ნეტავი შენა, შავნისლო
ნეტავი შენა, შავნისლო ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1888 წელი |
ნეტავი შენა, შავ-ნისლო,
შეუპოვარად მდინარო,
ხან ქვეყნის დამბნელებელო,
ხან ზღვის უბეში მძინარო!
შენთვის ერთია ყოველი:
ვაკე, მთა-გორი, კლდენია;
შენ არ დაიშლი შენს წესსა,
თუმც ცრემლი ბევრი გდენია.
ვერ შეაფერხებს შენს სვლასა
მთელის ხმელეთის ძალია,
ვერც გვირგვინოსანთ ბრძანება,
ვერც ამოწვდილი ხმალია.
ზღვა ქშენით გამოგისტუმრებს,
ივლი, დასწვები მთაზედა,
მაღლით დაჰხედნებ ქვეყანას,
ფარს გადაიგდებ მკლავზედა.
ის ლაღნი ძენი კლდეთანი
ვაჟკაცს გეტყვიან ნანასა;
ლაშარის-ჯვარი ჩამოვა,
ყელზედ ჩაგიდებს შანასა;
აიწევ მხარ-ბეჭიანი –
ცრემლით მოგვირწყავ ყანასა,
გააძღებ კაცის შავს გუდას,
ხარებს მიუყრი ჩალასა.
თუ არ შენ, ერთურთს დავსჭმდით,
გულსი დავსცემდით დანასა;
მამა ვაჟს მწვადად შესწოვდა,
დედა – ბატარას ქალასა,
ბატარას – ბაცქინტურელას,
უძუძურობით მთვრალასა.