პატარა-კახი

პატარა კახი
ავტორი: აკაკი წერეთელი


ხუთმოქმედებიანი ისტორიული დრამა


მოქმედნი პირნი:


კახეთის მეფე თეიმურაზ II.

დედოფალი თამარ - მისი მეუღლე.

პატარა-კახი - მისი ძე, მემკვიდრე.

გივი ჩოლოყაშვილი - პატარა-კახის გამზრდელი.

ლევან ქვაბულიძე.

რევაზ ბებურიშვილი.

მწყემსი.

მოხუცი ბრმა - გელად წოდებული.

ტურფა - მისი ქალი.

თედო რამაზიშვილი - რევაზის მსახური.

ელენე - ლევანის და.

ბაადურ-კუტი.

მუშები.

შიკრიკები და ამალა.



მოქმედება პირველი


დიდი ტყე, წინ ვაკით. შორით უზარმაზარი მთები მოსჩანან. ერთ

პატარა გორაზე ზის მწყემსი და სალამურს უკრავს.


გამოსვლა პირველი


(ჩამოდის ვაკეზე და მარჯვნივ ტყისკენ იყურება)


დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან!

მაგრამ სალამურს თუ მოჰკრა ყური,

ანდამატურის ძალით გამოსწევს

აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.

(დაფიქრდება. ნაღვლიანის ღიმილით)

ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე?!

იქ, ბარში, ყველა ჩემი ტოლები

მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ

და მე კი ცხვარში აქ ვიმალები!..

ისინი მტრის სისხლს ჰღვრიან უწყალოდ,

ზიზღით ევსებათ მრისხანე გული,

მე კი ქალივით აქ ცრემლებს ვაფრქვევ

და სიყვარულით მიძგერს გლახ-გული!..

მერე როგორ დროს? მაშინ, როდესაც

სხვა უდიდესი წინ გვიძევს ვალი! (დაფიქრდება)

მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,

გულთამხილავო, და არ მაქვს ბრალი!..

კიდევ არ სჩანან... ეგებ წავიდენ,

გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი?

აჰ, ღმერთო ჩემო! ჯერ უმისოდაც

დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი!

(მიბრუნდება და მაყვალს დაუწყებს კრეფას)


გამოსვლა მეორე


ბრმა მოხუცი და ახალგაზრდა ქალი


მოხუცი


აქ შევისვენოთ!


ქალი (აქეთ-იქით იყურება)


თქვენი ნებაა!

სწორი ვაკეა... ჩრდილიც ყოფილა...

წამოწექ!.. მუხლზე დამადევ თავი

და დაიძინე!.. აქ კიდეც გრილა.


მოხუცი


მუხლზე? კი, მაგრამ რომ გეტკინება!


ქალი


მაშ ქვას მოვიტან... სადმე იქნება...


მოხუცი


აჰ! არა, შვილო, რა საჭიროა?

უსასთუმლოდაც დამეძინება. (ჯდება)

საკვირველია, თითქოს გაგრძელდა

ეს პატარა გზა დღეს ერთიორად;

ამასთან კიდევ მხარიც მომექცა

და მომეჩვენა უსწორმასწოროდ. (ამთქნარებს)

ასე სცოდნია თურმე სიბერეს:

დააუძლურებს თვალებსა და ყურს...

ერთი ხანია ყურიც მიწივის,

თითქოს უკრავდენ სადღაც სალამურს!


ქალი (გაწითლდება)


ეგ, მამავ, მართლაც სალამურია.


მოხუცი


სალამურია?! მერე ვინ უკრავს

იმ დროს, როდესაც ურიცხვი მტერი

ამ ჩვენ ქვეყანას გარშემო აკრავს?!

მაშინ, როდესაც ბარში ქვრივ-ობლებს

მტრები მუსრვენ და სარზე აგებენ,

აქედან ჩვენი ეს მთიულები

სალამურის კვრით უპასუხებენ?..


ქალი


მწყემსები უკვრენ და თავს იქცევენ;

ხელში კომბლებით აქ უდგიან ცხვრებს.


მოხუცი


ეგ უკეთესი!.. ვაჰ, ჩემს მოსწრებას!

რა ესმის ამ ჩემს დასადგომ ყურებს?..

ამისთანა დროს იმ შერცხვენილებს

რა ემწყემსებათ და რა ეცხვრებათ?!

მაშინ, როდესაც იმათ მოძმეებს

მძიმე ბორკილი ფეხში ეყრებათ... (დაფიქრდება)

ეჰ, თეიმურაზ! რა მტყუანი ხარ,

რომ მოაშურე ამ მთის სიმაგრეს

და ბარელები ოხრად დაჰყარე,

რომ არ უყურო იმათ სიმწარეს.

შენ რომ გულს იტეხ, მტერი თამამობს

და შეუპოვრად ქართველს აძრობს ტყავს!..

დამნაშავე ხარ!.. მაგრამ მეფე ხარ

და ვინ რას გეტყვის? ვინ რას მოგკითხავს?..


ქალი


კარგია, მამავ! მაგდენს რომ შფოთავ,

კიდევაც მიტომ არ გეძინება.


მოხუცი


მგზავრმა რა გითხრა? ქოშისგორამდე

მისასვლელი გზა შორი იქნება?


ქალი


არა!.. ასე სთქვა: “აგერ არისო”,

თუ მართალია და არ მოჭორა!.. (სიჩუმე)

მამილო! ვისი აგებულია

და ან რათ ჰქვიან მას ქოშისგორა?


მოხუცი


ძველი დროების ამბავი არის,

მე ზღაპარივით გამიგონია,

და გეტყვი, შვილო, რადგანც სურვილი

მაგის შეტყობის გულში გქონია:

ამბობენ, ვითომც რომ თამარ მეფემ

ერთ დროს არავინ ინახულაო;

ორმოცი დღე და ორმოცი ღამე

აქ, შუამთაში, იმარხულაო.

რომ გაიწმინდა სულით და ხორცით,

ქოში გაიძრო მოჭედილიო,

აავსო მიწით და თან წაიღო,

რომ დაენიშნა ის ადგილიო,

სადაც ერთ დროში კახელ ყმაწვილებს

თავი დაედვათ წამებულადო,

და იქ დაჰყარა ნაკურთხი მიწა,

ძღვნად და საკურთხად დიდებულადო.

იმის მაგალითს სხვებმაც მიჰბაძეს:

ყოველი კუთხით იწყეს დენაო;

გაკეთდა გორა და ზედ თამარმა

წმინდა ტაძარი ააშენაო.

როდესაც თურმე პირველად სწირეს,

მაღალმა მთებმა იწყეს დრეკაო

და თამარ მეფეს, ნათლით შებურვილს,

ზეცით მოესმა ზარის რეკაო!


ქალი


ნეტავი იმ დროს და მაშინდელ ხალხს,

რომ სასწაული თვალით უნახავს!..

მამილო! ახლა ქართველ ქალებში

თამარისთანა აღარავინ გვყავს?


მოხუცი (იცინის)


რას ამბობ, შვილო? იმისთანები

განა ყოველთვის იბადებიან?!

ოცნებასავით სამაგალითო

ვარსკვლავებივით ნათლად ჰქრებიან!..

(სიჩუმეა. რაღაცას იგონებს)

სიტყვა უდროოდ გამაწყვეტინე!

არ მაგონდება... შვილო, დავბერდი...

ჰო, ქოშისგორა ვის სახელზეა?

ის უნდა მეთქვა... მაზე გავჩერდი...

ტაძარი ყოვლადწმინდის სახელზე

სულ ჩუქურთმებით აგებულია

და სასწაულის მოსაგონებლად

ხვალინდელი დღე დადებულია.

მივალთ და ვნახავთ იმ ძლიერ ტაძარს!..

გულს დავიმშვიდებთ სიწმინდის ნახვით!..

ჩვენც გვმართებს, შვილო, რომ სხვებთან ერთად

ღამე ვათიოთ ლოცვით და მარხვით.


ქალი


მაგას რაღა სჯობს?! მაგრამ თუ მართლა

ამაღამ ძილი არ შეიძლება,

აქვე რომ ცოტა გამოიძინო

და შეისვენო... რა გენაღვლება?

მეც ცოტა ხნობით ტყისაკენ წავალ,

სოკოს მოვძებნი, ან მოვკრეფ მაყვალს,

მაგრამ აქვე კი ახლოს ვიქნები,

არ მოგაშორებ არც ერთ წუთას თვალს.


მოხუცი


ჰო, კარგი, შვილო! მაყვალს კი ნუ სჭამ,

რომ დასუნთქული არ ჩაატანო.

მანამდე მეც აქ თვალს მოვატყუებ,

მაგრამ შენ კი არ დამაგვიანო. (მიწვება).


ქალი


(მიდის ტყეში და აქეთ-იქით იხედება)


რა ამბავია, რომ აღარ მოდის?

ამდენ ხანს რისთვის დაიგვიანა?

რომ არ მოვიდეს? როგორ არ მოვა?

ჩემს უნახავად დღეს გასძლებს განა?

არა! კი მოვა, მისი ჭირიმე!

მაგრამ, ვაი, რომ როდესაც ვხედავ,

გულში ბევრი მაქვს მასთან სათქმელი

და პირადად კი ვერას ვუბედავ!..

გული მიტოკავს და რაღაც ყელში,

როგორც რომ ბურთი, ისე მეჩრება...

ენა მებმევა... ხმას ვეღარ ვიღებ,

სიცხეს მაძლევს და პირი მიშრება!..

ჩუ!.. სალამური... სწორედ ის არის!..

იშ!.. შეხედვასაც რომ ვერა ვბედავ!..

მაყვალს დავუწყებ ჩემთვის აქ კრეფას,

ვითომ არ მესმის!.. ვითომ ვერც ვხედავ...

(ზურგს შეაქცევს და მაყვალს დაუწყებს კრეფას)


გამოსვლა მესამე


იგინივე და მწყემსი (გამოდის მარჯვნივ)


მწყემსი (მიუახლოვდება)


ტურფავ!


ქალი (შეკრთება)


უიმე!


მწყემსი


რამ შეგაშინა?

მე ვარ, ვერ მხედავ, შენ გეთაყვანე?


ქალი


უეცრად შევკრთი... აღარ გელოდი...

ამდენხანს რისთვის დაიგვიანე?


მწყემსი


მე კი არა, თქვენ დაგიგვიანდათ.

დიდი ხანია რაც მე აქ ვიცდი.


ქალი


ვერ მოვატანეთ... გზა გაგვიგრძელდა,

რადგანაც განგებ ბევრჯელ გადავცდი.


მწყემსი


გადასცდი? რათა?


ქალი


როგორ თუ რათა?

ბრმა არის, მაგრამ არ ავიწყდება...

სულ იმ ერთი გზით რომ მოვიყვანო,

დაუკვირდება და მიგვიხვდება.

რაც შემიძლია, ვუბნევ გზა და კვალს!..

კიდევ კარგი, რომ გზა გამშრალია!..

ხან აღმა მიმყავს და ხან თავდაღმა,

ვატყუებ, მაგრამ შენი ბრალია!..


მწყემსი


შენ გენაცვალოს ჩემი სიცოცხლე,

რომ ჭკვიანი ხარ!.. მოხერხებული!..

მაგნაირ ცოდვას ზეცაც არ გიწყენს...

თავდები არის თვით სიყვარული.


ქალი


მეც მაგრე ვფიქრობ, რომ ბევრს შეუნდობს

და აპატიებს კაცს სიყვარული...

მაგრამ რა ვიცით, რომ ამ ჩვენ ორში

ერთი არ არის მოტყუებული?

უფროსებისგან გამიგონია:

კაცები ქალებს აბრიყვებენო

და, სიყვარულს რომ გამოსტყუებენ,

გალგრილად ხელსაც აიღებენო.


მწყემსი


ეგ მართალია!.. მოხდება ხოლმე,

მაგრამ მე სხვა ვარ!.. ნუ გამრევ მათში!..

მაშინ შემირცხვეს გვარისშვი... ჩემი...

ჩემი ბიჭობა და წვერ-ულვაში!..

(გამოიგლეჯს ულვაშის ღერს და აძლევს)

აი, წაიღე! ეს სიყვარულის

საწინდარია!.. შენ შეინახე!..

თუ გიღალატო, “ფუ” უთხარ, დამგმე!

შემარცხვინე და ცუდად დამსახე!

მამაპაპური ეს ჩვეულება

დღეს რჯულად არის გადაქცეული

და, ვისაც ქუდი ახურავს თავზე,

ვერ გასტეხს... თუ არ შეჩვენებული.


ქალი


არ ვიცი, რა ვქნა? ერთი ხანია

რაღაცა ძალი გარს შემომედო...

ჯერ ვინაობაც შენი არ ვიცი,

მაგრამ გული კი სრულად მოგენდო.

შენგან მოხიბლულს და დამონებულს

რასაც კი ამბობ, უეჭვოდ მჯერა,

ამას გიმოწმებს დღეს ჩემი სახე,

ჩემი თვალები და გულისძგერა.

ახლა შენ იცი და შენმა ღმერთმა...

შენ მოგაბარებ ამ ჩემ გულისთქმას

და ჯერ, სანამდის ჯვარს არ დავიწერთ,

ისე გენდობი, როგორც ჩემ ღვიძლ ძმას!

მაგრამ მაინც მსურს, რომ შემოგფიცო...

(გამოიძრობს თმას, გამოსკვნის და აძლევს)

აჰა, წაიღე ჩემგან საწინდრად!

თუ დაგივიწყო, ჩააგდე ცეცხლში,

რომ მეც დავიწვა და ვიქცე ნაცრად.


მწყემსი (აღტაცებით)


ოჰ, ნეტარებავ! სიტკბოების ზღვავ,

გაუზომელო, სივრცით უძირო!

თვით უკვდავების კამკამო წყარო,

ჩემთვის ცისა და ქვეყნის კავშირო!..

შენ შემოგევლოს გარს ჩემი თავი!

უშენოდ ქვეყნად განა კი გავძლებ?

ასი სიცოცხლეც რომ მქონდეს, ერთად

შენ შემოგწირავ!.. შენ დაგანაცვლებ!

(უპირებს მოხვევას)


ქალი (ხელსა ჰკრავს)


უი!.. რას შვრები?


მწყემსი


მინდა გაკოცო.


ქალი


ჯვარის წერამდის? ცოდვა რომ არი?

აჰ! არა! არა!... წადი... გამშორდი!..

ვერა!.. ჯერ, სანამ არა ხარ ქმარი...


მწყემსი (დაღონებით)


მოგშორდე? კარგი! შენი ნებაა...


ქალი (აღშფოთებით)


ჰო! წადი... წადი... მომშორდი მალე!

(მწყემსი მიდის)

მიდიხარ? კარგი, მაშ იქ ამოდი...

ქოშისგორაზე... შენ გენაცვალე!..

მიდის!.. წავიდა... არა, ნუ წახვალ!..

(მივარდება და მიეკვრის გულზე, მერე ისევ მოშორდება)

ოჰ, ღმერთო ჩემო, რა მემართება?! (ხელს ჰკრავს)

ახლა კი წადი!.. ნუღარ მოიცდი.

