავნა კაცები მუცელას საძებრად. ძმებიც ხომ მუცელას ძებნის მეტს სხვა საქმეს აღარაფერს აკეთებდენ. ოჯახი დაავიწყდათ და მხოლოდ ის იყო იმათი ფიქრი: მკვდარი მაინც სადმე ეპოვათ თავიანთი ძმა. ყოველი ცდა ამაოდ დარჩა. მუცელას ძმებმა ჯარით და ჯამაათით ერთხელ გაუარეს კიდეც ახლო იმ ადგილს, სადაც მუცელა ჰყავდათ დევებს დამწყვდეული და იძახოდენ: „მუცელავ, ეი, მუცელავ! სადა ხარ, სად მიიმალე?“ – მუცელას საპყრობილეს ვერა ჰხედავდენ, რადგან მას უჩინმაჩინის ქუდი ეხურა. მუცელას ერთხელ შემოესმა კიდევაც ძახილი, იცნო, მიამსგავსა თავის ძმის ყარამანას ხმას და აქედამ ისეთი შეჰბღავლა „აქა ვარ, აქაო“, რომ დევები დააფეთიანა, მაგრამ მის ხმამ ადგილს ვერ მიაწია, რადგან იმასაც უჩინმაჩინის ქუდი ეხურა, თუმცა ეგონა – გავაგონე და საცაა ჩემი მხსნელები მიპოვნიან და გამათავისუფლებენო.
მუცელას ცოლი მარინე მეორე დღესვე მკითხავთან წავიდა. მკითხავი ახლოს ცხოვრობდა, მაგრამ მისი თავშესაფარი ქოხი არა ჩანდა, ისე ღრმად იყო მიწაში ჩამჯდარი, ხოლო შესავალი მელის სოროსავით მიხვეულ-მოხვეული ჰქონდა. მარინე რომ შევიდა მკითხავის სამკითხაოში, ცხვირში ეცა გამაბრუებელი სუნი – ეს სხვადასხვა დამწვარი ყვავილების ბოლი იყო. მკითხავი სამფეხა ჩიკაზე იჯდა. წინ წყლით სავსე ხის თეფში ედგა, თეფშზე მიკრული სამი სანთელი ნათობდა. პირმოკუმული იჯდა ბებერი, ცალიერი ძვალი და ტყავი იყო, ყაღად გამხმარს ძვალსა ჰგავდა; წვრილ, შავს თვალებს გველივით აციმციმებდა. მისული იცნო, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. ხოლო ხვნეშას, მანჭვას მოჰყვა, რადგან მუცელას ამბავი იმასაც გაგებული ჰქონდა. ისიც კარგად იცოდა, რისთვისაც მარინე მივიდა.
– შევცოდე, შევცოდე, მაპატიე, უფალო! – დაიწყო ბებერმა ბოდვა, – ვიტანჯები, ფრიად ვიტანჯები, ვარ ტყვეობასა უღმერთო დევების ხელში; ველი, ვუცდი მეშველს და არავინ ჩნდება, უფალი ითხოვს ჩემგან ცოდვათა მონანიებას. ნუ შეჰშინდებით, ნუ გაიტეხთ გულს, ვიხსნი ბოროტებისაგან, ბოროტთა ბრჭყალებისაგან თავს და ისევ მთელსა და ცოცხალს იხილავთ მრავალტანჯულ მუცელას…
– უწყინარი იყო, გენაცვალე, იმას რა ცოდვა ექნებოდა? – უთხრა მარინემ მკითხავს.
– ეგ ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის. დიდი რაღაც ცოდვა ჩაუდენია, მაგრამ ისევ ცოცხალი, მთელი დაგიბრუნდებათ სახლში, ნუ შეწუხდებით, – ანუგეშა მკითხავმა.
მარინე გალაღებული დაბრუნდა სახლში და ყველას, შინაურს, გარეულს, ახარა, რომ მკითხავმა მითხრა, ქმარი ცოცხალი დაგიბრუნდებაო.
მეფეც, ხომ ვიცით, არანაკლებ იყო დაღონებული მუცელას დაკარგვით. ეხლა უფრო ჯავრი გაუათკეცდა, რადგან მის სამეფოში გამოჩნდა ერთი ვიღაც უცხოელი „მსმელი“, რომელზედაც ამბობდენ, მუცელას დაჯაბნისო. ეს ხომ მეფის შეურაცხყოფა იყო და აგრეთვე მთელი სმა-ჭამეთისა!
– ახ, სად არის ჩემი მუცელა, – იტყოდა მეფე, – რომ ხელად არ გავაპენტინებ ამ უცხოელს! ლამის, რომ ჩემი სამეფო შეარცხვინოს. – მეფემ დიდი საჩუქარი აღუთქვა, ვინც ამ ახლად გამოჩენილს მსმელს აჯობებდა. რამდენმა შეაკლა იმას თავი სახელისა და საჩუქრის გულისათვის; რამდენს გაუსკდა მუცელი, დაემართა ჯდომი, მაგრამ მაინც მჯობნი მისი არა ჩნდებოდა. მუდამ უცხოელი რჩებოდა გამარჯვებული.

XI

დრო მიდიოდა და მუცელას ხსნა არ იყო საპყრობილედან. დევები ყურსაც არ იბერტყდენ; ეტყობოდა, რომ არაფერს არ ფიქრობდენ მუცელას განთავისუფლებაზე. მუცელას კი სიმშილით ფერდი ფერდზე მიეკრა, თვალები ჩაეხოცა, ყბებზე მხოლოდ ხახვის ფურცელივით თხელი ტყავიღა ეკრა. ხუმრობა როდია – ერთი თვე უსმელ-უჭმელობა! საკვირველი იყო, რომ არა კვდებოდა. თითონაც უკვირდა. განა არა, იმითი ხსნიდა ამდენს ხანს ცოცხლად დარჩენას, რომ წინათ მოკრული ქონი მშველისო. დღე-დღეზე სიკვდილს ელოდა მუცელა, ლოცულობდა, ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, რომელიც ეხლა თვალწინ ეხატებოდა.
– ღმერთმა დაგწყევლოსთ, ღმერთმა ამოაგდოს თქვენი ჯიში და ჯილაგი! ღმერთსა ვთხოვ ჩემი ცოდვილი პირით, რომ გადაგახდევინოთ ჩემ მაგიერი. ვაჰმე, თქვე უღმერთოებო, თქვე ურჯულოებო, თქვე მოუნათლავებო, თქვენა! გველებო, შხამიანო გველებო! უღმერთოებო, ავო სულებო!.. ღვთისმშობელო, შენ გაეცი ამათ პასუხი, შენ აზღვევინე ჩემი სისხლი: დააქციე ამათი ოჯახი, ამოჟლიტე, ამოფხვერ ძირ-ფოჩიანად, რომ ქრისტიან კაცს მოსვენება მიეცეს! – ამას ამბობდა ბრაზმორეული მუცელა.
