მშიერაძის ოჯახი

მშიერაძის ოჯახი
ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი


მშიერაძის ოჯახი

ქალაქის განაპირას, ბაქოს მიმავალ რკინიგზის გადაღმა, პატა¬რა გორაკის ფერდობზე კლდეში შეჭრილია ფიცრულის პაწია ქოხი სვიმონა მშიერაძისა.
   სვიმონა სულ სამი წელიწადი არ არის, რაც ქალაქში ჩამოსახლდა სოფლიდან თავის ცოლით მართათი და სამი შვილით. ბევრი გაჭირვება გამოიარეს სვიმონამ და მართამ, მანამ სამუშაო იშოვეს; ბევრჯერ მშიერ-მწყურვალი გაატარეს მთელი კვირეები და შვილები კინაღამ არ ამოუწყდათ გაჭირვებით, მაგრამ ქვეყანა განიერია, ადამიანი ღონიერი და სვიმონამ და მართამ ხელი წაიმარ¬თეს, დღიური ლუკმის შეძენის გზა იპოვნეს.
სვიმონა ზამთრობით შეშას ხერხავს, დილით საღამომდე შეშის მოედანზე დგას და დღე ისე არ დაღამდება, რომ ორი-სამი აბაზი, ბევრჯერ მანეთიც არ იშოვოს; მართა კი სარეცხზე დადის, პურს უცხობს მეზობლებს და, როცა გარეთ საქმე არა აქვს, შინ საბაზროდ წინდებსა ქსოვს.
   სვიმონასა და მართას მხოლოდ ისღა აღონებთ, რომ ქალაქში ბინა არ მოეპოვებათ, ქირის ძლევა უჭირებთ საქმეს; გარდა ამისა, სახლის პატრონები აბეზრებენ თავს თავიანთი დიდგულობით, აბეზრებენ თავს მეტადრე ამათ ბავშვებს. `ნუ ყვირით, თქვე გასაწყვეტლებო, ნუ მღერით, ნუ დარბიხართ’’‘, შეუწყვეტლივ ისმის სახლის პატრონის მბრძანებლობა.
 ბევრჯერ, როცა მართა შინ არ იყო, მის შვილებს კიდეც სცემდნენ, სტანჯავდნენ სახლის პატრონის შვილები. მოვიდოდა მართა დაღლილ-დაქანცული და შვილები დაახვედრებდნენ ამბავს: ამან გვცემა, ამან ტანთსაცმელი დაგვიგლიჯაო. მშობლის გული ვერ მოითმენდა შვილების დაჩაგვრას, გამოესარჩლებოდა და გაიმარ¬თებოდა ჩხუბი და ვაი-ვაგლახი. ამას მოჰყვებოდა სახლის დაცლა და წანწალი ქალაქის ერთის განაპირიდან მეორემდე.
_ ოჰ, ღმერთო, როდის გვეღირსება, ჩვენი საკუთარი ჭერი გვეხუროს თავზე, _ იტყოდა ხოლმე საქმეგაჭირვებული სვიმონა, _ როდის მოვრჩებით ამდენს წანწალს. _ მართას სანატრელიც ეს იყო.
_ ერთ დღეს შეშის მოედანზე მუშტრის მოლოდინში, შეშის მხერხავები, ისეთივე სოფლიდან ჩამოსულები და უბინაობით შეწუხებულები, როგორც სვიმონა, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: `ქალაქის განაპირას, რკინიგზის ლიანდაგის გადაღმით ხრიოკი გორებია, არავისთვის გამოსადეგი, და ამბობენ, უპატრონოცააო; იქ რკინიგზის ორიოდ-სამ მომუშავეთ ქოხები ჩაუდგამთ და ცოლ-შვილი შეუფარებიათ’’‘.
სვიმონამ საღამოზე, შინ დაბრუნების უმალ, უამბო ცოლს ეს ამბავი. მართა სიხარულით ფეხზე აღარ იდგა _ ოღონც კი ღმერ¬თმა მაღირსოს, რომ ჩემი გომბიოები ჩემს საკუთარ ჭერქვეშ შევაფარო და, ქალაქგარეთ კი არა, თუნდა მახათაზე დავსახლ¬დებიო.
