პეტეფი

პეტეფი
ავტორი: გიორგი ლეონიძე


მან ამოიჭრა გული თავისი,
ჩარგო მიწაში ― დაფნამ იხარა!
და მით დადაფნა გმირი, რომელიც
ბრძოლის ქარცეცხლში არ დაიხარა!

ჩვენც გვამხნევებდა, მოგვიწოდებდა
ბრძოლისკენ მისი ანდერძი წმინდა:
სიყვარული და თავისუფლება,
თავიდათავი, აი რა მინდა!

სიკვდილის ფასით ვიშოვი პირველს,
შევწირავ ყოველ სასიხარულოს,
თავისუფლებას შენ შეგწირავდი,
შენ, სიყვარულო!..

ის იყო მტერი, თვალდამცეცხლავი
თავისუფლების ყველა მტერისა;
ყორნის მუცელი საფლავად მისცა,
სუდარად − წყევლა მთელი ერისა!

ის ცეცხლის სვეტი იყო მგზნებარე,
დიდება, ჩოქი და მეტანია!
სალამს მივართმევ საქართველოდან,
თბილისის ვარდი მომიტანია!

ის ჩვენიც იყო, მოძმე მხედარი
და გამომთქმელი ჩვენი წყლულისაც;
მისთვინ ფერხთ ვუშლი მუხლმოდრეკილი
გაფანტულ ზურმუხტს გაზაფხულისას!

ის ჩვენიც იყო, ჩვენი ძმობილი,
როგორც დუნაის მოძმე მტკვარია!
მასაც ვულოცავთ თავისუფლებას,
დღეს ხომ პირველად გულდამტკბარია!

დღესაც, უნგრეთის ხარაჩოებზე
ვხედავ, დამდგარა, როგორც არწივი!
ყველა მუშაკზე კეთილშობილი,
იღწვის ხალხისთვის თავის განწირვით!

დღეს შენ ზღვას ჰგავხარ, უნგრეთის ხალხო,
შრომით ქარწყლდება შენი ტკივილი.
დღეს თუ აქოჩრილ ზღვასავით გრგვინავ,
ის იყო ― პირველ ტალღის ყივილი!

რესურსები ინტერნეტში

edit