ნუ! ნუ! ხომ ჰხედავ?! არ შეიძლება!..

(თვალებზე ხელს იფარებს. მერე ისევ მობრუნდება)

წასულა!.. აგერ მთაზე გადადის...

აი, მობრუნდა და იყურება...

ნეტავ რათ არის ერთს და იმავ დროს

ტკბილიც და მწარეც ბედნიერება?..

(ჩაჯდება, თავს ჩაღუნავს, ხელებს მიიფარებს და

ტირილი აუვარდება)


მოხუცი(წამოვარდება ზეზე შეშფოთებული)


რა ამბავია?.. აქა ვარ, შვილო!..

რა დაგემართა? რამ შეგაშინა?

ძაღლმა ხომ არსად შემოგიტია!

წყეულმა გველმა ხომ არ გიკბინა?


ქალი


არა, მამილო, არაფერია!..


მოხუცი


მაშ, შვილო, მაგრე რამ მოგაწყინა?


ქალი


მარტო რო დავრჩი, ჯავრმა წამიღო

და უნებურად გული მატკინა.

მწარე ნაღველიც, ცრემლში ჩართული,

თვალთ მომეჩქეფა, გადმომეწურა!..

თვითონ არ ვიცი, რა ძალა იყო,

რამ ამატირა... ცრემლად დამწურა!


მოხუცი


ჰმ!.. სულ ეგ იყო, სხვა არაფერი?

მივხვდი!.. ეგ, შვილო, არაფერია:

სისხლი თამაშობს მოჭარბებული

და გულიც მისგან ანაძგერია.

მოგწყინდა განა? რაღა თქმა უნდა,

სულ მარტოობა ვის იამება?

მე ჩემს მომვლელად ამიყვანიხარ

და შენ კი გული სხვას გეუბნება.

შენი ყვავილი ახლა იშლება,

ჩემი - ფესვებიც კი დამზრალია

და ერთ უღელში რომ გაბმული ვართ -

ეს, მე რომ ბრმა ვარ, მისი ბრალია!

მაგრამ, ეჰ, შვილო, მოიცა ცოტა:

ჩემი ცხოვრების გზა გავლილია,

აწ, სადაც არის, მომიკითხავენ,

ჩემი დღეები გამოთვლილია!..


ქალი


აბა, რას ამბობ?!. კიდეც ეგ არის,

რომ მე მატირებს და სულს მიხუთავს!

შენ გეჭირვება ყურისმგდებელი

და მაგისთანა კი არვინა გვყავს.

მწყემსი რომ ჩვენ არ მოგვშველებოდა

იმ დღეს, ძაღლების მოსაგერებლად,

ხომ დაგვწიწკნიდენ სულ ლუკმა-ლუკმად

და გავხდებოდით ყვავ-ყორნის მსხვერპლად?

არა, მამილო, ქალი სუსტია,

კაცის ოდნობას როგორ შეიძლებს!

ნეტავი ერთი ვაჟი გყოლოდა!


მოხუცი


ეჰ, რათ მაგონებ დაკარგულ შვილებს?

ვაი მათ მომგონს!.. განა არ მყავდა,

მაგრამ არ შემრჩა! გამიწყდა ყველა!..

სამი ერთს ომში ერთს დღეს მომიკლეს

და ეს თვალებიც მან დამიბნელა;

ცოდვა არ არის, მე კიდევ ვიყო

და ისინი კი?! (სტირის. სიჩუმეა)


ქალი


ნეტავი ერთი

ყმაწვილი ვინმე გეშვილებოდეს,

რომ ჩემთან ერთად შენ ყურს გიგდებდეს,

სულ შენთან იყოს! თავს გევლებოდეს!..

მაშინ მეც...


მოხუცი


შენ რა? შენ რას იზამდი?..

გამიზიარე შენი გულისთქმა!


ქალი


იმას, რომ... მაშინ მეყვარებოდა

შენი გულისთვის, როგორც ღვიძლი ძმა.


მოხუცი


ჰმ... მესმის! მესმის, თუ რა ღვიძლი ძმა!


ქალი


როგორ თუ რა ძმა?.. ეგ რა სიტყვაა?


მოხუცი


ვიცი, რაც არის! განა ვერ მივხვდი?

შენ რომ ძმას ამბობ, ის ძმა სულ სხვაა! (იცინის)


ქალი


იჰ, რაებს ამბობ! (მორცხვობით) რა დროს ეგ არის?

მზემ შუბის ტარზე გადმოიხარა.


მოხუცი


მართლა? მაშ ახლა კი დრო ყოფილა,

აბა, ჰე, შვილო, წავიდეთ ჩქარა! (მიდიან)



მოქმედება მეორე


გამოსვლა პირველი


(ტყიდან გამოდის პატარა-კახი და აღტაცებით იხედება აქეთ-იქით)


პატარა-კახი


ძლივს მარტო დავრჩი!.. ოჰ რა კარგია

სამოთხის ნიჭი, თავისუფლობა!

რად მინდა, რომ ვარ ბატონიშვილი?

და რაღად მიღირს უფლისწულობა,

თუ ჩემს ნებაზედ ბიჯსაც ვერ გავდგამ?

უნდა მივდიო ქვეყნის მაცდურ ხმას!..

მძიმე უღელი დავდგა ჩემს სიყრმეს

და შევაკვეცო ფრთები გულისთქმას!

(შორიდან სალამურის ხმა მოისმის)

ჩუ!.. სალამური!.. მწყემსია სწორედ.

აი, სად არის ბედნიერება:

სცხოვრობს თავისთვის ბუნების შვილი

და გულს უსრულებს, რაც ენატრება.

(დაჯდება და ყურს უგდებს სალამურს)

ვიშ! რა კარგია ეს სალამური!..

როგორ იტაცებს გრძნობა-გონებას!..

სიამით ჰხიბლავს უსაზღვრო სურვილს

და აფერადებს მაცდურ ოცნებას!

მიგვაფრენს სადღაც ლაჟვარდ უფსკრულში,

ედემის კიდით შორეულ მხარეს

და აქ აერთებს ნათლის კავშირით

ჩვენს სიტკბოებას და ჩვენს სიმწარეს.

(დაფიქრდება და ყურს უგდებს სალამურს)

გამიგონია, ვითომც ლერწამი

ობლის საფლავზე ამოსულიყოს

და თავის ქნევით, დამუქრებული,

მაღლა ზეცისკენ ის წასულიყოს,

რომ მიეტანოს იქ ჩვენის ქვეყნის

მწარე ამბავი და საჩივარი;

მაგრამ იმავ დროს, ეშმაკის სული,

დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,

გადაეღუნოს, გადმოეღუნოს

და მოეთხაროს სულ ძირიანა;

მერე ენახოს მწყემსს წაქცეული,

ხელში აეღოს პატარა დანა

და გამოეჭრას მას სალამური,

რომ მოწყენის დროს სული ჩაჰბეროს,

და მთა და ბარის დასატკბობელად

ააკვნესოსო და აატიროს...

ეს უნდა იყოს ის მაცდური ხმა,

პირველ მწყემსისგან მოგონებული!

აქ ისმის ცის და ქვეყნის ამბავი,

ერთად შეთხზული, შეზავებული!..


ხმა ტყიდან


ბატონიშვილო!.. უუუ!


პატარ-კახი (შეკრთება)


უჰ, ღვთის რისხვა!

რომ არ მომნახო, არ შეიძლება?!

დარბაისლური ზრდილობით მოხვალ,

რომ მომიწამლო ტკბილი ოცნება!..

უუუ! აქ ვარ!.. აქეთ წამოდი!..


გამოსვლა მეორე


იგივე და გივი


გივი


ბატონიშვილო, სად ბრძანდებოდი?

ერთხანს გეძებე ამ უტეხ ტყეში

და, რომ ვერ გნახე, შიშით ვკვდებოდი!..


კახი


რამ შეგაშინა? მგელი შემჭამდა?

რისთვის ჩამომრჩი? ვისი ბრალია?


გივი


წინ შემხვდა ერთი მოხუცებული,

იმასთან შევდექ, შემიყოლია.


კახი


მართლა?!. მეც შემხვდა... ვგონებ, გიჟია!

ან დღეს უთუოდ სადმე დამთვრალა:

ფული მივეცი მას სამოწყალო,

იუკადრისა და დამამწყრალა!


გივი


რომ სცოდნებოდა, თუ ვინ ბრძანდებით,

კადნიერებას ვერ გაბედავდა.

მაგრამ ბრმა არის ის, უსინათლო,

და ბატონიშვილს ვერა ჰხედავდა!..


კახი


გლახაკი, ბრმა და ამპარტავანი?!


გივი


გლახა არ არის, თუმც კი გახლავს ბრმა:

სახელოვანი იყო ის ერთ დროს

და დღესაც სხვაა მაგის გულისთქმა!..

სხვას რამეს ითხოვს მაგისი გრძნობა,

სხვაგან მიჰფრინავს მაგის გონება!

მაგისი ღვაწლი და სამსახური

სამოწყალოთი არ იწონება!..

გიორგი არის... გვარად ხმალაძე...

ჰშვენოდა სიმხნე და მამაცობა...

მტერთან საომრად მაგას დაჰყავდა

დაბალი ხალხი და გლეხკაცობა...

მთაში და ბარში სწორად ნაქებსა

დღესაც იგონებს მაგას სუყველა;

გასაოცარი ვაჟკაცობისთვის

მეტი სახელი დაარქვეს “გელა”.


კახი


ეგ არის გელა?


გივი


დიახ, ეგ გახლავს.

დაბრმავებულა ერთი ხანია...

მიკვირს, აქამდის რომ ცოცხალია,

რაც მაგას ჭირი აუტანია.

ამდგარა, დადის სოფლიდან სოფლად,

წინ დაუძღვება პატარა ქალი,

და გლეხკაცობას ურჩევს, რომ იმათ

გამოახილონ ამ ცუდ დროს თვალი

და მიეშველონ ძმურად ბარელებს,

მტრისგან დაჩაგრულს და დამონებულს!

გულის გასახეთქ საყვედურებით

მათაც აშფოთებს და უღელვებს გულს.


კახი


ხალხი რას ამბობს?


გივი


სიტყვას უჯერებს:

ემზადებიან მტერთან საომრად

და, მეთაური თუ გამოუჩნდათ,

თან მიჰყვებიან ყველა ერთპირად.


კახი


მეთაურიო?.. მერე ბატონი

თეიმურაზი რაღასა ბრძანებს?


გივი


ჯერ ლოცვაშია!.. ხალხს ღმერთს ავედრებს,

და მტერთან ბრძოლას კი აგვიანებს.


კახი


მერე და არ სჯობს, რომ უპატრონოს

და ყური უგდოს დაჩაგრულ მოყმებს?

ცრემლით ვედრება და წირვა-ლოცვა

მიანდოს მხოლოდ მან წმინდა მამებს?


გივი


ეგ მართალია! მაგრამ ბატონი

გულის ფრიალმა დაასნეულა...

დღეს ქვეყნის თვალი თქვენ შემოგყურებს

და მხოლოდ თქვენზე იმედობს ყველა.


კახი


მე?


გივი


დიახ! და თქვენც გმართებთ სიფრთხილე!..

დღეს ჩაგვაშხამეთ კინაღამ დილა:

დაკოდილ დათვზე ხმალდახმალ მისვლა

ვისგან ნახულა? სად გაგონილა?


კახი


მინდოდა მკლავი გამომეცადა,

ერთის მოქნევით გამეპო, მსურდა,

და ის მაწუხებს, რომ უღონობით

ჩემი სურვილი ვერ შემისრულდა.


გივი


რას ბრძანებთ?! მაგრე მტერს რო შემოჰკრათ,

თვით ბუმბერაზსაც ჩამოაგდებთ ძირს.


კახი


ნეტავ პირველად ჩემი მახვილი

მტერს მოხვედროდა და არა ნადირს.


გივი


განა მაგას კი ვერ მოესწრებით?!


კახი


რაღა დროს, ჩემო მოჭირნახულე?

მეჩვიდმეტეში გადამდგარი ვარ!..

თექვსმეტი წელი დღეს შევისრულე.

მაგრამ მორჩილი რომ ვარ ტანადად,

მიტომ გგონივართ ყველას პატარა

და ნადირობით გინდათ გამართოთ!..

ტყვილა ნუ ჰფიქრობთ!.. ახლა კი კმარა!

საკუთარ ტანჯვად მე მიმაჩნია

ჩვენი სამშობლოს უბედურება

და ვერ ვუყურებ გულდამშვიდებით,

როცა ამდენი სისხლი იღვრება!..

რა დროს ლხინია და ნადირობა?!

განა ეს არის დღეს ჩვენი ვალი?!

წადი, მშობლებთან მიშუამდგომლე:

გზა დამილოცონ, მიკურთხონ ხმალი!


გივი (აღტაცებით)


გმადლობ, ღმერთო, რომ ამ დღეს მომასწარ!

ამას ელოდა მოხუცი გივი!..

და ჭირნახული რომ არ წამიხდა,

ბედს არ ვემდური! აღარას ვჩივი!..

ბატონიშვილო, ეგ სიტყვებია,

შენგან რომ მსურდა მე გამეგონა...

მომეცი ხელი, რომ გეამბორო! (იჩოქებს)

შენ წინ მუხლს ვიდრეკ, ერთგული მონა.


კახი


ნუ! ნუ! ადექი!.. ჩემო გამზრდელო!

ეგ შენს ჭაღარას არ ეკადრება... (აყენებს)

მამაშვილური შენი მოხვევა

გულსა სწყურია!.. სულს ენატრება!

(გადაეხვევიან ერთმანეთს და ჰკოცნიან)

ახლა კი დროა, ჩემო გამზრდელო,

საქმეს შევუდგეთ... დრო ძვირად გვიღირს!..

რევაზმა რისთვის დაიგვიანა?

საფათერაკო ეგებ რამე სჭირს!..


გივი


არა, ბატონო, თქვენს დაკოდილ დათვს

ის გამოუდგა წეღან კვალდაკვალ...

შორს არ იქნება და, თუ მიბრძანებ,

მე დავუძახებ, ახლავე წავალ!


კახი


კარგი იქნება! მანდ, ვგონებ, ახლოს

მწყემსია ვიღაც, სალამურს უკრავს,

და გადასძახე, რომ ჩამოვიდეს,

მაგრამ ნუ ეტყვი ჩემს ვინაობას!

(გივი გადის. კახი დაფიქრდება და ცოტა ხნის

შემდეგ ამბობს)

რაები მითხრა ჩემმა გამზრდელმა?

გული დამწყვიტა და ამიძგერა!..

ღვთისმშობლის ხვედრი საქრისტიანო

რომ ამოვარდეს - სწორედ არ მჯერა!..

მაშინ, როდესაც ბრმაც თურმე სცდილობს,

რომ აუხილოს ქვეყანას თვალი,

მე თავხედობად რათ ჩამეთვლება,

რომ ავასრულო სამეფო ვალი?