დევებმა ერთმანერთს თვალი გადაავლეს და პირზე ღიმილი შეუთამაშდათ.
– რაო, მუცელავ, შეწუხდი?!. გაგიჭირდა? იქნება სიკვდილს აპირობ? ხომ არ გინდა, გაგათავისუფლოთ? თქვი, რაღა, ხმა ამოიღე! – დაეკითხნენ დევები.
მუცელას ნუგეში მიეცა: იქნება ღვთისაგან ტუსაღობის ყავლი გამივიდაო და მხრებში შეიჩმუჩნა, სიხარულმა გაურბინა გულში. ამგვარად არადროს არ უკითხავთ დევებს, აქ რაღაც ამბავი უნდა იყოსო, – ფიქრობდა იგი.
– მოითხოვეთ, რაც გინდათ, შეხედეთ თქვენს ღმერთს! არ გეყოფათ ჩემი ამდენი ტანჯვა? მომკალით მაინც და გაძეხით ჩემის სისხლითა და ხორცით!
– გაგათავისუფლებთ, მხოლოდ იმ პირობით კი, – უთხრეს დევებმა, – თუ შენს სულს ჩვენ მოგვცემ. – ამ დროს ფხიანამ მიუტანა დიდრონი სპილოს ბეჭი, რომელზედაც მუცელამ გაჭირებით, ე. ი. აღმა-ჩაღმა და, შემდეგ გასწვრივ, წაიკითხა შემდეგი სიტყვები: „როგორი ყოფილა სიმშილი?“ ძლივს მიჰხვდა მუცელა წაკითხულს, ბოლოს თავი დაჰკიდა და ღრმად დაფიქრდა; ფიქრობდა იგი იმას, თუ, ალბათ, იმ გლახაკთაც ასე ეშივებოდათ, რომელნიც იმის დიდებულს დარბაზს შესჩერებოდენ და ღაღადებით თხოვდენ ლუკმა-პურს; მაშინ არ ესმოდა მათი ყოფნა და ეხლა კი თვალწინ წარმოუდგა იმათი დაკონკილი ტანისამოსი, დაღრეჯილი სახე, მეტად დააფიქრა ძნელად ასასრულებელმა დევების თხოვნამ.
– სული უფლისაა, – მიუგო დევებს მუცელამ კარგა ფიქრის შემდეგ, – მე როგორ უნდა მოგცეთ ღვთის ჩადგმული სული?
– შენ მხოლოდ თქვი: „მიიღეთ ჩემი სულიო“ და შემდეგ ჩვენ თვითონ ვიცით. ჩვენ გვედავოს შემდეგ უფალი, პასუხს ჩვენ გავცემთ, შენ არხეინად იქნები, – უთხრეს დევებმა.
მეტად დიდი, მძიმე სათხოვარი იყო; როგორ უნდა დაეკარგა საიქიო, დაუსრულებელი ბედნიერება წუთიერი სიცოცხლისათვის; მაგრამ ამ დროს მუცელას წარმოუდგა გაშლილი სუფრა თავის დარბაზში: ძმები, ცოლი, სტუმრები, ქეიფი, ლხინი, შექცევა და სხვა და სხვა. მეტად ტკბილად ეჩვენა სიცოცხლე, თან, თავის სანუგეშოდ ისიც იფიქრა – სიტყვით მივცემ სულს, ხოლო გულში „არას“ ვიძახებო, და თუ ესეც ცოდვად ჩამეთვლება, მოვინანიებ: საყდრებს ავაგებ, ქვრივ-ობლებს, გლახაკთ დავასაჩუქრებო. ჯერ კი სხვა ღონეს მიჰმართა: მოდი, იქნება, ჩემის ძმების და ცოლის სულით შევიჯერიო წყეული სულებიო.
– ვერ გავბედავ, ვერა – უპასუხა მუცელამ, – ხოლო… – სთქვა მან და დაჩუმდა.
– თქვი, რაღა! ხოლო რას გიქვიან? ვერ გაიმეტებ და ბრძანდებოდე მაგრე – სთქვეს დევებმა.
– ხოლო ეს, – უთხრა მუცელამ ყოყმანის შემდეგ, – მოდით, სხვარიგად მოვრიგდეთ; თქვენ გენაცვალოთ მუცელა.
– როგორ სხვარიგად: გვითხარი, იქნება ყაბულსა ვართ.
– მოდით, ჰო… მოდით… იცით, რა გითხრათ?.. ჰოო!.. მოდით, ჩემის ძმების, ძმებისა… დიაღ… და რა ვქნა, ოჰ, ღმერთო! ძმების სულს… – გულში კი „არაო“ იძახოდა მუცელა.
– ძალიან კარგი. ეგ ძმებისა და ცოლის სულიც ჩვენ უნდა მოგვცე, მაგრამ შენი სულიც უსათუოდ ზედ უნდა დაგვისართო, – სთქვეს დევებმა.
– მოდით, ძმებისა და ცოლის სულს დამჯერდით, თუ გწამთ უფალი, ჩემი სული ჩემთვის იყოს. ან კი რა გაგიხდებათ ერთი კაცის სული, თუნდ გქონიათ, თუნდ არა! სთქვა მუცელამ და გააჭყიტა თვალები. იმედი მოეცა, იქნება, დამთანხმდენო.
– ჩვენთვის შენი სული უფრო საჭიროა, – სთქვეს მათ, – ჩვენ შენი სული იმათს სულებს გვირჩევნია. თუ შენს სულს მოგვცემ, ახლავე გაგათავისუფლებთ და გაგგზავნით შინ მშვიდობით: იცხოვრებ, როგორც გიცხოვრია და იხარებ, როგორც გიხარნია. ისევ ისე იცხოვრებ, არა და ამოგხდება სული. – უთხრეს დევებმა ისეთის რიხით, ისე მტკიცედ, რომ ეჭვი არ იყო, საქმე ისეც მოხდებოდა.
– ესტატე დიაკვანი სადღაა? კარგა ხანია, იმისი ხმა აღარა მსმენია, – იკითხა მუცელამ.
– ესტატე დიაკვანი გუშინწინვე გავუშვით სახლში… ის ეხლა არხეინად ზის თავის კერაზე, – მიუგეს დევებმა.
– სასყიდელი მოგცათ რამე, თუ ისე, თქვენ სასულიეროდ აპატიეთ?
