პოეტი პატიმარი
პოეტი პატიმარი ავტორი: ტერენტი გრანელი |
შავი ფიქრები გროვდება ისევ,
დგება წამების თეთრი საათი.
მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე,
მეც ვემზადები გაფრენისათვის.
ეს გული მხოლოდ შენ გესალმება,
შენ, ანგელოზო მძიმე წარსულის.
რა იქნებოდა, რომ ჩემს წამებას
ჰქონოდა სახე ან დასასრული.
სხვა მეგობარი მე არ მყოლია,
მხოლოდ ქარია ჩემი მხლებელი,
უფრო ხშირია მელანქოლია
და გაფიქრება შეუძლებელის.
იყო სიჩუმე, სამი წერტილი,
მას შემდეგ ბევრი ხანი გავიდა.
ახლა შორს ელავს ცა მოწმენდილი
და მიხმობს ქრისტე მე ვარსკვლავიდან.
ალბათ ივნისი დადგება მალე,
დღეს ხომ მაისის ოცდაშვიდია.
და მენატრება ისეთი მხარე,
სადაც დუმილი და სიმშვიდეა.
ისმის ხმაური, არის ცხელება
და ჟონავს წვიმა, ოდნავ ხმოვანი.
ციხე დგას, როგორც საშინელება,
დამძიმებული და კეთროვანი.
გულისტკივილი უფრო ღრმავდება,
როდესაც ვუმზერ ჯიბგირს და ბანდიტს.
ალბათ ეს ღამე არ გათავდება,
ძნელია მისვლა გათენებამდის.
და იმედები ისევ ტირიან
და მწუხარეა ჩემი მეობა,
კარები ირგვლივ დაკეტილია
და ვურიგდები მდგომარეობას.
აღარც თენდება, უფრო ვღონდები,
ღამეა ჩუმი და ნაწვიმარი.
ალბათ ვიღაცას იქ ვაგონდები,
როგორც პოეტი და პატიმარი.