პირველ კვირა დღეს, როდესაც მართაც და სვიმონაც თავისუფალნი იყვნენ, დილაადრიან ადგნენ, თავიანთი სამი გოგოც წინ წაიმძღვარეს და წავიდნენ ვერიდან მტკვარ გაღმა, რკინიგზის ვაგზლისკენ!
ვაგზალზე კარგა მოშორებით, ჩუღურეთის ზემოდან, რკინიგზის ლიანდაგს გადმოჰყურებს პატარა გორაკი. ამ გორაკის შუა წელზე მართლა ხუთიოდე ქოხი იყო გამოჭრილი; მიწის განიერ ორმოს მხოლოდ წინა კედელი ჰქონდა ატანილი ფიცრით. ამ ფიცრულში პატარა ფანჯრები იყო დატანებული და ზემოდანაც ფიცრისავე ჭერი ჰქონდა გადახურული.
_ მართა გამოეხმაურა ერთ-ერთ დიასახლისს ამ სახლებისას და შემდეგ შეიტყო: ავაშენეთ ეს ქოხები და კი არ ვიცით, ღმერთი როგორ მოგვხედავსო; აქეთ-იქიდან გვეუბნებიან, რომ ეს ალაგი ქალაქისააო და შეიძლება ქალაქმა აგყაროთო.
_ მართამ ამ უკანასკნელ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია. ვერ წარმოედგინა, რომ ამისთანა ხრიოკს და უდაბნო ალაგას გამოპატრონებოდა ვინმე, და მოწიწებით დაეკითხა დედაკაცებს: `თქვენ ხომ არ გეწყინებათ, ჩვენც რომ აქ, თქვენ გვერდით, ქოხი ჩავდგათო’’‘.
_ ჩვენ რაში გვეწყინება, ადამიანო? ჩვენ ის არ გვირჩევნია, რომ მეზობელი მოგვემატოს? _ მიუგო დედაკაცმა ზრდილობიანად.
_ თავის მხრით სვიმონა ვაჟკაცებს გაეცნო, მეზობლობაზე იმათი თანხმობა აიღო და საქმე ხელად გაიჩარხა.
_ სულ ორ კვირას არ გაუვლია, რომ სვიმონამ კლდეში შეჭრილ კედლებს ჭერი გადაჰხურა და ამ უკარ-ფანჯრო სახლში ცოლ-შვილი შეასხა.

  • * *

გაზაფხული იყო. შეშის მოედანზე საქმე თითქმის მოის¬პო;Ïათასში ერთხელ თუ გამოჩნდებოდა შეშის მუშტარი; თვით შეშაც ძლიერ იშვიათად მოჰქონდათ ამ დროს სოფელში გაცხარებულ მომუშავეთ.
სვიმონამ მთელი თავისი დრო და ღონე თავის ახალი ბინის გაწყობას მოანდომა. მართამ შიგნი-შიგნი შენახული და ათას კონკში გამოკრული, თითო შაურობით მოგროვილი ორი თუმანი გამოხსნა; სვიმონამ ამ ფულით იყიდა მასალა და იწყო კარ-ფანჯრის მზადება; მართა მთელის დღეობით ჩაკუნტულიყო, პატარა წერაქვით ეზოს აგანიერებდა და პატარა გოგოები გაქანებული ზიდავდნენ ნათხარ მიწას და ახლო ხევში ჰყრიდნენ.ÏÒ
სვიმონამ თავისუფლად მოიზომა ათი ადლი სიგრძით და ექვსი _ სიგანით სახლის ეზოდ და საზღვრებზე ხეხილი ჩაჰყარა.
მთელმა ზაფხულმა ამგვარ განუწყვეტლივ შრომაში გაიარა მშიერაძიანთ ოჯახისათვის.