– ჩვენ სასულიეროდ არავისაც არ ვაპატიებთ. სული მოგვცა, თავისი საკუთარი სული… – და უჩვენეს ხბოს ტყავი, რომელზედაც თავის ხელმოწერით ჩაებარებინა ესტატეს დევებისათვის სული.
მუცელა ეხლა გამხნევდა. ალბათ, ისე ცოდო არ უნდა იყოს სულის გაყიდვა გაჭირების დროს, თორემ საღმთო წერილის კაცი რად იკადრებდა ამასაო. გადაწყვიტა მუცელამ სულის მიცემა სიტყვით და გულში კი „არას“ თქმა. ენით შენაცოდარის მონანიებას კიდევ მოვესწრებიო, ფიქრობდა.
– ეჰ, რა იქნება! – სთქვა მუცელამ, – მოიტათ საწერ-კალამი, მიიღეთ ჩემი სული (გულში: არა, არა, გატყუებთო), – სთქვა მან ბოლოს დროს.
დევებმა მოუტანეს დიდი გახეხილი ხბოს ტყავი და მუცელაც შეუდგა წერას. ხოლო წინდაწინვე ბოდიში მოიხადა – ჩქარა წერა არ შემიძლიან, რადგან დასუსტებული ვარო. ჩვენთვის რომ ვთქვათ, წერა მაინც არც სხაპა-სხუპით იცოდა. შეუდგა მუცელა ტაატით წერას; შუბლზე ჭირის ოფლი დაასხა: – მომიცია ჩემი, ჩემის ძმებისა და ჩემის მეუღლის სული; აქ მუცელა შედგა და უნდა ეთქვა: არა, არაო, ჩუმად, რასაკვირველია, მაგრამ დევებმა ააჩქარეს.
– ჰაა, ჩქარა; ნუ ტორტმანობ, რასაც სწერ, იგივე იფიქრე; ტუჩებს ნუ აცმაცურებ, თუ არ გემეტება, ის გვითხარი, – სთქვეს დევებმა გაჯავრებით.
– ეხლავე, გეთაყვანეთ, ეხლავე, – სთქვა მუცელამ და განაგრძო, – ჩემი…
– დაწერე, რაღა „სულიო!“ – დაუყვირა რქიანამ.
– სული, სული! – დაიღრიალეს დევებმა, – კარგად დაწერე!
– „ჩემი სული, – განაგრძო მუცელამ, – თქვენ, ქაჯეთის დევთათვის, და ჩემთა ძმათა და ჩემისა მეუღლისა, მე, სოფელ უძღებარის მცხოვრებმა. სმა-ჭამეთში მდებარისა, მუცელამ“.
– ყოჩაღ, ყოჩაღ! – დაიძახეს დევებმა და ისეთი მხიარულება შეექნათ, რომ სულ მაღლა-მაღლა ხტოდენ.

XII

დევებმა შემოხსნეს ხელ-ფეხიდან ხუნდები, აჭამეს ცოტაოდენი პურიც, თუმც, რომ არ ეჭმიათ, ის ბევრით სჯობდა, რადგან საღერღელი აუშალეს და მომეტებულს ტანჯვაში ჩააგდეს.
– როგორც გერჩიოს ახლა, ისე იცხოვრეო, – უთხრეს დევებმა გამოსტუმრების დროს, – რაც გენებოს, ის მოიმოქმედეო.
მუცელა გამოვიდა გარეთ და მზე-ქვეყანა რომ დაინახა, მაღლა ხელები აღაპყრო და ღმერთს მადლობა შესწირა. ყური დაუგდო თავის თავს: წინათ ეშინოდა, იქნება, სული რომ დევებს მივუგდო, ან მოვკვდე, ან გადავსხვავდეო, მაგრამ არავითარს ცვლილებას არა ჰგრძნობდა. ამის გამო უხაროდა, თან იმასაც ფიქრობდა:
– იქნება, არა-არას რომ ვამბობდი, იმან გასჭრა და შემანარჩუნა სულიო.
გახარებულმა გასწია შინისკენ. შორს სადღაც დაინახა თავის სამშობლოს ოღრო-ჩოღროდ გადაწოლილი მთები და მოიაზრა თავის სოფლის მდებარეობა.
გასწია მუცელამ რაც ძალი და ღონე ჰქონდა. უკან მოხედვა ჭირივით სძულდა, სძულდა თავის საპყრობილის ხელმეორედ თვალით დანახვა. ეშინოდა კიდეც, დევები თან არ დამედევნონო. ძალიან, ძალიან გაჩქარებით გასწია. მიაღწია ერთს უღრანს ტყეს. დაიღალა. მეტი ძალა აღარა ჰქონდა; მოიყარა მუხლი და მხურვალედ შეევედრა უფალს:
– გმადლობ, დამბადებელო უფალო ჩვენო, რომ დამიხსენი ტანჯვისაგან, მომანიჭე კვლავ თავისუფლება! ამას გთხოვ ახლა, ღმერთო, მომანიჭო საზრდო, რომ სიმშილით არ მოვკვდე და ცოცხალმა შინამდე მივაღწიო, – ამბობდა მუცელა თვალცრემლიანი, – ნუ მომკლავ სიმშილით, მაჩვენე ჩვენები კიდევ თვალით!
ამ დროს, თითქოს გულიდამ ხმა შამოესმა: – „რეგვენო, ჩერჩეტო, რაღა პირითა თხოვ უფალს შველას? ორგულო, სულის გამყიდაო!“ – ეს რაღაც საშინელება სენი გაჩნდა მის გულში, ამიერიდან აღარ მოასვენებს მუცელას. მუცელა შეკრთა და შერცხვენილმა მიიხედ-მოიხედა. პატარა მდინარის გაღმა გარეული მაჟალო დაინახა, როგორც მგელი ცხვრისაკენ, ისე გაექანა მუცელა ამ მაჟალოსკენ, დაუწყო კრეფა და მთლიანად ყლაპვა.
– მადლობა შენთვის, უფალო! ვენაცვალე შენს მადლსა და სახელს, ალბათ, ჯერ არ აუღია ღმერთს ჩემზე ხელიო, – ბუტბუტებდა თავისთავად მუცელა. რაც იყო, მოხოხნა და გაუდგა გზას. ცოტა ღონე მოეცა; პური მაინც ისევ ჰშიოდა. ერთს სოფელზე გავლა მოუნდა. საღამო ხანი იყო. დაინახა გზიდან, რომ ერთი დედაკაცი თორნიდან თბილ-თბილ შოთებს ჰყრიდა. მუცელას კბილებმა კაწკაწი დაუწყო. რა ხანია, ის პურით აღარ გამაძღარა! დადგა გულხელდაკრებილი და ყელგადაგდებული შესჩერებოდა პურის მცხობელს.