თუ მამაჩემი, ნამდვილი გმირი,

სახელგანთქმული და თავმომწონე,

დღეს სნეულებამ ისე დასძლია,

რომ მიხდილი აქვს ძალი და ღონე...

მე აქ არა ვარ?.. შვილი არა ვარ?!

იმისი ვალი მე არა მხდება?

რა მშობელია მამა, რომელიც

ნაშობისაგან არ ითავსება?

კმარა მონება! კმარა მოთმენა!

დრო არის ადგეს ერთპირად ერი,

ან ბრძოლის ველზე სული დალიოს,

ან მოიგეროს მოსული მტერი!..

მონას რად უნდა კრული სიცოცხლე?

ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?

სჯობს მონებაში გადიდკაცებულს

თავისუფლების ძებნაში მკვდარი!


გამოსვლა მესამე


იგივე და მწყემსი (მოუახლოვდება)


მწყემსი


ბატონიშვილო!.. (თავს უკრავს ქუდმოხდით)


კახი


თითქოს მეცნობა!..

გამარჯობა! შენ მწყემსი ხარ, ვგონებ?


მწყემსი


მწყემსი გახლავარ, შენი კვნესამე!

რისათვის მიხმე და რას მიბრძანებ?


კახი


მაგდენს არაფერს! - ის შენ იყავი,

რომ აკვნესებდი წეღან სალამურს?


მწყემსი


მე გახლდი!


კახი


მარტო შენთვის უკრავდი,

თუ სხვაც გიგდებდა აქვე სადმე ყურს?


მწყემსი


ჩემთვის ვუკრავდი, ჩემო ბატონო,

მწარე ნაღველის გასაქარვებლად.


კახი


კი მაგრამ, შენთან რა უნდა ნაღველს?

მთებში დადიხარ აქ თავისუფლად!


მწყემსი


ეჰ, დალოცვილო, რა გამოვიდა,

რომ ვიყო მარტოდ თავისუფალი...

მაშინ, როდესაც მთელს ჩვენს ქვეყანას

რისხვით დაჰყურებს მაღლით უფალი?..


კახი


სჩანს, ბარელი ხარ?


მწყემსი


არა, ბატონო!


კახი


მაშ აქაური თუ ხარ, მთიული,

რაღა გაწუხებს ამ სიმაგრეში?


მწყემსი


იქაურებზე შემტკივა გული!..

განა მარტო მე? მთლად მთიულები

იმათი ცოდვით იდაგებიან!

მაგრამ ვერ ჰხედვენ ვერსად მეთაურს

და თავისთავად რას გახდებიან?..


კახი


ბატონი მეფე?


მწყემსი


აქ ამობრძანდა...

თავი აქ მოსცა, ამ სიმაგრეში,

და ბარელები ოხრად დაჰყარა,

სულ უპატრონოდ, თათრების ხელში.

კიდევ კარგი, რომ ამის მნახველი

ჯერ არ იტეხენ მთიულები გულს

და იმედი რამ პატარა-კახის,

როგორც მომაკვდავს, მათ უბრუნებს სულს.


კახი


პატარა-კახის?


მწყემსი


დიახ, ირაკლის.

ძალიან რამეს მოგახსენებენ.

ჯერ მისი საქმე არვის უნახავს,

მაგრამ ისე კი მეტად აქებენ!

განაგონობით... ასე ამბობენ:

გივის გაზრდილი სხვა იქნებაო

და არ შეარჩენს თათრებს ჩვენს სირცხვილს,

ღმერთმაც წყალობა თუ ინებაო.


კახი


მართლა? მაშ რომ სთქვას ბატონიშვილმა:

“მტერზედ მივალო”, ხალხი გაჰყვება?


მწყემსი


განა კაცები მარტო? ქალებიც

თან გაჰყვებიან... არვინ დარჩება!..


კახი


შენც თან გაჰყვები?..


მწყემსი


მე რა დამიშლის?


კახი


ცხვრებს რაღას უზამ, ჩემო ძამია?


მწყემსი


ცხვრებს რაღას დავდევ?.. ამისთანა დროს!..

სუყველა მგლებსაც დაუჭამია.

ნეტავ კი მართლა მოვესწროთ იმ დროს,

რომ წინ გვიძღოდეს ბატონიშვილი

და ქართველებიც თან მოსძახოდენ:

“ან გამარჯვება და ან სიკვდილი!”


კახი


ამინ! გისმინოს ღმერთმა... ინებოს!

ეგრეც რომ მოხდეს, კი შეიძლება... (დაფიქრდება)


მწყემსი (თავისთვის)


მოედვა!.. (სიჩუმე)


კახი


დაცხა!.. წყალი მომწყურდა!.. (მწყემსს)

ახლოს ხომ წყალი არ გეგულება?


მწყემსი


ცოტა შორს გახლავს... კარგი წყაროა,

მაგრამ როგორ ვქნათ? არ გვაქვს ჭურჭელი.


კახი


აი, თანა მაქვს აგერ მათარა,

და ეს წაიღე! მოჰკიდე ხელი!..

(გადაუგდებს; მწყემსი აიღებს და გაუდგება გზას)

(ფიქრის შემდეგ)

ჰე! ვერა ჰხედავთ, რას ამბობს მწყემსი?

თურმე იმასაც კი სტკივა გული,

რომ უცხო ხალხი შემოგვესია

და ჩვენც თავს ვუხრით სულგანაბული!..

მაგრამ ჯერ კიდევ, მადლობა უფალს,

არ შესჩვევია ხალხი მონებას

და საქვემძრომოდ არ ავარჯიშებს

მონურის ხერხით ჭკუა-გონებას!..

დიახ, მონობას მიუჩვეველი

ჯერ კიდევ გული სხვას გვეუბნება

და სავაჟკაცო პირდაპირობას

მოითხოვს მუდამ მტკიცე ბუნება!

ჩვენც თუ ახლავე არ მივაწოდეთ

სამართლიანი მას სულის საზრდო

და ხანგრძლივობამ თავისი კვალი

ნელ-ნელ შეპარვით, ერთხელვე დასდო,

მორჩა, გათავდა... ამოიფხვრება...

ტყუილიღაა მერე იმედი...

და ის სჯობს, ბარემ ახლავე ვნახოთ,

რასაც გვექადის მერმისთვის ბედი.

(დაფიქრდება)


გამოსვლა მეოთხე


იგივე, რევაზ და გივი


კახი


რევაზ? სად იყავ?


რევაზ


თქვენ დაკოდილ დათვს

გამოვუდექი, კვალში მივყევი,

თუმც სასიკვდილოდ არის დაჭრილი,

მაგრამ გადავლო ის დიდი ხევი

და ჩაიმალა ისეთ ნაპრალში,

რომ ადამიანს არ მიესვლება.


კახი


ყორნები ხომ კი ჩაფრინდებიან?

დეე, ილხინონ, ჰქონდესთ უფლება! (იცინის)


რევაზ


ყორნებს, ბატონო, რომ არ სცალიათ?

ჯერ კაცის ხორცსაც ვერ ერევიან!..

გადაფრენილან აქედან ბარში

და ჩვენს მოძმეებს თავს დასჩხავიან!..


კახი


რევაზ! რათა გაქვს ეგ მწარე ენა?

სიტყვას არ იტყვი, თუ არ დაშხამულს!..

არ იცი, რომ ეგ შენი პასუხი

ეკლად ესობა ჩემ ნაღვლიან გულს?


რევაზ


რა ვქნა, ბატონო, რომ მეც ამ გულში

ჩამგუბებია მწარე ნაღველი

და ტკბილად ვეღარ მისველებს ენას,

რომ ტკბილ რამესი ვიყო მეც მთქმელი!

ღმერთმა ხომ იცის...


(დაინახავს მწყემსს, წყალი რომ მოაქვს და უცბად შეკრთება)


ჰა! ეს ვინ არის?!

ამას რას ხედვენ ჩემი თვალები?

ახლა კი გიცან, ვინც ხარ, შე მხდალო!..

გაჩერდი! ვეღარ დამემალები!

(ხმალს ამოიღებს და მიაშურებს)


მწყემსი


რევაზ! მიცანი? კეთილი! მაგრამ

ხომ არ გაშინებს ჩემი კომბალი?

აჰა, ესეც კი გადამიგდია,

რომ არ წაგიხდეს შენ შიშით თვალი!

გინდა ხელებიც მქონდეს შეკრული,

მაშინაც მაგ ხმლით ვერ შემაშინებ!

დრო გაქვს მოხვიდე ხელცარიელზე,

ძლევა დაგრჩება და გაიცინებ!..


რევაზ (ხმალს ჩაიგებს)


ჰა, დედაბერო! შენ მაგ სიტყვებით,

იცოდე, დღეს თავს ვერ შემაბრალებ!..

ხანჯალი ხომ გაქვს? მოჰკიდე ხელი!

მეც მარტო ხანჯალს დავატრიალებ.

(იღებენ ხანჯლებს და იწევენ ერთმანეთზე)


კახი


ეი!.. შეჩერდით!.. არ იცით, სად ხართ?

მაგ თავხედობას აქ ვისთან ჰბედავთ?

დაგვიწყებიათ, ან თქვენ ვინა ხართ,

და ან მე ვინ ვარ? ვეღარა მხედავთ?

ვფიცავ თავს და მზეს დედიჩემისას,

თუ წინ წაგიდგამსთ აწ კიდევ ფეხი,

მაშინ თქვენ ჩემი ძლიერი რისხვა

თავზე დაგატყდესთ, როგორც რომ მეხი!..

გივო! რას ნიშნავს ეს მოქმედება?


გივი


მტრები გახლავან ერთიმეორის!


კახი


ბებურიშვილი?! მტერია მწყემსის?!

ვიღაც მეცხვარის, ვიღაც მეღორის?!


გივი


ეგ მწყემსი ლევან ქვაბულიძეა...


რევაზ


ჩემი ძმის მკვლელი, ჩემი მოსისხლე!


კახი


მართლა?!


ლევან


მე მოვკალ სწორედ მაგის ძმა,

მაგრამ არა ვარ მაგის მოვალე.

და სასახლიდან გამოგდებული...


გივი (სიტყვას აწყვეტინებს)


აღარ შეეძლო მეფეს ჰხლებოდა.


რევაზ


ამდენი ხანი თურმე მწყემსებში,

სჩანს, უსირცხვილოდ იმალებოდა!..


ლევან


სცდები!.. არ ეთქმის უსირცხვილობა

იმას, ვინც ჩვენში ამისთანა დროს

ტყეში გაჭრილა ყაჩაღად მისთვის,

რომ ქვეყნის მტრებზე მან ინადიროს.

ურცხვი ის არის, ვინც დღეობებში

ლხინებს უნდება და აშიყობას!..

გლახაკად დავრჩე, ის მირჩევნია,

თუმც კი დიდკაცობ, შენსავით ყოფას.


რევაზ


თუ კაცი იყავ და წვერი გესხა,

უმალ მე უნდა გამსწორებოდი.


ლევან


პირადი მტერი არა ვყოფილვარ

და უბრალო სისხლს ვერიდებოდი.


რევაზ


როგორ? ნოდარი შენ არ მოჰკალი?

და ის ჩემი ძმა განა არ იყო?


ლევან


ეს მხარეც ჩემი სამშობლო არის

და ვალად მედვა სისხლი ამეღო.


კახი


რაები მესმის?


ლევან


დიახ, ბატონო!

ის იყო ჩემი გულისტკივილი,

რომ თავს დაგვესხენ მტერნი თუ არა,

მათ მიეკედლა ბებურიშვილი...

ქართველობაზე უშვერდა მათ თითს

და, თავმომწონედ, ქიზიყის მხარეს

ურცხვად აძლევდა ბოროტ მაგალითს!


რევაზ


სტყუი!.. ის მხოლოდ მტერს იტყუებდა,

თვალებს უბამდა... და დროს ეძებდა...


ლევან


გულში რა ჰქონდა, ეგ ვინ რა იცის,

და საქმით კი სულ სხვას გვიჩვენებდა.


რევაზ


აგრეც რომ იყოს, შენ არ შეგეძლო

მაინც ჩემი ძმის გასამართლება!


ლევან


ქვეყნის ორგული რომ არ დაზოგოს,

ყოველ კაცსა აქვს სრული უფლება.


გივი


ეჰ, ყმაწვილებო, ყური დამიგდეთ!

უადგილოა სიტყვები მწარე!..

გეტყვით უბრალო ჭეშმარიტებას...

მას დამიმოწმებს ყველა მეცხვარე:

როცა მეცხვარის ძაღლებს მოუვათ

ჩხუბი და მწარედ ერთმანეთს ჰკბენენ,

მაშინ პატრონსაც აღარ ჰზოგავენ,

თუ მიეშველა... მასაც უღრენენ...

მაგრამ იმავ დროს, თუ გაჩნდა მგელი

იმ არემარეს, სადმე მახლობლად,

შესწყვეტენ ბრძოლას და ყველა ერთად

იმ მტერს მისდევენ მოსაგერებლად

თუ კი ოთხფეხსაც ჰქონია, ვხედავთ,

ამდენი გრძნობა და მოსაზრება,

მაშ ადამიანს... მაღალ ქმნილებას,

განა შეჰშვენის და ეკადრება,

რომ მთლად გადაჰყვეს მის პირადობას,

შინაურებზე არისხებდეს გულს

და ვერ ჰხედავდეს, მეტის სიფიცხით,

მის დასაღუპვად მტერს, მასზე მოსულს?

ნუთუ ვერ ჰხედავთ რა დღე გვადგია?

რამ დაგავიწყათ თქვენ თქვენი ვალი?

გინდათ დაჩლუნგოთ თქვენ ერთმანეთზე

მტრის სასიკვდილოდ ნალესი ხმალი?!

ეგ ღალატია და დრო კი სხვას გთხოვსთ...

მიეცით ხელი ერთმანეთს ძმურად,

და წმინდა სისხლი ერთად დასთხიეთ

მამულისათვის მამაპაპურად!


ლევან


თუ არ მაგ მიზეზს, სხვას რას შეეძლო,

რომ ქვაბულიძე გამოეცვალა. (ტანზე იხედება)


რევაზ


აღარას ვიტყვი! დრომდი მოვიცდი!..

რა გაეწყობა: “აღმართს ხნავს ძალა!”


კახი


ბებურიშვილო! ვერვინ დაგძრახავს,

რომ გულს გიკლავდეს დამკლისუფლობა

და მიტომ უფრო გეკუთვნის დღეს შენ

მოთმინებისთვის ჩვენი მადლობა!..

შენ, ქვაბულიძევ! კარგად ვერ გიცნობ,

მაგრამ ისე კი ბევრჯელ მსმენია,

რაც შეგმთხვევია ქვეყნის გულისთვის

და ან სიმდაბლით მოგითმენია...

ხომ გაიგონეთ გივის სიტყვები?

იმასთან ერთად მეც პასუხს ველი!

და წინდაწინვე ვიცი, ამ რჩევას

რომ ვერ უარჰყოფს ვერა ქართველი!

დიახ, თქვენ გმართებსთ, რომ ერთად, ძმურად

მტრის შესარცხვენად მისცეთ ხელი ხელს

და ვაჟკაცობა თქვენი მიუძღვნათ

ამ ჩვენს ქვეყანას, როგორც ტკბილ მშობელს.

