მუხამბაზი (1861)

მუხამბაზი
ავტორი: გრიგოლ ორბელიანი
1861


მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო.
ჩამჩი-მელქო

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი — შენი ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ,
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: ”რა ლამაზი ხარ!”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

რტო ალვისა, შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები — ცაში ელვა მგონია.
ვარდის სუნთქვა — შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვჰსთქვა: ”გეთაყვა, ჩემი ხარ!”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვჰსთქვა — შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: “აგრე რათა ხარ?”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის?
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!
აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ! —
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: “ძვირფასი ხარ!”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!