– მოდი, გლახავ, მოდი, პური გაჭამო! – უთხრა მას დედაკაცმა, რა შეატყო მუცელას, რომ სიმშილს შეეწუხებინა და ისე ბეჩავად შეჰყურებდა. მუცელამ გასწია და ორივე ხელები გაუწოდა, თითქოს სეფისკვერს იღებს მღვდლისაგანაო.
თავდაღუნულმა ჩამოართვა პური: ეშინოდა, არ მიცნოს დედაკაცმაო. და განა მარტო დედაკაცისა შეეშინდა, ქვებისაც კი ეშინოდა, რცხვენოდა, ეჩვენებოდა, ვითომ ისინი სამდურავს ეუბნებოდენ, დასცინოდენ სულის გამყიდველს. ნაბოძები ორ ლუკმად გადაჰყლაპა. დედაკაცმა დახედა საქმეს, რომ მთხოვარს მთელი თორნეც არ ეყოფოდა და მოინდომა მისი თავიდან მოშორება.
– ახლა წადი, მამილო, მიიარ-მოიარე, აგერ იქაც ხალხი ცხოვრობს, ისინიც გაგიკითხავენ, – სთქვა რა ეს, პურის მცხობელმა მიუთითა მეზობელთა ქოხებზე.
მუცელამ ხმა აღარ ამოიღო, თუმცა გულში კი უთვლიდა არასასიამოვნო სიტყვებს, რომ ტყუილად საღერღელი აუშალა და ამასთან კუჭის ბორგვნა ორი ლუკმა პურით. გაუდგა გზას; გავიდა მინდვრად. დაბლა უზარმაზარი ჭალა იყო დაცემული; ჭალას შიგადაშიგ ჩატანებული ჰქონდა სახნავი მიწები, მაღალს მთებს დაბლა, კალთებზე, სერები ეკრა, რომელთაც ცხვირები დაბლა, ჭალაში, ებჯინათ. სწორედ მოხდენილი მხარე იყო. ყანები მომკილი იყო, სიმინდებიღა მოსჩანდა მინდვრებზე. ღამდებოდა. მუცელას აწუხებდა ღამის გასათევი ბინის უქონლობა. ველზე დარჩენა შიშის ზარსა სცემდა თავში; ეშინოდა ხელმეორედ არ ჩავარდნოდა დევებს ბრჯღალში. ამ ფიქრებში გართულმა მუცელამ გაღმა შენიშნა პატარა სოფელი და მიაშურა მას. დადიოდა კარდაკარ, თხოვდა ყველას მიეღოთ საბრალო მგზავრი, მაგრამ, თითქოს ფიცი, აღთქმა მიუციათ ერთმანეთისათვისო, ყველა უარზე იდგა. სახელს რომ ჰკითხავდენ: „ვინა ხარ, რა კაცი ხარო?“ მუცელა მდუმარებდა, არ ეწადა თავის სახელის გამომჟღავნება და აღარც იმდენი ინჩი ჰქონდა თავში, მოეგონა რამ სხვა სახელი. ბოლოს, როდის-როდის, რაკი დაატყო, საქმე ცუდად მიდიოდა, რჩებოდა უბინაოდ, მოიქვივნა „ღვთის კაცი“. ღვთის კაცი ვარო, – უპასუხებდა, ვინც კი ვინაობას ჰკითხავდა.
– იქნებ ეშმაკისა იყო, რა ვიცით ჩვენ, გასწი, დაიკარგე! – ეუბნებოდენ გლეხები დატანჯულს, დაღალულს მგზავრს.
„ალბათ, უფალი მსჯის, ალბათ ხალხსაც გაუგია, რომ მე სული გავყიდე, რა მექნა, გამიჭირდა, ვკვდებოდი, ვიწოდი, ვიდაგებოდი, ამისთვის რად უნდა მომეპყრას ღმერთი სასტიკად?!.“ – ამბობდა მუცელა, როცა გაშორდა სოფელს და თან ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებზე.
მუცელა ჩაჰყვა ერთს ფლატო ხევსა, ბილიკზე მიდიოდა. ამ დროს დაინახა მთა ნისლოვანი, რომელიც სმა-ჭამეთს თავზე დასცქეროდა. გულმა გაუფართხალა. სთქვა: „ახ, როდის იქნება, მთავ, შინ ვიჯდე და ძირიდან შემოგცქეროდე!“
დაბინდდა. იქვე სიმინდის ყარაულის ცალგვერდა ქოხი იპოვა და შეაფარა თავი. დაიჩოქა, უნდა ელოცნა. მაგრამ ამ დროს წარმოუდგა თვალწინ რქიანა თითს უქნევდა, ემუქრებოდა, ლახტსა და მუშტს უღერებდა: „გაჩუმდი, ხმა ჩაიწყვიტეო!“ – ეუბნებოდა ავი სული და მუცელაც სიტყვებსა ჰყლაპავდა, ყელი გაუშრა, სული შეუგუბდა. – რამდენჯერაც ნიავის შაბერვაზე სიმინდის ფუჩეჩი გაიშრიალებდა, მუცელასაც იმდენჯერ ტანი აუცახცახდებოდა. დაქანცულობამ სძლია შიშსა და ჩაეძინა, მაგრამ სიზმარი მაინც თავს არ ანებებდა. ნახა ისევ საშინელი სიზმარი: ქოხს გარშემო მგლის ჯოგი შემოერტყა, ცეცხლის ენებს ატრიალებდენ და პირიდან, როგორც სამჭედლოს ქურიდან, ცეცხლს ისროდენ. მუცელას დაერივნენ, წეწდენ და ჰგლეჯდენ. გაითრიეს ვითომ კიდევაც. საშინელს ტკივილებსა ჰგრძნობდა. შეშინებულმა თვალები გაახილა: მუცელას გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. მიიხედ-მოიხედა: ქოხი არსად ჩანდა, თითონ ფლატოში ეგდო. შუბლზე ხელი მოისვა, რადგან ტკივილი იგრძნო; ცოტა სისხლი გადმოსდიოდა… მაინც ინუგეშა: ბრწყინვალე მზეს ყური ამოეყო და თავისი სხივები აქეთ-იქით უხვად გაებნია მწვანიან-ნამიანს მდელო-კორდებზე. ტყიდან გამოეჩინა შველს თავი და თავის ლამაზს თვალებს აქეთ-იქით ავლებდა, თითქოს ათვალიერებდა და ტკბებოდა ბუნების ტურფა სანახაობით. მუცელამ რა დაინახა შველი, ტანისა და შუბლის ტკივილი დაავიწყდა და თავისთვინ წაიდუდუნა: „ახ, რა სამწვადეა ეგ ვერანა!“ შველმა თითქოს იგრძნო კაცის სუნი და მალე ისევ ტყეს მოეფარა, ხოლო მუცელას სული და გული კი თან წაიღო.