შემოდგომაზე, როდესაც ცა მოიღრუბლა და ცივმა ქარმა იწყო ქროლა, სვიმონამ ტკბილად ჩაიცინა და, თითქო დაცინვით უთხრა ბუნებას: `ახლა რამდენიც გინდა იქროლე და იტირ-ივაგლახე, ჩემს ციხე-დარბაზს მაგარი კარი აბია და კუთხეში გამოჭიმული კოპწია რკინის ფეჩი შენ მუქარას არ შეუშინდებაო’’‘.
მართა ბედნიერებით სავსე, რომ ახლა იმის შვილებს აღარავინ დააწიოკებდა, არხეინად დადიოდა თავის საქმეზე და ათასში ერთხელ თუ მოუხდებოდა დღით შინ დარჩენა, აიღებდა წინდას ხელში, ამაყად გამოიჭიმებოდა თავის ოთხთვალა ფანჯარასთან და ზემოდან გადაჰყურებდა ქვემოთ განივრად გაშლილ თბილისს: ბევრჯერ გაიტაცებდა ხოლმე ეს სურათი მართას და დაავიწყებდა ჩვეულებრივ, შეუწყვეტელ საქმეს. მართა ახლა თავის თავს ამ ქალაქის წევრად სთვლიდა, მის ცხოვრების მორევში ერთ-ერთ მოცურავედ, და თავისი სოფელი, ის მიყრუებული კუნჭული, რაღაც მიძინებულ ადგილად მიაჩნდა და ძნელად თუ ინატრებდა კიდევ, რომ ეს მოძრავი, დაუსვენარი და დაუდგრომელი ქალაქის ცხოვ¬რება იმ მყუდრო, ფერმკრთალ ცხოვრებაზე გაეცვალა.
უფროსი გოგო ნენე დედას მხარში უდგა, სახლს უვლიდა, კერავდა, აკერებდა, ქსოვდა; დედა როცა შინ არ იყო, კერძსაც უმზადებდა ოჯახს; შუათანა კი ჩუღურეთის სამრევლო სკოლაში დადიოდა. სვიმონას, სიცივის მოწყალებით, სამუშაო ულეველი ჰქონდა და საღამოობით ყოველთვის ერთი ნაჭერი შეშით ერთ ხელში და მეორე ხელში ხორაგეულსავსე ხელსახოცით კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ.
ასე, ამგვარად, ტკბილად და მოსვენებით მიდიოდა მშიერაძიანთ ცხოვრება, მაგრამ ერთმა შემთხვევამ სულ სხვანაირად დაატრიალა მათი ბედიღბალი.
მათ გვერდით, მარცხნივ და მარჯვნივ, ახლა სხვა გაჭირვებულებმა დაიწყეს საძირკვლის თხრა; ქალაქში მუქთი ბინის მძებნელი ბევრი აღმოჩნდა და ამ გარემოებას უნებურად ყურადღება მიაქცია ქალაქის თვითმმართველობამ. გაჩნდა პოლიცია და ყველას საერთოდ გამოუცხადა, რომ თქვენი საქციელი უკანონოა. ახალმოსულებს მუშაობა აუკრძალა და დასახლებულებს უბრძანა, რომ თავიანთი შენობა აეღოთ და საცა ნებავდათ, იქ წასულიყვნენ.
ამ ამბავმა მშიერაძიანთ ოჯახს თავზარი დასცა. საშინელი იყო იმათი მწუხარება. მართა და სვიმონა მგლოვიარედ დასხდნენ და ერთმანეთს შესტიროდნენ: რა ვქნათ, რით ვუშველოთ საქმეს? ახლა, როდესაც სული მოვიდგით, ჩვენი ძალა და ღონე ზედ შევალიეთ ამ სადგურს, ჩვენი უკანასკნელი გროში აქ ჩავაყარეთ, სადღა წავიდეთ? კიდევ ბოგანოდ გავხდეთ, შვილები ძაღლის ლეკვები¬ვით სად ვაწვალოთ? მაგრამ წუწუნით და ტირილით რა გამოვიდოდა? ზოგჯერ კანონი ფრიად სასტიკია და ყოველის გაჭირვების მიუხედავად თავისას თხოულობს.