მინდა, რომ თქვენთან ერთად მეც ვიყო,

საასპარეზოდ მოგცეთ მხარი მხარს

და ჩვენს მაგალითს ყველა მიჰბაძავს,

ვისაც სამშობლო კი სწამს და უყვარს!

მტერი დაგვცინის!.. ჩვენ ხმას არ ვიღებთ!

რა დროს შიშია და რა დროს ძილი?

წავიდეთ! საქმეს შევუდგეთ ერთად!

ან გამარჯვება და ან სიკვდილი!..

(მიდის და ისინიც თან მიჰყვებიან)


გივი (მარტო)


გმადლობ, უფალო, ახლა კი ვხედავ,

არ წამხდენია მე ჭირნახული!

პატარა-კახის გმირულმა სიტყვამ

რაღაც იმედით ამივსო გული!..

თუმცა უდროოდ დაგვისნეულდა

ძველი არწივი, თეიმურაზი,

და მის შემყურე მამულისშვილებს

გულს სასალბუნო დააჩნდათ ხაზი,

მაგრამ მის ნაცვლად მაღლით ბუდიდან

გადმოფრენილა დღეს შევარდენი!..

ახლა კი დროა სვიმონივით ვთქვა:

“აწ განმიტევე მე, მონა შენი!”


ფარდა



მოქმედება მესამე


სცენა პირველი


(მაღლობზე შორით ქოშისგორა მოჩანს, ზედ ეკლესიით.

თემობაა. დაბლა ვაკეზე, გზის პირად, მუშები სიმინდს

სთოხნიან და მღერიან)


გამოსვლა პირველი


მუშები


ყანაო, მუშის სამოთხე,

გლეხის დიდებავ, ყანაო!

ცისკრის სხივებმა შეგმოსეს

და ნამმა გადაგბანაო,

დაგქროლა დილის ნიავმა,

ალერსით გითხრა ნანაო,

ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,

ზურმუხტად აგამწვანაო!


მეთაური


აბა, ბიჭებო, თქვენი ჭირიმე!

ნუ შეჩერდებით ჯერ!.. ნუ დაღალდით!

ეს ერთიც კიდევ ჩამოვუაროთ!

სულ ჯარასავით დაუტრიალდით!..


მუშები


ნუ გეშინია! წაგვიძეხ! გასწი!..

არ ჩამოგრჩებით ჩვენც, მეთაურო!..


1-ლი გლეხი


ხომ ხედავ, ისეც ალმური აგვდის?..

რათ გინდა, უფრო რომ გაგვახურო?


მეთაური


ჰო! მაგრე! მაგრე! თქვენ დაგენაცვლეთ!

დაჰკარით, სანამ მიწაც სველია!..


მოხუცი


ეს ყველა კარგი, მაგრამ უქმს რომ ვტეხთ,

ეს განა კარგი საქციელია?


ახალგაზრდა


ვითომ რა იცის?


მოხუცი


როგორ რა იცის?

მაშ აღარ არის მადლი და ცოდვა?

მღვდელმა რა გვითხრა?..


ახალგაზრდა


მღვდელს რას უყურებ?!

ასე იციან სულ იმათ როტვა.


მე-2 გლეხი


იმან თუ არ სთქვა, ჩვენ კი არ ვიცით,

რომ უქმის ტეხა, მართლა, ძნელია?!


მე-3 გლეხი


ნეტავ რას ამბობ? რა დროს ეგ არის?

გეტყობა, საქმე შემოგელია!

ვერ ჰხედავ, ბარში რა ამბავია?

თესლად მარცვალიც არსად ვარდება!

ჩვენ რომ აქ ახლა უქმეს მივდიოთ,

ბარი შიმშილით ამოვარდება!..


მე-4 გლეხი


ახლა სხვა დროა! ღმერთიც არ გვიწყენს:

შრომა მისივე ნაბრძანებია!


ახალგაზრდა


კარგია ერთი! რაებსა ჰბოდავ?

ვგონებ, სიზმარი დაგზმანებია!..


მეთაური


გაუსვით ჩქარა!.. ტყვილა ნუ სცდებით!

ცოდვა ჩემ თავზე მე მიმიღია!


ახალგაზრდა


აბა, დავიწყოთ ისევ მუშური

და ბანი გვითხარ შენ, პირაღია!..


მუშები


ყანაო, გულ-ხელგაშლილო,

ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!

მოყვრულად შემოგსევივართ,

მტრულად გიმეტებთ განაო?

გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,

გაგთოხნით ყოველგანაო... (ბუკს აყვირებენ)


ახალგაზრდა


რა ამბავია?


მე-2 გლეხი


რა უნდა იყოს?

ხატობაა და ბუკს აყვირებენ.


ახალგაზრდა


ვითომ რათაო?


მე-3 გლეხი


აყვირონ, თვარა

მაგითი ყეენს გააკვირებენ...


მოხუცი


გელა იქნება! უთუოდ უნდა

შეჰყაროს ხალხი და უთხრას რამე...


მეთაური


აბა, ბიჭებო... გაუსვით ჩქარა!..

მომყევით წყობით (ახალგაზრდას), შენც მხარი მამე!


მუშები


ზედ უფლის თვალი დაგყურებს,

შენი ბარაქა ბრძანაო!

აგშორდეს გვალვა და სეტყვა,

მოსავლის გამოცანაო!..

ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,

ყანაო, ჩემო ყანაო!

მაღალმა ღმერთმა აკურთხოს

სხვაც ბევრი შენისთანაო. (შეჩერდებიან)


მეთაური


ბიჭოს!.. სამხრობა წამოგვპარვია!..

ახლა კი დროა, რომ შევისვენოთ!..

წავიდეთ ჩრდილში! სამხარი გველის,

მოეწყინება მარტო, უჩვენოდ!..


ახალგაზრდა


აბა, ჰე!.. მოდი, წავიდეთ ერთად!

თუ მაგრე არის, უნდა ვუშველოთ!


მოხუცი


სწორედ არ გვაწყენს, რომ ცოტა ყელი

ჩვენც ჩავიწმინდოთ და ჩავისველოთ. (მიდიან)


გამოსვლა მეორე


მოხუცი და ყმაწვილი ქალი


მოხუცი


სად ჩამოვედით?


ქალი


ყანაში!


მოხუცი


მერე?

რატომ მუშები აღარ მღერიან?


ქალი


წასულან იქით, სამხრად დამსხდარან,

აგერ მუხის ქვეშ, ჩრდილში არიან!..

მივიდეთ?


მოხუცი


არა, სჯობს მოვუცადოთ,

აქავე მოვლენ, რომ ისამხრებენ. (სხდებიან, სიჩუმეა)


ქალი


ამდენხანს თემი რომ არ იშლება,

რა ამბავია? რას უყურებენ?


მოხუცი


აწ, სადაც არის, დაიძვრის ხალხი;

ქვეითად ამ გზით ჩამოივლიან.


ქალი


ცხენდაცხენ რატომ არავინ მოდის?


მოხუცი


ჩვეულებაა და ვერ შესცვლიან!

ქვევით ბარში ჰყავთ დაყენებული

დიდკაცებს მათი ბედაურები...

წესის გატეხა ძნელია, შვილო!

სასწაულს აგრე ნუ ეხუმრები!

იჰ, ვენაცვალე იმის ძალს და მადლს,

რომ არ სჩვევია კაცის გარჩევა:

გინდ დიდი იყოს, გინდა პატარა,

ერთია მისი რისხვა-კურთხევა!..


ქალი


რა ხალხი იყო!


მოხუცი


სულ დიდკაცობა!..

ბატონიშვილიც იქ ბრძანდებოდა?


ქალი


ასე ამბობენ... იმდენი სული

სუყველა იმას შესჩერებოდა!


მოხუცი


შენ რომელს უფრო შესჩერებოდი:

იმას თუ იმის ვიღაც შინაყმას?

ჰა?.. რათ გაჩუმდი? რაღათ მიმალავ

გულისპასუხებს შენს მშობელ მამას?


ქალი


აკი გითხარი!


მოხუცი


ჰმ... სულ ის იყო?

სწორედ მაკვირვებს, სად მიგიგნია?

და დიდიკაცის შვილი რო იყო,

ვითომ აქამდის არა გცოდნია?


ქალი


რას მივხვდებოდი და რა ვიცოდი?

უბრალო მწყემსად თავს მაჩვენებდა,

უკან დაგვდევდა ყველგან ლანდივით,

გზაში გვხვდებოდა, არ მასვენებდა.


მოხუცი


პირველად, შვილო, სად გაიცანი?


ქალი


არ გახსოვს, ძაღლი რომ მოგვიგერა?!


მოხუცი


მაშ იმ ტყეშიაც ხომ ის არ იყო,

უეცრად გული რომ აგიძგერა?..

ახლა კი მესმის!.. ესეც მითხარი:

მწყემსურად რაღათ იმოსებოდა?


ქალი


აკი გაიგე წუხელი?! თურმე

ბატონის რისხვას ემალებოდა.

მაგრამ, რაღაი ბატონიშვილმა

იცნო, ვინც იყო, და თან იახლა,

ტანისამოსი გამოიცვალა

და თავსაც აღარ იმალავს ახლა.


მოხუცი


შენ რაღა გითხრა?


ქალი


რა უნდა ეთქვა?

ფიცი ხელახლად გამიმეორა.


მოხუცი


ეგები უნდა გაცდინოს, შვილო,

და ყმაწვილურად რამე მოჭორა?..

თორემ სად ჩვენ და სად დიდი კაცი?

შორი-შორს გვიძევს, შვილო, საზღვარი!

შენ არ შეგირთოს, განა ცოტაა

თავადის ქალი გასათხოვარი?


ქალი


ის ასე ამბობს, რომ სიკვდილამდე

არ გაგეყრები... ჯვარს დავიწერო.


მოხუცი


აჰ, არა, შვილო, გულში ნუ იდებ

მაგ სიტყვებს!.. სჯობს, რო არ დაიჯერო!


ქალი


იცი, რა მითხრა: “გელას ქალი ხარ,

მერე დედოფლის მონათლულიო

და, რომ შეგირთო, ვერვინ დამძრახავს,

ვერც მცირე და ვერც დიდებულიო!”


მოხუცი


ეგ მართალია!.. ღმერთმა ქნას, შვილო!

მაგაზე კარგი რაღა იქნება?


ქალი


არა, მამილო, რომ არ მატყუებს,

გული მარწმუნებს და მეუბნება.


მოხუცი


რატომ აქამდის არ მითხარი რა?


ქალი


მეუბნებოდა: “ჯერ დავფაროთო,

მერე უეცრად, ჯვარისწერის დროს,

მოხუცი მამაც გავახაროთო!”


მოხუცი


ქრისტემ ახაროს და აძლიეროს,

თუ ცბიერობით არ ამბობს ტყუილს!..

ქვაბულიძეა... სიტყვა, ვგონებ, რომ

დაეჯერება მამამისის შვილს!

მამამისს ზაალს კარგად ვიცნობდი,

ერთხელ სიკვდილსაც გადავარჩინე,

როდესაც ტურა რამაზიშვილი

მის წინ სატევრით ძირს დავაწვინე.

თუ არ მომეკლა, ჰე, ის-ის იყო

ზაალს მოჰკლავდა ის მოღალატე,

მაგრამ მივასწარ, დღე დავუმოკლე

და იმისი დღე ზაალს შევმატე.

ის რომ მოვკალი, მისი წუნკლები,

ლეკებიც, შეკრთენ... გაიქცა ყველა!..

და მეტსახელად მაშინ დამერქვა

ვაჟკაცობისთვის გულადი “გელა”.


გამოსვლა მესამე


(რევაზ ბებურიშვილი და თედო რამაზიშვილი ჩამოივლიან და

შორიახლოს დგებიან: ათვალიერებენ ქალს)


რევაზ


ეს არის? მართლა კარგი ყოფილა!..


თედო


მე განა ტყუილს მოგახსენებდით?..

კარგია, მაგრამ რა გამოვიდა?

ამ დაწყევლილთან რომ ვერას გავხდით!


რევაზ


ეგები, ბიჭო, თავპატიჟს იდებს:

მაგითი უნდა მეტი დაგვცინცლოს!..


თედო


რა ბრძანებაა! ცოტა ვაძლიეთ?

არ მიიკარა, არ იქნა, ახლოს!

იმდენი ფული და სამკაული

გადმომიყარა, თავში მახალა!

“მე შენი გულის არ გავხდებიო!..

დამეთხოვეო!” შემოგითვალა.


რევაზ


ნეტავ რას ნიშნავს ეგ გულმაგრობა?


თედო


ლევანზე არის გადარეული:

იმას იგონებს, იმაზე ჰფიქრობს

და მისთვის უძგერს უტყუვრად გული.


რევაზ


მე კი ლევანზე რაღა ნაკლე ვარ?


თედო


მეც ეგ არ მიკვირს! მაგრამ თვალია:

ჯერ ერთს შეჰხედავს, მოეწონება,

მერე მეორეს... ეგეც ქალია!..

მე კიდევ ისევ იმ აზრზედა ვარ:

რომ მოვიტაცოთ, კარგი იქნება!

მაგრამ ლევანი გადაირევა,

რომ გაიგონებს და ეწყინება!..


რევაზ


ლევან ვინ გდია? იმას რას დავდევ?

ნეტავ შემეძლოს გულზეც გავხეთქო!

ერთხელაც არის, ხომ უნდა შევხვდეთ...

და სასიკვდილოდ უნდა ვაფეთქო.

მე იმას ვფიქრობ, რომ სასახლეში

ეუცხოებათ, გაჯავრდებიან!..


თედო


თათრობა არის... მათ დაჰბრალდება...

ეჭვს ვინ აიღებს? რას მიჰხვდებიან?

სულ მარტოდმარტო, შორს მთაში ცხოვრობს

მოხუცებული ჩემი მამიდა...

რომ მოვიტაცოთ, იქ მივიყვანოთ

და იქ დავმალოთ! მეტი რა გვინდა?

მაშინ სულ სხვაა... მამიდაჩემი

დაგვეხმარება, რაც შეიძლება...

და დაგნებდება, როცა იქნება:

ქალია, გული გამოეცვლება.


რევაზ


კარგი, მაგრე ვქნათ! რა გაეწყობა?

უნდა ვუცადოთ უნებურად დროს!

ახლა კი უნდა ისევ წავიდეთ:

ბატონიშვილმა არ ჩამოგვასწროს! (მიდის)


თედო


ჰმ, გელავ! გელავ! მე შენი სისხლი,

დიდი ხანია, უნდა ამეღო,

მაგრამ, ბრმა რომ ხარ, დრომდის ვიცდიდი, -

და მოთმინება ახლა კი მეყო!

რომ მომეკალი, რა იქნებოდა?

რაღას ჰგრძნობს კაცი, როცა გაქრება?

არა, ამგვარად ვალის გადახდა

არ იქნებოდა შურისძიება!..