მუცელას ფრიად ესიამოვნა, რომ სიზმარში ყოფილა და არა ცხადად. ღმერთს მადლობა შესწირა: „მემდურები, ვიცი, მემდურები, უფალო, რომ შენგან მონიჭებული სული გავყიდე, მაგრამ ფიქრი არ არის, მოვახერხებ – შეგირიგდე, უფალო! ვეცდები, მოვინანიო, რაც შეგცოდე. თუ მანამდე მაცოცხლებ, სულ თვალმარგალიტის საყდარს აგიგებ“.
დილის მადლმა და პირველმა მზის სხივებმა სიამოვნებით გამსჭვალეს მუცელას წრიოკი სული. მეტისმეტად კარგს გუნებაზე იყო, სიმშილიც დაავიწყდა, მომავალი ბედნიერების იმედიც გამოუშუქდა. „თითქოს დევებს სული მივყიდე, კარგად რაღადა ვგრძნობ ჩემ თავს, ნეტა გამაგებინა?!“ – ეკითხებოდა მუცელა თავის თავს. მოაგონდა, რომ დღეს შინ მივა, ჰნახავს თავის მარინეს, თავის ძმებს, თავის მეგობრებს, ამფსონებს და განაგრძობს თავის მუცელაობას. ეს სიხარული სიამოვნებით უღიტინებდა მის გულს და გონებას. ვარაუდობდა, რა უნდა ეჭამა, შინ რომ მივიდოდა, რამდენი ღვინო უნდა დაელია და რა ფერისა – თეთრი, თუ წითელი. „არა, თეთრი ღვინო არ მინდა, წითელღვინიან ქვევრს მოვახდევინებ“, – ამბობდა მუცელა და თან კბილებს აკრაჭუნებდა.
გზაზე მშვიდობიანად იარა. თავიც არსად მიუბრუნია, მიდიოდა პირდაპირ შურდულის ქვასავით. ხოლო საღამო ხანზე, როცა მიუახლოვდა სმა-ჭამეთს, მის თავზე შეიყარა გუნდი და გუნდი სხვადასხვა ფრინველებისა: ყვავებისა, კაჭკაჭებისა, სვავებისა, ყორნებისა და სხვა და სხვა, რომელნიც ირეოდენ ერთი-ერთმანერთში და საშინელის ხმით თავზე დასჩხაოდენ. ზოგნი იქამდინ გათამამდენ, რომ ფრთებსაც კი უსვამდენ ქუდზე და იქნება კენკაც დაეწყოთ, ჯოხით რომ არ მოეგერებინა ის სულელი ფრინველები. ახ, ნეტავი, გამაჟლეტინაო – ფიქრობდა, მაგრამ ფიქრს ძალი და საშუალება არ შესწევდა, საუბედუროდ. ფრინველებმა ასე ჟივილ-ხივილით მიაცილეს იგი სოფლის პირამდე და მერე გაიფანტ-გამოიფანტნენ და გაქრნენ სადღაც. მუცელას ეს ფრინველების დასევა ცუდ ნიშნად ეჩვენა, მაგრამ რაღას იზამდა, შინ მისვლის სიამოვნება აბათილებდა ყოველგვარს უსიამოვნებას. მიდიოდა დაღლილი ქშიტინით… აგერ სახლიც გამოჩნდა, აგერ მარანი, აგერ ბეღელი. როდის იქნება მიაღწიოს?.. დაბინდდა.

XIII

კარგად დაბნელდა, რომ მუცელამ თავის სახლის კარები შეაჭრიალა, შეაღო. უნდოდა ეთქვა რამ, მაგრამ თქმას ვეღარაფრისას ახერხებდა.
– ოჰ, მოხვედი, გენაცვალე? ვენაცვალე უფალს და მის სახელს!.. ოჰ, გენაცვალოს შენი უბედური მარინე!.. ვენაცვალე ჩვენს ღვთისმშობელ დედას, რომ შენი თავი ცოცხალი მაჩვენა! სად იყავი, ადამიანო? სად მიგვემალე? შენ ჩემო კარგო, შენ ჩემო ლამაზო! – ეუბნებოდა მარინე თავის საყვარელ მეუღლეს, თან პირზე და ხელებზე ჰკოცნიდა.
მუცელა ხმას არ იღებდა, იდგა გაშეშებული და თვალებიდან სიამოვნების, სიხარულის ცრემლი ჩამოდიოდა.
– ძმაო, მუცელავ! ძმაო, მუცელავ! ოი, შენ კი გენაცვალეთ ღმერთში! – ეუბნებოდენ გარშემორტყმული ძმები და თანაც ჰკოცნიდენ, – როგორ გამხდარა, ქრისტიანებო!.. რა დაგმართნია? რა მოგსვლია! ვაჰ, დედას მტრისას! მადლობა ღმერთს, რო ცოცხალი თვალით დაგინახეთ.
მუცელა ისევ ისე გაშეშებული იდგა ერთს ადგილს.
– მშიან, პური მაჭამეთ! – სთქვა მან ბოლო დროს ტირილის ხმაზე.
– პური? ეხლავე იქნება, თუ შენ მოგვიხვედი, თუნდ მთელ სახლ-კარს ცეცხლი მოეკიდოს, აღარ ვინაღვლებთ, – მიუგეს ძმებმა, – აბა, ჩქარა, სუფრა გაშალეთ!
მუცელაანთ ჩქარა თავისებური სუფრა გაშალეს. მეზობლებიც მოგროვდენ; რა გაიგეს მუცელას მოსვლა, მოდიოდენ მოსაკითხად.
– როგორ დაახწიე თავი იმ წყეულ დევებს? რამოდენა ტანჯვა-ვაება გამოვიარეთ შენს ძებნაში, რამოდენა ხარჯი გავწიეთ, მაგრამ არ იქნა, ვერ შეგხვდით და ვერა. ალბათ, ჯადო თუ დაგაფარეს იმ შეჩვენებულებმა, – სთქვეს მუცელას ძმებმა.
– ძალიან დაღონდით თქვენც, ხომ, რა თქმა უნდა, და მთელი ქვეყანაც შეწუხებაში ვიყავით. თვითონ მეფე რა ნაკლებად იყო განა შეწუხებული! – დააყოლეს სხვებმა, – ნამეტნავად იმ ღვინიყლაპიას გულისთვის, როგორ მასხარად დაიჭირა ყველანი!..
