ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო!

ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო!
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1910 წელი


I

შემოდგომის ჟინჟლიანი დილა იყო, ნისლი აბლაბუდასავით იბმოდა ხეტეს სახლის წინ, ბლისა, ალუბლისა და ქლიავების ტოტებში. სთხოვდა რასმე, თუ რამ მოუტანა გაცვრცილს ხეებს, დღესაც არავინ იცის. ეტყობოდა, ნისლი დიდხანს არ უნდა დარჩენილიყო ხეტეს ეზოში: დილის მზის სხივს ელოდა მხოლოდ, რომ იმას უსაქმურად არ დანახვებოდა; ვგონებ, იმიტომ უფრო დაფუსფუსებდა. ჰნახავდა რა მზის შუქი, წავიდოდა და იქვე მახლობელ სერზე დაისვენებდა გაბუტულ პატარძალივით.
ხეტე ნისლს ყურს როდი უგდებდა. გულმოდგინედ დერეფანში გოდორსა სწნავდა: გვერდზე წნელის კონა ედო; სწნავდა ხეტე გოდორს და თანაც ხვნეშოდა, კაცს ეგონებოდა, ზურგზე მძიმე ტვირთი ჰკიდიაო. რამდენ წნელსაც კი ჩააწნავდა გოდრის ფეხებს, იმდენჯერ „ეგეც ენგრეო!“ თან დააყოლებდა. ეტყობოდა – მოსწონდა ხეტეს თავისი ნამუშევარი.
– რას აკეთებ, მამა? – მოესმა ხეტეს. აიხედა და დაინახა თავის ხუთი წლის ვაჟი გოგა, თავშიშველა, ფეხშიშველა, მარტო პერანგის ამარა. გოგა, მამას რომ შეეკითხა, თან ორივე ხელით თავს იქექავდა, – ეგ რა არის, მამილო?! – განუმეორა კვალად შვილმა. ხეტემ თავი მაღლა ასწია, შვილი აათვალ-ჩაათვალიერა, სახე შეიჭმუხნა, თვალები დაუბრიალა.
– ეს, იცი, რა არი? ეს ის არი, გასწი ამ საათში, ტანთ ჩაიცვი, თორემ მე ვიცი, რაც არი! რა მოგარბენინებს კარში ტიტლიკანას, შე არამზადავ?!. დედაკაცო, არა ხარ შინა? ჩააცვი ბალღს ტანთა! დასწყევლა ღმერთმა, რაზე ეკვლეინება სიცივეს ეს ოჯახდაქცეული?!. ეს ბალღია, არ იცის; შენ ხომ აღარა ხარ ბალღი? მე ტყავი მაცვია, მცივა და პერანგა ბალღს რა ხეირი დაეყრება! „ბალღის ნაწლევები ჯაგზე ეკიდა და კიდევ გარბოდაო“, ტყუილად კი არ არი ნათქვამი.
ვიდრე ხეტე ამ სიტყვებს გაათავებდა, გოგას დედა უკვე კარებში გამოჩნდა, თან შვილის ტანისამოსი – ქუდი და ახალუხი მოჰქონდა. შვილს ორივე ხელი დაუჭირა და ძალად აყოფინებდა ახალოხის სახლებში:
– ჩაიცვი, შვილო, ჩაიცვი, გენაცვალე, შეგცივა, ავად გაჰხდები. უნდა დამაღონო და დამაძმარო, მატირო და მავაგლახო. რადა? რისთვის? ჩაიცო ტანთა, იმას რა სჯობია! ჰო, ემაგრე, იჰ, როგორ უხდება! ერთი უცქირე, კაცო, როგორ უხდება ეს წითელი ახალუხი და ბუზმენტიანი ქუდი? – ამბობდა გოგას დედა.
