ომან ხერხეულიძე - “მეფობა ირაკლი მეორისა"

ომან ხერხეულიძე - “მეფობა ირაკლი მეორისა"
ავტორი: ომან ხერხეულიძე


ომან ხერხეულიძის ნაშრომი პირველად შეტანილ იქნა 1852 წლის ჩუბინიშვილისეული ქართლის ცხოვრების II ტომში




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







პუბლიკაცია


ქართლის ცხოვრება - დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის - ნაწილი II - ახალი მოთხრობა, 1469 წლიდგან, ვიდრე 1800 წლამდე - გამოცემული უ. ჩუბინოვისაგან - სპბ - 1854

რესურსები ინტერნეტში:

http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/4940

1913 წელს ჩუბინიშვილისეული ქართლის ცხოვრება და მასში შეტანილი ომან ხერხეულიძის ნაშრომი ხელმეორედ გამოსცა ზ. ჭიჭინაძემ

საქართველოს ცხოვრება ახალი მოთხრობა 1469 წლიდგან, ვიდრე 1800 წლამდე ორ წიგნად აღწერილი: 1 სეხნია ჩხეიძის მიერ, 2 - პაპუნა ორბელიანისა, 3 - ომან ხერხეულიძისა, 4 - შედეგი კახეთის ცხოვრებისა და 5 - ფარსადან გორგიჯანიძისა - გამომცემელი ზ. ჭიჭინაძე - თბილისი - 1913.

რესურსები ინტერნეტში:

http://corpora.iliauni.edu.ge/qats/upload/1913.pdf

1989 წ. ლელა მიქიაშვილმა გამოაქვეყნა ომან ხერხეულიძის შრომა და დაურთო გამოკვლევაც.

ომან ხერხეულიძე - "მეფობა ირაკლი მეორისა"" - ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებელი დაურთო ლელა მიქიაშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 54 - ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები VII - თბილისი - 1989

რესურსები ინტერნეტში:http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68113



ტექსტი

edit
ომან ხერხეულიძე
მეფობა მეფის ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა
შემოკლებული ისტორია ირაკლი მეორისათვის, თუ ვითარითა შრომითა მიიღო მან მეფობა ქართლისა, რომელსაცა გარდამეტებულისათვის სიმხნისა მისისა, პირველად მიუბოძა შაჰ-ნადირ კახთ მეფობაი, და შემდგომად შეაერთა მან სკიპტრაი ორ-მეფობითა

წელსა 1722 დაჯდა ყაენად ძე შაჰ-სულთტან უსეინის შაჰ-თამაზ, და იმ ჟამად იჯდა ქართლში მეფედ ვახტანგ ლეონის ძე. ხოლო კახეთს იჯდა მეფე კონსტანტინე ირაკლის ძე. რომელსა ეწოდა სახელად მაჰმად-ყულიხან თათრობის გამო. თუმცა ესე ორნი მეფენი იყვნენ სიყვარულსა და ერთობასა ზედა ურთიერთობისადმი: ხოლო ოდეს ჰსცნა ერთობა ამათი, შაჰ თამააზ არა მცირედ შეუძნდა მას ესე და განიზრახა მათ-შორის შთაგდება შურისა, რომლისათვის მისწერა და მისცა მეფობა ქართლისა მაჰმა ყულიხანს და მოემცნო მას: „ვინაიდგან ხარ მაჰმადიანი, შენ ამისთვის სარწმუნოდ გრაცხ და მეფესა ვახტანგს ვერღა-რა ვენდობი, განაძე მეფე ვახტანგ და ქართლი იპყარ“. და მისცა ამისთვის შემწედ განჯა, ყარაბაღი და ერევანი და ამის ძალით შეჰკრიბნა ამ ადგილებით ჯარები და მივიდა მეფე მაჰმად-ყულიხან მახლობელ ტფილისისა სეიდაბადში, სადაცა განვიდა მეფე ვახტანგ, ეწყო და აოტა მაჰმად-ყულიხან და წარვიდა მეოტი. მაგრამ არა ინება დაყოვნება დროისა. არამედ მასვე ჟამსა მეოტი განვიდა ჭარში, შემოიკრიბნა ჭარელნი და განიმრავლნა სპანი. კვალად მოვიდა მეორედ სეიდაბადში და განვიდა მეფე ვახტანგცა, ეწყვნენ ურთიერთთა, გარნა ივლტოდა მეფე ვახტანგ და არღარა შეიქცა ტფილისად. არამედ წარვიდა ზემო-ქართლს. ხოლო მაჰმად-ყულიხან შემოვიდა ტფილისს და დასჯდა ბრძანებითა შაჰ-თამაზისათა.

ხოლო წელსა 1723 ხონთქრის სარასკარი მოვიდა ყარს და ამან ჰსცნა ესე ვითარება ქართლისა და ნახა ჟამი მარჯვე, რომლისათვის მიუწერა მეფესა ვახტანგს: „მე წარმომივლინე ერთი ნათესავთა შენთაგანი და მე ვაოტო მაჰმად-ყულიხან და შენ დაგიმტკიცო ქართლი. და მეფე-მან წარუვლინა ძმა თვისი იესე, სარასკარი წარმოემართა ყარსით და მოვიდა შანბიანს და კვალად მიაგება მეფემან ძე თვისი ბაქარ და წამოემართა სარასკარი, მოვიდა და დაიბანაკა ყურყუთას: ხოლო ჰსცნა რა ესე მაჰმად-ყულიხან, რომელ არა აქვს პირისპირ ბრძოლისა შეძლებაი. ამისთვის მიეგება და მიართვა კლიტენი ციხე-ქალაქისა და ევედრა მიცემასა ქართლისასა და დამტკიცებასა მეფობისასა. ხოლო მან არა ინება და შეიპყრა თხოვითა ბაქარისათა და პატიმარ-ჰყო.ხოლო მასვე წელსა ივნისის თვესა შინა სარასკარი შემოვიდა ტფილისსა და მისცეს მეფობაი ბაქარს ძესა მეფის ვახტანგისასა და ვინაითგან არა ნებისამებრ ამეფეს იგი, მასვე წელსა განივლტომან ოსმალთაგან და მივიდა მამისა თვისისათანა.

წელსა 1724 მეფე ვახტანგ და ბაქარ წარვიდნენ რუსეთს. წელსა 1725 ძმა მეფის ვახტანგისა მეფე იესე გამაჰმადიანდა და კვალად მისცეს ოსმალთა მეფობა ქართლისა, გარნა არცა იგი აუფლეს ნებისამებრ თვისისა და მოკვდა მეფე იესე წელსა 1733.

ამასვე წელსა კახთ მეფეს მაჰმად-ყულიხანს უღალატეს ოსმალთა და მოკლეს სამზირალში და მრავალნი თავადნი და გლეხნი მოსწყვიტეს მისთანა. გარნა კახეთი ვერა ნებისაებრ თვისისა დაიპყრეს და მაშინ მოინდვეს ძმა კახეთ-მეფისა მაჰმად-ყულიხანსა თეიმურაზ და მისცეს მეფობა კახეთისა ზაკვით, ვინაიდგან ნებავდათ დაპყრობაცა კახეთისა, მსგავსად ქართლისა.

წელსა 1734 უსუფ-ფაშა მოვიდა დიდის ჯარით ქისიყს და დასდგა მაღაროს, რათა ნებისამებრ თვისისა დაიპყრას კახეთი. ხოლო ჰსცნა ზაკულება მეფემან თეიმურაზ, შემოიკრიბნა კახნი მოვიდა ღამე და თავს დაესხა და გაემარჯვა ოსმალთა ზედა და მრავალნი მოწყვიტნეს და უკუნ იქცა უსუფ-ფაშა მეოტი და ამიერით ვერღა-რა აკადრეს ოსმალთა შესლვად კახეთად.

და ამასვე ჟამსა მოსულ-იყო თამაზ-ხან განჯას, რომელსა ეწოდა შემდგომად ნადირ-შაჰ და რა ესმათ ესე ქართველთა, უკუდგნენ ოსმალთაგან ქართველ-კახნი და განჯას თამაზ ხანთან წარვიდნენ: და რა იხილეს ოსმალთა უკუდგომა ქართველთა, ამისთვის გაიერთეს ლეკნი და მოიმწეს იქით სპანი და აოხრებდენ ქართლ-კახეთსა და უფროსად სომხით-საბარათიანოს, და ესრეთ აღაოხრეს, რომელ არღარა იპოებოდა შენობა ქართლსა შინა, თვინიერ ციხეთა და სიმაგრეთა კიდე და კახეთით გალეკდენ ქისიყელნი და გაღმა-მხრელნი და მისცეს პირი ლეკთა. გარნა ედგნენ მტკიცედ თავადნი და აზნაურნი და შიგნით კახნი სარწმუნოებასა ზედა მართალსა და განამაგრეს თელავი და ალავერდი და შეიკრბენ მას შინა.

შეაწუხეს ქისიყი ლეკთა და გაღმა-მხარი, რომლისა-გამო ვერღარა შეუძლეს მოთმენა და უღალატეს იქ მყოფთა ლეკთა და მრავალნი ლეკნი ოსწყვიტნეს და მოიყვანეს მეფე თეიმურაზ ფშავით და დასვეს მეფედ კახთა.

ხოლო წელსა 1735 მოვიდნენ ლეკნი და ქისიყი მოარბივეს. მაშინ იყო ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი წლისა 15, რომელმან შემოიყარა სოფლიდამ ჯარი, ეწია ნეიშნის მინდორში და ძლიერად შემოებნენ ლეკნი. გარნა თვით ესე ყრმა, ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი, მეორეს შევიდა შინაგან ჯარსა ლეკისასა და პირველად ამან მოკლა კაცი და ამის მხილველთა კახთა ერთ-პირად მიმართეს ყივილით და წინა-წარიქციეს კარი ლეკისა, აჰყარეს ტყვენი და საქონელი და მოსწყვიტეს უმრავლესნი, და მოვიდა მაღაროს გამარჯვებული, რომლისათვის ფრიად მხიარულ-იქმნენ კახნი, იხილეს რა სიმხნე და მამაცობა მემკვიდრისა თვისისა.

ამასვე წელსა 1735 შაჰნადირ დემურ-ტაშზედ სარასკარი დაამარცხა, მაისის 19 და ივნის 11 ტფილისში მყოფთ ოსმალთა ნადირ-შაჰს წერილი მოუვიდათ: „სარასკარზედ გავიმარჯვე და თქვენც მზად იყავითო“. ივლისის 30 ოთხშაბათს დღეს ოსმალნი ტფილისით განვიდნენ და ოკდომბრის 6 ნადირ-შაჰ ტფილისს ქალაქს შემოვიდა. 25 ქალაქით განვიდა და კახეთი მისცა თეიმურაზს, და მეფობა ქართლისა ძმისწულისა მეფის თეიმურაზისასა ალიხანს და თანაწარიყვანა იგი, ხოლო ტფილისს ქალაქსა შინა დასვა სხვა ხანი ერთი ყიზილბაშისა.

წელსა 1736 ნადირ-შაჰ სეფი-ხან სარდალი წამოუვლინა ქართლს, ამან მიუწოდა მეფესა თეიმურაზს კახეთით და ქართველნიცა შეჰკრიბნა ფხვენისის სოფელში, სადაცა უღალატეს მეფესა თეიმურაზს და დაიჭირეს ყიზილბაშთა და ამასთანავე დაიჭირეს გივი ამილახორი, არაგვის ერისთავი ბარამ და თარხანი ლუარსაბ და ეგრეთვე კახნიცა ჩოლოყასშვილი სახელთ-უხუცესი გივი, ქისიყის მოურავი ქაიხოსრო და წარასხნეს ესე ყოველნი სპარსეთს. და რა ისპაანს მიიყვანეს იქ პყრობილობისაგან განსხნეს და პატივით შეიწყნარეს. გარნა იმ ჟამად შაჰ-ნადირ ყანდაარს წარვიდა და მეფე თეიმურაზიცა თანწარიყვანა, რაიცა ქართლ-კახნი თან-ახლდნენ ისინიც თან-იახლნა ყანდაარს, და ოდეს მიაწიეს ყანდაარად. მაშინ აუწყეს გაცხადება მეფეს თეიმურაზს: „რომელ შენი შვილი დაიბარე და რა ის შთამოვა, შენ მაშინ დაგითხოვთო“. ვინაიდგან ჰხედვიდა ქართველთა მხნედ, ამისთვის თვით შაჰ ნადირ მოსწერა წიგნი დაბარებისა ირაკლის და მასთან დაიბარნა ქართველ-კახნი: ხოლო მსმენელთა ამისთა ქართველ-კახთა ერთ-პირობით არა ინებეს წასვლა ირაკლისა სპარსეთად, რომელისათვის შეიყარნენ ქართველ-კახნი და არა აუფლებდენ წასვლად ირაკლის. გარნა არა მიხედა პატივსა და დიდებასა ამის სოფლისასა. არამედ სათნო-ეყო ბრძანებასა მამისასა, მორჩილი ჰჯულისა, „პატივ-ჰსცემდე მამასა და დღე-გრძელ-იქმნე:“ და დიდად უარ ჰყო წარუსვლელობა თვისი და ჰსთქვა. „მამა ჩემი იქ უნდა ჰყვანდესთ და ჩემის იქ მისვლით გამოუტევებდენ და მე ამაზედ დავბრკოლდე და არა წარვიდე, ეს ჩემგან შეუძლო არისო“.

წელსა 1737 წარვიდა ირაკლი ფებერვალს შაჰ-ნადირ-თან და ყანდაარს ჰშთავიდა, ხოლო ნადირ-შას, ყანდაარი მარტის 16 აეღო და ოდეს მოვიდა ირაკლი, მყისვე წინაშე შაჰ-ნადირ ლაპარაკი დაუწყო და ჰკითხა ირაკლის ბრძანების გვარად საშიშარის სახით: „არ გასთათრდებიო“ და ვითარცა მოწამემან აღიარა მძლავრისა წინაშე ქრისტე და პასუხ-აგო წლითა და დღითა, ერმამან. ხოლო გონებით ბრძენმან, „ჩემი სიკვდილი შესაძლებელ არს და სულისა ვერავის ძალ უძსო და არც მე გავმაჰმანდიანდებიო“. შემდგომად უბძანა ნადირ, „ნუ გეშინიან, მე აღარ გაიძულებო“. და მეორეს დღესა მეფე თეიმურაზ და ქართველ-კახნი მიაყვანინა და ყოველნი დაითხოვა და გამოისტუმრა და თვით ნადირ ინდოეთზედ განიმხედრა და ძე მეფის თეიმურაზისა ირაკლი თან-წარიყვანა. შთავიდა ინდოეთს და ინდოეთის ხელმწიფე ამად-შაჰი შემოება 30000 კაცითა. გარნა ნადირ-შაჰ გაემარჯვა და მთელი ინდოეთის სახელმწიფო დაიპყრა, იქიდან დაბრუნდა და სინდეთს შევიდა და სინდეთის სამეფოცა დაიპყრა. გარნა მუნ დიდნი ბრძოლანი გარდაიხადნა, რომელსაცა ყოველთა ამათ ბრძოლათა და ომებთა შინა თან დასწრებულ-ჰყვა და ყოველთვის თვალითა თვისითა უწარჩინებულეს მხნედ ჰხედვიდა ძესა მეფის თეიმურაზისა ირაკლის და ამის სიმხნისა და სიკისკისისათვის ფრიად შეიყვარა, მუნით გამობრუნდა და მოვიდა ყანდაარს შაჰ-ნადირ.