– ვინ იყო ისა? – იკითხა შეზარხოშებულმა მუცელამ.
– იყო ერთი უცხოელი გამოჩენილი მსმელი. ახ, ნეტავი შენ კი გვყოლოდი მაშინ აქა და თუნდა ერთი დღეც აღარ გვეცოცხლა! – მიუგეს იქ მყოფთ.
– აი, დედის იმის ღმერთს, რომ იმის ყისმათად დამატყვევეს დევებმა! – სთქვა მუცელამ, – ჰო, დამატყვევეს და განა ადვილია დევების ხელში ყოფნა?! თქვენს მტერს მისცეს და მოკეთეს აშოროს, რაც მე იმ უღმერთოებმა დამტანჯეს. სწორედ ჯვარს მაცვეს, შიმშილით მომკლეს; მაგრამ იპრიანა ღმერთმა, ბოლოს, ისევ, ჩემმა ყისმათმა გასჭრა და ახლა ისევ ცოცხალსა მხედავთ.
– საკვირველი კია, რო ცოცხალი გამოუშვიხარ, გაგონილა აგრე აშკარად კაცის მოტაცება, შენ რომ იმათ მოგიტაცეს?!. – ჰკითხავდენ ძმები და მეზობლები.
– გეტყვით, – სთქვა მუცელამ, – რაკი მათქმევინებთ, – რით დავახრწიე თავი. ჯერ ბევრი ვეხვეწე, ღვთისა წინაშე, ფული ვაძლიე: ორი ჯორის საპალნე ოქრო და ვერცხლი აღვუთქვი. შენი ოქრო და ვერცხლი რად გვინდაო – მითხრეს, – რამდენი გინდა, ჩვენ მოგცეთო, ლა მიმითითეს სავსე ქვევრებზე. გავიდა ორი კვირა, გამართეს დიდი წვეულება… – ამ დროს მუცელამ იქით-აქეთ მიიხედ-მოიხედა, ესტატე დიაკვანი მოაგონდა, – დიაღ, გამართეს სმეულობა და ჭმეულობა. რაღა იქნებოდა; დიდი ძალი სტუმრები მოიწვიეს. მეც იქვე ვყვანდი შეჯაჭვული. ღვთისა წინაშე, ღვინო და სანოვაგე კარგი სცოდნიათ. გამართეს სუფრა, შეუდგნენ სმა-ჭამას. თამადას ირჩევდენ… რაღაც ყისმათად აკი წამოვიძახე: ხომ გამათავისუფლებთ, რომ ამ საათში ყველანი მიგაძინოთ-მეთქი.
– აბა, თუ შენ მაგას შაიძლებო, – დაიძახეს სტუმრებმა, – თავდებად ჩვენ დაგიდგებითო… – მასპინძლებიც დაჰყაბულდენ. რაღა იქნებოდა? ან რაღა ბევრი გავაგრძელო, შევუდექით სმას. ვახსენე ღმერთი. მოვითხოვე კარგა მოზრდილი ჯიხვი, მგონია, ასში ერთი ამოვარჩეინე; წინათ რაც მოიტანეს, დავუწუნე, პატარაა-მეთქი, დავლიე და დავალეინე, დავლიე და დავალეინე. ვნახო, ცოტახანს შემდეგ დევები მილაგ-მოლაგდენ ზოგი ყელთავქვე, ზოგი ყელაღმა. მე ავდექი და ნელ-ნელა გამოვწიე შინისკენ. აი, ასე იყო საქმე.
მუცელამ, რა თქმა უნდა, ის ამბავი სრულიადაც არ გაიხსენა, თუ თავის დახსნაში თავისი, თავის ცოლის, თავის ძმების სულები ჩააბარა დევებს საშვილიშვილოდ, სიგელით.
– ჰაი, გენაცვალე, ბიჭო, ღმერთში! – დასძახეს იქ მყოფთა, – დევებისთვინაც არ უჯობნია სმაში? ეეეჰ…. რა კაცია და!

XIV

ამიერიდან მუცელას ცხოვრება ჩვეულებრივ მიმდინარეობდა: მიჰყო ხელი წინანდებულად სმა-ჭამას და ერთს თვეზე ისევ აივსო მუცელი ლეშით. მუდამ კვირაობით მეფესთან იყო ხოლმე სადილად მიწვეული.
მეფეს დიდად გაუხარდა მუცელას მშვიდობიანად დაბრუნება და მისწერა კიდევაც იმ უცხოელს, ულვაშენელს მსმელს, რომელმაც შეარცხვინა სმა-ჭამეთის მსმელები, მოსვლა სმა-ჭამეთში და მუცელასთან შებრძოლება. მაგრამ ულვაშენის მეფემ მსმელის მაგივრად ელჩი გამოუგზავნა სმა-ჭამეთის ხელმწიფეს და თხოვდა ნახევარ სამეფოს; თუ დამითმობ ნებით, ხო რა კარგი, თუ არა და აგიკლებო. სმა-ჭამეთის მეფემ უარი შეუთვალა.
ერთს დღეს მუცელამაც გამოუცხადა ძმებს, რომ მას სწადიან თავის და მათდა სასულიეროდ საყდრის აგება, რადგან იგი დაიხსნა უფალმა დევების ხელიდან. ძმებმაც დასტური დასცეს. მუცელა შეუდგა საქმეს და საძირკველიც ჩააყრევინა ეკლესიისა… გავიდა ორი თვე. მუცელა მეფესთან იყო სადილად; თამადობდა, რასაკვირველია, სწორედ ამ დროს მოახსენეს მეფეს – ულვაშენის მეფის ელჩი გეახლათო.
– დაუძახეთ, მოვიდეს! – სთქვა მეფემ.
მსახური გავიდა და შემოიხმო ნადიმზე უცხოელი ელჩი, რომელმაც მოწიწებით მეფეს თავი დაუკრა და შემდეგ წერილიც მიართვა. მეფემ წერილი საჯაროდ, ხმამაღლა წაიკითხა: „სმა-ჭამეთის მბრძანებელო! მოვდივარ შენის სამეფოს ასაკლებად, პირობისამებრ, და გატყობინებ ჩემს განზრახვას წინათვე, რადგან ჩვეულებად არა მაქვს ჩუმად, ქურდულად ვისმე თავს დავესხა, მუხთლობით დავაზიანო, ვნახოთ, შენთა ქვეშევრდომთა ხმლის ქნევაც და შუბის ხმარებაც ისევე იციან, როგორც კუჭისა და მუცლისა. ამასთანავე უნდა ავიღო სისხლი იმ წმიდა პართენისა, რომელიც გასწავლიდათ სიმართლეს, სინათლეს და თქვენ კი, მადლობის მაგივრად, სახრჩობელაზე ჩამოჰკიდეთ. მოემზადეთ!..“ ამ სიტყვით თავდებოდა წერილი.