ერთ დღეს, როდესაც გიორგობისთვის ქარიშხალი საშინელი სიმკაცრით გრიალებდა და გამვლელ-გამომვლელს სუნთქვას უძნელებდა, როდესაც ყოველი სულდგმული ცდილობდა, რომ თავი შეეფარებინა სადმე მყუდროში, მშიერაძიანთ ექვსი შეიარაღებული პოლიციელი მიადგა კარზე: `კანონის ძალით თქვენ უნდა დასცალოთ სახლები და ჩვენ უნდა დავანგრიოთ’’‘, _ გამოუცხადა იმათ.
მთელ უბანში მამაკაცები შინ არ იყვნენ და სახლში დარჩენილ ბავშვებს და დედაკაცებს საშინელი წივილ-კივილი შეუდგათ. ყველამ მშიერაძიანთ კარებზე მოიყარა თავი და არ იცოდნენ, რა ექნათ.
_ დაანგრიოთ, დაანგრიოთ? _ გაოცებული ეკითხებოდა მართა, _ დაანგრიოთ? დაანგრიოთ ჩვენი ლამაზი ქოხი, ჩვენის ოფლით და ჩვენის უკანასკნელის გროშით აგებული! დაანგრიოთ ის, რაც ჩვენთვის ერთადერთი ცხოვრების ნუგეშია! რას ამბობთ, რას? ღმერთსაც შეხედეთ, სვინდისს დაეკითხეთ? ვერა ხედავთ, რა საშინელებაა, რარიგად ყინავს, ქარი როგორ გააფთრებულია? წვრილშვილი სად წავიყვანო? პირუტყვნი ხომ არა ვართ, რომ კარში გაგვრეკოთ? რას გიშლით, ვის რას ვაკლებთ? ყველასათვის გამოუსადეგარი, ვერანა ალაგი გამოვიყენეთ, გლახაკი და მაწანწალა ხალხი ადამიანებად გავხდით, თავზე ჭერი დავიფარეთ და ახლა ხელახლა მაწანწალად უნდა გადავიქცეთ?! ნუ, ნუ იზამთ მაგ საშინელ საქმეს! შეგვიბრალეთ, ჩვენი ქოხის ნანგრევებში ნუ დაგვამარხვინებთ თავს!
მართა ხან ჯავრობდა და ხან ხვეწნა-მუდარით, ცრემლსავსე თვალებით ევედრებოდა პოლიციელებს.
მართას მოთქმას მეზობელ დედაკაცების და ბავშვების ღრიალიც ემატებოდა და სწორედ შემაძრწუნებელი სანახაობა წარმოუდგებოდა ადამიანს თვალწინ; პოლიციელებმა უკან დაიწიეს, მაგრამ ორი წამის მოლაპარაკების შემდეგ ერთმანეთში, უფრო მედგრად დაუწყეს ამათ ბარგს გარეთ გამოყრა.
_ ხალხო, მეზობლებო, ადამიანები არა ხართ? გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, ნუ აკვლევინებთ ჩვენ თავს ამ ყაჩაღებს, გვიშველეთ! _ შეჰკივლა მართამ აქ მდგომ დედაკაცებს. _ ხვალ ეს დღე ხომ თქვენ დაგადგებათ? გვიშველეთ!
მართას გამწარებულ სიტყვებში ისეთი ძალა იყო, რომ დედაკაცებმა ერთ წამში გააჩინეს საიდანღაც კეტები და დაერივნენ პოლიციელებს; ბავშვებმა დაუწყეს პოლიციელებს ქვის სროლა, მიწის ყრა, ტანისამოსის გლეჯა. პოლიციელები ამგვარმა თავხედობამ უფრო გააბრაზა და უფრო მედგრად დაეცნენ საცოდავ მართას სადგურს.
ხის კედლებზე ოდნავ მიკოწიწებულ კარ-ფანჯარას ლაწა-ლუწი გაუდიოდა, ბუხარს წიხლით ანგრევდნენ, ლაბიერებს ამტვრევდნენ, ოჯახის ნივთეულობას დაუზოგველად აქეთ-იქით ისროდნენ.