წელსა 1739 შაჰ-ნადირ ყანდაარს მოვიდა და ვინადგან მადლიერ-იყო მეფის ძის ირაკლისა, რომელმანცა აჩვენა სიმხნე და ერთ გულება. ამისთვის უბძანა: „მეფის ძევ ირაკლი, შენ შენს ქვეყანას ეჭირვები და ნება მომიცია შენს ქვეყანაში წასვლისა და მარადის ჩვენის წყალობის მოიმედე იყავო“. ხოლო მან მადლობა მოახსენა და მაისის 28 ყანდაარით წარმოსრულ დეკემბრის 13 ღამის ოთხს საათს გასულს კახეთს ალავერდს მობძანდა: ამ ჟამად შაჰ-ნადირ თურქისტანზედ წაბძანდა ბალხიბუხარი, ორგანჯი, სამარყანდი და მრთლად თურქისტანი სრულად დაიპყრა და იქ რაოდენიმე ხანი დაჰყო, იქიდან წარმოსრული დაღისტანში მოვიდა ძლიერის ჯარითა და შეამჭირვნა ლეკნი ძლიერითა ბრძოლითა და ეგრეთვე ქართველნი სურსათის თხოვნითა, რომლისთვისცა განჰსდგნენ ნადირ-შაჰსაგან, ვიეთნიმე ქართველნი და მოიყვანეს ლეკისა და ოსმალისა ჯარები, ააოხრებდენ, დაატყვევებდენ ურთიერთარს, ვინაითგან ვერღარა შეუძლეს პირის პირ სამსახური ნადირ-შახი. ხოლო ტფილისს შაჰნადირისაგან დასმული ხანი ჰბრძოდა მარადის ქართველთა და აოხრებდენ მარადის ორნივ მხარენი ქართლსა და ესე ყოველი აცნობა ტფილისს მჯდომ-მან ხანმან შაჰ-ნადირს, რომელიცა განძვინდა საქართველოსა ზედა და განიგულა აყრა მათი და მოწყვიტა ქართლ-კახეთის ერისა ჰსცნა რა ესე მეფემან თეიმურაზ წარავლინა დედოფალი თამარ, ასული მეფის ვახტანგისა ვედრებად ყაენისა წინაშე, რათა არა ასწყვიდოს ქართლ-კახეთისა ხალხი და დასცხრესცა მრისხანება მისი ქრისტიანეთა ზედა: ხოლო მოვიდა რა დედოფალი თამარ დაღისტანში ნადირ-შაჰს-თანა და ევედრა აუყრელობასა ქართლ-კახეთისასა და ესრეთვე აცნობა უცოდველობა ქრმისა თვისისა მეფის თეიმურაზისა და ერთგულება ძისა თვისისა ირაკლი მეორისა, რომელისთვის მყის თანად ლმობიერ-იქმნა მძლავრი იგი და პატივ-ჰსცა, ვითარცა დედასა და ყოველი თხოვილი მიანიჭა და გამოუტევა დიდითა ნიჭითა კახეთს და მოუწერა შაჰ ნადირ ტფილისს მჯდომს ხანსა, უკუმდგართა ქართველთა ზედა ბრძოლა და ოხრება. მივიდა ესე ტფილისს მჯდომი ყიზილბაშით და მოადგა აწერის ხევისა, შემუსრა აწერის ხევი და გამოიყვანა ქსნის ერისთვის შანშეს ცოლ-შვილი და ძმებისა მისისა. ხოლო შანშე ივლტოდა აღსიხას (ახალციხეს), გარნა ჰსთხოვეს იგი ყიზილბაშთა და მოსცეს ოსმალთა შანშე და შეიპყრეს ძმაცა შანშესი იესე და წარგზავნეს ცოლ-შვილით ხორასანს და დაიპყრეს ქსნის-ხევი და მამული შანშესი ამილახორმან გივმან. და ამ ჟამადვე მოჰკლეს არაგვის ერისთავი ყმათა თვისთა და გამოაძეს სახლის კაცნიცა მისნი.

და მაშინ იწყო გივმან დაპყრობაცა არაგვისა, მოიცა ძალი ოსმალთაგან და განსდგა ყიზილბაშთა-გან: ესე ყოველი ამცნო ტფილისს მჯდომმან ხანმან და გამოუცხადა შაჰ-ნადირს ერთგულება მეფის თეიმურაზისა და ძისა მისისა ირაკლისა: ხოლო შაჰ-ნადირ უბოძა არაგვის საერისთავო მეფეს თეიმურაზს და მოუმცნო ბრძოლა და კირთება გივი ამილახორისა, რამეთუ გივს აქვნდა ქსნის-ხევისა ციხენი განმაგრებულნი და ჰყვა ბიძა შვილი თვისი რევაზ: ეზრახნენ მეფენი ამ რევაზს და აღუთქვეს წყალობა, უეთუ მოსცეს ციხენი და მაშინ მოსცა რევაზ ციხენი ქსნის-ხევისანი და დაიპყრეს ქსანიცა მეფემან თეიმურაზ და ირაკლიმ და მრავალნი ბრძოლანი გარდაიხადეს.

ხოლო ვიეთთამე ქართველთა მოუწოდეს ძესა მეფისასა ირაკლის და წარვიდა ირაკლი სამასისა კაცითა და წარიყვანა სამასი ლეკიცა და შემოეყარნენ რაოდენიმე ზემო-ქართლელნი თავადნიცა ირაკლის ძესა მეფისასა. მივიდნენ და დასდგნენ ქრცხინვალს ზემო, აბო-წმინდასა. ჰსცნა რა ესე გივმან სურამს მდგომმან, შემოიყარა ოსმალისა და ლეკის ჯარი, ვიდრე 5000 და ვიეთნიმე ქართველნიცა შეეწეოდენ გივსა, მოვიდნენ ღამე და დილას ბინდს დაესხნენ ირაკლის: ეკვეთა ირაკლი, ძე მეფისა ძლიერად და ფიცხელი ომი მოუხდათ. გარნა მოსცა ღმერთმან ძლევაი ირაკლის ძესა მეფისასა და ამათ-გან ლტოლვილნი იგი ოსმალ-ლეკნი წავიდნენ გივითურთ სურამს: ხოლო მეფის ძე ირაკლი წაბძანდა კახეთად და მეფე თეიმურაზ მივიდა ზემო-ქართლს და ერედვს დასდგა.

არამედ ამ ჟამად ძველი ყაენის შვილი, ლტოლვილი შაჰ-ნადირისაგან, დაღისტანში იყოფოდა, ამას დაღისტნელთ ლეკები გამოუძღვანეს და ხონთქართან გაისტუმრეს და ვინაიდგან ქსან ზედ გივი ამილახორი ეგულვებოდათ, იქ მივიდნენ: ჰსცნა ესე მეფის ძემ ირაკლიმ კახეთს მყოფმა და ფიცხელად დევნა უყო. ეწია ქსანზედ ყანჩაეთს და შეიპყრა იგი და მისთანანი, წარასხნა და ერედუს თავის მამას მიართვა: ხოლო მეფემან თეიმურაზ მაშინვე თვისი ძე ირაკლი ნადირ-შაჰთან გაისტუმრა და იგი ყაენის შვილიც თან-წარატანა: იმ ჟამად შაჰ-ნადირ ოსმალთ მოსულს ჰბძოდა და იქ მიესმა: „ვითარმედ შირვანი უკუდგა, ყაენის შვილი მოიყვანეს და დაღისტანიც ითანხმეს და გაახელმწიფესო“. ამისთვის თვისი შვილი ნასრულ-მირზა გამოისტუმრა დიდის ჯარით და მტკვრის პირზედ რა მივიდა და შირვანში განსასვლელად. იმ ჟამად მეფის ძე ირაკლი მივიდა და ყაენის შვილი პყრობილი მიართვა, რომელმანცა ფრიადი მადლობა უბრძანა და ესე ყოველი მისწერა მამასა თვისსა ნასრულ-მირზამ, ვიდრე მისვლადმდე ამისსა: ხოლო შაჰ-ნადირ მუსულით წარმოსულ-იყო და ესე ამბავი გზასა ზედა ემთხვია, რომელიცა ფრიად მადლიერ-ექმნა და მოსწერა წიგნი მადლობისა მეფეს თეიმურაზს და მიუბოძა ათი ათასი ოქრო და მოუმცნო ტფილისს მჯდომს ხანს ყიზილჯალი-ხანს: „მეფის თეიმურაზისათვის იხტიარობა მომიცია და ყველას საქმეს მაგას ჰკითხვიდესო“ და თვით შაჰ-ნადირ უკუნ-იქცა და ყარსის ციხეს მოადგა. ხოლო ნასრულ-მირზამ მისცა მრავალი ნიჭი მეფის ძეს ირაკლის და გამოუტევა დარწმუნებულისა სიტყვით: „შენ წარვედ, რადგან ახლა შენს ქვეყანას ეჭირვები, იქ მიეშველე და მაგიერს ჯილდოს მსწრაფლ-მოელოდეო“.

ხოლო წელსა 1744 წარმოავლინა ხონთქარ-მან უსუფ-ფაშა სპითა დიდითა და წარმოატანა ხაზინა, რათა წარგზავნოს იგი დაღისტანსა შინა და მით გამოიყვანოს ჯარი და მწე-ეყოს ამილახორს გივის. ხოლო მოსრული უსუფ-ფაშა და გივი მივიდნენ რუისს და დასდგნენ იქ. ხოლო ჰსცნა რა ესე ტფილისს მჯდომმან ალიხან, ამან აცნობა მეფესა თეიმურაზს და იგი წარმოვიდა სწრაფად კახეთის ჯარით და მოვიდა ალი-ხანისათან: ხოლო ხანმაცა შემოიყარა ქართველნი, მივიდნენ და დასდგნენ გორს, მოვიდნენ ოსმალნი თედო-წმიდას და ყიზილბაშ ქართველნი განვიდნენ გორით საომრად, იკვეთნენ ძლიერად. გარნა იძლივნეს ოსმალთაგან ყიზილბაშ-ქართველნი, გამოაქციეს და მოჰყვნენ გორის გალავნის კარებამდე, გაბრუნდნენ ოსმალნი და დასდგნენ რუისსვე მაშინ მოიყვანეს დაღისტნის ბელადი მალაჩი და მიაბარეს დაღისტანში გასაგზავნი ხაზინა. ხოლო ესე მალაჩი იყო იმ ჟამის წარჩინებული დაღისტნის პირველი ბელადი და ყოველნი დაღისტნელნი მორჩილ-იყვნენ მისა, ესე წარუძღვანეს ორი ათასის ლეკით და თან წარატანეს ორი ათასი ოსმალნი და გაისტუმრეს. ხოლო ესე ყოველი მოუწერა ხან მან ირაკლის ძესა მეფესასა და აცნობა ყოველი ყოფილი, სმენასავე თანა-ახლდნა და მსწრაფლ შემოიკრიბნა რაოდენიმე ნაშთნი სპანი კახეთით და ორასნი ყიზილბაშნიცა მოერთვნენ ტფილისით და ამ მცირედის ჯარით შეუკრა არაგვის პირი. და მივიდნენ რა დილას ოსმალ-ლეკნი დაიწყეს განსვლად არაგვისა, მყის ეკვეთა ირაკლი და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი. შეჰკრეს სანგარი ლეკთა დასავალით არაგვის პირთა და იწყეს მუნით ძლიერად თოფთა ცემა და დარჩა ძე მეფისა ირაკლი არაგვს გამოღმა აღმოსავლით კერძო, რომელ არაგვის მდინარე მაშინ ფრიად განდიდებულიყო და უფონოდ არ გაისვლებოდა და განგრძელდა თოფთა ცემა იმიერ და ამიერ: მაშინ შეუხდა ძე მეფისა ირაკლი არაგვსა და პირველ ყოველთასა თვით განვლო ფონი იგი, ხოლო მხილველთა სპათა არღარა ჰრიდეს საშინელებასა წყალთასა და შეუდგნენ ყოველნი სპანი მისნი და იქმნა ბრძოლა უძლიერესი, ვინაითგან ოსმალ ლეკნი უმეტესობდენ და ძლიერსა ამას ომსა შინა პირველ მიუხდა ირაკლი ძე მეფისა დაღისტნის პირველი ბელადი მალაჩი თვით მოჰკლა. ხოლო სიკვდილსა მისა მყის იძლივდნენ ოსმალ-ლეკნი და მიჰყვნენ ესენიცა ვიდრე ქსანს გაღმა ოკმამდე და მრავალი მოსწყვიდეს და დაიჭირეს, და რაიცა წარვიდენ ნაშთნი ოსმალ ლეკნი, მივიდნენ რუისს უსუფ-ფაშისათანა. გარნა ფრიად შიშნეულების-გამო მასვე ღამესა წარივლტო უსუფ-ფაშა, ვითარცა მეოტი: ხოლო მეფემან და ყიზილბაშთა დევნა უყვეს ოსმალთა. მაგრა ვერღარა ეწივნენ.

ესე ყოველი ყოფილი და ქმნილი ირაკლის მიერი მიწერა ხანმან შაჰ-ნადირს, რომელიცა ფრიად მადლიერ-ექმნა მას და მოხარულმან წარმოუვლინა ცხენი ოქროსა აღკაზმულობითა და ხრმალი მძიმედ მოჭედილი და მოუბოძა ქართლის მეფობა თეიმურაზს და კახეთის მეფობა ირაკლის, ძესა მისსა, წელსა 1744.

ხოლო ამასვე წელსა შაჰ-ნადირ ყარსით გამობრუნდა. ჰსცნა ესე მეფემან თეიმურაზ და წინ მიეგება აბოცს (რომელ-არს ყაიყული), იქიდამ მობძანდა ბორჩალის და დებედის პირზედ, გოგთაფას დასდგა, და რაოდენსამე დღეს მუნ დაჰყო. ხოლო აქ მობძანდა დედოფალიცა თამარ და კახეთით ირაკლი. რომელთაცა დიდად პატივსცა და უმეტესის პატივით მიიღო და მაშინ ევედრნენ მეფე თეიმურაზ და ირაკლი დედოფლის თამარით და მოითხოვეს ერისთავი შანშე, ძმისწულნი და სახლეულნი და მასვე წამს პატივსცა და მიანიჭა და მიუწერა ბრძანება ხორასანს ხანთან განთავისუფლების მათისა და გამოტევებისა: გაბრუნდა შაჰ ნადირ, ყაზახსა და განჯაზედ ჩავლო, მუღამს შთავიდა და იქ რაოდენსამე ხანსა დაადგრა. სადა მოვიდა შანშეცა ხორასნით სახლეულით თვისით და მეფემან თეიმურაზ და მეფემან ირაკლი ოსმალთაგან წანართმევნი მამულნი მისნი და ერისთაობა ქსნისა კვალადვე მიუბოძეს შანშეს.

