პალიასტომის ტბა

პალიასტომის ტბა
ავტორი: ეგნატე ნინოშვილი
1891


პალიასტომის ტბა
I
გურიის დასავლეთის მხრის სოფლებისათვის ქ. ფოთს დიდი მნიშვნელობა აქვს: რაც რამ გასაყიდი აქვს ამ სოფლებს, ფოთში ჰყიდის; სასყიდელია და - კიდევ იქ ყიდულობს. როცა ამ სოფლების გლეხს გადასახადისთვის მიადგებიან კარზე და ფული კი არა აქვს, მაშინ ფოთია მისი თავდები: “მაცა, ფოთს ჩევირბენ, ამევიტან და მოქცემო”, ეუბნება გლეხი “ზბორშჩიკს” ან ნაცვალს. დილიდამ საღამომდე მიდიან და მიდიან ფოთის გზაზე ქათმებით, ინდაურებით, იხვებით, ბატებით, ღომით, სიმინდით და, ვინ იცის, რით არა დატვირთული გურულები. ხე-ტყე ხომ აუარებელი ჩააქვთ გურიიდან ფოთს. ამიტომაც არის, რომ როცა ხმა გავარდება, ფოთი ყრუვდება, სხვაგან გადააქვთო (ასეთი ხმა ხშირია გურიაში), ზემოხსენებულ სოფლის გლეხებს ჯავრით გული უსქდებათ. მაგრამ ამისთანა სარგებლობასთან ერთი სახიფათო რამაც სჭირს გურულების ფოთს მისვლა-მოსვლას: აღმოსავლეთის კარებთან, საიდანაც გასასყიდელი რამეებით გამგზავრებული გურულები უნდა შევიდენ თავიანთის პატარა ვარცხლა ნავებით, სდგას ერთი მრისხანე მეკლიტული, რომელიც ხანდახან ისე გაჯიბრიანდება, რომ მთელის კვირაობით, გურულად რომ ვსთქვათ, აყურყუტებს აქ ფოთს მიმავალს მგზავრს; თუ ზაფხულია, კოღოები სწევენ ქელეხს ამ საცოდავის მგზავრის სისხლზე, თუ ზამთარი, სიცივე უხვრეტავს ძვალ-რბილს. მშრალი ადგილიც ძვირია (მთელი აქაური არემარე ჩალით დამოსილი ჭაობია), რომ ცეცხლი მაინც დაინთოს კაცმა. მრისხანე მეკლიტული, რომელსაც მე მოგახსენებთ, გახლავთ პალიასტომის ტბა, რომელიც თითქო შავ ზღვას გადმოუტყორცნია და დაუბარებია: წადი, აღმოსავლეთის მხრით, შენ უდარაჯე ქ. ფოთსაო. თითქო შავ ზღვას უმზითვებია ამ პატარა თავისი ნათესავისთვის შფოთიანობა, გახელება, ადამიანის მტრობა. როცა ქარი ამოიჭრება, პალიასტომიც გაშავდება, გაპირკუპრიანდება, წამოიქოჩრება, პირზე თეთრ დორბლს მოიყენებს და ცასა და ქვეყანას ჩაყლაპვას უპირებს ეს პატარა ვეშაპი. თუმცა დიდი არ არის ეს ტბა, თვალმახვილი კაცი მისი შუაგულიდან ადვილად დაინახავს იმის ჩალიან ნაპირებს, მაგრამ სიმარდე და ზნე კი შავი ზღვისა აქვს, შავი ზღვისა, რომელთანაც პალიასტომი შეერთებულია გვარიანის მოგრძო და ფართო სრუტეთი.
პალიასტომის შესახებ გურიაში არსებობს ერთი ლეგენდა: ეხლა რომ ტბაა, იმ ადგილას უწინ, თურმე, ხმელეთი იყო, ზედ ხალხი იდგა და ამ ხალხს “პავლიას ტომს” ეძახდენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხიც და ყოველივე სულდგმული დაირჩო, მხოლოდ ერთმა დიაკვანმა მოასწრო, გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკვანიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენესო. ჯუმათის მთაზე ეკლესია (მონასტერი) დღესაც არსებობს. ხალხი, გვარად დარჩია, დღესაც ცხოვრობს სოფ. ჯუმათში და ბევრი მათგანი სასულიერო წოდებისაა, მაგრამ ლეგენდაში მოყვანილი ამბავი რამდენად მართალია, ამისი კი რა მოგახსენოთ. პალიასტომის ტბა უფრო მის მახლობლად მდებარე მთებიდან მონაწრეტსა და დაბლობში შეგროვებულ წყალსა ჰგავს, მინამ მიწისძვრისაგან ამონახეთქსა, თუმცაღა შეუძლებელი კი არც ამ უკანასკნელშია რამე.
ხსენებული ტბა სამეგრელოს თავადს დადიანს ეკუთვნის და მეთევზე მეგრელები აუარებელ თევზს იჭერენ შიგ თავიანთი ღრიფით. თუ როგორ გამხდარა სადადიანოდ პალიასტომი, ამის შესახებაც ერთი ლეგენდარული ზეპირი გადმოცემა არსებობს გურიის ხალხში: ერთი რაღაც შემთხვევის გამო სამეგრელოს თავადს დადიანს თავისი ვაჟიშვილი მიუცია გურიის მპყრობელ გურიელისათვის მძევლად. გურიელს, მძევლის აყვანის შემდეგ, კიდევ მაინც რაღაც ეჭვი აუღია დადიანზე - მღალატობსო. ამიტომ ახალი წლის წინა დღეებში მოუჭრია თავი მძევლად აყვანილ დადიანის ვაჟისათვის, ჩაუდვია ეს თავი ყუთში და უთქვამს: ვინც ამას ახალწელს დილით დადიანს მიუტანს, გლეხი იქნება, აზნაურობას ვუბოძებ და აზნაური - თავადობასაო. ერთს გლეხს უკისრია მიტანა; შემჯდარა ცხენზე და სწორედ ახალწელს წირვაზე წასვლის დროს მიურთმევია დადიანისათვის დაკეტილი ყუთი - გურიელმა მოგართვაო. როცა დადიანს ყუთის გასაღები მოუთხოვია, გლეხს შემოუკრავს თავში ხელი: “ვაიმე, წუხელ სხვაგან ღამე გავათიე და იქ დამრჩენიაო”. ამ სიტყვებით გლეხი მოხტომია ცხენს და გამოუწევია შინისაკენ, ვითომდა კლიტის მისატანად. როცა დადიანს დაუნახავს, ყუთის მომტანი გლეხი აღარ დაბრუნდაო, გაუტეხია ყუთი და უნახავს, რაც იდო შიგ - თავის შვილის თავი. ამაზე ატეხილა გურიელსა და დადიანს შორის ჩხუბი. უკანასკნელ, როგორც ყოფილა, მორიგებულან და დადიანს თავის შვილის სისხლში გურიელისაგან პალიასტომის ტბა აუღია.