– ესმის ახლა, რომ უხდება და თბილად ჩაცმა სასარგებლოც არი? რომ ესმოდეს, ტიტველა კარში არ გამოვარდებოდა. არ ესმის და მე გავაგებინებ, ერთი ღმერთმა ბრძანოს და ვნახო კიდევ მაგ ყოფაში! გაგიხარიან, იმდენი მივარტყა, ნახევარი ვერ დათვალოს. სულ აი, ამ წკეპლებით ფეხებში და კანჭებში: ერთი თუ ორი, ერთი თუ ორი… სწორედ! – სთქვა ხეტემ.
გოგა ბაიბუად არ ივლებდა მშობლების დარიგებას და მუქარას. ის ისევ თავისას გაიძახოდა, იმას ისევ ის აწუხებდა, თუ მამა რას აკეთებდა.
– რად გინდა ეგა, მამა? – დაეკითხა კვალად შვილი მამას. ხეტე, ნაცვლად იმისა, რომ ეპასუხნა შვილისათვის, თავად დაეკითხა:
– ძალიან გინდა, იცოდე, რას ვაკეთებ ამას და ან რად მინდა?
– ჰო! – უპასუხა გოგამ.
– მაშ გეტყვი: ვწნავ გოდორს, ამას გოდორი ჰქვიან. რად მინდა გოდორი? გოდორი იმიტომ მინდა, ჩაგსომ შიგ და წაგიყვან ქალაქს, სკოლაში; თუ არ გოდრით, სკოლაში ბალღის მიყვანა არ შაიძლება. წესი ეგრეა. სკოლაში უნდა წაგიყვანო, ეგები იქ მაინც დაჭკვიანდე.
– არრა, – წარმოსთქვა გოგამ, – მე ცხენით წამოვალ, – სთქვა რა ეს ბავშვმა, გამოაძრო წნელის კონას მოზრდილი სახრე და გადასცა მამას:
– მამა, აი, ამის ცხენი გამიკეთე.
– რამდენჯერ უნდა გაგიკეთო, ბიჭო, ცხენი? აკი გყვანდა, რა უყავი?
– ღერენამ მომპარა, – მიუგო გოგამ შეწუხებულის კილოთი.
– ერიჰაა, შენ რომ ქვეყანას აპარვინო ცხენები, ეგ ხელს არ მოგვცემს, კარგად უნდა მოუარო, ყური უგდო და! უნდა ბორკილი დაადო ფეხებზე, – სთქვა ხეტემ.
– ღობეზე დავაბი და… – წარმოსთქვა გოგამ ყელგადაგდებით თავდაკიდებით, – აი, ამისი გამიკეთე, მამილო, სხვა კარგი ცხენი.
ხეტეს თუმც თავი ჰქონდა მობეზრებული შვილისაგან სხვადასხვა დავალებით – ეს ცხენი გამიკეთე, ეს სტვირი, ხმალი, თოფი, ხანჯალი და სხვა, მაგრამ მაინც საყვარელ შვილს უარს ვერ ეტყოდა. ხეტემ სახრე ჩამოართო, დროებით თავისი ხელსაქმე შეაჩერა და შეუდგა ცხენის კეთებას. დიდ დროს მაინც და მაინც არ ანდომებდა ხეტე შვილის სათამაშოების კეთებას.
გადაზომა თავიდან სახრე ერთ მტკაველზე და დაუჭდია ძირიდან დანით. ამ ნაჭდევიდან გადაზომა მტკაველზე მეტი, დაუჭდია იქაც, ხოლო ზემოდან ჭდეების მიხედვით რომ აგეწივ-დაგეწივათ სახრისათვის, მართლაც კისერმოღერებული ცხენი დაგიდგებოდათ თვალწინ.
– პირიც გაუკეთე, მამი, პირი, ლაგამი ამოვდო, – ეუბნებოდა თავზე წამომდგარი, სახეგაბრწყინებული გოგა.
– ესეც პირი! – სთქვა ხეტემ და თანაც დაუწყო დანის წვერით ღრუტნა სახრეს პირის ადგილას.