კვალად წელსა 1745, გივიმან ამილახვარმან განამაგრა ციხე სურამისა ოსმალთა მიერ, შევიდა და დასდგა იქ მაშინ მოვიდა მეფე თეიმურაზ და მეფე ირაკლი ბძანებითა ნადირ შაჰსათა და ერთი ყიზილბაშის ხანიცა და მოადგნენ გარს და შემდგომად რაოდენისამე თთვისა გამოიყვანეს ციხით პყრობილი და წარიგზავნეს შაჰ-ნადირს.

შემდგომად ამისა, წელსა 1747, შაჰ ნადირ განრისხდა ყოველსა სამფლობელოსა ზედა თვისსა და საქართველოსაცა არბაბი შემოაწერა, ვითარცა სხვათაცა ქვეყანათა: ამასვე წელსა მოჰკლეს შაჰ-ნადირ ყიზილბაშათა და დასვეს ყაენად ძმის-წული მისი ადილ-შაჰ: ხოლო მან მოუწოდა მეფესა თეიმურაზს და მეფე-მან თეიმურაზ ქართლი მიაბარა ძესა თვისსა ირაკლის. გარნა დავედრა საქმის კითხვა იესე მეფის ძის აბდულაბეგისაცა. არამედ ამან აბდულა-ბეგ გარდაჰბირნა რაოდენნი-მე ქართველნი სომხით-საბარათიანოდან და ვიეთნიმე სხვანიცა და უკუ-უდგა ირაკლი მეფესა მოიყვანა ყიზილბაშის ხანი სახელით სააბიხტიარ ჯარით. ამას მოყვნენ განჯა-ყარაბაღის ხანები, დაღისტნის ხანი აზატ-ხან და საქართველოს ელები. შამშადილი, ყაზახი, ბორჩალუ, დემურჩასალი, ბადიარი და სხვა ყოველი ყურდა ოიმალები და მოვიდნენ მახლობელ ტფილისისა. მხილველი ამისი მეფე ირაკლი განვიდა ურიდად მცირითა სპითა, ეკვეთა ძლიერად, მოსცა ღმერთმან ძლევა და განემარჯვა და ივლტოდა აბდულა-ბეგ მეოტი და შევიდა ციხესა სამშვილდისასა და განამაგრა იგი.

წელსა 1748, კვალად მორბინა ქალაქის ციხის-მცველნი მეციხოვნენი აბდულა-ბეგ და განუდგნენ ირაკლი მეფესა და უგრძნეულად საქმისა იწყეს ციხით თოფთა და ზარბაზანთა ცემა ქალაქსა შინა: ხოლო ამას მოადგა მეფე ირაკლი ქართლ-კახეთის ჯარებით და უმეტეს ტფილისის მოქალაქენი ჰბრძოდენ ციხესა და მტკიცედ სდგნენ ერთგულებასა მეფის ირაკლისასა და აბდულა ბეგცა შემოაშველა ციხეში 500 ლეკი და იყო დღე ყოველ ბძოლა. ამ ჟამად მოვიდა დაღისტნის ბელადი ყოჯას დიდის ჯარით და ავჭალები მოარბივა, ტყვე და საქონელი წარიღო. ჰსცნა რა ესე მეფემან ირაკლიმ, რაიცა ჯარები ჰყვა ტფილისის ციხის ბრძოლად დაუტევა და თვით ორასის კაცით სატიოზედ მტკვარი განსცურა და ყოჯახ-ბელადს წარუდგა და მდევრულად ქისიყის ჯარიც შემოიყარა ნაპირის სოფლებიდან და გადაასწრო ქისიყის ბოლოს შირაქში. იქ შეება ყოჯახს და ფიცხელი ომი მოუხდათ, მოსცა ღმერთმან ირაკლის ძლევა და განუმარჯვა, მრავალი მოწყვიტეს, ტყვე და საქონელი სულ დააყრევინეს, უკმოიქცა მეფე ირაკლი და მუნვე შირაქის თავში დედოფლის წყაროზედ მობძანდა და იქ დასდგა და ამა ყოჯახს დანაშთის ჯარით გაქცეულს სხვა დაღისტნის ჯარი შემოეყარათ ახალი მომავალი და ამ დამარცხებულთა ყოველივე თვისი გარდასავალი უამბეს: იმ ახალმა მომავალმან ჯარმან უთხრა ყოჯახს ბელადს. „თუ იმ თქვენ-გან ნაშოვარს ტყვესა და საქონელში წილს დაგვიდებს დღეს ისინი ვერსად გაგვასწრობენ, ჩვენც გიშველით, მოვეწევით და ისევ დავაყრევინებთო“. რა ეს ყოჯახს ესმა ფრიად მხიარულ იქმნა, შეითქვნენ და წარმოვიდნენ, იმ ღამეს იარეს და მეორეს დილას დედოფლის წყაროზედ მეფეს ირაკლის თავს დაესხნენ. გარნა ძლიერი იგი და მხნე მეფე ირაკლი უწინარეს ყოველთა აღმხედრდა ცხენსა და პირველ თვით ესროლა თოფი და ყოველთა უწინ ამან მოჰკლა კაცი და უბძანა ჯართა მხნედ შეტევება და უმეტეს პირველისა დაამარცხეს იგი ლეკთა ჯარნი და უმრავლესნი ლეკნი მოსწყვიტეს: იქიდან უკმოქცეულმან აღიღო ტფილისის ციხე და თვისი მეციხოვნები შეაყენა, წაბძანდა და სამშვილდის ციხე აღიღო და შემოიქცა გამარჯვებული ტფილისიდანვე.

წელსა 1749 მეფე თეიმურაზ ერანით მობრძანდა. იმ ჟამად ერანში იბრეიმ-შაჰ მოკლედ და სრულიად ერანი აირივა და ურთიერთარს რბევა, ტყვევნა და ოხრება დაუწყეს: ამ დროს მაჰმად-ხან ვინმე ადრიბეჟანის მხარეს განძლიერებული, მრავალსა ქვეყანასა აოხრებდა, რომლისათვის მოსწერეს ერევნელებმან მეფესა თეიმურაზს და მეფეს ირაკლის: „ერანში მეპატრონე აღარ არის და ეს მაჰმად-ხან ამ ქვეყანას აოხრებს, თქვენ მოგვშველენით, ამას მოგვარჩინეთ და თქვენ გმსახურებთო“. ხოლო სმენასა-თანა მეფენი ორნივე წარვიდნენ ჯარებით, ერევნის მისაშველებლად. გარნა მეფე ირაკლი წინ-წარვიდა ხუთასის კაცით და რა ეს მაჰმად-ხან-მან შეიტყო თავისი სრულის ძალით წინ მოეგება და მეფე ირაკლი შემოება, მოსცა ღმერთმან ირაკლის ძლევა და გამარჯვება, გაიქცა მაჰმად-ხან და ყარაბაღში შთავიდა, რემეთუ მუნ ხარ-გვირაბის ციხე განმაგრებული აქვნდა და თვისი ცოლ შვილნიცა მას-შინა ჰყვა: მიჰყვა ირაკლი მეფე და გარს მოადგა, აღიღო ციხეცა და ცოლ-შვილნიცა მაჰმად-ხანისა გამოიყვანა და რაცა აქვნდა სიმდიდრე ხაზინისა ყოველივე მეფემან ირაკლი წამოიღო და მობრძანდა ერევანს: იქ მოვიდნენ ერევნელნი მეფისა თეიმურაზისთანა და მეფის ირაკლისა და თვით ერევნის ხანიცა. მაშინ მოსცეს თავი მოხარკედ და თავს-იდვეს სამსახური. და ამათ მეფეთა დასვეს თვისი კაცი ერევანს და უკმოიცნენ.

ხოლო ვიდრე იქიდან მეფენი გამობრუნდებოდენ ყარაბაღის-ხანი ფანა, განჯის-ხანი შავერდი-ხან და ნუხის-ხანი აჯი-ჩალაბი, ესენი შეკრბნენ განჯა ყარაბაღისა და შაქი შირვანის ჯარებით და მოვიდნენ ყაზახს აღსატაფაზედ და ამ ჟამადვე მეფენიცა ერევნით ყაზახში გარდმობძანდნენ. გარნა ამ შეკრებულმან ხანებმან ომი ვეღარ გაუბედეს, მირიდეს და სიმაგრეში დასდგნენ და დაუწყეს მეფეთა ლაპარაკი მშვიდობისა, ზავ-ჰყვეს ურთიერთარს და უკუნ-იქცნენ და მეფენი მოვიდნენ ტფილისს გამარჯვებულნი და მიერ დღით იყო ერევანი მოხარკეობასა ქვეშე მეფეთასა, ვიდრე მოსვლამდე საქართველოსა შინა ყაჯარი მაჰმად ხანისასა. გარნა ვერცა მან მოშალა სრულიად ერევნისა სამსახური საქართველოსადმი.

და შემდგომად წელსა 1750 მოვიდა ყარაბაღის ხანი ფანა და მოადგა განჯას. მაშინ მოსწერა წიგნი განჯის ხან-მან და ითხოვა შეწევნა მეფის თეიმურაზისა და მეფის ირაკლისაგან: შემოიკრიბეს ჯარები მეფეთა და წარემართნენ. ესენი რომ ყაზახში შთავიდნენ და ჰსცნა ფანა-ხან-მან მსწრაფლად განჯას მირიდა და თვისსავე ქვეყანასა მიიქცა და ჯარები განიმრავლდა და რა ესე მეფენი განჯას შთავიდნენ. მაშინ შავერდი-ხან თავის ჯარით მეფეთა მოერთო და იქიდან წარვიდნენ ყარაბაღში და ფანა-ხანიცა დიდით ჯარებით წინ მოეგება საბრძოლველად, ურთიერთისა მოშორვებით დასდგნენ და მეფე ირაკლი ორასის კაცით ჯარების დასახედავად წარვიდა. რა ესე მათ ჰსცნეს სრულიად ჯართა შემოუტიეს და მეფემან ირაკლიმ ერთი კაცი ამა ამბისა საცნობლად უკმოაქცია მეფეს თეიმურაზთან და ესე ყოველი აცნობა და თვით ირაკლი ამ ცოტას კაცით პირისპირ საბრძოლველად დაუდგა, ესრეთ ურიდი შემმართებელი არა ჰრიდებდა ომსა და შეექმნათ ომი და განგრძელდა ბრძოლა და მეფე თეიმურაზცა ჯარებით მოეშველა. გარნა უწინარესვე მისცა ღმერმან ძლევა, ვიდრე მეფე თეიმურაზ მიბრძანდებოდა და ამ მცირის კაცით დამარცხდა იგი მძლავრი ჯარი და ამ გაქცეულთა ჯართა მოსწყდენ მდევრულად მეფის თეიმურაზის ჯარნიცა და მრავალი მოკლეს და დაიჭირეს. მეორეს დღეს ორნივე მეფენი ყარაბაღის მოსარბეველად განემზადნენ, წარვიდნენ და არაზს გაღმა მრთელი ყარაბაღის მამული მოარბიეს და იშოვეს და დაჰყვეს იქ თვე ორი და მოინდვეს მრთელნი ყარაბაღელნი და დასდვეს ხარკი განჯა ყარაბაღსა და მოსცესცა ამისა პირი: „რომელი სადაცა ჯარი გთნდეს, იქ ჯარიც მოგცეთო“, მაშინ უკმოიქცნენ და მოვიდნენ ტფილისს გამარჯვებულნი.

ხოლო ამასვე წელსა შეჰკრბნენ დაღისტნელნი და მოვიდნენ მოპარვის გვარად, ვითარცა არს მარადის ჩვეულება მათი, მოარბიეს ელები და მრავალი იშოვეს ტყვე და საქონელი: ესე ჰსცნეს მეფეთა და დევნი-უყვეს, ეწივნენ დამღისს, მუნ სადაცა ერთვის იორის მდინარე ალაზნის მდინარესა და იმ ალაზნის პირზედ შეიბნენ: მოსცა ღმერთმან ძლევა მეფეთა, განემარჯვათ და მრავალი კაცი მოკლეს და უმრავლესნი ალაზნისაგან მოიშთვნენ ლეკნი. ხოლო ნაშთნი რომელნიც გაღმა გავიდნენ, არცა იგინი ათავისუფლეს, გაუხდნენ გაღმა და შიშნეულთა მათ გარდაჩომილთა ლეკთა მიმართეს ერთს დამწვარსა ფლატიან გორასა, სიმაგრის იმედეულთა შევიდნენ ამ გორაებში, მოსქდა ეს დამწვარი ფლატიანი გორა და ესრეთ დაინთქნენ ეს დანაშთნი ლეკთ ჯარნი, რომელ მატყვიცა ვერღარა გაწერა: უკმოიქცნენ მეფენი გამარჯვებულნი და მოვიდნენ ტფილისს და ამიერითგან ვერღარა იკადრეს ლეკთა ჯარად გამოსვლა გარნა ქურდად არა დასცხრობოდნენ ავაზაკობასა.

წელსა 1732, ქორონიკონს 439, წავიდნენ ორნივ მეფენი ჭარისა და შაქი-შირვანის დასარბევლად, შემოიყარეს ჯარები და შთავიდნენ იორზედ სადაცა მოერთვნენ განჯა-ყარაბაღის ხანები, წარვიდნენ მუნით, ჭარი დააგდეს და ჯარს ქვემო აგრისზედ განვიდნენ. მოვიდა ნუხის ხანი აჯი-ჩალაბი, შემოიყარნა ჭარელნი და დაუდგნენ პირისპირ: ეზრახა აჯი-ჩალაბი იდუმალ მეფეთა თანა-მყოფთა განჯისა და სხვათა ხანებთა, გარდაჰბირნა ესე ხანები და მეორეს დღეს შეემოება აჯი-ჩალაბი, მეფეთაც დასტები დააწყეს და მიმართეს ძლიერად და ორი და სამიცა დასტა დაამარცხეს აჯი-ჩალაბისა ქართველ-კახთა და ორი ძლიერი სანგილი დააგდებინეს. მაშინ აჯი-ჩალაბი მოუხდა ყაზილბაშთ ხანებისა დასტასა და განზრახვითა ურთიერთითა, უწინარეს მისვლისა გამოიქცნენ ესე ხანები პირობისამებრ და წარვიდნენ თვისსა მხარესა მშვიდობიანად. რა ესენი გაქცეულნი ნახეს ქართლ-კახეთის ჯართა, ესენიც აირივნენ და ურეგულომან ჯარმან ვერღარა შეიძლეს დადგრომა და გამოიქცნენ: ხოლო მეფენი სიმხნითა თვისითა მრავალსა ეცადნენ. გარნა ვერცა გარე შეიმაგრეს ჯარი და მიზეზითა ამით მრავალნი მოსწყვიტნენ ქართველ-კახნი და უმრავლესნი ალაზანსა შინა მოიშთვნენ და მოვიდნენ ორნივ მეფენი ტფილისს დამარცხებულნი. ხოლო ესე იქმნა თვესა ფებერვალსა.

