მშობლური, ტკბილი, მოწყალე

მშობლური, ტკბილი, მოწყალე
ავტორი: გიორგი ლეონიძე


გული მოგელის, მაისო,
გაფანტე ოქროს დიელო,
მე მინდა შენმა ნათელმა
თვალებში კიდევ იელვოს.
რომ დამავიწყდეს ზამთარი
და მისი ქარიშხალები,
ნუშო, კოკორი გახსენი,
ყაყაჩოვ, შავი ხალები...
მიყვარს ხე შუქში ჩამდგარი,
ოცნების დასადარელი,
მიყვარს მე დილა მზიანი,
როცა მოვა და არ ელი.
მიყვარს ღვართქაფი, ყიჟინა,
მეხის ხმა, წვიმიანობა,
ნიავზე ყანა, ქალივით
მოსახვევნად რომ წამოვა...
და იაფერი, მარადის
გულიდან დაუთხოველი:
"მშობლური, ტკბილი, მოწყალე,
ცა წყალობისა მთოველი!"

რესურსები ინტერნეტში

edit