პალიასტომსა და გურიის სოფლებს შუა, რიგ-რიგად, უშველებელი ზოლებივით მდებარეობს ჯერ სოფლების ბოლოს, საყანე და საბალახო ადგილები, მერე დიდი, თუმცაღა ჭაობიანი, მაგრამ სხვადასხვა ხეებით მდიდარი ტყე და უკანასკნელ ისლით და ჩალით დამოსილი ადგილი, რომელსაც გურულები ეწერს ეძახიან. კარგი სანახავია ეს ეწერი, გაზაფხულზედაც თვალის წარმტაცის სიმწვანით და შემოდგომაზედაც ჩალისფერი სიყვითლით; თვალს იტაცებს, მაგრამ კიდეც ატყუებს: იქ, სადაც თვალს ხავერდით მოფენილი ჰგონია არე-მარე, ჭაობსა და დამპალს წყალში გეფლება ფეხები. კარგი რამ არის ეს ეწერი მონადირისათვის მაშინ, როცა დასთოვს და გაჰყინავს: ვეღარსად ემალება მონადირის ძაღლებს აქ გამოდევნილი ღორი ან შველი. ტყესა და ეწერს ხაზავს აუარებელი პატარა მდინარეები (გურულად ნოყო), რომლებისგანაც შესდგება ორი სანავო და სატივო მდინარე. ეს სანავო მდინარეები იწყება სოფლების ბოლოდან და ჩაერთვის პალიასტომს.
II
ქრისტეშობისთვე იყო. საშინელი ცუდი დარები დაეჭირა. ხან ჰქროდა და ხან წვიმდა, ხოშკაკალს ჰყრიდა, ხან თოვლსაც ურევდა. როცა მოიწმენდდა, ყინვა სწვავდა ყველაფერს. ბედნიერი ხალხი, ესე იგი მდიდრები, მამულიანები, უფროსები ამ დროს დაღუღუნებულ თბილ ბუხართან ისხდენ და სხვადასხვა შესაქცევარით იქცევდენ თავს. მაგრამ მუშა გლეხს, რაც გინდა რა დარი იყოს, მაინც არ შეუძლია მოისვენოს; გლეხმა კარგად იცის, რომ მოსვენება და სატანჯველის მორიდება უარესს სატანჯველს შეახვედრებს და ამიტომ არას დროს არ ისვენებს, არც დარში და არც ავდარში, ეწევა უღელს, სანამ სიკვდილი არ დაახუჭვიებს თვალებს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვით, საშინელი ცუდი დარები იდგა, პალიასტომის ტბის მახლობელ ტყეებში გაისმოდა ცულების ხათქახუთქი და წამდაუწუმ ხის წაქცევისაგან - გრიალი. მუშა გასეოდა ტყეებს და ამზადებდა ფოთს გასასყიდს ხეებს. მუშაობდენ, ავდრის და სიცივის მიუხედავად, დასველებულები, სიცივისაგან ხელფეხდაწითლებულები; მუშაობდენ მოუსვენრად და ღამით დაქანცულ-დაღლილები ეყრებოდენ აქა-იქ ფარღალალა კარვებში, ცეცხლის პირას, დასაძინებლად. ვისაც ნაბადი ჰქონდა, ეხვეოდა ნაბადში და უმეტესობა კი ისე გაუხდელად, სველის ტანისამოსით მიეგდებოდა დილამდე წკნელის ლოგინზედ და ხის მუთაქაზედ. ბევრს კარავში წვეთი და წვიმის წყალიც ჩადიოდა, რადგანაც მუშას ვერ მოეცალა ხეირიანად კარვის სახურავის გასწორებისათვის.
ტყე, რომელშიაც ეხლა მუშაობდნენ გლეხები, ერთ დროს ეკუთვნოდა სოფლებს, ყველა წოდების კაცი, ყველა დიდი და პატარა თავისუფლად თევზაობდა, ნადირობდა და მუშაობდა შიგ. მოდავე და მოცილე არსაიდან ჩანდა, იმას გარდა, რომ ხანდახან ერთი სოფელი მეორე სოფელს დაედავებოდა: ესა და ეს ნაჭერი ტყე მე მეკუთვნის და არა მეო; ართმევდენ ერთმანეთს დამუშავებულ ხეებს, უფუჭებდენ ნამუშევარს, მაგრამ ბოლოს საქმე ისევ მორიგებით თავდებოდა. მერე კიდევ ასეთი შემთხვევა ხშირი არ იყო - ოცს ან ათს წელში ერთხელ მოხდებოდა. მაგრამ უკანასკნელ, როცა ტყის სარგებლობა გაიგეს, გლეხების მონაწილე თავადაზნაურობამ მოინდომა გლეხების თავიდან მოშორება; ჯერ ნელ-ნელა დაუწყეს ღრინვა - გლეხს კანონის ძალით ტყე არ ეკუთნის, ტყე ჩვენიაო. მაგრამ გლეხები ყურსაც არ იბერტყავდენ ასეთ ღრინვაზე. შემდეგ, რა ნელ-ნელა ღრინვით ვერას გახდენ, თავად-აზნაურებმა დაუწყეს გლეხების დამუშავებულს ხეებს ტაცება. რასაკვირველია, წინდაწინ უფრო ჯაბანს გლეხებს უბედავდენ წართმევას, მაგრამ შემდეგ აღარც მძლავრებს დაერიდენ. ეხლა კი გლეხებმა გაახილეს თვალი, დაუწყეს იმათაც სამაგიეროს გადახდა და ამ მხრით კიდეც გადააჭარბეს თავიანთს მოწინააღმდეგეებს. რადგან გლეხობა ბევრი იყო და მათ წინააღმდეგ ძალით ვერას გახდებოდა, თავადაზნაურობამ მიმართა პოლიციას. დღეს ერთს გლეხს ადებდენ ბრალს და აბარებინებდენ პოლიციაში, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს და ასე ამგვარად, პოლიციის საშუალებით აპირებდენ მათს განდევნას ტყის მონაწილეობიდან. მაგრამ გლეხობამ ეხლა სხვა ღონეს მიმართა, ისინი შეერთდენ და სამუშაოდ თუ წასართმევად ერთად მიდიოდა ტყეში მთელი სოფლის გლეხობა. თავად-აზნაურებისკენ გადამდგარმა პოლიციამ, რასაკვირველია, აქაც თავისი ხერხი იხმარა, - დააპირა გლეხების დატუქსვა. მაგრამ “თავს დავიხოცთ და ჩვენს სარჩოს ხელიდგან ვერ გაუშვებთ, რაც უნდა