და მასვე წელსა ივნისის თვეში მოვიდა დიდძალითა ჯარითა აზატ-ხან და დაუწყო ერევანს რბევან და ოხრება, ვინაიდგან აზატ-ხანს ეპყრა მიდია (რომელ-არს ადრიბეჟანი) და და იწოდებოდაცა პყრობელად სპარსეთისად. ხოლო ამის-თვის მოუწერეს მეფესა ირაკლის ერევნელთა: „ვინაიდგან მიიღებთ ხარკსა და ვართ მორჩილებასა ქვეშე თქვენსა, გაქვსთ ვალი და თანამდებობა, რათა განგვათავისუფლო ესევითარისა მძლავრის ხელისაგან“. და ჰსთხოვეს მიშველება, რომლისათვის ინებაცა მეფემან ირაკლიმ მიშველება ერევნისა: გარნა ოდეს ჰსცნა მუსახამან, რომელიცა მოსდგომოდა ერევნისა ციხესა მისვლა ირაკლი მეფისა, მასვე წამსა მიჰრიდა მან ციხესა. ხოლო მეფე ირაკლი მივიდა ერევანს და დიდად შეჭირვებულნი უსაზრდელობითა ერევნელნი აღავსო სურსათისა, მიუტანა მრავალი საზრდელი და თვით გამობრუნდა ქანაქირს და ყარაბულაღზედ კარგს ჰაერში დასდგა, მახლობელად ერევნისა, რომელიცა შორავს ერევანს ვიდრე 12 ვერსამდე, ვითარცა აღაჯი ერთი.

თუმცა ესე მუსა-ხან ერევანს შემოეცალა. გარნა დაუყოვნებლივ მისწერა წიგნი აზატ-ხანსა და აცნობა მყოფსა მიდიასა შინა მისვლა ირაკლი მეფისა და ყოველი ქმნილიცა მის-გან: ხოლო ჰსცნა რა მან ესე, განძვინებულ-მან შემოიკრიბა ჯარები ყიზილბაშ-ავღანისა ვიდრე ორმომციათასამდე, ესრეთ რომელ ათორმეტი-ათასი მხოლოდ შუბოსანი კაცი ჰყვა, თვინიერ თოფოხანისა და აქვნდა ათორმეტი ზარბაზანი და ორასი ზამბულაკი, რომელიცა უგრძნულად მოვიდა და გარნაჩაი ზედ ჩამოხდა, რომელ ესე გარნი-ჩაი შორავს ქანაქირს ოცითა ვერსითა და საღამოზედ ჰამბავი მოერთვა მეფეს ირაკლის. „აზატ-ხან დიდის ჯარით მოვიდა და გარნიჩაი-ზედ გარდახდაო“. მიუწოდა მეფე-მან ირაკლი ქართველ-კახთა და რჩევა შეექმნათ ქართველ-კახთა, დაბრუნება არჩიეს უფროსი ერთითა. გარნა მეფემან ირაკლი არა ინება დაბრუნება. „იცოდეთ მე აზატ-ხანის შეუბმელი არ დავსდგები, ამაღამ რომ გავიქცეთ, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილი ჰსჯობს, ესე ყველამ უწყით, რომ სიკვდილის შვილნი ვართ და ჩვენს გვარსა და სახელსა ორის დღის სიცოცხლისათვის ნუ მოვაყივნებთო“. და ამაზედ რაოდენიმე თავადნი და წარჩილებულნი გვამნი ემოწმენ მეფეს ირაკლის, დაამტკიცეს ომი პირისპირ მძლავრისა მის და აღრიცხა მეფემან მხედრობა თვისი, რომელიცა იყო რიცხვით სამი ათასი და ამ რიცხვსა შინა იყო თათარი ხუთასი და ავადმყოფი ხუთასი. ხოლო ესე ავადმყოფნი და ბარგის კაცნი დარჩნენ სანგალთა შინა და წარვიდა ორი ათასი კაცითა აზატ-ხანის შესაბმელად და მცირედი რა წარვლეს, იქით მხარესაც გამოსჩნდა აზატ-ხანის ჯარები დასტებად: მაშინ გარდახდა მეფე ირაკლი, დაემხო მიწასა და ღმერთსა ევედრა, ხოლო ზე რა აღსდგა გამობრუნდა და უთხრა მხედრობათა: „ჩემნო ძმანო და შვილნო, თქვენ ჩემის განძლიერებისა და ჩემის გულისათვის იხოცებით და მე ღმერთ-თან თქვენი დიდი მოვალე ვარო და დღეს რაც მე გითხარით ის დამიჯერეთ და სისხლსა თქვენსა მე ვინდობო“. მაშინ ყოველთა მხედრობათა ერთ-პირად ნება-სცეს და მოახსენეს. „მეფეო და დიდებაო ჩვენო, სისხლი ჩვენი თქვენთვის შემოგვიწირავს და ბრძანებასა თქვენსა ვერჩით და ნებასა თქვენსა აღვასრულებთო“. და ვინაიდგან ეს-ოდენი ერთ-გულება და სიმხნე მხედრობათა თვისთა იხილა, მაშინ უბრძანა: ვიდრემ მე ცხენზედ არ შევჯდე, თქვენც ნურვინ შესხდებით და ვირე ჩემი თოფი არ გავარდეს, თქვენ თოფს ნუ-ვინ ესვრითო“. მაშინ ქართველ-კახთა ერთობით აღუთქვეს ბრძანებულისა მის აღსრულება. ხოლო ხუთასნი იგი მყოფნი თათარნი ირაკლი მეფისანი შესხდნენ ცხენსა და განეშორნენ ქართველთ ჯარსა, განსდგნენ ცალ-კერძ და გაკეთდენ ერთ დასტად. გარნა დაადგრა ერთი ერევნელი თათარი აირუმლის სულტანი მეფის ირაკლისთანა, სახელით ალავერდი და მხილველმან მეფემან თვისისა ჯარისა სიმცროსამან ფრიად მხურვალე თაყვანისცა ჯვარსა ქრისტესსა ცრემლით და ყოველნი სპანი თვისნი ათაყვანნა ჯვარსა და მაშინ მოვიდა თათარიცა იგი ალავერდი სულტანი და ჰრქვა ჯვარსა ქრისტესა, მეტყველ-მან ესრეთ: „უკეთუ შეძლება რამე არს შენ შორის დღეს გამოჩნდებაო“. და დაადგრა მეფის ირაკლის-თანა: მაშინ გაუძღვა მეფე ირაკლი ათას-ხუთასსა კაცსა დაქვევითებულსა წყნარად და სადაცა უფრო უდიდესი დასტა იყო აზატხანისა მუნ მიჰმართა: მოვიდა განძვინებული აზატ-ხან და თვისი დასტები გარს შემოახვია და ოთხ-კერძოვე ესოდენ ახლოს მოაწიეს, რომელ შუბი აღარ გაიმართებოდა და ლამოდენ იგინი ერთობლივ ცოცხლივ შეპყრობასა ქართველთასა. მაშინ მოახსენა ერთ-მან ხანმან ვინმე აზატ-ხანს: „დასტური მეც, რათა წარვიდე და მეფე ირაკლი ცოცხლივ შეპყრობილი მოგართვა“. მანცა ნება ჰსცნა და იგი დიდი სისწრაფით და ცხენ-მალედ მოვიდა, რომელსა საბრძოლველად აქვნდა შუბი ხელთა და ხმა ჰყო: „ჰამამან ჰანიერ ირაკლი ხან (რომელ-არს ქართულად, სად არის ირაკლი მეფე)“. მაშინ გაუხდა მეფე ირაკლი მკვირცხლ და შესძახა: „მე ვარ ირაკლი მეფე“ და ხმა ყოფას-თანა მისცა თოფსა ცეცხლი, გავარდა თოფი მეფისა და მოხვდა მას ხანსა გულსა, გარდმოვარდა ცხენით და დაეცა წინაშე მეფისა ირაკლისა. და რა იხილეს ესე-ვითარი სიმხნე მეფისა ირაკლისაგან ქართველთა და კახთა განმხდნენ ესენიცა და ერთობით მისცეს ცეცხლი თოფთა თვისთა და რაცა მახლობელად მოსრულნი ყიზილბაშნი და ავღანნი იყვნენ ერთობით ჩამოყარნეს და დაეცნენ მიწათა ზედა: მაშინ აღმხედრდა ირაკლი ცხენსა თვისსა და აღუზახნა სპათაცა თვისთა აღმხედრება. აღმხედრდნენ სპანი და იკრეს ხრმალთა ხელი და ერთობით შეუტივეს და მყის-თანად მისვლასავე აოტნეს ყიზილბაშ-ავღანნი. ხოლო მას დღესა-თანა ჰყვებოდა აირუმლის სულტანი ალავერდი, რომელმანცა ითხოვა სასწაული ჯვარისაგან და იყო მხნეცა: წარივლტო, ვითარცა მეოტ-მან სირცხვილეულად აზატ-ხან და გამარჯვებასა ამას შინა დარჩა მეფესა ირაკლის 24 ზარბაზანი, 200 ზამბულაკი თავისის ასის აქლემით და დროშა მრავალი და ორიათახუთასი კარავი და ტყვისა და საქონლის რიცხვი არ შეიძლებოდა. ხოლო იგი ალავერდი სულტანი დიდად განკვირვებული იტყოდა წინაშე ჯვარისა: „ესე საქმე კაცობრივის ძალის-გან შეუძლებელი იყო. მაგრამ ამ ჯვარის ძალ-მან ჰყო“. და ესრეთ ჰსთქვა. ხაჩ სანა ყურბან ოლიმ (რომელ-არს, ჯვარო, შენთვის მსხვერპლად შევიწირვიო): გარნა არა ნათელს-იღო. წარმოვიდა მეფე ირაკლი და მობრძანდა ტფილისს გამარჯვებული. ხოლო ესე ძლევა იქმნა ივლისის თვეში.

წელსა 1753 ქორონიკონს, თვესა იანვარსა, მოსწერეს წიგნები განჯის ხანმან, შუშის ხანმან და ყარადაღის ხან მან მიიწვიეს და აღუთქვეს მეფესა თეიმურაზს და მეფესა ირაკლის, რათა ინებონ მისვლა ნუხის ხანს აჯიჩალაბ-ზედ და ესენიც იახლნენ თვისითა ჯარებითა: ამის თვის ინებეს მეფეთაცა წაბრძანება და ჯარები შემოიყარეს. წარვიდნენ მეფენი და განჯას ჩაბძანდნენ. იქ ზემოხსენებულნი ხანები შემოეყარნენ თვისითა ჯარებითა და შემოჰფიცეს ერთგულებასა ზედა. მაგრამ არა დაადგრნენ ფიცსა ზედა და ჰსძლიათ ჩვეულებამან სიმუხთლისა-გან, ვითარცა ჰქმნეს ჭარის ომსა ზედა, ეგრეცა აქედამ დაუწყეს წიგნების წერა იდუმალ ნუხის ხანს აჯი-ჩალაბს და დაიბარეს: „შენ გამოდი შენის ჯარებით და როდესაც შენ გამოხვალ, ჩვენ შინ უღალატებთო“. ეს ამბავი მეფეთა ჰსცნეს და იმათი მიწერილი წიგნებიც ხელთა შთაიპყრეს და ვინაიდგან ერწმუნებოდნენ მეფენი მათგან ესეგვარსა დრკუობასა: ვინაითგან არა აქვნდათ ჭეშმარიტებითი ერთგულება, ამისთვის განიზრახეს მიგება მაგიერისა და ზემოხსენებული იგი ხანები ერთობით დაიჭირეს და ხანების დაჭერაზედ მათი ჯარებიც აირივა და თვით მეფეთაცა თვისი ჯარები დაუწყობელნი ჰყვანდნენ: შემთხვევასა ამას შინა მოვიდა ნუხის-ხანი აჯი-ჩალაბი შირვანისა და დაღისტნის ჯარებით, დამარცხდნენ მეფენი და მრავალნი მოისრნენ ქართველ-კახნი ბრძოლასა შინა და უმრავლესნი შამშადილეულთა გასწყვიტეს გზა-ზედ. ხოლო მეფენი მოვიდნენ ტფილისს ლტოლვილნი, თვესა მარტსა.

