ნიკოლოზ ბარათაშვილს

ნიკოლოზ ბარათაშვილს
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ვით ოქროს ფარჩა გადმოკიდული,
ბრწყინავდა შენი ქვეყნის ბუნება;
ჰხვდებოდნენ დიდი მთაწმინდელები
მთაწმინდის მთაზე შენს დაბრუნებას.

დაგვხვდა ილია ― ქართლის კლდეკაცი,
სამშობლოს აზრი შუბლნატყვიარი;
დაგხვდა აკაკი ― ბერი ბულბული,
ვისი სიმღერის გული ტყვე არი...

ყელს შემოგეჭდო ვაჟა-ფშაველა,
სტალინის დედა გეგებებოდა...
და შენი ძვირფას ნეშტის წინაშე
შენი სამშობლო ფეხზე დგებოდა...

გარს შემოგერტყით ახალი მოდგმა,
შენი სიმღერის ცრემლნასხურები;
შენს ნაგუბარზე ვინც გამოვზრდილვართ,
ახალ ქართლის ბედს ვემსახურებით.

და ჩვენ გემთხვევით ფერფლს აჟღერებულს
და არა მტვერსა და მოჩვენებას,―
შენს დაბმულ ქროლვას დაბორკილებულს
და შენს დალურსმულ გამოჭენებას...

გულში ატეხილ ქარიშხლის ღელვამ
სიკვდილის წყვდიადს არ დაგანება;
გააფთრებული შენი მერანი
მსოფლიოს გზაზე მიექანება.

და ხალხი, შენი დამბადებელი,
ამონათებულ მზეს ეშურება;
არ დაიღლება გული ხალხისა,
თუ რაში ოფლით შეიწურება!

რესურსები ინტერნეტში

edit