მწუხარე ცა
მწუხარე ცა ავტორი: ტერენტი გრანელი |
ცაზე ნისლია,
ცა მწუხარეა,
ეს თბილისია,
თუ სხვა მხარეა.
და თეთრი ფიქრი
გულს ისევ გაშლის.
ქარი ქრის ირგვლივ
და მივალ ქარში.
ესაუბრები,
ათი სრულია.
და მზე ღრუბლებით
დაფარულია.
და ხედავს მაღლობს
თვალი მზიანი.
არა ჩანს ახლოს
ადამიანი.
ცაზე ნისლია
ცა მწუხარეა.
ეს თბილისია,
თუ სხვა მხარეა.