ამავე წელსა მაისის თვეში, შემოიყარა ჯარები აჯი ჩალაბის შვილმან აღაქვიშიმ, გამოვიდა განჯა შაქის შირვანის ჯარით და იქ შემოეყარა ყარაბაღის ხანი ჯარებით, მოვიდნენ და ყაზახ-ბორჩალუ აჰყარეს და თვით ბაიდარში დასდგნენ უშიშრად. ვინად-გან ქართველ-კახნი, ახალნი დამარცხებულნი იყვნენ და დასუსტებულნი: მაშინ წაბძანდა ირაკლი მეფე არაგვის ხევსა, მოიყვანნა ჩერქეზ-ოვსნი ჯარად და მთის კაცნიც მოიყვანა და ვიდრე მეფე ირაკლი მუნით გარდმობრძანდებოდა, მანამდის დაღისტნის ბელადმა ზუბეიდალამ დაღისტნის ბელადები თვისის ჯარებით შემოიყარა, მოვიდა ზემო-ქართლში და ქართლს რბევა დაუწყო და ვანის გალავანს შემოადგა და აღიღო. შიგ-მყოფნი მრავალნი სულნი დაატყვევა და იქიდან წარსული თიღვას შემოადგა და იმ ჟამზედ მეფე ირაკლი ხევიდამ გარდმოვიდა ჩერქეზის ჯარით და ეს ამბავი დუშეთს მოერთვა. ამ ჩერქეზის ჯარს წარუძღვანა ჯიმშერ ერისთავი და გივი ამილახორი და იმ ლეკის ჯარზედ გაისტუმრა თიღვის მისაშველებლად და თვით მეფე ირაკლი კახეთს წაბრძანდა ჯარების გამოსაყვანად. ლეკთა თიღვა ვეღარ აიღეს, პატარა ლიახვს გამოღმა, კარბის სოფელ თან რა მოაწიეს, იქ ჯიმშერ ერისთავი და გივი ამილახორი შემოეყარნენ ჩერქეზის ჯარით, შეუტივეს და ეს ლეკის ჯარი დაამარცხეს, მრავალი ლეკი მოკლეს და ქალაქს მეფეს თეიმურაზთან შთამოვიდნენ. ირაკლი მეფეც კახეთის ჯარით შთამოვიდა და ორნივ მეფენი ქართლ-კახეთისა და ჩერქეზის ჯარით ტფილისით განვიდნენ. როდესაც ესენი სონღალუს შთავიდნენ, მაშინ ბაიდრიდამ აჯი-ჩალაბის შვილი ალიქიში და სხვა ხანები ვინც იყვნენ აიყარნენ და უკან გაბრუნებულნი ყაზახში მივიდნენ: ხანები, რომელიც გემი-ყაიაზედ იდგნენ, აიყარნენ და ვითარცა მეოტნი მსწრაფლ წარვიდნენ და შამშადინში თოუზ ზედ მივიდნენ და იქ ორ-დასტად გაიყვნენ და დაემალნენ ქართველ-კახთა გარნა ამათი ესრეთ საჩქაროდ წარსვლა რომ იხილეს, ამათაც დასტები მოშალეს და ჩაფაულებრ ცხენ-რბევით ჰსდივეს.ხოლო მეფე ირაკლი ამ წინა-ჩაფაულთა შინა იყოფოდა და მეფე თეიმურაზ წყნარად დასტა დაწყობილი წარვიდა. ხოლო ოდეს თოუზზე ქართველთ ჯარი თავს-წვრილიადათ მისრული ნახეს, ისინი დასტა-წყობილნი მზირ უდგნენ და ფიცხელად შემოუტივეს და მრავალი კაცი მოკლეს, ამ დროს მოასწრო მეფე-მან ირაკლიმ და დიდი გრძელი ომი შეექნათ, მოსცა ღმერთმან ძლევა ირაკლის, გაემარჯვა და მრავალი კაცი მოკლეს და მრავალი ცოცხალი დაიჭირეს, ოცდაათი ვერსი ჰსდივეს (რომელ შეკრების ვიდრე სამის საათის სავალად), გამობრუნდნენ გამარჯვებულნი და მოვიდნენ ტფილისს.

ხოლო ამასვე წელსა კვალად ასტყდნენ დაღისტნელნი რბევად ქართლისა, ორასობით და სამასობით დავიდოდნენ მრავლად მრავალთა ადგილთა და დიდად შეამჭირვეს ქართლი და მეფე ირაკლიმ მრავალს ადგილს დახვდა და აოტნა მოწყვეტით ლეკნი, გარნა ეგრეთაცა არა დაჰსცხრნენ რბევად ქართლ-კახეთისად სიმრავლისა-გამო მათისა და განგრძელდა ჰრბევა მათგან ქართლ-კახეთისა.

წელსა 1754, ქორონიკონს 442, ავარის ხანმან, ხუნძახის ბატონმან ომარ-ხან შემოიყარა დაღისტნის ჯარები და მოვიდა უგრძნულად შიგნით კახეთს, იქიდან შემოიარა, მოვიდა არაგვ-ზედ და დუშეთს შემოადგა (რომელ-არს ციხე კობია) და აღიღო იქიდან, მოვიდა მჭადის-ჯვარს და გარს მოადგა: ამისი მცნობელი მეფე ირაკლი კახეთის ჯარით მოეშველა და არაგვზედ დუშეთს მოვიდა და მეფე თეიმურაზიც ქართლით მობრძანდა და ორნი ესე მეფენი დუშეთს შეიყარნენ: მეორეს დღეს მივიდნენ და მჭადის -ჯვარს მდგომს ომარ-ხანს ჭილურტის მხრით შემოებნენ, მოსცათ ღმერთმან ძლევა და განემარჯვათ მეფეთა, დაამარცხეს ხუნძახის ბატონი და მრავალი ლეკი მოკლეს და წარვიდა ხუნძახის ბატონი ფრიად მეოტი. ხოლო მოვიდნენ მეფენი ტფილისს გამარჯვებულნი. მაგრამ არა დასცხრენ ლეკნი კვალად ქურდულად რბევად ქართლისა და კახეთისა, კვალად შეჰკრბენ დაღისტნელნი, მოვიდნენ ქართლში და დირბის ციხეს შემოადგნენ, მოეშველნენ მეფენი და დაამარცხეს ლეკის ჯარი, მრავალი მოსწყვიტეს და ციხე იგი განარინეს აღებისაგან.

წელსა 1755, კვალად შემოიკრიბა ავარის ხანმან, ხუნძახის ბატონმან ომარ-ხან დაღისტნის ჯარები, გარდმოვიდა და მოადგა ყვარელის სოფელსა, ამას მოერთვნენ ჭარელნი და შაქი შირვანელნი, ვითარცა არს ჩვეულება მათი დინ დასლობისა ქრისტიანეთა ზედა. მოვიდნენ და მოადგნენ ციხესა ყვარელისასა კაცი, ვითარ ოცი ათასი და ოცდარვას დღეს გარმოდგომილთა შეამჭირვეს ყვარელის ციხე. გარნა გამოერჩივნენ ქართველ-კახნი მხნენი, ვიდრე ორასამდე და შესწირეს სისხლი მსხვერპლად ქრისტიანობისა და ერთგულებისათვის მეფეთასა, ბრძანებითა მეფეთათა შეეშველნენ ციხესა ყვარელისასა და შეიღეს ტყვია წამალიცა მრავალი: მეფე თეიმურაზ დასდგა თელავს და მეფე ირაკლი წაბრძანდა ქისიყს და იქ შეჰკრიბნა მხედრობანი და გაუსია ჭარს. მოსწვეს ჭარი და მოარბიეს ყოვლითურთ: ხოლო ამისნი მსმენელნი ჭარელნი აირივნენ და გაეცალნენ ყვარელიდამ და ამათ გაჰყვნენ შაქი შირვანელნი და მეფენიცა წარვიდნენ ყვარელის მხრისა-კენ. ჰსცნა ესე ავარის ხანმან, აიყარა და წარვიდა, ვითარცა მეოტი.

წელსა 1755, დაიწყეს კვალად ჰრბევა და ოხრება ქართლისა დაღესტნელთა ქურდულად, ვიდრე ასობით, ორასობით და უმეტესობიცა ვლიდენ მრავალთა ადგილთა ცალ-ცალკე და ამით დიდათ შეაჭირვეს ქართლი გარნა არცა მეფემან ირაკლი მისცა განსვენება თავსა თვისსა დევნისაგან მათისა, რომელმანცა უმრავალ-ჯერეს სდევნა, აოტნა და მოსწყვიტნა, რომლისაცა რიცხვი კნინდა თქმად შესაძლო არს და ესრეთითა შრომითა და სიმხნითა აქვნდა მეფობა და მართვიდა კეთილად: გარნა ეგრეთცა არა დასცხრნენ დაღისტნელნი ავაზაკობისაგან.

ამასვე წელსა საქართველოს თათრის ელები, ჩვეულებისაებრ მთაზე წარვიდნენ, იქიდან გაიქცნენ და ერევნის მამულში შთავიდნენ: მცნობელი ამისი მეფე ირაკლი ზემო-ქართლში წაბრძანდა. იქ იდუმალ ჯარები შემოიყარა აგვისტოს თვესა, თრიალეთი გარდავლო, შთავიდა ერევნის მამულში სეკდემბრის თვესა, არაზის პირზედ ყარსუ ეწოდება, იქ მოეწია და ეს წარსულნი ელნი სრულიად დააბრუნა და ოკდომბრის თვესა თავ-თავის ადგილს დასხნა.

წელსა 1757, ქორონიკონს 445, მეფე თეიმურაზ და მეფე ირაკლი ზემო-ქართლს ბრძანდებოდნენ და წვრილს ლეკის ჯარებს სდევნიდნენ, ორგან, სამგან დაამარცხეს, მივიდნენ ქრცხინვალს მსუბუქად თავის ამალით, დაჰსდგნენ და სხვა დაბარებული ჯარები არა ჰყვათ. ამ ჟამად დაღისტნის ბელადი ჩონჩოლ-მუსა ჰტარისა და იტინა მოვიდნენ ქრცხინვალს დაღისტნის ჯარით, ვიდრე ოთხიათასამდე და პირისპირ სროლა უწვეს და ვინად-გან არა ჰყვათ ჯარები მეფეთა, ამისთვის ვერ იკადრეს რაზმით ომი მინდორთა ზედა და ამის გამო სიმაგრით ბრძოლა უყვეს ძლიერად, რომელ მასვე ღამესა აიყარა დაღისტნის ჯარი, წარვიდნენ და ალის-ციხე აღიღეს და მრავალნი სულნი ტყვე-ჰყვეს.

კვალად წელსა 1758, ქორონიკონს 446, ოკდომბრის თვესა დახვდა დიდი ჯარი ლეკისა ღართის-კარში, კონსტანტინე მუხრანის ბატონი მოჰკლეს და სხვა-გზის ქარავანიც წაახდინეს. ჰსცნა ირაკლიმ, დახვდა ნაფარეულში და ისე მოსწყვიტა, რომელ მცირედნიღა გარდაეხვეწნენ.

წელსა 1759, გარდმოვიდნენ კვალად დაღისტნის ბელადი კოხტა და ჩონჩოლ-მუსა დაღისტნის ჯარებით, ვიდრე რვაათასამდე კაცნი. ესენი გაიყვნენ. ჩონჩოლ-მუსა მივიდა აჩაბედს და აღიღო და მრავალნი სულნი დაატყვევნა. შევლო ლიახვზედ, სამაჩაბლოს ოსები დაარბივა და მუნით წამოსრული ავნევს სოფელს შემოადგა და კოხტა ბელადი ატოცის ციხეს შემოადგა: მივიდნენ მეფენი თიმურაზ და ირაკლი ქართლ-კახეთის ჯარით ყორნისს და მეფე იმერთა სოლომონ შემწე ექმნა მეფეთა და მოვიდა ჯარით და სამთა ამათ მეფეთა შეექმნათ რჩევა, თუ რომელსა მიეშველნენ ავნევს ანუ ატოცსა და უმჯობეს განიგულვეს მიშველება ატოცისა. მივიდნენ მოსწრაფედ და დილის ადრე თავს დაესხნენ ლეკის ჯარს ატოცს, აოტეს კოხტა ბელადი და ლეკის ჯარნი მრავალნი მოსწყვიტნეს და სამთა ამათ მეფეთა სპათა სიმხნე და სიმარჯვე ყოველთა კაცთაგან მოსაწონ-იყო და სდევნეს და ლტოლვილნი იგი ლეკნი მივიდნენ ავნევს და აცნობეს ჩონჩოლ-მუსას ესე ყოველი ყოფილი: ამისი მსმენი ისიცა შემოეცალა ავნევს, მოვიდა და დვანს სიმაგრეში დასდგა ჯარით. მასვე დღესა მოვიდნენ სამნივე მეფენი ავნევს მოსაშველებლად. მაგრამ არღარა ადგნენ ლეკნი ავნევსა. ჰსცნეს მეფეთა დვანს დგომა მათი, მივიდნენ მეფენიცა და პირისპირ დაუდგნენ. გარნა ვერღარა იაკდრეს გამოსვლა ლეკთა საომრად დასტით. არამედ მცირეთა კაცთაგან მოხდა თოფთა ცემანი, სიღამემან უსწრათ და არღარა მოხდა ომი და დასდგნენ მეფენი მას ღამესა ახლოს ლეკისა ჯარისა, ხვალისად ომისა იმედულნი. გარნა მას ღამესავე აიყარა ჩონჩოლ-მუსა და გაიპარა ჯარით, მეორეს დილას ჰსცნეს მეფეთა გაპარვა ლეკისა ჯარისა, წარუდგნენ. გარნა ვერღარა ეწივნენ.

კვალად წელსა 1760, ქორონიკონს 448, წარვიდა მეფე თეიმურაზ როსიასა შინა იმპერატრიცა ელისაბედთან თხოვად შეწევნისა.

ამასვე წელსა ზანდი ქარიმ-ხან განძლიერდა, ყაჯარი მაჰმად-ხან დაამარცხა და ომში მოკლა, ავღანი აზატ-ხან გამოაქცია თავის ქვეყნისაკენ ვერღარა წარვიდა და ადრიბეჟანისაკენ წარმოვიდა ჯარითა და ბევრი ავი საქმე ჰქმნა ავაზაკებრ.

და მოუწერა ქარიმ-ხანმან მეფეს ირაკლის ძმობით და სიყვარულით წიგნი: „აზატ-ხან ადრიბეჟანის მხრისაკენ წარმოვიდა და ქვეყნებს არბევს და აოხრებს და უკეთუ მაინთ გამოჩნდეს სადმე დაიჭირე და გამომიგზავნე, რომლისათვისცა ერანზედ დიდი ვალდებულება გექმნებაო“. ამ ჟამად აზატ-ხანცა იმ ადგილებში ვეღარ მოიცადა და დაღისტნისაკენ წარმოვიდა. ჰსცნა ესე ირაკლიმ და ყაზახში გარდაასწრო და თავის ჯარებით სრულიად, შეიპყრა აზატ-ხან, ქარიმ-ხანს გაუგზავნა და ჯარნი მისნი ყოველნი განათავისუფლნა და თავის ქვეყნებში გაისტუმრა.

ეს საქმე ქარიმ ხანმან დიდათ დაუმადლა და მრავალი ფეშქაშები წარმოუვლინა და დაუმტკიცა ერევანი და მოუწერა ხანსა ერევნისასა: „შენ რაიცა ხარკი სახელმწიფო გედვას ყოველსავე მეფეს ირაკლის მისცემდეო და ჰმორჩილებდე, ვითარცა არს წესი მორჩილებისა“. და მოსწერა სხვათაცა ხანთა ადრიბეჟანისათა მორჩილება მეფის ირაკლისა.

ამასვე წელსა ლეკებმა ჯავახეთი მოარბიეს და მრავალი ქრისტიანე დაატყვევეს, დახვდა მეფე ირაკლი ყარაიაზედ ღამე. ეს ლეკის ჯარი დაამარცხა, მრავალი ლეკი მოჰკლა და ტყვე, საქონელი სულ გააყრევინა და მისცა ნება ყოველთა თვისსავე ქვეყანასა წარსვლისა: ესე გამარჯვება იყო ივნისს 4.

წელსა 1761, წარმოვიდა დაღისტნის ჯარი საქართველოსა საოხრებლად: ჰსცნა რა ესე მეფემ ირაკლიმ ჯარის შეყრა ვეღარ მოასწრო და თვისის ამალით წარვიდა, სუჰყულიანში დაემალა რომელ-არს ნათლის-მცემლის მონასტრის კერძო. იქიდან მეფე ირაკლი ყარაულად წარვიდა და განიმსტრო და ჰსცნა, რომელ ზომად უმეტესობდა ლეკი მისს ჯარზედ, გამობრუნდა და ასეთს ადგილს დაახვედრა და ესრეთ შეაძგერა ეს თავისი ამალა, რომელ მისვლასავეთან აოტნეს და მრავალნი ამოსწყვიტნეს.