გვიყოთო”, იყო გლეხების მხრით პასუხი. პოლიციამ სცადა კიდევ თითო-ოროლა თავკაცის გამოკლება გლეხებისაგან და დატუსაღება, მაგრამ გლეხები არც ამით იღებდენ ტყის სარგებლობაზედ ხელს: “თუ გინდა სულ თითოთითოობით სატუსაღოში გამოგვალპეთ, ჩვენს ლუკმას მაინც პირიდან ვერ გამოვიღებთო”, - იმეორებდენ ისინი. აქ, მართლადაც, პოლიცია ვერას გახდა და თავადაზნაურობამ მიმართა სამსჯავროს კარებს. აქაც კარგად მიდიოდა გლეხების საქმე, რადგანაც თავადაზნაურობაში განხეთქილება მოხდა, ისინი ერთმანეთთან დავას მოუნდენ და გლეხებისთვის აღარ ეცალათ. თავადები საკუთრად ჩემობდენ მთელ ტყეს, აზნაურები ამბობდენ, რომ თითოეული თავადის ოჯახსაც იმდენი წილი აქვს ტყეში, რამდენიც თითოეული აზნაურის ოჯახსაო. აიწეწა საქმე თავადაზნაურობაში. რა რომ საქმე აწეწილი დაინახეს, ხაზინა და ეკლესიაც წამოყელყელავდა: იქნება ჩვენც დავიჭიროთ ამ მღვრიე წყალში თევზიო. ასტეხეს იმათაც დავა და ამტკიცებდენ, რომ სადავო ტყე არც გლეხებს ეკუთნის და არც თავად-აზნაურობას - საეკლესიოა და სახაზინოაო. ისე დაიხლართა საქმე, რომ სამსჯავროებს მოსვენება აღარ ჰქონდათ იმისგან. ვინ იცის, საიდან არ გამოჩნდენ ადვოკატები! ერთს ადვოკატს კი აღარ სჯერდებოდენ მოცილეები, ორსა და სამს იყენებდა თითოეული მათგანი. მხოლოდ გლეხები კი არას დაგიდევდენ, დარწმუნებულნი, რომ, “თუ კალონი არსებობს ქვეყანაზე, ჩვენს წილს ტყეს ვერავინ ჩამოგვართმევსო”, დამშვიდებით განაგრძობდენ ტყით სარგებლობას. ძალით ვერც ერთი მოცილე ვერას აკლებდა და სამსჯავროში კი თავადაზნაურობის და ხაზინის აგენტის განცხადება, გლეხკაცს თუ არავისაგან შეუსყიდია და დოკუმენტი არა აქვს, ისე უძრავი ქონების დასაკუთრება არ შეუძლიაო - სამსჯავრომ არ მიიღო: ათის წლის სარგებლობა სრულიად საკმარისია, რომ უძრავი ქონება მოსარგებლემ დაისაკუთროს, რა წოდებისაც უნდა იყოსო, - იყო სამსჯავროს მხრიდან პასუხი. მოცილენი რა დარწმუნდენ - საქმე ძალიან არეულ-დარეულია, სამსჯავროში საქმეს ბოლო აღარ ეღება და გლეხებსაც ტყის მონაწილეობიდგან ადვილად ვერ გავდევნითო, ხრიკს მიმართეს: დაუფაცურდენ გლეხებში განხეთქილების ჩამოგდებას. თავადები თავიანთს ნაყმევებს ეუბნებოდენ: “თქვენ არ გეუბნებით უარს და სხვისი რა დარდი გაქვთ, ტყუილა ან თქვენთვის რად ჰკარგავთ ტყეს, ან ჩვენ რად გვიკარგავთ! მოგვიწყვეთ ხელი, გავდევნოთ სხვა მონაწილეები და მერე ჩვენ გავიყოთ ტყეო”. ამასვე ეუბნებოდენ აზნაურები თავიანთ ნაყმევებს, ამასვე ეუბნებოდა ხაზინა და ეკლესია სახაზინო და საეკლესიო გლეხებს.
უმნიშვნელოდ არ ჩაიარა ამ ხრიკმა: დაიწყო ნელ-ნელა რღვევა გლეხების ერთპირობამ; ზოგი თავადებს ეკედლებოდა, ზოგი - აზნაურებს, ზოგი ხაზინას. დარჩა მცირე ნაწილი გლეხობისა თავისთვის. მაგრამ რაღა დარჩენა იყო იმისთანა დარჩენა! ის გლეხები, რომელთაც მათ უღალატეს, ილაჯს უწყვეტავდენ თუ ხის წართმევით, თუ ცრუ მოწმობით. ისე თვე არ გავიდოდა, რომ ამათ შორის თავპირის მტვრევა არ მომხდარიყო. ვინ იცის, რა ღონეს არ ხმარობდენ ერთმანეთის დასაღუპავად! ჩუმად ცეცხლს უკიდებდენ ერთი მეორის სახლ-კარს და ცეცხლს აბუგვინებდენ ვაი-ვაგლახითა და ოფლით მონაგარს სარჩო-საცხოვრებელს. გზებზე თოფით უხვდებოდენ და ჩუმად ჰკლავდენ ერთმანეთს; ცილს უგონებდენ და სისხლის სამართალში აძლევდენ. თავადაზნაურობა, რომელმაც ასე გადაჰკიდა ერთმანეთს გლეხები, გულში იცინოდა და თავის საქმეს იკეთებდა. გადაბირებულ გლეხების შემწეობით და ცრუ მოწმობით ბოლოს იმათ მოიგეს საქმე დანარჩენის გლეხებისაგან და ეხლა დაუწყეს საჩივარი ზიანის, ტყის ბაჟის და სამსჯავროში ნახარჯის შესახებ; ესეც მოიგეს, ჩაუყენეს გლეხებს ბოქაული და სულით ხორცამდე, რაც კი ებადათ, სულ ვალში გაუყიდეს. ცრემლები გადმოგცვივოდათ, როცა სახლს, ბეღელს, საქონელსა და სხვას აცლიდენ გლეხებს ხელიდგან და ცარიელს ჰყრიდენ ცაწმინდის ქვეშე!
გლეხები ხომ მოიშორეს თავიდან, ეხლა თავადაზნაურობას დარჩა მოცილედ ხაზინა და ეკლესია. რომ ესენიც მოეშორებიათ, საჭირო იყო იმათი (თავადაზნაურობის) ერთმანეთში მორიგება. მორიგდენ კიდეც. მორიგების შემდეგ მათი საქმე კარგად წავიდა: ხაზინასა და ეკლესიისაგან ტყის საქმე მოიგეს. ის გლეხებიც, რომლებიც გადაბირებული ჰყავდათ და ვითომც ტყეში მონაწილედ ცნობილობდენ, პირში ჩალაგამოვლებული დასტოვეს და უბაჟოდ ერთს ღერს წკნელსაც არ აჭრევიებდენ.