მეფემ შუბლი შეიკრა და იქ მყოფმა ნაზირ-ვეზირებმაც კბილებს დაუწყეს ღრჭენა, ხოლო მეფის უწინ ხმის ამოღებას ვერა ბედავდენ.
– მობრძანდით და ჩვენც აქ დაგიხვდებით! – ბრძანა მეფემ, – აგერ იმას ხომ ხედავ, – მიუთითა მეფემ მუცელაზე, – თქვენი ჯარი მარტო ამას არ ეყოფა საჭმელად… დიდი სიამოვნებით მოგელით-თქო, წადი, აგრე მოახსენე შენს მეფეს.
– იქნებ, მართლა ომს გვიცხადებენ, დიდებულო მეფევ? – იკითხა ერთმა ვეზირთაგანმა.
მეფემ თავი დაუქნია, ნიშნად თანხმობისა.
– ახ, ნეტა არ იქნება, ისე გაბრიყვდენ ულვაშენელები და ნახავთ იმათ ყოფას! – წაილუღლუღა მუცელამ.
აქ მეფემ ყველა თავის ნაზირ-ვეზირებს მოაგონა მათი მამა-პაპათ ვაჟკაცობა და სიჩაუქე, ხოლო მუცელას – მის პაპის-პაპის, სახელოვან მუცელას, საგმირო საქმენი.
– ჩემგან უკეთესს მოელოდე, დიდებულო მეფევ, – სთქვა ღვინით გაჟღინთულმა მუცელამ და თან ღიპზე და მკერდზე ხელი გადისო.
– მეც იმედი მაქვს ყველასი, რომ მტერს არ გააცინებთ ჩემზე, – ბძანა კვლავ მეფემ, – ხუმრობა ნუ გგონიათ, უნდა ჩვენც მოვემზადნეთ.
– მზადა ვართ, მზადა, თავები შემოგწიროთ! – დაიყვირეს ერთხმად.
– ისე გავუხდით საქმეს, რო, მგონია, კუდით ქვა ვასროლინოთ, – სთქვა მუცელამ, – ეხლა კი ნადიმს ნუ მოვშლით, ნუ ავირ-დავირევით. აბა, გამხიარულდით, ყმაწვილებო!
– ქეიფს ნუ მოიშლით, კარგი დროება გაატარეთ, ომსაც მოვესწრობით, მხოლოდ უნდა მამაპაპურად კი ვიომოთ, – ბძანა გულკეთილმა მეფემ, – ჯერ ერთ თვემდისაც არაფერი საქმე არ იქნება და მანამდე ჩვენც უნდა მოვემზადნეთ აბჯრით და სურსათით.
– დიაღ, დიაღ… რასაკვირველია. უსათუოდ, უსათუოდ, მზადაცა ვართ ყველანი! – იძახდენ ნაზირ-ვეზირნი.
ნადიმმა მეორე დღემდე გასტანა, ხალხი საღამო ხანზე დაიშალა. მუცელაც მოვიდა შინ და უამბო შინაურებს ულვაშენის ხელმწიფის ამბავი. მოძებნა ძველი, ჟანგისაგან გამოხრული, მამა-პაპის ხმალი, იპოვა დამტვრეული ფარი და შეუდგა ბეჯითად საქმეს. გაწმინდა პირველი, დააკოწიწა მეორე, გაიჩარხა საქმე. დაგლეჯილი ჩაჩქანიც იპოვა, სამკლაურებიც მიაწებ-მოაწება ერთმანეთზე და რაინდულად გამოეწყო, მშვილდ-ისრის გაკეთება თავის ძმას, ამირანს, დაავალა. შუბიც სადღაც ეგულებოდა ჭერში, თუ კედელში შეტანებული, გაფაციცებით დაეძებდა იმასაც. მუცელა აღარ ხუმრობდა.

XV

მეფემ ყოველ თავის სამეფოს კუთხეზე გაგზავნა შიკრიკები ჯარის მოსაგროვებლად, დაიწყო ხალხმა მოდენა დაბა-სოფლებიდან. მაგრამ რო გენახოთ, რა საბრალო სანახავი იყო ეს ხალხი! რა ბეჩავად შეიარაღებული: ზოგს კეტები ეჭირა, ზოგს თოხები, სხვას ბარები, წალდები და წალდუნები. მეფე მაინც მხნედ იყო და ძალიანაც კარგად შეიარაღებული ეგონა თავისი ლაშქარი; იმან არ იცოდა მტრის ჯარის არაფერი ვითარება. სმა-ჭამეთის ჯარი სატახტო ქალაქის განაპირა ციხე-უბანში ჩაუსაფრდა და იქ მოელოდა მტერს. რომელიც ჩრდილოეთიდან გამოჩნდა. მტრის დროშების ელვარება მზის სხივებს აკრთობდა, და არა თუ დროშებისა, მთელი იმათ მორთულობის და იარაღისა. ცხენთა და მხედართა მორთულობა უზარმაზარ მოლიპლიპე ზღვად იყო გადაქცეული. სმა-ჭამეთლები კანკალმა აიტანა: ვინ გაუმაგრდებოდა ამ რკინა-ფოლადით გადაჭედილ-გადალესილს ბრბოსა? და თან ისეთს საკრავებს უკრავდენ, რომ სმა-ჭამეთლები ჭკუიდან გადაირიენ, მეფე და მუცელა ჯარს წინ უდგნენ: მეფეს გვერდს ეყენა უფროსი ვეზირი და დიდი იმედიცა ჰქონდა მისი გარჯისა. მუცელა, იარაღში ჩამჯდარი, სპილოზე იჯდა, ხელში მშვილდ-ისარი ეპყრა, მხარზე ფარი ეკიდა, წელზე ხმალი და ზურგზე დიდრონი ჯიხვი, ალბათ ნიშნად იმისა, – სმაც შემიძლიაო.