წელსა 1762, შიგნით კახეთს ახმეტად სოფელს ლეკის ჯარი მივიდა და ამათ მყისთანად მიუხდა მეფე ირაკლი, შეება და დაამარცხა და მრავალნი ამოსწყვიტნა და დანაშთნი წარივლტნენ სირცხვილეულნი.

წელსა 1763, მოვიდა სამაჩაბლოში კეხვისს ლეკის ჯარი, მიასწრა მეფემან ირაკლი, განემარჯვა და მრავალი მოსწყვიტეს.

წელსა 1764, ქორონიკონს 451, დახვდა მეფე ირაკლი ლეკის ჯარს მრავალ წყაროზედ, გაიმარჯვა და მრავალი ამოსწყვიტეს.

კვალად წელსა 1765, ქორონიკონს 452, ლეკის ჯართა გორი დაარბივეს და ტყვენი წარასხნეს,დაუხვდა მეფე ირაკლი სამგორის მინდორში ღამე, ეს ლეკის ჯარიც სრულიად ამოსწყვიტეს და ტყვენიცა განათავისუფლეს.

წელსა 1767, ერევნის ქურთები განსდგნენ და არღარა მოსცეს ხარკი, წარვიდა მეფე ირაკლი ივნისის თვესა, მათაც ჰსცნეს მეფის მიმავლობა გაიქცნენ და არეზის მდინარესა განვიდნენ, არარატის მთას იქით არა მივიდნენ ეწია ირაკლი მეფე, დაარბია ქურთები და მრავალი იშოვეს, ესრეთ რომელ უმეტეს მოსაცემელისა ხარკისა, ვიდრე ათ-ზომამდე და მოვიდა ტფილისს.

ამასვე წელსა დაღისტნის ჯარი გარდავიდა იმერეთს, რაჭის სოფლები მოარბიეს, სამასამდის ქრისტიანე ტყვე იშოვეს და წარმოვიდნენ: ჰსცნა ესე მეფემან ირაკლი შემოიყარა ჯარები, წარვიდა და იორის წყალზე დასდგა, ყარაულნი განაწესნა ცნობისა-თვის მათის მიმავლობისა: მივიდნენ ლეკნი საქონლით და ტყვით სავსენი, ამათ შეება მეფე, ტყვე და საქონელი სრულიად დააყრევინა და ის ლეკნი ასე გასწყვიტნა, რომელ დაღისტანში იმათი მოამბე ვერღარა მივიდა.

წელსა 1769, ქორონიკონს 457, კვალად განსდგნენ ერევნის ქურთები და აღარა მოსცეს ხარკი, წარვიდა მსგავსადვე ჯარით, მოეწვია, არეზს გაღმა დაარბივა და მრავალი იშოვეს ჯარებმა და მოვიდნენ ტფილისს და ქურთნიცა მოვიდნენ ერევნის მამულში, თვისავე ადგილსა ზედა დასდგნენ და მოსცემდნენ ხარკს და მიერით ვერღარა იკადრეს განდგომა და იყვნენ მოხარკეობასა ქვეშე მეფის ირაკლისასა.

კვალად წელსა 1770, ქორონიკონს 458, განიზრახა მეფემან ირაკლი ახსიხაზედ განმხედრება, ვინაითგან რუსნი და ოსმალნი აშლილინი იყვნენ და რუსეთის მხედრობა აჰბრძოლებდა ოსმალთ საბერძნეთის მხარეს და საქართველოსაცა წარმოუვლინა იმპერატრიცა ეკატირინამ რუსეთის უძლეველი მხედრობა, მხედართ-მთავრობასა ქვეშე ღენერალ-მაიორის ღრაფ ტოტლებეისასა, რომელიცა წინას წელიწადში იყო მოსული და ჰსდგა ჯარით ქრცხინვალს: ეზრახა მეფე ირაკლი ამ ღენერალს ტოტლებენს, შეითქნენ და წარვიდნენ აღსიხად, მივიდნენ და პირველად მოადგნენ აწყურს და რამდენიმე დღე ადგნენ: ამაზედ შეიყარნენ ოსმალნი და დაღისტნის ბელადი კოხტა მაშინ ფრიად გამოჩენილი იყო და ესეცა დიდის ჯარით იყოფოდა ოსმალთ ჯარში შემწედ ოსმალთა, მოვიდნენ და შემოეშველნენ აწყურსა და იყო მარადის ძლიერი ომი და დაუცხრომელი ფიცხელი თოფთა ცემა. ხოლო შთააგდეს შური ბოროტთა კაცთა და უზუდვიდენ ღრაფ ტოტლებენს ავსა სიტყვასა და ამის ძლით შემოსწყრა ღრაფ ტოტლებენი მეფესა, აიყარა თავისის ჯარით და წარმოვიდა. მოვიდა მეფე ირაკლი მრავალს ეხვეწა. მაგრამ მან არა უსმინა და ნებისაებრ თვისისა გამობრუნდა. ხოლო დასდგა მეფე ირაკლი იქვე და სთქვა ესრეთ: „უმჯობეს არს სიკვდილი ჩემი, ვიდრემდის ამათგან რუსეთის მხედრობას ევნოს რამეო“.

ხოლო ამისი მხილველნი ოსმალ-ლეკნი გაბრუნებისათვის რუსეთის მხედრობისა არა მცირედ განჰსძლიერდებოდენ, გამოვიდნენ გაამაყებულნი და შემოებნენ, იქმნა ბძოლა ძლიერი და ფიცხელი, ვიდრე სამ-საათამდე და ლეკნი და ოსმალნი უკუდგნენ სიმაგრეთა და რუსნიცა შემოვიდნენ ხეობაში სამშვიდობოს. და ამისა შემოდგომად მეფე ირაკლი აიყარა მასვე დღესა და წამოვიდა ჯავახეთის მხარის-კენ მინდორ-ზედ, გამოვლო აწყვერიდამ 12 ვერსი და ამას ღამესა იქ დაივანა და გამოჰყვნენ ოსმალ ლეკნიცა: ამას ღამესავე აარჩივეს ოსმალთა კაცნი ცხენოსანნი, მოასწრეს წინ და ასპინძის ხრამის პირი შეუკრეს, მოვიდა მეფე ირაკლი და ასპინძის ხიდის ისრები ააყრევინა და მტკვარში გადააყრევინა: ამ ჟამს ვიეთნიმე ქართველნი ჯარის კაცნი აყრილს სოფლებში საქონლის საშოვრად წარვიდნენ: შემოუტივეს დამალულთა ოსმალთა თავ-წვრილად მიმავალს თარეშის კაცთა, დაამარცხეს ჩაფაული კაცნი და მიჰყვნენ ხოცით, ვიდრე მეფედმდე და ამისი მხედვენლი მეფის ჯარნიც შეიძრნენ, რომელნიც მეფესთან იყვნენ, დაიწყეს ლტოლვად და მეფე ირაკლიცა მოჰყვა მცირედ და ევედრებოდა დაბრუნებასა. გარნა ვერავის ასმინა მცირედთაგან კიდე. უკმობრუნდა თვით მცირედითა, ეკვეთა ძლიერად და ძალით ღვთისათა აოტნა ოსმალნი. ამისი მხილველნი სპანიცა მეფისანი მოიქცენენ და დაუწყეს დევნა ლტოლვილთა ოსმალთა და მრავალნი მოსწყვიტეს.

გამობრუნდნენ გამარჯვებულნი და ვირე ერთი საათი განვიდოდა, უკან გამოდგომილნი ოსმალ-ლეკნი, მოეწივნენ რიცხვით ვიდრე ათასამდე და სპანი მეფისანი გზის სივიწროს მიზეზითა აშლით და თავ-წვრილად მოვიდოდეს დასტა დაწყობილნი. ოდეს იხილნა მეფემან ირაკლი ეს ჯარები მიწევნილი, მაშინვე თვით გამობრუნდა რაოდენითამე ჩინებულითა და შინა-ყმითა თვისითა და შვიდთა ხევსურთა, განჰსწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხელად, ვიდრე სიკვდილადმდე და იყვნენ ყოველნი მეფისა-თანა მყოფნი ქართველ-კახნი მხნედ და უმეტეს შვიდნი იგი ხევსურნი: თუმცა თავადნი მრავალნი სახელოვნად გაისარჯნენ. გარნა განვრცელებისა-თვის დავიდუმე: ამჟამად უკანანიცა ჯარნიცა მეფისანი, რომელნიცა იყვნენ გზის სივიწროვისაგან გაგრძელებულ, ჰსცნეს რა მეფისა ესე ვითარებანი, იგინიცა შედგნენ და ვიეთნიმე მამაცნი კაცნი მობრუნდნენ მეფის-თანა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და თვით მეფემან მოჰკლა დაღისტნის წარჩინებული და მხნე ბელადი კოხტა და მყისვე ივლტოდენ ოსმალ-ლეკნი და მოუდგნენ ქართველ-კახნი და უმრავლესნი ოსმალ-ლეკნი მოსწყვიტეს. ხოლო ლტოლვილთა ოსმალ ლეკთა ასპინძის ხიდს მიჰმართეს და ქართველნიცა ჰსდევნიდენ ფიცხელად, ხიდის ფიცრები უწინარესვე აყრილ იყო და რომელმანცა სიკისკისითა ერთს ისარზედ არ განვლო, მისგან კიდი ყოველნი მოსწყვიტნეს და მრავლნი წყალში შთასცვივდნენ და მოიშთვნენ, ვინაიდგან იმ ჟამს მტკვარი განდიდებულიყო, ამისთვის ვერ უძლეს მშვიდობით განრინება მტკვრისაგან. მრავალი იშოვეს ქართველ-კახთა და მოვიდნენ ტფილისს გამარჯვებულნი.

წელსა 1771, ქორონიკონს 459, მეფეს ირაკლისთან იყო ლვოვი ივან ლავრენტიჩი მინისტრად წარმოდგენილი, ამან უთხრა მეფეს ირაკლის: „ვინაითგან თქვენსა და ღრაფ ტოტლებენსა შორის შფოთი რაიმე არს შთამოვარდნილი, თუ რომ ოსმალთ არ აეშლები და ერთს რასმე სამსახურს არ დაანახვებ იმპერატრიცა ეკატირინა ხელმწიფას, შენ უთუოდ ღრაფი შეგასმენს და ეს ასე არ ვარგაო“. ამისის რჩევით განიგულა მეფემან ირაკლიმ აშლა ოსმალთა და მოიბირა ერთი ბელადი ხერთვისისა, შეჰყარა ჯარები, მივიდა საწინააღმდეგოდ ხონთქრისა და რომელიცა არის პირველი ციხე ათაბაგისა ხერთვისი, დიდად განმაგრებული იგი, აღიღო და თვისნი მეცხოვნენი შეაყენნა, გარნა ლვოვ-მან ივან ლავრენტიჩმან არა ინება ციხისა შენახვა,სიტყვითა სმით „რომელ ესე საქმე ერთგულებად რუსეთის ხელმწიფისად კმა არსო და ციხეში მცველი კი ნუღარ შეაყენებო. ამისთვის რომელ არამც ხონთქრის ძალი მოვიდეს და ეს ციხე, რომ ძალად აგვართვან სირცხვილი არისო“.

მაშინ მეფემან ირაკლი გამოიყვანნა მცველნი, ხერთვისის ციხეს შეყენებულნი და მრავალი ტყვე და საქონელი გამოიტანეს და ძვირ-ფასი ნივთები იშოვეს, რომელშიაც ესახლნენ მდიდარნი ხალხნი და არს იგი ხერთვისი ქალაქი და ამის გამო აქვნდათ მრავალი სიმდიდრე. მეფე ირაკლი ჯარით ქართლში გარდმოვიდა. მაგრამ სამაგიეროდ ხერთვისისა გამოუსია აღხახის ფაშამ ოსმალისა და ლეკის ჯარი ქართლის მოსარბეველად, იმ ჟამს მეფე ირაკლი ქრცხინვალს უდგა და ეს ჯარი რა ხვითის სოფელს მოუხდა და ამ ზემო მინდორზედ ჩაფაული გამოუშვეს, მოასწრო სწრაფად მეფემ ირაკლი სოლთვისის მინდორზედ, დაამარცხა ოსმალ-ლეკნი და მრავალნი მოსწყვიტნეს და ლტოლვილნი ოსმალ-ლეკნი ავიდნენ აღსიხას, ხოლო ამა ზედ გაიერთა აღსისიხ ფაშამ ლეკნი, მოიყვანა დაღისტნის ჯარები და აოხრებდენ ავაზაკებრ ქართლსა და იყო მარადის ქართლსა შინა მათგან დაუცხრომელი ჰრბევა, თუმცა მეფემან ირაკლი არა მისცა თავსა განსვენება და მრავლგზის დაამარცხნა ლეკნი. მაგრამ იგინი არა დაჰსცხრნენ და ესე ყოველი აცნობა ლვოვმან ივან ლავრენტიჩმან იმპერატრიცა ეკატირინას.

წელსა 1772, ქორონიკონს 460, კვალად უთხრა ლვოვმან ივან ლავრენტიჩმან მეფეს ირაკლი: „ერთხელ კვალად დაჰკარ ხონთქრისა მამულსაო, რომელ შენს ერთგულებაზედ გული დააჯერესო“. ეზრახა ამ საქმეზედ იმერთა მეფესა სოლომონს, შეჰკრბნენ ორნივე მეფენი სურამის ბოლოს, გარდავლეს მთა საციციანოსი, მივიდნენ და ჯავახეთის ახალქალაქს შემოადგნენ და ძლიერად შეამჭირვეს, კნინღა აღებადმდე. გარნა ამ ჟამსა მეფე იმერთა სოლომონ ფრიად ავად შეიქმნა საოფლით, რომელი სიკვდიდ მიახლდა. ამისთვის ინებეს წარმოყვანა მეფის სოლომონისა, გაუკეთეს, მოაბა, აიყარნენ იმერნი და წარმოიყვანეს მეფე სოლომონ და მეფე ირაკლიცა შემოეცალა ციხესა ახალქალაქისასა და მოარბიეს მამულნი აღსიხისანი, არტაანი და ჯავახეთი, მრავალი ტყვენი და საქონელი წარმოასხეს და წარმოვიდნენ. ხოლო ესეცა მისწერა ლვოვმან ივან ლავრენტიჩმან იმპერატრიცა ეკატირინა ხელმწიფას და აცნობა ერთგულობა მეფის ირაკლისა და მეფის სოლომონისა: ხოლო შემდგომად ამისა იმპერატრიცა ეკატირინამაც წარმოუვლინა ღენერალ-მაიორი სუხოტინი და დაიბარა ღენერალ მაიორი ღრაფი ტოტლებენი.