ქალის დაკარგვით, ამ სიბერის დროს,

უნდა დაგტანჯო და გაგამწარო

და მამიჩემის მკვლელის, ამგვარად,

გულიდან ჯავრი ამოვიყარო!..


გამოსვლა მეოთხე


ჩამოდიან გივი და ბაადური (აყვანილი მოჰყავთ)


ბაადურ


სადა ხარ, ჩემო ყმაწვილკაცობავ?..

როგორ დავკუტდი!.. როგორ დავბერდი!..

სადღაა ის დრო, ჯეირანივით

აქ რომ ავირბენ-ჩამოვირბენდი?!


გივი


მეც მაგას ვჩივი, ჩემო ბაადურ!

ვინ დაგვიბრუნებს ისევ გაზაფხულს?!

მხოლოდ სხეული ძალას ვერ ატანს,

თორემ სურვილი შერჩენია გულს?


ბაადურ


შენ კი რა გიჭირს ჯერ, ჩემო გივო?

მაინც ვერ დაგრევს ჯერ ხელს ჭაღარა...

მე თუ ასე ვარ... განა სიბერით?

უფრო ჭრილობამ დამასაპყარა.

რაღა ვარ ახლა? აღარ ვეკუთვნი

აღარც აქ ცოცხლებს და აღარც იქ მკვდრებს?..


გივი


ცოტა მიგიძღვის განა აქ ღვაწლი?

უმსახურობას ვინ დაგაყვედრებს?!.

რასაც გვინიშნავს ბედის ვარსკვლავი,

გადუვალია ჩვენ თავზე ყველა... (სიჩუმეა)

ჩვენ რომ ვეძებდით, ა, სად ყოფილა!

აქ ჩამოსულა, ეგერ ზის გელა.


ბაადურ


აქ არის? მართლა? მაშ მიმიყვანეთ!

აღარ მინახავს დიდი ხანია...

ბრძოლის ველიდან ბევრი დაჭრილი

ორივეს ერთად გაგვიტანია.

(ქალი განზე მიდგება. მიიყვანენ)

ვის ვხედავ კიდევ? გმადლობ, უფალო!

ჰა! გამარჯობა! რასა იქ, გელა?


გელა


ღმერთმა გაცოცხლოს, მაგრამ ვეღარ გცნობთ:

უსინათლო ვარ... ჩემთვის დღეც ბნელა.

ხმასაც რომ ვეღარ ვარჩევ, ბატონო?!

შელახული მაქვს სიბერით ყური...

ცოტათი, ვგონებ, კი მენიშნება:

ხომ არ ბრძანდებით თქვენ ბაადური?


ბაადურ


გამოიცანი! სწორედ ისა ვარ!

შენ ბრმა ხარ და მე დაკუტებული!..

სხვებ ხომ კარგად ხარ? რასა იქ, გელა?

არ გაგტეხია განა ჯერ გული?


გელა


გული რომ მერჩის, იმის ნახევრად,

ნეტავ, მიჭრიდეს ძალი და ღონე.


ბაადურ


გული მეც მერჩის, მაგრამ სიბერეს

თავი მივეცი და დავემონე...

წავიდა, გელავ, ჩვენი დრო, გაქრა,

სულ სხვა დრო არის და სხვა კაცები!..


გივი


მეც ეგ მაწუხებს, ჩემო ბაადურ,

და გულს მიწყლულებს, ღმერთს გეფიცები!..

დროსაც სცოდნია დაჩიავება:

აღარავინ ჰგავს თავის წინაპარს...

და ამ მიზეზით წაქეზებული

შემოგვეხვია მტერი მედგრად გარს!


გელა


არა, უფალი სულ არ გასწირავს

ღვთისმშობლის წილ-ხვედრ საქრისტიანოს!

მხოლოდ გამოსცდის, რომ შეცოდება

მან იგულისხმოს და შეინანოს!..

(ქუდს იხდიან და პირჯვარს იწერენ)


გამოსვლა მეხუთე


პატარა-კახი, რევაზ, ლევან, თედო და

სხვა მხლებლები


კახი


ხედავთ, ბებრები სადა ყოფილან?

ეგერ თავისთვის ლაპარაკობენ!..


რევაზ


უთუოდ ახლა ჩვენს დროს ჰკიცხავენ

და თავისას კი დიდად ამკობენ!


კახი


განა არა აქვთ, რომ ვთქვათ, სიმართლე?


რევაზ


კი მაგრამ, მაგით რა გაკეთდება?


ლევან


ძველი ამბავი მოხუცებულებს

სულსა და გულზე მალამოდ ხვდება.


კახი


ეგ მართალია! (გაჰხედავს) ე, დაგვინახეს...

გივი წამოდგა... მოხუციც დგება.

მივიდეთ, ვუთხრათ თქვენი ამბავი,

რომ გაიგონებს, გივს იამება! (მიდიან)

გივო, ერთ რამეს გიმახარობლებ,

რაღა თქმა უნდა, რომ გიამება!

ლევან და რევაზ დღეს შევარიგე

და მათი შუღლი აწ გათავდება.

ერთიმეორის დაშორებული,

აქამდის მეტის შურით და მტრობით,

დღეიდან უნდა შევაკავშირო

საშვილიშვილოდ ტკბილის მოყვრობით:

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქვაბულიძემ

ცოლად შეირთოს ამ რევაზის და...


ქალი


უი! (ხელებს მიიფარებს პირზე)


ყველანი


რა იყო, ნატევ, რა ამბავია? (მისცვივდებიან)


კახი


რამ შეგაშინა, ქალო, რა მოხდა?


მოხუცი (თავისთვის)


ვიცი, რაც არის! (ქალს) რას შვრები, შვილო?


ქალი


ბუზი!.. კინაღამ ბუზმა მიკბინა!..


ლევან


ბუზი კი არა, ფუტკარი იყო,

მეც დავინახე! რამ შეგაშინა?

მაგის ნაკბენი დიდხანს არ გასტანს,

წყლული ადვილად მოგიშუშდება!

ახლა რომ გულში ჩაითქვა რამე,

გამიგონია, აგისრულდება.


კახი


იცი ვინ არის ეგ ქალი, ლევან?


ქალი (თავისთვის)


რა მომივიდა, ვაი სირცხვილო!..


რევაზ


გელას ქალია. (ხელს ადებს გელას)


კახი


გელა ეგ არის?


გელა


გახლავარ, ჩემო ბატონიშვილო!..


გივი


დიახ, ეს გახლავსთ და მისი ქალიც

ბატონ დედოფლის მონათლულია!


გელა


სწორედ!.. და ესეც, დიდი ხანია,

მათი დანახვის მონატრულია.


კახი


მართლა? მაშ რატომ თავის ნათლიას

არ ამოუყვან და არ აჩვენებ?

იცოდე, ხვალვე ამოიყვანე

და დღეს კი დედას მე მოვახსენებ.

(ქისას იღებს და უჭირავს ხელში)

შენ, ჩემო გელავ, გუშინაც შევცდი,

რომ მოგაწოდე ეს სამოწყალო...

მაგრამ ნათლულს კი ნება მაქვს მივცე;

ჰა, გამომართვი ეს ქისა, ქალო!


გელა


ბატონიშვილო, ნუ გამიწყრებით!

ვინ ბრძანდებოდით, არ გამიგია,

თორემ, ვიცი, რომ თქვენი წყალობა

ტალახიანი ჯოხიც კარგია.

სადა ხარ, შვილო? მოდი! იახელ!

და მოეხვიე მუხლებზე ბატონს!

ღმერთი მოხედავს მაგ შენს ობლობას

და გამოგვიჩენს მფარველს და პატრონს!

(ქალი უპირებს მოხვევას, ირაკლი არ აძლევს ნებას)


კახი


მაგას ნუ იზამ, სულიერო დავ!

მოდი, როგორც ძმას, მომხვიე ხელი!

(თვითონ მოჰხვევს ხელს ქალს და ჰკოცნის)

აბა, მოხუცო, არ დაგავიწყდეს!

ხვალ სასახლეში უთუოდ გელი!.. (მხლებლებს)

დროა წავიდეთ აწ, ყმაწვილებო!


რევაზ


თქვენი ნებაა! როგორც გვიბრძანებთ!..


გივი


ჩვენც გამოგყვებით, ჩემო ხელმწიფევ!


ბაადურ


ვიახლოთ, ნურც ჩვენ დავიგვიანებთ!

(მიდიან, რევაზ და თედო ჩამოსხდებიან)


რევაზ


რა უთხრა გელას ბატონიშვილმა,

ხომ გაიგონე, ახლა შენ იცი!

სულ ორი ბიჭი და ერთი ცხენი...

ჩამოართვი კი ორივეს ფიცი! (მიდის)


თედო


მესმის, ბატონო! განა არ ვიცი?

ეგ სულ ადვილი სამსახურია... (თავისთვის)

მეც გადაგიხდი სამაგიეროს,

გელავ! მე შენი სისხლი მწყურია!..


გამოსვლა მეექვსე


მოხუცი და ქალი


მოხუცი


შვილო, რა იყო, რომ შემარცხვინე?


ქალი


რა ვქნა, მამილო, უეცრად შევკრთი!


მოხუცი


აკი ვამბობდი: ტყუილია-თქო!

გენიშნა, განა? ახლა ხომ მიხვდი?

რაღა რევაზის დას დანიშნავდა,

თუ ნდომებოდა ჯვარის დაწერა?..


ქალი


არა!.. მგონია, აქ სხვა საქმეა,

რომ მიღალატოს, მაინც არ მჯერა.

ფუტკრის არაკი რომ მოაყოლა,

ჩემ გასაგონად სთქვა და არა სხვის!

ა, აგერ მოდის, დაბრუნებულა,

და ვნახოთ, თვითონ, აბა, რას იტყვის?


გამოსვლა მეშვიდე


იგინივე და ლევან (მობრუნებული)


ლევან


დავბრუნდი, რომ შენ გისაყვედურო:

ისე შეკრთომა განა იქნება?


ქალი


გული ბუდიდან ამომივარდა!

ახლაც კი მიძგერს!.. შენ გეცინება?..


ლევან


სჩანს, არ ყოფილხარ ჩემ სიყვარულზე

ჯერ კიდევ კარგად დარწმუნებული,

თორემ რას დასდევ, ვინც რა უნდა სთქვას?

ნუთუ საგულეს არა გაქვს გული?


გელა


გაფიცებ, ლევან, მამიშენის სულს,

ამ საცოდავ ქალს ნუ ეხუმრები!

მართალი არის, ბრმა კი ვარ, მაგრამ

გონების თვალით ჯერ ვიყურები:

თქვენ მხოლოდ ხუმრობთ...


ლევან


(სიტყვას აწყვეტინებს) როგორ თუ ვხუმრობ?

ვგონებ თვითონ შენ მწუნობ სასიძოდ!


გელა


მე თქვენს სიძობას ვერ დავიჯერებ,

რა ვქნა? ხატზედაც რომ შემომფიცოთ!..


ლევან


შენ, ჩემო გელავ, კაგრად ვერ მიცნობ:

სიტყვის გატეხას არ ვარ ჩვეული

და სათამაშო, საბავშვო ბურთად

არ მიმაჩნია ეს ჩემი გული!

უცნაურ ძალით და უნებურად

შემყვარებია ეგ შენი შვილი,

და რაღა გაგვყრის ამიერიდან

უკუნისამდე, თუ არ სიკვდილი?


გელა


კარგი!.. იმაზე მაშ რაღას იტყვით,

ბატონიშვილმა რომ აქ გიბრძანა?


ლევან


იმან რო ბრძანა, მერე რააო?

ვალდებული ვარ დავთანხმდე განა?

თუ საჭიროა მე და რევაზის

შეკავშირება და დამოყვრება,

მეც მყავს ერთი და: განა ელენე

რევაზს საცოლოდ არ ეკადრება?

იმათ საცოლქმროდ დაახლოვებას,

რაღა თქმა უნდა, რომ მეც ვეცდები!

და, თავის დროზე, ჩემ საიდუმლოს

ბატონიშვილსაც გამოვუტყდები!


ქალი


მაშ არ შეირთავ იმ რევაზის დას?


ლევან


რომ მკითხავ, თვითონ ვერა გრძნობ განა?


ქალი


ვიცი!.. ვიცი, რომ არ მომატყუებ,

გინდა გაცრუვდეს ცა და ქვეყანა!

მაგრამ მამა კი ვერ დავაჯერე,

გულგატეხილი სხვას მეუბნება!


ლევან


ნუ გაუგონებ, ჩემო სიცოცხლევ,

ჩემო იმედო, ჩემო ოცნებავ!

მოხუცი ყველა ეჭვიანია

და არ იჯერებს, რაც მართალია...

მაგრამ ხომ ნახავს?.. ახლა მშვიდობით!

მათ უნდა დავწვდე, არა მცალია! (მიდის)


ქალი


აბა, რას იტყვი, ხომ გაიგონე?

მაგის სიტყვები არც ახლა გჯერა?


გელა


რა ვიცი, შვილო... ვეღარას ვიტყვი!

შემთხვევა არის და ბედისწერა...


გამოსვლა მერვე


იგინივე და მუშები მოვლენ.


მუშები


ჰაა... გამარჯობა! რასა იქ, გელა?

არაფერს გვეტყვი დღეს ახალ ამბავს?


გელა


ცოტა რომ ადრე მოსულიყავით,

თვითონ ნახავდით კაი სანახავს:

აქ ბრძანდებოდა პატარა-კახი

დარბაისლებით... დიდის ამალით!


მოხუცი გლეხი


მართლა? ნეტავი ერთი მენახა

მობრძანებული აქ, ჩემის თვალით!


ახალგაზრდა


მართლა რომ კარგი სანახავია!..


მეთაური


რაო? რა ბრძანა? რასა ჰფიქრობენ?


გელა


გაუკრავსთ პირი თავადიშვილებს!..

რაღაცა ამბავს კი აპირობენ...

ამბობენ: “კმარა, რაც უსჯულოებს

ვემონებოდით ამდენხანსაო!

ახლა კი დროა, რომ მათი სისხლით

წითლად ვღებავდეთ ალაზანსაო!”


1-ლი გლეხი


ეტყობა, ახლა აღარ ხუმრობენ.


მე-2 გლეხი


ემზადებიან!..


მე-3 გლეხი


ჩვენ რაღას ვშვრებით?


მოხუცი გლეხი


რაღა უნდა ვქნათ? ჩვენც კაცები ვართ

და ქუდი გვხურავს, რათ ჩამოვრჩებით?


მე-4 გლეხი


განა როდესმე ჩამოვრჩენილვართ?


მე-3 გლეხი


ან უკან როდის დაგვიხევია?..


მეთაური


მათ ხმალთან ერთად უჭრია ჩვენსას

და ფარიც ერთად დაგვიხვევია.


მოხუცი


კი, მაგრამ ყველას რომ აღარა გვაქვს

თოფ-იარაღი?


ახალგაზრდა


რათ გვინდა მეტი?

ჩარეულ ომში რაღა ნაკლეა

შენს ხმალ-ხანჯალზე ქვები და კეტი?


1-ლი გლეხი


ცული და წალდი ხომ ყველასა გვაქვს?