აი, ეს ტყე იყო, რომელშიაც დღეს გლეხები ხეებს თლიდენ ფოთს წასაღებად. დამზადებულის ხისაგან ნახევარი ტყის პატრონებისთვის - თავად-აზნაურებისთვის - უნდა ჩაებარებიათ ტყის ბაჟში. იმ დროის, როცა გლეხებსაც საკუთარი წილი ჰქონდათ ამ ტყეში და ბაჟს არავინ ახდევიებდა, მხოლოდ გლეხების მიერ დარქმეული სახელებიღა შერჩენოდა ადგილს და წყლებს, მაგალითად, “მჭედელაის საღობი”, “საფარონე” და სხვ.
III
ერთი ნოყოს პირზედ იდგა კარავი, რომელსაც ზედ ეტყობოდა, რომ მარჯვე და მოხერხებული მუშაკაცის ხელს გაეკეთებია: კარგის წკნელით მაგრად დაღობილი, ზედ ფიცრის კარი, რაც შეიძლება, ისლით კარგად დახურული, აქეთ-იქით სუფთა წკნელისაგან დაწნული, ტახტისებურად გაკეთებული საწოლი, - ერთი სიტყვით, მთელ ამ ტყეში იშვიათი იყო ასეთი კარავი. ეს კარავი ეკუთვნოდა გლეხს ივანეს, რომელიც თავისის თექვსმეტის წლის ვაჟით ნიკოთი ჩამოსულიყო და მუშაობდა ტყეში. ივანე ორმოცდახუთი წლის იქნებოდა. ის იყო საშუალო ტანისა, ბეჭებგანიერი, სწორის, სასიამოვნო შესახედავის პირისახისა, რომელზედაც სიმამაცე და გამბედაობა ემჩნეოდა. ივანე დიდად წვრილშვილი კაცი იყო - ჰყავდა ორი ვაჟი და ხუთი ქალი. ამათში უფროსი ნიკო იყო; ნიკოს შემდეგ გასათხოვარი ქალი და დანარჩენები ისე მცირეწლოვანნი, რომ ჯერ, ჭამის გარდა, არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. რომ ოჯახი და შვილები ერჩინა, ივანეს მხრით მოუსვენარი შრომა იყო საჭირო. აი, ამ მოუსვენარ შრომას უნდა მიეწეროს, რომ ივანეს წვერ-ულვაში ისე ჰქონდა გათეთრებული, როგორც ორმოცდაათი ან სამოცის წლის კაცს შეჰფერის. თუმცა ივანე მოხუცობას არ იმჩნევდა, მხნედ და ჯანიანად გამოიყურებოდა, მაგრამ ხანდახან კი წამოსცდებოდა ის, რასაც თავისთვის ხშირად ფიქრობდა: “თავს არ ვუტყდები, თვარა მოვხუცდიო”. მეზობლებში ივანე პატივცემული იყო თავის ჭკუის, პატიოსნების და სიმარჯვის გამო. რადგანაც ოჯახს შედარებით გვარიანად და კარგად ინახავდა, მეზობლებს ისიც ეგონათ, რომ ივანეს ვაჟკაცობის დროს შენაძენი ფული აქვს შენახული და გაჭირვების დროს ცოტცოტაობით ხარჯავსო. ცულის ხმარება ივანემ კარგად იცოდა და ამიტომაც ხშირად გაიგონებდით ტყეში მომუშავე მუშებში: “ძმავ, ხეები ივანიკას რომ აქ, იმას ჰქვია, დურგალის გათლილს ჰგავს! რა გასაკვირალია, რომ იი კაი ფასათ გეიყიდოს!” ამ წელს ივანემ მეტადრე ადრე დაიწყო მუშაობა და კარგა ბლომადაც დათალა ხე, რადგანაც ცოტაოდენს ნიკოც ეხმარებოდა. საღამოობით ივანე ნიკოს ადრე გამოუშვებდა ვახშმის გასაკეთებლად და თითონ კი დაბნელებამდე მუშაობდა. მერე, როცა დაბრუნდებოდა კარავში, მოუჯდებოდა ცეცხლს: დაიტეხდენ მამა და შვილი ჩახანაში გამომცხვარს მჭადს, თუ ხსნილი იყო, ხმელს ყველს მიაჭმევდენ ზედ, თუ მარხვა - სუნელს, ივანე ხან თევზსაც იჭერდა, გარეულს ღორსაც ჰკლავდა (ივანე კარგი მონადირე იყო), თუმცაღა კი ძლიერ უჩიოდა: “გამეილია ამ დასაქცევ ტყეში ყოლიფერი. უწინ დილიდან საღამომდე რომ სამზირს (უძაღლოთ ერთის კაცის ნადირობა) წავსულიყავი, ირემს გავაგორებდი, თებზით ნავს დავლაღავდი! ახლა ირემი ქე მოისპო, თევზი წყალში გამეილია! ერთი კვირე უნდა სდიო და კიდევ კაი ბიჭობაა, ერთი ჭვირთი თებზი ან ხორცი იშოვნო კაცმაო”.
ერთს საღამოს ივანე ადრე დაბრუნდა კარავში და დიდხანს ესაუბრა თავის ნიკოს:
- იცი, ბიჭო ნიკო, ღმერთმა თუ ხელი მოგვიმართა და აფერი გამოგვეკრა, ავადმყოფობა ან რამე, წრეულს ძაან საქმეს ვიზამთ, ძაან დავთალეთ ხეები! იი ციცაის მგვზითი რომ არ მქონდეს საყიდლად, ამ ხეების ფასით მებატონესაგან მიწას დევიხსნიდი, თავს გევითავისუფლებდი. ჰეი, ერთი იმ ნადელის გადასახადს მომაშორა და მომკლა, აღარ ვჩივი! მეზობლები სულ იმას მიჩივიან “შენისთანა შეძლებული ვინ არის, თავს რეზა არ ითავისუფლებო”. ჰგონიან, რომ ფული მაქ. თავი გევითავისუფლო და ცოლ-შვილი შიშველ-ტიტველი დავყარო, ამას ვერ ვიზამ და ისე ყოლიფერს აღარ ეყო ერთი კაცის მკლავი. წრეულს იმ ციცაის გათხოვას მოვრჩები... იი დასაქცევი, თლათ წახდა დროი! ვაჭარ ურიასავით მარტო ფულისკენ უჭირავს ყველას თვალი, მოწიფულს კაცს მაქამდულა გული აღარ უძგერის მკერდქვეშ. ჩემ შვილობით არ ვიტყვი და ჩემი ციცაი მატაი რომ უწინდელს დროში ყოფილიყო, მგვზითი კი არა, პირაქეთ დეიხარჯოდენ იმის ცოლათ შერთვაში. ჩვენ მუხურში იმისთანა ქალი ორიც არ მეიძებნება. ახლა მისი წონა მგვზითი თუ არ დავაყარე თავზე, შინ უნდა დამიბერდეს: დაბერებას ვიღა ჩივა, ვინმე შემირცხვენს, იი ოსიკელაის ციცას რომ უგვირგვინოს შვილი აყოლეს, ისე... წრეულს, აი ერთი საქმე შევასრულოთ, რაც ამას მორჩება, გადასახადებს და ბაღნების დამოსვას მოუნდება...