_ ნუ გვიოხრებთ ოჯახს, ნუ გვინგრევთ კერას, თქვე ურჯულოებო, თქვე ღვთის მტერნო! _ გაჰკიოდნენ გაკაპასებული დედაკაცები და გაორკეცებულის ძალით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს. ორ საათს შემდეგ მშიერაძიანთ გაკრიალებული ეზო სისხლით მორწყულს ბრძოლის ველს წარმოადგენდა. დაჭრილთა შორის ბევრი ბავშვები და დედაკაცები იყო. მაგრამ გამარჯვება მაინც სახლის პატრონებს დარჩათ და ტანსაცმელჩამოგლეჯილნი და პირდაკაწრულნი პოლიციელნი უკუიქცნენ.

  • * *

   ომის შემდეგ ამ ძალით გაშენებულ უბანში კარგა ხანს სრული მყუდროება ჩამოვარდა.
   ახალმოსულებმა განაგრძეს აგება თავიანთ შენობათა და ძველებმა შეაკეთეს მტრის ხელით გავერანებული სადგურები.
   თუმცა ჯერჯერობით აღარ ისმოდა რა, `ძალანთ უბანს’’‘ არავინ ურღვევდა მყუდროებას, მაგრამ მართას და სვიმონას მოსვენებულ ცხოვრებას სამუდამოდ ბოლო მოეღო. ცოლ-ქმარმა აქეთ-იქით იკითხეს, იწვალეს და შეიტყეს, რომ ქალაქი კანონის ძალით წაართმევდა ადგილს, დაუნგრევდა შენობას, და ყოველი იმედი დაჰკარგეს.
   საღამ-საღამოობით, როდესაც მშიერაძის ოჯახი მიუსხდებოდა ხოლმე მამის მოტანილი შეშით გახურებულ `ფეჩს’’‘, მხიარული ლაპარაკისა და სიცილის მაგივრად, სრული დუმილი იყო მათ შორის.
   პატარა მაშუა, სამრევლო სკოლის შეგირდი, ჩურჩულით ასწავლიდა თავის უფროს დას ანბანს. მართა და სვიმონა ჩუმად, ფიქრით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ გაგუზგუზებულ ცეცხლს და ათასში ერთხელ ღრმად თუღა ამოიოხრებდნენ. ბავშვები გრძნობდნენ დედ-მამის მწუხარების მიზეზს და ჩუმად ისხდნენ, მანამ ძილი არ მოუპრუწავდათ თვალებს.
   ახალწლის ღამე იყო. ქარს საშინლად გაუდიოდა ზუზუნი და იმ მაღლობ გორაკზე, სადაც მშიერაძიანი იდგნენ, ერთიორად ძალას იჩენდა და არემარეს ჰგლეჯდა.
_ შვილო ნენე, `ფეჩს’’‘ შეუკეთე, საცაა მამაშენი მოვა და სახლი თბილად დახვდეს. დღეს, ვინ იცის, წელში არ გამართულა, კიდე დაიგვიანა. მაშო, შენ სამოვარი დადგი, დღესასწაული საღა¬მოა, ჩაი დავლიოთ. მამაშენი ჩაის, შაქარს მოიტანს.
_ ახლავ, დედიჯან, ახლავ! _ მხიარულად მიუგო მაშომ დედას და თან მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა: _ იცი, დედილო, მამა დამპირდა, საღამოზე არსენას ლექსსაც მოგიტანო, ხვალ მოგიჯდე¬ბით და წაგიკითხავთ, შენც და მამაც ხომ შინ იქნებით.
_ კარგი, შვილო, აგრე იყოს, _ ამოოხვრით უთხრა მართამ თავის გოგოს და თან გულში გაიფიქრა: `ნეტაი შენ, რომ ბავშვი ხარ და მომავლის ფიქრი არ გაწუხებს’’‘.
_ დედაკაცო, კარზე გამო, ერთი ეს კალათი ჩამომართვი! _ მოისმა გარედან ხმა სვიმონასი; სუყველანი კარზე გაცვივდნენ და იმათ განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც სვიმონას ჩვეულებრივ ტვირთს: ორ ნაჭერ შეშას და ხელსახოცით ხორაგს, კარგა მოზრდილი, განიერი კალათიც ზედ დამატებოდა.