– ჰოოო, კარგად არის ეხლა! – სთქვა გოგამ. ჩამოართო მამას ცხენი, ამოსდო პირში კანაფი, ამოუღრიცა,
კისერზე მოახტა და დერეფანში გაატარ-გამოატარა. ხოლო ხეტე შეუდგა ისევ გოდრის წვნას.
გოგას ცხენი ძალიან მოეწონა. ზედაც კოხტად გამოიჭიმა, მაგრამ რომ ნამდვილი „ურადნიკი“ სოფრონა ჰყოფილიყო, ჯერ ბევრი რამ აკლდა და ამიტომ თავდარიგს შეუდგა: ცხენი იქვე მოაჯირზე გამოაბა აღვირის ხარლით, თავად კი სახლში შევიდა, რომ იარაღი აესხა. დიდხანს არ დააყოვნა; მოძებნა იარაღის საწყობი და გამოეწყო იარაღში. ყველა ეს იარაღი ხეტეს ნაოსტატარი გახლდათ, თუმცა როგორ შეგვიძლიან არა ვსთქვათ, რომ ხმალი ჰქონდა ხოროსნისა, ხანჯალი – ბაზალა, დამბაჩა – ფრანგული, თოფი – ყირიმი, მათრახი – წკეპლა, ბოლოზე ბაწარმობმული. ყელზე წითელი ხელსახოცი მოიხვია, წითელ კაბალახის მაგივრად. მესტებისა ან თუ ჩექმებისთვის ბევრს არა დარდობდა, ოღონდ იარაღით ყოფილიყო სრული, დანარჩენის დარდი არა ჰქონდა. იმდენს არბენინებდა „არაბკას“ (გოგაც თავის ცხენს, როგორც „ურადნიკი“ სოფრონა, არაბკას ეძახდა), ვიდრე კარგად არ დაიღლებოდა, დაიქანცებოდა და რამდენსამე ადგილას ფეხებიდან ქვებზე სირბილით სისხლი არ დაედინებოდა. „სოფრონა ვარ, სოფრონა!“ – ჰყვიროდა გოგა და თან მერანს მიათამაშებდა მათრახის ტყლაშუნით. ეს ჯირითი ისე გაიტაცებდა ხოლმე, რომ ხშირად უსადილო რჩებოდა.

II

იარაღში ჩასმული გოგა მოახტა ცხენს, ამოუღრიცა კისერი, ე. ი. კოხტად დააჭერინა თავი და დააქანა თავქვე ჩვეულებრივის კიჟინით. რიყეზე ქვებიც გოგას ძახილს იმეორებდენ: „მოვიდა სოფრონა, გზა დაუთმეთ, გზაო! ჯააან, ბიჭო სოფრონ, ჯაან!“ – გაიძახოდენ ქვებთან ერთად ხეები, ბალახები. გოგას თავის ყურითაც გაუგონია მცენარეთა ქება-დიდება. კარგა ხანს არბეინა გოგამ ცხენი აქეთ-იქით, ისე რომ ცხენს წინა მარჯვენა ფეხზე ნალი აჰვარდა და უკანა ფეხებზედაც ნალები დაეძრა. „ცხენს წყალი მოსწყურდებოდა“ – გაიფიქრა მხედარმა და გაქუსლა იქითკენ, სადაც წყალი ეგულებოდა; მიაგდო მდინარეზე, ცხვირი წყალში ჩააყოფინა, რა თქმა უნდა, დაჰლევდა და გაძღებოდა კიდეც. ჰოოო, დალია, გაძღა! მხედარს გაღმა გასვლა სწადიან.