- ბაჟი რომ არ გვქონდეს გადასახადი, რაც ხეები დავთალეთ, სულ ჩვენი რომ იყოს... - გააწყვეტია ნიკომ თავის მამას სიტყვა.
- ჰმ!.. ბაჟით რომ არ მხთიდენ სულს!.. წმინდამა გიორგიმ ბეჟვა არ გამოუწყვიდა მის ოჯახს, ვინც ჩვენ საბაჟოთ გაგვიხადა საქმე! - ჯავრმოსვლით დაიწყევლა ივანე, - ეი, ჰაი, ბიჭო, სად არის პირი და ერთობა! ჩვენსავე მოძმეებს რომ არ ეღალატია, ვის რა ხელი ქონდა ჩვენთან! მარა ღალატი და უპირობა! ჰმ... მაშვინ რომ ფხარიდან არ გამოგვშლოდენ!.. მოატყუეს უბედურები, აღალატებიეს და მერე თვითან უღალატეს! ყაძახს ყოლიკაცი მუატყუებს. ყაძახმა რომ ერთპირობა იცოდეს და ერთმანეთის ფხარის მიცემა, მაშვინ... მარა ყაძახი უსტავლელია და უსწავლელს ყველა ატყუებს... იცი, ნიკო, წრევანდელი, რავაც გვითქვამს, ისე მევიხმაროთ. ამ გაის ძაან ადრე ჩამოვიდეთ, მაშვინ შენც კარგა შეგეძლება მუშაობა და ერთი იი ბატონი მევიშოროთ თავიდან. მენადელე კაცი ბატონის ყმაია. იფიქრე, ერთი რომ უცფათ ფეხი გამეშალოს, ჩემს ობლებს ნადელის გადასახადში დააწინდრებენ! ღმერთო, შენ მომიწყვე ხელი!
- მოვკტით, ბაბავ, ყველა ზამთარში ტყეში გდებით! რა იქნა, ძაღლი ხომ არ ვართ! ერთი მევისვენოთ! - უკმაყოფილოდ უპასუხა მამას ნიკომ.
- მოსვენება კაია, შვილო, მარა ვინ მოგვასვენებს! მებატონეს, ღვდელს, ხენწიფეს, ოჯახს, მტერს, მოყვარეს, ყველას პასუხის გაცემა უნდა, ძნელია მუშის უღელი!
ნიკომ შეხედა მამას და ნაღვლიანად ამოიოხრა. ნიკო ქერა ყმაწვილი იყო, ქალივით ნაზის აგებულებისა და ამიტომ ძლიერ უჭირდა შრომის ატანა. მამა ატყობდა ნიკოს, რომ მძლავრს მუშაობას ვერ აიტანსო და ამიტომ მოინდომა მისი სწავლაში გაზრდა. ერთხანს სოფლის სკოლაში ჰყავდა, მერე საქალაქო სასწავლებელში წაიყვანა. ნიკომაც კარგი სწავლის ნიჭი გამოიჩინა, პირველ შეგირდად ითვლებოდა თავის ამხანაგებში. მაგრამ ივანემ ვეღარ შეიძლო შვილის სკოლაში რჩენა და პირველის კლასიდანვე გამოიყვანა ნიკო, რომელსაც თუმცა აგერ სამი წელი იყო, რაც ის სკოლას მოაცილეს, მაგრამ წიგნის კითხვის სურვილი მაინც არ გაქრობოდა. იპოვნიდა თუ არა თავისუფალს დროს, წიგნში ჰქონდა თვალი. ივანეც ძლიერ დარდობდა ნიკოს სწავლიდან მოთიშვას:
- წევიწყმიდე სული, შენ რომ კლასს მოგაშორე! ახლანდელ დროში უსტავლელი კაცი უღლის ხარია, მეტი არაფელი, - იტყოდა ხოლმე ივანე, როცა ნიკოს წიგნს დაუნახავდა ხელში. მაგრამ რა ექნა? ვეღარ შესძლო ამ დროულმა კაცმა მძიმე უღლის წიკვა და უფროსი შვილი ამოიყენა გვერდში. თავისის ფიქრით, ივანე უმცროს ვაჟს უპირებდა სწავლაში გამოზდას, მაგრამ ამით ნიკოს სწავლაზე მოთეშის დარდი არ უმსუბუქდებოდა.
- ასეა, ნიკო, ასე ყაძახის საქმე!.. - ივანეს უნდოდა სიტყვა განეგრძო, მაგრამ ამ დროს მასთან შევიდა მისი მეზობელი გიგოია და უთხრა:
- შეიტყვე, ივანე, რა საცოდაობა ქნილა? წუხელი რომ დიდი ქარი იყო, ზალიკაის კარავთან მუხა მუუგლეჯია, დუურტყამს კარავზე და ორივე ამხანაგები, ზალიკაიც და სიმონიკაიც, გუუჭყლეტია! ნეტაი დასამარხათ მაინც ეშონა კაცს მკტარი! რას ქვია! მოკიდია ცეხლი და რავაც თაფლის სანთელი, ისე გამომწვარა ორივე! რაღა ეშველება მათ ცოლ-შვილს! ნეტაი მაინც იმდონი ობლები არ დარჩენოდენ. ერთსაც და მეორესაც ნაცარი საფსე ჰყავს ბაღნებით!
- ვაი საწყალო, ვაი საწყალო! - შემოირტყა ივანემ თავში ხელი, - გუშინღამ რომ გამევიარე, ვუთხარი: ბიჭო, აი მუხა დროზე მოსჭერით, თვარა კას არ იზამს-მეთქი! ვაი, რა ცოდვა დატრიალებულა! ერთმა მეორეს რომ ცეხლი მოაფსოს ტანზე, იმისთანაი არ დარჩენია არცეთს, შიმშილი დახოცს! მოდი ახლა ჩვენს სიცოცხლეს სიცოცხლე დაუძახე!..
- ნეტაი ეძინენ, თუ რეიზა ვერ გაასწრეს? - იკითხა ნიკომ, რომელსაც შეშინებულის სახე დაედო ამ ამბის გაგონებაზე.
- იგი ვიღამ იცის, მოამბე კაცი რომ აღარ გადარჩენილა, - თქვა გიგოიამ.
ერთს ხანს კიდევ ილაპარაკეს ივანემ და გიგოიამ, თუ როგორ შეატყობიონ ზეგანში იმ ცოდვიშვილების ცოლ-შვილს და მერე გიგოია წავიდა თავის კარავში.
