პიიტები ბატისფრთიანნი

პიიტები ბატისფრთიანნი
ავტორი: გიორგი ლეონიძე


...ვხედავ დასტებად ნაცრიან მწერლებს,
მათი საგზალი ცრემლის ქაფია,
ჰყავთ ცოცხლებშიაც თანამდებარე,
დღეს ლირიკული ქარიყლაპია;
ზოგია სხვისი ჩანგის ყაჩაღი
და ზოგი კიდევ უმიზრაფოა...

და პიიტები ბატისფრთიანნი,
მუხამბაზების მთვრალი დარაჯა,
წვანან სიჩუმის ნავსადგურებში
და კალმის შუქი მათი არა ჩანს...

რაც მიაკეცეს სიტყვა სიტყვაზე,
გაუნიავდათ იმავ წამითვე;
ერთი გაძღომა ჰქონდათ ოცნება,
ვერ წაიხემსეს, ისე წავიდნენ...

წარეცხილი აქვთ საძირის კვალი
და ენის ტარი მათი დამპალა;
ჩვენთვის კი არა, ― სადმე ხატისთვის
იქნებ ივარგონ ზეთის ლამპარად.

ჩემს მაგიდაზე მისთვის მსმენია
ჭახანი მათი ზურგის ძვალისა,
ერეკებოდათ ახალი რიტმი,
როგორც ნაკრავი ამორძალისა!

მე დავინახე, ბევრი მათგანი
ქუჩამ გასრისა, როგორც პეპელა,
განა რომელი გამოგვადგება
ჩვენი დღეების მასწავლებელად?―

რომ დასძრას ლექსი ცხენოსანივით,
ავარდეს ბუქი უკან ამტყდარი;
ხელდროშიანი გაგვიძღვეს წინა
გამაპობელი ბაირახტარი!

მაგრამ, განა მათ მოეთხოვებათ,
გაუძლონ ჩვენი ლექსის მარწუხებს?..
აბალახებულ იმათ საფლავებს,
სირცხვილი არი, ნუღარ ვაწუხებთ...

რესურსები ინტერნეტში

edit