ულვაშენელები, როგორც დაგეშილი ქორების ბოინი, ისე მიესივნენ სმა-ჭამეთლების მოწინავე ჯარს, გეგონებოდათ, სათამაშოდ მოდიანო. პირველ შეტაკებაშივე ერთმა ულვაშენელმა მხედარმა გამოაზუზუნა ისარი ბოძალდით, ჰკრა მუცელას კინკრიხოში, დაასხა თავბრუ და ეს ამოდენა კაცი წამოვიდა დაბლისკენ რახრახით. უმხედრო სპილო დაფთხა და დაუწყო ფეხით სრესა თვით სმა-ჭამეთლებს. მეფეს ცხენი მოუკლეს და ჩამოაგდეს ცხენიდან. დაერიენ სმა-ჭამეთლებს და ერთს წუთაში სამი კაციც კი არ მომკვდარა, მოაგუნდავეს სმა-ჭამეთლები და გაჰკონეს, შეიპყრეს ტყვედ, სიმაგრეებიც დაუნგრიეს, მისცეს ციხეებს ცეცხლები და შიგ მსხდომი ჯარი დაბლა პანტა-პუნტით გადმოდიოდა… გაიმარჯვა ულვაშენის მეფემ; სმა-ჭამეთლების მეფეც ტყვედ შეიპყრო მუცელასთან ერთად; გაამართვინა ქალაქის შუა მოედანზე მაღალი საჯდომი ტახტივით, დაჯდა ზედ და დაიყენა ერთს მხარეს თავისი ჯარი, ხოლო მეორეს – დატყვევებული სმა-ჭამეთლები.
– სმა-ჭამეთლებო! – დაიწყო ულვაშენის მეფემ, – მე გამიგია, რომ თქვენ შორის მრავალია თურმე სმა-ჭამით გათქმული გმირი და, რადგან ამ სიკეთით მწირობს ჩემი ქვეყანა, გთხოვთ ამომირჩიოთ თქვენში ვინც უფრო მეტობს სხვებზე.
– მუცელა, მეფეო, ჩვენი მუცელა!.. იმისთანა, ღვთის მადლმა, არც ყოფილა და არც იქნება! – დაიყვირეს სმა-ჭამეთლებს ერთხმად.
– მოიყვანეთ აქ, ჩემთან! – ბრძანა ულვაშენის მეფემ.
მუცელა წარუდგინეს, თავი თუმცა ტკიოდა, მაგრამ უხაროდა კიდეც, იქნება მოწყალება რამ მოიღოს ჩემს თავზედაო.
– სხვაც, თუ გყავთ, ამის მომდევნო?! – იძახოდა მეფე გულმოდგინედ, – ამოარჩიეთ და წარმოადგინეთ ამ საათში ჩემთან.
– მაგისთანა სხვა აღარავინ გვეგულება, ბატონო, სწორედ ოცი კაცის ბადალია, – ამბობდენ სმა-ჭამეთლები.
– მომდევნო იქნება იყოს? – სთქვა კვლავ ულვაშენელთა ბრძანებელმა.
– მომდევნო თუ ჩვენი მეფე იქნება, – სთქვეს სმა-ჭამეთლებმა.
იმათი მეფეც იქვე იდგა ხმალშემოხსნილი, გაწბილებული, თავჩაქინდრული.
– ძალიან კარგი: ეს მეორეც თქვენი მეფე! კიდევ სხვა ამათი მომდევნო? – იჟინებდა ულვაშენელთა მეფე.
სმა-ჭამეთლებმა ამოარჩიეს კიდევ ერთი ცხრა-ათიოდე კაცი და მხოლოდ მაშინ დაცხრა ულვაშენის ხელმწიფე. შეუბრალებელმა მტარვალმა უბძანა თავის მხლებელთ, რომ გაემართათ იმავე დღეს თერთმეტი სარჩობელა. სარჩობელები მალე გამართეს და, მეფის ბრძანებისამებრ, თერთმეტივე, გარდა სმა-ჭამეთლების მეფისა, იმ სარჩობელაზე ჩამოჰკიდეს. „დაარჩვეთ ეგ თერთმეტი მსმელ-მჭამელი, – ჰყვიროდა გაბრაზებული ულვაშენელთა ბატონი, – სამაგალითოდ ქვეყნისა, რათა უბირთა დაინახონ მაგათი გვამი და შეიგნონ, რომ გარდა სმა-ჭამის გაღმერთებისა, არის სხვა ღმერთიც, მეფისთვის მიპატიებია, რადგანაც მირონცხებულია, ხოლო ტყვედ, ძვირფას დავლად მივიყვან ჩემს სატახტო ქალაქში. ამასთანავე გიბრძანებთ, მდივანნო და სახლთუხუცესნო, ასწეროთ სმა-ჭამეთლების სარჩო-საბადებელი და გაუწესოთ, რომ დღეში ერთხლის მეტად ჭამა არ შეეძლოთ, ნებას ნუ მისცემთ, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ისე გაივარაუდეთ, რომ ტანჯვა არ მოგინდეთ ბევრი, იმაზე მეტს ნუ შეარჩენთ, რაც დღეში ერთხელ ჭამას ეყოფა… დანარჩენი ხაზინას უნდა მოხმარდეს“.
ასრულდა ბრძანება მეფისა და ნებაც უფლისა. თერთმეტი კაცი დაარჩვეს. პირველად მუცელა აიყვანეს სარჩობელაზე. ბევრს აღარას ნაღვლობდენ სმა-ჭამეთლები ახლა კი, რადგანაც ყველას თავი გაუხდა სანაღვლოდ და სადარდოდ. მუცელას ძმები ცხარე ცრემლს აფრქვევდენ, მაგრამ შველას ვერა ჰბედავდენ. აღელვებულმა მუცელას მეუღლემ ვეღარ მოითმინა ქმრის ასეთი შეურაცხყოფა, ააძრო ერთს მხედარს ხანჯალი და ორი ვეზირი გამოფატრა; გალომებული დედაკაცი სხვებსაც იმას დამართებდა, რომ არ შეეპყროთ.
– რას შვრები, დედაკაცო?!. რას შვრები, შე… შე… უყურებ, უყურებ მაგ!.. – ჰყვიროდენ თვით სმა-ჭამეთლები, როცა ცოლი ქმარს თავსა სწირავდა.
ასე დასრულდა ეს ამბავი. ამბობდენ, რომ მუცელას საფლავიდან უზარმაზარი სვავი ამოფრინდა და მთისკენ გასწიაო. მუცელასაგან ნახევრად აშენებულ საყდრის ეზოში ჰხედავდენ პატარა 6 – 7 წლის ბავშვს, რომელიც გამვლელ-გამომვლელს მოწყალებასა თხოვდა, – საყდარი უნდა ავაშენოვო.
– ვინა ხარ შენ, პატარავ? რად გინდა ფული?! შენ რა საყდრის აშენება შეგიძლია?.. რა გქვიან შენ? – ჰკითხავდა ვინმე.
– გაყიდული მქვიან, მამილო, გაყიდული… – უპასუხებდა პატარა.