მე-2 გლეხი


და ეს კი განა არ გამოდგება?..

(უჩვენებს თოხს)

პირიც კარგი აქვს, ყუაც კარგი აქვს,

გამომდგარია... რათ უნდა ქება?..

ვითომ გიმტყუნოსთ?!. თქვენ არ მომიკვდეთ!

ნუ გეშინიათ, დაატრიალეთ!


გელა


თქვენი ჭირიმე, ბიჭებო, თქვენი,

რომ მაგას ამბობთ!.. თქვენ გენაცვალეთ!


1-ლი გლეხი


ჩვენი მამები თუ კი ომობდენ,

იმათზე ნაკლე ჩვენ რიღათი ვართ?

თუ წინ წამძღოლი ვინმე გვეყოლა,

გულდაგულ მივალთ!.. ყველა მზადა ვართ!


გელა


წინამძღოლს ეძებთ? მე აქ არა ვარ?..

რათ გავიწყდებათ ნაცადი გელა?


მეთაური


კი, მაგრამ, დღეს რომ ვეღარა ხედავს,

საუბედუროდ მისათვის ბნელა?!.


გელა


ეგ არაფერი!.. მართალი არის,

ვეღარას ვხედავ, დამიდგა თვალი,

მაგრამ, სანამდის გვერდში მიდგია

და ხელსაც მკიდებს ეს ჩემი ქალი,

არა მიჭირს რა, ისევ გულადად

მივეგებები ჩვენი ქვეყნის მტერს.

გელას დანახვა ჩვეულებრივად

მათ შეაშინებს და შეუცვლის ფერს.

თქვენ კი მომყევით!.. მაგრამ ჯერ უნდა

ჩვენს მეზობლებსაც შევატყობინოთ

და სავაჟკაცო ჩვენი განზრახვა,

წასაქეზებლად, ყველგან მოვფინოთ.

არა გვიშავს რა, ჩვენი ქვეყანა

ისე მაგრად სდგას, როგორც რომ მუხა:

მტერი მუმლივით ეხვევა, მაგრამ

ჯერ ვერ გაახმო, თუმც შეაწუხა...

“მუმლი მუხასა” მუშურს რომ ვამბობთ,

არ ვმღერთ უაზროდ და უადგილოდ:

არა, იმაში სიბრძნეა ხალხის,

გადმონაცემი საშვილიშვილოდ.


მუშები


შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,

რომ მაგრე გიჭრის ჭკუა-გონება!

ეგ შენი კარგი სიტყვა-პასუხი,

გულს რომ გვიმთელებს, სულს ეფონება!

წავიდეთ, აბა, რაღას ვგვიანობთ?


მეთაური


მართლა, აწ დროა წავიდეთ ყველა!

ეს გზა სიმღერით გადავიაროთ!

აბა, წაგვიძეხ ისევ შენ, გელა!..


(თოხებს გაიდებენ მხარზე. გელა ქალს მიჰყავს წინ

და სიმღერით მიდიან)


მუმლი მუხასაო

გარს ეხვეოდაო!

გარს ეხვეოდაო,

ვერას აკლებდაო!

მუმლი წყდებოდაო,

მუმლი ქრებოდაო,

ხე არ ხმებოდაო,

ხედვე რჩებოდაო!

მუმლი მუხასაო,

გარს ეხვეოდაო!



მოქმედება მეოთხე


სურათი პირველი


სასახლის წინ


გამოსვლა პირველი


რევაზ და სასახლის კაცი


რევაზ


ჯერ გამობრძანდა მეფე, თუ არა?


კაცი


იქა ბრძანდება დარბაისლებით,

გივი თან ახლავს და ბაადურიც

ახლა შევიდა.


რევაზ


ჩვენც ვეახლებით.


კაცი


ვერა, ბატონო! არ შეიძლება!..

ნაბრძანები მაქვს, სხვა არ მივიღო.


რევაზ


ბატონიშვილის მოციქული ვარ

და როგორ მიშლი? რას ამბობ, ბრიყვო?!


კაცი


მაინც ვერ შეხვალთ, ჯერ მოიცადეთ!


გამოსვლა მეორე


იგინივე და თედო შემოიჭრება.


თედო


ბატონო! გეძებთ თავქუდმოხდილი...

სასახლეშიაც გახლდით, ვერ გნახეთ!

ლამის გავგიჟდე მე ცოდვის შვილი.


რევაზ


რა ამბავია?


თედო


რაღა რა არის?

ვერა ვარ კარგი მახარობელი!..


რევაზ


მოკვდა?


თედო


ავადაც არა ყოფილა,

იმას წაუწყმდეს შემქმნელ-მშობელი!


რევაზ


და ეგ არა სჯობს?


თედო


იჰ, როგორ თუ სჯობს?

ამდგარა ჩუმად და გაპარულა!


რევაზ


სად გაპარულა?


თედო


ღმერთმა ნუ იცის...


რევაზ


მერე მამიდა?..


თედო


მოტყუებულა!..

ახლა კი ტირის და თავში იცემს,

მაგრამ ტირილით რაღას გააწყობს?

დილას მდევრები გამოვუყენე...


რევაზ


ეტყობა, კარგად იცნობს ავადმყოფს!

შენ რაღას უცდი! წადი, მონახე!

უმისოდ ნუღარ დამენახვები,

თორემ ურმით გდევ!..


თედო


წავალ, ბატონო,

თუ ვერ ვიპოვნე, თან გადავყვები!

(მიდის)


გამოსვლა მესამე


რევაზ, ლევან (შემოდის)


ლევან


რას შვრები, რევაზ? ბატონიშვილი

მოულოდნელად მიელის პასუხს!


რევაზ


რომ არ შემიშვეს?!. დარბაისლები

შეუყვანია და გული უწუხს.

შეყრილან ერთად ნათუსალები

და მეფე იმათ ეთათბირება!..


ლევან


რა დროს ეგ არის! იმ დალოცვილმა

არ იცის ახლა რა გვეჭირვება?


რევაზ


კიდეც ეგ არის, რომ კარგად იცის,

გულსაც ეგ უტეხს და ეგ აღონებს;

სიფრთხილე ჰმართებს ამისთანა დროს

და პატარა-კახს რას დაუჯერებს?

მართლაც თათრებთან პირდაპირობა,

უნდა გამოვტყდეთ, საეჭველია!..


ლევან


მე ალისკანტი უფრო მაფიქრებს:

ლეკებთან ბრძოლა უფრო ძნელია!..


რევაზ


მეც მაგას ვამბობ... ამდენი ჯარი

ერთად ჯერ კახეთს არ მოსდგომია.


ლევან


მეტი რა გზაა? უნდა გავბედოთ!..

ერთი წამალი მხოლოდ ომია!

ან გავიმარჯვებთ ან სულ გავწყდებით,

მოვიდეს, რაც რომ მოსასვლელია!..

თორემ ამდენი ტანჯვის ატანა,

სწორედ სიგლახე-სისულელეა!..

(ცოტა სიჩუმის შემდეგ ხელს დაადებს რევაზს)

რევაზ, მე ერთი სათხოვარი მაქვს,

ის უნდა გთხოვო და ამისრულე!

თუ გამაწბილო და დაივიწყო,

ღვთის და კაცის წინ იყო მოვალე!


რევაზ


რა?


ლევან


ალისკანტის ჯინი მიჭირებს,

იმან მომტაცა სწორედ ის ქალი...

და, თუ სანაცვლო არ გადვუხადე,

მე რაღად მინდა თავი ცოცხალი?

დავლურში მინდა გამოვითხოვო,

ან უნდა მოვჰკლა ან შევაკვდები!

თუ, ვინცობაა, მე დამამარცხოს,

შენ მოერიდე, ნუღარ გაჰყვები!


რევაზ


რას ამბობ, ლევან? შენ ჩემ წინ მოგკლან

და ავიტანო ის მე გულგრილად?


ლევან


სწორედ!.. ორგვარი გაწევს შენ ვალი,

რომ არ აჩქარდე და იყო ფრთხილად:

პირველი ის, რომ თავის გაწირვით

ვეღარას მარგებ, კარგად იცი, მკვდარს!..

და მეორეც ის, რომ შენ მაგიერ

ვინღა მოუვლის ჩვენ ცხენოსან ჯარს?

ერთსაც ამას გთხოვ, თუ, ვინცობაა,

ის ქალი კიდევ სადმე გამოჩნდეს,

შენ უპატრონე, ჩემ მაგიერად,

როგორც ღვიძლი და, გებრალებოდეს!


რევაზ


ნეტავ რას ამბობ? რა დროს ეგ არის?

ღმერთმა გაშოროს, ძმაო, სიკვდილი!


გამოსვლა მეოთხე


იგინივე და შიკრიკი შემოდის


შიკრიკი


გიცდიან!.. გთხოვენ, მალე მობრძანდეთ!


რევაზ


ვინ გვიცდის?


შიკრიკი


ვინ და ბატონიშვილი!..

(მიდიან)


სურათი მეორე


დარბაზი


გამოსვლა პირველი


მეფე, დედოფალი, გივი, ბაადურ

და სხვანი


ბაადურ


საპყარი მოველ, ვერ გადავუდეგ

ბატონიშვილის მოციქულობას...

და თქვენის რისხვით, ჩემო ხელმწიფევ,

ნუ შეურაცხყოფთ შუამდგომლობას!


მეფე


ჩემო ბაადურ! რა უნდა გითხრა?

მაგის პასუხი ახლა ძნელია!..

სიჩქარით “ჰო” და “არა” არ ითქმის,

როდესაც საქმე საეჭველია.

უანგარიშოდ და უფიქრელად

საშიში არის ბედის მინდობა!

ვაი, თუ უფრო გავაზვიადოთ

ახალგაზრდების ჩვენ თავხედობა!


გივი


გვიანღა გახლავსთ ახლა სიფრთხილე!

ამდენ მუქარას და ამდენ სირცხვილს

არ გვირჩევნია, ღმერთი ვახსენოთ

და დავეთანხმოთ დღეს ბატონიშვილს?


მეფე


თქვენ, დედოფალო, რაღას გვიბრძანებთ?


დედოფალი


გივს ვეთანხმები, რადგან ფრთხილია

და, ძნელ საქმეში წინდახედული,

ყველაზე უფრო გამოცდილია.


მეფე


აქამდის სწორედ მაგრე მეგონა,

მაგრამ დღეს ეგეც კი შემცდარია:

ჯერ უმისოდაც წამხდარი საქმე

მაგან სულ უფრო არივ-დარია!

ვერა ხედავდა, რომ ჯერ ირაკლი

ამოდენ ჯარს ვერ მოგვიგერებდა?

რათ არ ურჩია? როგორც მის გამზრდელს,

მაგას ხომ სიტყვას დაუჯერებდა?


გივი


ჩემო ხელმწიფევ, ეგებ ის სჯობდეს,

ბატონიშვილი რასაც აპირებს!


მეფე


როგორ თუ სჯობდეს?! შენი პასუხი

ვერ გამიგია, სწორედ მაკვირვებს:

ავად თუ კარგად, დღემდის ვუძლებდით

შინ შემოსეულ მტრების მონებას,

და დღეიდან კი გარისხებულნი

გამოგვაცლიან ყოველ ქონებას.

ვერ გაიგონე, რა შემოთვალეს?..

როგორი სიტყვა და რა მუქარა?

დღეიდან მაგათ დასამშვიდებლად,

ხარკი რომ მივცეთ, ის აღარ კმარა...

უღელზე კიდევ უღელს დაგვადგმენ,

აუტანელი გახდება ტვირთი!..

თუ გავუძალდით, სრულად წაგვლეკავს

მაგათი ღელვა, მაგათი ზვირთი.


დედოფალი


ჩემო ხელმწიფევ, არც მაგრე ვარგა

გულის გატეხა და შეშინება!


ბაადურ


ბარემ სულ გავწყდეთ, ის გვირჩევნია!..


გივი


ჩვენ გავცემთ პასუხს, გვიბოძეთ ნება!..

საშვილიშვილოდ რომ ამოვვარდეთ,

აგრე ღმერთს როგორ დავავიწყდებით?

უთქვამთ: “ცდა ბედის მონახევრეა!”

ან გავიმარჯვებთ, ან სულ გავწყდებით!


მეფე


კერძოდ თუ მკითხავთ, მეც თანახმა ვარ,

როგორც მეფეს კი - არ მაქვს უფლება:

ჩემ ხელში არის მთელი სამეფო, -

ბედის გამოცდა არ შეიძლება!..

როგორ გავწირო მთელი ქვეყანა,

ღმერთთან და კაცთან დავრჩე მოვალე?!.

ეს დრო და ჟამი ცვალებადია!..

დღეს ვინ რა იცის, რას გვეტყვის “ხვალე”.

თუ ყმაწვილობით ბატონიშვილმა

მოულოდნელად ცეცხლში ჩაგვყარა,

რომ გაასწოროს აწ ის შეცდომა,

მოვალე არის ჩვენი ჭაღარა.


დედოფალი


რას იტყვი, გივო, ხომ გაიგონე

ბატონი მეფის ბრძნული ბრძანება?


გივი


თანახმა არ ვარ, ჩემო ხელმწიფე,

და პასუხს ვკადრებ, თუ მომცა ნება...


მეფე


სთქვი და მოვისმენთ!


გივი


გმადლობთ, ბატონო!

ღმერთმა გიკურთხოსთ დიდსულოვნება!

ყველა ვხედავდით, რაც ჩვენს ქვეყანას

მოადგა მტრისგან ტანჯვა და ვნება...

ყოველ სოფელში, ყოველ ციხეში

ჩამდგარი იყო იმათი ჯარი;

აღარ რჩებოდათ შეუბღალავად

არა სიწმინდე, ხატი და ჯვარი.

სიამტკბილობა და მოთმინება

ჩვენი იმათთთან არ გადიოდა,

ქვეყნის ორგულებს პატივსა სცემდენ

და ერთგულს ყველას ცრემლი სდიოდა;

ამით უნდოდათ, რომ საქართველო

ზნეობით სრულად დაცემულიყო

და საუკუნოდ, მონების ჯაჭვით,

მომხიბლველ მტერთან გადაბმულიყო!..

დღეს და ხვალობით ცოტ-ცოტად სენი

გაუჯდა მხარეს რბილში და ძვალში!

რომ ცოტა ხანი კიდევ დასცლოდა,

სიკვდილს უქადდა მას მომავალში.

მაგრამ გამოჩნდა მკურნალად გმირი,

რომ ზნეობითი შეევსო ნაკლი

და უწინამძღვრა...


დედოფალი


(სიტყვას აწყვეტინებს) ეს გმირი იყო

პატარა-კახი! ჩემი ირაკლი?


გივი


დიახ, ირაკლი! ანდამატივით

გარს შემოისხა ყმაწვილკაცობა

და მათ უჩვენა სამაგალითოდ

პირადი ღვაწლი და მამაცობა:

დაჰყო ცალ-ცალკე გუნდებად ჯარი,

ყველა კი მასვე ეთანხმებოდა

და მტერს, თუ სადმე შეიგულებდა,

მოულოდნელად თავს ესხმებოდა.

