პატარძეული

პატარძეული
ავტორი: გიორგი ლეონიძე


პატარძეული... ჩემი სოფელი,
ბავშვობის კერა, ― პატარძეული,
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული.

იქ მზრდიდა ხალხი... იქ მზრდიდა დედა,
და ხალხის ფიქრი ათასწლეული...
მახსოვს, ეზოში დიდი ფშატის ხე,
სიბერისაგან გადაქცეული...

იმ ხის ფესვებში მელანდებოდა
ხალხის მზის ოქრო და განძეული...
ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,
ჯერ შუადღე მაქვს არ დალეული...

მე მინახია ბევრი ქვეყნები
და ქალაქები ათასეული,
მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა
ჩემი პატარა პატარძეული.

რესურსები ინტერნეტში

edit