მშვიდობის დღეა, მშვენიერების!

მშვიდობის დღეა, მშვენიერების!
ავტორი: გიორგი ლეონიძე


1

მშვიდობის დღეა,
მშვენიერების,
ძმაო ძვირფასო,
ვერ შეელევი!
მაისს გადაეც
შენი ფართობი,
მზით შევეგებნეთ
და გულვარდობით.
ვინც ხარ მაისის
ვარდის მკრეფელი,
გააღე კარი
გახსენ ბჭეკარი!
გახსენ ბჭეკარი!
სულ პირველ მაისს
შეეგებენით!..
სამადლობელოს
ჩვენ თუ ძმურს ვუხდით
ვარდ-იასამნის აზარფეშებით, ―
ცათა ფირუზი მოაქვს პეშვებით
და საქართველოს
ბაღთა ზურმუხტი...
მე საქართველოს
ვერ მომაცილებთ,
ვით ვერ მოიცლის
ხალს ვეფხვის ტყავი.
ყველა მაისის
ვარ მონაწილე,
ყველა აპრილის
ზამბახთან ვყვავი!
სულ მთლათ დავლევდი
აღმოსავლეთის
შარბათს,
რაც მისთვის საკვეხურია,
არ მივიჩნევდი
შენზე უტკბესად, ―
ქართლ-იმერ-ეგრის ―
კახეთ-გურიავ!

2

ბუდეებიდან
ისმის ჟღივილი,
სიმღერები და
ხმები დილისა.
და მტკვრის ზვირთების
გადაყივილში,
გამოიღვიძა
კიდეც თბილისმა!
მთა შემოფარგლა
ოქროს ნათელმა,
და გაუღიმა მიწას მაისმა,
ვარდი გაირჭო ქუდში ქართველმა
და მზე ცამ ―
ბროლზე უსუფთაესმა.
ჩემს სამშობლოში
და ჩემს კერაზე,
სადაც სიოც კი
არ მეურჩება,
მე მირჩევნია
საუკუნეებს
საათის ერთი დაბღაუჭება!
როცა შეღმართზე მიდის ისარი,
ძალის მოკრეფით, ნელი ტაატით,
მე ძარღვს ვაშველებ,
მე გულს ვაშველებ,
ჩემს გულს მიჰყავდეს თითქოს საათი!
მყინვარის წვერზე არ მინდა ბინა,
არც მზესთან ახლოს დაბანაკება.
მე ― ხალხის გულში ცხოვრება მინდა,
მეზობლებთან და ამხანაგებთან!
არა, სამშობლოს ვერ მომაცილებ,
მისი მადგია მე მუზარადი;
ქართლის აღდგენის ვარ მონაწილე
და მომღერალი მისი მარადის!
თქვენ ნახეთ ბუდე ჩემი გულისა,
სადაც ელვარებს მწვანე მაისი,
ბანაკი არის გაზაფხულისა,
ყველა მწვერვალზე უზედაესი!
გააღე კარი,
გახსენ ბჭეკარი,
მე საკუთარ გულს ვეღარ ვერევი,
თაიგულები უხვად შეკარი,
დღეა მშვიდობის,
მშვენიერების...

3

როგორც ერთძმები,
დგანან ლერწმები,
როგორ ეტყობათ,
ხმათა შეტკბობა?
შეირხა ფერფლი დაძინებული
მეტეხში პირველ მაისს აღმდგარი,
თამარის სუნთქვით გაღვიძებული,
ოქროს ხმით რეკავს რუსთველის ქნარი:
― რაა ცხოვრება, ქვაბის მონებო,
უსიყვარულო, უშთაგონებო?
და სააკაძე გრგვინავს ბედქარი:
― რაა ცხოვრება ბრძოლის გარეშე,
თუ არ მაცვია შავი ბეგთარი,
სიცოცხლის წუთს ნუ მიანგარიშებთ!

4

რაც იყო იყო,―
დაე ჩაბარდეს
ძველს ისტორიას
ძველი ცთომანი:
მე მიყვარს ახლა
მწვანე ბაღებზე
მაისის ფერთა მიმოკრთომანი;
ოქროს ფრთიანი ჩემი პირიმზე
ვით სიყვარული განაღდებული,―
ვაშლის ყვავილით ჩემი დილიმზე,
ნუშის ყვავილით განათებული.
მე თავი როდი
მემარტოვება,
ხე შემომღერის
მწვანე რტოება;
კვირტში შემწყვდეულ
რძის ნამის ძალა,
მეც ხომ ფრთებს მიზრდის
არწივის ცალად!

5

შეხედე, ატმის ტოტი ინთება,
ვარდი გაირჭე, ჭიქაც ავავსოთ!
ჩვენ საქართველოს ვუთხრათ დიდება
და სიტყვაც მისთვის მოვილამაზოთ!
და რაც იღვიძებს ―
მას გაუმარჯოს!
მას გაზაფხულმა
გზა დაუფარჩოს!
მაისის ხნული,
მაისის ვარდი!
გინდ სიყვარულის პატარა დარდიც?
მაისი არის,
გაიზიარე,
გაიმზიანე
გულის ლაჟვარდი!
მე ვუმღერ მუდმივ აყვავილებას,
და საქართველოს ცის უკვდავებას;
ძალას ხალხისას, რომ არ ილევა
ვნატრობ მის გულზე სიმათ გავება!

6

მე ჩემს გულისთქმას ვეღარ ვერევი,
დღეა მშვიდობის, მშვენიერების...
ვნატრობ ხალხის გულს არავითარი
ზარბაზნის კვამლი აღარ ნისლავდეს
ამ სილამაზით ვიყო მდიდარი
მარიხ-ვარსკვლავის მზესთან მისვლამდე!
თავს ვუხრი ბალახს,
მინდა სიცოცხლე,
ამ თეთრ ვაშლის ქვეშ,
უკუნისამდე!

რესურსები ინტერნეტში

edit