ციხე-კოშკებში ჩაემწყვდა მტერი,

გარეთ გამოსვლას ვეღარ ჰბედავდა...


მეფე (სიტყვას აწყვეტინებს)


ყმაწვილკაცობაც წაქეზებული

მწარე მომავალს ვეღარ ჰხედავდა!

დააგდო მტერმა სიმაგრეები

და აქ მოგვადგა შეერთებულად,

რომ სრულის ძალით, ბარემ ერთთავად,

საშვილიშვილოდ გაგვსრისონ სრულად!


გივი


ეგ მართალია! მაგას ჰფიქრობენ

და ალისკანტიც იმათვე ჰშველის,

მაგრამ არ სძინავს არც პატარა-კახს!..

მომსვლელს, იცოდეს, დამხვედრიც ელის!..


ბაადურ


ჩემო ხელმწიფევ, იყო დრო, როცა

დიდსულოვნებით მეც მიგდებდით ყურს:

დღეს სნეულ-საპყარს რაღა მეკითხვის?

მაგრამ არ იშლის გული სამსახურს!..

მეც უნდა გკადროთ უგნური სიტყვა,

რომ არ ჩავიკლა გულში უთქმელად;

ამ დროში ყველა არ გამოდგება,

რაც სასარგებლო ყოფილა ძველად.

ცვალებადია წუთის სამყარო...

რაც კი არსებობს, ყველა იცვლება!

წარსული არ ჰგავს აწმყოს, მომავალს,

სხვადასხვა არის მოთხოვნილება.

ჩვენი დროება სულ სხვა დრო იყო,

ახლა კი სულ სხვა დრო და ჟამია!

მადლობა უფალს, ავად თუ კარგად,

ჩვენ ჩვენი პური მოგვიჭამია!

ეს დრო მივანდოთ ახალთაობას,

იმის რიგია, იმან განაგოს!

წაახდენს რამეს თუ გააკეთებს,

ღვთის და კაცის წინ პასუხიც აგოს...

წინდახედული პატარა-კახი

არას ჩაიდენს სასინანულოს!

არ იკისრებდა პირდაპირობას,

თუ არ ხედავდეს სასურველ ბოლოს.


მეფე (დედოფალს)


თქვენ რაღას ბრძანებთ?


დედოფალი


თქვენს დიდ გონებას

რაღას შემატებს სიტყვა და რჩევა,

მაგრამ სიბრძნესაც კი ეჭირვება

ზეცის თანხმობა და ღვთის კურთხევა.

თვით მამაჩემი, მეფე ვახტანგი,

ამის მაგალითს გვიჩვენებს ნათლად:

სიმხნით და სიბრძნით თანსწორ განთქმულმა

თავი შესწირა მის სამშობლოს მტლად.

მისი სულისდგმა, მისი გულისთქმა

ქვეყნისთვის ჰქონდა მას შეწირული...

ყოველი მისი ბიჯის გადადგმა

თვით სიბრძნე იყო, წინდახედული!..

მაგრამ შავ ბედის უკუღმართობა

მას ხელს უშლიდა ყველგან, უეცრად,

და მის ყოველი მეფური ღვაწლი,

ბოლოს რჩებოდა მტვრადა და ნაცრად.

და უცხო მხარეს, იმ ნათლით მოსილს,

სიკვდილის წინეთ ეს წარმოეთქვა:

“აქვე დამმარხეთ და საქართველო

გულზე მედება, ვით სამარის ქვა!

ზედ ეწერება: “სადაც ვეღარ სჭრის

სიფრთხილე და შორსგამჭვრეტელობა,

იქ სჯობნებია გამბედაობა

და ღვთის ნანდობი საეჭველობა”...

დღეს ამ დღეშია სწორედ სამეფო!..


მეფე


თქვენც მაგას ბრძანებთ?


დედოფალი


დიახ, ბატონო!


მეფე


მაშ გაგიწირავს, რაღა, ქვეყანა?

მაგრამ მსურს ერთიც რამ მოგაგონო:

ჩვენ ქვეყანასთან ხომ უნდა იქნეს

პატარა-კახიც თან განწირული

და, როგორც დედას ერთი შვილისას,

რას გეუბნება, რას გირჩევს გული?


დედოფალი


როგორც ქართველ ქალს, ჩემი ირაკლი

ქვეყნის სამსხვერპლად გამომიზრდია

და სხვა დედებთან მეც ერთად ჩემი

მოვალეობა გადამიხდია!

გადახდეს მასაც გადასახადი,

ქვეყნის სამსხვერპლო სესხი და ვალი!..

და ჩვენც ღმერთს ვთხოვოთ: აუმჯობესოს

მისი ვარსკვლავი და მომავალი.


მეფე (დიდის ფიქრის შემდეგ)


მაშ კარგი! ახლა მეც გეთანხმები!

უკუმიგდია ჩემი სურვილი!..

ნება გაქვს, გივო, ახლავ წახვიდე

და შემომგვარო თავხედი შვილი.


გამოსვლა მეორე


იგინივე და პატარა-კახი ამალით


მეფე


დარბაისლების მოციქულობამ

და დედაშენის სურვილმა გასჭრა!..

მაგრამ ხომ ჰხედავ, რომ სნეულობამ

ასე უეცრად გულს ისარი მკრა?

არ შემიძლია ჩვეულებრივად

რაზმის დაწყობა... ომში ტრიალი...

და მოახერხებ შენ, რომ იკისრო

წინდახედულად დღეს ჩვენი ვალი?


კახი


ვეცდები თქვენის ხელმძღვანელობით.


მეფე


კეთილი! მაგრამ რისი იმედით?

იმათი ჯარი უთვალავია!


კახი


არა გვიჭირს რა, ჩვენც მზადა ვართ ღვთით...

მართალი არის, იმათი ჯარი

ჩვენსაზე ცხადად უფრო ბევრია,

მაგრამ გავუძლებთ მათ ვაჟკაცობას!..

რიცხვით მეტობა არაფერია!..


გივი


იმათზე უფრო მე ალისკანტი

მეჩოთირება და ის მაფიქრებს:

სამი ათასი ლეკით მოსულა

და მისასვლელზე მტერს ზურგს უმაგრებს.


ბადურ


დალახვროს ღმერთმა! რა მედროვეა!

რომ ვეღარ გაძღა ის ჩვენი სისხლით?!.

ნეტავ შემეძლოს, ახლაც დავლურში

რომ გამოვიხმო, თქვენის სიცოცხლით!

ჩემ დროში მაგას ბევრი სხვა სჯობდა,

მაგრამ სუყველას დედა ვუტირე!..


კახი


ნუ გეშინია... იმას ამ დროშიც

გამოუჩნდება მოპირდაპირე!..


მეფე


თუში ბევრი გვყავს?!


კახი


სამასი კაცი!


მეფე


ფშავ-ხევსურები?


კახი


ცხრაასიოდე!


მეფე


სარდლად მიეცი მათ ჭავჭავაძე!..

ლეკებს ეომონ მხოლოდ, იცოდე!


კახი


ჩვენც ეგ დავსკვენით...


მეფე


მემარჯვნე სარდლად

ვინა გყავს, შვილო, გამორჩეული?


კახი


ქვაბულიძეა, ლევან...


მეფე


მემარცხნედ?


კახი


მემარცხნედ რევაზ ბებურიშვილი.


მეფე


მიმშველი ჯარის?


კახი


ჯანდიერია!


მეფე


მოწინავესი?


კახი


მე ვარ, ბატონო!


მეფე


შენა ხარ? ეგ კი უხერხულია!

არ შემიძლია, რომ მოგიწონო!

შენ უნდა დარჩე მთავარსარდალთან,

რომ ყოველის მხრით გეჭიროს თვალი!

სარდალს არ ჰფერობს მოწინაობა,

როდესაც სულ სხვა იწოდებს ვალი...


კახი


თქვენი ნებაა!


მეფე


მაშ კარგი, შვილო!

ახლა კი დროა გზა დაგილოცო!..

ეს მინდა, გულზე რომ გადაგკიდო...

ჯერ კი მუხლმოყრით უნდა აკოცო

ამ ძელჭეშმარიტს და ამ სასწაულს!

ეს იყოს, შვილო, შენი მფარველი!

ახლა კი ადექ, მომიახლოვდი,

გადაგეხვევი, მომხვიე ხელი! (ჰკოცნის)

მშვიდობით, შვილო! მაღალმა ღმერთმა

გიწინამძღვროს და მოგმადლოს ძლევა!

ახლა დედასთან მიდი... იახელ

და გამოსთხოვე ლოცვა-კურთხევა! (ცრემლები ერევა)


დედოფალი


დედაშვილობის გამჩენმა ღმერთმა

გაკურთხოს, შვილო, გზა წარგიმართოს! (ჰკოცნის)

გივო, გაბარებ უკანასკნელად

და ნუ გაუშვებ საომრად მარტოს!


(ეთხოვებიან. ირაკლი გადის ამალით. გივი გაჰყვება. სიჩუმეა; მეფე აღელვებულია

და ორივე ხელები გულზე აქვს მიდებული; დედოფალი ცრემლებს იწმენდს;

ქალები ჩუმად ქვითინებენ).


ბაადურ


როგორ ბრძანდები, ჩემო ხელმწიფევ?

გულის ფრიალმა გიკლოთ თუ არა?


მეფე


ლამის მამიდნოს, ჩემო ბაადურ!

ახლა კი ცოტა გადამიარა. (სიჩუმე)

(დედოფალს) მტერი მიიღებს პასუხს თუ არა,

უეჭველია, ბრძოლაც ასტყდება

და დედა-წულის აქ დატოვება

საშიში არის... არ ევარგება!..

ჩვენც, დედოფალო, უნდა წავიდეთ,

აქ აღარავის მოგვასვენებენ.

სუყოველიფერ აქაურ ამბავს

იქ შიკრიკები მოგვახსენებენ.


დედოფალი


ჩემო ხელმწიფევ, მე სუყოველთვის

ვყოფილვარ თქვენი სურვილის მონა,

მაგრამ დღეს უნდა სიტყვა შეგკადრო

და შემისრულეთ ეს ერთი თხოვნა:

მინდა, რომ შვილის მახლობლად დავრჩე...

მის მოქმედებას თვალით ვუყურო

და თანდასწრებით, ან მწუხარების,

ან სიხარულის ცრემლები ვღვარო!


ელენე


დიდო ხელმწიფევ, ჩვენც გადავწყვიტეთ,

რომ აქვე დავრჩეთ ყველა მახლობლად,

ჩვენის ქმრების და ჩვენის შვილების

სანუგეშოდ და გასამხნევებლად.


ბაადურ


ბატონო მეფევ! მეც მინდა დავრჩე,

ამათი ხვედრი გავიზიარო;

რომ ფეხალაგობ, შემომსევ მტერზე,

ეს ძველი ხმალი კიდევ ვიხმარო! (სიჩუმეა)


დედოფალი


პასუხს მოველით და რას გვიბრძანებ?


მეფე


რაღა უნდა ვთქვა? (აღელვებით) მეც თქვენთანა ვარ!

(დედოფალს) ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი,

ჩემის გვირგვინის გვირგვინო, თამარ!..

ფარდა დაეშვება


მოქმედება მეხუთე


სცენა: მაღლობი ადგილი


გამოსვლა პირველი


მეფე, დედოფალი, ბაადურ, ელენე და ამალა


მეფე (დურბინდით გადაჰყურებს)


საკვირველია, ამ სიშორიდან

ისე სჩანს ყველა, თითქოს სარკეში:

ალაზნის პირად დამდგარა ჯარი,

მხოლოდ ლეკები ჩამსხდარან ტყეში.


დედოფალი


ომი დაიწყო?


მეფე


დიდი ხანია...

შემოკრული ჰყავს მტერი ქართველ ჯარს

და იერიშით პატარა გუნდი

ტყისკენ აწვება ლეკების საფარს...

მაგრამ ეს მცირეც შუა გაიყო!..

ნეტავ რას ნიშნავს, ვერ შემიტყვია?!

თუშის ჯარსა ჰგავს, ჩამოშორდა სხვებს

და მარჯვნით განზე გადაუხვია!


ბაადურ


ეგ ნოშრევანის ხერხი იქნება:

გამოსძებნიდა სადმე სუსტ მხარეს

და, ორთა შუა თუ მოიმწყვდია,

მტერს დააყენებს სიცხე-სიმწარეს!


დედოფალი


ღმერთო, მოგვხედე წყალობის თვალით!


ქალები


ნუ მოგვაკლებ დღეს შენს მოწყალებას!


ბაადურ


ამინ!.. უფალო! გადაგვარჩინე

მათ მწარე უღელს და ამ წვალებას!


მეფე


დაიძრა ლეკი... მინდვრად გამოდის!..

მიკვირს, საფარში რომ ვეღარ დგება?!


ბაადურ


არ მოგახსენეთ?! უთუოდ სხვა მხრით

თუში მოექცა და ის აწვება.

გაიქცენ?


მეფე


არა, წინ არ უშვებენ,

ყოველი კუთხით შეუკრეს გზები.


დედოფალი


ოჰ, ღმერთო, შენს მადლს! ღმერთო, მოგვხედე!


მეფე


როგორ მისცვივდენ ფშავ-ხევსურები!


ბაადურ


ჰიი, თქვენს გამჩენს კი ვენაცვალე

და თქვენს მარჯვენას, თუშ-ფშავ-ხევსურო!


მეფე


ლეკის საფრიდან გამოდის ჯარი,

თუში ყოფილა, თუშმაც მოასწრო!

ჰა, ჩაერიენ... გუნდი გუნდს ებრძვის...

გაერთდენ! ომი ხელდახელია!

ორივე მხარე საოცრად იბრძვის,

ჯერ გამარჯვება საეჭველია.

აგერ ვიღაცა ლეკის რაზმიდან

გამოდის... ცხენი გამოახტუნა...


ბაადურ


დავლურში იწვევს უთუოდ ჩვენსას,

მაგრამ თუ ერთი ბედმა უმტყუნა...


მეფე


გაჰყვა ვიღაცა... მაგრამ, ჰო! ჰო! ჰო!

მისვლის უმალვე ძირს ჩამოვარდა.

მეორე გადის... ესეც დამარცხდა!

რა ვქნა? ჩვენებს დღეს რა დაემართა!


ბაადურ


ვაი თუ თვითონ ალისკანტია?

ბევრს გააფუჭებს შეჩვენებული!..

მოდი და ახლა, ამის გამგონეს,

ნუ მოგიკვდება, ბაადურ, გული!

(თავს იქნევს)


მეფე


ორი გავიდა ერთად… პირველმა

მოატრიალა უკანვე ცხენი...

ძირს ჩამოვარდა... მეორემ მოჰკლა!..

ეჰე! ჩვენსასვე ჰკლავს ისევ ჩვენი?


ბაადურ


მტერი იქნება! ალბათ ვერ ჰხედავთ...


მეფე


კიდევ აპირებს ვიღაც გამოსვლას

და არ უშვებენ, გარს ეხვევიან…


ბაადურ


შეჩვენებულმა ეგეც არ მოჰკლას!


