ნავთლუღი (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)
ნავთლუღი ავტორი: ტერენტი გრანელი |
სდუმს, როგორც ლექსი,
ცა უცნაური.
მორჩა, არ მესმის
ქუჩის ხმაური.
დღე ასე თბილი,
კიდევ არ გავა.
მოვშორდი თბილისს,
ახლა აქა ვარ.
შენთან არ მოვალ,
დროა გვიანი.
ყრუ საღამოა
და ქრის ნიავი.
დავიღუპები,
რა ვქნა, გავივლი.
ჩნდება ღრუბელი -
თეთრი ყვავილი.
შვიდია ახლა,
წავალ, გავიარ.
ეს სივრცე სულის
ნათესავია.