„მხედარო, მხედარო, გულოვანო, ახოვანო! შესდექ, ნუ მოსდიხარ, – დაუძახა მდინარემ, – თორემ ცხენს დაგირჩობ, შენც კარგა ლაზათიანად გაგწუწავ, დაგასველებ თავიდან ფეხებამდის. თუნდაც არ დაგირჩო ცხენი, მაინც ცოდოა: შესცივა, ფეხები დააზრება; მე მთის წყალი ვარ, ყინულივით ცივი; შესცივა შენს ცხენს ისე, რომ აძაგძაგებდეს, კბილს კბილზე აცემინებდეს. ცოდო არ არის – შესცივდეს? ნუ, ნუ, არ გაბედო წყალში შემოსვლა, თორემ ბოლოს ინანებ!“
მხედარი შესდგა, დაფიქრდა, გულში გადასწყვიტა: მაშ არა ღირს წყალში გასვლა. რა მინდა ან კი, გაღმა რომ გავიდე? რაო, ჩემო? სჯობია არ დავასველო, მართლაც შესცივა. ერთი ფეხი ჩასდგა მხედარმა, ემწვავა. მერე როგორი ლოდებია! როგორა სცემს ტალღა ლოდებს? შეიძლება ცხენმა ფეხიც დააჯახოს ქვასა და იტკინოს. რადა? რა ძალაა? სჯობია, ისევ ტოლ-ამხანაგები მოვძებნო: ღერენა, დათა, კორკოტა და სხვა. საით იქნებიან ნეტავი? – ეკითხება თავისთავს და თითონვე აძლევს პასუხს: – უეჭველად ძველ საყდართან იქნებიან; აბა, ჩემო არაბკავ, უნდა ძველ საყდრისკენ გამაქროლო. თუმცა კარგა მანძილია, მაგრამ შენ ფეხმარდი ხარ, შეიძლებ იქ მიმიყვანო ჩქარა.
თქმა და ქმნა ერთი იყო. მხედარმა ცხენი გაქუსლა. თავიანთ ბოსტანზე გააჭენა, რადგან იმაზე გზას უფრო მოკლედ მოსჭრიდა. ცხენს ღობეზე გადაახტუნებდა, ცოტა მინდორს გაივლიდა და ხელად ძველ საყდართან დაიბადებოდა. მხედარი, ბოსტანში დიდ კაკალს რომ დაუახლოვდა, შეჩერდა, რადგან კაკალქვეშ რამდენიმე ჩამოვარდნილი კაკალი იპოვნა. გატეხა ქვით ერთი, მეორე, მესამე… ეგემრიელა… ცოტა არ იყო, პურიც მოშივნოდა. მწვანეც მოეწონა მხედარს. არა უშავს, რომ ცხენმაც ცოტა-მატა ბალახი მოსძოვოს, რადგან, უეჭველია, იმასაც მოშივდებოდა. ხომ მოგეხსენებათ მგზავრობის წესი? დანაყრება, ცხენის საძოვარზედ გაშვება და თვალის მოტყუება ერთიმეორეზეა გადაბმულ-გადაკვანძული… მერე რა საამური ტაროსია, რა მშვენიერი ამინდი: ნისლს გორაკზე სძინავს ტკბილად, უდარდელად, ცხრათვალა მზე იკბინება. ჩეროც საამური შეჰხვდა მხედარს. მხედარმა ცხენი საძოვარზე გაუშვა, მხედარი ქვით კაკალს ამტვრევს, გემრიელს ნიგოზს შაექცევა, ცხენიც სამყურა ბალახს ახრამუნებს. ორივენი ქეიფობენ… ცხენს არ ეძინება, მხედარს კი სთვლემს, თავს