- ჰმ!.. - წამოიძახა ივანემ მწარედ, - ასეა უბედური მუშაკაცის საქმე: მუშაობს, ფაცურობს, აი იქით, აი აქეთ, გეიხედავ და ჩაკვტება საცხა, რავაც მწერი, ისე! ვინ შეიტყობს, რამდონი ზალიკაი, სიმონიკაი, გოგიეი ამ კუთხეში ჩაკვტება, რამდონი სხვა კუთხეში და რამდონი სად? რა არის ჩვენი სიცოცხლე!..
დიდხანს ილაპარაკეს იმ ღამეს მამამ და შვილმა. გაიხსენეს ყველა, ვინც კი იმ წელს მათ სოფელში ან სხვა ახლომახლო სოფელში ფათერაკად მომკვდარიყო: ვიღაც გოგიეი, რომელიც ხეს ჭრიდა, ვერ გაიგო ხის წაქცევა და ხემ გაჭყლიტა; თედორიკა, რომელსაც სიმინდის დატეხის დროს სავსე ნალიას ქვეშ დაეძინა, ნალია წაქცეულიყო და ცოლიან-შვილებიანად გაესრისა; პავლია, რომელიც ნიგოზის ჩამორეკის დროს ხიდან ჩამოვარდა, თავი კვერცხსავით გაეთქვიფა და, რა თქმა უნდა, მოკვდა; პეტრიელაის ექვსი წლის ქალს, რომელიც მშობლებმა სახლის მცველად დასტოვეს, უცბად ცეცხლი მოეკიდა ტანსაცმელზე და დაიწვა; მასიკელაი, ოცი წლის ბიჭი, რომელიც ერთს ღვდელთან მოჯამაგირედ იდგა, წყალდიდობას სხვაგან გაგზავნეს და დაირჩო; ვიღაც გოგიელაი, რომელმაც ოჯახის რჩენა ვეღარ შეიძლო და თავი მოიკლა; სამი ბავშვი, რომლებიც იმ დროს, როცა მათი მშობლები ყანაში იყვენ, ცოფიანმა დაჰგლიჯა; ერთი მათგანი (უმცროსი) მაშინვე მოკვდა, მეორე გაცოფდა და მესამე გადარჩა, მაგრამ დამახინჯებულია - ცალი თვალი ამოგლეჯილი აქვს, ბაგე გახეული და ხელი გაფუჭებული; ერთი ძუძუს ბავშვი, რომელსაც იმ დროს, როცა დედამისმა სადილი წაიღო ყანაში და ის აკვანში ჩაკრული დატოვა, გველი მოეხვია ყელზე, დაკბინა და გამოუთქმელს ტანჯვაში დალია სული.
კიდევ ბევრს ასეთებზე ილაპარაკეს, ასე რომ შუაღამეზე გადასული იყო, როცა დაიძინეს.
IV
ფოთს წასაღებად დამზადებული ხეების ბედ-იღბალი ტაროსზეა დამოკიდებული: თუ წყალდიდობა არ შეხვდა, ისე ის ნოყოები, რომლის პირებზედაც ხეებს ამზადებენ (დიდრონ სანავო წყლების პირზე ამ ტყეში ხე გამოილია), წყლის სიცოტავის გამო ტივს ვერ აიღებს. ამიტომ ხშირად ხდება, რომ გოლვიანი წელიწადი ზედიზედ მოჰყვება ერთმანეთს, წყალდიდობა არ გაჩნდება და დამუშავებული ხეები ძირზედვე ლპება. ამიტომაც არის, რომ ტყეში მომუშავე, რა დაამზადებს ხეებს, მას შემდეგ მუდამ ცას შესცქერის: როდის იქნება ერთი წვიმა დაუშვას და წყალდიდობა დეიწყოსო. მართალია, წვიმა გურიაში, შავი ზღვის სიახლოვის წყალობით, იშვიათი არ არის, მაგრამ ისეთი წვიმა და წყალდიდობა, როგორიც ხის პატრონებს ეჭირვებათ, წელიწადში ორჯერ-სამჯერ თუ მოხდება - ხან, როგორც ვთქვით, ისიც არა. მაგრამ იმ წელს, რომელსაც ჩვენი ივანე ვნახეთ ტყეში, თებერვლის თვეში დაუშვა ისეთი წვიმა, რომ მდინარეებმა ხე და მიწა წაიღეს. ახლომახლო სოფლებიდან მუშა ხალხი ჩალაგდა ტყეში, ასე რომ სოფლებში, ბავშვებს და ქალებს გარდა, მუშახელი არ დარჩენილა. ვისაც თავისი ხეები ჰქონდა, ის იყო, და ვისაც არა, ისინი ქირით მიჰყავდათ. რა თქმა უნდა, ივანეც თავის ნიკოთი და რამდენსამე ნაქირავები კაცით გაჩნდა თავის ხეებთან. მთელს თხუთმეტს დღეს ეზიდებოდა ხალხი ხეებს ნოყოებიდან “ტანწყალზე”. მართალია, სიცივე წყალში მომუშავეებს ძვალსა და რბილს უყინავდა, მაგრამ ეხლა სიცივეს ვინღა მიაქცევდა ყურადღებას! ისეთი წყალდიდობა, როგორც მაშინ იყო, იქნება სამს წელიწადშიაც აღარ გამოჩენილიყო, და ამიტომ, თუნდა ჯოჯოხეთი ყოფილიყო, მუშას თავისი ხე მაინც უნდა წაეღო ფოთს. როცა გამოალაგეს ხეები “ტანწყალზე”, შეკრეს დიდრონი ტივები და მიაცურებდენ ფოთისკენ, ზოგი წინ, ზოგი უკან, ვის როგორც შეხვდებოდა, ისე. ივანემაც შეჰკრა უზარმაზარი ტივი, დაითხოვა ნაქირავები მუშები, დაისო თავისი ნიკო ტივზე, გადაიწერა პირჯვარი და გაუდგა ფოთისკენ.
