ნელა მივალ, სიჩუმეა ირგვლივ
ნელა მივალ, სიჩუმეა ირგვლივ ავტორი: ტერენტი გრანელი |
ნელა მივალ, სიჩუმეა ირგვლივ,
ნელა მივალ, საღამოა, გრილა.
სადღაც ახლა იბადება ფიქრი,
სადღაც ახლა ინისლება დილა.
ნელა წვიმდა და ვტიროდი გუშინ,
ახლა მივალ, აღმართია, მტკივა.
შენი ხსოვნა იმალება გულში,
შენი ხსოვნა სიკვდილამდე მივა.
ახლა ვხედავ ხის გაძარცულ შტოებს,
გულს მფარველი ანგელოზი იცავს.
დაო, ასე მიცვალებულ პოეტს
დამაყარე გულზე შავი მიწა.
ნელა მივალ, სიჩუმეა ირგვლივ,
ნელა მივალ, საღამოა, გრილა.
სადღაც ახლა იბადება ფიქრი,
სადღაც ახლა ინისლება დილა.