_ ნელა, ნელა! ხელიდან არ გაგვარდეთ კალათი, რას მიეხვივენით? შიგ ბავშვი წევს.
_ ბავშვი! რას ამბობ, კაცო, როგორ თუ ბავშვი?! _ გაკვირვებით შეეკითხა მართა სვიმონას.
_ შევიდეთ სახლში და იქ გეტყვით. ამ სიცივეში აქ რას გა¬ჩერდით? _ და განთავისუფლებული ხელით სვიმონამ ოთახის კარი შეაღო.
_ იჰ, გიშველა ღმერთმა, ჩემო დედაკაცო, რომ სახლი ასე გაგითბია, სამოვარიც ხომ დუღს, _ კმაყოფილების ღიმილით მიიხედ-მოიხედა სვიმონამ და საახალწლოდ მილაგ-მოლაგებულმა, დაკრიალებულმა ოთახმა უფრო სიამოვნებით გააღიმა.
_ რა დროს ეგ არის, რა ბავშვიო, რას ამბობ, საიდან გააჩინე, ბავშვი შენ ვინ მოგცა? _ მოუთმენლად ეკითხებოდა მართა ქმარს და თან კალათს ხსნიდა.
კალათის ძირში, სქლად ჩაგებულ ბამბაში, თეთრებში გამოკრული, რამდენისამე დღის დაბადებული ბავშვი იწვა. ზემოდანაც ბამბა და საბნები ეხურა და ტკბილად ეძინა. სანთლის შუქზე თვალები აახილა, დაიღრიჯა და ტირილი დაიწყო.
_ ქა, რას გაჩერებულხარ, კაცო? არ იტყვი, ეს რა ამბავია?
_ რა ამბავი უნდა იყო, ადამიანო, ქუჩაში ვიპოვე. ქალაქიდან მოვდიოდი, ჩემი დარდი და ვარამი გულს მაწვა და თავჩაღუნული, ფიქრებში გართული, მიწას დავცქეროდი; უცებ რაღაცას კნავილი მომესმა, მივიხედ-მოვიხედე და ჩემ გზას გამოვეშურე. ვნახოთ, კიდევ კნავილი მომესმა. ახლა კი შევდექ, უკან დავბრუნდი; დას¬წყევლოს ღმერთმა წყეული-მეთქი, ვთქვი, ეს რა ამიძღვა-მეთქი! ვნახოთ, ერთი სახლის კუნჭულთან ეს კალათი დავინახე; ახლო მიველ, დავწვდი და იქიდან კი ამოდის ეს კნავილი. გადავხადე ეს საბანი, ვნახე ბავშვია და საცოდავად ჩხავის. რა მექნა? მთელ ქუჩაში ადამიანის ნატამალი არსად იყო. მინდოდა პოლიციაში წამეღო, მაგრამ შორს იყო, კიდეც შემებრალა და შინ წამოვიღე.
_ უი, ჩემ თვალებს! რომ მოგქონდა, რაში გინდოდა, რა უნდა ვუყოთ? ჩვენი შვილების ცხოვრება ვერ მოგვიხერხებია, ლამის ესენიც უჭეროდ ქუჩაში დაგვრჩნენ და შენ სხვისი შვილიც კისერზე შემომახვიე?!
_ კარგი, თუ ღმერთი გწამს, ნუ აყაყანდი! ხომ ხედავ, ბიჭია? და დიდი ამბავია, რომ შვილად ავიყვანოთ, ჩვენ ხომ ღმერთმა ვაჟი არ მოგვცა, დეე, სხვისი შვილი გამოვზარდოთ, იქნება ეგ უფრო გამოგვადგეს, _ მხიარულად უთხრა ცოლს სვიმონამ.
_ ხვალამდის ხომ შიმშილით მოკვდა, აბა, რა ვაჭამოთ, ძუძუ მე არა მაქვს და რძე არსად გამაჩნია! აბა, რა ვუყოთ ამ საცოდავს, ხომ ხედავ რარიგად ღნავის? გამოვზარდოთ და მერე როგორ? იქნება ძიძის დაჭერაც მოინდომო?! _ არ იშლიდა მართა ქმრის საყვედურს.