როცა ივანემ პალიასტომს მიუწია, დაღამდა კიდეც. თუმცაღა მოიწმინდა, მაგრამ უმთვარო ღამე იყო და ბნელოდა. თან ცოტა ქარმაც მოუბერა. “ბიჭო, სიდან ამოგირგილდა აი წყეული ზენაის ბინდი”, - უკმაყოფილოდ სთქვა ივანემ, მერე შეხედა ცას და დაატანა: - ვარსკვლავები ისთე ცქრიალებს, რომ ქარი იმატებს. ნიკო, ამეღამ აქანაი დავაბათ ტივი და გავათიოთ ღამე. ამ ბნელ ღამეში ერთი რომ მოაცილოს პირს ტივი, გათავდა, დევიკარქვით წყალში. მერე შენ რომ არ მეჯდე ტივზე, კიდევ სხვაა. მე ბევრჯელ ვარეს დარშიაც გადამიარია აგი. მარა შენ? შენ ამისთანა ბნელ ღამეში ვერ განდობ ამ მყლაპავის პირს. გამოუცთელი ხარ. ერთი კუმი რომ ვაგლახათ მოხთეს ტივს, გადაგაგდებს!” ამ სიტყვებით ივანემ მისწია ტივი ნაპირისკენ. როცა ხმელეთს მიუწია, დაასო სარი, დააბა ზედ და მამა-შვილი გავიდენ ნაპირზე. ივანემ მონახა ჩალაში მშრალი ადგილი, სადაც ცეცხლის დანთება შეიძლებოდა, დააკვესა და გააჩინა ცეცხლი. მერე გადმოიტანა შეშა, რომელიც ტივზე ეყარა და ისეთი დოჩხაური დაანთო, რომ ერთი საჟენის სიმაღლეზე ადიოდა ალი. მაგრამ ისეთი ცივი ღამე იყო, ისეთი ცივი ქარი ქროდა (ივანეს სიტყვა ასრულდა: მძლავრი ქარი ამოიჭრა), რომ ცასწმინდას ქვეშ დანთებული ცეცხლი სრულიადაც ვერ ათბობდა იქ მყოფთ. მეტადრე საწყალი ნიკო სულ გაჰყინა. მისი კბილების რაკარუკი გულს უკლავდა ივანეს, რომელიც ახვევდა შვილს ნაბადს, მაგრამ ნაბადი ტივზე დასველებულიყო და სითბო სრულიადაც არა ჰქონდა. შუაღამის შემდეგ ქარმა იკლო. უკანასკნელ, როგორც იქნა, ნიკოს ჩაეძინა, ივანემაც მიდო თავი და, როგორც იტყვიან, თვალი მოატყუა. მაგრამ ჩქარა ალიონმა მოუსწრო და წამოხტა ზეზე. ნიკოც გააღვიძა. ახლად გაღვიძებული ნიკო ხელახლა სიცივემ აიტანა და მოჰყვა კბილების რახუნს. ივანეს უნდოდა, რაც შეიძლებოდა, ადრე წასულიყო, რადგანაც ქარის გაძლიერებისა ეშინოდა, მაგრამ ნიკო შეეცოდა, დაუნთო კარგი ცეცხლი და გაათბო. ამ გარემოებამ ისე დააყოვნა იმათი წასვლა, რომ მთის გადაღმიდან მზის სიწითლემ კიდეც მოატანა, როცა ისინი ტივზე გავიდენ. თითქო მძინარემ გამოიღვიძაო, ქარმა ორიოდეჯერ მძლავრად ამოისუნთქა და ისევ გაჩერდა. ივანემ გახედა ცას და წარბებმოჯმუხვნით სთქვა: “ნიკო, ვიჩქაროთ, თვარა ქარი უმატებს!” გადაიწერეს მამამ და შვილმა პირჯვარი, ახსენეს ღმერთი და აუშვეს ტივი.
- ნეტა, რა ქნეს, ბეჟუკაი და დათიკელაი რომ მოგვყობოდენ უკან ტივით? - იკითხა ნიკომ.
- სიცივე შეაშინებდა და ზეით კარავში მეიცთიდენ. სხვებიც იყვენ, არც იგინი ჩანს. სიბრიყვე მათი! ამ ქარიზა გეესწრენ, თვარა ახლა რომ ქარი ამეიჭრება, თუთხმეტ დღეს არ ჩავარდება. მერე უფრო არ დეიხოცებიან ამ ბოღაზში ყურყუტით! - თქვა ივანემ, რომელიც მძლავრად მიაქანებდა ტივს და ხანდახანს უმზერდა ცას.
როცა ბოღაზს მოშორდენ, ტივმა მსუბუქად გაიცურა იმღამინდელი ქარისაგან ათამაშებულ “პავლიას ტომის” წყალზე, საიდგანაც გარკვევით გამოჩნდა ჯუმათის მთა და მის წვერზე, არწივის ბუდის ოდენად, მთავარანგელოზის მონასტერი. რადგანაც მზე მეორე მხრიდან ადგა და ჯერ არ ამოსულიყო, მთასაც და მონასტერსაც რაღაც საიდუმლო, მკრთალი, ბნელი ფერი ედო. ივანემ გაიხედა მონასტრისაკენ და, მთავარანგელოზო, შენ გვიპატივეო, ღრმა გრძნობის გამომეტყველი სახით დაიწერა პირჯვარი სამჯერ. ნიკოც მიჰყვა მამის მაგალითს. მაგრამ პალიასტომი ისეთი საიდუმლო, მწვანე, ბნელი თვალით გამოიყურებოდა, რომ ნიკოს შიშით ადამიანის ფერი აღარ ედო სახეზე. ივანე მამაცად იბრუნებდა იქით-აქეთ ჭოლოკს და ამიტომ ყურადღება ვერ მიექცია ნიკოს გაფერმკრთალებულის პირისახისათვის. ნიკოც თავისის მხრით ცდილობდა მამის მიხმარებას და არ უმხელდა შეშინებას. ამოყო მზემ თავი და ერთს ადგილას, პალიასტომის წყალში სვეტივით ჩაუშვა თავისი სხივი, ასე რომ ადამიანს თვალებს გაუფუჭებდა იმ ადგილას შეხედვა; პალიასტომს მზის დახედვამ კიდევ უფრო საშიში ფერი დასდო. მთა და მონასტერი ჯერ კიდევ შავად მოჩანდა, რადგანაც მზე ჯერ კიდევ არ მისდგომოდა. წყალს, ჰაერს და არემარეს უსიამოვნო, საიდუმლო ფერი ედო. თითქო მზის შუქს ამოჰყვაო, ქარმა რამდენჯერმე გაიგრიალა პალიასტომზე და გააღვიძა ეს ვეშაპი. “გააგდე ჭოლოკი ხელიდგან, დაჯე ტივზე და მოუჭირე ხელჩასაკრავს!” - შესძახა ივანემ ნიკოს. თითონ კი ლომივით ტრიალებდა, რომ როგორმე ტივი მიეყენებია ნაპირზე. მაგრამ ივანეს ბრძოლა უძლური იყო განძვინვებულ სტიქიონის ძალასთან. ტივს თანდათან აშორებდა ტალღები ნაპირიდან და გაჰქონდა შუაგულისკენ. უკანასკნელ ჭოლოკიც ვეღარ დაუწვდა წყალს ძირამდე, რადგანაც შუაგულისკენ წყლის სიღრმე თანდათან მატულობს. აქ ივანემ მოინდომა, ტივს რაც მოუვა, ჯანი გავარდეს, ნიკოს ჩავისვამ ნავში და ნაპირზე გავალო. ნავი ტივზე ჰქონდა მიბმული, მაგრამ წყალი ისე იყო აზვირთებული, რომ ესეც შეუძლებელი გახდა. დიდხანს იბრძოდა ივანე თავგამეტებით. უკანასკნელ, როცა აქაფებულმა ტალღებმა ტივს ყირამალა დაუწყო ყუდება და ღონისაგან დაცლილმა ივანემ დაინახა, ჩემის ბრძოლისაგან არაფერი არ გამოდისო, გააგდო ჭოლოკი ხელიდან, დაეცა ტივზე და ჩაჰკიდა ტივზე დაკრულ ხეს ხელი. “ნუ გეშინია, ხელი მაგრათ, აგერ მეორე ნაპირზე გაგვიტანს და გადავრჩებითო”, - ამხნევებდა ნიკოს. ქარს გაჰქონდა და გაჰქონდა გუგუნი. ქარის გუგუნს წყლის გუგუნიც უერთდებოდა. ასე რომ, გვერდით ზარბაზანი რომ დაეცალათ, ვერ გაიგონებდით, ერთადერთი იმედი ივანესთვის ისღა იყო, რომ ტივი მაგრად ჰქონდა შეკრული, არ დაიშლებოდა, ტალღები სადმე ნაპირზე გააგდებდა და გადარჩებოდენ დახრჩობას. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ იმამაცებდენ, ტალღების დაძგერების დროს ტივზე ხელი არ მოეგლიჯებოდათ და წყალში არ გადაცვივოდენ. ამიტომ “ხელი მაგრათ, ხელი მაგრათო” - წამდაუწუმ უყვიროდა ივანე ნიკოს, რომელიც მართლადა ისე იყო კეტზე ჩაფრენილი, რომ, თუ დააჭრიდი მკლავებს, თორემ სხვაფრივ ვერ მოაშორებიებდი. მაგრამ, აი აგერ ერთმა ტალღამ ჰკრა, აიყვანა ტივი მაღლა, წამზე უცბად გამოეშალა და ისე დააჯახა წყალს, რომ ვენახი, რომლითაც ტივი იყო შეკრული, ორ-სამ ადგილს გაწყდა; ეს განმეორდა რამდენჯერმე და ტივმა იწყო რღვევა. ეხლა კი დაინახა ივანემ, რომ იღუპებოდა თავიანშვილიანად. ნიკო კი არც რასმე ხედავდა და არც რამესა ფიქრობდა, შიშისაგან გაბრუებულიყო და უაზროდ ჩასციებოდა ტივს. ივანემ გაუშვა ტივს ხელი, წამოვარდა ფეხზე და ისეთი დაჰკივლა, რომ ცა გასქდებაო, გეგონებოდათ. არსად ადამიანის ბაიბური არ ისმოდა. მაგრამ თუნდ კიდეც ყოფილიყო სიახლოვეს ვინმე, ვინ გაბედავდა გახელებულის პალიასტომის პირში თავის მიცემას! ივანემ დაჰკრა ფეხი, გადავარდა ნიკოსთან, მოჰკიდა ცალი ხელი ნიკოს მკლავში და ცალი იმ ხეს, რომელზედაც ნიკო იყო ჩაფრენილი. საშინელის თავგანწირულობის ფერი ედვა სახეზე. წარმოუდგენელი ძნელი წამია ის წამი, როცა ადამიანი თვალდათვალ უყურებს თავის დაღუპვას, თავის გაქრობას! ძნელია მეტადრე სოფლის გლეხისთვის, რომელიც ისე მჭიდროდ შეკავშირებულია სიცოცხლესთან, გლეხისათვის, რომელიც სწყევლის, კრულავს თავის ბედს, თავის გაჩენას, მაგრამ მაინც კი მთელი თავისი არსებით ეჯაჯგუნება ცხოვრებას, უზომოდ უყვარს სიცოცხლე. ივანემ სწრაფად წარმოიდგინა, თუ რა ჯოჯოხეთი მოელოდა მის ოჯახს დაობლების შემდეგ. “რა ეშველება? შიმშილი დახოცს, გადასახადში დააწინდრებენ, უპატრონოთ დარჩენილ ქალიშვილს ნამუსს ახთიან, დეიღუპა ოჯახი, ნასახლევათ გადაიქცევა! ვიღა დააპურებს? შიმშილი, შიმშილი...” - ქარიშხალივით გაურბინა ივანეს ამ ფიქრებმა, მაგრამ მეტი ფიქრი კი აღარ დასცალდა, ისე მძლავრად დაეჯახა წყალს უიმისოდაც დარღვეული ტივი, რომ ხეები თითო ღეროებად გაიფანტა. ივანე და ნიკო, რომლებსაც უცბათ გამოეშალათ ხეები ფეხებიდან, მოემწყვდენ წყალში. თუმცაღა მამამაც და შვილმაც ცურვა იცოდენ, მაგრამ ღონეგამოლეულს, ტანთგაუხდელს, საშინლად აზვირთებულ ცივს წყალში, აბა, რა შორს შეუძლია წავიდეს! ივანემ დაინახა, როგორ ჩასძირა და ჩაყლაპა შეუბრალებელმა წყალმა მისი საყვარელი ნიკო. ერთი უკანასკნელად კიდევ დაიღრიალა საწყალობელმა ივანემ მონადირისაგან სასიკვდილოდ დაჭრილ ლომსავით და უნდოდა მიშველებოდა შვილს, მაგრამ აღარც ღონე იყო მიშველებისა და აღარც შვილი იყო მისაშველებელი: ნიკო უკვე ჩაიტანა ძირს წყალმა ისე, რომ ხელიც არ გაუნძრევია საცოდავს. რამდენსამე წამის შემდეგ ღონეგამოლეული ივანეც წავიდა წყლის ფსკერისაკენ და ეს სიტყვები: “ვაიმე, ოჯახო! ვაიმე, ცოლ-შვილოო!” მუცელშივე ჩაუბრუნა პირში ჩახეთქილმა წყალმა.


ქარი საშინელის ქუხილით ჰბრუნავდა; მზემ ამოიწია და დაჰყურებდა პალიასტომს, თითქო სეირს უყურებსო, ივანეს ხეები ისე თამაშობდენ ტალღებზე, თითქო დასულდგმულებულან და უხარიათ, რომ თავისუფალი ვართო. ივანეს პატარა ნავიც გარეულიყო ხეებში და მიჰყვებოდა ტალღებს, ხან აღმა, ხან დაღმა. რამდენსამე წამის შემდეგ დამრჩვალი ივანე და ნიკო წყალმა ერთხელ კიდევ ამოიტანა ზემოთ, აჩვენა ქვეყანას და შემდეგ ისევ წაიღო თავის კუპრსავით ბნელ ფსკერისაკენ.
1891 წ.