ამისა შემდგომად მიესმა ესე ყოველი ყოფილი მეფის ირაკლისაგან ხონთქარს და განძვინდა მეფეს ირაკლის ზედა და მისცა აზრუმს აქეთი სულეიმან ფაშას და წარმოუგზავნა უნჯი, რათა განიმრავლოს ჯარები და ემტეროს მეფეს ირაკლის და ქართლსა.

ხოლო მან წარგზავნა საგანძური დიდძალი დაღისტანს და მოიყვანა დაღისტნის ჯარები აღსიხას და იწყო ავაზაკებრ რბევა ქართლისა და იმპერატრიცა ეკატირინამაც წარასხნა მხედრობა თვისი მიზეზითა ამით, რომელ ზავ-ჰყო ხონთრისა თანა და საქართველოცა დაშთა მფარველობას ქვეშე რუსეთის იმპერატორისასა: გარნა არა დასცხრა სულეიმან ფაშა, ბრძანებითა ხვანთქრისათა და იყო მარადის ტყვენვა. ოხრებასა შინა ავაზაკებრ და ჯარადაცა წარმოავლინა ერთ პირი ჯარი ზემო-ქართლს, მოარბიეს ზემო-ქართლი და მოვიდნენ უფლისციხეს: ამ ჟამად კახეთის ჯარი იყოფოდა ქართლსა და ეწივნენ ქართველ-კახნი, ეწყვნენ და იძლივნევ ქართველ-კახნი და მრავალნი მოსწყვიტეს ოსმალ-ლეკთა. ხოლო დღეს მეორესა ქალაქის პირსა გამოუშვეს თარეში ოსმალ-ლეკთა, განვიდა მეფე ირაკლი, შეება და მრავალი ოსმალ-ლეკნი მოსწყვიტნა და აოტნა და სადაცა განემარჯვა იქვე გარდახდა ვანად: გარნა მოერთვა ამასვე ჟამსა ამბავი: „უფლისციხეს თქვენი ჯარი დაამარცხესო“, რომლისათვის ფრიად მწუხარე იქმნა.

ხოლო დროსა ამას განძლიერდა ქარიმხან და ჰსცნა მეფის ირაკლისაგან რუსეთის იმპერიისა საფარველოსა ქვეშე შესვლა განძ ვინდა ამის თვის, ვინაიდან იყვნენ მრავალნი მეშურნენი მეფის ირაკლისა ქარიმ ხანისათანა, რომლისათვის შეჰკრიბნა ჯარნი ერანელნი და მოვიდა თავრიზს და ჰსცნა რა მეფემან ირაკლი მომავლობა ქარიმ-ხანისა არა მცირედ მწუხარე იქმნა, ვინაიდგან იმედეულმან რუსეთისა მფარველობისამან არა რიდა ბრძოლად ხვანთქრისა და არცაღა ჰმორჩილებდა მოადგილესა ყაენისასა და ამ ჟამად დაშორვებულიყო მფარველობა რუსეთისა. გარნა გამბედავმან და გამოცდილმან ირაკლი წარგზავნა ორნი სანდომნი გვამნი კარისკაცნი თვისნი, თავადნი. ანდორნიკაშვილი ქაიხოსრო მდივან-ბეგი და თავადი თარხნისშვილი ზაზა ყორიასაულ-ბაში დესპანად და აცნობა ყოველივე ერთგულება და მხნეობა თვისი, თუ ვითარ ჰბრძოდა ოსმალთა და აქვნდა ოსმალთაგან შეწუხება. ხოლო მივიდნენ რა ესე წარგზავნილნი თავადნი თავრიზს ქარიმ ხანთან, რომელიცა მზად იყო წარმოსავლელად და ბრძოლად მეფის ირაკლისად. მაშინ მისრულთა ამათ თავადთა მრავლითა ლაპარაკითა და ღონისძიებით, ვითარცა აქვნდათ დაბარება მეფისა ირაკლისაგან, ეგრეთ მოამშვიდეს ქარიმ-ხან, რომელ უკუნ-იქცა თავრიზით და განერა მეორეს მძლავრსა მეფე ირაკლი. გარნა ვერა დაამშვიდა აღსიხის-ფაშა სულეიმან და ბრძოლა მარადის ლეკის ჯარითა ქართლსა. მოვიდნენ უგრძნულად და ქრცხინვალი წაახდინეს, რაც ციხეს გარეთ ხალხი იყო სულ დაატყვევეს, ვიდრე ექვსას სულადმდე და ოსიაურის ციხეც აღიღეს და იქმნა ესე ყოველი ბოროტშემთხვეულება მიზეზითა ამით,რომელმანცა ურჩია აშლა ოსმალთა და არა ჰყვა შემწე, რომლისა გამო არა ერთგზის მიეცა მწუხარებანი. გარნა ეგრეთცა სიმხნითა თვისითა ვერცა რომელმან მძლავრმან დაიმორჩილა ირაკლი მეფე პყრობადცა თავისუფლებისაგან და მარადის ჰბრძოდა ოსმალთა და ლეკთა. ვინაიდგან ჰბრძოდა მძლავრი ვინმე ხელმწიფე და არა აქვნდა პირდაპირ ძალი, არცა ჯარითა და არცა ხაზინითა და თვინიერ სიმხნისა კიდე არა რაი აქვნდა პირისპირი თანასწორება: მაშინ ფრიადისა ღონისძიებითა და შრომითა ეძებს მამულსა თვისსა მიწა ოქროსი და ვეცხლისა, რომელმანცა იპოვა სომხეთის მამულსა შორის აღტალას, რომელ-არს მამულობით თავადთა სომხითისა მელიქისა და მოიყვანნა საბერძნეთით ბერძენნი მცირედნი. გამომდნობელნი ოქროსა და ვეცხლისა მიწისანი. ვითარცა დაიწყო მადნისა მის მუშაკობა. ისარგებლა მით ფრიად, ხოლო ამ მადნების ძებნის ჟამსა შთამოვიდა თვით სულეიმან ფაშა დიდის ჯარით და მოადგა ქარელის ციხეს, ერთი დღე ადგა, მეორეს დღეს მიუტანეს მას ამბავი: „მეფე ირაკლი წამოვიდა შენზედაო“. აიყარა მსწრაფლ და ვითარცა მეოტი ივლტოდა. გარნა იყო მარადის ავაზაკებრივ რბევა რაოდენსამე წელსა.

კვალად მოუვიდა ამბავი მეფეს ირაკლის: „დაღისტნის ჯარი შეუყრია ფირუდად ბელადს და ალაზანს გამოვიდაო“. ამისთვის წარვიდა მეფე ირაკლი და სამგორის გზა შეუკრა, დახვდა ღამე და დიდად დაამარცხა.

კვალად იყოფოდა რა მეფე ქისიყს, გამოვიდნენ ჭარელნი და თარეში მოუშვეს. გაუხდა მეფე ირაკლი თავისის ამალით და მდევრით და ძლიერად დაამარცხა. ხოლო ესე ვითარნი გამაჯვებანი ირაკლი მეფისაგან უანგარიშონი არიან და ამად ყოველივე ვერ მოვიხსენეთ. არამედ იგი აღვრიცხეთ, რომელი ღირსად-ხსოვისა იყო და სხვანი მრავალნი წვრილნი გამარჯვებები დავიდუმეთ.

კვალადცა არა დასცხრებოდა ფაშა აღსიხისა სულეიმანდა მარადის აბეზღებდა ხონთქართან მეფეს ირაკლის, რომლისა-გამო სარგებლობდა ძლიერად ხაზინის მოტანითა და აგრეთვე საქართველოს რბევითაცა. გარნა დარწმუნებულიყო ხვანთქარი, რომელ ფრიად შეაწუხა მამული მისნი და ამისთვის წარავლინა ელჩი თვისი ხვანთქარ მან ერანის მეპატრონის ქარიმ ხანისათანა და შეუთვალა: „თუმცა ჩვენსა და თქვენს შორის არს მშვიდობა, რამეთუ ზავ გვიყოფიეს. მარამ ეგრეთცა აღგიშვია ერთი ლომი (რომელ-არს საქართველოს ვალი), რომელიც აოხრებს მარადის სამფლობელოსა ჩემსა და ამის გამო იხარჯვის ჩემგან არა მცირედი ხაზინანი, რომლისათვის მაქვს განცხადება მეგობრობისადმი თქვენისა, რათა დააყენოთ იგი ესე ვითარისა მძლავრებისაგან“. ხოლო მსმენელი ამისი ქარიმ-ხან ეტყოდა ვეზირთა თვისთა და ადრიბეჟანისათა ხანებთა, რომელნიცა აბეზღებდენ მეფესა ირაკლის: „შეხედეთ მეფეს ირაკლის, ახლა მე ის როგორ არ უნდა მიყვარდესო, რაც ჩემთვის უმსახურია, იმას გარდა ეს უმეტესი ჩემი დიდება არის, რომელ ხონთქარი დააჩოქა და ჩემთან აჩივლებსო, ამისთანა კაცი ერანის ხელმწიფესაგან დიდად პატივსაცემელი არისო“. რომლისათვის განუცხადა სიყვარული და მოსწერა წიგნი ქარიმ ხან-მან მეფესა ირაკლი და წარმოუგზავნა ხრმალი და ცხენი ოქროსი იარაღითა აღკაზმული.

შემდგომად ამისა განიზრახა ხვანთქართან გაგზავნა ელჩისა და წარავლინა კარისა თვისისა მირზა გურგინა, სომეხი ვინმე ყარაბაღით მოსრული. გარნა მრავალთა ენათა მეცნიერი და ცნობით გონიერი, რომელიცა მოვიდა კონტანტინუპოლის და ყოველივე დაბარებული მეფისა ირაკლის მიერ, განუცხადა ვეზირსა ხვანთქრისასა, რომელმანცა მიიღო იგი და დიდი პატივსცა: თუცა აქვნდა მრავალი წყენა მეფის ირაკლისაგან მაგრამ დიდად მხიარულ-იქმნა ვეზირი მისვლისათვის ირაკლის ელჩისა, ცნობილიყო მეფე ირაკლი ფრიად წინააღმდგომ ყოველსა ხვანთქრისა საბრძანებელთა შორის და ამის-გამო ესე ვითარითა პატივითა შეიწყნარეს, რომელ უმეტესისა წადილი არღა-რა აქვნდა ელჩსა მეფისა ირაკლისასა: აჩუქეს მრავალი, წარმოუვლინეს დესპანი, მოუძღვანეს ცხენი შვენიერად აღკაზმული და ძვირფასი ქურქი და გარდა ამისა, რომელიცა უწინარეს ამისსა დატყვებულნი ხალხნი აღსიხას წარესხათ რაოდენნიმე თავადთა გვამნი ცოლ-შვილით და სხვანიცა მდაბალნი გლეხნი, რომელნიცა ქრცხინვალით წაყვანილიყვნენ და გინა-თუ სხვათა სოფლებთაგან აღსიხას იგინი ყოველნი განათავისუფლნეს და მოუწერეს სულეიმან-ფაშას განთავისუფლება მათი და მშვიდობა უერთიერთისადმი და მოიყვანეს იგი ტყვენი ტფილისად და რომელნიცა ჰყვა ფაშას ჯარად დაღისტნელნი, იგინიცა დაითხოვა მამულისაგან თვისისა. მაგრამ ჩვეულნი იგი ლეკნი არა დაცხრებოდნენ რბევასა ქართლისასა. არამედ მოჰსცა ღმერთმან მეფესა ირაკლის ძე ერთი სახელად ლეონ, რომელიცა ემსგავსა მამასა თვისსა სიმხნითა და მრავალგზის შემუსრნა მან ლეკნი და მოსპო ამან ლეონ ხშირად რბევა ქართლისა ლეკთა-გან და ეგრეთვე განაწესა მეფემან ირაკლი მორიგე ქართლ-კახეთით, რომლითაცა დიდად ისარგებლა და იყო მარადის სამი ათასამდის განმზადებული ჯარი, თავადნი, აზნაურნი და გლეხნი და ამათთანა თვით და ძენიცა მისნი, ყოველნივე თვითოსა თვესა გარდაიხდიდენ და სადაცა იყო ლეკთაგან საფიქრო ადგილი, იქ მდგომარეობდენ, რომლისა-გამო დიდად შეშინდნენ ლეკნი და ამის-გარე კვალად შეირიგა დაღისტნის პირველნი ბელადნი და თვით ომარ-ხან და მისცა ჯამაგირი რაოდენ ძალ-ედვა და ამ ჟამსა ფრიად დაამშვიდეს ქართლ-კახეთი და იწყეს მოოხრებულთა დაბნებთა შორის საქართველოსათა შენობა და მრავალნი სოფელნი აშენდნენ ქართლ-კახეთსა შინა და სომხითსა.

ხოლო წელსა 1780 ქორონიკონს 467, ერევნის ხანი ასან ალი-ხან უკუდგა და არღარა მოსცა ხარკი, წარუგზავნა თავადი თარხნისშვილი ყორა-იასაულ-ბაში ზაზა და განუახლა ყოველი შრომა თვისი და სისხლ დათხეულება ქართლ-კახეთისა ერევნისათვის და თვით ამ ასან ალი-ხანის ხანობის მიცემა, თუ ვითარ მისცა ხანობა ერევნისა მეფემან ირაკლი: თუცა ესე ყოველი ყოფილი საქმენი განუცხადა. გარნა არა ისმინა, ვინაიდგან აქვნდა შემატებული ძალი რაიმე გამრავლებისა-გამო ყმისა და სიმდიდრისა, რომელმანცა შემოუთვალა სიტყვანი ფრიად მკვახენი.

და ბრძანა მყისვე მეფე-მან ირაკლი მოწვევად ლაშქრისა ქართლ-კახეთისა და ლეკნიცა მოიწვია ჯარად რაოდენიმე ათასი და წარვიდა ამასვე წელსა აგვისტოს, მივიდა და დასდგა შირაბათის სოფელში, რომელი შორავს ერევანს ვიდრე ორს აღაჯადმდე და იწყო ჯარ-მან რბევად ერევნისა და აღარსად დარჩა შენობა, თვინიერ ერევნისა და ეჩმიაწინისა.