_ დედი, ნუ ჯავრობ! _ წამოიძახა ნენემ, _ მე გავიქცევი და ჩვენ მეზობელ ნინოს დავუძახებ, მოაწოვოს. იმდენი რძე აქვს, იმდენი, რომ იმის ბავშვი ვერ ერევა და სულ ექცევა.
_ კარგი, შვილო, წადი, თუ არა სძინავს, _ უთხრა მართამ თავის ქალს; ბავშვი ამოიყვანა, ფეჩთან გახსნა და საშინლად შეჰკივლა: ბავშვს გულზე ოქროს ჯაჭვით და ძვირფასი თვლებით შეჭე¬დილი ჯვარი ეკიდა.
_ რა დაგემართა, დედაკაცო? _ მიუახლოვდა სვიმონა ცოლს და რა დაინახა ძვირფასი სამკაული, თვითონაც გაჰკვირდა. _ დიდება შენთვის, ღმერთო, ეს რა მოჩვენება მოხდა! ქურდობა რომ დამაბრალონ, რაღა მეშველება? რაღა მე ვიპოვე ეგ დალოცვილის¬შვილი!
ამასობაში პატარა მაშო და იმის უმცროსი და კალათას შინჯავდნენ, იქ ჩალაგებულ ბავშვის ტანთსაცმელს ათვალიერებდნენ და ახლა იმათ მორთეს კივილი: _ დედა, ნახე, რეებია, რეები! ბეჭდები, ბრასლეტი, პატარა ხატი, უყურეთ, შიგ რა ლამაზი ქალის პარტრეტია!
   მართა და სვიმონა მთლად ცახცახებდნენ შიშითა და სიხარულით.
   გარედან, მოყინულზე ფეხის ხმა მოისმა, მართამ საჩქაროდ ნივთები შეინახა და, ვითომ აქ არაფერიაო, მეზობელ დედაკაცს ისე მიეგება.
_ ნინო, თუ ღმერთი გწამს, ერთი მოაწოვე ამ საცოდავს, ვინ იცის, სამი დღეა, არა უჭამია რა. _ ნინომ სიამოვნებით გააძღო მშიერი ბავშვი, გამოკითხა სვიმონას ყმაწვილის პოვნის ამბავი და საჩქაროდ წავიდა.
   მართამ გამაძღარი ბავშვი შეკრა და ისევ კალათაში ჩააწვი¬ნა; საბნის დახურვის დროს შიგ ხელის ოდენა ბარათი იპოვნა და ხელში დაღონებული ატრიალებდა: _ ვინ იცის, ამ ბარათში სწერია, ბავშვი ვისიც არის და ჩვენ კი იმედებით ავივსეთ, _ თქვა იმან წუწუნით.
_ დედი, აბა მომე ბარათი, იქნება წავიკითხო, _ დარცხვენით თქვა პატარა მაშომ.
_ აბა, აბა, ჩემო მწიგნობარო, _ სიცილით უთხრა მართამ.
_ მაშომ ჩათვლით წაიკითხა: `ჩემი პატარის აღმზრდელს. გიძღვნით სუყველაფერს, რაც კი სულს აქეთ გამაჩნია; სახელად მოსე უწოდეთ. როცა გაიზარდოს, ეს ჩემი სახე გულზე დაჰკიდეთ, დეე, ახსოვდეს დედა, რომელმაც მაგის სიცოცხლის მიცემას თავისი სიცოცხლე შესწირა, მელანია’’‘.
სვიმონამ ქუდი მოიხადა და გრძნობით თქვა: _ ღმერთო, გმადლობ, რომ მეოთხე შვილის შეძენით მოწყალება მიბოძე და ის შიში და ვაგლახი, რომ ჭერს თავზე დაგვაქცევდნენ, თავიდან ავიცილეთ. ახლა ამ ბავშვის მოწყალებით შევძლებთ შევინარჩუნოთ ეს ქოხი, რომლის დათმობაც ასე აუბედურებდა და აღონებდა ჩემს საწყალ ოჯახს.