აკანტურებს, ჩასთვლიმა… ჩაეძინა… თავი მკლავზე დაიდო და ხვრინვა ამოუშვა. თავის არაბკას პირის ჩქამი, იქვე პატარა წყაროს ჩხრიალთან შაერთებული, ტკბილ ნანად ესმოდა; ტკბილ სიზმარში გაერთო: დიდი გაზდილიყო, წვერ-ულვაში დაჰსხმოდა. დღევანდელი არაბკა ნამდვილ არაბკად ქცეულიყო: ოთხი ფეხი ჰქონდა, ყურებს მალხაზად აცქვეტდა, თვალებს აფეთებდა, ძუას აქეთ-იქით იქნევდა… ჭიხვინებდა და ცალს ტოტს მიწაზე სცემდა… გული, იარაღი შევერცხლილი ჰქონდა… ნამდვილი სოფრონა იყო…
ამ დროს ბებერ კაკალზე კოდალა დაფხაკურობდა. ხის ფქვილს ფეხებით და ნიკარტით დაბლა ისროდა…
– კრრრ… კრრრ… ადექი, პატარავ, ადექი, გაიღვიძე! ცხენს ყური მიუგდე, არავინ მოგპაროს. ოჰ, რა ტკბილად გძინავს, ნეტავი შენ! ნეტავი მეც შემეძლოს ეგრე ტკბილად დავიძინო. კრრრ… კრრრრ. კრა-ჰააჰა, ხა-ხა-ხააა! – გაიძახოდა კოდალა და თანაც არა ჰღალატობდა თავის საყვარელ ხელობას.
– ჩხი-ჩხი-ჩხიიი! – დასძახოდა კაკლის მეორე ტოტიდან ეშმაკი ჩხიკვი, – ადე, ბიჭო, ადე, შე სულელო! ეგრე ბრიყულად როგორ მიენდე ძილსა? არ იცი, რამდენი მტერი გახვევია გარშემო? რომ მოვიდეს მტერი, აგყაროს ეგ მშვენიერი იარაღი და წაიღოს. შენ ხომ ვერაფერს გაიგებ. ჩხიიი-ჩხააა, ჩხოოო! დებო, ძმებო, ნათლიდედებო, მოდით, ნახეთ მხედარი, როგორ გულიანად სძინავს. მოდით, ნახეთ და! ნეტავი ვიცოდე, მართლა მაგრა სძინავს, თუ თავს იმძინარებს? გულზე რაღაც ღილი უბრჭყვინავს, უნდა მოვპარო. მაგის ხმალი და ხანჯარი, თოფი და დამბაჩა რაში მეპრიანება! იხჰ, რა ღილია, უნდა ავაძრო, – ამბობდა რა ამას ჩხიკვი, თან ნისკარტით წკირებს ამტვრევდა და ესროდა გულუბრყვილო მხედარს… ხომ არავინა მხედავს? კოდალა მაღლა აფხაკუნებს ფეხებს, ყეყეჩია. ის ვერაფერსაც ვერ გაიგებს. მოდი, ვცდი, რაც იყოს-იყოს! – ჩახტა ჩხიკვი და ერთ ადგილზე დაუჯდა მხედარს… სძინავს, სძინავს, ვერაფერსაც ვერ გაიგებს. რა ლამაზი ღილია, როგორ გაუხარდებათ, ჩემს ბღარტებს რომ მივუტანო!“.
– ყი-ყი-იიი. ყვიტ!
– ეს რის ხმაააა? ოი, გაგიწყდეთ ხმა და სახსენებელი, კაი დროს თქვენ აჰყვირდით! – წარმოსთქვა ჩხიკვმა, დაინახა რა ბაყაყები, რომელნიც იქვე, პატარა ოლედან გამომსხდარიყვნენ და უთვალთვალებდენ; ჩხიკვმა მიანება თავი ბოროტ განზრახვას, იყვირა, შეჰხტა კაკლის ტოტზე და დაიწყო ყვავივით ჩხავილი.
