ნავთლუღი (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)
ნავთლუღი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ნელა ღამდება, მთაზე ბურია,
ხვალ შაბათია, ზეგ დღეა უქმი.
ელექტრონები ანთებულია,
შორიდან ჩნდება თბილისის შუქი.
ახლა კრწანისის ველზე ბინდია
და მოგონების მიმოდის წყება.
ნელა ღამდება, წყალზე მიდიან,
ძაღლები უკვე იწყებენ ყეფას.
ბედმა სიმძაფრე გამოიჩინა
და სიცოცხლეა ჩემთვის წამება.
სადღაც იძახის ხეზე ჭრიჭინა,
თანაც ნავთლუღის ცივი ღამეა.