მეფე


ვერ შეიკავეს... გამოდის... ღმერთო!

ამას რას ვხედავ?.. ვგონებ, ირაკლი!..


დედოფალი


ირაკლი?!


მეფე


დიახ, ირაკლის მოჰგავს!


ბაადურ


ღმერთო, შენ მიეც ძლევა და მადლი!


მეფე


მოჰკლეს!


დედოფალი (იკივლებს)


ირაკლი?!.


მეფე


მოპირდაპირე, -

ნუღარა სწუხარ აწ, დედოფალო!


დედოფალი


სჩანს, ბედი ისევ ჩვენსკენ ყოფილა,

დიდება შენდა, ღმერთო-უფალო!..


ბაადურ (აღტაცებით)


არ გაჰყვებოდა პატარა-კახი,

თუ არ ჰქონოდა გული საგულეს.


მეფე


გატყდენ ლეკები! აღარ იბრძვიან...

ახლა კი სწორედ ჩვენებმა სძლიეს!

ლეკებთან ერთად სხვებიც შეჩერდენ,

პირი იბრუნა, გაიქცა მტერი!

ჰა! დაედევნა ცხენოსანთ ჯარი,

რა საოცარი ავარდა მტვერი!..

თვალით აღარა იხედება რა!..

მაგრამ ცხადია, რომ დაგვრჩა ძლევა!..


ქალები


წმინდა გიორგი ალავერდისა,

მოგვმადლე შენი ლოცვა-კურთხევა!..


გამოსვლა მეორე


იგინივე და შიკრიკი შემოდის


შიკრიკი


ბატონო მეფევ! ნუ მოგიშალოს

ღმერთმა დიდება და გამარჯვება!

დამარცხდა მტერი... გაიქცა კიდეც

და შიშით უკან ვერ იხედება!..

თუ ლეკებს არა, ჩვენ აქამდისაც

დავამარცხებდით ყოველგან თათარს,

მაგრამ ლეკებმა ნამეტანი ჰქნეს:

სამაგალითოდ უმაგრებდენ მხარს!

საოცრად ჰბრძოდენ, სანამ ალისკანტ

არ მოჰკლეს, მათი ბელადი-ლომი;

მაშინ კი სწორედ შეშინდა ლეკი,

ზარი დაეცათ და შესწყდა ომი.


მეფე


საპირდაპიროდ რომ გამოვიდა,

ის ალისკანტი ხომ არ ყოფილა?


შიკრიკი


სწორედ ის გახლდათ, ჩემო ხელმწიფევ,

და ჩვენის მხრითაც ბევრი იმსხვერპლა,

ვინც კი გავიდა, ზედიზედ მოჰკლა!

გაძნელდა მისი პირდაპირობა!..

ბოლოს გავიდა ლევანიც, მაგრამ

აღარ დასცალდა მისი გმირობა:

თან გაჰყვა ლევანს ბებურიშვილი,

რომ გასაჭირში მოხმარებოდა,

მაგრამ, როდესაც ლევან ბელადის

შუა გაპობას ეპირებოდა,

გავარდა თოფი იმ დროს რევაზის

და უცაბედად ლევან დაიჭრა.


ელენე


უი! ჩემს თვალებს!

(გულს ეყრება. ქალები მისცვივდებიან).


დედოფალი


მხოლოდ დაჭრილა...


შიკრიკი


ნუ გეშინიათ, არა უჭირს რა!..

შეშინებულმა ლეკმა რომ ნახა

მოულოდნელად სხვისგან დაჭრილი,

გული მოეცა და იქვე მოკლა

ხმალდახმალ რევაზ ბებურიშვილი...


მეფე


მერე გავიდა ბატონიშვილი?..


შიკრიკი


ბევრი უშალეს, არ დაიშალა...

მასაც მოასწრო წყეულმა თოფი

და მოსულს უმალ გულზე ახალა.


დედოფალი (იკივლებს)


ირაკლი დასჭრეს?..


შიკრიკი


არა, ბატონო!

მის ძელჭეშმარიტს მოხვდა ის ტყვია,

ხატი გაჭეჭყა და ბატონიშვილს

არც კი უგრძვნია, არ შეუტყვია.

მიაგდო ცხენი ხმალდახმალ მტერზე,

შუა გაჰკვეთა ერთის შემოკვრით

და მაშინ მტერმაც ომი შესწყვიტა

ყოველის კუთხით და ყოველის მხრით.


ბაადურ


გაიქცენ?


შიკრიკი


დიახ, და ჩვენი ჯარიც

უკან მოექცა, აღარ ასვენებს.


დედოფალი


გივი სად არის?


შიკრიკი


ბატონიშვილთან!

ორივე ერთად წინ უძღვის ჩვენებს.


გამოსვლა მესამე


იგინივე და მეორე შიკრიკი შემოიჭრება


მეორე შიკრიკი


ბატონო მეფევ!


მეფე


რა ამბავია?


მეორე შიკრიკი


ცუდი ამბავი! დამარცხდა ჯარი!..


მეფე


კი, მაგრამ ვისი?


მეორე შიკრიკი


ჩვენი, ბატონო!

გამარჯვებული დარჩა თათარი!


მეფე


თათარი?! (1-ლ შიკრიკს) აკი ჩვენ გავიმარჯვეთ?


პირველი შიკრიკი


მე რომ იქ გახლდით, მტერი გაიქცა!


მეორე შიკრიკი


გადატრიალდა ხელახლა ბედი

და რისხვით თავზე დაგვატყდა ზეცა:

ალაზნის პირად, ერთ ხეობაში,

მტერი ყოფილა ჩასაფრებული,

ჩვენ არ ვიცოდით... იქ შეგვიტყუეს

და ასტყდა ბრძოლა გამწარებული.

დიდძალი ჯარი ამოგვიწყვიტეს,

გივი მოგვიკლეს და ჯანდიერი.

ბატონიშვილი დარჩა შუაში

და გარს ეხვევა ურიცხვი მტერი...


მეფე


ვაიმე, შვილო!


დედოფალი


უი შენს დედას!


ქალები


ვაი და უი! ამ დღის მოსწრებას!


ბაადურ (მსახურებს)


წამიღეთ ჩქარა, იქ მიმიტანეთ,

რომ მივეგებო უბედურებას!..


დედოფალი


მეც წამიყვანეთ! ჩემ ირაკლისთან,

რომ მისი ბედი გავიზიარო!


მეფე


მე კი ვიღასთვის და რაღათ დავრჩე?

წავალ, რომ მათთან სისხლი დავღვარო!


ელენე


ჩვენ რაღას ვუცდით?


ქალები


წავიდეთ ყველა

ჩვენ ძმებთან, ქმრებთან და ჩვენ შვილებთან!


ელენე


და მათთან ერთად პირნათლად წარვდგეთ

შეურცხვენელად იმ ჩვენ ძველებთან!

(ლეჩაქებს მოიხდიან და მიდიან)


გამოსვლა მეოთხე


იგინივე და პატარა კახი


ყველა


ამას რას ვხედავთ?


კახი


გამარჯვებული

თვითონ მოვდივარ მე მახარობლად!

ისე გავწყვიტეთ მთელი ლაშქარი,

რომ აღარ დარჩა არც ერთი მთხრობლად.


დედოფალი


რას ამბობ, შვილო?


კახი


ძლევას გილოცავთ!


მეფე


მაშ ეს შიკრიკი?


კახი


მე გაახელით

მაშინ, როდესაც იმედმიხდილი

სიკვდილს ვფიქრობდი ჩემივე ხელით:

მოულოდნელად შემოგვკრა მტერმა,

გზა აღარ გვქონდა ჩვენ წასასვლელი,

ვეღარ ვითვლიდით მკვდრებს და დაჭრილებს,

ისე აივსო იქ ტყე და ველი!..

მაგრამ მოგვესმა შორით გუგუნი,

ხმა “ჰკა მაგასა” და ზედ კიჟინა;

მოზღვავდა უცბად სულ გლეხკაცობა,

მტერს მიესია და დაუშინა!

შეიქნა ქვების ზუზუნ-ზუზუნი,

თოხის და კეტის გაჩნდა ტრიალი;

ამ უცნაურმა სანახაობამ

მტერს წაუხდინა გული და თვალი:

დაჰყარეს შიშით მათი ფარ-ხმალი,

მხოლოდ სიცოცხლეს გვევედრებოდენ

და, გასაქცევი გზა რომ არ ჰქონდათ,

ალაზანშიაც კი ვარდებოდენ!

გადაწყდა ომი! მტერი მოისრა,

ნუ მოგეშალოსთ შვება და ლხენა!


მეფე(აღტაცებით)


აკურთხოს ღმერთმა შენი გმირობა

და სასიკეთოდ გიძღოდეს ზენა! (ეხვევა)


დედოფალი


აქ მოდი, შვილო, ჩამეკარ გულში!

შენ გენაცვალოს ეს ძუძუები!

შენგან გამოხსნილ ჩვენ სამშობლოსთან

მეც ერთად, შვილო, დღეს ვიბადები! (ეხვევა)


ბაადურ


გვიბოძეთ ხელი, რომ გეამბოროთ

და სიხარულის ცრემლი დავღვაროთ!


კახი


მაგრამ სიხარულს ნაღველიც თან სდევს,

საუბედუროდ და სამწუხაროდ!..

ნათლის გვირგვინიც უფერულია,

თუ გარეშემო აღარ აქვს სხივი!

რაღაა ჩვენი დღეს გამარჯვება,

როცა აღარ გვყავს მოხუცი გივი?

არ დაუგდია მას ბრძოლის ველი,

თუმც სასიკვდილო გულს აჯდა ტყვია;

და, გაქცეული რომ ნახა მტერი,

უკანასკნელად გადამეხვია!..

მითხრა: “მშვიდობით, ჩემო გაზრდილო,

გახსოვდეს ღმერთი და საქართველო”.

ეს სთქვა და მეტი აღარ დასცალდა,

წითლად შეღება მან მწვანე მდელო.


მეფე


ღმერთმა აცხონოს!..


დედოფალი


აცხონოს ღმერთმა!

ჩვენის ქვეყნისთვის უძგერდა გული.


ბაადურ


და ღირსეული ღირსად მომკვდარა

სამაგალითო მამულისშვილი!..


კახი


ბედმა ეს ტანჯვა რომ არ მაკმარა?!

გამიორკეცა გულისტკივილი:

ლევანი, ჩემი მარჯვენა ხელი,

მეტად საეჭვოდ არის დაჭრილი!..

ნაბრძანები მაქვს, აქ მოიყვანონ...

რომ მოვუაროთ, ჩვენი ვალია!.. (მოჰყავთ)

ა, კიდეც მოჰყავთ! ხომ ცოცხალია?


მსახურები


თქვენს სასახლესთან სული დალია!


ელენე


უი, მიშველეთ! (ქალები მისცვივდებიან)


ქალები


სსსუ! დაგავიწყდა,

სადა ხარ, ქალო? ვის ეკადრება?


კახი


ვაიმე, ძმაო!.. შენი დაკარგვით

გამიორკეცდა დღეს მწუხარება!..


მსახურები


ბატონო, ვიღაც უცხო ყმაწვილი

ვნახეთ დაჭრილი, ტყის პირად ეგდო

და შეგვეხვეწა: “ნუ დამაშორებთ,

ლევანთან ერთად მეც წამიღეთო”.


მეფე


ვინ ყმაწვილია?


კახი


ერთი ვიღაცა,

უცხო ჩვენ ჯარში გამოერია;

იმის მშვენიერ, ბავშვურ სახეზე

ჯერ არც ულვაში და არც წვერია;

ლევანს დასდევდა, არ შორდებოდა,

ნაცნობს ვერავის ვერ მივამგვანეთ!..


მეფე


ვინც უნდა იყოს, ჩვენი ყოფილა!..

მიდით და ახლავ შემოიყვანეთ...


გამოსვლა მეხუთე


იგინივე და შემოაქვთ დაჭრილი


დაჭრილი


სად არის ლევან? აბა მიჩვენეთ!

ეს არის, აგერ რომ ასვენია?

რისთვის მიშორებ, შენ გენაცვალე?

რომ მიმატოვე, არა გრცხვენია?!.

“ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი”,

ასე არ იყო ჩვენი პირობა?

და შენ კი გინდა სიტყვა გასტეხო?

ამას იფერებს შენი გმირობა?

აჰა, გიბრუნებ შენსვე საწინდარს,

(იხსნის გულს, აიგლეჯს რაღასაც და გულზე ადებს)

თვით ღმერთი იყო ჩვენი თავმდები!..

შენ კი აქავე მიშორიებდი,

მაგრამ მე იქაც არ მოგშორდები!..

წავიდეთ ერთად... (ჩაეკვრება და კვდება)


მსახური


ქალი ყოფილა!


ყველა


ქალი ყოფილა?!!


მეფე


ვინ არის, ნეტავ?


გამოსვლა მეექვსე


იგინივე და მოხუცი შემოდის მედიდურად


მოხუცი


ვიცი, ვინც არის, ჩემო ხელმწიფევ!

უსინათლო ვარ და მაინც ვხედავ!..

მაგრამ მაგისთვის ჯერ არ მცალია...

ბატონო მეფევ, ძლევამოსილო,

ადიდოს ღმერთმა შენი მეფობა!

და შენც გმირთგმირო, ბატონიშვილო,

ამიერიდან საშვილიშვილოდ

კურთხეულ იყოს შენი სახელი,

რომ შენთან ერთად იდიდებოდეს

შენი მშობელი, შენი გამზრდელი!..

დღემდის ტანჯული ჩვენი ქვეყანა

შენით სულს ითქვამს აწ თავისუფლად,

და შენც, უფალო, ამდენი ტანჯვა

სამარადისოდ იკმარე მსხვერპლად!..

ახლა კი, შვილო, შენთან მოვდივარ!..

აბა, მიჩვენეთ, მივიდე, ვნახო,

რომ ხმალაძიანთ უკანასკნელს მსხვერპლს

უკანასკნელად ხელი შევახო. (დაუჩოქებს)

აქა ხარ, შვილო? ეს ვინღა არის?

შენი ლევანიც აქა გყოლია?

მადლობა უფალს, რომ მაგის ჯავრი

სამარეში თან არ ჩაგყოლია!

ერთად წასულხართ... აქ არ გეღირსათ

ბედნიერება, შვება და ლხინი,

მაგრამ იმ სოფელს, სამაგიეროდ,

დაგედგასთ თავზე ნათლის გვირგვინი!

(მოეხვევა. ზარების რეკა მოისმის)


მეფე


ჩუ!


დედოფალი


ნიკოლოზი ალავერდელი

პარაკლისს იხდის, სჩანს, სამადლობელს!..

ჩვენც ღმერთს მადლობით ავუპყრათ ხელი,

რომ თაყვანი ვცეთ მის დიდ განგებას

და მოვიყაროთ მუხლები მის წინ. (იჩოქებს)


მეფე


“აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ

ყოველნი მტერნი იმისნი!”


ყველა


ამინ!

(ისმის რეკა. ფარდა ნელ-ნელა ეშვება)


1890 წ.