– ჰაი, ეგ არამზადა, ეგა! რაღაც ავსულობა ეწადა და, ჩვენი ხმა რომ გაიგონა, ვეღარ გაბედა, – ამბობდენ ბაყაყები და თან იცინოდენ ჩხიკვზე, – ახლა ყვავობას ჰბედავს, ვერ უყურებთ? ჰაი, შე ქურდო, შენა! დაგინახეთ, ვაჟბატონო, დაგინახეთ, ვიცით, ვინცა ბრძანდები. ავაზაკო, ავაზაკო, საძაგელო! ყი-ყი-ყიიი, ყვიიიტ!
– სსასაა, ტაბ-ტაბ! – გაისმა ხმა. კაკლის კენწეროზე მტრედები დასხდენ. ერთი მათგანი მოჰყვა კეკას, თავის შვენებას, ხოლო მეორემ დაიწყო ღუღუნი. პირველი უშლიდა, აჩუმებდა.
– სსსუუ, გაჩუმდი, დობილო, – უთხრა პირველმა.
– რაო, რა ამბავია, რად უნდა გავჩუმდე? რად უნდა მოვაკლდე სიამოვნებას? – უპასუხა მეორემ.
– უნდა ეგ სიამოვნება დასთმო, ქაჯან! ჩაიხედე დაბლა. კაცსა სძინავს, შეხედე, რამოდენა იარაღი აქვს ტანზე ასხმული? თავის ჭირად გინდა გააღვიძო ღუღუნით? ეგ სადაური ჭკუაა?! – ეუბნებოდა წყრომით პირველი მტრედი.
მოღუღუნემ ხმა გაკმინდა და ორივემ დაბლა დაიწყეს ცქერა.
– ეგ ხომ ბავშვია, სულ პატარა, პაწაწკინტელა! განა მაგისაც უნდა გვეშინოდეს? განა ისე სულელიცა ვარ, ეგ არ ვიცოდე… ღუჰ-ღუჰ… ღუტ!.. – დააგვირგვინა დვრინვით მტრედმა თავისი პასუხი.

III

საღამომ მოატანა. ფრინველები შემოეფანტნენ კაკალს. ის იყო მზეც მოეფარა გორას, მხოლოდ მისი სხივი დასტრიალებდა მაღალ მთის თხემს, როგორც გამოთხოვებისას შვილი მშობელ დედას. მხედარი ისევ სტკბებოდა ტკბილ სიზმრებით: ლურჯს ცხენზე იჯდა, მშვენიერ ტანისამოსსა და იარაღში გამოწყობილი დანავარდობდა ცის სივრცეში, ხან კლდეზე გადაეშვებოდა, ტყის წვერებს ევლებოდა თავზე, ხან წყალში დასცურავდა და ხან მწვანე, ყვავილით მორთულ მდელოზე აგოგმანებდა საყვარელ ტაიჭს. ხალხი, ქალი და კაცი იმისკენ იშვერდა ხელს:
„აგერ სოფრონა მოდის! რა ბიჭია, რა ვაჟკაცია! რა ცხენზედა ზის და!“
კაკლის ტოტზე მხოლოდ შაშვიღა გალობდა. იჯდა კაკლის დაბალ ტოტზე, პირდაპირ მხედრის ასწვრივ. ნახა მძინარა გოგა და თავისი ტკბილი გალობა უფრო დაატკბო. მხოლოდ ერთი რამ სწყინდა შაშვს: ღამდებოდა, ცივმა ნიავმა დაჰბერა, მხედარს კი ისევ ისე ეძინა. ასწია საგალობელ ჰანგს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სიმღერით მაინც დავუფრთხო ძილიო. აი, რას უგალობდა შაშვი გოგას: „გაიღვიძე, პატარავ, გაიღვიძე. შეგცივა, კარგო, ავად გაჰხდები. განა ჩიტი ხარ, აიტანო სიცივე? დაბნელდება და დედაც ვეღარ გიპოვნის. საბრალოს გაუსკდება გული, ელდით ჭკვაზე შესცდება. გაიღვიძე, გაიღვიძე, ცხენიც გააღვიძე, ეგეც მძინარა ყოფილა, მაგასაც შენსავით ძილი ჰყვარებია“.