ამასვე დროსა დამორჩილებულიყვნენ ირაკლისადმი განჯა, ყარაბაღი და მოერთვნენ იქიდან ჯარნიცა რაოდენნიმე ათასნი, ხოლო ერევნით ლტოლვილნი ელნი წარმოსულიყვნენ ბაიაზეთის მამულში, რომელიც არის სამფლობელო ხვანთქრისა. წარვიდნენ ქართლ-კახეთის თავადნი და ჯარნი და მოარბიეს სრულიად მამული ბაიაზეთისა და მრავალი ტყვე და საქონელი წარმოასხეს: მოეწივნენ ქურთნი. გარნა იგინიცა დაამარცხეს და შეურაცხჰყვეს და ყოველი ადრიბეჟანის ხანები დაემორჩილნენ მეფესა ირაკლის და მოართვეს ელჩნი და ფეშქაშნი ძვირფასნი თავრიზის ხანისგან ხუის-ხანისა, ურუმის ხანისა, შაყაყის-ხანისა, ბაიზეთის ფაშისა და ყარსის ფაშისაგან და ეგრეთვე მოერთვა ერევნის მამულში მდგომი შამადიანღა ქურთი, ძლიერი კაცი და მრავალთა ქურთთა მეპატრონე და მისცა თავი თვისი ყმად. გარდა ამისა შორაგალის სულთანი ყარამან მოვიდა და მოერთვა ყმად ყოვლითა შორაგლის ხალხითა და მამულითა და ესოდენ განძლიერდა ერევანს ყოფისა ჟამსა მეფე ირაკლი, რომელ ელოდნენ ერანელნი უთუოდ გახელმწიფდა და ერანი ნაწილებსაც დაიჭერსო. ვინაიდგან აქვნდა ცნობა ნადირ შაჰთან ყოფილთა და ესმოდა მარადის სიმხნე ქველობა მისი და ვერცა ვის ჰხედვიდენ მოპირდაპირედ ირაკლისა და ამისთვის დიდად ჰფიქრობდნენ და ყოველთვის მოლოდება აქვნდათ. „ერანისკენ წარმოვაო“ - ესოდენთა მიზეზთა გამო დიდად შეამჭირვეს ერევანი და იხვეწებოდა შერიგებასა.

ხოლო ერთსა დღესა წარმოვიდა მეფის ირაკლის ძე გიორგი, რათა გარდახედოს ერევნის ციხესა და ქალაქსა ერევნისასა: მაშინ იხილეს რა მცირე ცხენოსანნი მახლობლად მისრულნი ერევნელთა, გამოვიდნენ იგინიცა, შეხვეწნის უიმედონი და დიდითა მჭიდროებითა თავ-განწირულნი, ეკვეთნენ სავნებელად ამ მეფის ირაკლის ძეს გიორგის და შეექმნათ ომი ძლიერი: და ვინად-გან ეს ერევნელნი უმეტეს მახლობელ-იყვნეს ციხისა. ამის თვის არა მცირედ შეაწუხეს მეფის ძე. ხოლო ესე აცნობა გიორგიმ მამასა და სთხოვა ჯარი შემწედ. მაგრამ ჯარნი მეფისა ირაკლისა უმეტესნი ნაწილნი წასულიყვნენ ჩაფაულად და რაოდენიცა თანა ჰყვა, უბრძანა მიშველება ძესა თვისსა ლეონს და სპათაცა და ეგრეთვე აღმხედრდა თვითცა მეფე ირაკლი და სარდალნი მისნი, მიჰმართეს ბრძოლასა მას და ერევნითცა გამოვიდნენ რადენნიცა იყოფოდენ მბრძოლნი და შექმნეს ბძოლა ძლიერი, ვიდრე სამ-საათამდე: თუმცა ვერ შემძლებელ იყვნენ ესოდენ ჟამ პირის პირ ომისა. გარნა აქვნდათ ერევნელთა ფრიადნი სიმაგრენი კლდეთა და კედელთანი და ჰყვათცა ლეკნი მეომრად ხანსა ერევნისასა და ჰმაგრობდენ მით.

ხოლო მხილველი ამისი მეფე ირაკლი განრისხდებოდა, ვითარცა თხათა ზედა ლომი და ამ დროს მცნობელმან ვინმე ერევნის ციხით ესროლა პირის პირ ზარბაზანი მეფესა ირაკლის და წინამდებარესა კლდესა მოჰხვდა, რომელიცა განერა ფრიად განსაკვირვოდ და შემდგომად ამისა განრისხებულმან აღუზახნა მჭრისედ სპათა და მყისვე აოტნა და მოსწყვიტნა ფრიადნი და მოსპო ყოველი ძალი ერევნისა და მრავალნიცა ცოცხალნი შეიპყრეს და მისცა ბძანება სპათა თვისთა, რათა ყოველ მან კაცმან სახლი გაიკეთოს და იზამთროს იქ: მხილველნი და მსმენელნი ამისნი, ფრიად მძრწოლარე იქმნენ და ევედრა ერევნის ხანი და დაიდვა, ვიდრე ოთხი ათას თუმნადმდე გარდაკვეთით და უმეტეს სხვაღა ფეშქაში შესამატნი მოერთმეოდეს. გარნა არა დაჰრთო ჯერეთ ნება მეფემან ირაკლი.

ხოლო იქ ყოფასა შინა მოუვიდა წიგნი ქართლი რომელ: „მოვიდა ბაქარ მეფის შვილი ალექსანდრე იმერეთს და მეცადინეობს, რათა ვიეთნიმე ქართველნი შეიტყუოს და გარდაჰბიროს“ თუმცა არა სარწმუნო იქმნა გარნა ურჩივეს ვიეთთამე ვეზირთა და უმეტეს ტფილისით დაუწყეს წიგნების წერა ხშირად: „მოეშველე ქართლს, თუ არა საქართველო აირივაო“. და ამის მიზეზით გამობრუნდა ერევნით მესამეს თვესა. აჰყარნა მრავალნი მეკომურნი სომეხნი და წარმოასხნა საქართველოსა შინა, რომელნი დღესცა მდგომარებენ რაოდენსამე ადგილსა და სხვა ტყვე, საქონელი ურიცხვი იშოვეს ჯართა, მრავალი თეთრი მოართვა ოქივატერმა და ზემოხსენებული რიცხვი თეთრისა დასდვა ერევანს ხარკად. შემდგომად განუწესა მოურავიცა თვისი მუხრანის ბატონი, სიძე თვისი იოანე, კონსტანტინეს ძე და იყო ერევანი მოხარკედ მეფის ირაკლისა, ვიდრე მოსვლადმდე ყაჯარი აღა-მაჰმად ხანისა.

შემდგომად რაოდენისამე წლისა კვალად იძია შური სულეიმან ფაშამ და იწყო საქმობა იდუმალ შუშის ხანთან და დაღისტანში ომარ ხანთან და ეგრეთვე ასტეხნა ლეკნი მარბეველად ქართლისა დაფარვით რომელიცა ჰმართლობდა თავსა მეფეს ირაკლის-თან, რეცა არა იყოს ნება მისი, ოდეს მიესმა აღსიხის მხრით ავაზაკობდენ. ჟამსა ამას მოიწია უბადრუკება და გარდაიცვალა ძე ირაკლი მეფისა ლეონ და ოდეს მიესმა აღსიხის ფაშას სულეიმანს, მაშინ ჰსთქვა ფაშამ: „მოხუცების ჟამსა მეფეს ირაკლისსა ერთი ფარდა აქვნდა საქართველოს, რომელიცა ოთხ კერძოვე იგურდივ იფარებდა და აწ დიდი შემწე მოეშალა ირაკლი მეფესაო“. ჰსთქვა ესე და უმეტესად განიგულვა ქართლის ოხრება: მაშინ მეფე ფრიად მგლოვარე ძისათვის ლეონისა დამცხრალ იყო ომებისაგან და აღარ ნებავდა ლაშქრობა, არცა ერთსა მხარესა და აღსტყდენ ლეკნი აღსიხის მხრით ოხრებად ქართლისა: ამისსა შემდგომად ჰსცნა იმპერატორმან ეკატირინა როსიასამან წინანი ქმნილნი და შემდგომნიცა ესე აღსიხის ფაშისაგან საქართველოს რბევა და ოხრება, რომლისათვის წარმოავლინა მეფეს ირაკლისთან მინისტრად პოლკოვნიკი და ორი ბატალიონი მხედრობა: გარნა უმეტეს განძვინდა სულეიმან ფაშა და შექმნეს სხვათა ადრიბეჟანის ხანებთაცა შიშნეულება მხედრობისა გამო რუსეთისა. ვინაიდგან აქვნდათ მარადის რიდი მეფისა ირაკლისაგან და უმეტესად განიგულვეს მაშინ დაპყრობა თვისი ძალითა როსიის მხედრობასათა და ამის გამო შეექმნათ ურთიერთისადმი დაფარვით დინთასლიბისა თანხმობა. ხოლო ამას ჟამსა ეპყრა საყმოდ განჯა და ყოველი მამული მისი მეფესა ირაკლის და აქნდა ფრიადი მეგობრობა შუშის ხანსათანაცა, რომელიც ერთი ამისი კაცი და ერთი მეფის ირაკლისა განაგებდენ ქალაქსა განჯისასა. გარნა ზემო ხსენებულისა ფიქრისა და შურისა გამო გამოაძეს მუნ მყოფი იგი კაცი მეფისი ირაკლისა, თავადი ანდრონიკაშვილი, მდივან-ბეგ ქაიხოსრო, შეიყვანეს იგივე მემკვიდრე ჯავათ-ხან და დასვეს ხანად მასვე დროსა სულეიმან ფაშამ მოუწოდა დაღისტნის ომარ-ხანს, ხუნძახის ბატონს, მან შემოიყარა დაღისტნის ჯარები და ეგრეთვე ჭარელნი, ვიდრე ოცი ათასამდე და მოკიდა ურდოზედ (რომელ-არს ალაზნის პირი) და მოვიდა მეფე ირაკლიცა რუსეთის მხედრობით ქისიყს და დასდგა სიღნაღს, რომელ ხუნძახის ბატონი სიღნაღზედ მისვლას აპირებდა და იქ მოელოდა მეფე ირაკლი.

გარნა იგი აიყარა უგრძნულად, ამოვლო ჭირხლის ხევს, ამოვიდა დედოფლის წყარო-ზედ და გარდავიდა იორ-ზედ. მცნობელი ამისი მეფე ირაკლი გამოუდგა ჰსწრაფად რუსის მხედრობით, გარნა ვერღარა ეწივა, მივიდა ომარ-ხან ახტალის მადანში, აღიაღო ციხე ახტალისა, აღაოხრა მადანი და დაატყვევა ყოველნი იქ მყოფნი ბერძენნი და ქართველ-სომეხნი და აღვიდა აღსიხის ფაშასთან, რაოდენსამე ხანსა იქ განისვენა და შემდგომად წარმოუძღვარა კაცი ფაშამ ხუნძახის ბატონს და მოჰგზავნა სააბაშოზედ და ვახანის ციხეს მოადგა აქაც მიეშველა მეფე ირაკლი თვისისა და რუსის მხედრობით მიბრძანა სურამს: გარნა ვერ დაამტკიცეს მისვლა ვახანს და მიშველება მისი, ვინაიდგან არ იყო ადგილი მარჯვე, რათა რეგული მოხმარებულ-იყო და აღიღეს ციხე ვახანისა და მრავალნი სულნი დაატყვევეს და თავადნი აბაშიძენი ცოლ-შვილით და სიმდიდრითა და ყოველითა საგანძურითა ცარიელ ჰყვეს და წარასხეს და უკუნ-იქცა ომარ-ხან აღსიხადვე. მას ზამთარს იქ ისადგურა და მეორე ზამთრის პირს შემოდგომზედ გამოისტუმრა: გარნა ვერღარა იკადნიერა შთამოვლა ქართლზედ. არამედ განვლო მთანი და შთავიდა ყარაბაღში იბრაიმ ხანთან.

შემდგომად ამისა მეფე ირაკლიცა წარვიდა განჯას და ეგრეთვე მხედრობაცა რუსეთსა თანა-წარასხნა. ვინაიდან მასვე წელსა გაქცეულიყვნენ საქართველოს ელნი ყაზახისა და შამშადილოსნი და იყოფოდენ განჯა-ყარაბაღსა შინა და ყარაბაღითაცა გამოიქცნენ მელიქნი იბრეიმ ხანისანი, სომხნი ფრიად მდიდარნი და განძლიერებულნი ყმითა და ციხე სიმაგრითა, რომელნიცა მოვიდნენ მეფეს ირაკლისთანა და ჰსთხოვეს შეწევნა, რათა მისცეს ჯარი და აყარონ ყოველი საყმო თვისი. ამისთვის წარგზავნა, ძე თვისი იულონ და წარატანნა სარდალნი და სპანი საქართველოსანი. მივიდნენ რა მამულსა ყარაბაღისასა, იქ მოეგება ჯარი და სარდალი იბრეიმ ხანისა და მოინებეს აყრა მელიქებისა.

მაგრამ ჟამსა ამას განუცხადა მინისტრმან ბურნაშოვმან: „რომელ ბრძანება მომივიდა, დღესვე უნდა გავბრუნდეო“. ჰსთხოვა მოცდა. მაგრამ არა ინება პოლკოვნიკმან და გამობრუნდა განჯიდან და მეფეცა მათთანა.

ხოლო ამასვე ჟამსა თანხმობისათვის იბრაიმ-ხანისა შთამოვიდა ომარ-ხან ჭარში დაღისტნის ჯარებით და მეფე ირაკლი მიბრძანდა ქისიყს, რამეთუ რუსეთის მხედრობა მოვიდა ტფილისს და იქიდან წარვიდნენ რუსეთს. ომარ-ხან რაოდენსამე თვესა ჭარში დარჩა. მაგრამ ვეღარა იკადრა, მოსვლა ქისიყზედ, გაბრუნდა და შამახიას მოადგა.

ხოლო მეფობასა ამისსა, რომელიცა დავსწერე ძლევანი სახელდობ, გარდა ამისა ვჰგონებ უმეტეს ოცდაათისა ძლევანი მიეღოს და ჰყვა სიცოცხლესა მისსა მოხარკეობასა შინა განჯა, ყარაბაღი და ერევანი და ჰმსახურობდენ შესაბამითა ვალდებულებითა, ვიდრე მოსვლამდე ყაჯარი აღმამად-ხანისა.

მეფობასა ამისსა აშენდნენ სიმაგრენი ქართლ-კახეთისანი, ვიდრე ას სამოცამდე გალავანი და ბურჯნი მტერთათვის. ხოლო თვით მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა, ბოჭორმისა, ჭოეთისა, გალავანი სევირელისა, საუბისა, გრემისა, ფედისა, პატარძეულისა და ნორიისა.

ხოლო შრომანი და ღვაწლნი მეფის ირაკლისანი არა ადვილ შესაძლებელ იყო აღწერად. არამედ რაოდენ ძალ-მედვა სმენითა და მეხსიერებითა, სარწმუნოთა კაცთაგან ცნობით აღვსწერე. ხოლო რომელნიცა მოიწია მასზედა, ჟამსა ღრმად მოხუცებისა მისისა, საქმე უბედურებითი და მოვიდა აღა-მამად-ხან და აღაოხრა ტფილისი, მისთვის არარა დამიწერიეს ჯერეთ. ვინაიდგან მიზეზნი და ვითარებანი განვრცელდებიან.