შაშვმა გაათავა გალობა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა სახეგადაფითრებული, ელდანაცემი სალომე, გოგას დედა; ხეტეც უკან მოსდევდა. ცოლ-ქმარნი დაკარგულ შვილს დაეძებდენ. სალომე როგორც ქორი ქათამს, ისე დააფრინდა შვილს. დაუწყო ალერსი. აღარ იცოდა რა სიტყვებით, როგორ მისალმებოდა; ისე გახარებული იყო, თითქოს მკვდარი გასცოცხლებოდეს.
– უცებ არ გააღვიძო, დედაკაცო, არ დააფეთიანო! – არიგებდა ხეტე ცოლსა. იქვე იდგა ისიც დოინჯშემოყრილი და გულიანად იცინოდა, – ერთი უყურეთ ამ ავაზაკს და ამის იარაღს, როგორ გულიანად დასძინებია და?! საით რა გამოვიდა ასეთი: მამა არა ჰყოლია ურადნიკი და პაპა, რა ნახა სოფრონაში, რომ გადაირია, აღარ ვიცი!
– გაიღვიძე. შენ გენაცვალე, ჭირი მოგჭამე. თავს შემოგევლე! – ეუბნებოდა დედა შვილსა და თან შუბლზე ხელს უსვამდა, – შენს სიყმეს ენაცვალოს დედაშენი. მე ვარ, გენაცვალე! – როგორც იყო, მხედარი გონებაზე მოიყვანეს და მძინარ-შუშარამ ნახევარი საყვარელი სიტყვისა სოფ… წაილუღლუღა.
– ჰო, ენდე, კიდე სოფრონას ახსენებს! დასწყევლოს ღმერთმა ის სოფრონაც და იმისი გადმომრეკიც! გადარია ბალღი იმ ოჯახდაქცეულმა! – სთქვა ხეტემ და თან გულიანად გაიცინა, – ერთი მაგის ფეხებს უყურე, სულ დაკაწრული და დასისხლიანებული აქვს. – სალომემ ფეხებზე ხელი წაუსო და შემოიკრა თავსა და პირში:
– ერთი ნახე, კაცო, რა არის, ამის ფეხები, სწორედ გახურებულ თონესა ჰგავს, უი, შენ დედას! – წარმოსთქვა სალომემ და თანაც თავის აბჯრიანად მობღუჯა, როგორც იტყვიან, მომოშა და თან გიჟივით სტლოშნიდა ბურანში მყოფს გოგას.
– თორნესავითაო? – წარმოსთქვა ხეტემ, – არ შეუძლიან ამ ქვებსა თუ?! – ხეტეს არაბკა გაედო მხარზე, და ის იყო შინ წასვლას აპირებდენ, რომ უკანიდან ხმა მოესმათ, ვიღაცამ აშკარად, ცხოვლად წაილაპარაკა:
„ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო!“
ცოლ-ქმარნი გაოცდენ ამ სიტყვების გაგონებაზე; ხეტემ პირჯვარიც კი გადაიწერა, აქეთ-იქით დაიწყეს ცქერა. ვისა ჰნახავდენ?.. დღესაც არ იციან, ვინ წარმოსთქვა ეს საგულისხმიერო მიტყვები. შინ რომ მოვიდენ, ღვთისმშობლის ხატს წყვილი სანთელი აუნთეს ავის სულის ასაცდენად. მოიწვიეს შემლოცავი დედაკაცი მელანია და გოგასთვის გული შეაზომინეს. უზომავდა გულს გოგას მელანია და თან ბუტბუტებდა: „ავო სულო, შორს ამისგან! ანგელოზო, ახლო მოდეგ“! უცნობის ადამიანის წარმოთქმული სიტყვები კი, რამაც გამოიწვია ეს გულის შეზომა და შელოცვა, შთაინთქა ცის სივრცეში.